Sunday, September 21, 2014

„შუქი მოვიდა“ – ქართულ-ფრანგული ალტერნატივა

ქართულ თანამედროვე ალტერნატიული მუსიკის ისტორიაში ჯგუფი შუქი მოვიდა“, ალბათ, ის ერთადერთი გამონაკლისია, რომელიც არაქართველმა, კერძოდ, საფრანგეთის მოქალაქემ ჩამოაყალიბა. ფრედერიკ, იგივე, ფრედი პაიანი საქართველოში 1995 წელს ჰუმანიტარულ ორგანიზაციას ჩამოჰყვა. მან მალე შეისწავლა ქართული ენა, შეიძინა ქართველი მეგობრები და ჯგუფიც ჩამოაყალიბა, რომელსაც შუქი მოვიდა“ დაარქვა. ეს ფრაზა 1990-იან წლებში ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ხშირად წარმოითქმებოდა. აღნიშნულ ათწლეულში საქართველოს ძალიან უჭირდა და ენერგოკრიზისის გამო ელექტროენერგია ხშირად ითიშებოდა. დენის ჩართვისას კი მთელი ქუჩა, უბანი ერთად ყვიროდა: შუქი მოვიდა!

ფრედი პაიანის გარდა, შუქი მოვიდა“-ს წევრები იყვნენ და არიან: დავით ხოსიტაშვილი (გიტარა), გიორგი გობეჯიშვილი (ბასი) და კიდევ ერთი ფრანგი ივონ კაბაკოვი (დასარტყამები). ჯგუფის ქართულენოვანი სიმღერების აბსოლუტური უმრავლესობა ირონიულად ასახავს 1990-იანი წლების ყოველდღიურობას, ადამიანთა მაშინდელ ყოფას. ფრედი პაიანი მღეროდა ენერგოკრიზისზე, იმ ათწლეულის ყველაზე პოპულარულ საბჭოთა მანქანა ჟიგულიზე, ნაყინზე, ხალხით გადაჭედილ სამგზავრო სამარშრუტო ტაქსებზე (მინიბუსებზე), მოსახლეობაშ ყველაზე გავრცელებულ ნავთქურა ტურბოზე, რომელიც ზამთრობით ბევრისთვის გათბობის ერთადერთი საშუალება გახლდათ, აგრეთვე, ხაჭაპურზე, ბორჯომზე, კაქტუსებზე თუ ჩურჩხელებზე...

თავის სიმღერებს ფრედი ფრანგული აქცენტით მღერის და ყველა, ვინც კი უსმენს, აუცილებლად იცინის ან იღიმის მაინც. კვარტეტს ორი ოფიციალური ალბომი აქვს გამოშვებული: შუქი მოვიდა და გულზე მოგეშვება. ჯგუფმა იმ მძიმე, ხშირად სასტიკ რეალობაზე, ომელი ირგვლივ სუფევდა, ქართველების გაცინება შეძლო, ამიტომ მსმენელმა ეს ფრანგულ-ქართული პროექტი ძალიან შეიყვარა. 2000-იანების დასაწყისში ფრედი სამშობლოში დაბრუნდა და ჯგუფის შემოქმედებითი პროცესი შეწყდა. თუმცა 11 წლის შემდეგ საქართველოს მონატრებული ფრანგი მუსიკოსი ისევ ჩამოვიდა თბილისში და 4 საკლუბო კონცერტი გამართა, რომელთაც ბევრი მაყურებელი დაესწრო. ამჯერად მუსიკოსი ისევ საფრანგეთშია, მაგრამ, სავარაუდოდ, გაისად ახალ ალბომის ჩასაწერად ისევ დაბრუნდება და ჯგუფთან ერთად იმუშავებს.

ჟურნალი „თბილისი Out“ #42, სექტემბერი, 2014 წელი

მოუსმინე:

