Tuesday, October 23, 2001

როგორ ქართულენოვანდებოდა როკი

(გასული საუკუნის 70-იანი და 80-იანი წლების მცირე მიმოხილვა)

როკ-მუსიკა და საერთოდ, თანამედროვე მუსიკა ყოფილ საბჭოთა კავშირში ძალიან ძნელად შემოდიოდა და მისი შემოსვლა ძირითადად მელომანების მოთხოვნილებებთან და აკრძალული ნაყოფის გასინჯვის მძაფრ სურვილებთან იყო დაკავშირებული. მსმენელებში როკ-მუსიკა აღიქმებოდა, როგორც პროგრესული მოვლენა, რომლის გავრცელებასაც ტოტალიტარული საბჭოთა სისტემა კრძალავდა. კომუნისტების აზრით, როკი აუცილებლად ხელს უშლიდა კომუნიზმის მშენებლობას, რადგან ეს მუსიკა თავისი სულისკვეთებით „დამპალი იმპერიალიზმის“ იდეებს ემსახურებოდა და აბსოლუტურად უცხო უნდა ყოფილიყო სოციალისტური საზოგადოებისთვის.

საბჭოთა კავშირში როკ-ჯგუფების გაჩენის წინაპირობა მაინც საზოგადოებამ, მელომანებმა შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ არალეგალურად შემოსული აკრძალული მუსიკალური პროდუქცია ძალიან ვიწრო წრეებში ვრცელდებოდა, საზოგადოებას ზოგადი წარმოდგენა უკვე ჰქონდა. უცხოური ფირფიტები და ჩანაწერები „კაპიტალისტური“ ქვეყნებიდან ძირითადად მაინც სპორტსმენებს, მეზღვაურებს და მსახიობებს ჩამოჰქონდათ, რომელთაც მელომანები საკმაოდ მაღალ ფასებში (დაახლოვებით 50-100 მანეთის ფარგლებში) ყიდულობდნენ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში, სსრკ-ს სხვა რესპუბლიკებთან შედარებით როკის მიმდევრები ნაკლებად იდევნებოდნენ. უფრო მეტიც, აწ განსვენებული მუსიკისმცოდნე და ტელეწამყვანი, ევგენი მაჭავარიანი საქართველოს ტელევიზიაში, გადაცემაში „ეს ესტრადაა“ ახლადფეხადგმულ მუსიკალურ მოვლენას პოპულარიზაციას უკეთებდა, რომელიც თავის მხრივ, დასავლეთში კულტურად იყო ჩამოყალიბებული.

საქართველოში პირველ როკ-ჯგუფად ბაჩი ქიტიაშვილის „ბერმუხას“ ასახელებენ, რომელმაც პირველმა მოახერხა ახალი რიტმების ქართულ ენაზე აჟღერება. თუმცა, ბევრი მელომანის აზრით, ბაჩის მუსიკა სუფთა ქართულ მუსიკად არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან „ბერმუხას“ მიერ შესრულებულ მუსიკას კლასიკური მძიმე რიტმ ენდ ბლიუზის საფუძველი აქვს. ალტერნატიული აზრიც არსებობს, რომ საქართველოში პირველი როკ-ჯგუფი მიშიკო ფოფხაძის „კვადრატი“ იყო. ამ ინფორმაციას არტიომ ტროიცკის „სსრკ-ს როკ-ენციკლოპედიაც“ ადასტურებს. ყველა ვარიანტში, ამ ორ მუსიკოსს ახალი მუსიკალური მოვლენის პიონერობაში ალბათ ვერავინ შეეცილება. რა თქმა უნდა, 70-იან წლებში „ბერმუხას“ შემდეგაც ბაჩისნაირი თამამი მუსიკოსები იყვნენ, თუნდაც კაკო ვაშალომიძე და ჯგუფი „ოკეანე“, მაგრამ ქართულენოვანი როკ-მუსიკა ჩვენში მაინც 80-იანი წლების მეორე ნახევარში, ე. წ. „პერესტროიკის“ დროს განვითარდა.

თუმცა მანამდე, 1980 წლის მარტის თვეში, თბილისში ჩატარდა სსრკ-ს მასშტაბით პირველი ოფიციალური როკ-ფესტივალი და მთელმა საბჭოეთმა შეიტყო ისეთი ჯგუფების არსებობის შესახებ, როგორებიც იყვნენ: „მაშინა ვრემენი“, „ავტოგრაფი“ და, რაღა თქმა უნდა, „აკვარიუმი“, რომლის ქართულ სცენაზე გამოსვლასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. სამწუხაროა, რომ ქართველებმა ეს ფესტივალი რატომღაც დაუმსახურებლად მივივიწყეთ. რაც უნდა იყოს, მაშინ ჩვენ ერთ დიდ ქვეყანაში ვცხოვრობდით და ამ ქვეყანაში შემავალი ერები ერთმანეთის კულტურას ხშირად ვეზიარებოდით.

