Tuesday, April 9, 2002

აწეული კაბების კვალდაკვალ ანუ კომკავშირული სიყვარული არ დაფრინავს

საქართველო ლექსის ქვეყანააო – ამბობენ. ლექსი კი, მოგეხსენებათ, მრავალნაირია. იგი შეიძლება იყოს გენიალური და რაღაც გენიალურზე მეტიც. შეიძლება ლექსი იყოს კარგი, საშუალო დონის, ან სულაც პატიოსნად დაწერილი (ისეთი, რომ არ მოგწონს, მაგრამ წუნს ვერ დაუდებ), მოკლედ რომ ვთქვათ – ენის მცოდნე და რითმის პოვნაში გაწაფული კაცის დაწერილი.

შეიძლება კაცმა გარითმულად დაწერო, მაგრამ ეს იყოს არა ლექსი, არამედ ის, რასაც ტექსტს უწოდებენ ხოლმე. ქართულ ესტრადაში „ვარსკვლავები“, როგორც წესი, „ტექსტით“ კმაყოფილდებიან.

ტექსტი ლექსთან შედარებით თავის გამოხატვის პრიმიტიული საშუალებაა. იგი ყოველთვის ერთნაირად მარტივია და იმის მიხედვითაც შეიძლება დაიყოს, თუ როგორია მისი ავტორი. ტექსტები შეგვიძლია დავყოთ კატეგორიებად:

1. „ჯიგარი“;
2. ჩვეულებრივი;
3. უაზრო;
4. უზრდელური (უხამსი);
5. ტუტუცური (თავხედური);
6. მუხთალი (ვერაგული).

მივყვეთ თანმიმდევრობით:

1. „ჯიგარი“. ე. წ. „ჯიგარი“ ტექსტები საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია. სამწუხაროდ, თუნდაც პრიმიტიული, მაგრამ გულით ნათქვამი სიტყვები თანამედროვე ქართულ მუსიკაში თითქმის არ გვხვდება. ასეთ სიტყვებს უფრო ხალხურ სიმღერებში თუ წავაწყდებით: „ხოხბის ყელივით ლამაზი ქალი გადმადგა მთაზედა“, ან „მივალ გურიაში, მარა სულმა წინ-წინ გეიპარა“ და სხვა. რა თქმა უნდა, შიგადაშიგ ქართული მუსიკალური სცენიდანაც გვესმის ე. წ. „ჯიგარი“ ტექსტები. მაგალითად, „შენ იცხოვრე ჩემთან და მე მოგიტან წყალს“ (ირაკლი ჩარკვიანი), „მე ჩემს მოგონილ ზღაპარს, ვჩუქნი შენსავით ბავშვს, მე თქვენს დაგებულ მახეს ვამჩნევ და მაინც არ ვარიდებ თავს...“ (რობი კუხიანიძე), „ფიქრი რად უნდა დროს, დროს როცა უნდა თოვს“ (ნიაზ დიასამიძე) და ა. შ. მაგრამ ასეთი ტექსტები ძალიან მცირერიცხოვანია. დასაფიქრებელია, რატომ არ იწერება მეტი კარგი სიმღერა (უფრო კარგ სიმღერებზე აღარაფერს ვამბობთ). შეიძლება ამის მიზეზად ჩვენი ბედკრული ერის მცირერიცხოვნება მოგვეტანა, მაგრამ ამ ბოლო დროს მომღერლები ისეთი კატასტროფული სისწრაფით მომრავლდნენ, რომ სათქმელად ესეც აღარ დაგვრჩა. დღეს რაც საქართველოში ვარსკვლავებია, ჩვენისთანა მცირერიცხოვან ერს კი არა, ერთ-ორ იუპიტერისხელა პლანეტას გაანათებდა.

2. ჩვეულებრივი. „ჩვეულებრივი“ ლექსიც კი არ ვარგა და ტექსტზე რაღა გვეთქმის? მიუხედავად ამისა, ე. წ. ქართული შოუბიზნესი ამითაც კი არ არის განებივრებული. ამ კატეგორიაში ის ტექსტებიც იგულისხმება, რომელიც ჩვეულებრივ, ნორმალურ ადამიანს ნერვებს არ აუშლის და თუ მუსიკამაც ხელი შეუწყო, შეიძლება ესიამოვნოს კიდეც. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ: Wind-ის, „მწვანე ოთახის“, „მთვარის კლუბის“, „33ა“-ს, ბაკურ ბურდულის, „ვაკის პარკის“ და სხვების სიმღერები.

3. უაზრო. ძნელია გამოარჩიო უაზრო ტექსტები, როდესაც მათი უმრავლესობა უაზროა, მაგრამ ამ კატეგორიაში მაინც ყველაზე პოპულარულ „ვარსკვლავთა“ სიმღერები გამოირჩევა: „მარტო ჩემი საქართველო დასველდა“, „მახსენდება შენი სახე, ამას გეუბნები“ და სხვა, მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ სიმღერის ავ-კარგიანობა მხოლოდ ტექსტით და მელოდიით არ განისაზღვრება. თანამედროვე შოუბიზნესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომღერლის იმიჯსა და მის ყოფა-ქცევას. ამის გათვალისწინებით ბევრი „უაზრო“ სიმღერის ავტორი უფრო „ტუტუცურ“ და „მუხთალ“ კატეგორიებში მოხვედრას იმსახურებს.

