Wednesday, January 17, 2001

ქუთაისი – როკის ქალაქი

(მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულში)

ჟურნალ „ვარსკვლავებს“ დასავლეთ საქართველოს ყველაზე დიდ ქალაქ ქუთაისში საკმაოდ მრავალრიცხოვანი მკითხველი ჰყავს, რომელთა წერილებსაც რედაქცია ხშირად იღებს და აქვეყნებს კიდეც. ახლა მინდა მოგითხროთ ამ ქალაქის მოკლე ისტორია თანამედროვე მუსიკის, კერძოდ, როკ-მუსიკის ცხოვრების შესახებ.

ისტორიული პრეამბულა

გოგა ჟორჟოლაძე
ქალაქი ქუთაისი (ადრე ის ქალაქი იყო და არა პროვინცია ან რეგიონი, როგორც დღეს მას ეძახიან) არსებობის 3500 წელს ითვლის. შორეულ წარსულში მას აია ერქვა და იყო ეგრისის, კოლხეთის, აფხაზეთისა და, საერთოდ, მთელი დასავლეთ საქართველოს კულტურისა და ვაჭრობის ცენტრი. ქუთაისის სახელთან არიან დაკავშირებული თუნდაც მეფეები, – აიეტი თუ დავით აღმაშენებელი; ლიტერატორები, – აკაკი წერეთელი, გალაკტიონი, ვლადიმერ მაიაკოვსკი; მხატვარი დავით კაკაბაძე; კომპოზიტორები, – ზაქარია ფალიაშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე. აგრეთვე სპორტსმენები, მეცნიერები, გამომგონებლები და სასულიერო პირები.

ქუთაისი მდებარეობს 42 გრადუს გრძედსა და 42 გრადუს განედზე (დახეთ, როგორი დამთხვევაა) და ის გაშენებულია მდინარე რიონის ორივე სანაპიროზე, მთისა და ბარის გზაგასაყარზე. ქუთაისიდან დასავლეთით იწყება კოლხეთის დაბლობი. აღსანიშნავია, აგრეთვე, ისიც, რომ დაახლოებით 1000 წლის წინ ქუთაისი იყო გაერთიანებული ქრისტიანული საქართველოს პირველი დედაქალაქი. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ქუთაისში უამრავი ფაბრიკა-ქარხანა აშენდა, რის გამოც ქალაქი თანდათანობით კარგავდა ქართული კულტურის ცენტრის ფუნქციას და საბოლოოდ მას საქართველოს სსრ მეორე ინდუსტრიული ცენტრის დანიშნულება ერგო წილად. ლექსი და სიმღერაც კი შეიქმნა ტექსტით: „ქუთაისი ქალაქია, ინდუსტრიის მშენებელი“...

გადაცემა „ანარეკლის“ ქუდი
სიმღერაზე გამახსენდა, სხვათა შორის, ბაფთიან გიტარაზე დამღერებული ტკბილხმოვანი ქართული პოლიფონიური ქალაქური სიმღერაც სათავეს სწორედ ამ ქალაქიდან იღებს. მისი რეალური გამოვლინება დები იშხნელების მოღვაწეობა იყო. ქუთაისური ქალაქური სიმღერა არ აგერიოთ თბილისურში, რომელშიც მრავალხმიანობასთან ერთად ირანულ ზურნა-დუდუკზე დაფუძნებული აზიური მელოდიებიც შედის.

დღეისთვის ქუთაისს საქართველოს ახალგაზრდა თანამედროვე მუსიკისმოყვარულები ყველაზე ხმაურიანი (არა მძიმე!) და პროგრესული ჯგუფების როკ-ქალაქად მიიჩნევენ. შესაძლოა, მართლაც ასეა, მაგრამ ამ ქალაქში აღიზარდნენ ე.წ. „სერიოზული“ მუსიკოსებიც, მათ შორის არიან თუნდაც ევროპაში სახელგანთქმულები: ჯაზ-მევიოლინე ვიტალი სამხარაძე, დრამერი გია სალაღიშვილი და სხვები. სამწუხაროდ, ამ ქალაქიდანაც, ისევე, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებიდან, ხდება ნიჭიერი მუსიკოსებისა და ხელოვნების სხვა დარგის შემოქმედების გადინება.

