Wednesday, October 9, 2013

თბ-ილი-სური რუსული ჯგუფი

ქართულ მედიაში ესაა პირველი ინფორმაცია რუსულენოვანი ქართული ჯგუფის „ილის“ შესახებ, რომელიც ადრეულ 1980-იან წლებში თბილისში შეიქმნა. მის ჩანაწერებს ჩემი მეგობარი მელომანის რჩევით, ერთ-ერთ ბლოგზე გადავაწყდი. იქვე ამოვიკითხე, რომ „ილიმ“ დიდი გავლენა იქონია პეტერბურგული როკჯგუფების ნახევარზე. ძალიან გამიკვირდა... რამდენიმე ადამიანი (მათ შორის, ჯგუფის ერთი წევრი) ადასტურებს, რომ რუსული როკის ლეგენდამ, ვიქტორ ცოიმ ცნობილი სიმღერა „ალუმინის კიტრები“ თბილისურ ჯგუფს „აწაპნა“.

„ილი“ 1982 წელს საქართველოს დედაქალაქში ჩამოყალიბდა. მისი დამაარსებელი ვიტალი ბუნინია (სიმღერების ავტორი, ვოკალისტი), რომელიც უმამოდ გაიზარდა, ხოლო დედა ფეხსაცმლის ფაბრიკა „ისანში“ მუშაობდა. ჯგუფის წევრები სხვადასხვა დროს იყვნენ: სერგეი გაილიტი (ფლეიტა, პერკუსია, ბას-გიტარა, ბექ-ვოკალი), გენადი გულჩევსკი (კლავიშები), არტურ სარიანი (დასარტყამები), ვლადიმერ მგელაძე (გიტარა და ბას-გიტარა) და ნუგზარ ფანცულაია (გიტარა). ამჟამად ვიტალი ბუნინი გარდაცვლილია. 90-იანი წლების მიწურულს ერთ-ერთმა რუსულმა ინტერნეტ-გამოცემამ მასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც იგი განმარტავს ჯგუფის სახელწოდებას და ამბობს, რომ ქალაქ თბილისის სახელში არის ასოები „ილი“. რუსულად კი ეს კავშირ „ან“-ს (или) ნიშნავს.

ჯგუფი უკრავდა რიტმ-ენდ-ბლუზს, თუმცა „ილის“ მუსიკაში კარგად იკითხება ფსიქოდელიის, ფოლკის, პროგრესივ როკისა და პოსტპანკის ელემენტებიც კი. დღემდე ჯგუფის მიერ ჩაწერილი 4 მაგნიტო-ალბომი შემორჩა. ამის გარდა, არსებობს კიდევ ერთი ნაკრები სიმღერებისა, რომლებიც 1983 _ 1990 წლებშია ჩაწერილი. ვიტალი ბუნინის ვოკალი და შესრულების მანერა წააგავს პეტერბურგის ლეგენდარული ჯგუფის „ზოოპარკის“ აწგარდაცვლილი ფრონტმენის, მაიკ ნაუმენკოს სტილს, რომელიც თბილისელ მუსიკოსს ყველაზე მეტად მოსწონდა.

„ილის“ ჩანაწერებიდან ძალიან საინტერესოა კომპოზიციები: „მეთოდე“, „გაზაფხულის პირველი დღე“, „წინ“ და სხვები. გაოცებული ვუსმენდი ამ მეტად მრავალფეროვან, აბსოლუტურად უცნობ, საინტერესოტექსტებიან კოლექტივს, რომელსაც თავის დროზე თბილისმა ვერ გაუგო, რადგან, როგორც ჯგუფთან დაახლოებული ერთი პირი აღნიშნავს, 80-იან წლებში ქართველების გემოვნება ძირითადად დასავლურ მუსიკაზე იყო ორიენტირებული.

„ილი“ და საბჭოთა კავშირი თითქმის ერთდროულად დაიშალა.

ჟურნალი „თბილისი Out“ #37, ოქტომბერი, 2013 წელი

დასაჭაშნიკებელი სიმღერები:

 
P.S. ჯგუფის დისკოგრაფია, გადმოსაწერი ბმულებით აქაა.

4 comments:

  1. sad sheidzleba am jgufis sxva nawarmoebebis mosmena?

    ReplyDelete
    Replies
    1. ჩანაწერს გავასუფთავებ და ჩემს მეორე ბლოგზე ავტვირთავ.

      Delete
  2. ასეთი დონის ჯგუფი მეეჭვება გვყავდეს. საოცარი მუსიკაა... სადაა ეხლა ეს ხალხი?

    ReplyDelete
    Replies
    1. სამწუხაროდ, ვიტალი ბუნინი გარდაცვლილია, დანარჩენებზე ალბათ შეიძლება მოკვლევა. გააჩნია რამდენად დაინტერესდება საზოგადოება მათი მუსიკით, რომელიც უკვე დავდე აქ: http://ermonia.blogspot.com/2013/10/full-discography.html

      Delete