25 დეკემბერი უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს აღსაყდრების დღეა
ზუსტად 25 წლის წინ, 1977 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს საეკლესიო სინოდის გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად უწმინდესი და უნეტარესი ილია II აკურთხეს. პატრიარქად კურთხევისას უწმინდესი მხოლოდ 44 წლის იყო. ამის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ წელიწადს 25 დეკემბერს საზეიმოდ აღნიშნავს პატრიარქის აღსაყდრების, ანუ ინტრონიზაციის დღეს. მალე მართლმადიდებელი ქართველები თავიანთი სულიერი მწყემსმთავრის დაბადების 70 წლისთავსაც აღნიშნავენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გარდა იმისა, რომ საქართველოს სულიერი მწყემსმთავარია და მრავალი სხვა ადამიანური ნიჭითაა დაჯილდოებული, ის შესანიშნავად ერკვევა მხატვრობასა და ხატწერაში. დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარში არსებობს წმ. თამარ მეფის ფრესკა, რომელიც 80-იან წლებში თვით პატრიარქმა მოხატა.
ისტორიული წყაროების მიხედვით, თამარ მეფემ სწორედ დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაიწერა ჯვარი: „და წარვიდეს დიდებულნი იმერნი და ამერნი, და წარმოიყვანეს დედოფალი და გაზრდილი მისი დავით, რჩეული ღვთისა მიერ, და მოვიდნენ სრასა დიდუბისასა, სანახებსა ტფილისისასა და მუნ ქმნეს ქორწილი შესატყვისი და შემსგავსებული ხელმწიფობისა და სახელზეობისა მათისა" (ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხოვრება მეფეთ-მეფე თამარისა, ქართლის ცხოვრება II, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, გვ.47).
დიდუბეში თამარის ქორწინებას ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილიც: „... მცნობმან თამარ ამის ყოვლისავეთვის ნება სცა და ქმნეს ქორწილი სახლსა დიდუბისასა დიდებითა დიდითა“ („ქართლის ცხოვრება“, IV, 1973, გვ. 129).ხოლო იქ, სადაც სამეფო რეზიდენცია იყო, აუცილებლად კარის ეკლესიაც იქნებოდა. გადმოცემის მიხედვით, იგი თანამედროვე ღვთისმშობლის ეკლესიის ადგილზე უნდა მდგარიყო. დღევანდელი ეკლესია 1884 წელს არის აშენებული, სადაც მანამდე თაღჩამონგრეული ტაძარი იდგა.
„ახალი ვერსია“ ესაუბრა დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის დეკანოზს სვიმონ ნუცუბიძესა და ეკლესიის გამგებელს თაისი ტორონჯაძეს, რომელიც პატრიარქის მიერ ეკლესიის კედლის მოხატვის თვითმხილველი იყო.
თაისი ტორონჯაძე: – ჩვენი ტაძარი ფრესკებით მხატვარმა ალექსანდრე (შურა) ბანძელაძემ შეამკო. 1978 წლის 22 მარტს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დიდ საბჭოზე მხატვრის ესკიზების განხილვა მოეწყო, რომელსაც საბჭოს წევრების გარდა მისი უწმინდესობაც ესწრებოდა. პატრიარქმა სიუჟეტების თანამედროვე ინტერპრეტაცია და მისი კავშირი ძველი ქართული ფრესკული ხელოვნების ტრადიციებთან ძალიან მოიწონა და საბჭომ ისინი დაამტკიცა. დიდუბის ტაძარს მთელი ათი წლის განმავლობაში შურა ბანძელაძე ხატავდა.
