Tuesday, February 5, 2019

შავი პრინცი – დამშვიდობება

აკაკი ბაბუნაშვილი, იგივე შავი პრინცი, ძებნილი, პრინცი პი და უბრალოდ შურიკა (შურა), როგორც ახლობლები ვეძახდით, ერთ-ერთი პირველი ადამიანია საქართველოში, ვინც იმღერა რეჩიტატივით და მის აგრესიულ რეპში ანტიგმირები განასახიერა.

იგი ხან ნარკომანი, ხან ქურდი, ხანაც ყაჩაღი იყო. პრინციპში, ეს მისი მხრიდან უბრალოდ ამ კონკრეტული მუსიკის სიყვარული კი არა, მისი ცხოვრების სტილი იყო. საერთოდ, იგი რეპერი რიტმის სიყვარულის გამო გახდა. 

1990-იანების გარიჟრაჟზე მშობლიურ ქალაქ ქუთაისში ის უკვე თავზე წაკრული ბენდენით, ბალახონით (ჰუდით), ბეისბოლის ქუდით, შავი სათვალით, ოდნავ ჩაჩაჩული შარვლით დადიოდა და უსმენდა ფაქტობრივად ყოველგვარ მუსიკას. მას ნახავდით იმ პერიოდის ქალაქში გამართულ თითქმის ყველა ალტერნატიულ „ტუსოვკაზე“. როკ-კონცერტებზე სცენასთან ახლოს აქტიურობდა, ხტოდა, ცეკვავდა ბრეიკ დენსს.

სწორედ მაშინ დაიწყო გარეპვა მეგობრებთან ერთად ტრიოში, ტრიოსთან ერთადვე გახდა ტელეკომპანია „რიონზე“ ტელეგადაცემის თანაწამყვანი, რომელსაც მაშინ უბრალოდ „ქუთაისის კომერციული ტელევიზია“ ერქვა.



ამ პერიოდში მელომანებში გავრცელდა უბრალო კოჭებიან („ბაბინებიან“) მაგნიტოფონზე ზემოთ ნახსენები უსახელო ტრიოს ჩაწერილი რამდენიმე სიმღერა: „დაგანახებ რეკორდს“, „აჭრა“, „მფრინავი ხალიჩა“ და „მწვანე თხა“, სადაც შურიკა ენერგიულად რეპავს. ტრიო კი მალე დაიშალა, მაგრამ ქალაქის ქუჩებში სიარულის დროს იგი მარტო არასდროს იყო. ჩვენი შეხვედრებისას სულ მეგობრებთან ერთად ვნახულობდი.

Saturday, January 26, 2019

Aphex Twin-ითა და Ruichi Sakamoto-თი შავ ზღვაზე შესაძლოა ფესტივალი „სუბტროპიკი“ დაბრუნდეს

ორი ათასწლეულისა და ორი საუკუნის მიჯნაზე ბათუმში საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდა საკმაოდ ეკლექტური ფესტივალი, რომელშიც ელექტრონული მუსიკოსებიც გამოჩნდნენ. ეს მუსიკალური ღონისძიება ზედიზედ სამი წლის განმავლობაში იმართებოდა და იმ დროისთვის ცნობილ მუსიკოსებს აერთიანებდა.

ფესტივალს დამფუძნებლებმა „სუბტროპიკი“ დაარქვეს. მასზე მოსახვედრად მუსიკის მსმენელები და ცეკვის მოყვარულები არა მარტო საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, უცხოეთიდანაც კი ჩამოდიოდნენ. ეს იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული ფესტივალი, რომლის შემქმნელები შოუბიზნესის ცივილიზებული სტანდარტებით მასპინძლობდნენ როგორც მუსიკოსებს, ისე მედიის წარმომადგენლებსა და მაყურებლებს. ამ პერიოდის განმავლობაში „სუბტროპიკის“ თანაორგანიზატორები იყვნენ ცნობილი ბრენდები.


„სუბტროპიკი“ 1999 წელს ჩამოყალიბდა. ფესტივალის მიზანი ალტერნატიული მუსიკალური სივრცის შექმნა იყო, სადაც სხვადასხვა სტილის მუსიკოსები და მათი მსმენელები შეიკრიბებოდნენ. ეს სივრცე სწორედ ამ ფესტივალზე შეიქმნა, სადაც ერთმანეთს იდეურად და ემოციურად დაუკავშირდნენ ალტერნატიული როკის, პოპის, ჰიპ-ჰოპის, ტრიპ-ჰოპის, დისკოს, ელექტრონიკის, ტექნოს, ჰაუსის, კლასიკური მუსიკისა და სხვა მუსიკალური მიმდინარეობის წარმომადგენლები. მსგავს პრეცედენტს მანამდე საქართველოში ადგილი არ ჰქონია. ზაფხულის რამდენიმედღიანი „სუპტროპიკის“ კონცერტები სხვადასხვა ადგილებში გამართულ სცენებზე ტარდებოდა, მათ შორის პლაჟის რამდენიმე კლუბში, ბათუმის ცირკის შენობაში და სტადიონზე.

