Wednesday, June 9, 2010

ბითლზები და როლინგები (ნაწილი I)


© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე
















ლაშა: – „ბითლზი“ და „როლინგ სთოუნზი“ – ორი ლეგენდარული ჯგუფია. რა უნდა ვთქვათ, ამ ჯგუფებზე ისეთი, რომ ვინმე გავაკვირვოთ? ჩვენი საუბარი არ იქნება სენსაციური, შევეცდებით დღევანდელი გადასახედიდან შევაფასოთ მათი შემოქმედება.

გაგა: – 1962 წლის მუსიკალური სტატისტიკა გავიხსენოთ, როდესაც ამერიკულ „ცხელ ასეულში“ მხოლოდ 2 სიმღერა იყო ინგლისური წარმოშობის. 1964 წელს ბალანსი რადიკალურად შეიცვალა და 68 ამერიკულ სიმღერასთან ერთად ჩარტებში უკვე 32 ინგლისური ჰიტი აღმოჩნდა. ეს ციფრები აღნიშნავდა, რომ სამყაროში მუსიკალური გემოვნებების გადაფასება დაიწყო და ამერიკულ ერთპიროვნულ ბატონობას წერტილი დაესვა. ამ ყველაფრის შემოქმედი ორი ფენომენია, რომელთაც ჩვენ და მთელი გალაქტიკა The Beatles და The Rolling Stones ვუწოდებთ. და ეს ყველაზე მცირე რამაა, რაც ამ ჯგუფებმა გააკეთეს.

ლაშა: – დიახ, ამ ორმა ჯგუფმა თავდაყირა დააყენა მთელი სამყარო და მათ ძლიერ შეცვალეს კულტურაც, აზროვნებაც. უზარმაზარი გავლენა იქონიეს თანამედროვე მუსიკის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე, – როკში, პოპში, მეტალში, პანკში და ა.შ. მათ შემოქმედებაში ნებსით თუ უნებლიეთ, თითქოს ყველაფერმა მოიყარა თავი.

გაგა: – ინფორმაციის სრული ვაკუუმის გამო ჩვენს ქვეყანაში მათ შესახებ უამრავი მითი არსებობდა და განსაკუთრებით პოპულარული იყო ლეგენდა „ბიტლების და როლინგების მუდმივი მტრობის“ შესახებ. როგორც აღმოჩნდა, ამ ხმებს ასე თუ ისე, საფუძველი გააჩნდა.

თუმცა ალბათ ბევრისთვის საინტერესო იქნება, რომ არანაირი მტრობა არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, რადგან ამ ორი სუპერბენდის წევრები ერთმანეთთან მეგობრობდნენ. მათი მტრობის შესახებ შეთხზული ისტორიები კი მხოლოდ და მხოლოდ პრესის დამსახურება იყო.

ლაშა: – მართალი ხარ. ორივე ბენდის კარიერის დასაწყისში ჟურნალისტები განსაკუთრებული წარმატებით ახერხებდნენ ხალხის შეცდომაში შეყვანას – თითქოს, ამ ორ ჯგუფს ერთმანეთთან არასახარბიელო დამოკიდებულება ჰქონდა. 60-იანი წლების მასმედიაში კარგ ტონად თუ მოდად მიიჩნეოდა ერთი უცნაური რამ – ჟურნალისტები რამდენადაც აქებდნენ და ადიდებდნენ ბითლზებს, იმდენად აძაგებდნენ და ირონიულად ახასიათებდნენ როლინგებს. სანამ ბითლზი არსებობდა, ეს პრობლემა მუდამ იყო. ბითლზის ნებისმიერ „დანაშაულს“ პრესა ენისმოჩლექით, „ვაიმე, ლა ცაკალელები ალიან“-ის პრინციპით ამართლებდა. აი, სთოუნზები კი თუ ოდნავ მაინც ნორმიდან გადახრილად წარმოადგენდნენ საკუთარ თავს, მედია ეგრევე ერთ ამბავს ატეხდა – „ხედავთ, რა გააკეთეს ამ საზიზღრებმა!“

