Tuesday, April 30, 2019

მოგზაურობა როკ-ენ-როლში


„მე არაფერი ვიცი მუსიკის შესახებ. მე ეს არ მჭირდება“
ელვის პრესლი

როკ-ენ-როლს სხვა მუსიკალურ ჟანრებთან შედარებით ერთგვარი უპირატესობა ჰქონდა და აქვს – მას არ სჭირდება პროფესიული მუსიკალური განათლება. მთავარია, გქონდეს რიტმის შეგრძნება და სმენა, იცოდე გიტარაზე რამდენიმე აკორდის დაკვრა და შენ მიერ შესრულებულ მუსიკას ჰქონდეს დრაივი. წარმატების მისაღწევად, ნოტების ცოდნაც კი არაა აუცილებელი.

ჟანრის დაბადების ოფიციალური თარიღია 1954 წლის 20 მაისი. სწორედ ამ დღეს გამოვიდა ქანთრი მუსიკოსის, ბილ ჰეილის სიმღერა Rock Around the Clock. იმ დროს სიტყვა „როკ-ენ-როლი“ ჯერ არ არსებობდა და ფირფიტაზე ეწერა, რომ ეს იყო ფოქსტროტი. თუმცა, 1955 წლის ივლისში კომპოზიცია ბილბორდის ჩარტის სათავეში მოექცა, სადაც მას უკვე როკ-ენ-როლად მოიხსენიებდნენ. 


თუმცა, არსებობს ალტერნატიული შეხედულებაც, რომლის თანახმად, პირველი როკ-ენ-როლი აფროამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზ მუსიკოსის, აიკ ტერნერის მიერ შესრულებული Rocket 88 იყო, რომელიც 1951 წლის 5 მარტს გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი, რომელშიც ელექტროგიტარის დისტორშენის ეფექტია გამოყენებული. 


როკ-ენ-როლი პირველი სერიოზული მუსიკალური მიმართულება გახდა, რომელსაც თანაბრად ასრულებდნენ როგორც შავკანიანი, ისე თეთრკანიანი მუსიკოსები. თავად ტერმინი კი კლივლენდის რადიოს დიჯეის, ალან ფრიდს ეკუთვნის, რომელიც ახალი ჟანრის წინააღმდეგ განწყობილი მრავალრიცხოვანი და საკმაოდ აგრესიული აუდიტორიის წინაშე მედგრად იცავდა საკუთარი მსმენელების ინტერესებს.
 

აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მუსიკის ისტორიაში როკ-ენ-როლი ის ჟანრი გახდა, რომელიც დიდ სოციალურ მუხტს ატარებდა. მან გააერთიანა არა მარტო ცეკვის მოყვარული ახალგაზრდები, არამედ მეამბოხეებიც. 1950-იან წლებში, როდესაც მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო და ადამიანები ნანატრი მშვიდობით ტკბებოდნენ, შვილები დაუპირისპირდნენ მამებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ამ საშინელი ომის თავიდან აცილება. ამ ბრძოლაში როკ-ენ-როლი შვილების თაობის მთავარ იარაღად იქცა.


როკ-ენ-როლის პროგრესზე უდიდესი გავლენა იქონია ხმის ჩამწერი ინდუსტრიის განვითარებამ. 1948 წელს პირველად გამოჩნდა ვინილისგან დამზადებული გამძლე ფირფიტები, მანამდე მასალად ადვილად მსხვრევადი ებონიტი და საკმაოდ სუსტი შელაკი გამოიყენებოდა. ამასთანავე, ადრე გრამოფონისა და პატეფონის ფირფიტების სიჩქარე იყო 78 ბრუნი წუთში და თითოეულ გვერდზე მხოლოდ ერთი სიმღერა ეტეოდა. 1949 წელს კი RCA Records-მა 45 ბრ/წთ-ში სიჩქარე შემოიღო, რომელიც სინგლებისთვის სტანდარტად იქცა და მინი-სინგლის ფირფიტის ზომა 7 დუიმამდე შეამცირა. 

Wednesday, March 27, 2019

ქართული უკულტურობის დღეები ევროპაში 2019

მარტის მიწურულს და აპრილის დასაწყისში ორი ქართული ქართულენოვანი კოლექტივი – პანკ-ჯგუფი „ვოდკა ვტრაიომ“ და პოსტ-პანკ ტრიო „მთვარის დაბნელება“ ევროპაში, კერძოდ გერმანიაში, საფრანგეთსა და ბელგიაში ტურნეს აწყობენ, რომელსაც „ქართული უკულტურობის დღეები 2019“ დაარქვეს.