როდესაც მხატვარმა ტაძრის ზედა ნაწილი ხარაჩოებიდან მოხატა და ქვემოთ ჩამოვიდა, გადაწყვიტა, საკუთარი სურვილით ერთი ფრესკა დაეხატა. ამის უფლება მას მინიჭებული ჰქონდა. ერთში მან საკუთარი თავი ბერის სამოსში გადმოსცა (უწმინდესმა იგი ბერად აკურთხა), თითქოს ხელთუქმნელ ხატთან დგას და მაცხოვარი აკურთხებს. გუმბათის მოხატვის შემდეგ მან განაცხადა: ჩემი თავისუფალი უფლება უნდა გამოვიყენო და უწმინდესის სურათის დახატვა მსურსო. ასეც მოიქცა. მაშინ პატრიარქისთვის არაფერი გვითქვამს, მან არც კი იცოდა, რომ შურამ მისი პორტრეტი დახატა. მხატვარი პატრიარქთან ხშირად დადიოდა და მისგან რჩევა-დარიგებებს იღებდა, კანონიკური მხატვრობის წესებში თანდათან ერკვეოდა. უწმინდესმა წიგნები მისცა და ისიც ბევრს კითხულობდა, სწავლობდა. ამის სამადლოდ გადაწყვიტა პატრიარქი დაეხატა. ამბობდნენ, ჯერ პატრიარქი ცოცხალია და რატომ უნდა დახატოო, მაგრამ შურა ბანძელაძე პასუხობდა, ადრე თუ გვიან ამ ქვეყნიდან მაინც ყველანი წავალთ, ხოლო ფრესკა დარჩებაო.
ამის შემდეგ ალექსანდრე ბანძელაძემ უწმინდესს სთხოვა, ერთი ფრესკა თქვენ მოხატეთო, სწორედ იმ ადგილის გვერდით, სადაც პატრიარქის პორტრეტია დახატული. პატრიარქი თავდაპირველად უარზე იდგა, მაგრამ დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ უწმინდესი, როგორც იქნა, დავითანხმეთ. პატრიარქი ფრესკაზე თვეზე მეტ ხანს მუშაობდა. მან ხატვა გაზაფხულზე დაიწყო და ზაფხულში დაასრულა. როცა უწმინდესი თავისუფალ დროს გამოძებნიდა, მოდიოდა და ხატავდა. შურას მისთვის საღებავები მიჰქონდა, პატრიარქი კი თავად აზავებდა ერთმანეთში.
უწმინდესის მიერ მოხატული წმ. თამარ მეფის ფრესკა ჩვენი დედაქალაქისთვის ძალიან დიდი რამაა. როდესაც პატრიარქმა კედლის მოხატვა დაიწყო, ჩვენ ყველანი სიხარულით ვუყურებდით. მოვიყვანე ფოტოგრაფიც, პატრიარქის მუშაობის პროცესი კინოფირზე „კინომემატიანემაც“ გადაიღო. უწმინდესი დიდი სიამოვნებითა და ღიმილით ხატავდა. ალექსანდრე ბანძელაძეს ეუბნებოდა: მე ისე ვერ მოვხატავ, როგორც შენ ხატავო. მხატვარი პატრიარქს სთხოვდა: მოხატეთ, როგორც შეგიძლიათ, ისე კარგად ხატავთ, თავადაც არ იცითო.
– ტაძრის მოხატვისას წირვა-ლოცვა თუ მიმდინარეობდა?
თაისი ტორონჯაძე: – რა თქმა უნდა, უბრალოდ, ხარაჩოები იდგა, მაგრამ წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა. უწმინდესმა დეკანოზს სთხოვა, ლოცვა არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტოთო.
– მრევლს რა რეაქცია ჰქონდა პატრიარქის ასეთ ამპლუაში დანახვისას?
თაისი ტორონჯაძე: – ხალხი პატრიარქის მუშაობას თვალ-ყურს ადევნებდა და ძალიან უხაროდა. ზოგჯერ სპეციალურად ამის საყურებლად მოდიოდნენ. უწმინდესი წირვა-ლოცვის შემდეგ მოდიოდა ხოლმე. როგორც კი ადამიანები შეიტყობდნენ, პატრიარქი აქ არისო, მოდიოდნენ და უყურებდნენ. ამიტომ ტაძარი სულ სავსე იყო, სანამ პატრიარქმა მოხატვა არ დაამთავრა.
