Tuesday, October 9, 2001

ვინმე აკაკი ჯორჯაძემ თავი ლამის მაცხოვრად გამოაცხადა

რას ნიშნავს სასძლო კაცი? რას ნიშნავს სამყარო ოთხყარო? სადამდე შეიძლება გაგრძელდეს „მძლეველის“ პოლიტიკურ-რელიგიური ბოდვები?

„თავისუფლების მოედნის“ მეტროსთან უნივერმაღის წინ ალბათ ბევრს შეუმჩნევია, როგორ სთხოვენ მოქალაქეებს, საკუთარი ხელმოწერა შეიტანონ ე. წ. „სიცოცხლის წიგნში“. ამ ხელმოწერით მოქალაქე მოითხოვს არსებული სისტემისა და პრეზიდენტის შეცვლას. ამავე დროს აღიარებს, რომ მოხდა ქრისტეს მეორედ მოსვლა სულით და სიტყვით, რაც მართლმადიდებლური მოძღვრებით მკრეხელობაა.

















ამ ხელმოწერებს საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოლიტიკური გაერთიანება „მძლეველი“ აგროვებს, რომლის პროგრამას და მოძღვრებას აშკარა რელიგიური ელფერი დაჰკრავს.

ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღვთაებრივი მოძრაობა „ახალი სიტყვა“ 1995 წელს შეიქმნა, რომელსაც საფუძველი ყოფილმა მწერალმა, აკაკი არჩილის ძე ჯორჯაძემ (შემდეგში იწოდა როგორც „ღვთის სასძლო კაცი“) ჩაუყარა. 1999 წელს მოძრაობა პოლიტიკურ ორგანიზაცია „მძლეველად“ მოინათლა და მონაწილეობა მიიღო როგორც საპრეზიდენტო (მათი კანდიდატი ავთანდილ ჯოგლიძე იყო), ისე საპარლამენტო არჩევნებში.

მოგვიანებით ჯოგლიძე თავმჯდომარეობიდან წავიდა. „მძლეველის“ თავმჯდომარედ გიორგი-ლაშა (რომელსაც ადრე უბრალოდ ლაშა ერქვა) ლომიძე დაინიშნა.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ქრისტე სიტყვით აკაკი ჯორჯაძეში გამოცხადდა. ისინი საპატრიარქოში მივიდნენ, რათა სამღვდელოებას ეღიარებინა, რომ მეორედ მოსვლა მოხდა.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ზურაბ ცხოვრებაძე (საპატრიარქოს პრეს-ცენტრის მოადგილე): „ისინი საპატრიარქოში იყვნენ და სასულიერო პირებს ესაუბრნენ, მაგრამ ამის აღიარება როგორ შეიძლება? იეღოველთა სექტაც მაგას ამბობს, რომ უფალი 1914 წელს მოვიდა, ოღონდ ფარულად“.

„მძლეველი“ სამ გაზეთს უშვებს: „მძლეველი“, „მეტი სინათლე“ და „ახალი იერუსალიმი“. ორგანიზაციის მტკიცებით, მათ უკვე 1.6 მილიონი ხელმოწერა აქვთ შეგროვებული. გაერთიანება პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ამავე დროს, ედუარდ შევარდნაძეს მსოფლიოს ნათლისმცემელს უწოდებს. 2001 წლის 9 აპრილის 14 საათზე „მძლეველს“ თვითლიკვიდაცია უნდა გამო ეცხადებინა, მაგრამ აკაკი ჯორჯაძის „სულიერი ჭვრეტით“ და „უფლის ნებით“ თურმე საქართველოს გადარჩენის კიდევ ერთი შანსი მიეცა, ამიტომ პოლიტიკური გაერთიანების თვითლიკვიდაცია გაურკვეველი დროით გადაიდო.