შეიძლება ეს სახელწოდება ზოგიერთს გაუკვირდეს, თუმცა ვინც პანკ-მუსიკას ან მის მონათესავე პოსტ-პანკს უსმენს, იმათთვის ჩვეულებრივი რამაა, რომელშიც იგრძნობა როგორც იუმორი, ისე თავისებური დამოკიდებულებაც იმ სტერეოტიპების მიმართ, რაც მსგავსი მუსიკალური ჟანრის მოსმენისას საშუალო სტატისტიკურ ადამიანს უჩნდება.

საქართველოსა და ზოგადად მსოფლიოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში პანკები ანარქისტებთან და ერთგვარად, უკულტურო ადამიანებთან ასოცირდებიან. საქართველოს საკმაოდ ნორმალური პანკ-წარსული აქვს. მუსიკის ამ ჟანრით ქართველი მსმენელი ჯერ კიდევ 1970-იანების ბოლოს და 1980-იანებში დაინტერესდა. მართალია, ისინი ბევრნი არ იყვნენ, მაგრამ პირველი ნერგი ნიადაგში ალბათ მათ დარგეს. ნერგმა 1980-იანების მიწურულის გაიხარა. ეს ის პერიოდია, როცა ქართველმა შემსრულებლებმა პანკის დაკვრა მოსინჯეს და საინტერესო შემსრულებლებიც გამოჩნდნენ. 1990-იანებში, როცა ქვეყანაში ალტერნატიული მუსიკის ბუმი დაიწყო, პანკ-სულისკვეთება კიდევ უფრო გაძლიერდა.

Thursday, March 14, 2019

ქუთაისის ღამის ცხოვრება – „რეფლექტორისა“ და „ბუდეს“ ელექტროშუქების ფონზე

საქართველოში რეივ-ცხოვრება მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ბოლო წლებში დასავლურ პრესაში თბილისი სულ უფრო ხშირად აღმოსავლეთ ევროპაში ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ ცენტრადაა წარმოჩენილი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა.

ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა ქუთაისური რეივ-სცენაც, რომელიც ამ ქალაქში ორი უკვე ცნობილი კლუბით –  „რეფლექტორი“  და  „ბუდე“  არის წარმოდგენილი. ორივე კლუბს თავისი სპეციფიკური ნიშა უჭირავს. ისინი მუსიკალური სტილისტიკითაც განსხვავდებიან.

„ბუდე“ უფრო ანდერგრაუნდ-კლუბია და აქ ძირითადად ტექნო მუსიკა ჟღერს, ხოლო „რეფლექტორში“ მუსიკოსები ჰაუსს, ტრანსს, მინიმალს და სხვა ელექტრონული მუსიკის სტილსაც ასრულებენ. ქუთაისში ეს ორი კლუბი განსაზღვრავს ელექტრონულ ამინდს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორივე მათგანი თბილისისგან დამოუკიდებლად, ავტონომიურად იწვევს მუსიკოსებს გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. ამას, რაღა თქმა უნდა, ქუთაისის აეროპორტის მრავალფეროვანი ევროპული რეისები, შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა და იაფი ავიაბილეთებიც ხელს უწყობს.

ბევრი ჩემი დედაქალაქელი ნაცნობი უკვე სპეციალურად ჩადის ქუთაისში, რათა კლუბურ საღამოებს დაესწროს და დრო გაატაროს. უკან დაბრუნების შემდეგ კი ისინი უმეტესწილად კმაყოფილები არიან მუსიკით, ორგანიზების დონით და იქაური განწყობითაც. სწორედ ამიტომ, კლუბებიც ცდილობენ უფრო უკეთესი მუსიკოსები ჩამოიყვანონ. თუმცა ადგილობრივ შემსრულებლებსაც არ ივიწყებენ და სცენაზე უამრავი ქართველი ელექტრონული მუსიკოსი ასევე სიამოვნებით დგება.

ერეკლე დეისაძე (მუსიკოსი): „ეს კლუბები მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ამ სივრცეში ძალიან განსხვავებული ადამიანები იყრიან თავს, რომლებიც ერთობიან, ცეკვავენ – ამაზე დიდი მოვლენა რაღა უნდა იყოს? თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისი თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაში საკუთარ სიტყვას აუცილებლად იტყვის. 

