ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გარეშე 21-ე საუკუნეში
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორი მუსიკოსი Bajoo – ბაჯუ (იგივე გიგა მჟავია) [Update: დღეს უკვე გიგა ერისთავი] დაიბადა ქუთაისში. ზოდიაქოს ეტლით თევზებია. შემოქმედებითი მუშაობა ადრეული ასაკიდან დაიწყო. აქვს აბსოლუტური სმენა. მიუხედავად დიდი პოპულარობისა, მულტიინსტრუმენტალისტი ბაჯუ ამტკიცებს, რომ არ არის ვარსკვლავი, რადგან ვარსკვლავებით უკვე მოჭედილია ჩვენი ცა... იგი იყო, არის და, იმედია, იქნება ისეთი პიროვნება, რომელიც არასოდეს დაკმაყოფილდება მიღწეულით და განვლილი გზით. პანკი, მეტალი, როკი, ტრანსი, ესიდი – არასრული ჩამონათვალია იმ მუსიკალური მიმდინარეობებისა, რითაც გატაცებული იყო ეს უნივერსალური მუსიკოსი. ბაჯუს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოში, ისრაელში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.
* * *
– მე მომწონს ბგერა და არა ინსტრუმენტები. ჩემი საყვარელი ინსტრუმენტი, მე რასაც მალე გამოვიგონებ, ის იქნება. ნახავთ, რაც იქნება. ჯერ სახელი არ მომიფიქრებია, მაგრამ მას ექნება ბგერა.
– საყვარელი მუსიკოსები თუ გყავს?
– არა, საყვარელი ხალხი მყავს, მაგრამ არა მუსიკოსები. არსებობენ მუსიკოსები, რომელთაც მე დიდ პატივს ვცემ. ადრე ვყოფდი მათ, მაგრამ დღეს ყველას თანაბრად ვცემ პატივს.
– როგორც ნოვატორი მუსიკოსი, რამე სიახლეს ხომ არ ჰპირდები მსმენელს?
– ქართულ მუღამში არაფერს ვაპირებ, რადგანაც ყოველივემ ისეთი ჩამოყალიბებული სახე მიიღო, რომ აზრი აღარა აქვს. ეს ზედმეტი, ხორცმეტი იქნება. რაც შეეხება პროგრესულ, აბსტრაქტულ, თუნდაც ავანგარდულ მომავლის მუსიკას, 21-ე საუკუნეში გავაკეთებ და თქვენც ნახავთ. მაგ შეკითხვაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემ, არ მიფიქრია.
– ბაჯუ, ჩემთან პირისპირ საუბარში აღნიშნე, რომ შენი მუსიკით ფრანგები დაინტერესდნენ. როგორი ურთიერთობა გაქვს მათთან და რას გთავაზობენ?
– თავდაპირველად მართლაც ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობა მქონდა მათთან, მაგრამ შემდეგ ჩვენი პირადი ინტერესები შეეჯახა ერთმანეთს, ამიტომ დღეს შიგადაშიგ ვკამათობთ კიდეც. აქ მიუღებელი არაფერია. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ახლა მე და ჩემი ფრანგი პროდიუსერი მარტინ გარატი ერთად ვაკეთებთ მიქსებს. ბევრი კარგი რაღაც გამოგვდის, მაგრამ ჩემი პროდიუსერი ამ ალბომების გამოცემას ჯერჯერობით არ აპირებს, რადგანაც მას აქაური ბაზარი აბსოლუტურად არ აინტერესებს. მისი აზრით, ეს ალბომი გათვლილია დასავლეთისთვის და მან მაისიდან ჩემი დიდი პრომოუშენი დაგეგმა ესპანეთში, ჰოლანდიასა და სხვა ქვეყნებში. ჩემი თანხმობა დამოკიდებულია მათ მიერ შემოთავაზებულ თანხებსა და პირობებზე. თუ დამაკმაყოფილებს, იმ შემთხვევაში მოვაწერ კონტრაქტს ხელს. ძველი კონტრაქტები კი ისევ ძალაშია, ვმუშაობთ და ვწერთ.
ახლა აქ ჩამოვიდა ფრანგი DJ. მასთან ერთად ვწერ ფსიქოდელიურ მუსიკას. ამ მუსიკას ჩვენ უფრო ქართველი მსმენელისთვის შევასრულებთ. ეს ყველაფერი ხდება „სანო-რეკორდსში“. თვითონ სანო ჩემი კოლეგაა. ის უნიჭიერესი, კეთილშობილი, სულით კარგი ადამიანია. ისაა პიროვნება, რომელიც ძალზე ბევრს აკეთებს ქართველი მუსიკოსებისთვის და ბევრს ფიქრობს. სანო დრამერია და მას საკუთარი პროექტები აქვს.
