Monday, October 29, 2001

ეკა ჩიხლაძე: „როდესაც მამა „ლედ ზეპელინს“ უსმენდა, ხალხის უმრავლესობა კობზონით ტკბებოდა“

„გმირობის, თანაც უფასო გმირობის ჩადენა იცით, რა ძნელია?“

კლუბ „სარდაფში“ ე. წ. „თვითმფრინავის ბიჭების“ გასამართლების კადრების ჩვენებამ და დავით სოკოლოვის მიერ წაკითხულმა მაშინდელმა საბჭოთა ოფიციოზის კომენტარმა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ეს თემა ჯერ კიდევ ტაბუდადებულია და ბევრი რამ საზოგადოებისთვის უცნობია.

სხვათა შორის, ამ უნიკალური კადრების გამომზეურებიდან ორი დღის შემდეგ სოკოლოვი „ვიდეოპატრულში“ ზუსტად იგივე ტონით საუბრობდა ჟურნალისტებზე, რომლებსაც შს მინისტრმა, კახა თარგამაძემ პრესკონფერენცია მიუძღვნა და ლამის სამშობლოს მოღალატეებად შერაცხა.

„სარდაფში“ აჩვენეს სიუჟეტი, რომელიც კომუნისტურ სახელმწიფო ტელევიზიაში გადაიცა. საზოგადოებამ სასამართლო პროცესზე თვითმფრინავის გამტაცებლების საბოლოო სიტყვა მოისმინა, როდესაც მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. საღამოზე იმ ფილმებიდან აჩვენეს ფრაგმენტები, რომელშიც მღვდელი თემურ ჩიხლაძე მონაწილეობდა.

























ეს ყველაფერი თემურ ჩიხლაძის (მამა თეოდორეს) ქალიშვილის, ეკა ჩიხლაძის წიგნის „დასახვრეტი საქმე“ (გამომცემლობა „აზრი“) პრეზენტაციაზე მოხდა. წიგნის ავტორს, ეკა ჩიხლაძეს, რამდენიმე შეკითხვით მივმართე:

– თქვენი აზრით, უნდა მოხდეს თუ არა ამ ბიჭების რეაბილიტაცია?

– აუცილებლად და ეს წიგნი სწორედ ამიტომ დაიწერა. მე მხოლოდ მამის რეაბილიტაცია შემიძლია, რადგან იურიდიულად მისი მემკვიდრე ვარ. ამ ბიჭებს ერთ წარმონაქმნად, ანუ ბანდად თვლიდნენ. სუყველას რეაბილიტაციისთვის მე ყველა ვაზნა უნდა დამეთვალა, რომელიც თვითმფრინავში დავარდა, იმ ლაინერში ყველაფრი სანტიმეტრებში უნდა გამეზომა, რომელშიც მამაჩემი საერთოდ არ მჯდარა. ახალი კანონმდებლობით საქმის დაშლა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ახალი სამხილი არსებობს. ამ სამხილების მოკრებას, რომელიც ამ წიგნშია, მე ძალიან ბევრი წელი მოვანდომე. ეს ძალიან სკრუპულოზული სამუშაო ყოფილა. წიგნში ამ სამხილებს ვაანალიზებ კიდეც. „დასახვრეტი საქმე“ ჩემი პირველი ნაბიჯია და მე უკვე მამის რეაბილიტაციას ვეცდები.

– ზემოთმოყვანილ წერილში თქვენ აღნიშნავდით, რომ მამისგან უდიდესი სითბო და სიყვარული იგრძენით. საინტერესოა უმამოდ როგორ გაიზარდეთ?

