Wednesday, April 24, 2002

გზა ნიცშეს ზეკაციდან ღმერთამდე

მღვდელმონაზონ სერაფიმ როუზის ცხოვრება და მოღვაწეობა

ზოგიერთი ქართველი ქრისტიანისათვის არსებობს სტერეოტიპი, თითქოს მართლმადიდებლობა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის რელიგიაა და ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყნებშია გავრცელებული. თუმცა, თუნდაც ისეთ „არამართლმადიდებელ“ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა, იყვნენ და დღესაც მოღვაწეობენ ისეთი სულიერების მქონე მოძღვრები, როგორიც იყო მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი.

მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში მამა სერაფიმმა სახელი საკუთარი წიგნებით გაითქვა, რომლის წაკითხვის შემდეგ უამრავმა ადამიანმა მკვეთრად შეცვალა საკუთარი მსოფლმხედველობა და ქრისტიანულად დაიწყო ცხოვრება. უდიდეს ამერიკელ მოძღვარს პატივს მიაგებენ არა მარტო მის სამშობლოში, არამედ ევროპაში, ავსტრალიასა თუ აზიაში, რა თქმა უნდა, საქართველოშიც.

მამა სერაფიმეს საერო სახელი იყო იუჯინი. იგი კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში ჩვეულებრივ პროტესტანტულ ოჯახში დაიბადა. პატარა იუჯინი სკოლაში მრავალმხრივი ნიჭით გამოირჩეოდა, მასწავლებლები მას ხშირად აქებდნენ. ერთხელ დედამ უთხრა: ასე თუ განაგრძობ, შორს წახვალო, რაზეც იუჯინმა უპასუხა: „მე სხვა რამ მსურს – მინდა ბრძენი ვიყო“.

პროტესტანტულ სკოლაში იუჯინი ბიბლიის გაკვეთილებს ესწრებოდა და საღმრთო წერილის ზეპირად ციტირებით მშობლებს ხშირად აოცებდა. 14 წლისა მეთოდისტურ ეკლესიაში მონათლეს. იუჯინი უარყოფდა თანატოლების იდეალებს, რომლებიც მანქანებით დასეირნობდნენ, დისკოთეკებსა და სხვადასხვა წვეულებებზე ერთობოდნენ. ის კი მარტო დაეხეტებოდა ტყეში და ბევრს ფიქრობდა. მას ერთმა ნაცნობმა გოგონამ „არა ამ სოფლისაგანი“ უწოდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა იუჯინი ჯერ კიდევ ერისკაცი იყო.

1952 წელს როუზმა სწავლა კალიფორნიის უძველეს უნივერსიტეტში, პომონაში განაგრძო.

იუჯინი საკმაოდ სიმპათიური ყმაწვილი იყო დიდი, ფიქრიანი თვალებით, ადამიანებთან ურთიერთობაში – მორცხვი და მოკრძალებული. მან ხანგრძივი, დაძაბული თვითძიების პროცესი დაიწყო და ამ გზაზე პირველმა ნიცშემ გაიტაცა – ნიცშემ, რომელიც ქრისტიანობას დასცინოდა როგორც სუსტების რელიგიას და შექმნა ახალი – „ზეკაცის“ მოძღვრება. მიუხედავად ამისა, როუზის მეამბოხე სულისთვის ეს ცოტა იყო. მოგვიანებით წერდა: „მინდოდა მეპოვნა წარუვალი, ყოველდღიურ საზრუნავს მიღმა მდებარე სამყარო – იმ საზრუნავს მიღმა, სულს რომ მოსვენებას არ აძლევს და თავის შემდეგ მარტოოდენ ხრწნისა და ლპობის სუნს ტოვებს“.

