ურჩევს გოგი გვახარია სკანდალური რომანების ავტორს, ზაზა ბურჭულაძეს
ცოტა ხნის წინ, თბილისის წიგნის ფესტივალზე გამოჩნდა ქართველი მწერლის ზაზა ბურჭულაძის ახალი რომანი (უფრო სწორად, ანტირომანი) „მინერალური ჯაზი“. წიგნის წინასიტყვაობა ეკუთვნის ხელოვნებადმცოდნე გოგი გვახარიას („მინერალურ ჯაზზე“ მან გადაცემა „ფსიქოშიც“ ისაუბრა). ზაზა ბურჭულაძე ამბობს, რომ მისი წიგნის ჯერ კიდევ ხელნაწერით ყველაზე ადრე თეოლოგი მერაბ ღაღანიძე აღფრთოვანდა. ტირაჟის აბსოლუტური უმრავლესობა უკვე გაყიდულია. „ახალი ვერსია“ ესაუბრა ანტირომანის პირველ წამკითხველს, მერაბ ღაღანიძესა და „მინერალური ჯაზის“ წინასიტყვაობის ავტორს, გოგი გვახარიას.
გოგი გვახარია: „ამ წიგნზე თითქმის ყველაფერი ვთქვი რომანის წინასიტყვაობაში. მაშინ ზაზას ასე ახლოს არ ვიცნობდი. დღეს, როდესაც უფრო ახლოს გავიცანი, მიხარია, რომ გამართლდა ის, რაც ამ წიგნში ამოვიკითხე. რომანში იგრძნობა, როგორია მისი ავტორი. ერთი ცუდი თვისება მაქვს – თუ ხელოვნების ნაწარმოებთან ზიარებისას ავტორის გაცნობა (თუ ის ცოცხალია) მომინდა, ე.ი. ეს ქმნილება მომწონს. თუ ავტორმა არ დამაინტერესა, მაშინ ნაწარმოები არ მომწონს. როდესაც ეს წიგნი წავიკითხე, ძალიან მომინდა ამ ადამიანის გაცნობა. ნამდვილად გამიმართლა – ზაზა საქართველოში ერთ-ერთი უიშვიათესი ხელოვანია, რომელიც, ლევან ბერძენიშვილის სიტყვებისა არ იყოს, არც ერთ მწერლურ დაჯგუფებაში არ შედის. ის ერიდება მაფიოზულ შემოქმედებით კავშირებს. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს მისივე წიგნში.
ზაზას მომავლისთვის ვუსურვებდი ოდნავ უფრო კონფორმისტობას, ოღონდ არა შემოქმედებაში, არამედ ცხოვრებაში. ძალიან ძნელია, როდესაც შემოქმედებაშიც და ცხოვრებაშიც ასეთი ნონკონფორმისტი ხარ. ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, კომპრომისების გარეშე ძალიან ჭირს. ხომ დაინახეთ, მისი წიგნის პრეზენტაციაზე რა ცოტა ხალხი მოვიდა. წესით, აქ ძალიან ბევრი ადამიანი უნდა ყოფილიყო. სხვანაირად ხალხს არ ეცოდინება, რომ საქართველოში ასეთი კარგი მწერალი არსებობს. ამიტომ ზაზა ცოტათი მაინც წავიდეს კომპრომისებზე, თუმცა ყოველთვის ახსოვდეს, რომ ამან შესაძლოა მის შემოქმედებაზე თავისებურად იმოქმედოს.
– გოგი, ამ ანტირომანის კითხვისას მომეჩვენა, რომ ეს არის თანამედროვე ქართული პროზაიკოსების წერის სტილის ირონია. რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით?
– გეთანხმები. ეს წიგნი ზაზას დამოკიდებულებაა არა მარტო დღევანდელი ჩვენი ცხოვრების, არამედ დღევანდელი კულტურის, წერის მანერის, საკუთარი თავის მიმართ, რაც ძალიან მომეწონა. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ თავად ზაზა ძალიან მუსიკალურია. აქ მუსიკის ცოდნას კი არ ვგულისხმობ, არამედ მკითხველთან ურთიერთობის კულტურას. მას საოცარი ინტუიცია აქვს, ძალიან ზომიერია. როდესაც გრძნობს, რომ ამლაშებს, თავად უსვამს ხაზს, მაგრამ არა პოზიორობის გამო. მუსიკალურობა და ინტუიცია უიშვიათესი მოვლენაა იმ სახელმწიფოში, სადაც მასობრივი ფსიქოზი მძვინვარებს და ბევრია ისეთი მომაბეზრებელი ადამიანი, ვინც ძალით გვტენის თავის შემოქმედებას და საკუთარ თავს. ზაზას ეს საერთოდ არ ახასიათებს. ჩემთვის სწორედ ეს არის დასავლური მოვლენა. შეიძლება ითქვას, რომ ზაზა ნაღდი ევროპელი კაცია ამ სინამდვილეში, ამიტომ მას მთელი გულითა და სულით ვუთანაგრძნობ, რადგან წინ ძალიან მძიმე ბატალიები ელის ცხოვრებაში, აგრეთვე, კოლეგებთან, მკითხველებთან და პრესასთან ურთიერთობებში. ამისთვის მზად უნდა იყოს. ცოტა წაივარჯიშოს, კუნთები დაიყენოს და უკან არ დაიხიოს“.
მერაბ ღაღანიძე (ლიტერატურათმცოდნე): „ზაზა ბურჭულაძის რომანს, ალბათ, წინ მოლოდინი უსწრებდა. ვისაც მისი ბოლო ორი წიგნი („სიმფსონები“ და „წერილი დედას“) წაუკითხავს, მოლოდინი ბუნებრივი იყო – ყველას აინტერესებდა, საით წავიდოდა მწერალი. ვფიქრობ, ეს არის ზაზას დიდი ნახტომი არა მარტო წინ, არამედ განზედაც. ეს არის სხვა მიმართულება, რომლის არჩევაც ზაზას შემოქმედებით ძალასა და პოტენციალზე მეტყველებს. მას სრული მორალური და ლიტერატურული უფლება ჰქონდა, ძველი სტილით ეწერა, მაგრამ აბსოლუტურად სხვა ხერხები გამოიყენა ახალი რომანის შესაქმნელად. ეს ბოლო ათწლეულის მართლაც საუკეთესო ქართული წიგნია.
„მინერალური ჯაზი“ შთამბეჭდავია თავისი კომპოზიციითა და აგებულებით; მკითხველს განუწყვეტელი მოლოდინისა და დაძაბულობის მდგომარეობაში აყენებს. ანსაკუთრებით აღსანიშნავია რომანის ენობრივი ქსოვილი. მასში მჩანს, ერთი მხრივ, ლიტერატურული ფსევდოკანცელარული, ფსევდომწიგნობრული სტილი, მეორე მხრივ, კი – ქალაქური ჟარგონი. ეს შემდეგ ერწყმის ლიტერატურულ ჟანრს, სტილს, რაც ნაწარმოების ფინალში უნისონში მოდის იმ სცენაში, რომელიც ერთ-ერთ თბილისურ ინტერნეტ-კაფეში ვითარდება. აქ შემოდის ჯოჯოხეთის მეტაფიზიკური ტექსტი. ამ რომანში ფაქტობრივად ერთმანეთს ორი ჟანრი ერწყმის – ქალაქური პროზა, რომელიც გადადის მეტაფიზიკურ სიღრმეში და იღებს ძველი მისტერიების მახასიათებლებს“.
No comments:
Post a Comment