Saturday, December 22, 2012

ოთარ იოსელიანი

რეჟისორი, 78 წლის, პარიზი

მსხვილი ხედი კინოს სირცხვილია. მე მას არ ვიყენებ. მსხვილი ხედი მსახიობის,  მოცემული კონკრეტული ადამიანის ისტორიაა. და რა შუაშია აქ კინო?

მე და ჩემი მეგობრები მშვიდად ვსხედვართ მაგიდასთან, ვსვამთ. ბევრი აღარაფერი გვაქვს სათქმელი, რადგან უკვე კარგა ხანია ერთმანეთზე ყველაფერი ვიცით და უხვსიტყვიანობით არ გამოვირჩევით. მაგრამ თუ ამ სუფრასთან ვინმე ნაძირალა მოხვდება, მაშინ ჯიუტად ვდუმვართ, სიტყვასაც კი არ ვამბობთ. ვფიქრობ, სიფათში გალაწუნებას აზრი არა აქვს.

დღევანდელი ყველა გმირი გამოგონილია, მათ არა ჰყავთ პროტოტიპები. აბა, ცხოვრებაში სად გინახავთ ჯეიმს ბონდი ან ინდიანა ჯონსი? ხოდა, ეს ოდისევსისა და ჰერაკლეს ძველბერძნული მითების რემინისცენციები ფილმიდან ფილმში დაეხეტებიან. ერთი ყველას წინააღმდეგ და ყველას ამარცხებს, სიკეთე სძლევს ბოროტებას – ეს ფორმულა კომერციულად ყოველთვის მომგებიანია. ხოლო ჩვენზე, უბრალო მოკვდავებზე იღებდნენ: დე სიკა, დე სანტისი, ჩემი ახლობელი ჟაკ ტატი. კინო საავტოროა, როდესაც მოულოდნელი სიხარული გეუფლება, რადგან ხედავ, რომ ისევე ფიქრობ, როგორც ის ტიპი, რომელიც სურათს გაჩვენებს.

პარიზი, რომლის შესახებაც ვიღებ, უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს. შესაძლოა არც არასდროს არსებულა, როგორც ის მოსკოვი, რომელიც დანელიას „მე დავაბიჯებ მოსკოვშია“ ნაჩვენები. იქნებ ჩვენ ქალაქები დავასახლეთ ისე, რაც ვიცით ცხოვრებისა და ადამიანების შესახებ და ისინი მხოლოდ ჩვენს სულში არიან. მოსკოვი და თბილისი ცარიელდება, ხოლო პარიზი უკვე დიდი ხანია დაცარიელდა, მაგრამ მათ მოდელს, რომელიც ჩვენ მეხსიერების სახით მემკვიდრეობით გადმოგვეცა, გარკვეული ღირებულება აქვს და შეგვიძლია ვაჩვენოთ.

ნამდვილი პარიზი სხვანაირია: მასში მაცხოვრებელი ნებისმიერი ცოცხალი სული იბრძვის და წვალობს, და ძირითადად, მარტოობით იტანჯება, ამიტომ დასაფასებელია ამ ქალაქში ვინმესთან მეგობრობა. ჩვენ, ქართველებს, ეს ოდნავ მაინც შეგვიძლია, ეს ჩვენი პროფესიაა.

თუკი შენ ადამიანთა რომელიმე კატეგორიას მიეკუთვნები, რომელთაც შეუძლიათ შენი შეფარება, დაცვა, გამოხსნა, ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის მათი ვალი გაქვს და მათი მონა ხარ. ასე ცხოვრება უბრალოდ, არ შეიძლება. შეიძლება გიჭირდეს, მძიმედ იყო, მაგრამ იცხოვრე შენთვის.

კინო უნდა იყოს მხოლოდ საავტორო და არა სხვანაირი. დანარჩენი ყველაფერი კინო არაა, სამაგიეროდ მაგრად იყიდება და ეს კარგია. რაც მეტი ბლოკბასტერი გაიყიდება საფრანგეთში, მით მეტი ფული რჩება კინემატოგრაფიის ნაციონალურ ცენტრს საავტორო კინოსთვის.

გასამრჯელო იმ საქმისათვის, რომელიც გაგიკეთებია, მოულოდნელად მოდის. მადლობა ღმერთს! მარტო ფულისთვის ვერაფერს გააკეთებ, თითსაც კი ვერ გაანძრევ.

სამოქალაქო პოზიცია ფორმულირებადია. ესაა ჩვენი სურვილი, რომ იყოს არა ისე, როგორცაა.


ნებისმიერ ნორმალურ ქალს
სხვა დანარჩენები სუსტი ჰგონია. არის ასეთი ცნება – ლამაზმანის ფსიქოლოგია. რას უპასუხებს სარკე? ეს საკუთარი თავის სიყვარულია, ხოლო ქალს არ ახასიათებს საკუთარი თავის სიყვარული. ქალი არსებობს რაინდული საქციელისთვის, არსებობს იმისთვის, რომ დაიცვას სუსტები. იგი ნამდვილი რაინდია.

დედა ტერეზა აწმყოს გმირი არაა. ვფიქრობ, მას მიაჩნდა, რომ ასეთი ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული. არც დისიდენტები არიან გმირები. დღეს გმირობა საკუთარ თავად დარჩენაა. „შემოდგომის ბაღები“ ალბათ, ამაზეა.

