Wednesday, February 14, 2001

მაცაცო სებისკვერაძე – ძნელია გახდე საყვარელი კომპოზიტორი

ჭეშმარიტად სახალხო კომპოზიტორს, მრავალი ტკბილხმოვანი ქართული სიმღერის ავტორს, ქალბატონ რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძეს მკითხველთა წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ქ-ნი მაცაცო ცდილობს, ხშირად არ მოხვდეს ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე, რადგან მიაჩნია, რომ პიროვნების ხშირი რეკლამირება ამ ხელოვანს, მის შემოქმედებას მოსაბეზრებელს ხდის, რაშიც მე პირადად არ ვეთანხმები, რადგან ჩვენი მომავალი თაობა უნდა იცნობდეს იმ კომპოზიტორს, რომლის სიმღერებსაც ღიღინებს დიდი თუ პატარა. რუსუდან სებისკვერაძესთან ეს საუბარი ჩავწერე ერთ ჩვეულებრივ უშუქო დღეს კომპოზიტორის ბინაში, სწორედ იმ როიალთან, სადაც ქ-ნ მაცაცოს მისი აურაცხელი ლამაზი სიმღერა შეუთხზავს.

* * *

რუსუდან სებისკვერაძე: – წარმოშობით ზესტაფონელი, იმერელი გახლავართ და უზომოდ შეყვარებული ვარ იმერეთზე. თუ ხელში ჩამივარდება ლექსი იმერეთზე, მომეწონა და გულზე მოხვდა, არ არსებობს, აუმღერებელი დავტოვო. გულს მეფონება ხოლმე, როდესაც ქუჩაში იმერულ აქცენტს გავიგონებ. 


თბილისში ნიჭიერთა ათწლედი (მუსიკალური სკოლა) და კონსერვატორია დავამთავრე. ამ უკანასკნელში სწავლის დროს დავიწყე სიმღერების წერა. უკვე 35 წელია სიმღერებს ვწერ. ჩემი მეუღლე – ედუარდ გერსამია ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორია. მყავს ორი შვილი: დათო ტელევიზიაში მუშაობს, მარიკა კი ჟურნალისტია, ახლა ასპირანტურაში სწავლობს. მარიკასგან მყავს შვილიშვილი, პატარა ლიზიკო, რომელიც ძალიან მაგიჟებს და როგორც ყველა, მეც ასევე დაფეთებული ბებია ვარ. ვცხოვრობ მოკრძალებულად, გადამეტებული რაღაცების გარეშე.

– ქ-ნო რუსუდან, ასეთ გაჭირვებულ ქვეყანასა და ყოფაში როგორ ახერხებთ ასეთი ლამაზი სიმღერების შექმნას?

(იცინის) ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს? მაგრამ ამაზე უარესიც რომ იყოს, ალბათ, ყველა ადამიანმა თავისი საკეთებელი მაინც უნდა აკეთოს. ჩვენ კარგ პირობებში დაბადებულ კარგ იდეებს ვერ დაველოდებით. ძალიან იშვიათად, ვინმეს რაიმე კარგ გარემოში შეექმნას.

– ე.ი. გასაჭირი დადებითად მოქმედებს?

– არა, დადებითად არ მოქმედებს. ადრე ზამთრის განმავლობაში სულ როიალთან ვიჯექი ხოლმე. ახლა ყველა ოთახს ვეღარ ვათბობთ და ინსტრუმენტთან ნაკლებ დროს ვატარებ. ქართველები ძალიან გამძლე ხალხი გამოვდექით. ადრე მაღიზიანებდა, რომ ამბობდნენ, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართო. რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ მართლა გადასარევი ხალხი ვართ: ამტანები, დათმობები, მომთმენები. არ ვკვდებით მტრების ჯინაზე, ჩვენს გასაკეთებელს მაინც ვაკეთებთ.

– აქედან გამომდინარე, თავს ბედნიერად თუ გრძნობთ?

