1999 წლის მცირე შეჯამება
როგორც იტყვიან, გაფრინდა ძველი 1999 წელი, ძალიან მშრალი, მაგრამ ამავე დროს, რთული, დაძაბული, ქუთაისის როკ-სამყაროსთვის ძალზე ჩვეულებრივი, თითქოს პროგრესულიც, თუკი, რამდენიმე ძირითადი მოვლენა შესაძლოა პროგრესულად მივიჩნიოთ. ვფიქრობ, 1999 წლიდან ქუთაისის როკ-ნ-როლი რევოლუციური განვითარებიდან ევოლუციურზე, ანუ თვითმყოფად განვითარებაზე გადავიდა, რაც ძალზე მისასალმებელი ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ წლის მიწურულს ალტერნატიული როკის წიაღში სკანდალი მოხდა, წელიწადი შედეგიანი აღმოჩნდა, თუნდაც იმ მხრივ, რომ ბევრი საფიქრალი გაჩნდა. პირველ რიგში, ერთი შეკითხვა გამიჩნდა: რატომ იკვრება ქუთაისში მაინცა და მაინც ხმაურიანი მუსიკა? ნუთუ მსმენელიც დაიღალა პროტესტული მუსიკის მოსმენით? გაურკვეველია გამოთქმის „მე როკ-ნ-როლში ვცხოვრობ და სხვაგვარად არ შემიძლია“-ს შინაარსი. ვფიქრობ, ყველანაირი აგრესიის პიკმა ჩვენს ქალაქში უკვე ჩაიარა. თუ აწი ჩაივლის?
სამწუხაროა, როდესაც ქუჩაში შემხვედრი ნაცნობ-მეგობარი გამარჯობის თქმის ნაცვლად, 20-30 თეთრს გთხოვს „დვჟენიებისთვის“. სამწუხაროა, როდესაც ხედავ, როგორ ლოთდება შენს გვერდით მეგობარი, რომელიც ამაყობს და ამას თავისუფალი ცხოვრების წესად მიიჩნევს. დიახ, ეს ჩვენებური როკ-ნ-როლის სამწუხარო ტრადიციად იქცა.
ქუთაისში როკ-ნ-როლი დღეისთვის მხოლოდ ქუჩის დონეზე რჩება და იშვიათი გამონაკლისების გარდა, ინტელექტუალურ პროგრესს არ განიცდის. ხშირია, როკ-შემსრულებელთა მხრიდან ზოგიერთი გაურკვეველი პრობლემების წინ წამოწევა და, რაც ყველაზე სამწუხაროა, 4-5 ჯგუფის გარდა, ყველა ცდილობს საკუთარ თავში ჩაკეტვას. ჩემი აზრით, ჯგუფების უმრავლესობა თუკი ვერ გაარკვევს რისი გაკეთება სურს და რისთვის უკრავს, ან მხოლოდ „მარიაჟისთვის“ (თავის მოსაწონებლად) უკრავს, როკიდან უნდა წავიდეს ან, მისმა წევრებმა საერთოდ, სხვა საქმეს უნდა მოკიდონ ხელი.
დღეისთვის სცენაზე ყველაზე მყარად ორი ჯგუფი: Best History და „ბუნკერი“ დგას. კარგ ფორმაში იყო ჯგუფი „პულსი“, მაგრამ, სამწუხაროდ, მას არ მიეცა შესაძლებლობა 1999 წელს სრულიად გამოემჟღავნებინა თავისი შემოქმედება.
თუ არ ჩავთვლით ორი თვის წინ გამოშვებულ აკუსტიკურ ალბომს „მკვლელი“ და ახალგაზრდულ თეატრში ჩატარებულ 10 წლის საიუბილეო კონცერტს, ჯგუფმა „აუტსაიდერმა“ 1999 წელს მოკრძალებულად დაუთმო ასპარეზი სხვა ჯგუფებს. მან სულ ახლახან მოახერხა ერთი ახალი ბალადის ჩაწერა გოგა ჟორჟოლაძის სტუდიაში. სიმღერას „მლოკავს“ ჰქვია. რობის ძალზედ მშვიდ და უჩვეულოდ რბილ ხმას აკომპანირებას უწევს ლელა ლომთაძის ვიოლინო და ვატო კიკალეიშვილის ჩელო.
