Wednesday, February 21, 2001

მედიტაციური ხასიათის ირაკლი ჩარკვიანი ბეთჰოვენის ნიღბით ღრუბლებში

მახსოვს, ინტერნეტში ჩემს მეგობართან ერთად ხეტიალის დროს წავაწყდი ცნობილ ანდერგრაუნდში მომღერალი ქალის PJ Harvey-ის ვებ-საიტს, სადაც მის ავტობიოგრაფიულ მონახაზებში უბრალოდ რამდენიმე სიტყვა ეწერა. „PJ Harvey დაიბადა“ და მორჩა. დღევანდელი ჩემი ინტერვიუს შესავალს ცნობილ ქართველ ანდერგრაუნდ მუსიკოსთან – ირაკლი ჩარკვიანთან ანალოგიურად დავიწყებ.

ირაკლი ჩარკვიანი დაიბადა და ცხოვრობს თბილისში. დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ენების ლიტერატურის ფაკულტეტი. ფლობს ინგლისურ ენას. როკ-მუსიკაში 80-იანი წლებიდანაა, უკრავდა ჯგუფებში „ტაქსი“ და „საბავშვო მედიცინა“, წერდა „რეაქტიულ ლექსებს“. 

მისი პირველი სოლო ალბომი Svan Songs გამოვიდა 1993 წელს და იგი გერმანიის ქალაქ კიოლნში ჩაიწერა. ამ ალბომის სამი სიმღერა „ქაღალდის გემი“ („მე გადავცურავ ზღვას“), „მენატრები“ და „ჰგავდე სხვას“ მაშინვე ჰიტებად იქცა. ჩემის აზრით, აღნიშნული ალბომი ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია ქართული ანდერგრაუნდის და საერთოდ, საქართველოს როკ-მუსიკის მცირე ისტორიაში როგორც მუსიკალურად, ასევე იდეურად. 

1998 წელს ირაკლი ჩარკვიანი უშვებს მეორე სოლო ალბომს „აფრენ“. მასში გაჩნდა ელექტრონული ჟღერადობის ოთხი კომპოზიცია, რომელიც მუსიკოსმა დიდ ბრიტანეთში დადა დადიანთან ერთად ჩაწერა. ტელემაყურებელი უკვე გაეცნო ირაკლის სამ ახალ სინგლს, რომლებიც, სავარაუდოდ, მის მომავალ ალბომში აჟღერდება. ირაკლისთან ეს ინტერვიუ ტელეფონის საშუალებით ჩავიწერე.

* * *

– ირაკლი, თქვენი აზრით, რა არის როკი, – ეს ხელოვნებაა თუ უფრო სოციალური მოვლენა?

– სოციალური მოვლენაც არის და ხელოვნებაც.

– თქვენთვის რას ნიშნავს ანდერგრაუნდი?


– ეს არის ადგილი მიწის ქვეშ.

– მიგაჩნიათ, რომ მიწისქვეშ ცხოვრობთ?

– მე მგონი, ადამიანი მიწისქვეშაც ცხოვრობს და მიწის ზემოთაც ამოდის ხოლმე. მერე ისევ ჩადის და ისევ ამოდის...

– თუ მიგაჩნიათ, რომ საქართველოს ანდერგრაუნდში არსებობს მძლავრი მოძრაობა?

– ანდერგრაუნდი არ არის მოძრაობა. მასში ყოფნა უბრალოდ უნდება ადამიანს.

– მსოფლიოს თანამედროვე მუსიკაში რომელ შემსრულებლებს სცემთ პატივს და თქვენი შემოქმედების დასაწყისში რომელიმე მათგანს თქვენს მუსიკაზე თუ მოუხდენია გავლენა?

– არავის დავასახელებ, რადგან ჯობს, ყველამ საკუთარი თავი დაასახელოს. მსოფლიოში ყველას ყველაზე აქვს გავლენა. ვფიქრობ, თუ ადამიანი ამ საუკუნის კულტურულ პროცესებშია ჩართული, ის განიცდის გავლენას. კონკრეტულად ვიღაცეების დასახელება, მე მგონი, არ ღირს.

– ირაკლი, თქვენს ახალ სიმღერაში ამბობთ – „მე აღარ გადავცურავ ზღვას“, რატომ? 

