ინგლისში გადახვეწილი ქართველი მუსიკოსი თანამედროვე ბრიტანული მუსიკის ავან-ჩავანს ეზიარა
მუსიკოსი გიორგი თაბუკაშვილი ინგლისში საცხოვრებლად დიდი არეულობებისა და სამოქალაქო ომის დროს წავიდა სხვა ქართველ მუსიკოსებთან ერთად. ინგლისში ჩასვლამდე მეგობრებთან ერთად უკრავდა გერმანიის, რუსეთის, ჰოლანდიის ქუჩებსა და კლუბებში. ამჟამად გიორგი ინგლისის მოქალაქეა.
თბილისში გიორგი თაბუკაშვილი ცნობილ როკ-ჯგუფ „69“-ში გიტარისტი იყო. ლონდონში გიორგიმ სხვა ქართველ როკ-მუსიკოსთან, დადა დადიანთან (იგი გახსოვთ ჯგუფიდან „ტაქსი“) ერთად გააკეთა ჯერ სტუდია „Studio 20“, მერე კი იმავე სახელწოდების ლეიბლი. დადასა და გიორგის მუსიკა ინგლისში ძალიან ბევრ რადიოებსა და კლუბებში ტრიალებს. თანამშრომლობენ ბევრ ცნობილ მუსიკოსთან. რამდენიმე კომპოზიცია გაკეთებული აქვთ ჯგუფ „პროდიჯის“ წევრებთან ერთად.
მუსიკის გარდა გიორგი მუშაობს ვებ-დიზაინერად და აფორმებს კერძო კომპანიების ვებ-გვერდებს. ჰყავს ფრანგი მეუღლე და ორი შვილი. გიორგი თაბუკაშვილს კომპანია „კომუნას“ ოფისში შევხვდი.
გიორგი თაბუკაშვილი: – პირველ ჯგუფში, რომელიც თბილისში მეგობრებმა გავაკეთეთ, ვუკრავდით „ბითლზებს“, „როლინგ სტოუნზსა“ და „სექს პისტოლზს“. ამის შემდეგ ჩამოვაყალიბეთ საკმაოდ ავანგარდული ქართული ჯგუფი „69“ (ანუ „პოზიცია 69“), რომლის მუსიკაც საკმაოდ ალტერნატიულ, ელექტრონულ ხასიათს ატარებდა. ჯგუფში შევდიოდით: უჩა ჩაჩხიანი, ბაკუნა ნოზაძე, კოტე ფალავანდიშვილი, მინდია გაბაშვილი და მე. ამ ჯგუფმა 3 წელი იარსება. მაშინ არსებობდა დადა დადიანის „ტაქსი“, ხოლო სერგი გვარჯალაძე „სახლში“ უკრავდა. რამდენიმე მუსიკოსი წავედით ევროპაში და საბოლოოდ, ლონდონში დავრჩი. იქ დადა დადიანთან ერთად გავაკეთე სტუდია „Studio 20“. ჩვენ ვაკეთებდით ანდერგრაუნდ დენს მუსიკას, რომელიც ძალიან მოსწონთ ლონდონში. სწორედ მაშინ აიდგა ფეხი „თუ სტეპმა“ და „იუ-ქეი გარაჟმა“. ამ ტალღას დადა და მეც შევუერთდით. აღნიშნული სტილები უფრო აღმოსავლეთ ლონდონელი ზანგების წიაღში ჩამოყალიბდა. ქალაქის ეს ნაწილი უფრო ღარიბია და სავსეა ფაბრიკა-ქარხნებით.
– როგორ მოახერხეთ სტუდიის გაკეთება?
– ეს პროექტი მთლიანად ჩემმა ლონდონელმა მეგობრებმა დააფინანსეს. მათ ძალიან მოეწონათ ჩემი და დადას მიერ შეთავაზებული იდეები. „Studio 20“ იმიტომ დავარქვით, რომ მთელი სტუდია მე-20 სართულზე მდებარეობს. ამ სტუდიასთან ხმის ჩამწერი ლეიბლიც გავაკეთეთ. ამასთანავე, რამდენიმე მუსიკალური ინტერნეტ-გვერდიც დავამზადეთ, რომლებზედაც ძალიან ბევრი ადამიანი შემოდის. ამჯერად, მაქვს საკუთარი საიტიც: www.badboysounds.co.uk, სადაც მსურველს შეუძლია ისწავლოს დენს, ჰაუს და სხვა ელექტრონული მუსიკის კეთება. მას სწავლა შეუძლია დაიწყოს ნულიდან და დაამთავროს მის მიერ შექმნილი კომპოზიციის არანჟირებითა და მასტერინგით. ამ საიტიდან მას შეუძლია ჩამოტვირთოს სხვადასხვა პროფესიონალური სემპლები და კომპოზიციები. სხვათა შორის, ჩემს საიტზე ყველაფერი უფასოა, მსგავსი ინტერნეტ-გვერდებისგან განსხვავებით.