დეკანოზი სვიმონი: – უწმინდესის მადლი და სიყვარული ჩვენს ტაძარში სუფევს, თავისი შრომა და ნიჭი მან რეალურად დაგვანახა. მას დიდ ლოცვასთან ერთად დიდი მხატვრობაც შეუძლია. საოცრად დიდსულოვანი ადამიანია, რომელიც უძღვება ერსაც და ბერსაც.
– ძალიან ბევრ ტაძარში ალბათ სანთლების უხარისხობის გამო ფრესკები ძალიან მუქდება. მამაო სვიმონ, ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, ხომ არ არსებობს იმის საფრთხე, რომ ფრესკები გაფუჭდება?
მამა სვიმონი: – ამ საქმეში დიდად არა ვარ გარკვეული, მაგრამ ვიცი, რომ სანთელს (მნიშვნელობა არა აქვს, ის პარაფინისაა თუ თაფლის) აალება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ზომით პატარებია. დიდუბის პატარა ეკლესიაში ძალიან დიდი მრევლი დადის, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ფრესკები სანთლის ალისგან და ბოლისგან მუქდება. ამისათვის საჭიროა ფრესკების გაწმენდა. ჩვენ მოყვანილი გვყავდა რესტავრატორი, რომელმაც ფრესკები გაწმინდა. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ფრესკები შავდება, მას გაფუჭების სფრთხე არ ემუქრება. უბრალოდ, ფრესკებს დროდადრო ჭუჭყი უნდა მოვაცილოთ.
– მამაო, გაიხსენეთ რაიმე ამბავი, რომელიც პატრიარქთანაა დაკავშირებული.
მამა სვიმონი: – სხვათა შორის, პატრიარქთან რამდენიმე კურიოზი შემემთხვა და ახლა ორ მათგანს გავიხსენებ. შენდობის, ყველიერის კვირის შემდეგ დიდი მარხვა იწყება. ამ დროს მღვდლები ვალდებულები ვართ, საკათედრო ტაძარში უწმინდესს მივეახლოთ, ჩვენი სინანული გამოვხატოთ და საკუთარი ცოდვების გამო პატრიარქისგან შენდობა ვითხოვოთ. დადგა ეს დღეც. ქართული ეკლესიის მღვდლები პატრიარქთან მივედით. როდესაც მას მივუახლოვდი, კიბის საფეხურზე ასვლისას, კაბაზე ფეხი დავიდგი და უცბად მუხლი თავისით მომედრიკა, თითქოს წავიქეცი. ამ დროს უწმინდესისკენ გადავქანდი და მის ხელს ხელი ჩავავლე. ამდენ ხალხში ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და მერე ძალიან ვდარდობდი, რატომ დამემართა-მეთქი ასე. ალბათ ვნერვიულობდი, ცოტა ემოციური ადამიანი ვარ, ამიტომ, ეტყობა პატრიარქთან მიახლოებისას ავღელდი. შენდობის თქმასთან ერთად კაბაზე ფეხი დავიდგი და უწმინდესს დავეჯახე. მან ხელი წამაშველა და მეც ჩავავლე.
