Monday, April 22, 2002

მუსიკის გაკვეთილი – ო, რა ბანძია!

რამდენიმე ეპიზოდი არჩილ შოთას ძის შემოქმედებიდამ

ბედნიერებაა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც აბსოლუტურად ყველას აქვს შესაძლებლობა დადგეს ტრიბუნასთან ან სცენაზე, საჯაროდ ილაპარაკოს და იმღეროს ყველაფერი, რაც მას (ან სხვას) თავში მოუვა. შინაარსიანი იქნება მისი გამოსვლა თუ უშინაარსო, მაინც დაფნის გვირგვინი ხვდება წილად. ეს განსაკუთრებით დიდი ბედნიერებაა მათთვის, ვისაც თავში არაფერი უძევს განდიდების მანიის გარდა. და, რადგან ასეთი ადამიანები, ანუ ისინი, ვისაც თავის ცხოვრების ქვაკუთხედად მუსიკა მიუჩნევიათ, ჩვენში არნახულად მომრავლდნენ, გადავწყვიტეთ, დავეხმაროთ მათ და დამწყებებსაც სიმღერის ტექსტის შექმნის ტექნოლოგიის დაუფლებაში. ეს საქმე არც ისე რთულია, როგორც „ვარსკვლავები“ ფიქრობენ (იხ. ვარსკვლავთმრიცხველი ნოსტრადამუსის ნაშრომების XXVI ტომი). ამაში რომ დავრწმუნდეთ, მოდით, განვიხილოთ ქართული მუსიკალური სინამდვილის ნაღების (ელიტის) ცალკეულ წარმომადგენელთა, კერძოდ, ბატონ არჩილ შოთას ძე მეფარიძის ჰიტი „ო, რა კაია!“

ო, რა კაია!
ზღვის ჩუმი მუსიკა – ო, რა კაია!
და გვათბობს ოქროსფერი ნაპირი.
მე მახსოვს ყველაფერი და მიხარია,
შენ სიყვარულს რომ დამპირდი.
შენ ჩუმად მეფერები, – ო, რა კაია!
მე მომწონს შენი თმების სურნელი.
და შენი ცხელი კოცნა, – ო, რა კაია!
ამას ჩუმად გეუბნები.
(მისამღერი):
ზღვა და მზე, თოლიების ფრენა,
მთელი დღე ცხელ ქვიშაზე ცეკვა.
მე და შენ, რა კარგია ერთად,
შენ ჩემი სიყვარულის გჯერა. (2-ჯერ)
მზიანი ამინდია, – ო, რა კაია!
და ჩუმად შრიალებენ პალმები.
იცოდე ყველაფერი შენი ბრალია,
სხვას მე ვერ შევიყვარებდი.
ზღვა ჩვენმა სიყვარულმა სულ გადარია
და ნიავს მოაქვს ჩვენთვის ჰანგები.
მე შენთან ცეკვა მინდა, – ო, რა კაია!
სხვას არაფერს ვინატრებდი.
(მისამღერი 2-ჯერ)

პირველ რიგში, დამწყებ მომღერალთა სასიხარულოდ უნდა შევნიშნოთ, რომ, როგორც ირკვევა, თანამედროვე ქართული სიმღერის დასაწერად სრულიად არ არის აუცილებელი რაიმე წარმოდგენა გვქონდეს ლექსზე ან მისი წერის ხელოვნებაზე (ტექნიკაზე). ზედმეტია იმის ცოდნა, რა არის რითმა, რიტმი, მეტრი და ა. შ. „თხზულების“ მეორე სტროფში ავტორს ერთმანეთთან გაურითმავს „ო, რა კაია“ და „ო, რა კაია“, რაც „გენიალურ“ რითმად ჩაითვლებოდა, თუ ყურადღებას არ მივაქცევთ იმ „უმნიშვნელო“ წვრილმანს, რომ ეს ერთი და იგივე ფრაზაა. აქვე ავტორი ერთმანეთს ურითმავს სიტყვებს: „სურნელი“ და „გეუბნები“, საბოლოო ჯამში კი ასეთ „ხელიხელსაგოგმანებელ“ სტროფს ვიღებთ:

„შენ ჩუმად მეფერები, – ო, რა კაია!
მე მომწონს შენი თმების სურნელი.
და შენი ცხელი კოცნა, – ო, რა კაია!
ამას ჩუმად გეუბნები“.