– ბედნიერება ხომ ფუფუნება არაა? ბედნიერებაა სიყვარული და შვილები. სიყვარული არ მაკლია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ და ეს მაკეთებინებს ყველაფერს, თორემ პირობები როდის გაუმჯობესდება, რა ვიცით? არც შვილები მყავს ისეთი, მშობლებს პრობლემებს რომ უქმნიან. ორივენი ჭკვიანები და წესიერები არიან. ბედნიერება იქნება, ჩვენი ქვეყანა უფრო დაწყნარებული, მშვიდი და უკეთეს პირობებში იყოს, რათა მეტის გაკეთება შევძლოთ.

– ქ-ნო რუსუდან, როგორ წერთ სიმღერებს, ლექსიდან მოდის მელოდიის მოტივი თუ მელოდიას არგებთ ლექსს?

– ამაზე ხშირად კამათობენ. ყველას თავისი მეთოდი აქვს. მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ტექსტს, რადგან სიმღერა ხომ მარტო მუსიკა არაა? თუ მარტო მუსიკის შექმნა გსურს, მაშინ დაწერე ინსტრუმენტული. თუკი სიმღერას წერ და ე.ი. „პესენნიკი“ (სიმღერების ავტორი – ლ.გ.) ხარ, ლექსი ისეთივე ფასეული უნდა იყოს, როგორც მელოდია. ლექსმა უნდა მოგცეს მელოდიის შექმნის საშუალება. 


დღეს დაწერილ სიმღერათა უმრავლესობაში იყენებენ ძირითადად უცხოურიდან გადმოღებულ რაღაც მელოდიას, რომელშიც რითმაც კი იმ უცხოურ ენაზეა მისადაგებული. ქართულ მეტყველებას და ქართულ სიტყვას სხვანაირი მუსიკალურობა და რითმა აქვს. დღეს უზღვავი ინფორმაცია შემოდის ჩვენში, რაც თავისებურ გავლენას ახდენს ყველაზე. ამ სიმღერათა ტექსტებში ასე მგონია, სულ ერთი და იგივე სიტყვები ტრიალებს: „სიზმარში“, „წვიმაში“, „მენატრები“, „მიყვარხარ“, „მოდი ჩემთან“, „მე მოვალ შენთან“ და მორჩა. რაღაც განსხვავებული თემატიკა ხომ უნდა იყოს? თანაც, ამ სიტყვებზე ქართული მეტყველების წესებიც დარღვეულია. 

ჭეშმარიტმა კომპოზიტორმა და მომღერალმა უნდა იცოდეს აბსოლუტურად ყველა სიტყვა როგორ უნდა იმღერებოდეს. ახლა ყველა იბრალებს, რომ სიმღერებს წერს, მაგრამ ვერ არიან კარგი ავტორები, რადგან ისინი ან უცხოურის კოპირებას აკეთებენ, ან რაღაცის გავლენით წერენ. პოეტებიც 200 დაწერილ ლექსში მხოლოდ 10-12 სიტყვას იყენებენ. ქართულ მეტყველებაში აქცენტი ყოველთვის პირველ მარცვალზე კეთდება, ახალ სიმღერებში კი არასწორი აქცენტებია დასმული. ჩვენი მომღერლები ასეთი მახვილების დასმაში ვარჯიშობენ, რათა მერე ვინმემ მათზე არ თქვას, რუსული ან ინგლისური არ იციან და ისე მღერიანო. რუსებს და ინგლისელებს ენას არ უფუჭებთ და ქართულს რაღას ერჩით თქვე დალოცვილებო?!

თუ სიმღერების ავტორი ხარ, ლექსს როგორც კითხულობ, მუსიკალურადაც ის აქცენტირება უნდა გაუკეთო. ეს აქცენტი მე მიბიძგებს, თუ საით უნდა წავიყვანო მელოდია. ჩვენში იყვნენ ისეთი ბუმბერაზი პოეტები – პეტრე გრუზინსკი, მორის ფოცხიშვილი და სხვები, რომლებიც არგებდნენ ლექსს მუსიკას, ისინი სიმღერებზე კომპოზიტორთან ერთად მუშაობდნენ. ეს ყველაფერი დღეს დარღვეულია და საქმეც ფუჭდება. ახალგაზრდები თუ ამ სიმღერებს მიეჩვევიან და მათზე გაიზრდებიან, რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ ქართული სიმღერის გამგრძელებელი აღარ გვეყოლება და დაიკარგება ის, რაც ჩვენს სიმღერას გამოარჩევს სხვა ქვეყნის სიმღერებისგან. ქართული სიმღერის ფენომენი თავისი ხიბლითა და მელოდიზმით აბსოლუტურად გამორჩეულია.