ერეკლე დეისაძე
თავიდან მხოლოდ „რეფლექტორი“ იყო და მერე დაემატა „ბუდე“. ამჯერად ქალაქში ელექტრონული მუსიკის და ღამის კლუბის ორი ძალიან კარგი სივრცე არსებობს. ამ კლუბებში მოსახვედრად მაყურებლები ჩამოდიან ზუგდიდიდან, ბათუმიდან, თბილისიდან. ძალიან ბევრი მსურველია ხოლმე და ეს საკუთარი თვალით მინახავს. 

ჩვენს ქალაქში კლუბური რეივ-ცხოვრება მაინც ახალი წამოწყებაა, რომელსაც ძალიან კარგად აუბა მხარი მსმენელმა, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ. იმდენად გათავისებული აქვს ყველას ეს ყველაფერი, რომ ქუთაისში ის სირთულეები არ გაჩენილა, რისი დაძლევაც თბილისურ კლუბებს მოუხდა.

Friday, March 1, 2019

ონისე – ანდერგრაუნდსა და მეინსტრიმს შორის

ონისე ფუტკარაძის სიმღერები საქართველოში ისეთ დროს გაიცნეს, როდესაც ვიდეოკლიპებს ხალხი ჯერ კიდევ ტელევიზორებში უყურებდა და „იუთუბი“ ასე გავრცელებული არ იყო, არც ინტერნეტი გახლდათ ისეთი სწრაფი, როგორც ახლა. 

ჰოდა, 2000-იანი წლების შუაში ტელეეკრანებზე გამოჩნდა მისი სიმღერა „ვარდო“, რომლის რიტმი ძალიან წააგავდა მაშინ ძალიან პოპულარული „გორილაზის“ ჰიტს, „კლინტ ისტვუდს“. სიმღერა ეძღვნებოდა ერთ გოგონას, სახელად ვარდოს, რომელიც ლადოს გარდა ჟიმაობდა ყველასთან. 

„ვარდომ“ მისი პროვოკაციული ტექსტის დამსახურებით მსმენელის ყურადღება მიიპყრო. სიმღერიდან ამოღებული ფრაზა „შე ჩემის ვარდო“ ხალხში გავრცელდა და ბევრი ადამიანი ლაპარაკის დროს ხუმრობით იმეორებდა ხოლმე. ეს ჰიტი ონისემ გიგა მიქაბერიძის სტუდიაში ჩაწერა. მოგვიანებით „ვარდოს“ საორკესტრო ვერსია გამოვიდა.


იმ პირველი „ვარდოს“ ჩასაწერად და ვიდეოს გადასაღებად კი ონისემ საკუთარი „მოსკვიჩი“ 200 აშშ დოლარად გაყიდა. მუსიკოსმა მზა ვიდეო მამუკა ღლონტთან „მაესტროში“ მიიტანა, რომელმაც თანამშრომლობა შესთავაზა და მისი დახმარებით 2006 წელს ონისემ ჯერჯერობით ერთადერთი ალბომი „მალადეც“ ჩაწერა. ამასთან, სიმღერებზე „კომპოტი“ და „ბეტონი“ ვიდეოკლიპები დამზადდა, რომელიც „I სტერეოს“ ეთერში დაატრიალეს. 

