შესაძლოა ადამიანი შევჭამო, თუკი ენერგია ვერ დავხარჯე
ბათუმელ მუსიკოს ნინო ქათამაძეს და ჯგუფ Insight-ს პირველად ამა წლის გაზაფხულზე ლადო ბურდულის მიერ გამართულ ფესტივალზე მოვუსმინე. უნდა ითქვას, რომ ამ საოცარმა მომღერალმა მონუსხა მთელი დარბაზი და ფესტივალის სხვა შემსრულებლებიც. რუსული ალტერნატიული როკის ერთ-ერთმა თვალსაჩინო მუსიკოსმა ალექსანდრ ფ. სკლიარმა (ჯგ. Ва-Банкъ) კი გოგონას სცენაზე დაუჩოქა. ეს ფაქტიურად სერიოზული გარღვევა აღმოჩნდა ნინოს ცხოვრებაში. „ინსაიტი“ ამ ფორმით საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. მიიწვიეს მოსკოვში, სადაც მან აღაფრთოვანა რუსი მსმენელი. დღეს ჩემი სტუმარია ამ ჯგუფის (რომელიც უკვე ოთხი წელია არსებობს) ფრონტვუმენი, ვოკალისტი, 28 წლის ნინო ქათამაძე. ის წარმოშობით ქობულეთელია და ცხოვრობს ბათუმში, დაბადებულია ვირთხის წელიწადში, მისი ზოდიაქოს ნიშანი ლომია. მოსწონს ელა ფიცჯერალდი, ჯენის ჯოპლინი და ნუსრატ ფატეჰ ალი ხანი.
* * *
![]() |
| ნინო ქათამაძე |
– რა თქმა უნდა. თბილისში ძალიან ბევრი წინადადება მივიღე, თითქმის ყველა სტუდიიდან, რათა სოლო პროექტი გამეკეთებინა, მაგრამ „ინსაიტის“ ბგერა და ურთიერთობა განსაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის. პრობლემა ისაა, რომ ჯგუფის წევრები ერთად ვერ ვცხოვრობთ.
– ნინო, სცენაზე შესრულების მანერით, გულახდილობით შეგიძლია მონუსხო, გააშტერო მსმენელი (ამას შენი გულშემატკივრები აღნიშნავენ). ხომ არ ფლობ ჰიპნოზური ზემოქმედების რაიმე უნარს, თუ ეს თავისთავად ხდება?
– როცა ვმღერი, ერთადერთი სურვილი მაქვს – სცენაზე ტყუილად არ ვიდგე. როცა სცენაზე ვდგავარ, მაშინ ვგრძნობ სრულყოფილად თავს. მაშინ ვარ ქალი, მეგობარი. ყველაფერი ვიცი, რას ვაკეთებ და რისი გულისთვის ვარ სცენაზე. დაცემამდე ვცდილობ მოვასწრო, გავცე ის სითბო და ენერგია, რაც ჩემშია და არა აქვს მნიშვნელობა, ერთ სიმღერას შევასრულებ, თუ – ათს. ძალიან დიდი ენერგია მიაქვს ტურფას (ნაგულისხმევია ცნობილი სიმღერა „აჰ, ტურფავ, ტურფავ“ – ლ.გ.). საკმარისია, სიმღერისას თვალი გავახილო და შევხედო ვინმეს, რომელიც მისმენს და რაღაცას ელოდება ჩემგან, აბსოლუტურად ქრება დაღლილობა, დაცლილობა და მომენტალურად, ავტომატურად ვივსები ხოლმე ახალი ენერგიით. მე მაყურებლისთვის ვმღერი. ჩემთვის სახლშიც შემიძლია ვიმღერო.
– მოსკოვის გასტროლზე რას მოგვიყვები?
– მოსკოვის გასტროლი ძალიან საინტერესო იყო თუნდაც თავისი თემით: Мир на Кавказе. იქ იყვნენ ვლადიკავკაზიდან, სომხეთიდან, ბაქოდან. ეს მოაწყო ორგანიზაციამ Рок Держава. ძალიან საინტერესო იყო, ბევრი წინადადებაც მივიღეთ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ვჭირდებით მოსკოვს, ეს ვიგრძენით მათ მიერ შემოთავაზებული წინადადებებიდან.
– სავიზო რეჟიმი ხელს არ შეგიშლით?
– სავიზო რეჟიმი ამ შემთხვევაში არაა პრობლემა, რადგან ისინი არა მარტო ვიზებს, კიდევ ბევრ კარგ რამეს გაგვიკეთებენ, ოღონდ იქ ვიყოთ.