როკ-მიმოხილვა

ქართული როკის ფენომენი ქუთაისში 1980-იანი წლების მე-2 ნახევრიდან გააქტიურდა. ამ პერიოდში ე.წ. „პერესტროიკის“ დროს ქალაქში ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის ერთ-ერთ ოთახში ჩამოყალიბდა ორგანიზაცია „მელომანი“, რომელიც დააფუძნეს თემურ ჯოხაძემ („ტუსოვკა“) და ვახტანგ ნებიერიძემ („სტრადივარი“). ამ ორგანიზაციის შექმნამდე ქუთაისში უამრავი მუსიკისმოყვარული იყო, რომლებიც ძალიან ძვირად, 100 მანეთამდე ღირებულების საქართველოში სპორტსმენებისა და მეზღვაურების მიერ შემოტანილ ფირფიტებს ყიდულობდნენ და ამ ჩანაწერებს (ძირითადად „ბაბინებზე“, ანუ კოჭებზე) ერთმანეთში ავრცელებდნენ. ამ პიროვნებებს დღესაც უმდიდრესი ფონოტეკები გააჩნიათ და ისინი უმაღლესი ხარისხის ციფრულ კომპაქტ-დისკებს, ისევ ფხაჭუნა ვინილის ფირფიტებს ამჯობინებენ. აი, ასეთი ბრიტანული კონსერვატულობით ხასიათდებიან ქუთაისელი მუსიკისმოყვარულები.

თემურ „ტუსოვკა“ ჯოხაძე
ორგანიზაცია „მელომანში“ შეიქმნა რამდენიმე ჯგუფი, მათ შორის: „პროვინციალბენდი“ (შემდგომში „აუტსაიდერი“), „ტრიბუნალი“, „პრომეთე“ და სხვები. აქ დადიოდა გოგა ჟორჟოლაძეც, რომლის შესახებ ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ.

ქუთაისში მიმდინარე როკ-პროცესების პირველი სატელევიზიო გარღვევა ტელეგადაცემა „კედელის“ საშუალებით 1992 წლის ზაფხულში საქართველოს ტელევიზიის მეორე არხზე საქართველოს მასშტაბით მოხდა. „კედელის“ სულისჩამდგმელი, ავტორი და ერთ-ერთი წამყვანი ამ სტატიის ავტორია. ეს პროგრამა დაიბადა 1991 წელს ტელერადიოკომპანია „რიონის“ წიაღში. ზუსტად ოთხი გადაცემა მოამზადა „კედელმა“ მე-2 არხისათვის და მასში რეალურად იყო ასახული არა მარტო ქუთაისისა და თბილისის, არამედ მთელი მსოფლიოს ანდერგრაუნდ მიმდინარეობები. ამ გადაცემების გარდა „კედელი“ მშობლიურ ქალაქში ატარებდა პირველ ჰიტ-პარადებს და მისი დაგვირგვინება გახდა 1994 წელს მოწყობილი პოპულარული მუსიკის ფესტივალი „ქუთაისი 94“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს არა მარტო ქუთაისელმა შემსრულებლებმა.

როკ-აქციები და ფესტივალები

1992 წლის ივლისში ქუთაისში ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე პირველად ჩატარდა ქართველი როკ-მუსიკოსების ერთგვარი აღლუმი. ეს იყო აქცია სახელწოდებით „როკი ფონოგრამისა და შიდსის წინააღმდეგ“, რომლის ორგანიზატორიც ზემოაღნიშნული „მელომანი“ იყო. მასში მონაწილეობა მიიღეს დადა დადიანის ჯგუფებმა „ტაქსი“ და „საბავშვო მედიცინა“, სერგი გვარჯალაძის „გენეტიკურმა კოდმა“, ქუთაისურმა „აუტსაიდერმა“. აგრეთვე მაყურებელი გაეცნო ირაკლი ჩარკვიანისა და კოტე ყუბანეიშვილის „რეაქტიულ პოეზიას“. იმავე პერიოდში ირაკლი ჯაოშვილი აწყობდა თავის სერიულ „კოქტეილ-შოუებს“, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც როკ, ისე პოპ-მუსიკოსები მთელი საქართველოდან. ასე დაიწყო თანამედროვე მუსიკამ განვითარება ქუთაისში მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულში. მაგრამ სამწუხაროდ, სამაჩაბლოს, აფხაზეთისა და სამოქალაქო ომებმა, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ამ ქალაქშიც ძლიერ შეაფერხა კულტურული აღმასვლა.