– მამამ დედა ძალიან ადრეულ ასაკში შეირთო და ამიტომ ჩვენს შორის ასაკობრივი განსხვავება მცირე იყო. როდესაც მე 14 წლის ვიყავი, ის 33-ის იყო. ძალიან თანამედროვედ აზროვნებდა. მიაჩნდა, რომ ჩვენს შორის თავისუფალი ურთიერთობა უნდა არსებულიყო. როდესაც 9 წლის გავხდი, მამა უკვე ბერი იყო. სწორედ მაშინ ამოიჩემა, მე 33 წლის ასაკში დამხვრეტენო. მან დედას სთხოვა (ისინი განქორწინებულები იყვნენ) ეკა ჩემთან იყოს, მე გავზრდი, რადგან მალე გარდავიცვლებიო. მაშინ დედაჩემი ვერაფერს მიხვდა. რატომღაც ეგონა, რომ მამა დაავადებული იყო და რაღაცას უმალავდა. ამის შემდეგ 5 წლის განმავლობაში მე და მამას ერთმანეთთან ყოველდღიური კონტაქტი გვქონდა. სადაც მიდიოდა, ყველგან დავყავდი. აქედან გამომდინარე, ეს ბიჭებიც ჩემს ცხოვრებაში შემოვიდნენ. ისინი ყველგან დამყვებოდნენ, სახლში გვსტუმრობდნენ. ფაქტობრივად, მე ერთი დიდი ოჯახი მქონდა, რომელიც ერთ დღეს თავზე დამენგრა.

– თვითმფრინავის გატაცება დღეს ტერაქტად ითვლება. თქვენ როგორ შეაფასებთ მაშინდელ გატაცებას?

– სხვა მომენტია, როდესაც ამას მატერიალური საფუძველი აქვს. ამ შემთხვევაში ეს მართლაც ტერაქტია, მაგრამ აღნიშნულ გატაცებას სხვა მოტივი ჰქონდა. თანაც ეს ბიჭები მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახებიდან იყვნენ, რომელთათვისაც უცხოეთში წასვლა ძნელი საქმე არ იყო. მაგალითად, სოსო წერეთელი გერმანიიდან ორი თვის ჩამოსული იყო, მამამისი აკადემიკოსი გახლდათ. დათო მიქაბერიძის მამა „ინტურისტის“ სამმართველოს უფროსი იყო. წარმოიდგინეთ, რა ადვილი იყო მისთვის უცხოეთში წასვლა.

ივერიელების მამაც აკადემიკოსი გახლდათ და ისინი უცხოელებთან ერთად პატრის ლულუმბას სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში სწავლობდნენ და რომ მოენდომებინათ, თავისუფლად წავიდოდნენ. გეგა კობახიძეს საბერძნეთიდან სწორედ იმ პერიოდში ჰქონდა მოწვევა და მალე გადაღებებზე უნდა წასულიყო. მამაჩემის მამაც მაღალი თანამდებობის პირი იყო, მაგრამ მან ყველაფერზე უარი თქვა. მე მგონი, ეს ჩაკეტილი საბჭოთა სივრციდან პროტესტის ნიშნად გაქცევის სურვილი იყო. ესენი ძალიან განათლებული ბიჭები იყვნენ, რომელთაც გაცილებით მეტი უნდოდათ, ვიდრე სხვებს. მათ საბჭოთა ვაკუუმ-წნეხიდან გარღვევის გაკეთება უნდოდათ და მოახერხეს კიდეც.

– ეკა, ვიცით, რომ არსებობს გმირობა და არსებობს დანაშაული. ამ ორს შორის სად დააყენებდით „თვითმფრინავის ბიჭების“ ქმედებას?

– ისინი თავისუფლებისთვის მებრძოლები იყვნენ. მათი დანაშაული ის იყო, რომ ისეთებად დაიბადნენ, როგორებიც იყვნენ. გმირობა კი ალბათ ის იყო, რომ ყველაფერი დაინახეს (ეს ჩაკეტილი სივრცე) და სხვების სათქმელიც თქვეს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, დამნაშავეებიც იყვნენ და გმირებიც, თუმცა სინამდვილეში არც ერთნი იყვნენ და არც მეორენი. მათ სურდათ, ადამიანები ყოფილიყვნენ. ჩვენ ბევრს გვგონია, რომ ვცხოვრობთ, სინამდვილეში უმრავლესობა მხოლოდ ვარსებობთ. გმირობის, თანაც უფასო გმირობის ჩადენა იცით, რა ძნელია? ისიც კი გესმის, რომ ამ გმირობის გამო მადლობას არავინ გეტყვის. ეს ბიჭები ალბათ თეთრი ყვავები იყვნენ. როცა მამა „ლედ ზეპელინს“ უსმენდა, გარშემო მყოფი ხალხის უმრავლესობა კობზონით ტკბებოდა. ის შოპენჰაუერს, ხოლო ბევრი მხოლოდ „პრავდას“ კითხულობდა.

– როგორ შეაფასეთ სპექტაკლი „ჯინსების თაობა“?

