Friday, August 23, 2013

სუპერსტარი პოლიტიკოსები და კონტროლირებადი მუსიკა

მე ვარ სენტიმენტური, თუ თქვენ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ;
მე მიყვარს ქვეყანა და ვერ ვიტან, რაც აქ ხდება.
მე არც მემარცხენე ვარ და არც მემარჯვენე.
უბრალოდ, დღეს სახლში ვზივარ,
ამ უიმედო, პატარა ეკრანში ჩაკარგული.
ლეონარდ კოენი

შესავალი

სახელგანთქმული ამერიკელი პოლიტიკოსი ჰენრი კისინჯერი თავის მემუარებში წერს, რომ ამერიკას აქვს ოთხი მიზეზი, რომელიც პლანეტაზე მის დომინირებას განაპირობებს. პირველი, ესაა არმია, მეორე – მეცნიერება, მესამე – მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი მასკულტურა და მხოლოდ მეოთხე ადგილზე დაასახელა ეკონომიკა. ეს მართლაც ასეა, რადგან მასობრივი მუსიკა პოლიტიკური გავლენის გიგანტური ინსტრუმენტია. მასში უზარმაზარი ენერგია დევს. სტალინი, რომელიც თვლიდა, რომ „ვინც დღეს ჯაზს უკრავს, ხვალ სამშობლოს გაყიდის“, მართალი აღმოჩნდა, რადგან დასავლურმა ფასეულობებმა, რომელიც საბჭოთა კავშირში ჯერ ჯაზის და მერე უკვე როკ-ენ-როლის სახით შემოაღწია, მთლიანად შეცვალა ამ უტოპიური ქვეყნის ხელოვნურად დამკვიდრებული ფასეულობები. რუსი როკმუსიკოსი და პროდიუსერი ბარი ალიბასოვი „ნიუ-იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირი სწორედ როკ-ენ-როლმა დაშალა, თუმცა შედეგი არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც წარმოედგინათ.

ნამდვილად არაა მარტივი დაწერო სტატია პოლიტიკის, მუსიკისა და მედიის ურთიერთობაზე ისეთ ქვეყანაში, სადაც ყოველდღიური პოლიტიკით აბსოლუტურად ყველაფერია გაჯერებული, – ტელევიზია, რადიო, ჟურნალ-გაზეთები, სოციალური მედია, ტრანსპორტი, სამზარეულო და საძინებელიც კი... ამიტომ, აღარ იცი, საიდან და როგორ დაიწყო წერა. აქ ხომ ნებისმიერი ცნობადი სახე (ე.წ. სელებრითი), აკადემიური მუსიკოსიც კი საზოგადოების თვალში რომელიმე პოლიტიკურ ბანაკს უკავშირდება, ან შეგნებულად მიაკუთვნებს თავს. საქართველო ამ ურთიერთობების მხრივ თავისებურად უნიკალური ქვეყანაა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ყველაფერს ახლავე მოგახსენებთ.

კონტროლი უკან, წარსულში

კომუნისტი მმართველები სსრკ-ის არსებობის პირველ წლებშიც კი მუსიკასა და კულტურას საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობდნენ. ამიტომ 1920-იანი წლების დასაწყისში უკვე შეიქმნა „ფილარმონია“, რომელსაც უნდა ეკონტროლებინა მუსიკა და მუსიკოსები. ეს ორგანიზაცია მოიცავდა როგორც აკადემიურ, ისე თანამედროვე მუსიკას. ფილარმონია ერთგვარ საპროდიუსერო ცენტრის ფუნქციას ასრულებდა. იგი პროპაგანდირებდა საბჭოთა მუსიკას. როცა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა დამკვრელური შრომის ფერხულში იყო ჩაბმული, მშრომელთა გასამხნევებლად იქმნებოდა მომღერალ კომუნისტ კოლმეურნეთა ჩანაწერები, რომელიც ჯერ კიდევ 1930-იან წლებში დიდი ტირაჟით ვრცელდებოდა გრამოფონის ფირფიტებით. მათში ქებას ასხამდნენ სოციალისტურ ქვეყანას, შრომას, პარტიას. ასეთი სიმღერები რეჟისორმა ოთარ იოსელიანმაც გამოიყენა თავის ფილმში „გიორგობისთვე“, სადაც ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე ჩართულ რადიოში სწორედ კოლმეურნეთა მომაბეზრებელი სიმღერები ისმის.