სხვადასხვა დროს ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს დიჯეებმა საფრანგეთიდან, რუსეთიდან, დანიიდან, აშშ-დან, ბრიტანეთიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან. პირველ ფესტივალებზე იმღერეს ისეთმა ცნობილმა რუსულმა შემსრულებლებმა, როგორებიც იყვნენ: „აგატა კრისტი“, „მაშა ი მედვედი“, „დელფინი“, „დვა სამოლიოტა“ და სხვა.

2002 წელს ფესტივალის თანაორგანიზატორი იყო ცნობილი რუსული ჟურნალის, „პტიუჩ-ქონექშენის“ მთავარი რედაქტორი იგორ შულინსკი, რომელიც შემდგომში გალა-კონცერტის წამყვანადაც მოგვევლინა. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს სწორედ 2002 წლის ფესტივალი, რომელიც ყველაზე წარმომადგენლობითი იყო „სუბტროპიკების“ ისტორიაში. 

დავიწყოთ იმით, რომ მისი ჰედლაინერი უნდა ყოფილიყო ცნობილი Aphex Twin. მახსოვს, რა ამბავი ატყდა მაშინ პრესაშიც და მსმენელებს შორისაც: ყველა ბათუმში გარბოდა.

Monday, November 5, 2018

მოგზაურობა ჯაზში


„ჯაზი თეთრი ხალხის მოგონილი ტერმინია შავების მუსიკის განსამარტად. ჩემი მუსიკა შავი ხალხის კლასიკური მუსიკაა“
ნინა სიმონი

ჯაზი ის მუსიკალური ჟანრია, რომელიც თინეიჯერობისას ძალიან არ მიყვარდა. მეტიც, თუ სადმე იყო ჩართული, ვცდილობდი იქაურობას შეძლებისდაგვარად სწრაფად გავცლოდი. საბჭოთა კავშირში თანამედროვე მუსიკაზე ინფორმაციის დეფიციტის გამო, მასზე მცდარი წარმოდგენა მქონდა – რატომღაც მიმაჩნდა, რომ ის მხოლოდ მდიდრების მუსიკა იყო.  

ბავშვობისას, ბიძაჩემის წყალობით, ლუი არმსტრონგისა და ელა ფიცჯერალდის ფირფიტებს მოვუსმინე, მაგრამ დიდად არ მომეწონა. საშინლად მიმაჩნდა ის საბჭოთა ინსტრუმენტული ჯაზიც, რაც სატელევიზიო თუ რადიოარხებიდან მესმოდა. ეს გაგრძელდა მანამ, სანამ ერთ გვიან ღამით ტელევიზორში შემთხვევით ოსკარ პიტერსონისა და ქაუნთ ბეისის საფორტეპიანო ჯაზ-დუეტს არ ვუყურე. უფრო სწორედ, შემომეყურა და დიდი სიამოვნებაც მივიღე. 


როგორც მუსიკალური ხელოვნების ნაწილი, ჯაზი მე-20 საუკუნის დასაწყისის შეერთებულ შტატებში აფრიკული და ევროპული კულტურების შერწყმით ჩამოყალიბდა. ის „ახალ კონტინენტზე“ ჩამოსახლებული, დამონებული აფრიკელი ხალხის მრავალფეროვანი რიტუალური რიტმებიდან აღმოცენდა, რასაც ბაპტისტური და პროტესტანტული ეკლესიების აფროამერიკელი მრევლის საგალობლები დაემატა, რომლებიც სპირიჩუალსის სახელითაა ცნობილი. 

ამერიკის კონტინენტზე ჩასული აფრიკელები სხვადასხვა ეროვნების იყვნენ. დროთა განმავლობაში მათი გაერთიანების, საერთო კულტურის შექმნის აუცილებლობაც მომწიფდა. ერთ-ერთი ასეთი გამაერთიანებელი ფაქტორი მუსიკა, კერძოდ კი ჯაზი გახდა. ამ უკანასკნელის ისტორია ძალზედ დინამიკურია და  სავსეა ისეთი მოვლენებით, რომლებმაც მსოფლიო მუსიკალურ და არა მხოლოდ მუსიკალურ პროცესებზე უდიდესი გავლენა იქონიეს.

