1960-იანების ამ შესანიშნავი ჯაზ-ალბომის კომპაქტ-დისკი შორეულ 90-იანებში სწორედ მისმა ყდამ მაყიდინა. ამ დისკის გარეკანისთვის, რომელიც თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ვინილზე გამოიცა, ბილ ევანსმა გამოიყენა ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი ქალის, ტონი ფრისელის მიერ 1947 წელს გადაღებული ფოტო Weeki Wachee Springs, Florida, ანუ „ვიკი ვაჩეს წყაროები, ფლორიდა“. წყალქვეშ გადაღებულ ფოტოზე გამოსახულია გრძელკაბიანი ქალი. გაფორმება ძალიან მოუხდა ალბომს. ტონი ფრისელი 1930-იანი წლებიდან ჟურნალ „ვოგის“ ფოტოგრაფი იყო. მე-2 მსოფლიო ომის დროს იგი წითელ ჯვართან ერთად ევროპაში ჩავიდა და იქ იღებდა ფოტოებს. ქალმა 350 000-მდე ფოტო გადაიღო, რომელთა ნეგატივები ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკას გადასცა.
Friday, October 23, 2020
მუყაოზე გადატანილი მუსიკა
1960-იანების ამ შესანიშნავი ჯაზ-ალბომის კომპაქტ-დისკი შორეულ 90-იანებში სწორედ მისმა ყდამ მაყიდინა. ამ დისკის გარეკანისთვის, რომელიც თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ვინილზე გამოიცა, ბილ ევანსმა გამოიყენა ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი ქალის, ტონი ფრისელის მიერ 1947 წელს გადაღებული ფოტო Weeki Wachee Springs, Florida, ანუ „ვიკი ვაჩეს წყაროები, ფლორიდა“. წყალქვეშ გადაღებულ ფოტოზე გამოსახულია გრძელკაბიანი ქალი. გაფორმება ძალიან მოუხდა ალბომს. ტონი ფრისელი 1930-იანი წლებიდან ჟურნალ „ვოგის“ ფოტოგრაფი იყო. მე-2 მსოფლიო ომის დროს იგი წითელ ჯვართან ერთად ევროპაში ჩავიდა და იქ იღებდა ფოტოებს. ქალმა 350 000-მდე ფოტო გადაიღო, რომელთა ნეგატივები ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკას გადასცა.
Monday, August 17, 2020
სტუმარი 1227 მეტრზე ზღვის დონიდან – ანსამბლ „სტუმარის“ ახალი ალბომი
წარმოიდგინეთ მეთქი, კი გითხარით, მაგრამ ეს ყველაფერი რეალურად არსებობს და მას „სტუმარის“ შემოქმედება, მათი მუსიკა ჰქვია, რომელიც აგერ უკვე 18 წელია ჟღერს. მინდა ვთქვა, „სტუმარის“ ეკოლოგიურად სუფთა მუსიკა ძველ ფრესკებს წააგავს. ეს ფრესკები ზოგი მოზაიკურია, ზოგიც საღებავებითაა შესრულებული.
საოჯახო მუზიცირება საქართველოსთვის უცხო არაა და ასეთ ოჯახებს არაერთი გენიალური ქართული ნაწარმოები შეუქმნიათ თუ აუჟღერებიათ. შეგვიძლია გავიხსენოთ ქართველი მსმენელისთვის კარგად ცნობილი დები იშხნელები, დები ჩაფიჩაძეები, ჩიქოვანების ოჯახი, არჩილ და მაყვალა ჩიხლაძეების დუეტი, ლეჟავების ოჯახი და სხვა. „სტუმარიც“ ღირსეულად აგრძელებს საოჯახო მუზიცირების ტრადიციას და აბსოლუტურად ახალ სიტყვას ამბობს ამ სფეროში. მათ მუსიკაში ჰარმონიულადაა შერწყმული როგორც ქართული, ისე დასავლური თუ აღმოსავლური მოტივები, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, რომელიც ზოგ სიმღერაში ძირითადად ფონის ფუნქციას ასრულებს. შეიძლება ითქვას, რომ ესაა ფოლკი + ფიუჟენი + პროგრესივ როკი + უორლდ მუსიკა. გამოშვებული აქვს ორი ალბომი: 2004 წელს – „ბეწვის ხიდი“ და 2009 წელს – „დილა“.
