„ტერორიზმს ეროვნება არა აქვს, მაგრამ ომმა მშვიდობიანი ადამიანები არ უნდა შეიწიროს“ – ამბობს თბილისის ჯუმა მეჩეთის ახუნდი, ალი ალიევი
საქართველოს მუსულმანთა მთავარი სასულიერო პირი, ახუნდი, ალი ალიევი რწმენით შიიტია, მაგრამ თბილისის ჯუმა მეჩეთი უნიკალურია იმის გამო, რომ აქ შიიტებიც და სუნიტებიც ერთმანეთის გვერდით ლოცულობენ. თბილისის მეჩეთი აშენებულია დაახლოვებით მე-17 საუკუნეში. მას რესტავრაცია 5-ჯერ ჩაუტარდა.
– ისეთი მნიშვნელოვანი განსხვავება არ არსებობს. საქართველოსთვის ამ რთულ სიტუაციაში მათ შორის დაძაბული ურთიერთობა არ არის და ისინი მეჩეთში ერთად ლოცულობენ.
– არსებობს თუ არა ისლამში სექტები, ისე, როგორც ქრისტიანობაში?
– რა თქმა უნდა, ისლამშიც არსებობს სექტები. საერთოდ, ეს ყველა რელიგიის პრობლემაა.
– ვაჰაბიზმი და „თალიბანი“ ისლამური სექტებია?
– რა თქმა უნდა, სექტებია.
– თქვენი აზრით, ფანატიკოსებსა და ტერორისტებს მხოლოდ ასეთი სექტები შობს?
– ეს მართლაც ასეა. საქართველოში ასეთი მუსულმანები არ ცხოვრობენ, რომლებიც ფანატიკოსები ან ტერორისტები არიან, ხოლო შემოსულებს ვერ ვაკონტროლებთ. არ ვიცით რას აკეთებენ. ჩვენ თვალ-ყურს მხოლოდ ადგილობრივ მრევლს ვადევნებთ. სექტანტები კი, როგორც გავიგეთ, რაღაცას აშენებდნენ და ბინძურ საქმეს აკეთებდნენ.
– თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აჭარაში თქვენთან შეუთანხმებლად აშენებენ მეჩეთებს?
– არა.
– ყველაფერი კანონის ფარგლებშია?
– დიახ, არ შეიძლება უკანონოდ იყოს, თუმცა ჩემთან ეს საკითხები არ თანხმდება, რადგან იქაც არსებობს სახელმწიფო ორგანიზაციები, რომელთანაც გვარდება ასეთი წამოწყება.
– ჰო, მაგრამ თქვენ ხომ საქართველოს ახუნდი ბრძანდებით?
– იქაც არის აჭარის ახუნდი, მაგრამ აჭარაც ხომ საქართველოა?
– თქვენი ნებართვით რამდენი მეჩეთი აშენდა საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში?
– საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე მე-5 წელია, რაც ჩვენი ორგანიზაცია არსებობს საქართველოში. ამ 5 წლის განმავლობაში ათამდე მეჩეთი ავაშენეთ, ზოგიერთები შევარემონტეთ, რესტავრაცია ჩავუტარეთ. ეს ძირითადად მარნეულსა და საგარეჯოში მოხდა.
– პანკისის მუსულმან სუნიტთა კავშირის ვაჰაბისტების ლიდერებთან ხომ არა გაქვთ კავშირი?
– ახლა პანკისის ხეობაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, არავისთან არა მაქვს კავშირი. ამბობენ, იქ ძირითადად ვაჰაბისტები არიან.
– ბატონო ალი, უჭერთ თუ არა მხარს აშშ–ს მიერ ტერორისტების წინააღმდეგ წამოწყებულ საომარ კამპანიას?
– ომი სხვა საქმეა და ტერორიზმის საწინააღმდეგო კამპანია – სხვა. იქ ახლა, მართალია, ტერორისტები არიან, მაგრამ ამერიკელების მიერ გაშვებული რაკეტები მშვიდობიან მოსახლეობასაც ანადგურებს. ჩვენი რელიგია, ისევე, როგორც სხვა რელიგიები, ომის წინააღმდეგ გამოდის და ადრეც გამოვდიოდით. ბრძოლა ტერორისტების წინააღმდეგ ცივილიზებული ხერხებიტ უნდა აწარმოო.