Tuesday, July 1, 2014

„მუღამში მყოფთა“ „მედიტაციები“

საინტერესო თბილისური ინგლისურენოვანი ჯგუფი The Groove სულ რაღაც წელიწადნახევარია არსებობს. სეპტეტი სადებიუტო ორმაგ ალბომს Meditate „ბრავო რექორდსის“ სტუდიაში თითქმის 6 თვე იწერდა. აუდიო კომპაქტ-დისკზე ჯგუფის 12 სიმღერაა წარმოდგენილი, ხოლო DVD-ზე მათი ვიდეო Run, Forrest, Run შევიდა, რომლის რეჟისორია ბასა ფოცხიშვილი. The Groove-ს წევრები არიან: გიორგი ვახტანგიშვილი (რიტმგიტარა, სიმღერების ავტორი), გიორგი მეფისაშვილი (ვოკალი), ანი კეკუა (ვოკალი), ირაკლი გაფრინდაშვილი (სოლოგიტარა), ლევან მიქაბერიძე (ბასგიტარა), პაპუნა შარიქაძე (კლავიშებიანი ინსტრუმენტი) და გიორგი გვანცელაძე (დრამი). ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდნენ დრამერები – რევაზ ედგარიძე, ზაზა ცერცვაძე და ბასისტი ლევან დეისაძე.
The Groove
„ბრავო რექორდსის“ თაოსნობით, ახალი ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი ჯგუფმა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გამართა, სადაც ალბომში წარმოდგენილი ყველა სიმღერა შეასრულა. კონცერტის ბოლოს კი ხელმოწერის წვეულება, ე.წ. საინინგფართი გაიმართა. დისკი უკვე იყიდება საქართველოს მუსიკალურ მაღაზიებში. ალბომის თანდართულ ბუკლეტში The Groove-ს სახელით წერია: „ბენდის სახელწოდება ჩვენი ერთობლივი შემოქმედების აღქმიდან გამომდინარეობს – შემოქმედებით პროცესს „მუღამში ყოფნას“ (grooving) ვუკავშირებთ. ალბომს მისი ერთ-ერთი შემადგენელი სიმღერის Meditate (მედიტირება), სახელი ჰქვია. ეს სახელი საკმაოდ კარგად ასახავს ჩვენს განწყობას ამ ალბომის მიმართ და, ზოგადად, ჩვენს მდგომარეობას მასზე მუშაობის დროს“.

ალბომში The Groove-ს მუსიკა მრავალჟანრიანია. მიუხედავად ამისა, ისიც იგრძნობა, რომ მისი წევრები უპირატესობას როკს ანიჭებენ. მაგრამ ეს არაა მკვეთრი ან აგრესიული ჟღერადობის მუსიკა, არამედ მელოდიური პოპროკია, რომელშიც სხვადასხვა დოზით გემოვნებით გაზავებულია სოულის, ფანკის, ბოსანოვას ელემენტები. მეტად სასიამოვნო ბალადებია Memories, This Love და My Friends. ძალიან კარგი სიმღერაა Change, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში ცვლილებების აუცილებლობაზეა. ალბომი შეიძლება მოეწონოთ ინდიროკის მოყვარულებსაც.

Tuesday, June 24, 2014

გიული ჩოხელი – ქართველი ჯაზდივა

მაღალი დონის ხელოვანი თავისი კარიერის განმავლობაში ზოგჯერ დიდი ხნით უჩინარდება ხოლმე. გარკვეული დროის შემდეგ, რაღაც მოვლენის ან შემთხვევის წყალობით, საზოგადოება ხელახლა აღიარებს მას. 1960-იანი და 1970-იანი წლების პოპულარული ქართველი ჯაზმომღერალი ქალი გიული ჩოხელი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩრდილში იყო და მსმენელს მისი არსებობა თითქმის მიავიწყდა, თუმცა რამდენიმე თვის წინათ საზოგადოებრივ არხზე გასული ბიძინა მაყაშვილისა და ლევან კიტიას დოკუმენტური ფილმის, „ეს იყო სიზმარი“ წყალობით, რომელშიც ჩოხელის დღევანდელი ცხოვრებაა ასახული, ქართველმა მსმენელმა უნიჭიერესი მუსიკოსი ხელახლა აღმოაჩინა და მისი მოსმენა დაიწყო.

გიული ჩოხელი მეუღლესთან, მუსიკოს ბორის რიჩკოვთან ერთად
გიული ჩოხელი სცენაზე 1960-იან წლებში გამოჩნდა და უდიდეს საერთაშორისო აღიარებას და პოპულარობას მიაღწია, განსაკუთრებით 1978 წელს, როცა ფესტივალ „სოპოტის“ გრან-პრის მფლობელი გახდა. ამერიკაში მას „ჯაზის ლეგენდაც“ კი უწოდეს და რამდენიმე კომპაქტ-დისკიც გამოსცეს. კარნეგი ჰოლში, სადაც გიული ჩოხელი საერთაშორისო ჯაზფესტივალის საპატიო სტუმარი იყო, მას ჯაზმენ უილის კანოვერის მიკროფონი გადასცეს. სსრკ-ში სუფთა ჯაზკარიერის გაკეთების უფლებას ბოლომდე ვერავის აძლევდნენ და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანებისთვისაც კი ერთგვარად სავალდებულოც იყო, ხარკი გადაეხადათ ე.წ. ესტრადისთვის, ანუ პოპულარული სცენისთვის. გიული ჩოხელი, როგორც ჯაზმომღერალი, ევროპის ესტრადის მომღერალთა საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა. მას რამდენიმე ფირფიტა აქვს გამოცემული. მისი შემოქმედების ყველაზე საინტერესო სიმღერებია: „პაემანზე“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ეს იყო სიზმარი“, „სიყვარულის ვალსი“ და სხვები, რომელთაც მომღერალი განუმეორებლად თბილი და, ამავე დროს, ძლიერი ხმით, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილით ასრულებს.