წლის დასაწყისში გამოვიდა გოგა ჟორჟოლაძის სტუდიური საკასეტო ალბომი Homegrown, რომელიც ბევრ საინტერესო და ძლიერ პოტენციურ ჰიტს შეიცავს, მაგრამ ნამეტნავად არაკომერციული ნამუშევარი აღმოჩნდა და ნაკლებად გაიყიდა. ვფიქრობ, ამის ბრალი რეკლამის თითქმის სრული უქონლობა იყო.
1999 წელს საკუთარ კოსმოსურ ორბიტაზე საბოლოოდ დამკვიდრდა პირველი ქართველი ალტერნატიული ასტრონავტი – მუსიკოსი ბაჯუ, რომელიც მთლიანად ჩაეშვა ფერად, ზღაპრული ბგერების სამყაროში, როგორც გიგანტური ვერცხლისფერი თევზი.
17-19 სექტემბერს თბილისში ჩატარებულ როკ-ფესტივალზე კარგად წარმოჩინდა Best History. ბიჭებმა წლის მიწურულს 3 სიმღერა ჩაწერეს გოგასთან და გადაიღეს ვიდეოკლიპი, თუმცა, ცოცხალ კონცერტზე ისინი მეტ ექსპანსიურობას ამჟღავნებენ. მიუხედავად ამისა, მათი ჩანაწერი ძალიან ნორმალური გამოვიდა.
ათწლიანი დუმილის შემდეგ, როგორც იქნა ახმაურდა შალვა ცხვედიანი და მისი ჯგუფი „ბუნკერი“, რომელიც, ჩემის აზრით, დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ჯგუფია.
წელს ჩამოყალიბდა არტ-როკ ჯგუფი ARE, რომელიც შესანიშნავმა დრამერმა და მუსიკოსმა გია სალაღიშვილმა შექმნა. ჯგუფმა ცოცხლად დაუკრა საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის გადაცემა „ჯემში“. უფრო ახლოს ამ საქებრად ცნობილ მუსიკოსს ახალ წელს გაგაცნობთ.
1999 წელს შეიქმნა ვატო ნებიერიძის ფირმა „ლეგი არტისი“, რომელმაც რამდენიმე საინტერესო კონცერტი აჩუქა ქუთაისელ მუსიკის მოყვარულებს.
2000 წელს ერთი, მეტად ლეგენდარული მოვლენა მოხდება ჩვენს ქალაქში, თუმცა, ამის შესახებ უახლოეს მომავალში შეიტყობთ. ახლა, მინდა წარმოგიდგინოთ 1999 წლის „L.G. სტენდზე“ გაკეთებულ (გამოკრულ) გამონათქვამებს. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ მათ და შემდეგ შემატყობინოთ თქვენი აზრით, ვისი გამონათქვამია ყველაზე საინტერესო. შეგიძლიათ მომწეროთ, მომაწოდოთ შენიშვნები და თქვენი მოსაზრებები.
გილოცავთ ახალ 2000 წელსა და ქრისტეშობას. ახალი ეპოქის დადგომას. გისურვებთ თქვენი ცხოვრების მუსიკა უფრო ოპტიმისტური გამხდარიყოს! მომავალ შეხვედრამდე!
1. „ქუთაისის მუსიკის სამყაროში ხდება დაპირისპირება მცდელობებსა და უაზრო, დაბალგანვითარებულ და გაუთვალისწინებელ წინააღმდეგობებს შორის“ (სოსო ივანეიშვილი, ჯგ. „პულსი“, „გაზეთი P.S.“ №46).
2. „პოპსა ჯგუფებმა, ბოდიში, მაგრამ „გაავაგინეს“ მთელი საქართველოს მოსახლეობა“ (გიო ხონელიძე, ჯგ. Best History, „გაზეთი P.S.“ №49).
3. „მსოფლიოს ესტრადის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ბარბრა სტრეიზანდი, მერაია ქერი და სელინ დიონი მღერიან მილიონების საჟიმაო სიმღერებს“ (გოგა ჟორჟოლაძე, „გაზეთი P.S.“, №51).
4. „აღარავის აღარ უნდა არც პრობლემები, არც როკ-ნ-როლი“ (ბაჯუ, „გაზეთი P.S.“, №50).
5. „მე ვთვლი, რომ რუსული როკი, ალბათ, მართლაც მოკვდება. ვფიქრობ, რომ კომპიუტერები უფრო მალე განადგურდება დედამიწაზე, ვიდრე როკ-მუსიკა. არარეალურია ასეთი გლობალური კულტურა რომ გაქრეს“ (მარინა ღოღობერიძე, ჯგ. Восьмая Марта, „გაზეთი P.S.“, №54).
