ქართულ შოუბიზნესში
ახალ-ახალი ტერმინები ჩნდება. მათ შორისაა რუსული წარმომავლობის სიტყვა „ტასკა“, რომელსაც
ჩვენი მომღერლების ნაწილი ისეთ სიმღერებს აკერებს, სადაც ბევრი სევდა და კაეშანია.
„ტასკა“ სიმღერა დღევანდელ სევდიან საქართველოში კომერციულადაც მომგებიანია. ამ სვეტს,
ალბათ, ლუის კეროლის ზღაპრის „ალისას“ ერთ-ერთი გმირის, – ჩეშირელი კატის ღიმილი დაამშვენებდა.
საინტერესოა, როგორ შეიძლება მხატვარმა დახატოს გამქრალი კატა, რომელმაც ალისას ჰაერში
მოლივლივე ღიმილი დაუტოვა. ღიმილი ადამიანთა ცხოვრებაში, ძირითადად, კეთილგანწყობის
გამოხატვის სიმბოლოა. თუმცა ამის გარდა, არსებობს უამრავი ღიმილი, რომელიც მომღიმარის
სხვადასხვა ემოციას გადმოსცემს. არსებობს ცალყბა (ალბათ საინტერესოა, როგორ წარმოიშვა
ეს უცნაური სიტყვა), იქედნური, ქლესა ღიმილები, ამავე დროს, ადამიანს შეუძლია დაღრეჯა,
ჩაღიმება, ღიმილის სახეზე მიწებება და ა.შ. ღიმილი ზოგჯერ სიცილის პრელუდიაა და მას
შეიძლება თან მოჰყვეს ხარხარი, ჩაბჟირება, ხორხოცი, ჭიხვინიც კი. თუმცა სიცილის ნაირსახეობებზე
მეტად აღარ შევჩერდები.
ჩემო მეგობარო,
საქართველოს უახლოეს წარსულში, ყველაფერ უბედურებასთან ერთად, ღიმილის დეფიციტიც არსებობდა.
თვით ესტრადაზეც კი ფილარმონიული მომღერლები სახეგაქვავებულები, ტრაგიკული ხმებით უმღეროდნენ
ბედკრულ სამშობლოსა და უფრო ხშირად – დედაქალაქს (საინტერესოა, რა დააშავა ამბროლაურმა).
ტელევიზორებში ისინი ყოველთვის კულტურის ძეგლებთან (ასე ეძახოდნენ მაშინ ეკლესია-მონასტრებსა
და ციხე-კოშკებს), შადრევნებთან ან ბუჩქებთან მღეროდნენ. არავითარი ღიმილი, მათი შემოქმედებიდან
მხოლოდ ტრაგიზმი გამოსჭვიოდა. მსგავსი განწყობა ჰქონდა საზოგადოებასაც. მაშინ მაღაზიის
გამყიდველებიც კი აგრესიულები იყვნენ.
ე.წ. ქართული
შოუბიზნესის დაბადების შემდეგ, ესტრადის მომღერლებმა ბედკრული სამშობლოს თემა ბედკრული
სიყვარულის თემით შეცვალეს, რომელსაც განმარტება „ტასკა“ მიეცა. რაც უფრო „ტასკაა“
ანუ სევდიანია სიმღერა, მით მეტ პოპულარობას აღწევს. ასე რომ, ქართულ ესტრადაზე, პრაქტიკულად,
ნაღვლიანი განწყობილება არ შეცვლილა. თუმცა, ზოგიერთი მომღერალი ცხოვრების უკუღმართობის
გამო, გულდადუღრული მსმენელის გამხიარულებას ცდილობს, მაგრამ სცენაზე ან ტელევიზორში
მათი ასიმეტრიული კუნტრუშის (ე.წ. ცეკვის) და სახეზე მიწებებული უგერგილო ღიმილის შემხედვარე,
ისევ „ტასკა“ სიმღერების მოსმენა ჯობს. სასიამოვნო სანახავია, როდესაც არასრულწლოვანი
ან ბავშვი მშობლებს უმღერის, სადაც ამბობს, რომ ის მათი სიხარული, სიყვარულია, მაგრამ
როდესაც ამას ზრდადასრული ქალიშვილი სახეზე ღიმილმიწებებული იმეორებს, უნებურად ქართულ
ფილმ „უდიპლომო სასიძოში“ ცხონებული ვახტანგ ნინუას მიერ განსახიერებული ფერმის გამგე
ნიკოლოზი შეიძლება გაახსენდეს კაცს, რომელიც პატარა ძროხას (კარგად ვიცი, რომ ხბო ჰქვია)
ენამოქლესით ეუბნება: „ვაიმე, ლა ვუკო, ლაა!“
ტელეწამყვანებიც
დაუსრულებლად იღიმიან, ან ცალყბად გაღიმებას მაინც ცდილობენ. ჩემო მეგობარო, ადრე შენ
მითხარი, რომ უემოციო, სახეზე ხელოვნურად მიკერებული ღიმილის მიღმა ხშირად მომღიმარის
თავის ქალას, თეთრი ძვლების გროვას, როგორც რენტგენის აპარატში, ისე ვხედავო. ამიხსენი,
რომ ჩონჩხის ღიმილი გულს გირევს, რადგან თავის ქალას ყოველთვის ერთი და იგივე უემოციო
„მომღიმარი“ გამომეტყველება აქვს (დაღმეჭილია). ამავე დროს, მინდა შევნიშნო, რომ ასეთი
არტისტი „ტასკა“ სიმღერასაც ფსევდოემოციურობით, ყოველგვარი ტკივილის გარეშე მღერის.
შთაბეჭდილება რჩება, რომ მას საერთოდ ტკივილი არ განუცდია (თითიც კი არ გაუჭრია), სიხარულზე
ხომ ზედმეტია ლაპარაკი, რადგან ტკივილის გარეშე სიხარულის ფასს როგორ გაიგებ?
ღიმილის საყოველთაო
დეფიციტის ეპოქის შემდეგ თითქოს მოგვეცა შანსი, ესტრადაზე თუ არა, ქუჩაში მაინც გვევლო
გაღიმებულებს, მაგრამ ყველაფერი თითქმის უცვლელად დარჩა. მხოლოდ მაღაზიის ზოგიერთმა
გამყიდველმა ისწავლა გაღიმება, ისიც იმიტომ, რომ ბევრი პროდუქტი გაყიდოს და კლიენტი
არ დაკარგოს. ეტყობა, ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ გულწრფელი გაღიმება. საინტერესოა,
ჩვენი ესტრადისა და ტელევიზიის „ვარსკვლავების“ უმრავლესობა საოჯახო ფოტოებშიც ასე
ხელოვნურად იღიმება, როგორც ჩვენ ვხედავთ?
No comments:
Post a Comment