Wednesday, August 7, 2013

ჯგუფი Eldrine-ს ანტიტერორისტული ალბომი

ინგლისურენოვანი ჯგუფის, Eldrine-ის ისტორია 2010 წელს იწყება, როცა იგი ორმა კარგმა მეგობარმა – მიხეილ ჭელიძემ და დავით ჩანგოშვილმა ჩამოაყალიბა. ზუსტად ერთ წელიწადში „ელდრაინში“ ახალი ვოკალისტი სოფო ტოროშელიძე მივიდა. მასთან ერთად ჯგუფისთვის წარმატებული აღმოჩნდა 2011 წლის „ევროვიზიის“ კონკურსი, სადაც 43 ქვეყანას შორის ბენდმა მე-9 ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ ისინი ბათუმში ჩატარებულ „Mtv საქართველო ცოცხალზე“ ენრიკე იგლესიასის გამახურებლებად მოგვევლინენ. დღეისათვის ჯგუფის წევრები არიან: მიხეილ ჭელიძე (გიტარა, ბექ-ვოკალი), სოფო ტოროშელიძე (ვოკალი), ირაკლი ბიბილაშვილი (ბასი), ბესარიონ ციხელაშვილი (ბითმეიკერი, დიჯეი, გიტარა) და სანდრო სახამბერიძე (დასარტყამები).

ჯგუფი „ელდრაინი“ მძიმე როკს ასრულებს. ცოტა ხნის წინ ბენდმა ჩაწერა თავისი პირველი ოფიციალური ალბომი, რომელიც მთლიანად ეძღვნება ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველ და სხვა ქვეყნის ჯარისკაცებს. დისკს Till The End („ბოლომდე“) ჰქვია. ალბომი კომპანია „ბრავო რექორდსში“ ჩაიწერა და დაიბეჭდა. ნამუშევარი ანტიტერორისტული თემატიკისაა, მასში შესულია 12 ინგლისურენოვანი სიმღერა. ნაწარმოებებზე მუშაობის პროცესში მუსიკოსები ავღანეთში ნამსახურებ ვეტერან მებრძოლებს ხვდებოდნენ. ჯგუფის წევრთა მტკიცებით, სწორედ მათთან კონსულტაციების შედეგად იქმნებოდა რეპერტუარი. ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი 5 ივლისს გაიმართა ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში. ახლო მომავალში კი ამ ალბომის მხარდასაჭერად იგეგმება „ელდრაინის“ კონცერტი ავღანეთში, სადაც მუსიკოსები ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს და სხვა ქვეყნის ჯარისკაცებისთვის იმღერებენ.


აღნიშნული პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს თავდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროები.

ჟურნალი „თბილისი Out“ #35, აგვისტო, 2013 წელი

მოუსმინე:

Thursday, July 18, 2013

„ღრუბლებისდამჭერთა“ ამაღლებული ჰარმონია


ყველა კარგ ჯგუფს აქვს თავისი ლეგენდა. შესანიშნავი ინგლისურენოვანი ტრიოს Catch The Clouds მუსიკოსები თავის სახელთან დაკავშირებით ასეთ ისტორიას ჰყვებიან: „მუსიკალური თემები, რომლებსაც ვქმნიდით, თავისი ბუნებით, ჩვენთვის ღრუბლებთან ასოცირდებოდა. ვცდილობდით შეგვექმნა ატმოსფერო, რომელიც დადებით (ზოგჯერ სენტიმენტალურ) ემოციებს აღძრავდა ჩვენშიც და მსმენელშიც. მუსიკით მიღებული სიამოვნება კი, ერთ ჩვეულებრივ სტუდიურ საღამოს, სპონტანურად დავუკავშირეთ ღრუბლების დაჭერას და ეს სახელიც დღემდე უცვლელად შემოგვრჩა“.

ჯგუფი 7 წლის წინ შეიქმნა. მისი წევრები არიან: ქეთევან ტუღუში (ვოკალი), ირაკლი „ბეთჰო“ მანჩხაშვილი (ელექტრონული ინსტრუმენტები, ბას-გიტარა) და გიორგი „არზო“ არზიანი (ელექტრონული ინსტრუმენტები). თავდაპირველად პროექტი ღია იყო და მასში სხვადასხვა მუსიკოსებს იწვევდნენ. მოგვიანებით იგი ტრიოდ ჩამოყალიბდა. ჯგუფმა 2010 წელს თავისი სადებიუტო ალბომი Nobody At Home (შინ არავინაა) ინტერნეტში გამოსცა. მეორე ალბომზე ახლა მუშაობენ და, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის მზად იქნება. საინტერესოა, რომ ალბომი ტრიომ შეიძლება ალტერნატიული სახით გამოსცეს.