რამდენიმე დღის წინ „სტუმარის“ მესამე სტუდიური ალბომი გამოვიდა – „1227 მეტრი ზღვის დონიდან“ , რომელიც წინა ალბომების მსგავსად, „სტუმარის“ წევრების მიერ დაარსებულ „საავტორო სტუდიაშია“ ჩაწერილი. ახალი ნამუშევრის მუსიკალური ქსოვილი წინანდელებთან შედარებით უფრო მდიდარი და მრავალფეროვანია. ალბათ უფრო რთულიც, მაგრამ არა ისე, რომ მხოლოდ სპეციფიკური მსმენელისა და მუსიკისმცოდნეებისთვის იყოს მისაღები.
ალბომს სიამოვნებით მოუსმენს ყველა ასაკის წარმომადგენელი, იმდენად გასაგები და კარგად აღსაქმელია. „სტუმარი“ ზემოთ ნახსენები ბირთვის გარდა, კიდევ რამდენიმე მუსიკოსისგან შედგება, შემადგენლობა კი სხვადასხვა დროს იცვლებოდა. ახალი ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდნენ მუსიკოსები: ჯავად ჯავადზადე (კონტრაბასი), ავთო თაბუკაშვილი (დრამი), კაკი ჯაფარიძე (დაირა), ნოდარ მანჩხაშვილი (პერკუსია) და ვატსალ პრაშერი (ტაბლა).
Friday, July 24, 2020
ბეთხოს ახალი ალბომი „დაისი“ სამყაროს აღმოსაჩენად
ირაკლი მანჩხაშვილი, იგივე „ბეთხო“, ის მუსიკოსია, რომელიც დროთა განმავლობაში შემოქმედებითად იზრდება და იხვეწება. მუსიკა მისი სახლია, სადაც იგი ცხოვრობს. ყველა პროექტში, სადაც კი ბეთხო მუსიკის შექმნაში მონაწილეობდა და მონაწილეობს, ნაწარმოებები განსაკუთრებულ მელოდიურ ჟღერადობას იძენენ. ასე იყო ეს ადრე ჯგუფ Catch The Cloud-ში, რომლის სიმღერებსაც „იუთუბზე“ ათიათასობით ნახვა დაუგროვდა, ასეა The BearFox-ში, რომლის ვიდეოებსაც უკვე ასიათასობით ნახვა აქვს და ასევეა მის სოლო შემოქმედებაშიც.
ირაკლი ძალიან კარგად ფლობს ელექტრონულ ინსტრუმენტებს. იგი მეტად ატმოსფერულ, მელოდიურ და ჰარმონიულ, მშვენივრად არანჟირებულ მუსიკას ქმნის. სწორედ რომ ქმნის – არ მინდა, დღეს მოდაში შემოსული ტერმინი – „მუსიკას აკეთებს“ გამოვიყენო, რადგან ეს ტერმინი კონვეიერულ პოპ მუსიკას უფრო მიესადაგება, ვიდრე იმას, რასაც ბეთხო ქმნის. ირაკლი მანჩხაშვილს ელექტრონული ინსტრუმენტებით შესანიშნავი ემბიენტური ნაწარმოებები აქვს შექმნილი, თუმცა მის ბოლო მინიონში (ანუ იგივე EP – მცირე ალბომი) „დაისი“ ანალოგური ელექტრონული ჟღერადობა მხოლოდ ფონისთვისაა გამოყენებული.