– თქვენი ფირფიტები კარგად იყიდება?
– ძალიან კარგად იყიდება, მაგრამ უზარმაზარი ბაზარია და რთულია იქ დამკვიდრება. ძალიან ბევრს უნდა იქ თავის გამოჩენა, რადგან კარგად იციან, რომ თუ ლონდონში შეგამჩნიეს, ასპარეზი გეხსნება. ყველაზე ძნელია ბრიტანეთისა და შტატების მუსიკალური საბაზრო სივრცის გარღვევა. ამერიკის ბაზარზე გასვლა არც მიცდია, რადგან იქ იმ მუსიკას, რასაც ვაკეთებ, პრაქტიკულად არც უარსებია. ამერიკაში უფრო პოპსა ყვავის, რადგან ამერიკელები ცოცხალ შესრულებას ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას. იმათ ურჩევნიათ, სცენაზე ცოცხლად პოპსა იმღერო, ვიდრე გამოხვიდე და რაიმე ელექტრონული ხასიათის მქონე ძლიერი კომპოზიცია შესთავაზო.
– საინტერესოა, რა მდგომარეობაშია ინგლისში როკ-მუსიკა?
– თუ როკში ვგულისხმობთ „ლედ ზეპელინს“, „პინკ ფლოიდსა“ და სხვებს, ისინი აღარავის ახსოვს. უდიდესმა უმრავლესობამ არც კი იცის ეს ჯგუფები ოდესმე თუ არსებობდა. საოცარია, მაგრამ ლივერპულში, „ბითლზების“ სამშობლოში, თინეიჯერების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოდგენაც კი არა აქვს ამ ჯგუფზე. მაშინ, როცა აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოში დღესაც ყველამ იცის, როგორი იყო ბრიტანული მუსიკა.
სამაგიეროდ, აქ ძალიან ცუდი ტენდენციაა ელექტრონულ მუსიკასთან დაკავშირებით და მათ შემსრულებლებს პოპსავიკებსაც კი ეძახიან. ჩვენი კონსერვატორები გადაჭრით, პრინციპულად უარს ამბობენ ელექტრონული მუსიკის მოსმენაზე და მათ მხოლოდ ძველი როკ-მუსიკა აინტერესებთ. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ სამხრეთელები ვართ, სხვა კულტურა და ხასიათი გაგვაჩნია. ვინ ადგება დღეს თბილისში დილის 6 საათზე სამსახურში წასასვლელად? ჩვენ არ ვიცით რას ნიშნავს სამსახურში თუნდაც ერთი წუთით დაგვიანება. აქ სხვა ტემპები და რიტმია. ეს მუსიკა ჩვენი ცხოვრების რეალობასა და ყოველდღიურობას არ ასახავს. წარმოიდგინე, რიგით ლონდონელს, რომელიც დილის 6 საათზე სამსახურში წავიდა და სამი წუთი დააგვიანდა, ბოსი აფრთხილებს, რომ თუ ასეთი რამ კიდევ ერთხელ განმეორდება, სამსახურიდან გაგაგდებო. მან დიდი სტრესი მიიღო, მერე სახლში მივიდა და იმდენი კომუნალური გადასახადი დახვდა, რომ კიდევ ერთი დიდი სტრესი მიიღო. მას სურს ამ დაგროვილი უარყოფითი ენერგიისაგან გათავისუფლება და ახალი ენერგიის მიღება. ასეთია მონოტონური, მაგრამ წნევიანი ელექტრონული მუსიკა. მან რომ რაღაც მელანქოლიურ ბლიუზს მოუსმინოს, შესაძლოა, დეპრესიაში ჩავარდეს. თუმცა არსებობენ სუფთა როკ-ხასიათის მუსიკალური ჯგუფებიც.
ინგლისში ძალიან ნიჭიერი უნდა იყო, რომ გიტარული მუსიკა პოპულარული გახადო. დღეს ამას ახერხებს „რადიოჰედი“, „ქოლდფლეი“, „მიუზი“, „ოაზისი“.
გასაყიდ მუსიკალურ პროდუქციაში არსებობს ერთგვარი პატარა სტატისტიკა. 20 ჯგუფიდან ათია ლამაზი ბიჭუნებისა და გოგონებისგან დაკომპლექტებული ხელოვნური პოპსა ჯგუფი („სპაის გერლზისა“ და „ბლუს“ მსგავსი); შვიდია ელექტრონული ხასიათის შემსრულებელი და მხოლოდ სამია როკის ხასიათის მქონე კოლექტივი.
– ამერიკული მუსიკა ავიწროვებს ბრიტანულს?
