Saturday, May 26, 2001

დავით ჟორჟოლაძე – „ვარსკვლავების ადგილი ცაზეა“

„რადიომსმენელს ვუსურვებ არ გამხდარიყოს რადიომანიაკი“

ინტერვიუს ასაღებად მისულ ჟურნალისტს ბევრად უადვილდება საუბარი რესპონდენტთან, რომელიც, ამავე დროს, მისი კოლეგაცაა. ამ შემთხვევაში ნაკლები კითხვები ჩნდება, მითუმეტეს, როცა ამ უკანასკნელსაც კარგად ესმის, რისთვის მიხვედი მასთან, რა გაინტერესებს და თავადაც იგივე თემითაა დაინტერესებული. ასე მოხდა ჩემი „პირველ რადიოში“ (FM 106,4) დავით (ჟორა) ჟორჟოლაძესთან სტუმრობისას. ჟორას რადიომოყვარულთა წინაშე რამე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. მათ, ალბათ, ისიც იციან, რომ ჟორა ძველი როკ-მუსიკოსია და ძალიან მელოდიურ სიმღერებსაც წერს, რომლებსაც თავად, გიტარის თანხლებით ასრულებს. ჟორას გადაცემას, „საღამოს სტუმარს“ ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს შეგიძლიათ მოუსმინოთ „პირველი რადიოს“ ეთერით 21 საათზე. ამავე დროს, ის აღნიშნული რადიოს ერთ-ერთი მხატვრული ხელმძღვანელი და პროდუქციის სტუდიის მენეჯერია.

* * *

დავით ჟორჟოლაძე: – დავიბადე 1972 წლის 12 აპრილს თბილისში. დავამთავრე პირველი ექსპერიმენტული სკოლა და თეატრალური ინსტიტუტის კინომენეჯერის ფაკულტეტი. კინო დღემდე მიყვარს და, ალბათ, მთელი ცხოვრება მეყვარება. მსურდა ბევრი რამ გამეკეთებინა, მაგრამ არსებული სიტუაციის გამო, მე კი არა, ვინც მთელი ცხოვრება კინოში არიან, ისინი ვეღარ აკეთებენ ვერაფერს. ჩემი დაბადების სახელი და გვარია დავით დავითის ძე ჟორჟოლაძე.


– ზედმეტსახელი „ჟორა“ როდის შეგარქვეს? 

– აღარ მახსოვს, ბავშვობისას ვინ შემარქვა ეს ზედმეტსახელი. ჟორას, ალბათ, გვარიდან გამომდინარე მეძახიან.

– როდის დაიწყო შენი შემოქმედებითი საქმიანობა რადიოში? 