ბეთჰო, ქეთევან ტუღუში და არზო
„ღრუბლებისდამჭერებმა“ უკვე ჩაატარეს რამდენიმე სოლო კონცერტი. წელს გაზაფხულზე მათ პატივი ერგოთ, თბილისში ჩამოსული ცნობილი კანადური ტრიპ-ჰოპ დუეტის – Elsiane-ის კონცერტზე „გამახურებლები“ ყოფილიყვნენ. Catch The Clouds-ის სტილი ტრიპ-ჰოპის, ემბიენტის და ჩილაუტის სასიამოვნო კოქტეილია. ტრიოს მუსიკა შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც ნათელი, მრავალფეროვანი და ამაღლებული მელანქოლია, რომლის მოსმენაც ერთნაირად სასიამოვნოა როგორც სახლში, ისე ქუჩაში. შედეგად, მსმენელს უჩნდება შეგრძნება, რომ ღრუბლების დაჭერა მართლაც მშვენიერი საქმიანობაა.

ჟურნალი „თბილისი Out“ #34, ივლისი, 2013 წელი

მოუსმინე:

Tuesday, June 11, 2013

Landmark – ქართული ინდი-ჯგუფი

საქართველოს ინგლისურენოვანი მუსიკალური სცენა მრავალფეროვანი და საინტერესოა. ინგლისურ ენაზე შემსრულებელთა უმრავლესობა საკმაოდ ახალგაზრდაა. დარწმუნებული ვარ, რამდენიმეს დიდი სიამოვნებით მოუსმენენ არა მხოლოდ სამშობლოში. ასეთებს შორის აშკარად გამორჩეულია Landmark. მისი წევრები არიან: ბასკი – ვოკალი, გიტარა; გიორგი გელაშვილი – სოლო გიტარა; აჩი შიოშვილი – დასარტყამები და დათო აბაიშვილი – ბას-გიტარა.


ჯგუფი 2008 წელს შეიქმნა. ერთ წელიწადში პირველი კონცერტი გამართა და კიდევ ერთი წლის შემდეგ ჩაწერა პირველი მაქსი-სინგლი (EP), სახელწოდებით Cerbear, რომელიც 2011 წლის შემოდგომაზე გამოვიდა. ეს მათი პირველი სტუდიური ჩანაწერი იყო. ორიოდე თვის წინ Landmark-მა მთლიანად საკუთარი ხარჯებით უკვე სრული ალბომი – Void გამოუშვა, რომელსაც ბიჭები მთელი 6 თვის განმავლობაში იწერდნენ. მასალის მიქსი და მასტერინგი სტამბულში გაკეთდა. 

კვარტეტის მუსიკა მიმზიდველი და მელოდიურია; გამორჩეულია ხავერდოვანი ვოკალი და გემოვნებიანი არანჟირება. მუსიკა ზოგადად ინდი-როკისა და პოსტპანკის ნაზავია და, რა თქმა უნდა, ინგლისურენოვანია. როგორც Landmark-ის ერთ-ერთმა დამაარსებელმა და წევრმა დათო აბაიშვილმა მითხრა, ბიჭები მიიჩნევენ, რომ გლობალურ ეპოქაში ცხოვრობენ და მსოფლიო მოქალაქეები არიან, აქედან გამომდინარე, უნდათ მათ მუსიკას არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ პლანეტაზე უსმენდნენ. სწორედ ამიტომ მღერიან ისინი ინგლისურ ენაზე. მათი სურვილი მუსიკის კეთება და მუსიკით ცხოვრებაა.