– თქვენი სიმღერები თავიდანვე განკუთვნილია თუ არა რომელიმე შემსრულებლისთვის?


– დიახ, თავიდანვე ვირჩევ შემსრულებელს. თუკი ლექსი მომეწონა და მასში საკუთარი სათქმელი დავინახე, სიმღერის წერას ვიწყებ. მერე როიალთან ვფიქრობ, მას რომელი მომღერლის ხმა მოუხდება. ჩემთვის დიდი კომპლიმენტია, როდესაც მეუბნებიან, შენი სიმღერები შენ გგავსო. შესაძლოა მომღერალმა ძალიან კარგი სიმღერა იმღეროს, მაგრამ არ გამახსოვრდება, რადგან, ალბათ, მისი სათქმელი არ იყო. როცა კომპოზიტორი ცდილობს, მელოდია მომღერლის ხმას, გარეგნობას, ინტელექტსაც მოარგოს, უკვე შეთანხმებული სიმღერა გამოდის. ხშირად მეუბნებიან, რომ ძალიან მოუხდა შენი სიმღერა ამა თუ იმ მომღერალსო. როდესაც ვჯდები და ვწერ, უკვე ვიცი, ვინ უნდა იმღეროს.

– თქვენ ახსენეთ ინსტრუმენტული მუსიკა. თუ გაქვთ ინსტრუმენტული ნაწარმოებები?

– საერთოდ, ვარ პიანისტი. ვწერ პატარა საფორტეპიანო პიესებს, მაგრამ ამას ფართოდ არ ვაშუქებ. მე იმის ნიჭი მაქვს, რომ ძალიან კარგად ვიცი, რაც შემიძლია.

– თქვენს მუსიკას, ჩემი აზრით, პატარა კამერული ნაწარმოებიც მოუხდებოდა.

– კი, იჟღერებდა, მაგრამ, ცუდად არ გამიგოთ არც თქვენ და არც მკითხველმა, კარგად შემიძლია სიმღერების წერა და ამ საქმეში მაგარი ვარ.

– თქვენი აზრით, თუ არსებობს ჩვენს ქვეყანაში შოუბიზნესი და თქვენ პირადად თუ გრძნობთ ამას?

– ჩემი აზრით, შოუბიზნესი ხელოვანი ხალხისთვის უნდა არსებობდეს. შოუ არის ჩვენი საქმე, ბიზნესი – ვიღაცის. ორივე რომ ჩვენი იყოს, მაშინ მოგეცა ლხენა, კარგი იქნებოდა (იცინის). რას ჰგავს ეს? ასე გამათხოვრებული ხელოვანი ხალხი არასოდეს ყოფილა. ჭეშმარიტმა მომღერალმა უნდა შეძლოს ცოცხლად სიმღერა და ერთი ცოცხალი კონცერტის შემდეგ მთელი წლის სარჩოს შოვნა. რამდენჯერ გამიგია მომღერლისგან, რომ კონცერტზე გამომიყვანეს, მაგრამ იქ მისასვლელი ტრანსპორტის ფული არ მქონდაო. რაღას თხოვ მერე იმას, რომ პლუს ფონოგრამაზე არ გიმღეროს და მოემზადოს?! ამ ფონოგრამის ჩაწერაც მას უამრავი თანხა უჯდება და შენ მერე ან 50 ლარს მისცემ ერთ კონცერტში, ან სულაც არაფერს. თუ მომღერალს პირობებს შეუქმნი, ის წელიწადში ერთხელ მაინც ჩაატარებს ცოცხალ კონცერტს. ახლა ქაოსია. რა პლიუსზე და მინუსზე უნდა ვილაპარაკოთ?