„ნიღბების კლუბი“

1994 წლის 8 ნოემბერს ქუთაისში შეიქმნა „ნიღბების კლუბი“, რომელიც თავდაპირველად 1 წლის განმავლობაში ყოველი თვის 8 რიცხვში (რადგან გადახრილი 8-იანი უსასრულობის სიმბოლოა) ატარებდა აქცია-რეპეტიციებს, გამოფენებს, ახალგაზრდა რეჟისორების უფასო კინოჩვენებებს... კლუბში გაწევრიანებული იყვნენ სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები. ისინი გაერთიანდნენ ჯგუფ „აუტსაიდერის“ ირგვლივ. აქცია-რეპეტიციები ეწყობოდა: ავტოფარეხში, კინოთეატრში, ინტელიგენციის კლუბში, საკონცერტო დარბაზში, ჩამონგრეულ ოფიცერთა სახლის ფიცრებაცვივნულ სცენაზე, კრივის რინგზე და ქუჩაში.

„ნიღბების კლუბის“ ლოგო
სხვათა შორის, პირველი შემთხვევა იყო ქუთაისში, როდესაც როკ-ჯგუფები ავტომატიანი კრიმინალებით მოთარეშე ქალაქში, თამამად, ყოველგვარი ექსცესებისა და ქუჩის ჩხუბების გარეშე, გამოხატავდნენ თავიანთ პროტესტს ირგვლივ გამეფებული განუკითხაობის წინააღმდეგ. აქციებს არ ჰქონდა მახინჯი ფორმები და ისინი არ იყო განკუთვნილნი გართობისთვის. აღსანიშნავია, რომ „ნიღბების კლუბს“ ბევრი თაყვანისმცემელი, ქომაგი გამოუჩნდა ქალაქის ინტელიგენციაშიც, რომლებიც მორალურად და იშვიათად ფინანსურადაც გვერდში ედგნენ კლუბის წევრებს და, საერთოდ, ამ იატაკქვეშა მოძრაობას. მიუხედავად კლუბში გაწევრიანების მსურველთა სიმრავლისა, წევრთა კონტინგენტი საკმაოდ შეზღუდული იყო, რაც საშუალებას აძლევდა აღნიშნულ ორგანიზაციას, გამკლავებოდა სხვადასხვა თავდასხმებს (ოღონდ არა ფიზიკურს).

1995 წელს დაიშალა პროგრამა „კედელი“, მის ნანგრევებზე აღმოცენდა რადიო „ძველი ქალაქი“ და ჩემი საავტორო ტელეგადაცემა „ანარეკლი“. ეს უკანასკნელი, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავდებოდა „კედელის“ ფორმისგან, შინაარსი თითქმის უცვლელი დარჩა. „ანარეკლი“ სატელევიზიო სტუდიაში ცოცხლად წერდა თბილისელ და ქუთაისელ მუსიკოსებს, პოპულარიზაციას უკეთებდა ნაკლებად ცნობილ მუსიკოსებსა და მხატვრებს.

რადიო „ლეგენდა 105“

1996 წლის 30 დეკემბერს ოლეგ კვეტენაძემ და მისმა მეგობრებმა პირველად გაუშვეს ეთერში რადიო „ნოსტალგია“, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ძველი და ახალი პოპულარული სიმღერების სიუხვით, რომელიც მსმენელებში ხშირად ნოსტალგიურ გრძნობებს აღძრავდა. ამიტომ რადიოსადგური დიდი პოპულარობით სარგებლობდა. რადიო „ნოსტალგია“ არ ამზადებდა საინფორმაციო გამოშვებებს, ის აბსოლუტურად მუსიკალური არხი იყო ღამის სატელეფონო თოქშოუებით.

1997 წელს „ნოსტალგიაში“ აჟღერდა ქალაქში პირველი როკ-რადიოგადაცემა „შუაღამის გემი“, რომელიც აშუქებდა როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს მუსიკალურ სიახლეებს. პროგრამაში დაინტერესებულ პირებს გვიან ღამით შეეძლოთ ექსტრემალური მუსიკის მოსმენაც. „შუაღამის გემში“ იყო ლიტერატურული გადახვევებიც, ინფორმაციის 13 წუთი, პატარა სატელეფონო თოქ-შოუ, რომელიც იუმორისტულ ტექსტებზე იყო აგებული. დღეისთვის გადაცემა ეთერში არ გადის, რადგან თქვენ ახლა „შუაღამის გემის“ „გათბილისელებული“ ავტორისა და შტურმანის წერილს კითხულობთ.