კოლეჯში იუჯინი დაუმეგობრდა ქალიშვილს, სახელად ელისონს, რომელთანაც ბევრი რამ ჰქონდა საერთო და მას ერთადერთს ანდობდა საკუთარ აზრებს. ისინი ერთად დაეხეტებოდნენ ოკეანის სანაპიროზე და ბევრს საუბრობდნენ. სწორედ მაშინ შესთავაზა მას ელისონმა დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვების“ წაკითხვა. როუზის თქმით, ამ წიგნმა მას პირველად დაანახა მართლმადიდებლური სამყარო. იუჯინზე კიდევ უფრო ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა იოჰან სებასტიან ბახის მუსიკამ. ეს მძიმე პერიოდი იყო მის ცხოვრებაში, რადგან ღრმა დეპრესია დაეწყო, ხშირად თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა. ძირითადად დუმდა და საათობით უსმენდა ბახის მუსიკას. მეტაფიზიკური ცოდნის შესაძენად წიგნებს ჩაუჯდა. ფრანგმა მოაზროვნემ რენე გენონმა ახალგაზრდა როუზს ქრისტიანობისადმი ინტერესი საბოლოოდ განუმტკიცა, თუმცა მან იუჯინს ჭეშმარიტების სრული შეცნობის საშუალება ვერ მისცა.

პომონის შემდეგ 1956 წელს იუჯინი აღმოსავლეთმცოდნეობის აკადემიაში შევიდა, სადაც შეისწავლა ბუდიზმი, იუდაიზმი, ინდუიზმი, სუფიზმი და ა. შ. იმ პერიოდში იგი პირველად მოხვდა სან-ფრანცისკოს მართლმადიდებლურ ტაძარში. ამაზე მოგვიანებით წერდა: „როდესაც მართლმადიდებლური ტაძრის ზღურბლს პირველად გადავაბიჯე, რაღაც ისეთი ვიგრძენი, რაც არც ერთ ბუდისტურ ანდა დასავლურ ტაძარში არ განმიცდია. თითქოს გული მეუბნებოდა, ეს შენი სახლია და შენი ძიებაც დასრულდაო. მიკვირდა და ვერ გამეგო, რას ნიშნავდა ეს. ღმრთისმსახურება უცხო ენაზე მიმდინარეობდა. ამ პირველ განცდას ვერ ვივიწყებდი და ხშირად დავდიოდი ტაძარში, თანაც ენას ვსწავლობდი და ვკითხულობდი წიგნებს მართლმადიდებლობის შესახებ. ერთხელაც გონება გამინათდა: ჭეშმარიტება შეუძლებელია აბსტრაქტული იდეა იყოს, იგი ალბათ, რაღაც პიროვნულია – მეტიც, პიროვნება – მისი შეცნობა გონებით კი არა, გულით ხდება. ასე მივედი ქრისტემდე“.

1961 წელს, დისერტაციის დაცვის შემდეგ იუჯინს ბრწყინვალე კარიერას უწინასწარ-მეტყველებდნენ, მაგრამ მეცნიერებამ როუზს იმედები გაუცრუა. მან სწავლა შეწყვიტა და მთელი დრო მოანდომა მუშაობას წიგნზე – „სასუფეველი ცათა და სასუფეველი ღმრთისა“. მასში როუზმა მე-20 საუკუნის ძირითადი ფილოსოფია – ნიჰილიზმი ამხილა.

პარალელურად იუჯინი ფიზიკურადაც ბევრს მუშაობდა. ის იყო ჭურჭლის მრეცხავი და დამლაგებელი რესტორანში, ამავე დროს, მეეზოვეც, რათა საარსებო მინიმუმი ჰქონოდა. იმავე წელს როუზს მძიმე ავადმყოფობა აღმოაჩნდა, რომელიც ექიმებმა განუკურნებლად სცნეს და მისი მოახლოვებული სიკვდილი ივარაუდეს. ერთხელ იგი წიგნების მაღაზიაში შევიდა, სადაც ღვთისმშობლის ხატი ეკიდა. როუზმა მას შეწვნა სთხოვა და მოხდა სასწაული. იუჯინი სიკვდილს გადაურჩა და სასწაულებრივად განიკურნა.