ამაზე ნაკლები რითმები არც სხვა სტროფებშია: „პალმები“ – „შევიყვარებდი“, „ჰანგები“ – „ვინატრებდი“.




















„სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში“ ჩვენ ბევრჯერ გადავიკითხეთ „ო, რა კაია!“ და მივხვდით, რომ ამ სიმღერის სრული პრომოუშენისთვის აუცილებელია ვიდეოკლიპი, რომლის სცენარსაც უფასოდ ვთავაზობთ ბატონ არჩილს, ხოლო მისი გადაღება ქალბატონ ბასა ფოცხიშვილისთვის მიგვინდვია. „ო, რა კაია!“ საკმაოდ მსხვილბიუჯეტიანი კლიპი იქნება.

ყველამ კარგად ვიცით, რა ზღვა ენერგიის პატრონია ბ-ნი არჩილი („ზღვასავით კაცია“) ამიტომ კლიპში მას ზღვისფერი სამოსი მოუხდება. დარწმუნებულები ვართ, მას ბატონი ავთანდილ ცქვიტინიძე შეკერავს. მაშ ასე:

კლიპის პირველ კადრში მომღერალი ოქროსფერ პლაჟზე წითელ როიალთან ზის და მღერის. მეტი ეგზოტიკისათვის მიკროფონის მაგივრად ხელოვნური ბანანის გამოყენებაც შეიძლება. იმ დროს, როდესაც არტისტი წაიმღერებს „და გვათბობს ოქროსფერი ნაპირი“, კომპიუტერული გრაფიკის მეშვეობით პლაჟი თანდათან უნდა შემოეხვიოს მხრებზე ბ-ნ არჩილს მოსასხამივით (ითქოს ათბობს). სიტყვების „მე მახსოვს ყველაფერი და მიხარია, შენ სიყვარულს რომ დამპირდი“-ს შემდეგ მომღერალი ტოვებს როიალს, ფეხზე წამოიჭრება და სიხარულისგან როკვას იწყებს (სასურველია გამოყენებულ იქნას რუსული ცეკვა „კაზაჩოკის“ ილეთები). ამ დროს როიალი ჩუმად თავისთვის განაგრძობს დაკვრას.

„შენ ჩუმად მეფერები, – ო, რა კაია! მე მომწონს შენი თმების სურნელი“-ს წარმოთქმისას არტისტს უკნიდან ჩუმად მიეპარება ვარდისფერებში ჩაცმული 50-60 წელს გადაცილებული მანდილოსანი და მოხტუნავე მომღერალს ზურგზე ჩუმად ეფერება. ეს უკანასკნელი მას ვერ ამჩნევს და მხიარულ როკვას განაგრძობს.

გადაღების ორგანიზატორებს სპონსორობისთვის შეუძლიათ მიმართონ კომპანია „პროქტერ ენდ გემბლს“ და კლიპის გმირ ქალბატონს ხელში „ჰედ ენდ შოლდერსის“ შამპუნი დააჭერინონ. ამის შემდეგ ბ-ნი არჩილი მიუბრუნდება (შეამჩნევს) უკნიდან მიპარულ მანდილოსანს და თმებზე ყნოსავს.

სიტყვების „და შენი ცხელი კოცნა, – ო, რა კაია! ამას ჩუმად გეუბნები“-ს ფონზე ოთახში ჩანს საუთოო მაგიდა და მანდილოსანი, რომელიც ოქროსფერ მოსასხამს აუთოებს. ჩანს, რომ მას ძალიან ცხელა და ოფლი ღვარ-ღვარად ჩამოსდის. სიცხისგან გათანგული, გაოფლილი და აღგზნებული ქალბატონი არტისტს უახლოვდება და მხურვალედ კოცნის. ამის შემდეგ მომღერალი მანდილოსანს ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებს, რაც ყველასთვის საიდუმლოდ უნდა დარჩეს. ამ სცენის შემდეგ კადრში წესით საწოლი ოთახი უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ, რადგან ტექსტის ავტორი კვლავ პლაჟს უბრუნდება, ჩვენც იძულებულები ვართ კვლავ ტროპიკებში ერთ-ერთ ზღვისპირა ბუნგალოსთან გადავინაცვლოთ, რომლის თავზეც თოლიები ფრენენ („ზღვა და მზე, თოლიების ფრენა“).