ჟურნალი „თბილისი Out“ #33, ივნისი, 2013 წელი

Sunday, May 19, 2013

Tbilisi Open Air 2013

თბილისში ყოველწლიურად ღია ცის ქვეშ რამდენიმედღიანი თანამედროვე მუსიკის ფესტივალი ეწყობა. ვინ იფიქრებდა 2009 წელს რუსეთში ჩატარებულ „ევროვიზიაზე“ დისკვალიფიცირებული ქართული ჯგუფის მხარდაჭერისთვის თბილისში მოწყობილი „ალტერვიზიის“ ფესტივალი წლიდან წლამდე თუ ასეთი მასშტაბური გახდებოდა? ფესტივალის ორგანიზატორებმა „ალტერვიჟენ გრუპი“ შექმნეს, რომელიც საინტერესო ღონისძიებების ორგანიზებას ახდენს. Tbilisi Open Air თავიდანვე საერთაშორისო ფესტივალად ჩამოყალიბდა და მასში ქართველ მუსიკოსთა გვერდით სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსებიც მონაწილეობდნენ. მასშტაბური იყო შარშანდელი ორდღიანი ფესტივალი, რომელსაც ცნობილი შემსრულებლები, ავსტრალიური DUB fx და რუსული DDT სტუმრობდნენ. ამ უკანასკნელის ქალაქგარეთ გამართულ კონცერტს 60 000-მდე მაყურებელი დაესწრო.

 
წლევანდელ Tbilisi Open Air-ზე, რომელიც 5 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება, მსოფლიოს მუსიკალური გრანდები ჩამოვლენ. ფესტივალის ჰედლაინერი კლასიკური ჰარდ-როკის ლეგენდა Deep Purple-ა, რომლის ვოკალისტი იან გილანი საქართველოს ჯერ კიდევ 1990 წელს  ესტუმრა. მაშინ მუსიკოსმა თბილისში მეუღლესთან ხელი მოაწერა და ქართულ ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი წყვილის ფოტომ მთელი ქვეყნის მაშინდელი ჟურნალ-გაზეთების პირველი გვერდები მოიარა. წელს ერთდღიან ფესტივალს სხვა არანაკლები დონის შემსრულებლები – ტრიპ-ჰოპის ერთ-ერთი პიონერი Tricky, ისრაელური ელექტრონული Infected Mushroom, ბრიტანული ინდი-ჯგუფი The Subways, გერმანული ელექტრონული Modeselektor და ფრანგული ელექტროქლეშ პროექტი Black Strobe ეწვევიან. ისევე როგორც წინა ფესტივალებზე, 5 ივნისს ქართველებიც გამოვლენ სცენაზე. ამჯერად ეს ჯგუფი Kid Jesus იქნება.

ჟურნალი „თბილისი Out“ #32, მაისი, 2013 წელი

Wednesday, April 10, 2013

„თსუ არტი“ – უნიკალური სეპტეტი

მუსიკის ერთ-ერთი პრეისტორიული ფუნქცია ცეკვაა. ეს უკანასკნელი კი, მოგეხსენებათ, რიტუალის განუყოფელი ნაწილია. „თსუ არტის“ კონცერტიც შეიძლება ერთ-ერთ რიტუალად ჩაითვალოს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში გამართულ კონცერტზე თითქმის ყველა კომპოზიციის რიტმული ფუძე დისკო გახლდათ. თუმცა ეს მუსიკა არ არის მხოლოდ საცეკვაო, მას მოსმენა სჭირდება. ჯგუფის რეპერტუარში რამდენიმე ქავერია, რომლებზეც ახლა არ შევჩერდები.  „თსუ არტის“ ორიგინალური კომპოზიციები სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის სინთეზითაა შექმნილი. „ყურშისაცემია“ კრაუტროკის, ფსიქოდელიის, ფანკის ელემენტები. მოკლედ რომ აღვწეროთ, ეს უფრო შედარებით ახალგაზრდა ჟანრი – პოსტროკია, რაშიც სხვა ქართული ჯგუფები, პრაქტიკულად, არ მუშაობენ.

შეიძლება ითქვას, „თსუ არტის“ მუსიკა საქართველოსთვის უნიკალურია. შვიდი ახალგაზრდისგან შემდგარი ბენდი 2011 წელს ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა. შარშან იგი პროექტ „ნიჭიერის“ ფინალში მოხვდა. ჯგუფის წევრები არიან: დათუნა დგებუაძე (გიტარა), სანდრო ნარსია (ბასი), ათუკა ედიშერაშვილი (დიჯეი და პროდიუსერი), აჩო ზამბახიძე (კლავიშები), ლაშა ლორთქიფანიძე, ილია ჭუმბურიძე და ირაკლი გოდერძიშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტები). სეპტეტის მუსიკა მეტად მიმზიდველი, ეგზოტიკური, დასარტყამებით მდიდარი და ენერგიულია. ჯგუფი ყველასგან იმითაც გამოირჩევა, რომ ბიჭები ტრადიციულ საკრავებთან ერთად საკუთარ გამოგონილ ინსტრუმენტებზე უკრავენ.