გიული ჩოხელი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ხელოვანია. იგი წერს ლექსებს და გამოსაცემად ამზადებს პოეტურ კრებულს, ხატავს პოლიეთილენის პარკებით (ჰქონდა რამდენიმე გამოფენა აშშ-ში და საქართველოში), ამავე დროს, რეჟისორიც გახლავთ და 17 მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ავტორია. უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა სასცენო კოსტიუმი, მის მიერაა შექმნილი. გიული ჩოხელმა ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარ შემოქმედებაზე ასე განაცხადა: „ჩემი ცხოვრების გზა – ჯაზის და ზოგადად ხელოვნების სიყვარულია. მე ამ სამყაროში დავიბადე და მომწონს მასში ცხოვრება. მე მაქვს სიყვარულის ფორმულა, რომლითაც ვცოცხლობ. ეს არის: ადამიანების სიყვარული, ერთგულება და გულწრფელობა. თუ ეს სამი რამ ადამიანს შეუძლია, მას ცხოვრებაში ვერავინ და ვერაფერი დააბრკოლებს! ყოველთვის ვგრძნობდი ჩემში ძალას, რომელიც მაიძულებდა ვყოფილიყავი მუსიკოსი“.

ჟურნალი „თბილისი Out“ #41, ივნისი, 2014 წელი

მოუსმინე:



Tuesday, June 17, 2014

„შუქი მოვიდა“ 21-ე საუკუნის თბილისშიც

ქართველებს ცოტა უცნაური იუმორის გრძნობა გვაქვს ხოლმე. კუთხური ხუმრობები გვიყვარს კახელებზე, მეგრელებზე, სვანებზე, იმერლებზე... გვეცინება იმ ანეკდოტებზეც, სადაც მთავარი გმირია სომეხი, აზერბაიჯანელი, რუსი და ა.შ. დავცინით ერთმანეთს და ჩვენს მეზობლებს, მაგრამ თუ ვინმე უცხოელი ჩვენზე იხუმრებს, ვიძაბებით და ყურები დაცქვეტილი გვაქვს, რამე უხეირო არ წამოცდეს, არ დაგვცინოს, დაგვამციროს. მოკლედ, ისევე ვჭედავთ, როგორც თავის დროზე ყაზახეთმა გაჭედა „ბორატზე“ და ამ ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
 
ივონი & ფრედი
1990-იან წლებში, როცა ქართველები სრულ სიბნელეში, გაუგებრობაში, ქაოსში, ომში და მთელ უბედურებაში ვცხოვრობდით, თანამედროვე ქართულ მუსიკაში ნამდვილი რევოლუცია მოხდა და ალტერნატიულ შემსრულებელთა მთელი კოჰორტა გამოჩნდა, რომელიც ძალიან კარგად ასახავდა იმ ყოფას, რაშიც გვიხდებოდა არსებობა. მუსიკოსები ზუსტად გადმოსცემდნენ ჩვენი რეალობის მთელ ტრაგიზმს, თუმცა, ამავე დროს, ვერ ვაცნობიერებდით, თუ რა კომიკურ სიტუაციაში ვცხოვრობდით მე-20 საუკუნის მიწურულს. ეს არც ისე მარტივი იყო, რადგან ჩვენ არ გვიყვარს, „გვიტყდებასავით“ საკუთარ თავზე სიცილი.

სწორედ იმ პირქუშ 1990-იანებში საქართველოში ფრანგი ფრედერიკ პაიანი ჩამოვიდა. იგი თბილისში ერთ-ერთ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში მუშაობდა და ბევრი სხვა უცხოელისგან განსხვავებით, ქართულიც ისწავლა და აქაური მეგობრებიც შეიძინა. სწორედ მათთან ერთად ჯგუფი ჩამოაყალიბა და ქართულ ენაზე სიმღერაც დაიწყო. ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე მას საფრანგეთში უკვე ყავდა პანკჯგუფი.
 
დათო, ფრედი & გობეჯა
ფრედი პაიანს საოცრად მახვილი თვალი, იუმორის გრძნობა და დახვეწილი გემოვნება აქვს. მის მიერ დანახული საქართველოს მაშინდელი ყოფა საკმაოდ სასაცილოა, როცა ქვეყანაში ყველაზე მაგარ მანქანად „ჟიგული“ ითვლებოდა, როცა თბოელექტროსადგურის მითიური სულგაფუჭებული მე-9 ბლოკი არსებობდა, როცა უსახსრობის და გაჭირვების გამო, დღეში რამდენჯერმე უნდა გეჭამა ქუჩაში ნაყიდი ხაჭაპური, როცა ქალაქში გადაადგილება მხოლოდ მარშრუტკით (მინიბუსით) იყო შესაძლებელი, როცა ზაფხულის ხვატში მხოლოდ „თბილისის ზღვაზე“ შეგეძლო დასვენება და „მაროჟნით“ ყელის გაგრილება, როცა მთელი ქვეყანა ნავთქურა „ტურბოთი“ თბებოდა, როცა შუქის მოსვლა ამქვეყნად ლამის ყველაზე მეტად გვახარებდა...