გიორგი–ლაშა ლომიძე (პოლიტიკური გაერთიანება „მძლეველის“ თავმჯდომარე): „დღეს მთელს მსოფლიოში ალაპარაკდნენ, რომ დედამიწას სასიცოცხლო რესურსები მხოლოდ 30-40 წელს ეყოფა. არსებული ცხოვრების წესი ადამიანის უფლებების დაცვის პირდაღებული ფასეულობებით იწონებს თავს, რომელიც სიყალბეა. გაერო არა ერების, არამედ დიდი იმპერიული სახელმწიფოების, კონგლომერატების უფლებებს იცავს, ამიტომ ხდება ვითომ დაპირისპირება რელიგიებს და ცივილიზაციებს შორის. ადამიანი მაცხოვრის მეორედ მოსვლას რელიგიას უკავშირებს. არადა, მეორედ მოსვლა გულისხმობს დედამიწაზე არსებული სისტემის, ცხოვრების წესის ცვლას, რადგან ამ წესით მთელს კაცობრიობას უკვე სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი. მეორედ მოსვლა ნიშნებით უნდა ამოვიცნოთ და იმ სასწაულს არ უნდა ველოდოთ, რომ ვიღაც გამოვა და იტყვის, მსოფლიოს მხსნელი ვარო. თუ დემოკრატიულ წესს არ მივიღებთ, ამერიკა კაცობრიობის მტრად გამოგვაცხადებს და თავს უფლებას მისცემს, ძალით გაგვისწორდეს. ჩვენ ვერც დასავლეთი, ვერც რუსეთი ვერ გადაგვარჩენს. ბ-ნი ედუარდი ამ ნაბიჯისთვის ჩვენ მოვამზადეთ და მისი გადადგომა მსოფლიოს ცხოვრების წესის შესაცვლელად ერთადერთი პრეცედენტი იქნება. მოხდება ევოლუცია გონში. 1.6 მილიონმა კაცმა მის გადადგომას ხელი მოაწერა და სიტყვა მიიღო. სულიერი ცვლილებები მათში უკვე ხდება, მაგრამ ჯერ არ ჩანს.

ჩვენ ხელისუფლებაში მისვლის არავითარი სურვილი არა გვაქვს. ჩვენ იარაღი ვართ, რათა ხალხამდე სიტყვა მივიტანოთ, რაც შევძელით კიდეც, რადგან მოსახლეობის 50%+1-მა ნაწილმა ეს სიტყვა უკვე ირწმუნა და თავისი ნება გამოხატა. პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში ჩვენ არსებულ პოლიტიკურ სისტემას შევცვლით და ახალი საქართველოს, ანუ „ახალი იერუსალიმის“ რიგითი წევრები გავხდებით. მე განათლებით იურისტი ვარ, მაგრამ არ შემიძლია ვიყო იუსტიციის მინისტრი“.


















მიუხედავად ამ სიტყვებისა, ხსენებულ გაერთიანებას მიღებული აქვს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. „მძლეველი“ იუსტიციის სამინისტროში, როგორც პოლიტიკური გაერთიანება, 1999 წლის 30 აპრილს დარიგისტრირდა. ზოგიერთი იურისტის აზრით, იუსტიციის სამინისტრომ შეცდომა დაუშვა, რადგან „მძლეველს“ ტოტალიტარული სექტის სახე უფრო აქვს, ვიდრე პოლიტიკური გაერთიანებისა.

საინტერესოა, რომ ორგანიზაცია და კერძოდ, აკაკი ჯორჯაძე სამღვდელოებას ბოროტებაში ადანაშაულებს: „ხელმოწერების შეგროვების ერთ–ერთი აქტიური ხელისშემშლელი იყო საპატრიარქო, რომელშიც გაბატონებულია შავი ძალა“.