ჯაზისთვის დამახასიათებელია სინკოპირებაზე დაფუძნებული პოლირიტმიკა, რეგულარული პულსაცია – ბიტი, ბიტიდან გადახრა – სვინგი, იმპროვიზაცია, ჰარმონიული და ტემბრული ხაზი. ის სოლისტის ხელოვნებაა, მაგრამ ამავდროულად ორკესტრის ყველა წევრთან უანგარო თანამშრომლობას მოითხოვს. მას მდიდარი ტრადიციები და საკუთარი დაუწერელი კანონები აქვს, რომლებსაც შემსრულებლები მკაცრად იცავენ. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ ჯაზ-კონცერტზე იგი ხელახლა იბადება. ეს მუსიკა ღარიბებისა და მდიდრების, უბედურებისა და ბედნიერების, სოფლელებისა და ქალაქელების, შავებისა და თეთრების, კაცებისა და ქალების მილიონობით შეხვედრის, კონტაქტის, მათ შორის ინტენსიური დიალოგის შედეგია. 

Thursday, September 6, 2018

მოგზაურობა ბლუზში

„ბლუზი ინდივიდუალური მუსიკაა – ერთი ადამიანია გიტარით ხელში მთელი სამყაროს წინააღმდეგ“ 
ერიკ კლეპტონი

ბლუზმა დასაბამი მისცა ორ უმსხვილეს მიმართულებას თანამედროვე მუსიკაში – ჯაზსა და როკს. ლეგენდარული ბიბი კინგი ამბობდა, ჯაზი იგივე ბლუზია, რომელმაც უმაღლესი განათლება მიიღოო. არ არსებობს სხვა ჟანრი, რომლის წიაღშიც იმდენი საიდუმლოებით მოცული და მისტიკური ლეგენდა იშვა, რამდენიც ბლუზზე ვიცით ან გაგვიგია. მის არსს კარგად განმარტავს ლეგენდარული ამერიკელი ბლუზმენი ჰაულინ’ ვულფი:

„ბევრს აინტერესებს, რა არის ბლუზი? მართლაც, რა არის? მე გეტყვით – როცა ფული არ გაქვს, ბლუზი შენთანაა. თუ ქირის გადასახდელი ფული არ გაქვს, ბლუზი მაინც შენთანაა. ბევრმა შეიძლება თქვას, რა არის ეს, ბლუზი არ მომწონსო, მაგრამ ქირის ფულს თუ ვერ გადაიხდი და საჭმელს ვერ იყიდი, ბლუზი მაინც გექნება! როცა ცუდზე ფიქრობ, ბლუზი მაშინაც შენთანაა“. 



სიტყვა Blues ნაწარმოებია ინგლისური გამოთქმიდან Blue devils (ლურჯი ეშმაკები), რაც მე-17 საუკუნის ამერიკაში იმ ინტენსიურ ვიზუალურ ჰალუცინაციებზე მიანიშნებდა, რომლებიც ალკოჰოლით ინტოქსიკაციას ახლავს თან. საქართველოში ამას „თეთრ ცხელებას“ ეძახიან. 1800-იან წლებში სიტყვა „ბლუ“ სლენგზე „მთვრალს“ ნიშნავდა. ამ სიტყვასა და სმას შორის კავშირზე მიანიშნებს ასევე ტერმინი „ლურჯი კანონი“, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში კვირა დღეს ალკოჰოლის გაყიდვას კრძალავდა. ამავე დროს, Blue სევდას, მოწყენილობასა და მელანქოლიასაც აღნიშნავს (გავიხსენოთ The Doors-ის სიმღერა Blue Sunday, ანუ „მოსაწყენი კვირადღე“), რაც ასევე, ბლუზს დაუკავშირდა. 

ბლუზის სამშობლოდ მდინარე მისისიპის დელტა, ე.წ. „ბამბის სარტყელი“ მიიჩნევა. აფრიკიდან წამოსული მუსიკა, ამერიკაში ბამბის პლანტაციებში მომუშავე აფროამერიკელმა მონებმა დაამკვიდრეს, აკადემიური სახე კი მე-20 საუკუნის დასაწყისში მიიღო. ჟანრის კლასიკური ინსტრუმენტები გიტარა და ჰარმონიკა (ტუჩის გარმონი) გახდა. აფროამერიკელები ფერმებიდან დიდ ქალაქებში მიდიოდნენ, რათა რასობრივ შევიწროვებას გაქცეოდნენ და სამუშაო მოეძებნათ. გზადაგზა ლუკმაპურის საშოვნელად უკრავდნენ და მსმენელს საკუთარ სატკივარს უზიარებდნენ. 

