„არის კონტაქტი?“ – ეს ის სიტყვებია, რომელიც ქართველმა ტელემაყურებელმა სერგი გვარჯალაძის გადაცემა „კომუნიკატორის“ პირველივე გამოშვებიდან აიტაცა. ამ გადაცემას მოჰყვა „ასი სამუშაო ადგილი“ და „ჯეოპოპი“, რომელიც იმთავითვე ქართული მუსიკალური შოუბიზნესით დაინტერესდა. პროგრამა მოიცავს რამდენიმე რუბრიკას, მათ შორისაა: „თემა“ და „ცოცხალი“, რომელიც ნებისმიერ საინტერესო ჯგუფსა და შემსრულებელს შესაძლებლობას აძლევს, ცოცხლად წარსდგეს ტელემაყურებლის წინაშე. გასული წლის შემოდგომიდან „ჯეოპოპში“ გაჩნდა სპეცრუბრიკა (ერთგვარი გადაცემა გადაცემაში) „ჯეოსელის Top 20“, რომელიც მიჰყავს ნენე კვინიკაძეს. ამ სპეცრუბრიკაში უცხოელ შემსრულებლებს, ჩვენდა საბედნიეროდ, ტოლს არ უდებენ ქართველებიც. ზემოთ ჩამოთვლილ გადაცემებზე სერგისთან ერთად მუშაობენ: გიგი, მაკა, გიო, ზურა, ქეთი, თეონა, მზია, ნენე და სხვები. „კომუნა“ უახლოეს მომავალში ახალი პროგრამების მომზადებას აპირებს, რომელთა შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით.
* * *
ნენე (ნესტან კვინიკაძე): კვირაში ერთხელ, სამშაბათობით მაყურებელს ვაცნობ „ჯეოსელის Top 20“-ის შედეგებს. კვირიდან კვირამდე ჩვენი ოპერატორები – გიგი და მზია, ქართულ რადიოებზე დაყრდნობით მართავენ ოცეულის შედეგებს, ანუ ვინც უფრო ხშირად ტრიალებს, გადადის მაღალ ადგილებზე და ამის შემდეგ დგება ჰიტ-აღლუმი. იგი მთლიანად დამოკიდებულია იმ მსმენელზე, რომელიც რადიოში რეკავს და ითხოვს ამა თუ იმ სიმღერას.
– როგორ გახდი „კომუნას“ გუნდის წევრი?
– ადრე „კომუნას“ რამდენიმე წევრთან ვმეგობრობდი და ერთ დღეს შემომთავაზეს წამყვანობა. ალბათ, ორი კვირა მთხოვდა სერგი, რომ დავთანხმებოდი. ბოლოს მან განმიცხადა: აქ ყოველდღე დაგიბარებ და სანამ არ დაგითანხმებ, თავს არ დაგანებებო. ბოლოს მაინც თავისი გაიტანა. სერგი პატარაობიდან მახსოვს. ალბათ, ის ადამიანია, რომელზეც ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემი თანამშრომელი გახდებოდა, ოღონდ არა იმიტომ, რომ ეს მიუღწევლად მესახებოდა (იცინის).
– ასე კონკრეტულად ვერ გეტყვი. ბევრი მომწონს, ტომ უეიტსით დაწყებული, სტივ უანდერით დამთავრებული. ოცზე მეტი გამოვა. მაინც ველოდები იმ დღეს, როდესაც „ჯეოსელის Top 20“ მიახლოებით მაინც იქნება ისეთი, როგორიც ჩემი ოცნების ოცეულია. მე რაღაცებს ვწერ და მუსიკა წერის განწყობაში მეხმარება. გამოშვებული მაქვს კრებული მეგობართან ერთად, სადაც შესულია ჩემი მოთხრობები. მალე, ალბათ, გამოვა ჩემი კიდევ ერთი წიგნი. გაზაფხულზე კი მინდა გამოვცე ახალი მოთხრობებისა და რადიოპიესების კრებული.
– ნენე, შენს საფირმო გარეგნობაზე ვინმე თუ ზრუნავს?