საქართველოში არ ამბობენ სიტყვა „გველს“, მას „უხსენებელს“ ეძახიან. როცა კახეთში ლენინის დეკრეტებზე ძალიან სერიოზული გლეხები (მათ ყველა დეკრეტი იციან) ლაპარაკობენ, იტყვიან: „ის, რომელიც მიწამ არ მიიღო“. სისხლისმსმელი ადამიანი იყო და ჩვენ გვახსოვს, მაგრამ პუტინს ეს დაავიწყდა, რაღაც სენტიმენტებიც ეძალება.

საქართველოში მთვრალ ქმრებს არ უყვირიან, ისინი ებრალებათ და დასაძინებლად აწვენენ.

ძალიან მაღიზიანებს, როცა კინოში ბევრს ლაპარაკობენ. ფრანგულ კინოში ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. ეს კავშირშია ფრანგულ კომედიასთან, მოლიერთან, თეატრიდან კინემატოგრაფში გადატანილი ტრადიციაა. კინო უსიტყვოდაც გასაგები უნდა იყოს, რადგან ცირკი არაა. მე მჭირდება მხოლოდ მუსიკა და მოქმედება: ჟესტები, გამოხედვები, ადამიანთა გადაადგილება ერთმანეთის და კამერის მიმართ.

ჩემს პროფესიაში ძირითადად მტაცებლები არიან. და თუკი გამოჩნდება ვინმე, რომელსაც არაფერი უნდა, არამედ სურვილი აქვს გასცეს რაც გააჩნია, მას პატივისცემით ეპყრობიან.

თქვენ გეჩვენებათ, რომ მოსკოვში ზოშჩენკოს გმირებს, ამ სასაცილო იდიოტებს შორის ცხოვრობთ? მე შორიდან ვიცნობდი ანა ახმატოვას, რომელიც ამბობდა: „ღმერთო ჩემო, რა მოსაწყენი კაცია ზოშჩენკო“.

თანამედროვე რუსულ ლიტერატურაში არსებობს ერთი ფენომენი – სერგეი დოვლატოვი. ეს კაცი მოულოდნელად ისეთ რამეებზე გვიყვება, რომლებზეც ვცხოვრობთ და ვფიქრობთ. ხოლო ჩვენ, ყველანი ალბათ ერთსა და იმავე რამეზე ვფიქრობთ: როგორ მოგვბეზრდა ეს ყველაფერი.

ახალი რუსული კინო „წითელქუდაა“ – ეს ღვარძლიანი ზღაპარი, რომელიც გვატყუებს და გვაცურებს. რა თქმა უნდა, შეიძლება ასეთი ზღაპრის მოყოლაც, მაგრამ „კარლსონი“ უკეთესია. იმისთვის, რომ „კარლსონი“ შეთხზა, უნდა გქონდეს რაღაც განსაკუთრებული კულტურა და ძალიან ყურადღებიანი ურთიერთობა.

პათოსს რომ დავუწიო, ბავშვებს ვეუბნები: „ეცადე, არ იყო ნეხვი“.


ვისზე ბრაზობენ
საბჭოთა რეჟისორები და მწერლები, ვისთან წააგეს? არ ვიცი. ჩემს ამხანაგს, ბულატ ოკუჯავას, არასოდეს უგრძნია თავი დაჩაგრულად და შეურაცხყოფილად. მას უბრალოდ ესმოდა, რომ ყველაფერი ცუდია. ერთხელ პარიზში ჩამოვიდა და ტელეფონ-ავტომატიდან დამირეკა. იგი იუნესკოს რუსულ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, სადაც რუსებს ტელეფონი გაუთიშეს. არანაირი მწუხარება მის ხმაში არ იგრძნობოდა. აჰ, – მითხრა, – რა კარგია ახლა ერთმანეთს ვნახავთ, გავერთობით და ვისულელებთ.

ერთი ახლობელი მყავს – ვლადიმერ ვოინოვიჩი. და მან დაწერა უცნაური მოთხრობა ერთ უცნაურ ჯარისკაც ჩონკინზე. ბუნებრივია, შედეგად ვოინოვიჩი გააქრეს. თუმცა იგი ქვეყანაში იმ ოპტიმისტური იმედით დაბრუნდა, რომ კიდევ შეუძლია ვინმეს ემსახუროს. მარტო რუსეთის ცხოვრებაში, ისეთი სიველურეა, რომ ვალოდია ვოინოვიჩის სამსახური ვერაფერს შეძლებს.

რუსული სიველურეა, როცა ტვერსკოიზე ინგლისური კლუბის კარების ქვის ლომები უცბად თეთრად გადაღებეს.

როგორ ფლობენ ქართველები საკუთარ თავს? იმიტომ, რომ ყოველთვის ყველაფერი ცუდად იყო. თბილისში დღეს ბევრი ხეპრეა, თუმცა ამას წინათ ბაზარში ასეთი რუსული მომესმა: Здравствуй, моё солнышко, как ты поживаешь? Ах, ты мой дорогой. ეს ძველი თბილისელი იყო, რომელმაც ბევრი რამ იცის, ყველაფერი გამოიარა და ყველაფერს გაუძლო. პარიზში ახლა ემილ ზოლა ან გი დე მოპასანი რომ გაჩდნენ, ჩვენი დამნახავები ალბათ, გაგიჟდებოდნენ. და შეიძლება მოსწონებოდათ ის, რომ არსებობენ ვიღაც ადამიანები, რომლებიც ჯიუტად იცავენ იმ ცხოვრების წესს, რომელიც მათ ანდერძად დაგვიტოვეს.

ჟურნალი © Esquire

1 comment:

  1. რა კაცი გვაყავს?!
    ამას ვენაცვალეეე, გენიოსია სუფთა!
    ლაშა მადლობა ძმაო !

    ReplyDelete