– როდესაც ინსტიტუტს ვამთავრებდი, რადიოში მაშინ მოვედი. 1994-95 წლებში სამსახურს ვეძებდი და უსაქმურობის პერსპექტივა მქონდა. მოგეხსენებათ, მაშინ ქვეყანაში დღევანდელზე უარესი სიტუაცია იყო. როდესაც „პირველი რადიო“ გაიხსნა, არ ვუსმენდი მას და არც სხვებს, რომლებიც 106-ის შემდეგ გაჩნდა. მსურდა, ცენტრალურ რადიოში ღამით მემუშავა, რადგან მაშინ იქ არ არსებობდა ღამის ეთერი. მერე დამოუკიდებელ რადიოკომპანიებში გადავწყვიტე ამ იდეის განხორციელება. ის დრო იდგა, როცა FM რადიო საქართველოში ფეხს იდგამდა. პირველად რადიო 105-ში დავრეკე, მაგრამ იქიდან პასუხი არ მიმიღია. როდესაც ტელევიზიით რადიო 106-ის შესახებ გავიდა სიუჟეტი, აღმოვაჩინე, რომ მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ჩემი ძველი ნაცნობი, ლევან იაშვილი იყო. გადავწყვიტე, ბედს აქ ვცდი-მეთქი, ოღონდ არა ნაცნობობით, არამედ გასაუბრებით. ამ პერიოდში ლალო ბურდული აწყობდა ტუსოვკებს, სადაც იკრიბებოდნენ ერთნაირად მოაზროვნე და ერთნაირი გემოვნების ადამიანები. ისინიც მესაუბრებოდნენ ამ რადიოზე. ლევან იაშვილმა მითხრა, სცადეო. მაშინ ვიწრო მუსიკალური თვალსაწიერი მქონდა იმ გაგებით, რომ ასეთ მუსიკას საქართველოში დღემდე არა ჰყავს ბევრი მსმენელი. მიუხედავად იმისა, რომ „ბითლზების“ მუსიკაზე გავიზარდე, რადიოში მოსვლისას განსაკუთრებით ალტერნატიულ მუსიკას ვუსმენდი. კერძოდ, „ნირვანას“ (Nirvana), ნიკ ქეივს (Nick Cave), „სიუზი ენდ ზე ბენშიზს“ (Siouxsie And The Banshees), „ქიუას“ (The Cure), „იუ თუს“ (U2) და კიდევ მრავალს, ანუ ჩვენებური გაგებით, არაკომერციულ, პირქუშ, ხალხისთვის მიუღებელ შემსრულებლებს. აგრეთვე, მეტალისტური დუმ და გოთიკური ჯგუფებიც მომწონდა: „მაი დაინ ბრაიდი“ (My Dying Bride), „ტაიპ ო ნეგატივი“ (Type O Negative) და სხვები. ასეთი ჩანაწერები ქალაქში ერთეულებს ჰქონდა და ასეთი მუსიკის ეთერში გასვლაზე საერთოდ არ იყო ლაპარაკი. 


მეგობარმა აუდიო კასეტების ჩასაწყობი შავი ყუთი მაჩუქა. ამ ყუთით მოვედი აქ და პირველი ერთსაათიანი პროგრამა წავიყვანე. ეთერში გავედი ზედმეტსახელით ჟორა, მაშინ სტუდიაში იდგა საკომუნიკაციო საშუალება – რაცია. პროგრამის დასრულების შემდეგ რაციით გავიგონე რადიოს პრეზიდენტის, ზურა ჭელიძის ხმა, რომელმაც იკითხა, ეთერში ვინ მუშაობსო. მის ხმაში დაინტერესება შევამჩნიე. ამან სიმხნევე შემმატა. მეორე დღეს უკვე ოთხსაათიანი ეთერი დამითმეს. ძალიან გამიჭირდა, ტექსტობრივი იაღლიშიც კი მომივიდა, მაგრამ შემდეგ ავეწყვე და დღემდე, როგორც წამყვანმა, მოვაღწიე. გადაწყდა, რადიოს შემოქმედებითი მხარისთვის მიმეხედა 2-3 კოლეგასთან ერთად. გარდა ამისა, პროდუქციის სტუდიის მენეჯერიც ვარ. პროდუქციაში, ძირითადად, რეკლამების, რადიოქუდებისა და ტიხრების მომზადება იგულისხმება.

– დათო, როგორ დაიწყო შენი მუსიკალური კარიერა და რამ განაპირობა, რომ კინომენეჯერი მუსიკაში აღმოჩნდი? 

– რომ არ დაგიმალო, ორი პატარა კინოსცენარიც მაქვს დაწერილი და ვიმედოვნებ, რომ მათ ეკრანიზაციას ფრთები შეესხმება. მუსიკით გატაცება სკოლის ასაკიდან მოდის. სკოლის ოთხი მეგობარი ვცდილობდით, დაგვეკრა „ბითლზები“. თითქმის ყველა ჯგუფი თბილისში დაკვრას „ბითლზების“, „ფარფლების“, „ზეპელინების“ სიმღერების შესრულებით იწყებდა. სკოლაში ღონისძიებებზე გვეძახოდნენ ხოლმე. სკოლის დამთავრების შემდეგ ვახერხებდით სარეპეტიციო დარბაზის პოვნასაც. ჩვენ, რა თქმა უნდა, ქართულ მუსიკასაც ვუკრავდით. ჩვენ უკვე ვხვდებოდით, რომ შეგვეძლო საკუთარი მუსიკა გვეკეთებინა, მაგრამ ქვეყანაში იმატა პრობლემებმა. პირადული და სოციალური ცხოვრების გართულების გამო, ჯგუფი დაიშალა. ერთმა მეგობარმა ბიზნესში ამოყო თავი. მეორე მეგობარმა ღამის კლუბის ერთ-ერთ ჯგუფში დაიწყო გიტარაზე დაკვრა. პირველი ჯგუფის სახელწოდება იყო ჩვენი სახელების აბრევიატურა, ანუ LIDS.