– ვიზაჟს, გრიმს ქეთი მესხი მიკეთებს. ჩაცმულობაში სერგისაც შეაქვს შესწორებები და ქეთისაც. ჯერ კიდევ ვერ ვიტყვი, რომ რაღაც სტილი მოვძებნეთ-მეთქი. ვნახოთ, საბოლოოდ როგორი იქნება „ჯეოსელის Top 20“-ის წამყვანი.
* * *
სერგი გვარჯალაძე: „კომუნიკატორი“ სტანდარტული სატელეფონო თოქ-შოუა, რომელიც, რასაკვირველია, ჩვენი გამოგონილი არაა. ეს უფრო რადიოს ფორმატია. განსხვავება იმაშია, რომ მაყურებელი აქ წამყვანს, მის რეაქციას ხედავს. ამის გარდა, ხდება სტუმრების ინტეგრაცია, ვიყენებთ ოთახს, ცოტა დრამატული სცენებიც გვაქვს. წელიწადნახევრის წინ გერმანიაში ჩასვედი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თოქ-მასტერ დომიანესთან. მას აქვს ღამის თოქ-შოუ „დომიანე“. მაინტერესებდა, გადაცემის მომზადების სტრუქტურა. მან მიმიწვია, მესაუბრა და ერთი კვირის განმავლობაში კარგი პრაქტიკა გავიარე. იქაურები სერიოზულად დამეხმარნენ. სატელეფონო ჩართვებისთვის ისეთ რამეებში გამარკვიეს, რაც მაყურებელმა არ უნდა იცოდეს, რადგან ეს მან, შესაძლოა, ცუდად გამოიყენოს. ამ მხრივ ჩვენ პრეს-სელექციით ვმუშაობთ, ანუ მაყურებელი პირდაპირ ვერ ხვდება ეთერში. ვიყენებთ ხუთარხიან ტელეფონს, ხოლო ჩვენი შერჩევის პრინციპი პროფესიული საიდუმლოა.
– ორიგინალური დეკორაციის იდეა ვისია?
– ჩვენი დეკორაციის ავტორია გოგალი ჩხეტია. იდეაში უნდა ყოფილიყო ინტიმური ატმოსფერო, ემბიენტი, კეთილი განწყობა – კარლსონი, რომელიც მარტოა სახურავზე, თანაც სახურავი გახსნილია. დიდი მნიშვნელობა აქვს კადრს,– როდესაც ზემოთ ვიყურები, ჩვენი მაყურებელი უფრო მაღლაა, ვიდრე წამყვანი და ა.შ. „კომუნიკატორის“ ეთერში გასვლის პირველივე დღიდან არსებობდა „ჯეოპოპის“ იდეაც. ჩვენ ახლა 3-4 გადაცემის იდეა გვაქვს, რომელსაც მომავალში „კომუნიკატორის“ სახით წარმოვაჩენთ. 6 თვის შემდეგ მივხვდით, რომ გვჭირდებოდა ფინანსური დამოუკიდებლობა. გამოჩნდა „ჯეოსელი“, რომელმაც გარისკა, რადგან ხანგრძლივი ხელშეკრულება ძალიან რთული გადასაწყვეტი იყო ჯერ გამოუცდელ გადაცემასთან.
– „ჯეოსელთან“ ურთიერთობამ მოგვცა საშუალება, დაგვეწყო ახალი გადაცემა „ჯეოპოპი“, როგორც გამოყოფილი ერთეული. „ჯეოსელის Top 20“ არის „ჯეოპოპის“ რუბრიკა, მაგრამ ეს ცალკე ერთეულია. მხოლოდ ჩვენ წარვადგენთ საქართველოს ოფიციალურ ჩარტს. როდესაც მისი კეთება დავიწყეთ, დავუკავშირდით ამ სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს, სადაც დგება ევროპისა და მსოფლიოს ჩარტები, რომელშიც უკვე ძალიან მიზერული წილით (ალბათ, სადღაც 0.001%-ით) შედის ჩვენი ოცეულიც.