6. „მსოფლიოს მუსიკალურ ამინდს ქმნიან ზანგები და კომპიუტერები“ (ტატო გრძელიძე, ჯგ. „არქეოპტერ X“, „გაზეთი P.S.“, №66).
7. „გულახდილად გეტყვი, რასაც 21-ე საუკუნე გვპირდება, მაგრად არ მომწონს. მე არ მომწონს არც პროგრესი, არც ცივილიზაცია და საერთოდ, არაფერს არ ვეთანხმები“ (გიო თოიძე, ჯგ. „ამორალი“, „გაზეთი P.S.“, №53).
8. „სადაც ესტრადა არის და არსებობს, იქ როკმაც უნდა იარსებოს“ (მარი რცხილაძე, ჯგ. „ლაბირინთი“, „გაზეთი P.S.“, №62).
9. „საქმიანი წრეებში გაიძახიან, რომ როკ-მუსიკაში ფული არ კეთდებაო, მაგრამ ჯერ არავის უცდია. იქნებ სცადონ!“ (ირაკლი ზიბო ზიბზიბაძე, ჯგ. „ვაკის პარკი“, „გაზეთი P.S.“, №55).
10. „სამწუხაროა, რომ კავკასიაში როკი არაკომერციულია“ (ოვანეს მუნგენიანი, ჯგ. Vostan, „გაზეთი P.S.“, №53).
11. „მე იმიტომ კი არ ვუკრავ ბიჭებთან ერთად, რომ ისინი კარგი მუსიკოსები არიან, არამედ, პირველ რიგში, ჩემი მაგარი ძმები არიან. კაცი თუ შენს გვერდით არ დგას, მისი დაკრულის დედა ვატირე!“ (ბესო ბესელა რაზმაძე, ჯგ. „კონტრაბანდა“, „გაზეთი P.S.“, №54).
12. „დღევანდელ ქართველ ახალგაზრდას იმისთვის, რომ იყოს თავისუფალი, აკლია თავისუფლება“ (ვატო ნებიერიძე, „გაზეთი P.S.“, №52).
13. „შესაძლოა, ჩვენც, რაიმე ისეთი გავაკეთოთ, მსმენელი ზემოქმედების ქვეშ მოექცეს, მაგრამ ეს არ იქნება გამიზნული“ (ლაშა ჩხაიძე, ჯგ. „რადიკალი“, „გაზეთი P.S.“, №64).
14. „ვფიქრობთ, მივაღწევთ, რომ „შავი ღვინო“ საქართველოს როკის ისტორიაში დარჩება“ (ოთიკო ლომთაძე, ჯგ. „შავი ღვინო“, „გაზეთი P.S.“, №64).
15. „ძალიან მინდა, ჩვენი ქალაქის ჯგუფების ფსიქოლოგიური და ფიზიკური შრომა დაფასდეს, გვქონდეს სარეპეტიციო ოთახები, აპარატურა“ (შალვა ცხვედიანი, ჯგ. „ბუნკერი“, „გაზეთი P.S.“, №66).
16. „დღეს, ჩვენი ქალაქის როკ-ჯგუფები რეპეტიციებზე უფრო ლოთობენ, ვიდრე მუშაობენ და ამიტომ, მათ მიერ შესრულებული მუსიკა არაფრად ვარგა“ (ხვიჩა დოღონაძე, „გაზეთი P.S.“, №63).
17. „ჩვენს მუსიკაში არაფერი არ ხდება. მუსიკოსები სცენაზე თავს მხოლოდ ერთმანეთს აწონებენ და არა მსმენელებს“ (ვატო კიკალეიშვილი, ჯგ. ARE, „გაზეთი P.S.“, №60).
18. „ქართულ კულტურას აღორძინება კი არა, ცხოვრება სჭირდება“ (რობი კუხიანიძე, ჯგ. Outsider, „გაზეთი P.S.“, №59).
19. „Музыка звучит вечно в вечности. Музыка вечный друг от которого ничего не ждёшь“ (Ника Самофракийская, „გაზეთი P.S.“, №62).
გაზეთი P.S. #67, 1999 წლის 31 დეკემბერი – 2000 წლის 7 იანვარი


No comments:
Post a Comment