მთელი ალბომი კი წარმოადგენს მუსიკოსის ურთიერთობას კლავიშებიან ინსტრუმენტთან, რომელიც ადრე თითქმის ყველა ქართულ ოჯახში იდგა – პიანინოსთან. დღეს მის ადგილს თანდათან ციფრული ელექტროპიანინოები იკავებენ. ზოგადად, ბეთხოს ძალიან მოსწონს რეტრო ანალოგური ჟღერადობა – The BearFox-ის ბოლო ალბომში და საკუთარ ემბიენტურ ნამუშევრებში მან სპეციფიკური ჟღერადობის მისაღებად აუდიოკასეტებზე დამუშავებული ხმებიც კი გამოიყენა. ამ მინიონის ძირითად მუსიკალურ განწყობას სწორედ აკუსტიკური, უბრალო პიანინო ქმნის, რომელიც მუსიკის გარდა, გამოსცემს მექანიკურ ხმებსაც, ზოგჯერ ჭრიალებს, ხრჭიალებს და ეს ამ ნამუშევარში მეტად ინტიმურ ატმოსფეროს ქმნის.
„დაისი“ ნამდვილად კიდევ ერთი ეტაპია ირაკლი მანჩხაშვილის შემოქმედებითად ზრდის პროცესში. იგი გაცილებულია მხოლოოდენ ემბიენტურ ჩარჩოებს და მასში კარგად იგრძნობა თანამედროვე კლასიკური მუსიკის (ე.წ. კონტემპორარი კლასიკის) სუნთქვა, რაც მუსიკოსის მხრიდან უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. „დაისი“ – ესაა ბეთხოს შინაგანი სამყარო, მისი ფიქრები, რომელსაც იგი მსმენელს აუღელვებლად უზიარებს და თუ თქვენ მსგავსი მუსიკა მოგწონთ, აუცილებლად იგრძნობთ იმ ენერგეტიკას, რაც ავტორმა ამ ნამუშევარში ჩადო. პიანინო კიდევ, ჩემი აზრით, უკეთილშობილესი ინსტრუმენტია, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყოველი ჩვენგანისთვის ასე ნაცნობია. მისი ხმა არაა ისე იდეალური, როგორც როიალის, მაგრამ ძალიან თბილი და ალბათ ყველა ინსტრუმენტზე უფრო ახლობელია.
მინიონი „დაისი“ 6 საფორტეპიანო ნაწარმოებისგან შედგება, რომელიც მუსიკოსმა ძველ პიანინოზე, რომლის არსებობაც აღარავის ახსოვდა, ერთი ამოსუნთქვით და ერთი განწყობით ჩაწერა. ეს კომპოზიციებია: „მე მქვია დაისი“, „ქარის მოტანილს, ქარი წაიღებს“, „ყველაფერი, რაც გიყვარდა, ერთ დღეს გაქრება“, „მოგზაურობა სიმარტოვისაკენ“, „ყოველთვის იქნება სინათლე“ და „დაისი“. საინტერესოა, რომ თითოეულ სიმღერას ბეთხომ ფოტოგაფორმება მიუსადაგა, რომელთა ავტორი და დიზაინერიცაა Saniday. უნდა ითქვას, რომ ფოტოებიც კი ანალოგურია, ანუ არაციფრული.
ზოგადად, მუსიკის უდიდესი ხიბლი ისაა, რომ მისი მოსმენისას ადამიანმა შეიძლება ისეთი რამ წარმოიდგინოს, რომელიც მისი ავტორის ჩანაფიქრს არც კი დაემთხვეს. მაგრამ ეს მთავარი არაა. ძალიან მნიშვნელოვანია, მუსიკამ ჩაგითრიოს და ამით კონტაქტი შედგეს კომპოზიტორთან. ბეთხოს „დაისის“ მუსიკა ზუსტად ასეთია – იგი ითრევს მსმენელს და თან შეუძლია ამოგზაუროს იმ სამყაროში, სადაც მანამდე ჯერ არ ყოფილა. ეს შეიძლება იყოს ბეთხოს სამყარო, ან თქვენი სამყარო, რომელიც თქვენ ამ მუსიკის საშუალებით აღმოაჩინეთ.
მთლიანი მინიონის (მინი-ალბომის) მოსმენა: YouTube-ზე
სტატია გამოქვეყნდა at.ge-ზე
Friday, February 14, 2020
ზამთრის მუსიკა
![]() |
ჯგუფ Supertramp-ის 1977 წლის ალბომის Even In The Quietest Moments... ყდის გაფორმება |