რა თქმა უნდა, საქართველოში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, როკ-მუსიკის შემოსვლის და განვითარების ერთ-ერთი დადებითი მიზეზი გიტარაზე დაკვრის შემსწავლელი სკოლების არსებობაც იყო.

80-იან წლებში ეროვნული მოძრაობის აღზევებამდე, საქართველოს როკში ახალი ეტაპი დაიწყო. ყველაზე სასიამოვნო იყო, რომ ქართველებმა გააქართულენოვანეს შემოქმედება, მუსიკაში მკვეთრად ინდივიდუალი შემსრულებლები მოვიდნენ და, რაც მთავარია, მათ ამ მოვლენას მოძრაობის სახე მისცეს. საქართველოს როკში მისთვის დამახასიათებელი სოციალური მუხტი, შინაგანი პროტესტი გაჩნდა. 1988 წელს განსაკუთრებული მოვლენა თსუ-ს დარბაზში მოხდა, სადაც როკ-ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისის წამყვანმა ჯგუფებმა. ფესტივალმა აღმოაჩინა საინტერესო კოლექტივები: „პრიზი“, „ჯუკ-ბოქსი“, „ბიჭები როკენროლიდან“ და სხვები. მთავარი აღმოჩენა კი დადა დადიანის ჯგუფი „ტაქსი“ იყო, რომელსაც მწვავე, პირდაპირი ტექსტები ჰქონდა და იგი „ახალი ტალღის“ რიტმებს ქართულ მელოდიას შესანიშნავად უხამებდა. ამ პერიოდშივე ლადო ბურდულიც გამოჩნდა. იგივე ტროიცკიმ აღნიშნა, რომ ქართულ როკთან ეთნიკური გაგებით, ყველაზე ახლოს სწორედ ბურდულის შემოქმედება იდგა.

80-იანებში ალეკო ცაბაძის ფილმი „ლაქა“ გამოვიდა, რომელშიც მთავარი როლი ქართველმა როკ-მუსიკოსმა, ქიშო ღლუნჩაძემ შეასრულა. ბაჩი ქიტიაშვილმა და კაკო ვაშალომიძემ სპორტის სასახლეში გრაფიკული როკის საღამო „დებიუტი“ მოაწყვეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: კახა კიკაბიძემ, ლადო ბურდულმა, დადა დადიანმა, ქიშომ და სხვებმა. საღამო ირაკლი გიგაურის ხსოვნას მიეძღვნა.

დასავლეთ საქართველოში ამ მხრივ ქუთაისი აქტიურობდა, სადაც ამ პერიოდში, არა ერთი საინტერესო ჯგუფი შეიქმნა, მათ შორის „აუტსაიდერი“, რომელმაც ჯერ კიდევ სსრკ-ს არსებობისას რუსეთსა და ბალტიისპირეთში აღიარება მოიპოვა, მოსკოვში კი ფირფიტა ჩაწერა. რიონისპირა ქალაქში ამ პერიოდში ოპერის თეატრთან თემურ ჯოხაძემ და ვატო ნებიერიძემ ერთგვარი როკ-კლუბი „მელომანი“ გააკეთეს, სადაც სხვადასხვა როკ-ჯგუფები იყვნენ გაერთიანებული.

80-იანი წლების მიწურულს საქართველოში ეროვნული მოძრაობის მძლავრი ტალღა აგორდა და როკ-მოძრაობა, რომელიც ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაში იყო, ნაციონალური თვითშეგნების გაზვიადებულმა იდეოლოგიამ დაასამარა.

90-იანი წლები ძალზედ მრავალფეროვანი იყო და მასზე შეიძლება ცალკე ვისაუბრთ, მაგრამ ერთი უნდა აღინიშნოს, – დღეს საქართველოში როკი სავალალო მდგომარეობაშია. ნიჭიერი მუსიკოსები საზღვარგარეთ გარბიან. შეიძლება ითქვას, საქართველოში ეს მუსიკა ნაკლებად განვითარდა თუნდაც რუსეთისგან განსხვავებით, სადაც ე. წ. „პოპსა“ და როკი თანაბარ მდგომარეობაშია და იქ უკვე არსებობს მეინსტრიმი, რომელიც საქართველოში ფონოგრამისტების წყალობით, ვერა და ვერ ჩამოყალიბდა.

No comments:

Post a Comment