ჩვენი მკაცრი მოთხოვნების თანახმად, ინფორმაცია უნდა შეგროვებულიყო გარკვეული პრინციპებით, ამიტომ თანამშრომლობა დავიწყეთ „გორბისთან“, რომელმაც მოგვიმზადა სპეციალური პროგრამა. ჩვენ, ჯერჯერობით, ვაკეთებთ თბილისში არსებული რადიოსადგურების მონიტორინგს. ვიღებთ საშუალო სტატისტიკურ მონაცემებს, ანუ ვითვლით, რადიოებში კვირის განმავლობაში რა სიმღერა რამდენჯერ დატრიალდა. ამჟამად „ჯეოსელის TOP 20“ ყველაზე რეალური ჰიტ-პარადია საქართველოში. უფრო რეალური იქნებოდა გაყიდვების ჰიტ-პარადი, მაგრამ ჩვენთან გაყიდვა არაა ცენტრალიზებული. ყოველ შემთხვევაში, ვინმეს რომ ჩვენთან შემოსვლა მოუნდეს, ჩვენ გვეცოდინება, რა შევთავაზოთ საქართველოს ბაზარზე, ანუ ვინ არის პოპულარული.
ამ ჩარტში კიდევ ერთი საინტერესო რამ გამოჩნდა. ჩვენ დავინახეთ, რომ ქართული პოპ-მუსიკა სერიოზულ კონკურენციას უწევს დასავლურს. ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ სამხრეთული ქვეყნების ტრადიციას მივყვებით. ეს მართლაც კარგი ტენდენციაა. ხშირად გვეკითხებიან: რატომ მოხვდა ჰიტ-პარადში ესა თუ ის სიმღერაო. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ასე ჩვენ გვინდა, არამედ ის აგებულია მსმენელთა სურვილებზე. რადიოსადგურმა კი შეიძლება მოიტყუოს, როდესაც რომელიმე სიმღერას თვითნებურად ჩარტში წინ დააყენებს.
– ჩვენ მივხვდით, რომ ამ ეტაპზე ამას თავი არ უნდა დავანებოთ, რადგან დიდი აჟიოტაჟი გამოვიწვიეთ. 100-ზე მეტი ადამიანი დავასაქმეთ და ახლა გაჩერება უკვე მორალთან დაკავშირებული პრობლემა იქნება. ჩვენ ამას არ მოვეშვებით მანამ, სანამ სამთავრობო სტრუქტურები თავს არ მოიფხანენ. გავიგეთ, რაღაც კრიტიკული შენიშვნები ყოფილა სამთავრობო სხდომებზე ამ სტრუქტურების მიმართ, ანუ ეუბნებიან, – ისინი ახერხებენ 100 სამუშაო ადგილის მოძებნას და თქვენ რატომ ვერ პოულობთ, მაგისთვის ხომ ფულსაც იღებთო.
– სერგი, ჩემთვის ცნობილია, რომ ამზადებთ პარლამენტში წარსადგენ კანონპროექტს საავტორო უფლებების დაცვის შესახებ. დღეს რა ხდება?
– ეს პროექტი დაახლოებით ორი წელია არსებობს. მე ვარ საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე. როგორც კი მასზე მუშაობა დაიწყო, ჩვენ დავუკავშირდით ამ სფეროს საერთაშორისო ორგანიზაციებს. ამ ცნებაში მარტო აკრძალვა არ იგულისხმება. ჩვენს ასოციაციას ბევრი წევრი ჰყავს: იურისტები, მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები.
ჩვენი პროგრამა-მინიმუმია, დავიწყოთ საავტორო ჰონორარების აკრეფა სამაუწყებლო კომპანიებისგან. მეკობრეობასთან ბრძოლა შემდეგი ეტაპი იქნება. ვფიქრობ, ყვირილი – არ იყიდოთ მეკობრული ჩანაწერები! – უაზრობაა, რადგან მოსახლეობას არა აქვს ორიგინალი ჩანაწერების შეძენის ფული. ამიტომ სისტემა უნდა გამოიცვალოს. ესპანეთში მიხვდნენ, რომ მეკობრეებთან ბრძოლაში დიდი თანხა იხარჯებოდა და ისინი კი მაინც არსებობენ. საუბარი მქონდა აზერბაიჯანელ კოლეგებთან. იქ საავტორო ჰონორარების სახით წელიწადში ხუთ მილიონ დოლარამდე იკრიბება. მუსიკოსებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.