– საინტერესოა, რომელი ქართველი კომპოზიტორი მოსწონს კომპოზიტორ რუსუდან სებისკვერაძეს?


– ჩემი კერპია რეზო ლაღიძე. ბ-ნი რეზოს თანამშრომელი ვიყავი და შვილივით მექცეოდა დიდი სიყვარულით. მან მითხრა: „შვილო, მაცაცო, დაიმახსოვრე – სიმღერას მელოდია სჭირდება. შენ როგორც წერ, ეგრე წერე, შვილო. ზოგი რომ ფოკუსნიკურ სიმღერებს წერს, იქით არ გაიხედო, ეგრე წერე, შვილო“. ეს სიტყვები მე იმ დღიდანვე შევისისხლხორცე და ეგრე ვწერ, ბატონო რეზო, როგორც თქვენ მითხარით. სიმღერას სჭირდება მელოდია – ეს ბატონი რეზოს ნათქვამია, ვისიც მე მჯეროდა. დღეს არიან კომპოზიტორები, რომლებიც ნამდვილ, ჭეშმარიტ მუსიკას ემსახურებიან. ესენი არიან ბატონები: ბიძინა კვერნაძე, ვაჟა აზარაშვილი, ჯანსუღ კახიძე, გია ყანჩელი. სასიმღერო ჟანრში ქალებიც კარგად მოღვაწეობენ: ნუნუ გაბუნია, ნუნუ დუღაშვილი, მარიკა კვალიაშვილი და სხვები.

– ჩვენი თანამედროვე მუსიკოსებიდან, რომელთაც დღეს ბევრი თინეიჯერი უსმენს, თუ მოგწონთ ვინმე?

– არავინ, ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამო, ანუ ქართულად არ მღერიან! ისე კი ბევრი საინტერესო ახალგაზრდა მოდის. იგრძნობა, რომ ისინი კარგად მღერიან. თუ ქართულად იმღერებენ, გადასარევები იქნებიან. ახალ თაობაში გვყავს კარგი მომღერლები. ქალებიდან გამოვყოფ ეკა მამალაძეს, მაია ჯაბუას, თამრიკო ჭოხონელიძეს, ნუკრი კაპანაძეს, ნატო მეტონიძეს, ლიზიკო ბაგრატიონს და სხვებს. ბიჭებიდან, ვინც ესტრადაზე არიან, მომწონს მერაბ სეფაშვილი და თემურ თათარაშვილი. აგრეთვე შეთვალიერებული მყავს რამდენიმე დამწყებიც, შემდეგ თუ არ გაფუჭდნენ. კარგი ბავშვია სოფიკო ნიჟარაძე, აგრეთვე სალომე სააკაძე.

– ქ-ნო რუსუდან, გახსოვთ ალბათ, გასულ საუკუნეში დასავლეთში გაჩნდა ისეთი მუსიკალური მიმდინარეობა როკის სახით, რომლის ერთ-ერთი ფუნქციაც იყო სოციალური პრობლემების წინ წამოწევა და, საერთოდ, პროტესტის ასახვა სიმღერებში. თქვენი აზრით, ასეთი შინაარსის მუსიკა შესაძლოა თუ არა, მივიჩნიოთ ხელოვნებად?


– საერთოდ, ასეთი რამ ყოველთვის ხდებოდა. სოციალურ პრობლემებზე მარტო სიმღერები კი არა, სიმფონიები, ოპერებიც იწერებოდა. რაღაც გარკვეული მოვლენა გავლენას ახდენს შენს შემოქმედებაზე და შენც შენებურ გამოძახილს აკეთებ. გააჩნია, ვინ როგორ გამოხატავს.

– ზოგი ხმაურიანად გამოხატავს, მათ შორის ჩვენი მუსიკოსებიც.

– მე პირადად არა ვარ ხმაურიანი ქალი (იცინის) და ზედმეტი ხმაური არაფერში მიყვარს. ისე კი, შენი სათქმელი ყველანაირად შეიძლება ითქვას. მე პირადად კივილ-წივილი არ მომწონს, სათქმელი წყნარადაც შეიძლება ითქვას. უბრალოდ, შენი ფორმა უნდა მოძებნო.