ჩემი პირველი სოლო ნამუშევარი 1993 წელს აჟღერდა სერგი გვარჯალაძის „შოუბიზ დაიჯესტის“ „ცოცხალში“ მე-2 არხით. მოხარული ვარ, რომ ეს რუბრიკა ახლა „ჯეოპოპშია“ და დღემდე არსებობს. ჩემმა სკოლის მეგობარმა გოგიტა მეცხოვრიშვილმა, რომელიც სერგის გერმანიაში ყოფნისას თაოსნობდა „ცოცხალს“, შემომთავაზა იქ დაკვრა. მაშინ ჯგუფი ვერ შევკრიბე და გიტარის თანხლებით ჩავწერე „მაისის ბლუზი“, ანუ „ჩემი გიტარა ეწევა სიგარას“.

– საინტერესოა, როგორი კრიტერიუმით არჩევ გადაცემა „საღამოს სტუმრის“ სტუმრებს? 

– „პირველი რადიო“ ყოველთვის გვერდით ედგა და უდგას ყველა მიმართულების ქართველ მუსიკოსებს. რამდენადაც ჩვენი კომპეტენცია საშუალებას გვაძლევს, ზოგს რჩევა-დარიგებასაც ვაძლევთ. ტრაბახში არ ჩამოგვართვათ, მაგრამ ბევრმა საკმაოდ კარგად გამოიყენა ეს რჩევები. გადაცემა „საღამოს სტუმარი“ ეთერშია სამშაბათობით და ხუთშაბათობით საღამოს 9 საათიდან. ჩემი სურვილია, ეს იყოს უშუალო გადაცემა. ამ გადაცემის ძირითადი ხაზი არის ქართული მუსიკა. თუმცა, საუბარი ზოგჯერ მიდის არაქართულ მუსიკაზეც. გადაცემის სტუმარი წინასწარ არ მირეკავს და საკუთარ თავს გადაცემისთვის არ მთავაზობს, თუმცა ამისთვისაც მზად ვარ. პირველ რიგში, მუსიკასთან შეხებაში მყოფ ადამიანებს ვარჩევ. კერძოდ, ქართულ მუსიკასთან. შესაძლებელია სტუმარი დიზაინერიც აღმოჩნდეს, რადგან „ფეშენი“ წარმოუდგენელია მუსიკის გარეშე. აღარაფერს ვამბობ თავად ჯგუფებზე, შემსრულებლებზე, თუნდაც ერთი სიმღერაც ჰქონდეთ ჩანაწერი.

შემსრულებლის მიერ მოტანილ რადიოს ეთერში გასაშვებ მუსიკას საკმაოდ კრიტიკულად ვამოწმებთ. „საღამოს სტუმარში“ კი ამ მხრივ მეტი თავისუფლებაა, ანუ გადაცემაში შესაძლოა ისეთი ჩანაწერი აჟღერდეს, რომელსაც ჩვეულებრივ ეთერში არ გავუშვებთ. ჩვენი სტუმარი შეიძლება იყოს ჟურნალისტი, რომელიც მუსიკასთან თუ შოუბიზნესთან არის შეხებაში. ისე კი მიჭირს, ამას ყველაფერს შოუბიზნესი დავარქვა. ვისურვებდი, რომ უახლოეს მომავალში რეალური შოუბიზნესი შექმნილიყოს, რომელიც დამყარებული იქნება ჯანსაღ სამუშაო პირობებზე, როგორც მსოფლიოს დიდ ნაწილშია. შესაძლებელია გადაცემაში რომელიმე ჯგუფის ახალი ალბომის პრეზენტაცია მოხდეს, ან მოვიწვიოთ შემსრულებელი, რომელსაც მალე კონცერტი ექნება.