1962 წლის 25 (12) თებერვალს როუზი მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი გახდა. მან მეგობართან, გლებ პოდმოშჩენსკისთან ერთად მართლმადიდებლური წიგნის მაღაზია გახსნა, რომელიც მალე ამერიკაში მართლმადიდებლობის ცენტრად იქცა. მათ მისიონერული საძმო ჩამოაყალიბეს, რომელსაც წმ. გერმანე ალასკელის (პირველი მართლმადიდებელი მქადაგებელი აშშ-ში) სახელი დაერქვა. 1965 წლიდან სულიერმა ძმებმა ჟურნალი „მართლმადიდებლური სიტყვა“ გამოუშვეს. ახალგაზრდა მეგობრები სულ უფრო ხშირად ფიქრობდნენ ბერობაზე, 1967 წელს ჩრდილო კალიფორნიაში მათ მონასტრისთვის ადგილი შეათვალიერეს და შეიძინეს კიდეც, თუმცა იქ საარსებო პირობები არ იყო. წყალზეც კი ორი მილის სიშორეზე დადიოდნენ. 1970 წელს ისინი ბერებად აღიკვეცნენ. იუჯინს სერაფიმე (წმ. სერაფიმე საროველის სახელი) უწოდეს, გლებს კი გერმანე. მონასტერში გატარებული ყოველი დღე მამა სერაფიმეს დიდ სიხარულს გვრიდა. მან მთის ფერდობზე საკუთარი ხელით აიშენა სენაკი. ადამიანებთან ურთიერთობაში იგი ძალიან უბრალო იყო, დროს არასოდეს კარგავდა ამაო საუბრებში და რაიმე საკითხებზე საკუთარ აზრს იშვიათად გამოთქვამდა.

1977 წელს მამა სერაფიმე და მამა გერმანე მღვდლებად აკურთხეს. ამავე წელს ძმებმა საზაფხულო სასულიერო სკოლა დააარსეს. შემდეგი 5 წლის განმავლობაში მამა სერაფიმემ და მამა გერმანემ 100-ზე მეტი ადამიანი მონათლეს. რაც მეტ სულიერ გამოცდილებას იძენდა მამა სერაფიმე, მით ნათლად ხედავდა, თუ რა უშლის ხელს თანამედროვე ქრისტიანს სულიწმინდის მოპოვებაში. იგი ხშირად მიმართავდა მრევლს არ დამორჩილებოდნენ ტელევიზიისა და პოპ-მუსიკის „ლამაზი“ სამყაროს ცდუნებებს. ამხელდა გაბატონებულ ცხოვრების წესს, რომელიც ადამიანს ღმერთს ავიწყებს და ხელს უშლის სერიოზულ სულიერ საკითხებზე დაფიქრებაში.

1982 წელს მამა სერაფიმეს მუცლის არეში ძლიერი ტკივილები დაეწყო. იგი სენაკში ჩაიკეტა და დიდხანს ლოცულობდა – არ უნდოდა ვინმე თავისი ავადმყოფობით შეეწუხებინა. ძმებმა მაინც გაიგეს ეს ამბავი და საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია გაუკეთეს. ექიმებმა ძმები გააფრთხილეს, რომ მისი გადარჩენა თითქმის შეუძლებელიაო. 2 სექტემბერს (20 აგვისტოს), 48 წლის ასაკში მამა სერაფიმე აღესრულა. მიცვალებულს სახეზე მშვიდი, ნეტარი რიმილი ეფინა.

2 comments:

  1. ,,Father Seraphim Rose: His Life and Works" ეს წიგნი მათხოვა მეგობარმა და დღმდე მახსოვს ის საოცარი შეგრძნება რაც მაშინ მქონდა. ჩემი საყვარელი ღირსი მამა გახდა. დიდხნას მობილურში მქონდა მისი სურათები. კარგი სტატია:)

    ReplyDelete
  2. მამა სერაფიმე როუზი-სული გარდაცვალების შემდეგ ეს წიგნი სად შეიძლება ვიშოვო ან ინტერნეტში თუ შეიძლება ვნახო???

    ReplyDelete