ჩვენ დავინტერესდით, რატომ უყურებს „მძლეველი“ საპატრიარქოს და ქართულ ეკლესიას მტრული თვალით, რაზეც გიორგი-ლაშა ლომიძისგან მივიღეთ პასუხი: „პირველად ვინ გააკრა ქრისტე ჯვარზე? ესენი ხომ მღვდელმთავრები იყვნენ? ღმერთი კონკრეტულად ეკლესიის წინააღმდეგ არ გამოდის. ის, უბრალოდ, ამხელს იმ მღვდელმთავრებს, ეკლესიაზე დაპატრონებულ არაწმინდა სულის ადამიანებს, რომლებიც ეკლესიას და ქვეყანას ღუპავენ. მხილება არ ნიშნავს, რომ ვინმეს წინააღმდეგები ვართ. ჩვენს პატრიარქის მიმართ საყვედური არ გვეთქმის.

ქრისტეს მეორედ მოსვლა აქ, ამ კურთხეულ მიწაზე ღვთის ენაზე ხდება, რომელსაც „ლაზარე“ ჰქვია. ქალკედონიის კრებაზე გადაწყდა, რომ ჭეშმარიტი მართლმადიდებლისათვის ივერთა წესი უნდა იყოს მისაღები. ქართველს მოაქვს ეს წესი. ჩვენ ყველა უნდა დავარწმუნოთ, რომ ყველა არსებული ფორმაცია მიუღებელია, ერთად უნდა დავდგეთ, რუსეთიც და დასავლეთიც ჩვენია.

აკაკი ჯორჯაძემ განაცხადა, რომ ის საკუთარ ოჯახთან ერთად იმ გზას გადის, რაც თავად მაცხოვარმა გაიარა“.

ზურაბ ცხოვრებაძე: „ვიდრე „მძლეველი“ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთვებოდა, ჩვენთვის ცნობილი იყო მათი რელიგიური შეხედულებები, რომელიც, შეიძლება ითქმას, ერეტიკულია, ამიტომ ამ ჯგუფს შეიძლება არატრადიციული, არასტანდარტული, საქართველოში შექმნილი სექტა ვუწოდოთ. მათი მოძღვრება მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მიუღებელია. მართალია, ისინი ახსენებენ ეკლესიასა და მართლმადიდებლობასაც, მაგრამ ბევრი მათი დებულება მწვალებლურია და, თავის მხრივ, უპრეცენდეტოც. ჩვენს ინტერესის სფეროს მათი პოლიტიკური შეხედულებები არ წარმოადგენს, მაგრამ მათი რელიგიური პოზიცია არის ერესი.

ხელმოწერების ფურცლებზე პოლიტიკური მოთხოვნის გარდა არის განცხადება, რომ მეორედ მოსვლა უკვე მოხდა. ამაზე არ შეიძლება მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ხელი მოაწეროს, რადგან მეორედ მოსვლა მთელს მსოფლიოში ყველასათვის ცხადი იქნება. ისინი ეკლესიას იქით ცილს სწამებენ და ისეთ რამეებს ლაპარაკობენ, რომ საეჭვოა ეს საღ აზრად ჩაითვალოს. მათ ნებისმიერ გაზეთში ბევრი აბსურდი წერია. რას ნიშნავს სასძლო კაცი? ან რას ნიშნავს სამყარო, ოთხყარო? ისინი ცრუ მესიანისტური, ფანტასმაგორიული იდეებით გამოდიან. ამბობენ, რომ საქართველოს განსაკუთრებული მისია აქვს, რომ საქართველო არის რაღაც ნაღვლის ბუშტი.

საქართველოს მართლაც აქვს განსაკუთრებული მისია. ჩვენი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, მან მართლმადიდებლობა მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე უნდა შეინარჩუნოს და საქართველო ქრისტესთვის მოწამე ერია. ჩვენ ისეთი მისია არა გვაქვს, რომელიც ამპარტავნებაში ჩაგვაგდებს, არამედ პასუხისმგებლობას გვიმაღლებს. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩვენ არც ერთი სექტის მიმართ აგრესიულები არა ვართ, რადგან მათი მიმდევრები ჩვენი დები და ძმები არიან. საპატრიარქოს სურვილია ამ ადამიანების ჭეშმარიტების გზაზე, ეკლესიის წიაღში დაბრუნება“.

No comments:

Post a Comment