გია შილაკაძე, Outsider-ის დრამერი
2000 წლის თებერვლიდან რადიო „ნოსტალგიამ“ ადმინისტრაციული შეთანხმების შედეგად შეიცვალა სახელი და მას რადიოს „ლეგენდა 105“ ეწოდა. იგი დღესაც სამართლიანადაა მიჩნეული როკ-რადიოდ, თუმცა მასში ხშირად ჟღერს პოპულარული (არავითარ შემთხვევაში რეპი), ჯაზური და კლასიკური მუსიკაც. ბევრი რადიოსგან განსხვავებით, „ლეგენდა 105“-ში სრულფასოვნად ჟღერს მძიმე (მეტალ) და ხმაურიანი (პანკ, ალტერნატიული) მუსიკა. ოღონდ ღამის საათებში. თვალშისაცემია ის ფაქტიც, რომ „ლეგენდა 105“-ს არა ჰყავს ე.წ. DJ-ები, არამედ მას ჰყავს წამყვანები ყოველგვარი ზედმეტსახელების გარეშე. გადაცემები მიმდინარეობს ქართულ და რუსულ ენებზე. რადიოს აქვს საკმაოდ მწვავე, ხშირად ირონიული (არა სარკასტული) და რეალური საინფორმაციო პროგრამა, რომელსაც ნათია კუპრაშვილი და ირმა ჭოლაძე უძღვებიან. ალბათ ყველაზე პოპულარული პროექტი აქვს საქართველოს ინტელექტკლუბის უცვლელ წევრს, ლაშა კილაძეს. მისი გადაცემა „პრესტიჟ კლუბი“ ძალიან საინტერესო სატელეფონო კონკურსია, რომელშიც მსმენელმა უნდა გამოავლინოს ერუდიცია, გონებამახვილობა და ინტელექტი. გამარჯვებულს ლაშა კილაძე ყოველთვის საინტერესო წიგნებით აჯილდოებს.

1990-იანი წლების მე-2 ნახევარი

სხვათა შორის, სანამ ყველაფერი ისევ აირეოდა, ამ ნახევრის დასაწყისი მეტად იმედისმომცემი იყო მთელი საქართველოსთვის. უკვე სტაბილიზებულ (კრიმინალურად) ქვეყანაში ყველას იმედი ჰქონდა, რომ დაბრუნდებოდა ნორმალური ცხოვრება, გვექნებოდა გაზი, შუქი, ადამიანებმა ცოტა ფული მაინც იშოვეს, მაგრამ...

ზაზა ხუბუკელაშვილი
„ნიღბების კლუბმა“ 1997 წლის აპრილში მოაწყო სამდღიანი პოპულარული სიმღერის კონკურსი „ალისფერი ყვავილი“. მანამდე კი „აუტსაიდერმა“ თბილისში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია ფესტივალ „მარგარიტა 96“-ზე.

1998 წელს „ნიღბების კლუბმა“ გადაიღო „აუტსაიდერის“ კლიპი „მკვლელი“, რომელიც პირველად მხოლოდ 2000 წლის ნოემბერში აჟღერდა გადაცემა „ჯეოპოპში“. 1999 წლის 26 იანვარს კი იგივე კლუბმა ქუთაისის კინოსაკონცერტო დარბაზში მოაწყო გრანდიოზული როკ-ფორუმი „21-ე საუკუნე“. ეს იყო რიგით მეორე აქცია 1997 წლის მაისის შემდეგ, როდესაც „ნიღბების კლუბის“ ოფიციალური პრეზენტაცია ჩატარდა. მას პირდაპირ ეთერში დასავლეთ საქართველოს ტელერადიოკომპანია „ივერიონი“ 3 საათის განმავლობაში გადასცემდა. მაშინ პრეზენტაციაზე რამდენიმე თბილისურმა ჯგუფმაც დაუკრა. ამჯერად ფორუმზე მხოლოდ ადგილობრივი მუსიკალური კოლექტივები გამოვიდნენ რამდენიმეათასიან გადაჭედილ დარბაზში, მაგრამ აქ უკვე ადგილი ჰქონდა მცირეოდენ ექსცესებს, რომელსაც დარბაზის ფოიეს დიდი მინა და საპირფარეშოს ხელსაბანი ნიჟარები შეეწირა.