გაგა: – რეტროგრადმა მასმედიამ შექმნა მითი The Beatles vs The Rolling Stones. თუმცა, საბედნიეროდ, სულ სხვა სიმართლე არსებობდა, – ამ ორი ჯგუფის ბიჭებს მთელი კარიერის განმავლობაში ერთმანეთთან ბრწყინვალე, არაჩვეულებრივი, მეგობრული, თითქმის ძმაკაცური ურთიერთობა ჰქონდათ. ეს ხდებოდა მაშინაც, სანამ ბითლზი ზენიტში იყო და გაგრძელდა მისი დაშლის შემდეგაც. ბოლოს და ბოლოს, გავიხსენოთ, რომ კარიერის დასაწყისში ბითლზებმა როლინგებს სიმღერა I Wanna Be Your Man აჩუქეს, რომელსაც ორიგინალში რინგო მღეროდა. სიმღერამ სთოუნზებს საოცარი პოპულარობა მოუტანა. ეს „ძმური დახმარების“ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ფაქტი იყო, რომელიც, სხვათა შორის, იმ მომენტში ჯაგერს და კომპანიას ძალიან სჭირდებოდათ.

ლაშა: – აი, ახლა კი გავიხსენოთ ჩვენი წინა საუბარი ბიტნიკებზე და მათ მიერ წინ წამოწეული ანტიგმირის ფენომენი. ასეთ ჭრილში თუ განვიხილავთ ამ ორ ჯგუფს, აღმოვაჩენთ, რომ ბითლზის წევრები რაღაც პერიოდამდე ნამდვილი გმირები იყვნენ, ხოლო სთოუნზის ბიჭები ანტიგმირის განსახიერებას წარმოადგენდნენ. შესაბამისად, ბიტლზები ხალხისა და პრესის საყვარელი მუსიკოსები იყვნენ, რომელთა მისამართითაც არავინ იშურებდა კნინობით სიტყვებს. როლინგები კი იმ ეპოქის „ცუდი ბიჭების“, ანტიგმირების ერთგვარ ეტალონადაც კი იქცნენ, რომლებიც, მართალია თავისებურად, მაგრამ მაინც უყვარდათ. მაგრამ ბიჭებს მოფერებით არავინ მიმართავდა. თუმცა მოგვიანებით, ბითლზის დაშლის შემდეგ, ჯონ ლენონმაც ანტიგმირის მანტია მშვენივრად მოირგო.

გაგა: – შენს მოსაზრებას იმ პერიოდის ბრიტანული მედიის ციტატებით გავამყარებ. ყველამ კარგად იცის თუ რა საკულტო მნიშვნელობა აქვს ბრიტანეთში ჩაის სმის რიტუალს. ჰოდა, ერთ-ერთმა გაზეთმა გააკეთა გამოკითხვა – ჩაიზე რომელ ჯგუფს მიიწვევდით, ბითლზს თუ როლინგებსო? მკითხველის აბსოლუტურმა უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა ჩაიზე მხოლოდ ბითლზის წევრები მიეპატიჟებინა. აღმოჩნდა, რომ „როლინგ სთოუნზის“ წევრების შინაურ გარემოში ჩაიზე დაპატიჟება უმრავლესობას არ სურდა. საშუალო ბრიტანელი არც თავისი გოგონას გაშვებას აპირებდა თუნდაც კინოთეატრში როლინგების რომელიმე წევრთან ერთად. დიახ, ასეთი ტუტუცური გამოკითხვებიც არსებობდა, სადაც, რა თქმა უნდა, „ცაკალელი“ ლენონი, მაკარტნი, რინგო სტარი და ჰარისონი „იმარჯვებდნენ“.

ბითლზი, როგორც წესი, ქრონოლოგიურად ყოველთვის ოდნავ წინ უსწრებდა მოხულიგნო როლინგებს. არ ვიცი, ყელში ამოუვიდა თუ არა პუბლიკას კარგად დავარცხნილი ბითლზის ბიჭები, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ადამიანი ხშირად ეძებს მეორე მხარეს, – ანტიგმირს, ანტიპოდს და მოდი, ალალად ვთქვათ – საკუთარ თავსაც. ხოლო საკუთარი თავი მუდამ გამოწკეპილად და „ფუმფულად“, მგონი, არავის უნდა, რომ წარმოიდგინოს. და როლინგებმაც ადამიანების ცნობიერებაში ნელნელა თავისი ხმაურიანი ნიშის დაკავება დაიწყეს.