ჟურნალი „თბილისი Out“ #31, აპრილი, 2013 წელი
 
მოუსმინე:

Wednesday, February 20, 2013

ქართული კინომუსიკა

ფილმს პირველ რიგში, რეჟისორი ქმნის, თუმცა, ამ უკანასკნელთა აზრით, კინოს წარმატებასა თუ პოპულარობაში უდიდესი წვლილი შეაქვს მუსიკას. ქართულ კინემატოგრაფიას განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდებოდნენ საუკეთესო ქართველი კომპოზიტორები  და მისთვის საუკეთესო ნაწარმოებებს ქმნიდნენ. ბევრი ქართული ფილმი სწორედ ამ შესანიშნავი მუსიკის გამო გვახსოვს. კინოსთვის მუსიკას წერდნენ ისეთი კლასიკოსი კომპოზიტორები, როგორებიც იყვნენ: ანდრია ბალანჩივაძე („დაკარგული სამოთხე“, „მამლუქი“...), დიმიტრი არაყიშვილი („ქარიშხლის წინ“, „ჯურღაის ფარი“...), გრიგოლ კილაძე („ფრთოსანი მღებავი“, „არსენა“...), არჩილ კერესელიძე („ქეთო და კოტე“, „მაგდანას ლურჯა“...) და სხვები.

ქართველ კომპოზიტორთა მომდევნო თაობებმა კლასიკოსებისგან განსხვავებით, კინემატოგრაფი-ისთვის დიდი საქმე გააკეთეს. ესენი არიან სახელგანთქმული კომპოზიტორები: რევაზ ლაღიძე („საბუდარელი ჭაბუკი“, „წუთისოფელი“...), სულხან ცინცაძე („ჭრიჭინა“, „თოჯინები იცინიან“...), დავით თორაძე („ჭირვეული მეზობლები“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“...), ბიძინა კვერნაძე („უდიპლომო სასიძო“, „ნატვრის ხე“, „დათა თუთაშხია“...), გიორგი ცაბაძე („მხიარული რომანი“, „ვერის უბნის მელოდიები“...), ნოდარ გაბუნია („ვედრება“, „ადამიანთა სევდა“...), ვაჟა აზარაშვილი („მზე შემოდგომისა“), იაკობ ბობოხიძე („წკიპურტები“, „კუჩხი ბედინერი“...), ჯანსუღ კახიძე („პირველი მერცხალი“, „იავნანა“...), გია ყანჩელი („არ იდარდო“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „ცისფერი მთები...“...), თეიმურაზ ბაკურაძე („იყო შაშვი მგალობელი“, „მოცურავე“...) და სხვები.

ახალი საუკუნის ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების ფილმებში ხშირად ჟღერს დათო ევგენიძის, ირაკლი ჩარკვიანის, გოგი ძოძუაშვილის, ნიკა მაჩაიძის, ნიაზ დიასამიძის, მიხეილ მდინარაძის, რობი კუხიანიძის, ნინო ქათამაძისა და სხვა თანამედროვე კომპოზიტორ-შემსრულებელთა მუსიკა.

ჟურნალი „თბილისი Out“ #29, თებერვალი, 2013 წელი

მოუსმინე:
რევაზ ლაღიძე – გულს რად მიკლავ (კ/ფ-დან „საბუდარელი ჭაბუკი“), ასრულებენ ნაზი და ნათელა ჩაფიჩაძეები

Saturday, January 19, 2013

ბექა გოჩიაშვილი – ახალგაზრდა ქართველი ჯაზმენი

საქართველოში ჯაზი ყოველთვის ძალიან უყვარდათ და უყვართ, თუმცა არც ერთ ქართველ ჯაზმუსიკოსს იმდენი აღიარება ჯაზის სამშობლოში არ მიუღია, როგორსაც ძალიან ახალგაზრდა ბექა გოჩიაშვილმა მიაღწია. იგი ნიუ-იორკის ჯულიარდის კონსერვატორიის სტუდენტია – ყველაზე ახალგაზრდა აღსაზრდელი ამ სასწავლებლის ისტორიაში. 16 წლის ასაკში ბექა უკრავს და კომპოზიციებს იწერს ჯაზის სახელგანთმულ მუსიკოსებთან – ჩიკ კორეასთან, ლენი უაითთან, სტენლი კლარკსა და სხვებთან ერთად. უკრავს სხვადასხვა ჯაზდარბაზში, მათ შორის, ლეგენდარულ „ბლუ ნოუტში“.