გავრცელებული გამოთქმის მიხედვით, ბლუზია, როდესაც კარგი ადამიანი თავს ცუდად გრძნობს. როკისგან განსხვავებით, ის არაა დაპირისპირების ან ამბოხის მუსიკა, თუმცა, სოციალური, უფრო კი ყოფითი ცხოვრების თემატიკა ბლუზის პოეზიაში ფართოდაა წარმოდგენილი. შეიძლება ითქვას, ბლუზი ზედმეტად პატიოსანი მუსიკაა და მას წრფელი ადამიანები ასრულებენ ყოველგვარი თეატრალურობისა და დაძაბულობის გარეშე. ამიტომ, ის ხელოვნურობასა და სხვა ტიპის ზედმეტობებს ვერ იტანს.

Thursday, August 16, 2018

Sophie Villy – გოგონა გიტარით

სოფი ვილი ის ქართველი მუსიკოსი გოგონაა, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია დასავლურ თანამედროვე მუსიკალურ სცენაზე. მისი დაწერილი და შესრულებული სიმღერები შეგვიძლია მივაკუთვნოთ ალტერნატიულ და ინდი როკს, რომლებშიც იგრძნობა მეტად გემოვნებით შეზავებული სხვა მუსიკალური სტილებიც, თუნდაც ტრიპ-ჰოპი... სამი ოფიციალური ალბომიდან, მისი ბოლო ნამუშევარი – Planet A აშშ-შიც აღიარეს და 2017 წლის ივნისში ლოს-ანჯელესში The Akademia Music Awards-ზე საუკეთესო ალტერნატიულ როკალბომად გამოაცხადეს. 

მომღერალი და კომპოზიტორი სოფი ხუციშვილი 1990 წლის 30 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. სოფის დედა, მილა, წარმოშობით უკრაინელია და პროფესიით დიზაინერი გახლავთ. მამა – დავით ხუციშვილი, მუსიკოსი და კომუნიკაციების ინჟინერია. 5-დან 15 წლამდე სოფი დაკავებული იყო წყალში ხტომით. 2002 წელს სტრასბურგში ევროპის ჩემპიონიც გახდა, თუმცა შემდეგ ტრავმის გამო, სპორტს თავი დაანება. სიმღერების წერა 14 წლიდან დაიწყო, ხოლო 16 წლის ასაკში უკვე თბილისის კლუბებში უკრავდა. 

ფოტო © კრის კულაკოვსკაია
სოფი სხვადასხვა დროს ცხოვრობდა უკრაინასა და აშშ-ში. შექმნა მუსიკა ქართული, ამერიკული და ფრანგული კინოფილმებისთვის. მათ შორის მუსიკა დაწერა ბესო თურაზაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმის – „გადაკარგულებისთვის“, რომელიც 2015 წელს კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის“ საჩვენებლად შეირჩა, ხოლო ესპანეთში გამართულ „ევრო ფილმის ფესტივალზე“ ამ საუნდტრეკმა გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო ორიგინალური მუსიკა“. სოფის სიმღერები ჟღერს ლოს ანჯელესის ცნობილ რადიოარხზე KCRW, ასევე KEXP-ზე, BBC Radio 2-ზე და სხვა პრესტიჟულ რადიოეთერებშიც. „გარდიანმა“ სოფი მკითხველს წარუდგინა, როგორც ახალი მუსიკალური ტალღის წარმომადგენელი საქართველოდან. მან ბევრ ფესტივალზე დაუკრა, მისი მუსიკის შესახებ ბევრს ლაპარაკობენ. 

– სოფი, როგორ გარემოში იზრდებოდით ბავშვობაში?