ლაშა: – ძალაუნებურად ამ ორი ჯგუფის სასცენო იმიჯების გახსენებაც მოგვიწევს, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავებული იყო. თუ ბითლზის ბიჭები კარგად დავარცხნილნი და სულ კოხტა კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილები, როლინგების წევრები მათი ანტიპოდები იყვნენ. ეს უკანასკნელები თითქმის ყოველთვის თავისუფალი ჩაცმის სტილს მისდევდნენ. ჩვენებურად რომ ვთქვათ, ისევე ეცვათ სცენაზე, როგორც ქუჩაში. ცოდვა გამხელილი სჯობს და უნდა ითქვას, რომ ლენონი მუდამ აპროტესტებდა მსგავს გარდერობს და წუწუნებდა ხოლმე, რომ სასცენო ტანისამოსი ბორკავდა.

გაგა: – ლენონი და დანარჩენი ბითლზები ბრაიან ეპსტაინს (ჯგუფის პროდიუსერი) ემორჩილებოდნენ და ხშირად ის წყვეტდა, რა უნდა ჩაეცვათ ბიჭებს. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც ლივერპულელები „ძველი ბიჭებივით“ ჯეიმსდინისეული ბაიკერის ტყავის ქურთუკებით და ჯინსებით გამოდიოდნენ სცენაზე.

ლაშა: – ერთხელ როლინგების მენეჯერმა ენდრიუ ოლდჰემმა, როგორც იქნა, მოახერხა ჯგუფის ცნობილ ტელეშოუ „გმადლობთ, ბედნიერო ვარსკვლავოში“ მოხვედრა, სადაც აკურატულად ჩაცმას მკაცრად ითხოვდნენ. არადა, ბიჭების ამ უპოპულარეს ტელეშოუში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათი სადებიუტო დისკის პირველი რეკლამა სწორედ იქ უნდა გაკეთებულიყო. ოლდჰემი სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდა ჯგუფის წევრებიდან, – ისინი არ აპირებდნენ გამოწკეპილად ჩაცმას. ბოლო-ბოლო პროდიუსერმა მაინც მოახერხა ბიჭების დაყოლიება და მათ კოხტა პიჯაკები ჩაიცვეს. თუმცა ამ საქციელს ტელემაყურებლებისგან მყისიერი უკმაყოფილო გამოძახილები მოჰყვა. ერთ-ერთმა მათ წერილიც კი გაუგზავნა, სადაც აღნიშნავდა, რომ ასეთ საძაგელ და საცოდავ ფორმაში ჯგუფის წევრები ცხოვრებაში არ ენახა.

ანტიგმირის იმიჯის ჩამოყალიბებაში თავისთავად პრესაც განსაკუთრებულ როლს თამაშობდა. მაგალითად, ჟურნალისტები როლინგების გიტარისტის ბრაიან ჯონსის გარდაცვალებაზე დაჟინებით აღნიშნავდნენ, რომ იგი ნარკოტიკების ზედმეტი დოზით დაიღუპა. არადა, თვითმკვლელობის ვერსიაც არსებობდა და, საერთოდ, თავის დროზე ჯონსის იდუმალი დაღუპვის საქმეში ბევრი საეჭვო გარემოება იკვეთებოდა. ბრაიანი, სთოუნზების ერთერთი ქარიზმატული მუსიკოსი, საკუთარი სახლის სააბაზანოში იპოვეს დამხრჩვალი. სხვათა შორის, ამ ტრაგედიით მიღებული სტრესის გამო, ბენდი კარგა ხანს დეპრესიული მდგომარეობიდან ვერ გამოვიდა.

გაგა: – ჯონსის დაღუპვის გამოძიების ბოლო, ახალი ვერსიით მტკიცდება, რომ იგი ნარკოტიკების ზედმეტი დოზის გამო არ დამხრჩვალა საკუთარ სააბაზანოში. გამოძიების ინფორმაციით, ბრაიანის სახლში რემონტი კეთდებოდა და ერთ-ერთმა ხელოსანმა არც ისე დიდი ხნის წინ აღიარა, რომ ბრაიანი სააბაზანოში დაახრჩვეს. ეშმაკმა უწყის, რა საშინელება დატრიალდა იმ დღეს ბრაიან ჯონსის სახლში, მაგრამ ამ ამბიდან რამდენიმე ათწლეულის გასვლის შემდეგ თითქოს ნათელი ეფინება ამ ტრაგიკულ ისტორიას.