Tuesday, February 12, 2019

სოციალური მუსიკა საქართველოში

საქართველოში თანამედროვე მუსიკა საბჭოთა კავშირის არსებობის წლებში ფაქტობრივად ყოველგვარი სოციალური მუხტის გარეშე ჟღერდა. ერთპარტიულ ქვეყანაში მმართველი ძალა საჯაროდ სოციალურ პრობლემებზე უბრალო საუბარსაც კი არ მიესალმებოდა. მიუხედავად ამისა, ლიტერატურაში, თეატრში ან კინოხელოვნებაში შეფარვით მაინც ახერხებდნენ სხვადასხვა პრობლემაზე აქცენტების გამახვილებას. თანამედროვე მუსიკაში ე.წ. ესტრადის მუსიკოსების დიდი ნაწილი კი უმღეროდა სიყვარულს, ხალხთა შორის მეგობრობას, სოციალისტურ ქვეყანას, კომუნისტურ პარტიას, ლენინს, სტალინს და ა.შ. ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების ნაწილი ოსტატურად ახერხებდა ამ ვალდებულებებისთვის გვერდის ავლას. ფილარმონიული მუსიკოსები ვერ ბედავდნენ თუნდაც საგიტარო „მძიმე“ ეფექტის – „დისტორშენის“, „ფუზის“ გამოყენებას, რადგან ოფიციოზისთვის ესეც „წყეულ კაპიტალისტურ“ ჟღერადობასთან ასოცირდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი შემსრულებლები ფაქტობრივად არ არსებობდნენ, რამდენიმე იატაკქვეშა მუსიკოსის გარდა, რომლებიც სოციალური ტექსტებით დიდად არ გამოირჩეოდნენ, ზემოთნახსენებ მძიმე საგიტარო ეფექტებს კი საკუთარ კონცერტებზე თამამად იყენებდნენ. ამავე დროს, საკუთარ სათქმელს შეფარულად ამბობდნენ ბარდები, თუმცა მათ ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურებში არ აწევრიანებდნენ. მაშინდელი პოლიტიკოსები კი პოპმუსიკოსებს (ე.წ. ესტრადის შემსრულებლებს) არასოდეს სერიოზულად არ აღიქვამდნენ, რადგან ისედაც აკონტროლებდნენ და გარანტირებულად იცოდნენ, რომ ისინი რამე მნიშვნელოვან პრობლემურ თემაზე არასდროს იმღერებდნენ.

1980-იანი წლების მეორე ნახევარში სსრკ-ში გორბაჩევისეული „გარდაქმნა“ („პერესტროიკა“) გამოცხადდა და ხელოვანებმა შვებით ამოისუნთქეს. საქართველოში უკვე შესაძლებელი გახდა სიმღერებში თავისუფალი ლირიკა გამოეყენებინათ. ზუსტად ამ პერიოდში პატრიოტული მუსიკის შემსრულებლები მომრავლდნენ, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას უკვე უშიშრად, ღიად უმღეროდნენ. ზოგს დღემდე მიაჩნია, რომ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „ივერიას“ მიერ დადგმული მიუზიკლებში მეტ-ნაკლებად იყო წარმოჩენილი მაშინდელი სოციალური თემები და პრობლემები, თუმცა ეს სხვა სტატიის საკამათო თემაა. 

ლადო ბურდული, ზაზა ხუციშვილი და დადა დადიანი
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოში ბევრი ისეთი შემსრულებელი გამოჩნდა, რომლებიც არც ერთი სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურის წევრი არ იყო. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ 1990-იანი წლებიდან იწყება სოციალური მუსიკის ისტორია საქართველოში. პირველი მუსიკოსები, რომლებმაც შეუნიღბავად თქვეს საკუთარი სათქმელი, იყვნენ: დადა დადიანი (ჯგუფი „ტაქსი“), ლადო ბურდული (ჯგუფი „რეცეპტი“), ქიშო გლუნჩაძე, რობი კუხიანიძე („აუტსაიდერი“) და კიდევ სხვები. დადა დადიანი სიმღერაში „ზამთარი“ მღეროდა: „მე მინდა, ბავშვს, რომელიც ჩნდება, ჰქონდეს ჰაერი; მე მინდა, ქალს, რომელიც ცდება, ჰყავდეს მომვლელი; მე მინდა, კაცს, რომელიც ყვირის, ჰქონდეს რწმენა; მე მინდა, ერს, რომელიც ლპება, ჰქონდეს გონება“... ეს სიტყვები დღემდე ძალიან აქტუალურია.



გავიხსენოთ ლადო ბურდულის ლირიკის ფრაგმენტიც: „ამ ქალაქში დღეს მეფობენ მგლები, ამ ქალაქში ბედნიერება მოკლეს“. ასევე, რობი კუხიანიძე სიმღერაში „ქალაქში ბნელა“ („ზამთარი“) მღეროდა: „დღეს ამ ქალაქში სინათლე ქრება, ბავშვების ნაცვლად სიგიჟე ჩნდება, ჩემს ქალაქში დღეს საშინლად ბნელა“.

Friday, February 8, 2019

საბჭოთა საქართველო და ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების ეპოქა

საბჭოთა კავშირში თანამედროვე მუსიკა მეტად უცნაურად ვითარდებოდა, თუ ამას საერთოდ განვითარება შეიძლება დაერქვას. მსოფლიო შოუბიზნესს მოწყვეტილი მუსიკა სტილისტურად ფაქტობრივად გაიყინა. ამას ხელს „რკინის ფარდა“ უწყობდა, რომელიც სსრკ-მ ცივილიზებულ სამყაროს საკუთარი ინიციატივით ჩამოაფარა, რათა უმეტესი ინფორმაცია დაებლოკა და მხოლოდ ცენზურაგამოვლილი ამბები მოეთხრო თავისი მოსახლეობისთვის.