– ამერიკამ იქით განიცადა ბრიტანული მუსიკის ზეწოლა. ეს ზეწოლა ბოლო დრომდე გრძელდებოდა და ამერიკის მთელი მუსიკალური ბაზრის 60% ბრიტანელებს ეკავათ. ორი-სამი წლის წინ ამერიკაში ამ ქვეყნის მუსიკის მოთხოვნილება საოცრად დაეცა. „ვარსკვლავების ფაბრიკის“ მსგავსმა ტელე-გადაცემებმა დააგდო ბრიტანული მუსიკის მოთხოვნილება ამერიკაში. ბრიტანეთი კი ნამდვილად არ განიცდის ამერიკული მუსიკის ზეწოლას. შემოტევა ნამდვილად იგრძნობა, მაგრამ ბრიტანელები კბილებით იცავენ საკუთარ ბაზარს და ბრიტანელობას. სასწაული უნდა მოხდეს, რომ ბრიტანულ ჰიტ-აღლუმებში ან ფრანგი, ან შვედი შემოვარდეს, მაგრამ შიგადაშიგ ასეთი რამ მაინც ხდება. ეს პოლიტიკური თვალსაზრისით სჭირდებათ. ბოლო დროს ბრიტანელებმა თავიანთ ბაზარზე რუსული „ტატუ“ „შემოუშვეს“.
ბრიტანელებს კარგი თავდაცვითი პრომოუშენ-სისტემა აქვთ შექმნილი. შოუ-ბიზნესის მანქანა ისე მუშაობს, რომ მსმენელს გაუაზრებლად აყიდვინებს იმას, რაც აწყობთ. ისინი თავად ქმნიან გარკვეულ სტანდარტს, ჰყავთ თავიანთი პროდიუსერები, აქვთ კომპანიები და ეს ყველაფერი მაფიოზურ სტრუქტურებს წააგავს. ამის შემდეგ ძალიან ლამაზად გარწმუნებენ, რომ ეს სტანდარტია. ამავე დროს, ძალიან სარკასტულად იხსენიებენ ვთქვათ, შვეიცარულ, ამერიკულ, თურქულ თანამედროვე მუსიკას. ეს მანქანა მუშაობს იმისთვის, რომ მხოლოდ ბრიტანული მუსიკა იყიდო. სხვათა შორის, ამ ქვეყნის ბიუჯეტში მნიშვნელოვან შენატანს სწორედ შოუ-ბიზნესი იძლევა. ამ სფერომ გადაუსწრო თვით საბანკო სისტემასა და ტურიზმსაც.
გასული საუკუნის 70-იან წლებში პროტესტული მუსიკა ჭრიდა, რადგან ბრიტანეთის სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ დღეს ინგლისში, პრაქტიკულად აღარ არსებობს მსგავსი პრობლემები. მთავრობა გეუბნება, მიდი, იმუშავე და პრობლემა არ გექნებაო. თუ გინდა, კონცერტი ჩაატარე, გამოდი, შეიგინე, დაანგრიე, დაწვი რამე... სწორედ ამიტომ დღეს ჰიპებისა და პანკების მოძრაობა ძალიან სასაცილოა. თუმცა ბრიტანეთმა კოსოვოს, ავღანეთის, ერაყის ომში მიიღო მონაწილეობა, რამაც გარკვეული დაღი დაასვა ეკონომიკას და გარკვეული სტრესული განწყობაც მოიტანა. სწორედ ამან გამოიწვია ტრანსისა და ტექნოს პოპულარობა. აგრესიული ელექტრო საკლუბო მუსიკა ნათლად ასახავს ქვეყნის სულიერ-პოლიტიკურ მდგომარეობას.
– დადა დადიანი ამჯერად რას საქმიანობს?
– დადა უკვე სამი წელია ლონდონში ცხოვრობს და 24 საათის განმავლობაში „თუ სტეპსა“ და „გარაჟს“ აკეთებს. მას ძალიან სერიოზულ მუსიკოსებთან აქვს საქმე. დადა ძირითადად სტუდიაშია და მის შემოქმედებას ცნობილი დიჯეები ეცნობიან. ზოგჯერ თავადაც დიჯეობს.
– გია, აქაურობის ნოსტალგია თუ გაქვთ?
– თბილისის ნოსტალგია ნამდვილად არ მკლავს, მით უმეტეს, იმ არეული პერიოდის. დღეს, როდესაც აქ სიტუაცია ცოტათი გამოსწორდა და ვიცი, რომ ჩემი რამდენიმე ახლო მეგობარი (ვთქვათ, სერგი გვარჯალაძე) აქ არის, უკვე მაინტერესებს აქაური ამბები. მშობლებიც აქეთ არიან, ამიტომ ძალიან მენატრება ხოლმე აქ ჩამოსვლა.
No comments:
Post a Comment