სხვათა შორის, ენდრიუ ოლდჰემი ბითლზების პროდიუსერ ბრაიან ეპსტაინზე არანაკლებ „გაქნილი მელა“ იყო და კარგად გრძნობდა იმ ეპოქის საზოგადოების რიტმსა და მოთხოვნებს. მან ზუსტად განსაზღვრა, რომ საზოგადოება ანტიგმირებს ელოდა. თუ კარიერის დასაწყისში იგი როლინგების ბიჭებს კოხტა კოსტიუმების ჩაცმას სთხოვდა, დროთა განმავლობაში, თავისი მენეჯმენტი შეცვალა და მათ ამ მხრივ აბსოლუტური თავისუფლება მისცა. ამავე დროს, ყურადღება სწორედ უარყოფით ელემენტებზე გაამახვილა, რასაც ამ ჯგუფისგან მსმენელი ელოდა და რასაც თავის თავში ზუსტად ეს საზოგადოება ეძებდა. როლინგებს „ცუდი ბიჭების“ სასცენო იმიჯი პანკჯგუფებამდე ბევრად უფრო ადრე ჰქონდათ. Sex Pistols-ამდე კარგა ხნით ადრე როლინგებმა საზოგადოებრივი მორალი პირველებმა გამოიწვიეს დუელში. მეტიც, ჯაგერი, უაიმენი და ჯონსი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო გაასამართლეს და დიდი ჯარიმაც გადაახდევინეს. მათ, არც მეტი და არც ნაკლები, ბენზოგასამართი სადგურის კედელზე დემონსტრაციულად მოშარდეს. და ეს ყველაფერი მოხდა სად? სამოციანი წლების უკონსერვატიულეს ინგლისში.

ლაშა: – არ შეიძლება ორიოდე სიტყვა ამ ჯგუფების შემოქმედებაზეც არ ვთქვათ, რადგან მუსიკალური თვალსაზრისით, ბითლზი თუნდაც ჟანრობრივად ან სტილისტურად ბევრად უფრო მდიდარი იყო, ვიდრე როლინგები. თუმცა როლინგებს წარმოუდგენლად დიდი ენერგეტიკა ჰქონდათ და დღესაც ეს ჯგუფი ყველას სწორედ უშრეტი ენერგიით აოცებს.

ბითლზის სტილისტური მრავალფეროვნება და დახვეწილობა კი აშკარად თვალში საცემია. კარიერის დასაწყისში ბითლზი უფრო როკ-ენ-როლსა და ბიტს ასრულებდა, ხოლო სთოუნზს შავი ბლუზი და განსაკუთრებით რიტმ-ენდ-ბლუზი იტაცებდა. ჯგუფის სახელწოდებად მათ აირჩიეს ლეგენდარული ამერიკელი შავკანიანი ბლუზმენის მადი უოტერსის მიერ 1948 წელს დაწერილი სიმღერა Rollin' Stone.

გაგა: – ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ლონდონის ტრამვაიში მიკ ჯაგერი და კიტ რიჩარდსი ერთმანეთს შემთხვევით გადაეყარნენ, თუმცა შემთხვევით საერთოდ არაფერი ხდება. მიკი მაშინ ლონდონის ეკონომიკურ ინსტიტუტში, ხოლო კიტი სამხატვრო სასწავლებელში სწავლობდა. ტრამვაის შეხვედრამდე ისინი ერთმანეთს შორიდან იცნობდნენ. ორივეს ამერიკული მუსიკა უყვარდა და ასე დისკებით ხელდამშვენებულები წააწყდნენ ერთმანეთს. სწორედ მადი უოტერსის ფირფიტები გახდა მათი გამოლაპარაკების და დაახლოების მიზეზი. ტრამვაის ვაგონიდან მათი ჩამოსვლის შემდეგ იწყება „როლინგ სთოუნზის“ ისტორია.

ლაშა: – ჩვენი წერილის ერთ-ერთი მიზანი ალბათ ისიცაა, რომ ბევრი უაზრო და ცუდი მითი დავამსხვრიოთ, რაც ამ ჯგუფების ირგვლივ უსამართლოდ არსებობდა. ამავე დროს, მკითხველს შევთავაზოთ საკუთარ, ერთგვარ მითოლოგიურ ჭრილში დანახული ეს ორი კლასიკური მუსიკალური კოლექტივი. შესაძლოა ვინმეს მოეჩვენოს, რომ ჩვენი წერილის ეს ნაწილი უფრო „პროროლინგურია“, თუმცა ჩვენი თხრობის პირველ ნაწილში „როლინგური თემატიკის“ უფრო წინ წამოწევა მის უდიდებულესობა The Beatles-ზეც სალაპარაკოდ უფრო „დაგვეხმარება“. ის ეპოქა და პოპკრეატივი, რაც 60-იანი წლებში დომინირებდა და სამყაროს ცვლიდა, ამ ორი ბენდის „შედარებითი დახასიათებების“ გარეშე არ გამოვა. მათ ხომ პრინციპში თითქმის ერთნაირი და ერთმანეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვული გზები განვლეს.