Friday, May 30, 2014

ბესელა რაზმაძე – მუსიკის კონტრაბანდისტი

ქართულ ალტერნატიულ სცენაზე ძნელად თუ მოიძებნება მეორე ისეთი ხმაურიანი, ექსპანსიური და აგრესიული ჯგუფი, როგორიც თბილისური „კონტრაბანდაა“. ბენდის საკმაოდ მძიმე მუსიკა სრულ ჰარმონიაშია მისი ფრონტმენის და ლიდერის, ბესელა რაზმაძის ქართულენოვან ტექსტებთან. „კონტრაბანდა“ ჰარდკორითა და ინდასტრიალით შეზავებულ ალტერნატიულ როკს ასრულებს. შეიძლება ითქვას, ჯგუფი დღემდე ანდერგრაუნდშია და ოფიციალური ალბომები გამოშვებული არა აქვს. თუმცა არსებობს რამდენიმე არაოფიციალური მაგნიტო-ალბომი, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩაიწერა და დღეს მხოლოდ კერძო კოლექციებშია შემორჩენილი. ბესელას განცხადებით, „კონტრაბანდა“ ალბომებზე არ მუშაობს, უფრო პერფომანს-ჯგუფია, ხოლო საკუთარ ჩანაწერებს დროთა განმავლობაში იგი წვავს, ან ამტვრევს.

„კონტრაბანდა“ უკვე 20 წლისაა. იგი 1994 წელს თბილისში შეიქმნა. მისი დამაარსებელი – ბესელა რაზმაძე 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში ქართულ-რუსული ომის მონაწილეა. ამ ომიდან შინ დაბრუნების შემდეგ ბესელამ ავტომატის ნაცვლად ხელში გიტარა აიღო და ჯგუფი ჩამოაყალიბა. ბენდი უკრავდა სხვადასხვა კლუბში, ფესტივალებზე და დღემდე ასეა. მაგალითად, ბოლოს ჯგუფმა უკრაინის ერთიანობის მხარდამჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. ბესელა რაზმაძე ახლა Riffer Bar-ის მენეჯერია, რომლის სცენაზეც ქართველი როკმუსიკოსები უკრავენ. „კონტრაბანდისტების“ შემადგენლობა იგივეა, რაც 90-იან წლებში იყო: ბესელა რაზმაძე (ვოკალი, გიტარა, სიმღერების ავტორი), კოტე კალანდაძე (ბასი), კახა გულიაშვილი (სოლო გიტარა) და გოგა სამხარაძე (დასარტყამები). ამჯერად ჯგუფი ემზადება 20-წლიანი იუბილესთვის და სავარაუდოდ, ეს იქნება ხალხმრავალი და ხმაურიანი კონცერტი-პერფომანსი.

ჟურნალი „თბილისი Out“ #40, მაისი, 2014 წელი

მოუსმინე:


Tuesday, May 20, 2014

წერილი დანგრეული სახლიდან

ჯგუფმა „წერილმა“ თავისი მე-4 ალბომი „დანგრეულ სახლში“ გამოუშვა. ბენდის შემოქმედება ჩემთვის 1997 წლიდან გახდა ცნობილი, როცა ჯგუფს „ამორალი“ ერქვა. მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდი, საავტორო ტელე-გადაცემა „ანარეკლი“ მქონდა და ამავე დროს, იმ ღონისძიების („ნიღბების კლუბის“ პრეზენტაცია) ერთ-ერთი ორგანიზატორიც გახლდით, რომელზეც „ამორალის“ წევრები და მისი ფრონტმენი გია თოიძე გავიცანი. იმავე წლის მიწურულს FM-რადიოში გასაშვებად თბილისიდან ქუთაისში კასეტით ჩავიტანე დედაქალაქური ჯგუფების ჩანაწერები. ეს კასეტა ახლაც მაქვს და მასზე შესულია გიას ადრინდელი „იცეკვე ჩემთან“, რომელიც ჩემი რადიოგადაცემის მსმენელთა ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა გახდა.

გია თოიძის სიმღერების გმირებმა ჩვენსავით უამრავი გასაჭირი, ომი, იმედგაცრუება, სიცივე გამოიარეს და გადახარშეს. გიას შემოქმედება 1990-იანი და 2000-იანი წლების ერთგვარი რეტროსპექტივაა და საქართველოში არ მეგულება ადამიანი, ვისთვისაც ეს გარემო ნაცნობი და მტკივნეული არ იყოს. „წერილის“ შემოქმედების გმირები ნაადრევად დადინჯებული, ზოგჯერ დაბრძენებული ჩემი თაობის მარტოსული, მებრძოლი ადამიანები არიან, რომლებიც სევდანარევი ოპტიმიზმით ან ირონიაშეპარული, ზოგჯერ ცინიკური პესიმიზმით იღებენ ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება. „წერილის“ მუსიკა სწორედ ამ თაობის ერთ-ერთი სულიერი მდგომარეობაა, თუმცა ავტორი ამას მუსიკალურად ისე უზადოდ გადმოსცემს, ბევრად უფრო ახალგაზრდისთვისაც აბსოლუტურად გასაგები ხდება.