– საშინელი რეაქცია მქონდა. თავიდან ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ყველაფრის პიესაში გაცოცხლება, თან ეგოისტურად მეგონა, რომ ეს პრობლემა ჩემში უნდა ყოფილიყო და მხოლოდ მე უნდა მეგლოვა. მერე დავინახე, რომ ეს მართლაც საჭირო იყო და ხალხს აინტერესებდა. კარგია, რომ ეს ახალმა თაობამ ნახა.

ბევრი ამ ამბავს პოლიტიკურ საბურველში ხვევს, შევარდნაძის საწინააღმდეგოდ იყენებენ და იმაშიც ვერ ერკვევიან, მაშინ რა მოხდა, ვინ ვის ესროლა. ისინი რაღაც ზოგადად, პათეტიკურად, ფრენის იდეაზე ლაპარაკობენ და ამის იქით არავინ მიდის. ამ სპექტაკლის დამდგმელებს მამაჩემის მიერ დაწერილი მუსიკის გამოყენების უფლებაც მივეცი. ჩემმა შვილმა, თეოდორემ იქ საკუთარი თავი ითამაშა. სხვათა შორის, იგი ბაბუას ძალიან ჰგავს ფიზიკურად, თვალებით, ხასიათით. მას მამაჩემის მუსიკალური ნიჭიც გამოჰყვა. მაინც ძალიან იმოქმედა ამ სპექტაკლმა, ვნერვიულობდი და ეს წიგნი რომ გამოვუშვი, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს დავიცალე. დღეს უკვე შვება ვიგრძენი და აბსოლუტურად კმაყოფილი ვიქნები, როდესაც მამაჩემის რეაბილიტაციას მივაღწევ.

9 comments:

  1. ar sheidzleba, daxvretilta sakme xelaxla daibechdos da gamovides... chven axalgazrdobas martla gvsurs rom vikidot da cavikitxot im adamianebis shesaxeb romlebic ishviatad ibadebian... "Sajaro biblioteka" ertaderti egzempliaria da isic sacavshi... madlobt cinascar.

    ReplyDelete
  2. მქონდა "დასახვრეტი საქმე", სწორედ პრეზენტაციის დღეს ვიყიდე. საოცრად საინტერესო და კარგად საკითხავი წიგნი იყო. სამწუხაროდ, ახლობლებმა დამიკარგეს. როგორც ხდება ხოლმე – გავანათხოვრე და მერე აღარ დამიბრუნეს, ისევე, როგორც ბევრი სხვა წიგნი. ხელახლა გამოცემას ნამდვილად ვემხრობი. :)

    ReplyDelete
  3. vgoneb aramarto imaze unda gaketdes aqcenti rom mama teodore „ლედ ზეპელინს“ უსმენდა,mtravari arsi mama teodoresi aris is rom is agesrula mowameobrivad misi sasamartlos kadrebi amis dadasturebaa!! is iyo martlmadidebeli beri da im chamyayebul komunistur xanashi is warsdga msoflios winashe tavisi didebulebit da agesrula mowameobrivad!!! arc shevardnadzis rolis ugulvelyofa sheidzleba - shevardnadzem faqtiurad ambri ukmia eshmaks " tvitmfrinavis bichebis" msxverplshewirvit xolo mama teodores daxvreta romelic saertod udanashaulo iyo pirdapir satanuri msxverplshewirva iyo berisa ritac shevardnadzem didi qulebi daiwera kremlis winashe asetive aqti ganaxorciela man nazi shamanauris msxverplshewirvit saocari jurnalistis simartlis madidebeli nazi shamanauris es sashineli wameba vgoneb ar unda iqnas daviwyebuli da pasuxi moetxovos am mdzor shevardnadzes aseve merab kostavas mkvlelobistvis romelshic aseve monawileobdnen rezo chxeidze da misi chatlashka shvili tamar chxeidze ase rom simartle yvelas axsovs ra rogor moxda da imedia rodisme mainc izeimebs

    ReplyDelete
  4. "dasaxvreti saqmis"eleqtronuli versia ar aris?

    ReplyDelete
  5. mama teodore usmenda ,,led zepelins'', is ertaderti mgvdeli iko romelic dadioda jinsebshi... chemi azrit man protesti im rejimis mimart sxvagvarad gamoxata, man anaporas sheapara tavi... ratqma unda es chemi piradi azria, mgvdlebi romlebic sulis gadarchenistvis zrunaven da beris cxovrebas ircheven isini protests ucxadeben amqveyniur cxovrebas da ara wyobilebas.ase rom mama teodorem rejimis winaagmdeg pirveli nabiji mgvdlad kurtxevisas gadadga.