– ბევრს პირზე აკერია, რომ 21-ე საუკუნეში მხოლოდ ელექტრონული მუსიკა იჟღერებს, მაგრამ ცოცხალი ინსტრუმენტებიც იქნება. ჩემს ცოცხალ კონცერტში ალაგ-ალაგ არის ცოცხალი ინსტრუმენტები.
– თბილისში თუ აპირებ კონცერტის გამართვას?
– თბილისში დღემდე ძალიან ბევრი კონცერტი გავაკეთე. მომავალშიც ბევრი გაკეთდება, თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც მაწყობს. ამჯერად არავისზე არა ვარ დამოკიდებული და თავად ვწყვეტ ყველაფერს. უფრო ცივილიზებულ ხალხთან ვიკავებ კონტაქტს. ვინც მეტს გადაიხდის, ის უფრო დიდ კონცერტს და საკაიფო მუსიკას მიიღებს. მინდა ცივილიზებული ურთიერთობები და არ მსურს დავემგვანო იმ ძველ ქართველ ულვაშა ხალხს, რომლებიც ნისია-სხვისიებით აკეთებენ საქმეს.
– მათი რეკლამებისთვის ვწერ მუსიკას. პირველი ასეთი რეკლამა ეთერში საახალწლოდ გავა. ჩემთან ერთად მუშაობს საშა, ძალიან სერიოზული კლიპმეიკერი. ამ კომპანიაში კარგი ბიჭები არიან. ძალიან ცივილიზებულად მიმიღეს, კარგად მომეპყრნენ და ასევე ცივილიზებულად მოხდა ანაზღაურება. რეკლამაში მთვრალი თოვლის ბაბუა იჩითება Jingle Bells მუსიკის ფონზე, რომელიც მე ჰარდკორი პლუს ტრანსის სტილში გავაკეთე. 40 წამში ჩაეტია ყველაფერი და ნახეთ.
– როგორ გრძნობს ქუთაისელი ბაჯუ თავს თბილისში?
– ჩვეულებრივად, როგორც ქუთაისში. სიმართლე გითხრა, ახლა რომ ამსვა, დამსვა და ვლადივოსტოკში ჩამსვა, ან თუნდაც კანარზე, ისევ იმ ხასიათზე ვიქნები. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.
– როგორ იწერება, იგება შენი მუსიკალური ნაწარმოებები?
– ეს რომ სატელევიზიო ინტერვიუ იყოს, სინთეზატორთან მიგიყვანდი და დაგანახებდი. მუსიკის საფუძველი რითმია, – იმ კომპოზიციებშიც კი, რომელშიც რითმი არ ისმის. ეს ნაგულისხმევი რითმია. ამ ალბომში იქნება წყალქვეშა ბგერები, შინაგანი, სულიერი სამყარო, სიკვდილის შემდგომი და მომავალი სამყარო და კიდევ სხვა.
– ბაჯუ, კიდევ სეირნობ ზღვის ქვეშ ზვიგენებთან და დელფინებთან ერთად?
– აბა რა! ჩემი პირველი მეგობრები არიან დელფინები. ამ მუსიკას, რასაც მე ვაკეთებ, ისინი მკარნახობენ. ეს ჩემი ზოდიაქოს ნიშნის დამსახურებაცაა.
– შენი გაგებით, რას ნიშნავს თავისუფალი ცხოვრება?
– ვერ ვუგებ ადამიანს რომელიც ამბობს, მე თავისუფლად ვერ ვცხოვრობო. ეს როგორ შეიძლება? თავისუფლად შეგიძლია იცხოვრო ოჯახში, ქუჩაში, მეუღლესთან, მეგობართან... დღეს, მე-20 საუკუნის მიწურულს, როგორ შეიძლება ახალგაზრდამ თქვას, რომ თავისუფლად არ ვცხოვრობო. საქართველოში ყველა თავისუფალია. ხოლო ვინც ამას არ ეთანხმება, ის ცოდოა და „სასწრაფო“ (იგულისხმება სასწრაფო სამედიცინო დახმარება – ლ.გ.) ესაჭიროება.
– ბაჯუ, ვინ არიან საინტერესო მუსიკოსები თბილისში, რომლებიც მართლაც რაღაცას აკეთებენ?