მმართველ ტოტალიტარულ კომუნისტურ პარტიას, რომელსაც ალტერნატივა არ ჰყავდა, არ სურდა მოესმინა მისთვის საზიანო თავისუფალი აზრი, რომლითაც გაჯერებული იყო თანამედროვე მუსიკა. სწორედ ამიტომ უფრთხოდნენ ყველაზე მეტად დასავლურ მუსიკას. რუსმა მუსიკოსმა და პროდიუსერმა, ბარი ალიბასოვმა „ნიუ-იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირი როკ-ენ-როლმა დაშალა.

დღეს მინდა მოკლედ მიმოვიხილო სტალინის მმართველობის შემდგომი საბჭოთა მუსიკის პერიოდი, რომელსაც პირობითად „ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების ეპოქა“ შეგვიძლია ვუწოდოთ და იგი თითქმის სამ ათეულ წელიწადს მოიცავს.

მთავრობა ბევრ ფულს ხარჯავდა უცხოური რადიოარხების თუ რადიოგადაცემების სიგნალის ჩასახშობად. სწორედ ამიტომ მელომანები იატაკქვეშ ავრცელებდნენ კონტრაბანდულად შემოტანილ მუსიკას. 1950-იანებში მასობრივად გაჩნდა რენტგენის ფოტოფირებზე ჩაწერილი უხარისხო, მაგრამ სასურველი ფირფიტები, რომლებიც „საყოფაცხოვრებო მომსახურების“ ცენტრებში, ხმის ჩამწერ სტუდიებში კუსტარულად მზადდებოდა. „რენტგენის ფირფიტების“, იგივე „ძვლების ფირფიტების“ კულტურა 1970-იან წლებამდე იყო შემორჩენილი, სანამ საყოფაცხოვრებო და მანქანის კასეტის მაგნიტოფონები მასობრივი არ გახდა.



მელომანები საკუთარი კოლექციისთვის დასავლეთის ქვეყნებიდან შემოტანილ ორიგინალ ფირფიტებს აგროვებდნენ, რომლის საშუალო ფასი შავ ბაზარზე 50-დან 100 მანეთამდე (77-დან 154 $-მდე) მერყეობდა. ხელისუფლება მსგავსი მუსიკის შემოტანას არც კრძალავდა და არც ახალისებდა. ვინილის ფირფიტები, კასეტები, მოგვიანებით ვიდეოკასეტები ძირითადად მეზღვაურებს, სპორტსმენებს, ტურისტებს, გასტროლებზე მყოფ მუსიკოსებს და დიპლომატებს ჩამოჰქონდათ.

Tuesday, February 5, 2019

შავი პრინცი – დამშვიდობება

აკაკი ბაბუნაშვილი, იგივე შავი პრინცი, ძებნილი, პრინცი პი და უბრალოდ შურიკა (შურა), როგორც ახლობლები ვეძახდით, ერთ-ერთი პირველი ადამიანია საქართველოში, ვინც იმღერა რეჩიტატივით და მის აგრესიულ რეპში ანტიგმირები განასახიერა.

იგი ხან ნარკომანი, ხან ქურდი, ხანაც ყაჩაღი იყო. პრინციპში, ეს მისი მხრიდან უბრალოდ ამ კონკრეტული მუსიკის სიყვარული კი არა, მისი ცხოვრების სტილი იყო. საერთოდ, იგი რეპერი რიტმის სიყვარულის გამო გახდა. 

1990-იანების გარიჟრაჟზე მშობლიურ ქალაქ ქუთაისში ის უკვე თავზე წაკრული ბენდენით, ბალახონით (ჰუდით), ბეისბოლის ქუდით, შავი სათვალით, ოდნავ ჩაჩაჩული შარვლით დადიოდა და უსმენდა ფაქტობრივად ყოველგვარ მუსიკას. მას ნახავდით იმ პერიოდის ქალაქში გამართულ თითქმის ყველა ალტერნატიულ „ტუსოვკაზე“. როკ-კონცერტებზე სცენასთან ახლოს აქტიურობდა, ხტოდა, ცეკვავდა ბრეიკ დენსს.