მუსიკაში არსებულმა ამ ერთგვარმა კრიზისმა და იმანაც, რომ სხვა თანამედროვე მუსიკის სტილთა მიმდევრების რიცხვიც საკმაოდ გაიზარდა, თავისი აგრესიული ასახვა 1999 წლის მიწურულს ჰპოვა ოპერის თეატრის ფოიეში, სადაც კიდევ ერთი როკ-აქცია უნდა გამართულიყო. აქცია დაწყებამდე ჩაიშალა დებოშისა და მუშტი-კრივის გამო.

ნიკა სვანაძე ჯგუფიდან Best History
დღეს ქუთაისში ბევრი საინტერესო როკ-კოლექტივი და შემსრულებელი არსებობს, რომელთა შორის შეგვიძლია გამოვარჩიოთ ჯგუფები: Best History, „კომა“, „ბუნკერი“, „პულსი“, „რადიკალი“, „შავი ღვინო“. აგრეთვე მუსიკოსები: გოგა ჟორჟოლაძე, ბაჯუ, ლელა ლომთაძე, ვატო კიკალეიშვილი, ზაზა ხუბუკელაშვილი და სხვები. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ არც ერთი აქცია თუ კონცერტი ამ ქალაქში არ ტარდება წარმოშობით კახელი ხმის რეჟისორის, გუგა ჯოხარიძის გარეშე. ახლა მინდა გაგაცნოთ ის პიროვნებები, რომლებიც ქუთაისის როკის 15-წლიანი ისტორიის სათავეში დგანან.

პიროვნებები

თემურ ჯოხაძე, იგივე „ტუსოვკა“ და ვახტანგ ნებიერიძე, იგივე „სტრადივარი“ – ის ადამიანები არიან, რომელთაც ქუთაისში პირველად შექმნეს მოსკოვური და ლენინგრადული როკ-ლაბორატორიების მსგავსი ერთგვარი როკ-კომუნა „მელომანი“. მათ ქალაქში ჩამოჰყავდათ და ქალაქიდან გაჰყავდათ მრავალი საინტერესო კოლექტივი, თვით სიმფონიური ორკესტრიც კი. 1992 წელს მათ პროდიუსირება და მენეჯმენტი გაუკეთეს „აუტსაიდერის“ პირველ ალბომს Inside, რომელიც მოსკოვში „Fee Lee რეკორდს კომპანიში“ ჩაიწერა და ეს იყო პირველი ქართული დისკი პოსტ-საბჭოთა სივრცეში. დღეს „ტუსოვკა“ მოსკოვში მუშაობს, „სტრადივარი“ – მშობლიურ ქალაქში.

გოგა ჟორჟოლაძე 38 წლის მუსიკოსი, არქიტექტორი და მხატვარია. ჯერ კიდევ 1991 წელს გოგამ ჰოლანდიის ერთ-ერთ პრესტიჟულ სტუდიაში ჩაწერა თავისი სიმღერა „მე კარგად ვიცი“, რომელიც პირველად აწგანსვენებული დარეჯან გულიაშვილის რადიოგადაცემაში „როკი ნაშუაღამევს“ აჟღერდა. 1999 წელს გამოვიდა გოგას მაგნიტოალბომი Homegrown. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ალბომი თბილისში არ გაყიდულა. გოგას დღეს საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია აქვს, რომელშიც მასთან ერთად თითქმის ყველა ქუთაისური ჯგუფი იწერება.

რობი კუხიანიძეს და ჯგუფ „აუტსაიდერს“ ალბათ უკვე წარდგენა არ სჭირდება. თავის პირველ წარმატებას ჯგუფმა 1990 წელს საზღვარგარეთ, – ტალინისა და მოსკოვის ანდერგრაუნდ-მუსიკის ფესტივალებზე მიაღწია. 1997 წელს კი „პირველ რადიოში“, „რადიო 2“-სა და „მწვანე ტალღის“ ღია ეთერში ცოცხლად შეასრულა აკუსტიკური სიმღერები.

Bajoo - ბაჯუ
ბაჯუ
იგივე გიგა მჟავია [დღეს უკვე გიგა ერისთავი - ლ.გ.] საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ნოვატორ მუსიკოსად მივიჩნევ, რომელსაც შემოჰქონდა და შემოაქვს თანამედროვე პროგრესული მუსიკის ახალი მიმართულებები. ამჯერად ის ტრანსითაა გატაცებული და თანამშრომლობს ფრანგ მუსიკოსებთან. ამასწინათ მისგან ასეთი შინაარსის წერილი მივიღე: „სადაც ტრანსი არაა, ის ტუსოვკა არ მომწონს. ამას ვამბობ 21-ე საუკუნეში. ჩვენთან არიან მე-20 საუკუნეში დარჩენილი ლოთები“.