    ReplyDelete
  6. ვწუხვარ, რომ ეს თემა მხოლოდ დღეს ვნახე, როცა შემთხვევით შვილის წიგნებში ჯინსების თაობას წავაწყდი, რომელიც არ მქონდა წაკითხული. წიგის წაკითხვის მერე გამიჩნდა სურვილი ინტერნეტში მომეძებნა მეტი ინფორმაცია და გუგლში ეკა ჩიხლაძე ჩავწერე, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ის პატარა გოგონა თავის დროზე საჭირო ინფორმაციებს და მასალებს მოუყრიდა თავს!
    მე ეს ისტორია მახსოვს. მაშინ 15 წლის ვიყავი, მაგრამ მახსოვს ისე, როგორც ყველა სხვას ტელევიზიით გადმოცემული, თან თბილისელიც არ ვარ, ვიწრო წრეში რომ სინამდვილესთან დაახლოებული რამ გამეგო.
    არ ვიცი ვინ როგორ თვლის, ფორუმებზეც გადავავლე თვალი კომენტარებს, სადაც ზოგიერთი დაუნი მათ დამნაშავეებად თვლის, რადგან ისინი შეძლებული ოჯახების შვილები იყვნენ და არაფერი უჭირდათ ამის გასაკეთებელიო! მე კი პირიქით ვიტყვი, სწორედ შეძლებული ოჯახების შვილებს ჰქონდათ შესაბამისი განათლება და სწორი ხედვა, ნორმალური და თავისუფალი ცხოვრების წარმოდგენა! სხვა დანარჩენ უმეტესობამ არაფერი ვიცოდით საბჭოთა ცხოვრების გარეთ რა ხდებოდა!
    მე პირადად მათ გმირებად ვთვლი, რომლებიც თავისუფლებისათვის დაიღუპნენ!

    ReplyDelete
  7. dzalian minda daxvretilta saqmis wakitxva dzlaian dzalian da ar vici sad vipovo... iqneb vinme damexmarot teoqartvelishvili2012@gmail.com

    ReplyDelete
  8. mec dzalian minda am wignis wakitxva da iqneb mitxrat sad vishovoo??

    ReplyDelete
  9. მე "ლედ ზეპელინს" და მძიმე როკის სხვა დინოზავრებს რომ ვუსმენდი კობზონის არსებობა არც კი ვიცოდი. კობზონს საქართველოში ვინ უსმენდა? მითუმეტეს ახალგაზრდობა... "პესნიარი", "სამაცვეტი", ტუხმანოვი, ანტონოვი ან სულაც გრებენშიკოვი ან "მაშინა ვრემენი" მაინც ეთქვა... კობზონს კომსომოლების შეკრებებზეც კი არ უსმენდნენ საქართველოში... რა საჭიროა ასეთი სიყალბე? ისიც პირველად გავიგე ბერისთვის "ლედ ზეპელინის" ფანობა მისი პიროვნების შეფასების კრიტერიუმად გამოეყენებინოთ... მეორეც, ყველას უპრობლემოდ შეეძლო საზღვარგარეთ წასვლაო - წასულიყვნენ მერე, მთელი თვითმფრინავის მგზავრების სიცოცხლე რატომ ჩააგდეს საფრთხეში? საკუთრი ოჯახების, მშობლების ბედი რატომ დაიკიდეს ფეხებზე, ხომ იცოდნენ რომ უსერიოზულესი პრობლემები შეექმნებოდათ? სიკვდილით დასჯის იდეური მოწინააღმდეგე ვარ, მაგრამ ამ ჯგუფის ნამოქმედარში თავისუფლების სიყვარულს კი არა ავადმყოფურ ეგოიზმსა და ცნობადობისაკენ მანიაკალურ სწრაფვას ვხედავ.
    ვიღაცას ხელოვნური გმირების გამოძერწვა ჭირდება, მაგრამ როგორც "მეფემ" ვერ ივარგა მეფედ, ისე ვერც ესენი გამოდგებიან გმირებად... სათანადო არგუმენტების უქონლობის გამო.

    ReplyDelete