სწორედ მაშინ დაიწყო გარეპვა მეგობრებთან ერთად ტრიოში, ტრიოსთან ერთადვე გახდა ტელეკომპანია „რიონზე“ ტელეგადაცემის თანაწამყვანი, რომელსაც მაშინ უბრალოდ „ქუთაისის კომერციული ტელევიზია“ ერქვა.



ამ პერიოდში მელომანებში გავრცელდა უბრალო კოჭებიან („ბაბინებიან“) მაგნიტოფონზე ზემოთ ნახსენები უსახელო ტრიოს ჩაწერილი რამდენიმე სიმღერა: „დაგანახებ რეკორდს“, „აჭრა“, „მფრინავი ხალიჩა“ და „მწვანე თხა“, სადაც შურიკა ენერგიულად რეპავს. ტრიო კი მალე დაიშალა, მაგრამ ქალაქის ქუჩებში სიარულის დროს იგი მარტო არასდროს იყო. ჩვენი შეხვედრებისას სულ მეგობრებთან ერთად ვნახულობდი.

Saturday, January 26, 2019

Aphex Twin-ითა და Ruichi Sakamoto-თი შავ ზღვაზე შესაძლოა ფესტივალი „სუბტროპიკი“ დაბრუნდეს

ორი ათასწლეულისა და ორი საუკუნის მიჯნაზე ბათუმში საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდა საკმაოდ ეკლექტური ფესტივალი, რომელშიც ელექტრონული მუსიკოსებიც გამოჩნდნენ. ეს მუსიკალური ღონისძიება ზედიზედ სამი წლის განმავლობაში იმართებოდა და იმ დროისთვის ცნობილ მუსიკოსებს აერთიანებდა.

ფესტივალს დამფუძნებლებმა „სუბტროპიკი“ დაარქვეს. მასზე მოსახვედრად მუსიკის მსმენელები და ცეკვის მოყვარულები არა მარტო საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, უცხოეთიდანაც კი ჩამოდიოდნენ. ეს იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული ფესტივალი, რომლის შემქმნელები შოუბიზნესის ცივილიზებული სტანდარტებით მასპინძლობდნენ როგორც მუსიკოსებს, ისე მედიის წარმომადგენლებსა და მაყურებლებს. ამ პერიოდის განმავლობაში „სუბტროპიკის“ თანაორგანიზატორები იყვნენ ცნობილი ბრენდები.


„სუბტროპიკი“ 1999 წელს ჩამოყალიბდა. ფესტივალის მიზანი ალტერნატიული მუსიკალური სივრცის შექმნა იყო, სადაც სხვადასხვა სტილის მუსიკოსები და მათი მსმენელები შეიკრიბებოდნენ. ეს სივრცე სწორედ ამ ფესტივალზე შეიქმნა, სადაც ერთმანეთს იდეურად და ემოციურად დაუკავშირდნენ ალტერნატიული როკის, პოპის, ჰიპ-ჰოპის, ტრიპ-ჰოპის, დისკოს, ელექტრონიკის, ტექნოს, ჰაუსის, კლასიკური მუსიკისა და სხვა მუსიკალური მიმდინარეობის წარმომადგენლები. მსგავს პრეცედენტს მანამდე საქართველოში ადგილი არ ჰქონია. ზაფხულის რამდენიმედღიანი „სუპტროპიკის“ კონცერტები სხვადასხვა ადგილებში გამართულ სცენებზე ტარდებოდა, მათ შორის პლაჟის რამდენიმე კლუბში, ბათუმის ცირკის შენობაში და სტადიონზე.

სხვადასხვა დროს ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს დიჯეებმა საფრანგეთიდან, რუსეთიდან, დანიიდან, აშშ-დან, ბრიტანეთიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან. პირველ ფესტივალებზე იმღერეს ისეთმა ცნობილმა რუსულმა შემსრულებლებმა, როგორებიც იყვნენ: „აგატა კრისტი“, „მაშა ი მედვედი“, „დელფინი“, „დვა სამოლიოტა“ და სხვა.

2002 წელს ფესტივალის თანაორგანიზატორი იყო ცნობილი რუსული ჟურნალის, „პტიუჩ-ქონექშენის“ მთავარი რედაქტორი იგორ შულინსკი, რომელიც შემდგომში გალა-კონცერტის წამყვანადაც მოგვევლინა. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს სწორედ 2002 წლის ფესტივალი, რომელიც ყველაზე წარმომადგენლობითი იყო „სუბტროპიკების“ ისტორიაში. 