სოსო ივანიშვილის ჯგუფი „პულსი“ 1988 წლიდან არსებობს. საქართველოში ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ცნობილი ჰიტი „მერვეკლასელო“ მისი შექმნილია და ეს სიმღერა, მისი თქმით, ე.წ. მეკობრეებმა გააბანძეს. „პულსს“ ქუთაისში ხშირად ადარებენ ჯგუფ „სმოუკს“ (Smokie) მისი ლირიზმის და მელოდიურობის გამო.

სოსო ივანეიშვილი
შალვა ცხვედიანმა
და ჯგუფმა „ბუნკერმა“ პანკისა და მეტალის კარგი ქართულ-რუსული სინთეზი მოახერხა. რამდენიმე წლის დუმილის შემდეგ „ბუნკერი“ 1998 წლიდან კვლავ გააქტიურდა და მისი სიმღერები „წყალი“ და „ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი“ რადიო „ლეგენდა 105“-ის მსმენელებს შორის მეტად პოპულარული გახდა.

ვატო კიკალეიშვილი, იგივე კაკადუ, ჩელისტი გიტარისტია, რომელსაც მოუწია გია სალაღიშვილისა და „აუტსაიდერის“ პროექტებში მონაწილეობის მიღება. გასულ წელს ვატო გია სალაღიშვილის ჯგუფთან ერთად მოვხდა სატელევიზიო პროგრამა „ჯემში“. მიუხედავად ამისა, ამ სტაჟიან მუსიკოსს უამრავი საკუთარი ჯგუფიც ჰყავდა. ამჟამად ის „აუტსაიდერის“ დრამერ გია შილაკაძესთან ერთად ძალიან საინტერესო კამერულ აკუსტიკურ პროექტზე მუშაობს.

გია მაჩიტიძე და ჯგუფი „ტრიბუნალი“ (შემდგომში „პრომეთე“) 1988 წლიდან არსებობს. უკვე წელს, დიდი ხნის დუმილის შემდეგ, გიამ და „ტრიბუნალმა“ ერთი ძალიან საინტერესო სიმღერა ჩაწერეს გოგა ჟორჟოლაძის სტუდიაში.

ეპილოგი

მილენიუმის გზაგასაყარზე, პირველ იანვარს, რადიო „ლეგენდა 105“-ის სტუდიაში შეიკრიბა ქუთაისში დარჩენილი როკ-მუსიკოსების ერთგვარი ჯემ-სეიშენი. რეპერტუარში იყო ჯგუფების: Best History-ს, „აუტსაიდერის“, „პულსის“ სიმღერები და იმპროვიზაციები ბლუზის, როკის თემებზე. სპეციალურად ამ დღისთვის „ბესტჰისტორელმა“ ნიკა სვანაძემ მოამზადა Jingle Bells-ის ქართული ალტერნატიული ვარიანტი. კონცერტი ჩავიწერეთ და მცირეოდენი მონტაჟის შემდეგ რადიოს ეთერში აჟღერდა. ასე ხმაურით გააცილეს ქუთაისელმა როკ-მუსიკოსებმა რადიო „ლეგენდა 105“-ის სტუდიაში კაცობრიობის ისტორიაში ალბათ ყველაზე ხმაურიანი საუკუნე. აქცია უსპონსოროდ, უფულოდ მოეწყო და ესეც ერთგვარად სიმბოლური იყო, რადგან გასულ საუკუნეში ასეთი როკ-აქციები ხშირად ენთუზიაზმით კეთდებოდა.

როგორც უკვე აღვნიშნე, ქუთაისში ბევრი სხვა ნიჭიერი მუსიკოსია, მაგრამ ქუთაისის მაჯისცემა ქვეყნის ეკონომიკური გაპარტახებულობის გამო საქართველოში ნაკლებად იგრძნობა. ბევრმა მუსიკოსმა მიატოვა მშობლიური ქალაქი. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მალე ეს ქალაქი თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის ქართულ შოუბიზნესში. ოღონდ არა თბილისიდან თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან, არამედ რიონის პირას გაშენებული, ოდესღაც უმდიდრესი კულტურის მქონე ქალაქიდან, რომელსაც ქუთაისი ჰქვია.

გამოქვეყნდა 2001 წლის 17 იანვარს, ჟურნალ „ვარსკვლავებში“

No comments:

Post a Comment