– დათო, რამდენად გაკმაყოფილებს ის რეალური სურათი, რომელზეც ასახულია ქართული თანამედროვე მუსიკა, როკით დაწყებული, ესტრადით დამთავრებული? 

– ბევრმა შესაძლოა არაკოლეგიალური დაარქვას ჩემს შეფასებას. მუსიკის კრიტიკოსის ფუნქციას არ ვიღებ საკუთარ თავზე.

– გთხოვ, ამ კითხვაზე, როგორც რიგითმა მსმენელმა, მიპასუხე. 

– მივესალმები ყველაფერს, რაშიც მცირე ჯანსაღ მარცვალს მაინც დავინახავ, როდესაც მომღერალი გრძნობით მღერის. რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმს დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ რასაც მღერი, არ უნდა იყოს ყურით მოთრეული და სიმღერის თემატიკა არ უნდა იყოს დამყარებული პოპულიზმზე.

პირადად მე ამ ბოლო ჟამს სიამოვნებით ვუსმენ მამუკა ბერიკასა და ნიკა წერეთლის ბოლო ნამუშევარს „ანიდან ჰოემდე“. საკმაოდ ეხება ჩემს გრძნობებს, გულს, აზროვნებას ნიაზ დიასამიძისა და „33ა“-ს მუსიკა. დიდ პატივს ვცემ ირაკლი ჩარკვიანსა და ლადო ბურდულს. სამწუხაროა, რომ მსმენელი ლადოს ისე კარგად არ იცნობს, როგორც ირაკლის, თუმცა ამ კაცს მართლა ბევრი რამ აქვს გაკეთებული. საინტერესო მომღერალი გამოჩნდა ნესტან ბაგრატიონ-დავითაშვილის სახით, რომელსაც მუსიკალურ თანხლებას უწევენ ძველი ჯგუფ „ლიმუზინის“ მუსიკოსები.

გამოჩნდა ბევრი საინტერესო სახე. ჩემი აზრით, ადამიანმა დროზე უნდა იპოვოს საკუთარი ადგილი. კმაყოფილი ვარ, რომ არსებობს ჯგუფი „მწვანე ოთახი“. გული მწყდება, რომ ბევრი კარგი ჯგუფი აღარ არსებობს. ძალიან მომწონს სტეფანეს შემოქმედება. საინტერესოა გიგა მიქაბერიძის შემოქმედება, თუმცა მსმენელი ნაკლებად იცნობს მის ახალ ნამუშევრებს.

– დათო, შენი აზრით, რა უნდა იყოს მუსიკოსისთვის მიუღებელი? 

– ჩემთვის მიუღებელია, როდესაც მუსიკოსი სცენაზე დგას, თუ სტუდიაში იწერება, უარყოფით ენერგიას გამოსცემს, რომელიც შესაძლოა ტექსტში, მელოდიაში, ან არანჟირებაში იდოს. მუსიკოსს შეუძლია გახდეს სწორი გზის მაჩვენებელი. ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს ზოგჯერ ზემოდან, ღმერთიდან მოდის.


– რას უსურვებ ჟურნალ „ვარსკვლავებს“? 

– ყველას ვუსურვებ მიეგნოს ჭეშმარიტებისათვის და ოდნავ მაინც შეეხოს მას, რა თქმა უნდა, წრფელი გულითა და სუფთა ხელებით. რადიომსმენელს ვუსურვებ, არ გამხდარიყოს რადიომანიაკი, ანუ რადიომანი, რადგან რადიოს გარდა არსებობს სხვა მნიშვნელოვანი რაღაც ამ ცხოვრებაში. თუმცა, ძალიან მახარებს ერთგული მსმენელის ზარი.

„ვარსკვლავებს“ ვუსურვებ, მეტი ვარსკვლავი ენახოთ ცაზე. ჩემი აზრით, ვარსკვლავების ადგილი ცაზეა. ვარსკვლავობა გამოგონილი, ხელოვნური რამეა, ანუ ვარსკვლავების ადგილი ცაზეა.

გამოქვეყნდა 2001 წლის 13 იანვარს, ჟურნალ „ვარსკვლავებში“

No comments:

Post a Comment