4. უზრდელური (უხამსი). „უხამსობა“ ქართულ პოპულარულ სცენაზე, ერთი შეხედვით, არ არსებობს, მაგრამ თუ ამ საკითხს კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით, მაინც თვალშისაცემია. ზოგს ჰგონია უხამსობა რეპ და პანკ ჯგუფების პრეროგატივაა, მაგრამ დაკვირვებული მსმენელი ადვილად შენიშნავს, რომ ე. წ. ბოიბენდები ხშირად მიმართავენ ისეთ ორაზროვან გამოთქმებს, როგორებიცაა: „გინდა ეს“, „რამდენჯერ გავათავე“ და ა. შ.

























ხოლო ყველაზე უხამსი ტექსტი, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ესტრადის კორიფეს „უცნობს“ (იგივე „წიწიბურას“) ეკუთვნის. სხვათა შორის, უხამსობაში უზრდელური სიტყვები არ იგულისხმება. ბევრი პანკი თუ რეპერი უცენზურო სიტყვებით საკმაოდ მისაღებ აზრს გამოხატავს. ჩვენი აზრით, უხამსი აზრების შენიღბული გამოხატვა უფრო დიდი უზრდელობაა. ასეთი შენიღბული უხამსობის შესანიშნავი მაგალითია:

„მოდი გავაკეთოთ რამე ერთად,
მოდი აიწიე კაბა,
მოდი დაგახურავ საბანს“...

ან თუნდაც:
 
„ნუ მისცემ სხვას, ის მე არ მგავს“...

5. ტუტუცური (თავხედური). ამ ჟანრს საქართველოში დიდი ტრადიცია აქვს. იგი „უაზრო“ ტექსტთა კატეგორიას ენათესავება, თუმცა, უფრო დიდი პრეტენზიულობით გამოირჩევა. ამ ჟანრის კლასიკურ მაგალითებად შეიძლება გავიხსენოთ ობმოკიდებული, ძველი სიმღერების ფრაგმენტები: „თბილისი იყო ურთიერთობა კეთილშობილთა ყრმათა“, „ვინც დალია, ისევ იმან დალიოს“ და სხვა. ტუტუცური არა მხოლოდ სიმღერა შეიძლება იყოს, არამედ მთელი შემოქმედება და ეპოქაც კი. ასე დაუკითხავად თავის დროზე მოგვაბეზრეს თავი თავსმოხვეულმა ფილარმონიულმა მომღერლებმა. მაგრამ სამწუხაროდ, ეს ტრადიციადქცეული სიმახინჯე დღესაც წარმატებით გრძელდება. ძველი თაობა დღევანდელ თავკომბალებთან სიტუტუცით ახლოსაც ვერ მოვა.

ოო, რა კაია თავისუფლება!

6. მუხთალი (ვერაგული). დაბოლოს, ჩვენს მიერ შედგენილი კატეგორიათა უგვირგვინო მეფე: ეს კატეგორია თავის თავში მოიცავს მე-3 და მე-5 კატეგორიებს ერთად. ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 4, 5 და 6 კატეგორიების მკვეთრად გამიჯვნა შეუძლებელია. ამიტომ ამ კატეგორიაში შეიძლება გავაერთიანოთ ყველა ის ტექსტი, რომელიც თავისი უაზრობით, ტუტუცობით თუ სხვა (ობიექტურ თუ სუბიექტურ) მიზეზთა გამო განსაკუთრებით გვიშლიან ნერვებს, როდესაც ვერაგულად იჭრებიან ჩვენს ცხოვრებაში და „მოამბესა“და „კურიერს“ შორის ჩამოვარდნილ სიმყუდროვეს გვირღვევენ. ასეთი მუხთალი ტექსტია, მაგალითად:

„სიყვარული დაფრინავს, სიყვარული არ დადის, რატომ მიხმობ, რა გინდა, შენთანა ვარ მარადის. მზე ღრუბლებში დაცურავს, ქრება ფიქრის ღადარი, თუ სიმღერა დასრულდა გულში ცეცხლი რად არი“?

„სიყვარული დაფრინავს, სიყვარული არ დადის“ – მხოლოდ მუხთალსა და ვერაგს შეეძლო კომკავშირული არქივებიდან (სადაც ის თამრიკო გვერდწითელის პიონერულ შემოქმედებასთან ერთად განისვენებდა) ამოექექა და ჰიტად ექცია. იმ დროს ის მომღერალი თანმიმდევრულად და მიზანდასახულად გვაბეზრებდა ყოველივე წმინდასა და ამაღლებულს, ანუ იმას, რაც „დაფრინავს“ და „არ დადის“. ეს სიმღერა ხომ ახალგაზრდა კომუნისტურ („პლატონურ“) სიყვარულს გვახსენებს. დანარჩენ ტექსტზე მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ მისგან რაიმე დალაგებული აზრის გამოტანა შეუძლებულია (ვერაგობის კიდევ ერთი დასტური), ამიტომ აქ ვწყვეტთ ჩვენს განხილვას და თქვენც იგივეს გირჩევთ.

მავან ვერაგებს კი ვურჩევთ კომუნისტ პოლიტ-აგიტატორთა ოთახებში (იქნებ სადმე კიდევ შემორჩა) შეიხედონ. ეგებ სადმე 70-იანების „უკვდავ“ ჰიტს, „კომკავშირულ გულს“ წააწყდნენ და ახალი, საინტერესოდ გულისამრევი რემიქსი შემოგვთავაზონ.

© ჰუმანოიდი და მელომანი

No comments:

Post a Comment