როდესაც ანდრია პირველწოდებულის სახელობის მცხეთის სასულიერო სემინარიის 20 წლისთავი იყო, ოჩამჩირის ილორის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გახლდით. იუბილეზე ლოცვას დავესწარი, რომელსაც უწმინდესი ატარებდა. როდესაც მივედი, მითხრეს, დეკანოზის ხარისხის მისაღებად მოემზადეო. მეორე დღეს უწმინდესმა წირვაზე დამიბარა. პატრიარქმა მითხრა, დღეს დეკანოზის ოქროს ჯვრით უნდა დაგაჯილდოვოთო. ძალიან გამიხარდა ეს ამბავი, მით უმეტეს, ჯვარს თავად უწმინდესი მჩუქნიდა. საერთოდ, მორიდებული ვარ, მაგრამ შინაგანად უდიდესი სიხარული ვიგრძენი. ხარისხის მონიჭების დროს ვალდებული ვიყავი, ლოცვა-კურთხევის მისაღევად პატრიარქთან თავი მომედრიკა და ხელზე ამბორი მეყო. ამის ნაცვლად ჩემი საერო ცხოვრების მადლიერების გამომხატველი ფორმა გამახსენდა, ამიტომ უნებურად პატრიარქს მოვეხვიე და კარგად გადავკოცნე. უწმინდესს სიცილი აუვარდა, მაგრამ მიხვდა, რომ ეს უზრდელობით არ გამიკეთებია. ეს ჩემი ერისკაცობიდან შემორჩენილი ჟესტი იყო. ძალიან შემრცხვა.
– როგორ აპირებთ პატრიარქის აღსაყდრების აღნიშვნას?
დეკანოზი სვიმონი: – ამას ჩვენ დიდი სიხარულითა და რწმენით აღვნიშნავთ. დღევანდელ გართულებულ ცხოვრებაში მას უდიდესი მოთმინების, სიყვარულის უნარი აქვს. აღსაყდრების შემდგომ წლებში მისი ლოცვა-კურთხევით მრავალი ტაძარი აშენდა. პატრიარქი არის ის ადამიანი, რომელმაც დღემდე უდიდეს პრობლემებს გაუძლო.
თაისი ტორონჯაძე: – 25 დეკემბერს მთელი სამღვდელოება, მგალობელთა გუნდები მასთან მივალთ და, როგორც შეგვიძლია, ისე აღვნიშნავთ.
– რა განსაკუთრებულ ადამიანურ თვისებებს გამოჰყოფთ პატრიარქში?
მამა სვიმონი: – იგი ძალიან მოწყალე და კეთილი პიროვნებაა. არასოდეს ვინმე არ დაუჩაგრავს. ადამიანს ყოველთვის თანაგრძნობით უყურებს, მის ტკივილს იზიარებს და მისი მკურნალია. საქართველოს ეკლესიას მართლაც ღირსეული მამამთავარი ჰყავს. ძალიან ბევრი სულიერი მოღვაწე მინახავს, რადგან 1979 წლიდან ეკლესიის მსახური ვარ, საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული მოვლილი მაქვს, ბევრი სანერვიულო შემხვედრია, მაგრამ ყოველთვის პატრიარქის დიდი სიყვარული, მოთმინება და ერთგულება ჩემთვის სამაგალითო იყო. პატრიარქის ეს ნიჭები ღვთიურია, – თავისთავად არ არსებობს. სამწუხაროდ, დღეს ისეთი ცხოვრებაა, ბევრი სიკეთეც რომ აკეთო, ზოგიერთი ამას ვერ ხედავს და შესაძლოა ისეთი რაღაც დაგაბრალონ, რომელიც ადამიანს თავის ცხოვრებაში არც კი გაუფიქრია. ხალხი ისეა გამწარებული, რომ მამა შვილს აღარ ინდობს, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ სიბინძურეები თქვან. პატრიარქს კი იმდენად დიდი მოთმინება აქვს, არავის ცუდ ნათქვამს არ ჰყვება, სიტყვას არავის უბრუნებს. ყველაფერს დიდი მოთმენით და სიმშვიდით ხვდება. მღვდელმსახურებს პირველ რიგში გვარიგებს, რომ ბევრი უნდა დავითმინოთ. „მოთმინებითა თქვენითა გადარჩებით თქვენც და გადარჩება ქვეყანაც“, – ბევრჯერ დაურიგებია მრევლი. ოღონდ ეს მოთმინება ღვთისგან უნდა მომდინარეობდეს და არა ეშმაკისგან. ეშმაკთან მოთმენა არ შეიძლება.
No comments:
Post a Comment