– ნინო, თუ ხედავ რაიმე განსხვავებას და მსგავსებას აქაურ და იქაურ მაყურებლებს შორის?
– ჩემთვის ადამიანი ყველგან ერთია: აქაც და იქაც. იქ, სადაც ვიმღერე, ისე მიგვიღეს, როგორც აქ გვეფერებოდნენ. ოღონდ განსხვავება ისაა, რომ თუ დარბაზში, ვთქვათ, 200 კაცია, იქ ორასივე შენთან ერთადაა და ერთ ჩურჩულსაც ვერ გაიგონებ. ვინც მოსულია, მას ნაღდად მოსმენა უნდა. ნაღდს და ნატურალურს თუ გასცემ, სადაც უნდა იყო, ანალოგიურად აღიქმება.
– შეგიძლია განაცხადო, რომ შენი შემოქმედებით თავს მაინც ინახავ?
– რა სისულელეა! ვერანაირად. არ მინდა ფინანსებზე ვილაპარაკო. ეს პრობლემა ძალიან მტკივა, რადგან ვერ ვახერხებთ კონცერტი გავმართოთ, შევიძინოთ აპარატურა, კონცერტზე გადავიხადოთ აპარატურის ქირა და ა.შ. სწორედ ამიტომ ცოცხალი ჯგუფის კონცერტზე გაყვანა პრობლემაა.
– ჩვეულებრივი, უბრალო დღე როგორ იწყება და მთავრდება შენთვის?
– დღეისათვის ჩემთვის უბრალო დღე არ არსებობს. ყველა დღე აზრიანია, რადგან არა მაქვს ცხოვრება ისე აწყობილი, რომ წავიდე რეპეტიციაზე, ვიყო დატვირთული. იყო პერიოდი, როდესაც დღის 12 სთ-ზე ვიღვიძებდი და საღამოს 6 სთ-მდე მაღაზიაში ვმუშაობდი, 6 სთ-დან ღამის 11 სთ-მდე ვიყავი რეპეტიციაზე, 11 სთ-დან ღამის პირველამდე ოფიციალური პროგრამა გვქონდა და მერე დილის 3-4 სთ-მდე ვცეკვავდით. მეორე დღეს აბსოლუტურად კარგად ვგრძნობდი თავს. მე თუ ენერგია არ დავხარჯე – ვკვდები. ჩემი ჩვეულებრივი დღე ასე იწყება: დილა მშვიდობისა, რა კარგია ცხოვრება და დღეს იქნებ რაღაცაში გამოგადგეთ?
– როგორი ურთიერთობა გაქვს ე.წ. პოპსავიკებთან და ფონოგრამშიკებთან?
![]() |
| ნინო ქათამაძე და კახა ცისკარიძე |
– რომელ ქართულ ჯგუფებს სცემ პატივს?
– რთული საპასუხოა, რადგან ძალიან ბევრს ვცემ პატივს, თუნდაც აი, ამ გოგონების ჯგუფს „ემბრიონს“ (გოგონები იმავე სტუდიაში ისხდნენ, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით – ლ.გ.), ესენი ნაღდები, კარგი ადამიანები არიან და რამე რომ ვერ გააკეთონ, მე ვიქნები ცუდი.
– რა დროს უთმობ გარეგნობასა და ჩაცმულობას?
– არ მინდა ვიწუწუნო, ხომ ხედავ, სამხედრო ბუშლატი მაცვია... ისე, კი მინდა ჩემს სტილზე ვიმუშაო. ჩემი თმა მიყვარს, – შეკრულიც და გაშლილიც ლამაზია, ბევრ საშუალებას იძლევა. როცა ვმღერი და კარგად გამომდის, აღარავის ახსოვს, თუ რა მეცვა და რა არ მეცვა. პოპსავიკები ამას დიდ ყურადღებას უთმობენ, მე შემიძლია დასარტყამი ინსტრუმენტების უკან დავდგე, კარგად ვიმღერო და არ გამოვაჩინო, რომ დახეული შარვალი მაცვია. ისე კი, ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ქალი ვარ, მაგრამ ამისგან დიდ პრობლემას არ ვქმნი. სიმღერა თუ მინდა, კარგი ჩასაცმელის არქონის გამო სცენაზე გამოსვლაზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი, ფეხშიშველიც გამოვალ. საერთოდ, ერთი კონცერტი ფეხშიშველმა უნდა ვიმღერო თავიდან ბოლომდე ჩემს ჯგუფთან ერთად.