დავიწყოთ იმით, რომ მისი ჰედლაინერი უნდა ყოფილიყო ცნობილი Aphex Twin. მახსოვს, რა ამბავი ატყდა მაშინ პრესაშიც და მსმენელებს შორისაც: ყველა ბათუმში გარბოდა.

Monday, November 5, 2018

მოგზაურობა ჯაზში


„ჯაზი თეთრი ხალხის მოგონილი ტერმინია შავების მუსიკის განსამარტად. ჩემი მუსიკა შავი ხალხის კლასიკური მუსიკაა“
ნინა სიმონი

ჯაზი ის მუსიკალური ჟანრია, რომელიც თინეიჯერობისას ძალიან არ მიყვარდა. მეტიც, თუ სადმე იყო ჩართული, ვცდილობდი იქაურობას შეძლებისდაგვარად სწრაფად გავცლოდი. საბჭოთა კავშირში თანამედროვე მუსიკაზე ინფორმაციის დეფიციტის გამო, მასზე მცდარი წარმოდგენა მქონდა – რატომღაც მიმაჩნდა, რომ ის მხოლოდ მდიდრების მუსიკა იყო.  

ბავშვობისას, ბიძაჩემის წყალობით, ლუი არმსტრონგისა და ელა ფიცჯერალდის ფირფიტებს მოვუსმინე, მაგრამ დიდად არ მომეწონა. საშინლად მიმაჩნდა ის საბჭოთა ინსტრუმენტული ჯაზიც, რაც სატელევიზიო თუ რადიოარხებიდან მესმოდა. ეს გაგრძელდა მანამ, სანამ ერთ გვიან ღამით ტელევიზორში შემთხვევით ოსკარ პიტერსონისა და ქაუნთ ბეისის საფორტეპიანო ჯაზ-დუეტს არ ვუყურე. უფრო სწორედ, შემომეყურა და დიდი სიამოვნებაც მივიღე. 


როგორც მუსიკალური ხელოვნების ნაწილი, ჯაზი მე-20 საუკუნის დასაწყისის შეერთებულ შტატებში აფრიკული და ევროპული კულტურების შერწყმით ჩამოყალიბდა. ის „ახალ კონტინენტზე“ ჩამოსახლებული, დამონებული აფრიკელი ხალხის მრავალფეროვანი რიტუალური რიტმებიდან აღმოცენდა, რასაც ბაპტისტური და პროტესტანტული ეკლესიების აფროამერიკელი მრევლის საგალობლები დაემატა, რომლებიც სპირიჩუალსის სახელითაა ცნობილი. 

ამერიკის კონტინენტზე ჩასული აფრიკელები სხვადასხვა ეროვნების იყვნენ. დროთა განმავლობაში მათი გაერთიანების, საერთო კულტურის შექმნის აუცილებლობაც მომწიფდა. ერთ-ერთი ასეთი გამაერთიანებელი ფაქტორი მუსიკა, კერძოდ კი ჯაზი გახდა. ამ უკანასკნელის ისტორია ძალზედ დინამიკურია და  სავსეა ისეთი მოვლენებით, რომლებმაც მსოფლიო მუსიკალურ და არა მხოლოდ მუსიკალურ პროცესებზე უდიდესი გავლენა იქონიეს.

ჯაზისთვის დამახასიათებელია სინკოპირებაზე დაფუძნებული პოლირიტმიკა, რეგულარული პულსაცია – ბიტი, ბიტიდან გადახრა – სვინგი, იმპროვიზაცია, ჰარმონიული და ტემბრული ხაზი. ის სოლისტის ხელოვნებაა, მაგრამ ამავდროულად ორკესტრის ყველა წევრთან უანგარო თანამშრომლობას მოითხოვს. მას მდიდარი ტრადიციები და საკუთარი დაუწერელი კანონები აქვს, რომლებსაც შემსრულებლები მკაცრად იცავენ. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ ჯაზ-კონცერტზე იგი ხელახლა იბადება. ეს მუსიკა ღარიბებისა და მდიდრების, უბედურებისა და ბედნიერების, სოფლელებისა და ქალაქელების, შავებისა და თეთრების, კაცებისა და ქალების მილიონობით შეხვედრის, კონტაქტის, მათ შორის ინტენსიური დიალოგის შედეგია. 