– გასაგებია, მაგრამ ტერორისტებმა ხომ ათასობით უდანაშაულო ადამიანი ამოხოცეს, როდესაც ამერიკაში ცათამბჯენები ააფეთქეს?
– მე ხომ არ ვამბობ, რომ ეს რეაგირების გარეშე უნდა დარჩეს. ტერორიზმს ეროვნება არა აქვს, მაგრამ ომის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდება, იღუპება. ეს ყველგან ხდება, როდესაც ტერორისტებს ებრძვი. აფხაზებთან ბრძოლაშიც ასე მოხდა. ტერორისტებთან ბრძოლა სხვაა, ომი კიდევ – სხვა.
– რას ნიშნავს ჯიჰადი, რომელსაც ისლამის მიმდევარი აცხადებს?
– რამდენიმენაირი ჯიჰადი არსებობს. პირველ რიგში, ადამიანი საკუთარ თავს უცხადებს ჯიჰადს, ანუ საკუთარ ცოდვებს უპირისპირდება. მეორენაირი ჯიჰადის გამოცხადება მხოლოდ სულიერ ლიდერს შეუძლია.
– ჯიჰადი უსისხლოა?
– რა თქმა უნდა, უსისხლოა და ის ცოდვას ებრძვის. ჩვენს რელიგიაში, როდესაც საკუთარ თავს ვნებ, დიდ ცოდვად ითვლება – თუნდაც თვითმკვლელობა, სხეულის წვალება და მსგავსი ქმედებები.
– უკანასკნელი მოვლენების დროს ქართველების მხრიდან ხომ არ ყოფილა ისლამის მიმდევართა შევიწროვების მცდელობა, როგორც ეს მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში მოხდა?
– ასეთი რამ არ მომხდარა. საქართველოში ძირითადად აზერბაიჯანელი მუსულმანები ცხოვრობენ, რომლებიც საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევენ. ჩვენ უკვე დიდი ხანია ერთად ვცხოვრობთ. ერთმანეთის ქორწილებსა და დაკრძალვებზე დავდივართ. შერეული ქორწინების შემთხვევებიც იყო. ქართველი ხალხი უდიდეს პატივს სცემს ჩვენს წეს-ჩვეულებებს, რწმენას, ისევე, როგორც ჩვენ ვცემთ პატივს ქართულ ტრადიციებს, ამიტომ არანაირი ექსცესი ჩვენს შორის არ ყოფილა.
დავით აღმაშენებელი მოინახულებდა ხოლმე მეჩეთს, სინაგოგას. ახლაც ქართველები გვეხმარებიან ხოლმე მეჩეთების მშენებლობასა და რესტავრაციაში. თუნდაც მარნეულში სხვადასხვა ქარხნების, ორგანიზაციების მართლმადიდებელი დირექტორები დიდი პატივით მიღებენ და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარების ხელს გვიწვდიან. ჩვენც გადაგვირიცხავს ფული ეკლესიის ასაშენებლად. ჩვენს შვილებს ურთიერთპატივისცემას ვასწავლით. ისლამი ძმობას ქადაგებს. ზოგიერთს ჰგონია, ყურანში წერია, რომ თითქოს თითოეულმა მუსულმანმა სხვა რჯულის ადამიანი უნდა მოკლას. ეს აბსოლუტური სიცრუეა, არაფერი მსგავსი არ წერია, უბრალოდ ზოგიერთს აწყობს ის, რომ ერთმანეთი დავხოცოთ. ჩვენ თუ ერთად ვცხოვრობთ, უფრო მეტი უნდა ვიცოდეთ ერთმანეთის შესახებ.
– ბატონო ალი, როგორი ურთიერთობა გაქვთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან?
– საუკეთესო. ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და ვსაუბრობთ. თუ ადამიანს საკუთარი რელიგია არ უყვარს, ის სხვისას პატივს არ სცემს.
No comments:
Post a Comment