– ქალური ბედნიერებაა, როცა შენს საყვარელ საქმეს აკეთებ და მაქსიმალურ დროს უთმობ. მე კაცთმოყვარე და ოპტიმისტი ვარ. აუ, რამდენი კარგი რამე ვთქვი საკუთარ თავზე, მალადეც (იცინის – ლ.გ.). ქალური ბედნიერებაა შვილი, ნაღდი სიყვარული... არ ვიცი, როგორ უნდა გითხრა, ლაშა, რა არის ქალური ბედნიერება, როცა დალურჯებული მაქვს ფეხი ტამბურინისგან და ეს კი (ხელს იშვერს ჯგუფ „ემბრიონის“ დრამერი გოგონასაკენ) ჯოხებით უკრავს (ყველანი ვიცინით – ლ.გ.). ამ კითხვაზე, ალბათ, პოპსავიკი ქალები უფრო გიპასუხებენ. ჩემნაირი, ჩვენნაირი ქალების ბედნიერება ენერგიის დახარჯვაა. შესაძლოა ადამიანი შევჭამო, თუკი ენერგია ვერ დავხარჯე... ასდოლარიანი მაკიაჟი მიდევს სახლში (იცინის – ლ.გ.).
– ყველაზე მეტად სად, რომელ სცენაზე იგრძენი, რომ ბოლომდე დაიხარჯე?
– აბსოლუტურად ყველგან, თანაც, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მრჩება სულ. აი, ახლა ჩვენი ჯგუფი საახალწლო პოპ-საათში ჩაგვწერეს. ჩაწერის დღეს ბიჭებმა დიდი გზა გამოიარეს და ამიტომ უფრო მძღოლები იყვნენ, ვიდრე ინსტრუმენტალისტები. ძალიან უკმაყოფილო დავრჩი. არ მიყვარს ხალტურით გამოსვლა, როგორც უკვე აღვნიშნე. ეს უკმაყოფილება ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თუნდაც აპარატურაზე – მე რა ბგერაც მესმის, იმის მიხედვით ვიხსნები. 40-50 პროცენტი იმპროვიზაციაზე, ანუ ჩემს განწყობაზე მოდის. მანამდე კი ბიჭები უნდა განეწყონ და ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ ამ ჩაწერით უკმაყოფილო ვარ. ვთხოვე კიდეც ორგანიზატორებს, თუ შესაძლებლობა გექნებათ, ეთერში არ გაუშვათ-მეთქი, რადგან უგემოვნებო არა ვარ. ჩვენი მაყურებელი კი ცუდს უფრო იმახსოვრებს, ვიდრე კარგს, – ადამიანის ბუნებაა ასე მოწყობილი. შენ კი, თუ პრეტენზია გაქვს, ყოველთვის ფორმაში უნდა იყო. მათ კი, როგორც მსმენელებს, სხვა პრეტენზია გააჩნიათ.
– რას ნიშნავს ნინო ქათამაძისთვის სამშობლო?
– ყველაფერს. თუნდაც ზღვა ჩემი რიტმია. გავიზარდე მთიან სოფელში და მე არ შემიძლია იქაური ფერების გარეშე. სოფელში ჩვენ პატარა სახლს აივანი ჰქონდა და ლეღვის ფოთლების მიღმა მთელი ზღვა ჩანდა. ერთი ფანჯრიდან ბათუმს მთა ეფარებოდა, მეორე ფანჯრიდან კი ჩანდა, როგორ ჩადიოდა ზღვაში მზე მთებს შორის. ფანტასტიკურ ადგილზე ვცხოვრობდი. საერთოდ, საქართველოს ფერები ჩემთვის ყველაფერია. მთები, ზღვა... როგორ შეიძლება ეს არ იყოს შენთვის ფასეული. საქართველოს ჩემთვის არის ფერები და ბათუმი.
– ალბომის გამოშვებას ხომ აპირებთ?
– აუცილებლად, როცა მოხერხდება, მაშინვე. ახლაც მინდა ჩაწერილი რომ იყოს, მაგრამ არსებობს ტექნიკური პრობლემები. ფინანსურის მოგვარება უფრო შეიძლება. ეს იმისთვის კი არ მინდა, რომ მერე ვთქვა, ბევრი ალბომი ჩავწერე-მეთქი, უბრალოდ, მართლა მინდა ალბომის გამოშვება.
– ნინო, თქვენი ჯგუფის ახალ სიმღერებს სად შეიძლება კაცმა მოუსმინოს?