ბექა გოჩიაშვილი 1996 წლის 11 მარტს დაიბადა. 3 წლის ასაკში პიანინოზე დაკვრა დაიწყო, 4 წლისა უკვე სრულფასოვნად ასრულებდა მუსიკალურ ნაწარმოებებს. 3 წელი კლასიკური პიანინოს მასწავლებელთან – თენგიზ ჩიტაიშვილთან ხვეწდა ტექნიკას. 7 წლის ასაკში საქართველოში ყველაზე ცნობილ ჯაზის პედაგოგთან, პროფესორ ზურა რამიშვილთან დაიწყო მეცადინეობა. 10 წლისა კი უკვე თბილისის სხვადასხვა ჯაზკლუბში უკრავდა.

2007 წელს ლატვიის ქალაქ საულკრასტის ჯაზფესტივალზე ბექამ ლეგენდარული ჯაზდრამერი ლენი უაითი გაიცნო, რომელმაც მას მოგვიანებით მრავალმიმართულებიანი მუსიკოსი უწოდა: „ახალგაზრდა მუსიკოსების უმრავლესობა, რომლებიც დღეს სცენაზე არიან, მემკვიდრეობით იღებს მათი წინამორბედი მუსიკოსების ტექნიკასა და ცოდნას. ბექა ახლა გახდა 16 წლის, შესაბამისად, მას ამდენი გამოცდილება ვერ ექნება, ამიტომ იგი მუსიკას თავისებურად ამუშავებს. მისი შესრულება კლიშეებისგან თავისუფალია“.

ამერიკაში ჩაწერილ და გამოშვებულ სადებიუტო ალბომში ბექას რამდენიმე საკუთარი კომპოზიციაც შევიდა, ორი მათგანი მან თავის „მუსიკალურ მამებს“ – კიტ ჯარეტს და ჩიკ კორეას მიუძღვნა. მას მიაჩნია, რომ მუსიკოსი არ უნდა იყოს „დახურული და შემოსაზღვრული“ მხოლოდ ჯაზური მუსიკით... სხვა მუსიკალური ჟანრებისგან (პოპი, სოული, ფანკი, როკი და კლასიკა) მიღებული სიმდიდრე ძალიან მნიშვნელოვანია. ის მეხმარება, კონცერტებზე იმპროვიზირებისას თავისუფალი და კრეატიული ვიყო. ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია“, – აღნიშნავს ბექა თავისი პირველი დისკის რეცენზიაში.

ჟურნალი „თბილისი Out“ #28, იანვარი, 2013 წელი 

Saturday, December 22, 2012

ოთარ იოსელიანი

რეჟისორი, 78 წლის, პარიზი

მსხვილი ხედი კინოს სირცხვილია. მე მას არ ვიყენებ. მსხვილი ხედი მსახიობის,  მოცემული კონკრეტული ადამიანის ისტორიაა. და რა შუაშია აქ კინო?

მე და ჩემი მეგობრები მშვიდად ვსხედვართ მაგიდასთან, ვსვამთ. ბევრი აღარაფერი გვაქვს სათქმელი, რადგან უკვე კარგა ხანია ერთმანეთზე ყველაფერი ვიცით და უხვსიტყვიანობით არ გამოვირჩევით. მაგრამ თუ ამ სუფრასთან ვინმე ნაძირალა მოხვდება, მაშინ ჯიუტად ვდუმვართ, სიტყვასაც კი არ ვამბობთ. ვფიქრობ, სიფათში გალაწუნებას აზრი არა აქვს.

დღევანდელი ყველა გმირი გამოგონილია, მათ არა ჰყავთ პროტოტიპები. აბა, ცხოვრებაში სად გინახავთ ჯეიმს ბონდი ან ინდიანა ჯონსი? ხოდა, ეს ოდისევსისა და ჰერაკლეს ძველბერძნული მითების რემინისცენციები ფილმიდან ფილმში დაეხეტებიან. ერთი ყველას წინააღმდეგ და ყველას ამარცხებს, სიკეთე სძლევს ბოროტებას – ეს ფორმულა კომერციულად ყოველთვის მომგებიანია. ხოლო ჩვენზე, უბრალო მოკვდავებზე იღებდნენ: დე სიკა, დე სანტისი, ჩემი ახლობელი ჟაკ ტატი. კინო საავტოროა, როდესაც მოულოდნელი სიხარული გეუფლება, რადგან ხედავ, რომ ისევე ფიქრობ, როგორც ის ტიპი, რომელიც სურათს გაჩვენებს.