– იმიტომ, რომ მე ის უკვე გადავცურე. უკან დაბრუნება რაღა საჭიროა? ერთხელ უნდა გადმოცურო ზღვა, მეორედ უკვე აღარ არის საჭირო. 

– პოეზიის „რეაქტიულ კლუბთან“ თუ გაქვთ კავშირი?

– აბსოლუტურად არანაირი. მეგობრები კი მყავს, მაგრამ უკვე მეექვსე წელია მასთან შემოქმედებითი ურთიერთობა აღარ მაქვს.

– „ჯეოსელის“ ჟურნალ „დიALOგის“ მეორე ნომერში დაიბეჭდა ფრაგმენტი („შავიმე“) თქვენი რომანისა „მშვიდი ცურვა“. დამთავრებული გაქვთ თუ არა ეს რომანი და თუ აპირებთ მის დაბეჭდვას?

– რომანი ჯერ არ დამიმთავრებია. ალბათ, ამ წლის ბოლოს უნდა დავასრულო. მის გამოცემაზე კი ჯერ არც ერთ გამომცემლობასთან არა მაქვს ხელშეკრულება დადებული.

– ირაკლი, რას ნიშნავს თქვენთვის პატრიოტიზმი და საიდან იწყება სამშობლო?

– პატრიოტიზმი, ვფიქრობ, ჩვეულებრივი გრძნობაა. უპირველეს ყოვლისა, ალბათ, ეს არის სიყვარული საკუთარი თავისა. ანუ შენ შენივე თავის პატრიოტი ხარ, ხოლო ასე გლობალური პატრიოტიზმი ცოტა სასაცილოდ ჟღერს. არ ვიცი, არსებობს თუ არა კონსოლიდაცია ერთი აზრის გარშემო. ასე რომ ამბობენ, მე უბრალოდ მეცინება.

– არსებობს თუ არა რაღაც ზღვარი ჩვეულებრივ მოკვდავსა და ე.წ. ვარსკვლავს შორის, რომელიც, თავის მხრივ, ჩვეულებრივი ადამიანია?

– კი, მაგრამ ეს ვარსკვლავი საკუთარ თავზე უფრო მეტად ნამუშევარია, ვიდრე ის ჩვეულებრივი მოკვდავი, თქვენ რომ გულისხმობთ. ამიტომ მათ შორის არსებობს ზღვარი, განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ადამიანი, რომელიც ბევრად მეტ დროს უთმობს საკუთარ თავს, ხდება ვარსკვლავი. ვინც ნაკლებ დროს უთმობს, ის უბრალოდ, ჩვეულებრივი მოკვდავია. გადავხედოთ პრაქტიკას. აი, თქვენ, დავუშვათ, საკუთარ თავზე, ვთქვათ, 5 საათი მუშაობთ, ვიღაცა კი ნახევარი საათი. თქვენსა და იმ ადამიანს შორის მცირე, მაგრამ განსხვავება იქნება. შეადარეთ თუნდაც ეს საათები და მიხვდებით განსხვავებას.

– საახალწლო ტელეშოუში თქვენი ახალი სიმღერის მიწურულს ჰაერში ამაღლდით. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მიწისქვეშეთიდან, ანდერგრაუნდიდან მიწის ზემოთ ამოდიხართ?

– ეს, რა თქმა უნდა, ამას ნიშნავს. კადრიდან ზევით ასვლა არა მარტო მიწის სიღრმიდან ზემოთ, მიწაზე ამოსვლას გამოხატავს, არამედ მიწის ზედაპირიდან ცაში, ღრუბლებში ასვლასაც ნიშნავს. მაყურებელმა კი როგორც უნდა, ისე გაიგოს.

– ეს კადრი თქვენი იდეა იყო?

– რა თქმა უნდა.

– ირაკლი, როდის გამოვა თქვენი ახალი ალბომი, რა ერქმევა და რა ფორმატში ჩაწერთ მას?

– ალბომის სახელწოდება ჯერ არ მომიფიქრებია. არც ის ვიცი, ზუსტად როდის გამოვა, რადგან არ მინდა, რაღაც გარკვეულ ჩარჩოებში მოვექცე. ვნახოთ, როგორ წავა ეს ცალკეული სინგლები.