– რაღაც მომენტებში ყველა საინტერესოა. ბურდული თავის საინტერესო მუსიკას აკეთებს, ქეთი მერკვილაძე – საკუთარს, ბაჯუ – თავის საინტერესო მუსიკას აკეთებს და ევგენიძე – საკუთარს. თავის პონტში ყველა საინტერესო მუსიკას აკეთებს. შეიძლება ცალკე თქვას, ვინაა ყველაზე მაგარი ან კრუტოი, მაგრამ მე ვიტყვი, რომ ყველაზე მაგარი ტიპი დღეს ისაა, ვისაც დიდი ფული აქვს. ადრე მეგონა, ვინც მაგარ მუსიკას აკეთებდა, ის იყო კრუტოი, თურმე ასე არ ყოფილა. მართალია, შოუბიზნესი საქართველოში დღეს არ არსებობს, მაგრამ, ვინც კონცერტს ისე მოაწყობს, რომ სპონსორიც და ყველა კმაყოფილი დარჩება და, რა თქმა უნდა, მაყუთსაც იშოვის, მაგარია.
– მუსიკის მოყვარულებს ახსოვთ ის პერიოდი, როდესაც შენ იყავი დრამერი: უკრავდი „აუტსაიდერში“, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღე გია სალაღიშვილის გრანდიოზულ პროექტში და სხვა. ნოსტალგია ხომ არა გაქვს იმ პერიოდზე?
– არავითარი ნოსტალგია არა მაქვს. ეს მართლაც კარგი პერიოდი იყო. როგორც თევზს გვერდით ჩაუვლის მედუზა და ის მისთვის მისაღებია, ასევე მისაღები იყო ჩემთვის მაგ ეტაპი, რომელმაც გვერდით ჩამიარა. მაგრამ ეს საქართველოს დონეზე დარჩა. ახლა ისეთ მუსიკოსებთან მაქვს საქმე, ევროპის მასშტაბებზე გავდივართ.
– რამდენად გიზიდავს ლამაზი ქალი?
– ყველა ქალი ლამაზია, მახინჯიც კი. რა თქმა უნდა, მამაკაცები ვართ და ლამაზი ქალები გვიზიდავს. მე იმდენად ლამაზი ქალი კი არ მიზიდავს... აი, ქუთაისურად გეტყვი: კაცური გაგება რომ აქვთ, ჩახუტება და მოფერება რომ იციან, უფრო ასეთები მიზიდავს, ვიდრე „კრასკიანი“, პომადიანი და სახეატლიზნილი ქალები (ვიცინით – ლ.გ.). ამას მართლა სერიოზულად ვამბობ.
– ბაჯუ, შეყვარებული თუ ხარ?
– რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მიყვარს ლელა. ისე კი, ყველა ჩემი შეყვარებულია, ვინც ჩემს კონცერტზე მოვა და მაკოცებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცის გულისთვის ვგიჟდები. ჩემი ლელა (კუკი) მიყვარს ნაღდად. არ ვმალავ, რომ ადრე ოთხი-ხუთი ცოლიც კი მყავდა, ამას სახალხოდ ვაცხადებ. ეს ლელამაც იცის და აფასებს ჩემს სიყვარულს, მითუმეტეს ჩვენ ერთად არ ვცხოვრობთ. ჩვენ ასეთი ევროპული ცხოვრება გვაქვს. ასეთი ოჯახი დასავლეთში უფრო დიდხანს ცხოვრობს.
– როგორი ჟღერადობა ექნება მომავალი საუკუნის ბგერას?
– უფრო შამანური მუსიკა იქნება. ჩემში, მაგალითად, ეგ შამანი უკვე ბობოქრობს. მე შამანი ვარ. მიუხედავად ამისა, ქრისტიანიც გახლავართ. შამანებს შეუძლიათ ყველა ინსტრუმენტზე დაკვრა, ადამიანების თავის გავლენის ქვეშ მოქცევა, შამანური ბგერების გამოგონება. მათ ჰყავთ ბევრი შეყვარებული ქალი. თუმცა შამანობა არ ნიშნავს, რომ ბევრი ნარკოტიკი მოიხმარო. ნარკოტიკსა და ალკოჰოლს საერთოდ აღარ ვეკარები.
– ბაჯუ, რას უსურვებ თინეიჯერებსა და ჟურნალ „ვარსკვლავების“ მკითხველებს?
– მათ არაფერს ვეტყვი. თავად იციან ყველაფერი და იქეთ აქვთ გეზი, სადაც მე ვარ ახლა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ყველაზე მაგარი ადგილია, უბრალოდ, აქამდე მოვლენ, რადგან ეს მომავალია. დიდი ხნის სალაპარაკოა, რომ თქვა, სადამდე მიდის ადამიანი ბოლოს. ამაში რაც იგულისხმება, თავად მიხვდებიან.
გამოქვეყნდა 2000 წლის 9 დეკემბერს, ჟურნალ „ვარსკვლავებში“




No comments:
Post a Comment