– არ ვიცი, ალბათ იქ, სადაც „ინსაიტის“ კონცერტი იქნება. ვნახოთ. მოგეხსენება, ჩვენი შოუბიზნესი როგორ დონეზეცაა. ჩვენთან გემოვნებით კი არა, იმის მიხედვით არჩევენ შემსრულებელს, თუ რამდენჯერ მოხვდა ის ტელეეკრანზე. მართალია, ეს მთელ მსოფლიოშიც ასეა, მაგრამ საზღვარგარეთ ცოტა სხვაგვარადაა საქმე. იქ იციან, რას აფინანსებენ და რატომ. თუ გრძელ ფეხებში დებენ ფულს, აქცენტი, სწორედ გრძელ ფეხებზე მოდის. მაგრამ იმ გრძელი ფეხების გვერდით ნაღდი მუსიკოსი არ იკარგება, გესმის? იქ არის სტუდიები, რომლებიც შენს ალბომებს ყიდულობენ და ყველა პრობლემას გიხსნიან. აქ სტუდიებს არ აინტერესებს შენი სულის ფასეულობანი. გიქმნიან დისკომფორტს, რომ მახინჯი იყო. ესენი მხოლოდ ტექნიკური შემსრულებლები არიან. რა ხასიათზე გაიღვიძებს ცოცხლად მომუშავე ვოკალისტი, ისიც კი მოქმედებს მის შემოქმედებაზე. მე არა ვარ კაპრიზული, მაგრამ პრეტენზიული ვარ საკუთარი თავის მიმართ. მართალია, შუქი არა მაქვს, მაგრამ ეს არ გახდება მიზეზი, რომ საღამოს კონცერტი არ ჩავატარო. არ ვიწუწუნებ, რომ იცით, შუქი არ იყო, მე გავცივდი და ვერ ვიმღერებ-მეთქი, არა! ჩემს საქმეს მე აუცილებლად გავაკეთებ, თუნდაც ფეხებით ჩამოკიდებული. ჩვენთან ენთუზიაზმსაც კი არ სცემენ პატივს.
მირჩევნია, ჩემი მუსიკით უფრო დაინტერესდნენ, ვიდრე ჩემი ლაპარაკით და იმით, რომ მე, თურმე, 100 წიგნი წავიკითხე და 250 ფილმი ვნახე. ეს ჩემთვის მე-100 ხარისხოვანია, ამიტომ გავურბივარ ხოლმე ინტერვიუებს, რადგან მუსიკაში იმდენი არ გამიკეთებია, რომლის თქმა მუსიკითვე უნდა შევძლო.
– ჩემი ცხოვრება. ჩემი შესრულების მანერას არავისში არ ვეძებ. ვეძებ მხოლოდ საკუთარ თავში. არ ვუსმენ იმის გამო, რომ ახალი მელიზმი ვისწავლო. მირჩევნია დავჯდე, ვიმუშაო და საკუთარი აღმოვაჩინო. ძალიან ვაფასებ ყველას, ვისაც რაღაც ფასეული შეუქმნია.
– რა წინასაახალწლო, საახალწლო და საშობაო სურვილები გაქვს შენი მსმენელებისა და ჩემი მკითხველების მიმართ?
– ყველას ვუსურვებ მეტ რწმენას საკუთარი თავისა და უფლის მიმართ. ვხვდები, რომ ბოროტებაა ყველაფერი, რასაც არასერიოზული ქცევა ჰქვია. ვუსურვებ, უფრო გულახდილები ყოფილიყვნენ და ძალიან კარგია, რომ არსებობენ. ნებისმიერ ქმედებას ფიქრი უნდა – რა და როგორ უნდა გააკეთო. შენივე ბედის 80 პროცენტი შენზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, უნდა გააკეთო ის, რაც სწორი და მართალია, ვუსურვებ ყველას ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ბევრ მზეს. იყვნენ კარგები, ნაღდები და ჯიგრები.
ვინც ამ ჯგუფით დაინტერესებულია, მისი ცოცხალი შემოქმედების ნახვა შეუძლია დღეს მუსიკალურ „ოქტაგონზე“. მე კი დიდ წარმატებებს და მსმენელთა სიმრავლეს (არავითარ შემთხვევაში ფანებს) ვუსურვებ ნინოსა და ორიგინალურ ჯგუფ „ინსაიტს“.
გამოქვეყნდა 2000 წლის 16 დეკემბერს, ჟურნალ „ვარსკვლავებში“




No comments:
Post a Comment