გაგა: – აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ „როლინგ სთოუნზი“ დედაქალაქური ბენდი გახლავთ, ხოლო ბითლზი იმ პერიოდისთვის ერთ-ერთი პროვინციული საპორტო ლივერპულიდან იყო. საერთოდ, ხელოვნებაში და კულტურაში ყველაზე დიდი ცვლილებებისა და ბიძგის მომცემი პროვინცია იყო და არის და არა დიდი ქალაქები, მეგაპოლისები, სადაც ხელოვნება ერთგვარად ელიტური ხდება. ესეც მნიშვნელოვანი საკითხია და მასზეც ღირს წერილის შემდეგ ნაწილში ყურადღების გამახვილება.

ლაშა: – მაშინ ჩვენი საუბრის პირველი ნაწილის ბოლო პასაჟი ჯგუფების სიმბოლიკა და მათთან დაკავშირებული მითოლოგია იქნება. ბითლზის სიმბოლო მწვანე ვაშლი გახლდათ, როლინგებისა კი ტუჩებს შორის გამოყოფილი ენა, რომელიც დღემდე საოცრად პოპულარულია და ამ ლოგოიანი მაისური ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება ნახოთ მორგებული, ამერიკელი კონგრესმენიდან დაწყებული, ავღანელი თალიბანით დამთავრებული.

მოდი, ერთგვარი მითოლოგიურსიმბოლური დატვირთვა მივცეთ ამ ლოგოებს. ბითლზის ვაშლი ჩავთვალოთ ედემის ბაღის აკრძალული ხის ნაყოფად, რომლითაც ევამ ადამი აცდუნა. აქედან გამომდინარე, ძალაუნებურად როლინგების ლოგოტიპი „ადამის ბაგედ“ შეიძლება მივიჩნიოთ, რომლითაც იგემა ეს ვაშლი და კაცობრიობაში „პირველი ცოდვაც“ გამოჩნდა.

(თემის გაგრძელება შემდეგ ნომერში), ანუ აქ: ბითლზები და როლინგები (ნაწილი II)

ჟურნალი „ათიანში“ #6, მაისი, 2010 წელი

4 comments:

  1. რა უნდა დავწერო, რომ გაგაკვირვოთ? :)

    კაი ხანია, არ შემხვედრია პოსტი, რომელიც მართლა სიამოვნებით წავიკითხე. :)

    იმედია, გაგრძელება იქნება არა მხოლოდ როლინგები - ბიტლები არამედ, ვთქვათ, ჩიკაგოელი და მისისიპელი და მემფისელი ბლუზმენები.
    უოტერსი-ჰუკერი-კინგი მაგალითად (ნუ ჩემი სამეული ესაა)...

    ReplyDelete
  2. გაიხარე ლორდო. ეს სტატიაც 3-ნაწილიანია, მალე მეორე ნაწილს დავდებ აქ. ამის შემდგ კი "პინკ ფლოიდზე" ვაპირებთ. :)

    დიდი მადლობა წინადადებებისთვის. ბლუზი საოცარი სამყაროა. ვეცდებით ყველანაირად გავითვალისწინოთ. უბრალოდ ჯერ გეგმა გვაქვს რედაქტორთან შეთანხმებული.

    იცოცხლე! :)

    ReplyDelete
  3. ძალიან მომეწონა სტატიები ბითლზებზე, როლინგებზე და ფლოიდებზე. სხვა სტატიებიც თუ გაქვთ ძალიან მაინტერესებს სად ვნახო ? :)

    ReplyDelete
    Replies
    1. ამავე სერიიდან გაგასა და ჩემი სტატია ბოტნიკებსა და ჰიპებზე არის აქ: http://anarekly.blogspot.com/2010/01/i.html

      კიდევ ესეცაა: http://anarekly.blogspot.com/2011/12/pink-floyd-money.html

      ეს რაც შეეხება ჩვენს საერთო სტატიებს. ისე კი, ეს პირადი ჟურნალისტური ბლოგია და ყველაფერი ჩემი გახლავთ.

      Delete