ახალი ალბომის, „დანგრეულ სახლში“ პრეზენტაცია-კონცერტი კლუბ „დივანში“ 18 მაისს გაიმართა. მინდა კონცერტის შესახებ ორიოდე სიტყვა ვთქვა. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს კლუბები და ხმის რეჟისორები რატომღაც დარწმუნებულები არიან, ხმას რაც უფრო მაღალ დონეზე დააყენებენ, მით უკეთეს რეზულტატს მიიღებენ. შედეგად,  ე.წ. „პერეგრუზკები“ არც ისე სასიამოვნო მოსასმენია (თუ მთვრალი არა ხარ). „წერილის“ მუსიკას არ უხდება ზედმეტი ხმა. ამ ჯგუფის კონცერტზე მაყურებელს აუცილებლად უნდა ესმოდეს ტექსტიც. აპარატურის ზედმეტი ხმის გამო კი გია თოიძის ლექსების გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. იმის თქმა მინდა, რომ წნევის და დრაივის მისაღებად, სულაც არაა საჭირო ხმის აშკარა ზედმეტი დონე, მით უმეტეს, „დივანის“ მშვენიერ მცირე დარბაზში.

ახალი ალბომის პრეზენტაციაზე „დივანში“. ფოტო: © თამუნა ჩქარეული
ახლა ზოგადად ალბომის შესახებ. ფირფიტა ძალიან კარგი მოსასმენია და მის ჩაწერაში გია თოიძესთან ერთად მონაწილეობდნენ: ბასისტი და კლავიშისტი ლევან სვანიძე, გიტარისტი არჩილ „ფარჩილა“ ქელბაქიანი და დრამერი გოგა სამხარაძე, ასევე, კოტე კალანდაძე და დათო თოიძე. ალბომის სახელწოდებიდან გამომდინარე, დისკის ორიგინალური გაფორმება პირქუშია და მუსიკალური განწყობის ადეკვატურია.

„დანგრეულ სახლში“ ახალი და გადამღერებული სიმღერები შევიდა. ამ უკანასკნელთაგან ორი, ძველი „ამორალის“ შესანიშნავი სიმღერის „იცეკვე ჩემთან“ და „მოლაპარაკე ბუზების“ ახალი ვერსიებია. ბონუსად კი 1996 წელს ჩაწერილი სიმღერა „ოთხივე მხარეს“ შეგიძლიათ დააჭაშნიკოთ, რომელიც პირადად ჩემთვის მეტად სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. კომპაქტ-დისკზე შესული მასალები 5 წლის განმავლობაში მწიფდებოდა და იწერებოდა. ახალ სიმღერებში რომელიმეს გამოყოფა ცოტა გამიჭირდება, რადგან ყველა საკმაოდ მომწონს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ „იუტუბზე“ ცოტა ადრიანად ატვირთულ „ისევ არა ჩანს მზეს“ რამდენიმე კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ვუსმენდი, ხოლო კონცერტის შემდეგ სახლში მისვლამდე მანქანაში იგივე კომპოზიციით რამდენჯერმე გამეორებით ვიჯერე გული. ეს სიმღერა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ საუნდტრეკად გადაიქცა (ისევე როგორც „წერილის“ კიდევ რამდენიმე ძველი სიმღერა), რომელსაც აწი ყველგან დიდი სიამოვნებით მოვუსმენ.

შესანიშნავი სიმღერებია „პირველი ღამე“, „დანგრეულ სახლში“, „ახლოს ცასთან“, „გაზაფხული ძველი“, „ნათელი დღე“, „სიმარტოვე“. სიმღერა „გაზაფხულია“ დისკზე ბოლო სიმღერაა (ამის შემდეგ ბონუსი იწყება), რომელშიც სწორედ ის სევდანარევი ოპტიმიზმია გადმოცემული, რომელზეც ზემოთ ვწერდი.

როგორ დავრჩები აქ? რით გავიკაფავ გზას?
ვხედავ დანგრეულ ფანჯრებს, ძველად ნაცხოვრებ სახლს,
ველი იმ სიყვარულს, შენ რომ მიღებდი კარს,
გაზაფხულია გარეთ, რატომ არა ხარ აქ?
ფანჯრების იქით წვიმს, მძიმედ ვატარებ ფიქრს.
გაზაფხულია გარეთ, მიზეზი სიმღერის.
ციდან ვიღებთ ამ სხივს.

მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ და ამ ლეგენდარული, შესანიშნავი ჯგუფის ახალ ალბომს ვურჩევ ყველას, ვისაც ოდნავ მაინც აინტერესებს ხარისხიანი ქართულენოვანი მუსიკა.