Thursday, September 6, 2018

მოგზაურობა ბლუზში

„ბლუზი ინდივიდუალური მუსიკაა – ერთი ადამიანია გიტარით ხელში მთელი სამყაროს წინააღმდეგ“ 
ერიკ კლეპტონი

ბლუზმა დასაბამი მისცა ორ უმსხვილეს მიმართულებას თანამედროვე მუსიკაში – ჯაზსა და როკს. ლეგენდარული ბიბი კინგი ამბობდა, ჯაზი იგივე ბლუზია, რომელმაც უმაღლესი განათლება მიიღოო. არ არსებობს სხვა ჟანრი, რომლის წიაღშიც იმდენი საიდუმლოებით მოცული და მისტიკური ლეგენდა იშვა, რამდენიც ბლუზზე ვიცით ან გაგვიგია. მის არსს კარგად განმარტავს ლეგენდარული ამერიკელი ბლუზმენი ჰაულინ’ ვულფი:

„ბევრს აინტერესებს, რა არის ბლუზი? მართლაც, რა არის? მე გეტყვით – როცა ფული არ გაქვს, ბლუზი შენთანაა. თუ ქირის გადასახდელი ფული არ გაქვს, ბლუზი მაინც შენთანაა. ბევრმა შეიძლება თქვას, რა არის ეს, ბლუზი არ მომწონსო, მაგრამ ქირის ფულს თუ ვერ გადაიხდი და საჭმელს ვერ იყიდი, ბლუზი მაინც გექნება! როცა ცუდზე ფიქრობ, ბლუზი მაშინაც შენთანაა“. 



სიტყვა Blues ნაწარმოებია ინგლისური გამოთქმიდან Blue devils (ლურჯი ეშმაკები), რაც მე-17 საუკუნის ამერიკაში იმ ინტენსიურ ვიზუალურ ჰალუცინაციებზე მიანიშნებდა, რომლებიც ალკოჰოლით ინტოქსიკაციას ახლავს თან. საქართველოში ამას „თეთრ ცხელებას“ ეძახიან. 1800-იან წლებში სიტყვა „ბლუ“ სლენგზე „მთვრალს“ ნიშნავდა. ამ სიტყვასა და სმას შორის კავშირზე მიანიშნებს ასევე ტერმინი „ლურჯი კანონი“, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში კვირა დღეს ალკოჰოლის გაყიდვას კრძალავდა. ამავე დროს, Blue სევდას, მოწყენილობასა და მელანქოლიასაც აღნიშნავს (გავიხსენოთ The Doors-ის სიმღერა Blue Sunday, ანუ „მოსაწყენი კვირადღე“), რაც ასევე, ბლუზს დაუკავშირდა. 

ბლუზის სამშობლოდ მდინარე მისისიპის დელტა, ე.წ. „ბამბის სარტყელი“ მიიჩნევა. აფრიკიდან წამოსული მუსიკა, ამერიკაში ბამბის პლანტაციებში მომუშავე აფროამერიკელმა მონებმა დაამკვიდრეს, აკადემიური სახე კი მე-20 საუკუნის დასაწყისში მიიღო. ჟანრის კლასიკური ინსტრუმენტები გიტარა და ჰარმონიკა (ტუჩის გარმონი) გახდა. აფროამერიკელები ფერმებიდან დიდ ქალაქებში მიდიოდნენ, რათა რასობრივ შევიწროვებას გაქცეოდნენ და სამუშაო მოეძებნათ. გზადაგზა ლუკმაპურის საშოვნელად უკრავდნენ და მსმენელს საკუთარ სატკივარს უზიარებდნენ. 

გავრცელებული გამოთქმის მიხედვით, ბლუზია, როდესაც კარგი ადამიანი თავს ცუდად გრძნობს. როკისგან განსხვავებით, ის არაა დაპირისპირების ან ამბოხის მუსიკა, თუმცა, სოციალური, უფრო კი ყოფითი ცხოვრების თემატიკა ბლუზის პოეზიაში ფართოდაა წარმოდგენილი. შეიძლება ითქვას, ბლუზი ზედმეტად პატიოსანი მუსიკაა და მას წრფელი ადამიანები ასრულებენ ყოველგვარი თეატრალურობისა და დაძაბულობის გარეშე. ამიტომ, ის ხელოვნურობასა და სხვა ტიპის ზედმეტობებს ვერ იტანს.