Monday, October 22, 2001

„მერვეკლასელო“ სოსო ივანეიშვილმა უცნობ გოგონას მიუძღვნა, რომელიც მერე შეუყვარდა

„ცოის Восмикласница-ს თემა ავიღე და მერე ჩემებურად გადმოვაქართულე“

ჯგუფი „პულსი“ ერთ-ერთი პირველი როკ-ჯგუფია ქუთაისში. ის არ მიეკუთვნება არც მძიმე, არც ალტერნატიული ჯგუფების რიცხვს, რომლებიც საკუთარ თავში ძირითადად პროტესტს ატარებენ. „პულსი“ შეიძლება ისეთ კოლექტივად ჩაითვალოს, რომლის შემოქმედება თანაბრად შეიძლება მოეწონოს როგორც კლასიკური როკის, ასევე, პოპულარული მუსიკის თაყვანისმცემლებს. ჯგუფის ასეთი ზომიერება, რა თქმა უნდა, ემთხვევა მისი შემქმნელის, ფრონტმენის, გიტარისტის, კომპოზიტორისა და ტექსტის ავტორის, სოსო ივანეიშვილის ხასიათს, აგრეთვე, ცოტა არ იყოს, მის უცნაურ შინაგან სამყაროს.






















ლეგენდარული გიტარა, რომელზეც რობი კუხიანიძეც უკრავდა

სოსოს ლეგენდარულ გიტარაზე – როგორც მას ქუთაისში უწოდებენ – უკრავდა თითქმის ყველა, ვინც კი 80-იანი წლების მიწურულს ამ ქალაქში როკ-გიტარისტად თვლიდა თავს. ამ გიტარამ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ჯგუფ „აუტსაიდერის“ წარმატებაშიც, რადგან მისი ლიდერი, რობი კუხიანიძე მასზე წლების განმავლობაში უკრავდა. რამდენიმე წლის შემდეგ „აუტსაიდერმა“ საკუთარი გიტარა შეიძინა. პატრონისთვის გიტარის დაბრუნების მომენტს რობი ასე იხსენებს: „სოსოიამ მორიდებით მითხრა, ჩემი გიტარა მათხოვეო“.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ცნობილი ჰიტი „მერვეკლასელო“ სოსო ივანეიშვილის დაწერილია, მაგრამ არა იმ სახით, როგორიც ბაზრობაზე გავრცელდა. აი, რა მითხრა თავად ივანეიშვილმა ამ სიმღერის შესახებ:

„შენ იქნები პირველი, ვინც ნამდვილ ისტორიას მოისმენს. როდესაც ჯარში ვიყავი, ჩვენს ნაწილში ერთი ოფიცერი იყო, რომელიც ვიქტორ ცოისთან ერთად იყო გაზრდილი. ერთხელ მან ჩემს გიტარაზე დაკრულს მოუსმინა, შემაქო და მითხრა, მოდი, რაღაც თემა დაამუშავე, მაგალითად ცოის „ვასმიკლასნიცაო“. ავიღე და ჩემებურად გადმოვაქართულე. სიმღერა რომ კარგად მეგრძნო, ერთ გოგონას მივუძღვენი, რომელიც მაშინ არ მიყვარდა, მაგრამ სიმღერის დაწერის შემდეგ შემიყვარდა. საერთოდ არ ვაპირებდი „მერვეკლასელოს“ რეპერტუარში შეტანას, მაგრამ რობიმ („აუტსაიდერიდან“) მთხოვა, იმღერეო. მინდოდა მხოლოდ ჩემი ოთახის სიმღერა ყოფილიყო, მაგრამ სტუდიაში ჩაწერის შემდეგ ის შეუმჩნევლად სადღაც „გაძვრა“ და ვიღაცეებისთვის კომერციის წყაროდ იქცა. ამის შემდეგ ეს სიმღერა აღარ შემისრულებია“.

კომუნისტები, გველი და რწყილებიანი ძაღლები

სოსომ ჯგუფი „პულსი“ 1988 წელს ჩამოაყალიბა. როგორც თავად იხსენებს, მას და მის მეგობრებს სურდათ მუსიკის მოყვარულთა ორგანიზაციის გაკეთება, რომელიც სხვადასხვა მასობრივ ღონისძიებებს მოაწყობდა, მაგრამ მაშინდელმა ქალაქკომმა ამის ნება არ დართო. კომუნისტებმა ივანეიშვილს უთხრეს – ეს ახალგაზრდებს შორის ჩხუბსა და აურზაურს გამოიწვევსო.