ალბომი „დანგრეულ სახლში“ უკვე იყიდება ფესტივალ-რესტორაცია „დივანში“ და კლუბ „რიფერში“.

ჩემი წინა რეცენზია „წერილის“ შესახებ აქაა.

მოუსმინე:


Friday, February 14, 2014

თემურ ყვითელაშვილის მსოფლიო და თბილისი

„მუსიკაში რომ წარმატებას მიაღწიოთ, ნიჭის გარდა, უნდა გქონდეთ არანორმალური შრომისმოყვარეობა, ერთგულების გრძნობა და თავგანწირვის უნარი“

გასულ წელს, შემოდგომაზე, ტრადიციულ „თბილისობის“ დღეებში, სახელგანთქმული ქართველი მუსიკოსი, გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი თემურ ყვითელაშვილი საქართველოს დედაქალაქის საპატიო მოქალაქე გახდა. იგი მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსია, რამდენჯერმე პლანეტის საუკეთესო ფიუჟენ-გიტარისტად აღიარეს, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერიცაა, მაგრამ მიაჩნია, რომ თბილისის საპატიო მოქალაქეობა მისი საუკეთესო ჯილდოა. „თბილისობის“ დასასრულს, „თბილისი ივენთ-ჰოლში“ მუსიკოსის სოლო კონცერტი და ახალი ალბომის „ჩემი თბილისის“ პრეზენტაცია მოეწყო. ეს მისი რიგით მე-8 ალბომია. კომპოზიციების უმრავლესობა სპეციალურად თემურისთვის დაიწერა, რომელთაც გიტარისტი თავად ასრულებს და მღერის.

კონცერტი „თბილისი ივენთ-ჰოლში“. 2013 წელი
თემურ ყვითელაშვილი 1960 წლის 4 ივლისს თბილისში ქართველი ებრაელების ოჯახში დაიბადა. გიტარით 10-11 წლის ასაკში დაინტერესდა. „დედა მეუბნებოდა, რომ ბავშვობიდან თურმე არანორმალური განცდით, თვალდახუჭული და გათიშული ყურს ვუგდებდი მუსიკას. ამ პერიოდში ინტენსიურად ვუსმენდი Deep Purple-ს, Led Zeppelin-სა და Jimi Hendrix-ს, რომელიც ჩემს ძმას მაგნიტოფონზე ჰქონდა ჩაწერილი. ერთ დღესაც ავიღე გიტარა და ხელი თვითონ დავიყენე. ვისაც ამას ვეუბნები, ნაკლებად სჯერა. ახლაც ჩემი გამოგონილი მედიატორით ვუკრავ, რომელსაც განსხვავებული ფორმა, სისქე და ზომა აქვს“, – იხსენებს მუსიკოსი. 1970-იანი წლების ბოლოს თემურ ყვითელაშვილი ყველა თვითმოქმედ მუსიკალურ ანსამბლში სასურველი მუსიკოსი იყო და იწვევდნენ კიდეც. 

კონცერტი ისრაელის ქალაქ აშდოდში. 2011 წელი
1981 წელს ანსამბლ „დიელოში“ მოხვდა. მანამდე კი თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის ანსამბლებში უკრავდა. ამის შემდეგ პოპულარულ „ორერაში“ მიიწვიეს. 1980-იან წლებში იგი უკრავდა ასევე პოპულარული ანსამბლებში: „ნატვრის ხე“, „თეატრონი“, „ივერია“. თანამშრომლობდა ვახტანგ კიკაბიძესთან, ნანი ბრეგვაძესთან, მერაბ სეფაშვილთან, სოსო პავლიაშვილთან, თამრიკო გვერდწითელთან, თეონა კონტრიძესთან და სხვებთან. ამ პერიოდში მის შემოქმედებაში ქართული ფოლკლორი და კლასიკური მუსიკა შემოვიდა. მან გიტარისთვის გადაამუშავა ქართველი კომპოზიტორების – ზაქარია ფალიაშვილის, ვიქტორ დოლიძის, რევაზ ლაღიძისა და სხვათა ნაწარმოებები. იმ პერიოდისთვის ეს ახალი სიტყვა იყო და ყველა გაოცებული დარჩა.

Friday, December 13, 2013

მუსიკალური „წერილი“ მელომანებისთვის

დღეს, როცა ადამიანები ერთმანეთს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიან და ცდილობენ, ლაკონურად თქვან სათქმელი, ჯგუფმა „წერილი“ საკუთარ მსმენელთან ურთიერთობისთვის უფრო კონსერვატიული გზა აირჩია. ამ მეტად საინტერესო თბილისური ქართულენოვანი ჯგუფის ყოველი სიმღერა მსმენელისადმი მიწერილი წერილია, რომელშიც მისი ფრონტმენი და სიმღერების ავტორი – გია თოიძე საკუთარ ისტორიებს ყვება. „წერილის“ სიმღერები ხშირად მარტოობიდან დანახული ტკივილიანი, ნაცრისფერი, მინორული რეალობაა. ჯგუფის სტილზე პირობითად შეიძლება ითქვას, რომ პოსტპანკს ასრულებს. მუსიკა საკმაოდ მელოდიური და შესანიშნავად არანჟირებულია.