– როგორ ფიქრობთ, როგორი ხასიათი გაქვთ?

– არ ვიცი, ასე განსაზღვრება რთულია. ალბათ, უფრო მედიტაციური ხასიათი მაქვს.

– რა კავშირშია თქვენი რწმენა თქვენს სარწმუნოებასთან? 

– აბსოლუტურად პირდაპირ კავშირშია. აბსოლუტურად ერთიანია ჩემი რწმენა და ჩემი სარწმუნოება. მათ შორის არ არსებობს რაიმე კონფლიქტი. 

– ბოლო დროს რომელი ქართველი მუსიკოსის ნამუშევარი მოგეწონათ ყველაზე მეტად?

– მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ვიღაც მომეწონა-მეთქი. ამიტომ პასუხისგან თავს შევიკავებ. 

– ირაკლი, ახლა მოკლედ უპასუხეთ რამდენიმე ბლიც-კითხვას: ყველაზე საინტერესო ფერი? 

– იასამნისფერი.

– ყველაზე საშინელი ხმა?

– ალბათ, ტრაქტორის.

– ყველაზე სასურველი შეხება?

– ქაღალდთან შეხება.

– ყველაზე არომატული სურნელი.

– ყავის სურნელი.

– ყველაზე გემრიელი გემო?

– წყლის გემო.

– ირაკლი, პრობლემები რომ არ იყოს, რაზე იმღერებდი?

– იმაზე, რომ არ არის პრობლემები.

თუ აპირებთ უახლოეს მომავალში კონცერტის ჩატარებას?

– უახლოეს მომავალში არ ვაპირებ.

– სიმღერაში „თბილისო“ თქვენ ჩურჩულით მიმართავთ მეგობარს „მასკა“ გამიკეთეო. ახლაც გიკეთიათ ეს ნიღაბი?

– ბეთჰოვენის ნიღაბი მიკეთია. ბეთჰოვენი რომ მოკვდა, მას თაბაშირის ნიღაბი გაუკეთეს და ახლა ხელში მიჭირავს ეს ნიღაბი, რომელიც სახეზე მაქვს მიდებული.

– ამ ახალ საუკუნეში როგორი მუსიკა გაიჟღერებს?

– ამ საუკუნეში უფრო საცეკვაო მუსიკა გაიჟღერებს.

– ბევრი ვარაუდობს, რომ ეთნიკური მუსიკა შემოდის.

– ეთნიკური მუსიკა უკვე ნამეტანი შემოვიდა. მე მგონი, ადამიანი ღმერთთან ცეკვით უფრო კარგად მიდის, ამიტომ ცეკვით და, საერთოდ, ტანის მოძრაობით ის რაღაც გარკვეულ წარმატებებს მიაღწევს. „მე იმ ღმერთის მწამს, რომელიც ცეკვავს“, – ოღონდ ეს ნიცშემ თქვა, ჩემი სიტყვები არაა (იცინის).

– ბოლო ალბომის სიმღერაში Silent Swim რა ენაა გამოყენებული?

– ეს ნიგერიული ენის დიალექტია. 

– რას გვეტყვით თქვენი ოჯახის შესახებ?

– მე და ქეთათო ერთად ვცხოვრობთ. ვართ ბედნიერები და გვიყვარს ერთმანეთი. მეტი რაღა გითხრათ.

– მშობლებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

– მშობლებს დიდ მადლობას ვუხდი, რომ კარგები არიან და ძალიან მიყვარს ისინი.

– ირაკლი, რას უსურვებთ თინეიჯერებსა და საკუთარ თავს?

– თინეიჯერებს მინდა ვუთხრა, რომ შეეცადონ, უფრო კარგ მუსიკას მოუსმინონ. მაგათ ასაკში მუსიკა უფრო საკვებივითაა. თუ კარგ საკვებს მიიღებენ, რომ გაიზრდებიან, უფრო კარგი ტიპები იქნებიან. ამიტომ ბავშვობიდან კარგი საჭმელი უნდა ჭამონ, რომ დიდი ღიპები არ დაედოთ. საკუთარ თავს ვუსურვებ, რომ მომავალში უფრო მეტი ყურადღება მივაქციო საკუთარ თავს. 

No comments:

Post a Comment