ნებისმიერ მუსიკოსს შეუძლია ჩვენი ასოციაციის წევრი გახდეს. ადამიანს, რომელსაც საკუთარი მუსიკა ნებისმიერ მატარებელზე აქვს გადატანილი, ქართული კანონის თანახმად, ავტომატურად ხდება მისი უფლებების დაცვა. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია უფრო პროფკავშირს ჰგავს, სადაც გაერთიანებულნი არიან მუსიკოსები. მთავარია, მუსიკოსმა წარმოადგინოს პარტიტურა. ამ ეტაპზე ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი წევრი გვყავდეს, რათა შევძლოთ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ინტერესების დაცვა. მუსიკოსი ვერავის აუკრძალავს, რომ მისი მუსიკა ბაზრობებზე ან პარკებში არ დაუკრან.
– სერგი, საკუთარი მუსიკალური წარსულიდან გამომდინარე, თუ ამზადებ რაიმე ახალს?
– არსებობს ერთი პროექტი „ბიბი და სერგი“, რომელსაც მსმენელი იცნობს და გაზაფხულისთვის გამოვუშვებთ ალბომს, რომელშიც იქნება პოპ-ორიენტირებული მუსიკა. მეორე პროექტი კომპიუტერთან თამაშ-თამაშში გამომივიდა. იგი მარტო ინტერნეტში არსებობს და ჰქვია SirG. ნებისმიერს, ვისაც აქვს ინტერნეტის საშუალება, შეუძლია შევიდეს და მოუსმინოს ჩემს არაკომერციულ პროექტს ამ მისამართზე: http://www.mp3.com/SiG.
სხვათა შორის, უახლოეს მომავალში დაგეგმილია „კომუნიკატორის“ ინტეგრაცია ინტერნეტში, რადგან ჩვენ ბევრი მაყურებელი გვყავს უცხოეთში. კვირაში ერთხელ ვეკონტაქტებით ჩვენს აბონენტებს და კარგი იქნება, მაყურებელი თუ საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც გამოგვიგზავნის თავის წინადადებებს, თემას გადაცემებისთვის და რაიმე იდეას შემდეგ მისამართზე: komunikatori@gmx.net, ან დაგვირეკავს ტელეფონზე: 33-45-23. სხვათა შორის, ჩვენი ერთ-ერთი გადაცემისთვის გვესაჭიროება რეგიონალურ ტელეკომპანიებში გადაღებული გონებამახვილური სარეკლამო რგოლები, ამიტომ თხოვნა გვაქვს ადგილობრივ ტელევიზიებთან, დაგვიკავშირდნენ ჩვენს ტელეფონზე, რომელზეც დაყენებულია ავტომოპასუხეც.
– სერგი, რაიმე საყვედურები ხომ არ ყოფილა „ზემოდან“ თქვენს მიმართ?
– არანაირი, რადგან იციან, რომ როგორც კი მოგვეკარებიან, ერთი სული გვაქვს, რომ ეს მეორე დღეს ეთერში ვთქვათ. ამიტომ ფრთხილად არიან. მე ვიტყოდი, რომ ჩვენ არ გვეხება ცენზურა. არსებობს ერთი ტერმინი – „ჟურნალისტური ეთიკა“ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცენზორი. რა თქმა უნდა, ჩვენც ვუშვებთ შეცდომებს, ცოტა გადამეტებულად გამოგვდის ხოლმე რაღაცები.
გამოქვეყნდა 2001 წლის 17 თებერვალს, ჟურნალ „ვარსკვლავებში“


No comments:
Post a Comment