ქვიშას ალმური ასდის, წყვილი თავდავიწყებით ცეკვავს („მთელი დღე ცხელ ქვიშაზე ცეკვა“). ოღონდ ამ შემთხვევაში მანდილოსანს შამპუნის ნაცვლად ერთ ხელში უთო, ხოლო მეორეში კი „ტეფალის“ ფირმის ტაფა (ისიც ცხელი) უჭირავს. სიტყვების „მე და შენ, რა კარგია ერთად, შენ ჩემი სიყვარულის გჯერა“-ს ფონზე ქალი მოჭარბებული სიყვარულის გამოსახატად მომღერალს თავში ტაფას ურტყამს („бьёт, значит любит“), მას კი მაინც უხარია. ცემა-ტყეპა ჩუმად მოშრიალე პალმების ფონზე („და ჩუმად შრიალებენ პალმები“) იმ ზომამდე აღწევს, რომ სიტყვების „იცოდე ყველაფერი შენი ბრალია, სხვას მე ვერ შევიყვარებდი“-ს წამღერებისას ბ-ნ არჩილ შოთას ძეს ხელფეხი თაბაშირში აქვს, თავზე მოზრდილი კოპები აზის, სახის სხვადასხვა ადგილებზე თავს იწონებენ სამედიცინო იზოლენტებიანი საფენები. მას ხელში საყვარელი ქალის სურნელოვანი თმები ჩაუბღუჯავს და ნეტარი სახით ყნოსავს.

ამ დროს არტისტის გაშმაგებული სიყვარულის შემხედვარე ზღვა „სულ გადაირევა“ („ზღვა ჩვენმა სიყვარულმა სულ გადარია“): ისმის ჭექა-ქუხილის გრგვინვა, წყლიდან ნეპტუნი ამოიმართება, თავისი სამკაპით დასწვდება და არჩილ შოთას ძეს „აბობოქრებულ ზღვაში ატარებს“. ეს უკანასკნელი კი, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ტრავმირებულია, ხოლო აბობოქრებული ტალღები და ნეპტუნი მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან, მაინც ჯიუტად გასძახის ნაპირზე ეულად შთენილ უთმო გულისსწორს: „მე შენთან ცეკვა მინდა, – ო, რა კაია! სხვას არაფერს ვინატრებდი“. ამის შემდეგ ის გაბადრული სახით და „ო, რა კაიას“ ძახილით ზღვის სიღრმეში ინთქმება.

სიმღერის ფინალში კვლავ გამოდის მზე, ისევ ჩუმად შრიალებენ პალმები, ხოლო პლაჟზე ობლად დგას წითელი როიალი და მიკროფონის სადგარზე ბანანი, ცაზე კი ფოიერვერკები ფეთქავს.

ასე მთავრდება ეს მხიარული, მაგრამ „ტასკა“ სიმღერის კლიპი. როგორც ვხედავთ, არც ფორმით და არც შინაარსის მხრივ ლექსის დაწერა სირთულეს არ წარმოადგენს, ამიტომ დამწყებ მომღერლებს ვურჩევთ, ტექსტებში ფული ტყუილუბრალოდ არ დახარჯონ. ამისთვის მათ მხოლოდ რამდენიმე ფსევდოპოპულარული სიტყვა უნდა იცოდნენ და სიმღერაში ისინი დაუფიქრებლად მიმოფანტონ. თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ სიმღერის ტექსტს:

ო, რა ბანძია!
მე მიყვარს შენზე ოცნება,
თავს ვერ ვანებებ ძალიან, – ო, რა ბანძია!
მაშინ მითხარ და წახვედი,
რომ გული გტკივა ძალიან, – ო, რა ბანძია!
რა თბილი ამინდებია,
ეს თბილი გულიც გამათბობს.
მახსენდება თბილისი,
ივლისი და აგვისტო.
რა დამავიწყებს შენს ლამაზ ტუჩებს,
მოგონებები არ მასვენებენ, – ო, რა ბანძია!
მე ვერ ვივიწყებ იმ ლამაზ ქუჩებს,
სადაც ჩვენ ერთად გვივლია, – ო, რა ბანძია!
სიზმარში ვნახე მე ზღვის ნაპირი,
წვიმდა და თოვდა გადაუღებლად, – ო, რა ბანძია!
მე გამიცივდა ეს ჩემი გული,
ალბათ, შენც იგივე დაგემართა, – ო, რა ბანძია!

© ჰუმანოიდი და მელომანი

No comments:

Post a Comment