პარიზი, რომლის შესახებაც ვიღებ, უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს. შესაძლოა არც არასდროს არსებულა, როგორც ის მოსკოვი, რომელიც დანელიას „მე დავაბიჯებ მოსკოვშია“ ნაჩვენები. იქნებ ჩვენ ქალაქები დავასახლეთ ისე, რაც ვიცით ცხოვრებისა და ადამიანების შესახებ და ისინი მხოლოდ ჩვენს სულში არიან. მოსკოვი და თბილისი ცარიელდება, ხოლო პარიზი უკვე დიდი ხანია დაცარიელდა, მაგრამ მათ მოდელს, რომელიც ჩვენ მეხსიერების სახით მემკვიდრეობით გადმოგვეცა, გარკვეული ღირებულება აქვს და შეგვიძლია ვაჩვენოთ.

ნამდვილი პარიზი სხვანაირია: მასში მაცხოვრებელი ნებისმიერი ცოცხალი სული იბრძვის და წვალობს, და ძირითადად, მარტოობით იტანჯება, ამიტომ დასაფასებელია ამ ქალაქში ვინმესთან მეგობრობა. ჩვენ, ქართველებს, ეს ოდნავ მაინც შეგვიძლია, ეს ჩვენი პროფესიაა.

Wednesday, December 19, 2012

ბაჩი ქიტიაშვილი – ქართული როკის ლეგენდა

ბაჩი ქიტიაშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მუსიკოსია, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოთა წყობისას მოახერხა აკრძალული როკმუსიკის დაკვრა. მისი ბენდი „ბერმუხა“ 1965 წლიდან არსებობს და დღემდე პოპულარობით სარგებლობს. ჯგუფი საკმაოდ მძიმე რიტმ-ენდ-ბლუზს, პროგრესივ, ჯაზ და ჰარდ როკს ასრულებს. „ბერმუხა“ თავის დროზე ერთადერთი დამოუკიდებელი მუსიკალური ჯგუფი იყო, რომელიც მაშინდელი საბჭოთა რეჟიმის იდეოლოგიას უპირისპირდებოდა, როგორც მუსიკით, ისე ცხოვრების წესით. გიტარისტ ბაჩი ქიტიაშვილს მიაჩნია, რომ ის და მისი ჯგუფის წევრები დისიდენტები იყვნენ. კომუნისტი იდეოლოგები მათზე ამბობდნენ: აი, ესენი აფუჭებენ და რყვნიან ახალგაზრდებსო. მუსიკოსი აღნიშნავს, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლების ე.წ. „პერესტროიკამდე“ ჯგუფი იატაკქვეშეთში იმყოფებოდა. 

ბაჩი ქიტიაშვილმა ჩემთან საუბრისას გაიხსენა: „12 წლის განმავლობაში „ბერმუხა“ ზენიტში იყო, სცენიდან ფეხი არ ჩამოგვიდგამს. ვმოგზაურობდით ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში. ვიყავით მოსკოვში, სოჭში, კიევში, ხარკოვში და სხვა ქალაქებში. მართალი გითხრათ, მიკვირს, რომ დღესაც ამდენი ახალგაზრდა გვისმენს... „ბერმუხა“ ის ჯგუფია, რომლის კონცერტის დროსაც ქუთაისში გზები გადაკეტეს, იმდენი ხალხი იყო. ფოთში გამოსვლისას კი კედელი გადავანგრიეთ, თუმცა ხალხის თხოვნით, კონცერტი გავაგრძელეთ. რამდენიმე ქართული ნაწარმოები, რომელსაც დღესაც ვასრულებთ, სწორედ მაშინდელია“. „ბერმუხას“ რამდენიმე გამორჩეულად ცნობილი ჰიტი აქვს – „არწივი“ და „დღეს ჩვენ ერთად ვართ“, ისინი ყველა კონცერტზე სრულდება.

ჟურნალი „თბილისი Out“ #27, დეკემბერი, 2012 წელი