სოსომ ორ ინსტიტუტში მიატოვა სწავლა და მთელი ყურადღება საკუთარ ჯგუფს დაუთმო. იმისათვის, რომ ჯგუფს ნორმალური ინსტრუმენტები ჰქონოდა, სოსო და „პულსის“ კიდევ ერთი წევრი მოსკოვში სამუშაოდ წავიდნენ. მოსკოვში სოსო გორკის პარკში საკმაოდ ეკზოტიკურ შენობაში ცხოვრობდა – ეს ავეჯის დამამზადებელი საამქროს ნახევრადსარდაფი იყო. ერთი კედლის მიღმა თურმე „ბომჟები“ ცხოვრობდნენ, რომლებიც, სოსოს განმარტებით, მართალია, ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ ძალიან უინტერესოები და არაშრომისმოყვარენი. „ერთმა მათგანმა მითხრა, რომ საერთოდ არ აინტერესებდა, ამ კედლის მიღმა რა ხდებოდა, ანუ მას არ აღელვებდა ის მშვენიერი გარემო, რაც შენობის გარეთ იყო. სწორედ მაშინ დავწერე სიმღერა „ამ კედელს იქით“. მოსკოვში ცოტაოდენი ფული შევაკოწიწე და ქუთაისში ინსტრუმენტი YAMAHA ჩამოვიტანე, რომელიც მაშინ ძალიან კარგ მოდელად ითვლებოდა“, – იხსენებს იგი.





















სოსო ივანეიშვილი წარმოშობით ტყიბულის რაიონიდანაა. მას ძალიან უყვარს ცხოველები. ხშირად მაწანწალა ძაღლებს წყალობს, რომლებსაც საკვებს უწილადებს, ან კიდევ ტროტუარზე ჩამომჯდარი, მათ მკბენარებისგან ათავისუფლებს. მისმა მეგობრებმა მიამბეს, თუ როგორ წააწყდა ერთხელ იგი სოფლის შარაზე შხამიან გველს, როგორ ჩაცუცქდა სოსო და საშიშ ქვეწარმავალს თვალებში ჩახედა. ამ გველს სოფლის მოსახლეობა მოსაკლავად დასდევდა. მეგობრების თქმით, იმ დღის შემდეგ გველი სოფლიდან გადახვეწილა.

საშინელ სიზმრებში ყოველთვის „მამაო ჩვენო“ მშველის

სოსოს „სიზმრების მეფესაც“ ეძახიან. ქუთაისში ცნობილია, რომ მას უცნაური სიზმრები ესიზმრება. თავად სოსო ამბობს: „როდესაც სიზმარში ვატყობ, რომ რაღაც განსაკუთრებულ ძალასთან მაქვს საქმე და არაფერი მშველის, „მამაო ჩვენო“ მახსენდება და ლოცვას ვიწყებ. შუა ლოცვისას კოშმარი წყდება, მეღვიძება და უკვე გაღვიძებული ვასრულებ ლოცვას. კოშმარების დროს ყოველთვის „მამაო ჩვენო“ მშველის. დღეს სოსო ისევ წასულია საქართველოდან, ამჯერად კიევში და იგივე მიზეზით – დაეხმაროს ჯგუფს.

ბლიც-ინტერვიუ

– „პულსი“ ვისი ან რისი გულისძგერაა?

– ეს არის მოძრაობის, ცხოვრების რიტმი და ცხოვრების მაჯისცემა.

– შენი სიმღერებიდან გამომდინარე, რატომ არ მიმართავ კომერციას?

– მაშინ საკუთარ სათქმელს ვეღარ ვიტყვი. მე არავის ვებრძვი და არც მინდა ვინმეს კონკრეტულად ვებრძოლო. ჩემი სიმღერა საკუთარ თავთან ბრძოლაა. მე უბრალო ცხოვრება მიყვარს და ბევრ ადგილას მიცხოვრია. საბოლოოდ კი მინდა ჩემი ჩანაწერის მოსმენისას ვინმემ საკუთარ თავშიც აღმოაჩინოს ის, რაც ჩემშია. მთავარია, ჩემი იდეა ადამიანებამდე მივიდეს, ხოლო ამის შემდეგ ამას სახლში თუ ავტობუსში მოუსმენენ, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.

– ჩვენს პირად საუბარში შენ სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლა ახსენე. რას გულისხმობდი?

– მათ შორის ძალზედ უმნიშვნელო ზღვარია. მე არა ვარ რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის წინააღმდეგი, მაგრამ ეს არის ჩემი თხოვნა ვიყოთ რელიგიაში, ჩვენს მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში.

– სად გირჩევნია ცხოვრება – ქალაქში თუ სოფლად?

– ჩემთვის ამას რეალური მნიშვნელობა არა აქვს. მე საქართველოში მინდა ვიცხოვრო. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი სამშობლოა.

1 comment: