Tuesday, September 10, 2013

საქართველოში კლასიკურ გიტარისტთა I მუსიკალური კონკურსი ტარდება

საქართველოში გიტარა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მუსიკალური საკრავია. აქ ძალიან ბევრ ოჯახში აქვთ ეს შესანიშნავი ინსტრუმენტი. ჩვენს ქვეყანაში გიტარა მე-19 საუკუნიდან გახდა პოპულარული. თუმცა ბოლო პერიოდში გიტარისტები წუხან, რომ კლასიკური გიტარის მიმართ ინტერესი განელდა და ბევრი ნიჭიერი გიტარისტი, უპერსპექტივობის გამო, ქვეყნიდან გადაიხვეწა. არსებობდა კონსერვატორიაში კლასიკური გიტარის კლასის დახურვის საშიშროებაც. საგიტარო მუსიკისთვის სწორედ ამ ძნელბედობის ჟამს ორ მუსიკოს-გიტარისტს – დავით ხოსიტაშვილსა და ვაჩე ლალიაშვილს გაუჩნდათ იდეა, საქართველოში პირველად ჩაატარონ კლასიკურ გიტარისტთა კონკურსი. ამ იდეის განხორციელებაში მათ ფასდაუდებელი დახმარება გაუწიეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ.

დავით ხოსიტაშვილი: „საქართველოში კლასიკური გიტარის საკმაოდ ძლიერი და დიდი სკოლა არსებობდა და ეს არ უნდა დაიკარგოს, რადგან ამჟამად ეს საქმიანობა სიკვდილის პირასაა მისული – სულს ღაფავს. სანამ ჩვენს გიტარისტებს საერთოდ არ განელებიათ ამ ინსტრუმენტზე დაკვრის სურვილი, მანამ უნდა დავეხმაროთ“. კონკურსი სწორედ კლასიკური გიტარის ჟანრის აღორძინების საქმეს ემსახურება. თავად კონკურსი 16, 18 და 20 ოქტომბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება. დასწრება თავისუფალია. მე-3 ადგილზე გასული გიტარისტისთვის განკუთვნილია პრემია 400 ლარი, მე-2 ადგილოსანისთვის – 600 ლარი, ხოლო გამარჯვებული 800 ლარის ოდენობის თანხასთან ერთად „მუსიკის სახლის“ მიერ დაწესებულ „ალჰამბრას“ ფირმის შესანიშნავ კლასიკურ გიტარასაც მიიღებს. ამავე დროს, კონკურსის ორგანიზატორი „საავტორო სტუდია“ საპრიზო ადგილებზე გასულ მუსიკოსებს უფასოდ ჩაუწერს ალბომს.

ორგანიზატორები მომავალი წლის გაზაფხულზე კლასიკური გიტარის ფესტივალის მოწყობასაც გეგმავენ. ისინი იმედოვნებენ, როგორც კონკურსი, ისე ფესტივალი ტრადიციული გახდება. ამრიგად, საქართველოში გიტარის მოყვარულებს უკეთესი პერსპექტივების სტიმული უჩნდებათ. საკონკურსო განცხადებების მიღება დაწყებულია.

ჟურნალი „თბილისი Out“ #36, სექტემბერი, 2013 წელი

No comments:

Post a Comment