Tuesday, October 30, 2001

არაკოლექტიური ცეკვა

მგონი ყველაფერი მოგწყინდა, თავად მოწყენაც კი. შენ დაიღალე, თვით ამდენმა დაღლამ გადაგღალა. ალბათ, საშინელებაა ყოველდღე ისტერიულ სიმართლეს უყურო – იმ სიმართლეებს, რომელსაც ყველა თავისთვის იგონებს. მოგონილი სიმართლე კი, რომელიც ადამიანის თვალებში, ყურებში და შენ წარმოიდგინე, თვით წვიმიან ამინდში, ტალახით გასვრილ ფეხსაცმელებში ტრანსფორმირდება, თავისი არაალტერნატიულობით ტვინს გიუპატიურებს მაშინაც კი, როდესაც შენ ამ ტალახის ჩამოწმენდას, ბაზრობაზე 25 თეთრად ნაყიდი ფეხსაცმლის საწმენდით ცდილობ.

ამდენ მოგონილ სიმართლეში ჩაკარგული, შენ გრძნობ, რომ მათ თანდათან ეგუები და პროტესტის გაუთვითცნობიერებელი გრძნობა გიჩნდება. თუმცა საკუთარი სიმართლე შენცა გაქვს, რომელიც თავად გამოიგონე და რომელსაც თანდათან ისე იჯერებ, რომ მის ჭეშმარიტებაში ეჭვიც კი არ გეპარება. ზოგისთვის ჭეშმარიტება ღმერთია, ზოგისთვის – მხოლოდ ფული და ინსტიქტი, ხოლო ზოგისთვის – საკუთარი გამოგონილი სიმართლე. ჰოდა, ასე ებრძვიან ერთმანეთს გამოგონილი სიმართლეები. ზოგიერთ მკვლელსაც კი თავისი სიმართლე აქვს, ამიტომ მას შეუძლია კაცი მოჰკლას და მართალი იყოს.

საოცარია, მაგრამ ბევრი წუწუნში ეძებს საკუთარ სიმართლეს, ანუ ჭეშმარიტების მარცვალს, მერე ჰგონია, რომ პოულობს. შენი აზრით, ყველას სიყვარული გვაკლია, ოღონდ თავადაც არ ვიცით რატომ და სწორედ ამიტომ მღერიან დღეს მარაზმულ სიმღერებს სიყვარულზე. სიმართლის მაძიებლები წუწუნის დროს კი რაზე აღარ ტირიან. თითქმის ყველა თაობაში მოიძებნება მოწუწუნე ადამიანი, რომელიც გულდათუთქული ჩივის, რომ ის არშემდგარი ან დაკარგული თაობის შვილია. შენ არ გესმის, რას ნიშნავს გამოთქმა „არშემდგარი“ ან „დაკარგული თაობა“. ფიქრობ, რომ ეს ხელმოცარული, პესიმისტურად განწყობილი ადამიანების სასოწარკვეთილი მოთქმაა.

თუკი მოგონილ სიმართლეებს ერთად შევკრებთ, მივიღებთ „რკინის ფარდას“, რომლის გარღვევასაც ცდილობდა ყველა თაობის ნორმალური წარმომადგენელი, მათ შორის, ცდილობდი შენც. თუკი ე.წ. „ჯინსების თაობას“ ამაში ხელს მაშინდელი სისტემა უშლიდა, შენ უსისტემობა გაბრკოლებს. ამიტომ გაურკვეველ მდგომარეობაში ხარ, ყურსასმენები გიკეთია და ბოლომდე ხმააწეულ მუსიკას უსმენ. გრძნობ, რომ მარტო არა ხარ და ეს ფაქტი საოცრად გსიამოვნებს. ინტერესით აკვირდები ყველაფერს მუსიკის ფონზე.

შენი რადიოს თავი ყველა სიხშირეზეა აწყობილი, ყველაფერს ისრუტავს და მასში ახალი კანონების იდეები ტრიალებს. ჩამოწოლილ სიჩუმეში, ღრმა მეწამულ ცაში შენ ხედავ, როგორ მიაპობს ეთერს ტყვიის დირიჟაბლი და ვარდისფერი ფლამინგო. მათი ცქერა გსიამოვნებს და აღარ ფიქრობ გამოგონილ სიმართლეებზე, რადგან ირგვლივ ყველაფერი ძალიან ბუნებრივია.

შენ ვიღაცეებისათვის აუტსაიდერად იქეცი. სურვილი გაგიჩნდა ამ სიმართლეების გარეშე იცხოვრო, უბრალოდ, ღმერთს მიენდო, რაც სულაც არ ნიშნავს უმოქმედობას, ან ხელების ჩამოყრას. სიმართლეების ადგილს რწმენა იკავებს და... რატომღაც გეშინიასავით სიტყვა „სიყვარულის“ წარმოთქმა, რომელიც ვიღაცეებმა ხელობად, ხელოსნობად გაიხადეს. ძლიერი სურვილი გაქვს, რომ ასეთი ადამიანები ამ ქვეყნიდან გაქრნენ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად უნდა მოკვდნენ ან დაიღუპონ, არა... უბრალოდ, უნდა გაქრნენ სადღაც, სადაც მხოლოდ ისინი იქნებიან.

მოგონილ სიმართლეს სიცრუის დეტექტორიც კი ვერ აფიქსირებს. ის უპირობო რეფლექსივითაა გამჯდარი სხეულსა და სამშვინველში. მხოლოდ სული გრძნობს ჭეშმარიტებას, ამიტომ უჩნდება სულიერ ადამიანს ჯანყისა და პროტესტის გრძნობა და მას ვერც ერთი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედება ვერ ჩაკლავს.

ჭეშმარიტება ცეკვას ჰგავს, ხოლო მოგონილი სიმართლე უშნო მანჭვა-გრეხას, სხეულის კიდურების წინასწარ მოფიქრებულ ტრაექტორიებს, როდესაც „მოცეკვავეს“ სახეზე დეგენერატული ღიმილი აქვს მიწებებული და არაფრისმთქმელ თვალებს უაზროდ აცეცებს.

შენ გააცნობიერე, რომ მოგონილი სიმართლეების გამო ხდება ყველა ომი დედამიწის ზურგზე, რადგან ყველა ომში ჩართული მხარე თავის სიმართლეს აწვება. საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს ყველა სექტა, თუ რელიგიური კონფესია, თქვენ წარმოიდგინეთ, ასტროლოგიც კი. საკუთარი მოგონილი სიმართლეები აქვს ყველა სახელმწიფოს, ამაზონის ჯუნგლებში მცოვრებ ინდიელთა ტომს თუ აფრიკელ კანიბალს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საკუთარ სიმართლეს მთელს მსოფლიოს მხოლოდ უძლიერესი მოახვევს და ეტყვის: კარგად შეინახე ეგ შენი სიმართლე, აი ნაღდი ჭეშმარიტებაო.

ხედავ, რომ მას, ვინც მოგონილი სიმართლეებით მანიპულირებს, არა აქვს არც თავმდაბლობა, არც სინანული. გესმის, რომ მისთვის მთავარია არა ინდივიდუალური, არამედ კოლექტიური აზროვნება, რადგან სურს მისი სიმართლე საყოველთაოდ მიღებულ შეხედულებად იქცეს.

ცეკვის საოცარი სურვილი გიჩნდება, ამიტომ მუსიკის მუსიკის ხმას კიდევ უფრო უწევ და ცეკვას იწყებ. ადამიანები გაოცებით შემოგცქერიან – გაგიჟდაო ალბათ.
 

No comments:

Post a Comment