გია თოიძე
„წერილის“ წევრები არიან: გია თოიძე (გიტარა, ვოკალი); ლევან სვანიძე (ბასი); აჩიკო „ფარჩილა“ ქელბაქიანი (გიტარა) და გოგა სამხარაძე (დასარტყამები). ჯგუფი 1995 წელს შეიქმნა და ახალი საუკუნის დადგომამდე „ამორალი“ ერქვა. გია თოიძის განმარტებით, ჯგუფს საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ მოძველებულ მორალთან ბრძოლა უწევდა და პროტესტის ნიშნად „ამორალი“ დაირქვა. ეს არ ნიშნავდა, რომ ამორალურობის მიმართ ბიჭებს რაიმე სიმპათია ჰქონდათ. დღეს უკვე ბენდის მსმენელები მას ორივე სახელით მოიხსენებენ ხოლმე.

„წერილს“ დღემდე სამი ოფიციალური ალბომი („უძირო გზა“, 1997, „სხივი“, 2005 და „ამ ქალაქში“, 2009) და ერთიც სინგლი (1996) აქვს გამოშვებული. წლის ბოლომდე, მსმენელის გასახარად, რიგით მეოთხე ნამუშევარიც მზად იქნება. გია თოიძის ინფორმაციით, როგორც კი ახალი ალბომი გამოვა, იგი მეხუთე ფირფიტაზე დაიწყებს მუშაობას. ჯგუფს მზად აქვს როგორც ჩვეულებრივი (ელექტრონული), ისე აკუსტიკური საკონცერტო პროგრამები. თუმცა, რადგან ბოლო დროს აკუსტიკურზე უდრო დიდი მოთხოვნილებაა, ისინი თბილისის კლუბებში სწორედ ამ პროგრამით გამოდიან.

ჟურნალი „თბილისი Out“ #39, დეკემბერი, 2013 წელი



Wednesday, November 6, 2013

გერმანული Kreidler „მტკვარზე“

მსოფლიოს ელექტრონული მუსიკის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში გერმანელებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. ჟანრის ერთ-ერთი პიონერი დიუსელდორფული „კრაფტვერკია“. ამავე ქალაქიდანაა ცნობილი ჯგუფი „კრაიდლერი“, რომელიც ახალ მუსიკალურ სივრცეებს გვთავაზობს. მათ ელექტრონიზებულ შემოქმედებაში ჟღერს პოსტროკი, სინთპოპი, ნიუკრაუტროკი (ზოგადად, კრაუტროკიც სუფთა გერმანული მოვლენაა), ფსიქოდელია და სხვა. ჯგუფის წევრების სიტყვებით, ისინი დიუსელდორფის ვიბრაციებს გადმოსცემენ. ბენდი 1994 წლიდან არსებობს. ამჟამად „კრაიდლერი“ ოთხი წევრისგან შედგება, რომლებიც უკრავენ გიტარაზე, ბასზე, დასარტყამებსა და ელექტრონულ ინსტრუმენტებზე.

„კრაიდლერი“ თბილისს 2003 წელსაც სტუმრობდა. ამჯერად კვარტეტს უმასპინძლა ღამის კლუბმა „მტკვარზე“. „კრაიდლერის“ წევრები არიან: თომას კლაინი, ალექსანდერ პაულიკი, დეტლერ ვაინრიხი და ანდრეას რაიზე. კონცერტს ბევრი მაყურებელი დაესწრო და ჯგუფმა როგორც ძველი, ისე ახალი რეპერტუარი წარმოადგინა. ახალი კომპოზიციის დაკვრის წინ ჯგუფის წევრები მიკროფონში ქართულად ამბობდნენ: „ეს ახალია“. გთავაზობთ ჩემი ინტერვიუს ფრაგმენტებს „კრაიდლერის“ ერთ-ერთ დამაარსებელ ანდრეას რაიზესთან.

ანდრეას რაიზე: „ჩვენი მუსიკა არაა სუფთა კომპიუტერული. თავდაპირველად ის პიანინოზე იწერება და შემდეგ ვამუშავებთ მას კომპიუტერით, რომელსაც, ჩვენს შემთხვევაში, მხოლოდ ინსტრუმენტის ფუნქცია აქვს. ჩვენი მუსიკა ადამიანებთან დიალოგია და არა რაიმე მოწოდება... თბილისი დიდი კონტრასტების ქალაქია. აქ შესანიშნავი, სიმშვიდის მომგვრელი ბუნებაა და ამ დროს ადამიანები ხმამაღლა ლაპარაკობენ. მსოფლიოში იშვიათობაა, ერთ ქალაქში იმდენი რელიგიის მიმდევარი ისე მშვიდობიანად ცხოვრობდეს, როგორც თბილისში... არა მგონია, ჰიტლერს მოსწონებოდა „კრაიდლერის“ მუსიკა, არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ სტალინი ნიკაკოის მოუსმენდა. ჩვენ ალბათ, ტოტალიტარული რეჟიმის პირობებშიც მოვძებნიდით გამოსავალს. ჩვენს დისკზე ერთ-ერთმა კრიტიკოსმა თქვა, „კრაიდლერის“ მუსიკა 21-ე საუკუნის სათამაშო მოედანზე დანჯღრეული მექანიკური ბავშვების თამაშს ჰგავსო. მიმაჩნია, რომ ჩვენ დღევანდელ მუსიკას ვუკრავთ“.