– თქვენს ოჯახში თუ გრძელდება მუსიკალური ტრადიცია?

– ჩემი შვილები მუსიკალურები არიან. ჩემი დათუნა ბავშვობიდან მღერის. გადასარევი სკოლა გაიარა ანზორ ერქომაიშვილის „მართვეში“ 10 წლის განმავლობაში. მერე გია ყანჩელის ოპერაში იმღერა ზურაბ ანჯაფარიძესთან ერთად. ყველა კარგი ოპერა ზეპირად იცის, კარგად იცნობს ქართულ ესტრადასაც. ტელევიზიისთვის იღებს კონცერტებს, – მუშაობს ტელერეჟისორად. ახალგაზრდული ხედვით უდგება ჩემს ნაწარმოებებს. ისეთ დროულ დეტალს მანიშნებს, რომელიც ჩემს სტილს, ხასიათს არ აფუჭებს და ამ დროს აუცილებელია. ჩემი დათუნა ჩემი მარჯვენა ხელია.

– ქ-ნო რუსუდან, თქვენივე ნიჭის წყალობით, ძალიან პოპულარული და აღიარებული, ხალხის საყვარელი კომპოზიტორი ბრძანდებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს სახალხო სიყვარული თქვენი მუხლჩაუხრელი შრომის ნაყოფიცაა. რა შეგიძლიათ ურჩიოთ დამწყებ მუსიკოსებს?

– არ მიყვარს საუბარი, რომ პოპულარული ვარ. თუ ხალხს ვუყვარვარ, ამის დიპლომატია იმაში მდგომარეობს, რომ არა ვარ ამბიციური. მე დამწყებებსაც და ძველებსაც ერთნაირი სიყვარულით და თავმდაბლურად ვხვდები. საქართველო არის ნიჭიერი ხალხის ბუდე. შენ თუ იმას ხედავ, რომ ვიღაცას უყვარხარ და კარგად გხვდება, თავი დახარე და ღმერთს მადლობა უთხარი, რომ სიყვარულით გხვდებიან. 

ძალიან ძნელია, გახდე საყვარელი კომპოზიტორი, საყვარელი მომღერალი, საყვარელი პოეტი, საყვარელი მხატვარი, საყვარელი რეჟისორი, საყვარელი მსახიობი და, საერთოდ, ისეთი ვინმე, სიტყვა „საყვარელი“ რომ ახლავს წინ. შეიძლება გახდე კომპოზიტორი, მაგრამ საყვარელი კომპოზიტორობა ჰაერიდან არ მოდის. ეს მოდის შენი დიდი შრომით, ადამიანობით, თავმდაბლობით, სიყვარულით. როგორც კი დაიჯერებ, რომ შენ რაღაცას წარმოადგენ, იმ დღესვე იმარხები. მე რომ დავიჯერო, რომ კარგი კომპოზიტორი ვარ, უკვე დამარხული ვიქნები. თუკი ჩემი სიმღერა შენ მოგეწონა, ხვალ ისეთი უნდა დავწერო, რომ ისიც მოგეწონოს და კვლავ სიყვარულით შეგხვდე. მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, კომპოზიტორი. თუ შენთვის საყვარელი ვარ, თავი ბედნიერად უნდა ჩავთვალო და ღმერთს მადლობა შევწირო.

– რომელია თქვენი საყვარელი ტელეგადაცემა?

– „ალიონი“.

– ქ-ნო რუსუდან, რას უსურვებთ ჟურნალ „ვარსკვლავებს“?

– დღევანდელ დროში ყველა ადამიანის სურვილები იქიდან იწყება, რომ ღმერთმა ქნას, ჩვენი ყოფა გამოასწოროს. ცხოვრების წესი ისე შეგვეცვალოს, როგორც ჩვენ გვეკადრება.

დასასრულს ქ-ნმა მაცაცომ თავისი სურვილები ჩვენი ჟურნალის მიმართ ფურცელზე ჩამოწერა.


გამოქვეყნდა 2001 წლის 14 თებერვალს, ჟურნალ „ვარსკვლავებში“

No comments:

Post a Comment