ჟურნალი „თბილისი Out“ #38, ნოემბერი, 2013 წელი

მოუსმინე:


Wednesday, October 9, 2013

თბ-ილი-სური რუსული ჯგუფი

ქართულ მედიაში ესაა პირველი ინფორმაცია რუსულენოვანი ქართული ჯგუფის „ილის“ შესახებ, რომელიც ადრეულ 1980-იან წლებში თბილისში შეიქმნა. მის ჩანაწერებს ჩემი მეგობარი მელომანის რჩევით, ერთ-ერთ ბლოგზე გადავაწყდი. იქვე ამოვიკითხე, რომ „ილიმ“ დიდი გავლენა იქონია პეტერბურგული როკჯგუფების ნახევარზე. ძალიან გამიკვირდა... რამდენიმე ადამიანი (მათ შორის, ჯგუფის ერთი წევრი) ადასტურებს, რომ რუსული როკის ლეგენდამ, ვიქტორ ცოიმ ცნობილი სიმღერა „ალუმინის კიტრები“ თბილისურ ჯგუფს „აწაპნა“.

„ილი“ 1982 წელს საქართველოს დედაქალაქში ჩამოყალიბდა. მისი დამაარსებელი ვიტალი ბუნინია (სიმღერების ავტორი, ვოკალისტი), რომელიც უმამოდ გაიზარდა, ხოლო დედა ფეხსაცმლის ფაბრიკა „ისანში“ მუშაობდა. ჯგუფის წევრები სხვადასხვა დროს იყვნენ: სერგეი გაილიტი (ფლეიტა, პერკუსია, ბას-გიტარა, ბექ-ვოკალი), გენადი გულჩევსკი (კლავიშები), არტურ სარიანი (დასარტყამები), ვლადიმერ მგელაძე (გიტარა და ბას-გიტარა) და ნუგზარ ფანცულაია (გიტარა). ამჟამად ვიტალი ბუნინი გარდაცვლილია. 90-იანი წლების მიწურულს ერთ-ერთმა რუსულმა ინტერნეტ-გამოცემამ მასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც იგი განმარტავს ჯგუფის სახელწოდებას და ამბობს, რომ ქალაქ თბილისის სახელში არის ასოები „ილი“. რუსულად კი ეს კავშირ „ან“-ს (или) ნიშნავს.

ჯგუფი უკრავდა რიტმ-ენდ-ბლუზს, თუმცა „ილის“ მუსიკაში კარგად იკითხება ფსიქოდელიის, ფოლკის, პროგრესივ როკისა და პოსტპანკის ელემენტებიც კი. დღემდე ჯგუფის მიერ ჩაწერილი 4 მაგნიტო-ალბომი შემორჩა. ამის გარდა, არსებობს კიდევ ერთი ნაკრები სიმღერებისა, რომლებიც 1983 _ 1990 წლებშია ჩაწერილი. ვიტალი ბუნინის ვოკალი და შესრულების მანერა წააგავს პეტერბურგის ლეგენდარული ჯგუფის „ზოოპარკის“ აწგარდაცვლილი ფრონტმენის, მაიკ ნაუმენკოს სტილს, რომელიც თბილისელ მუსიკოსს ყველაზე მეტად მოსწონდა.

„ილის“ ჩანაწერებიდან ძალიან საინტერესოა კომპოზიციები: „მეთოდე“, „გაზაფხულის პირველი დღე“, „წინ“ და სხვები. გაოცებული ვუსმენდი ამ მეტად მრავალფეროვან, აბსოლუტურად უცნობ, საინტერესოტექსტებიან კოლექტივს, რომელსაც თავის დროზე თბილისმა ვერ გაუგო, რადგან, როგორც ჯგუფთან დაახლოებული ერთი პირი აღნიშნავს, 80-იან წლებში ქართველების გემოვნება ძირითადად დასავლურ მუსიკაზე იყო ორიენტირებული.

„ილი“ და საბჭოთა კავშირი თითქმის ერთდროულად დაიშალა.

ჟურნალი „თბილისი Out“ #37, ოქტომბერი, 2013 წელი

დასაჭაშნიკებელი სიმღერები:

 
P.S. ჯგუფის დისკოგრაფია, გადმოსაწერი ბმულებით აქაა.