– გრიბოედოვის ქუჩის 13 ნომერში ვცხოვრობდი კონსერვატორიის მოპირდაპირე მხარეს. ჩემ ირგვლივ მუდამ ჟღერდა მუსიკა. ძველებური მუსიკალური ცენტრი გვქონდა – ფირსაკრავით და კასეტის მაგნიტოფონით. მამას ბევრი ფირფიტა ჰქონდა, თვითონაც უკრავდა და ახლაც უკრავს გიტარაზე. დედა ფანჯრებს რომ გამოაღებდა, კონსერვატორიიდან მომავალი ოპერის მომღერლების სავარჯიშოები ისმოდა. სამწუხაროდ, პიანინო შინ არ გვქონდა და ამიტომ მეზობელთან და ოჯახის უახლოეს მეგობართან, მზია ხარაიძესთან ვატარებდი დიდ დროს. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ადამიანმა გამზარდა. თვითონ ფიზიკის პროფესორი იყო და უნივერსიტეტში ასწავლიდა. ამ ოჯახში დიდი მუსიკალური და ლიტერატურული განათლება მივიღე. ჩემს აღზრდაში მონაწილეობდა ძიძაც – ნუნუ ბოკერია. მას ვთხოვე, კვირაობით ჩემი მეგობრებიც მოვლენ მეთქი. ამ შეთავაზებამ საფუძველი ჩაუყარა საკვირაო სკოლას, რომელიც დღემდე არსებობს და იქ კონცერტებზე მიწვევენ ხოლმე. მთელ თეატრალიზებულ საღამოს რომელიღაც ხელოვანს ვუძღვნიდით. მაგალითად, ილია ჭავჭავაძეს ან ნიკოლოზ ბარათაშვილს... გეოგრაფიული საღამოებიც გვქონდა, „რა, სად, როდის“-საც ვთამაშობდით. ასე გაიარა ჩემმა 1990-იანებმა, თავისი უშუქობით. ძალიან თბილად მახსოვს მთელი ათწლეული, ადამიანური ურთიერთობების გამო.

– გამოდის, თქვენი პირველი ინსტრუმენტი მეზობლის პიანინო იყო...

– დიახ. ხუთი წლიდან მუსიკალურ ათწლედში ვსწავლობდი. ძალიან ცნობილი და კარგი პედაგოგი მყავდა, მაგრამ უმკაცრესი იყო. ლამფის შუქზე მეცადინეობისას ზოგჯერ ნოტებს კარგად ვეღარ ვხედავდი და მეშლებოდა. მასწავლებელი ბრაზობდა და ხელებზე მწარედ მირტყამდა. 4 წელი გავუძელი, მერე გამოცდები ჩავაბარე და დედას ვუთხარი – მორჩა, თავი გამანებეთ, გიტარა მინდა ავიღო და როკენროლის დაკვრა დავიწყო-მეთქი. იმ პერიოდში „ბითლზის“, მაკარტნის და ლენონის სიმღერებს მამასთან ერთად ვასრულებდი. დაკვრაც ჩემით ვისწავლე. მამას ვაკვირდებოდი და ელემენტარული აკორდები ასე ავითვისე. შემდეგ არასტანდარტულ აკორდებს ჩემით ვაგნებდი, მივდიოდი ხოლმე მამასთან და ვაჩვენებდი, ნახე, როგორი აკორდი მოვიფიქრე-მეთქი. 

– პირველი სიმღერა გიტარაზე დაწერეთ? 

– დიახ გიტარაზე დავწერე. ისე, ბავშვობაში ჩემს დღიურებში ლექსებს ვინიშნავდი ხოლმე. ზოგს ქართულად ვწერდი, ზოგს – ინგლისურად ან რუსულად. დედა უკრაინელი მყავს და შინ რუსულად ვსაუბრობთ. ერთხელაც მამამ ჩემს კომპიუტერზე ხმაზე სამუშაო პროგრამა დააყენა და მითხრა, ამიერიდან უბრალო მიკროფონით შეგიძლია ჩანაწერები გააკეთოო. ზუსტად იმ პერიოდში, უკვე რაღაც მელოდიებს ვუკრავდი. ჩემს ოთახში ჩავიკეტე, პროგრამა ჩაწერაზე გავუშვი, საათნახევარი ვუკრავდი და თან ვღიღინებდი. როდესაც ჩანაწერს მოვუსმინე, აღმოვაჩინე, რომ 8 სიმღერის მონახაზი გამიკეთებია. მოგვიანებით მამამ მოუსმინა და მკითხა, ეს ვისი სიმღერებიაო. ვუპასუხე, ჩემია მეთქი... 

– სოფი ვილი თქვენი ფსევდონიმია. საიდან გაჩნდა ეგ სახელი?

Sunday, July 22, 2018

ქართული ჯაზის მცირე ისტორია

საქართველოში ჯაზმა საკმაოდ საინტერესო გზა განვლო. ერთ დროს აკრძალულიც კი იყო, რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ. თუმცა, ქართველების დიდ ნაწილს შინაგანად ყოველთვის მოსწონდა და მოსწონს თავისუფლების ეს მუსიკა, რომელიც ყველა საზღვარს შლის სხვადასხვა ხალხის კულტურებს შორის. უფრო მეტიც, იგი ყოველ ეთნიკურ კულტურას ითავისებს და ორგანულს ხდის. ასე გაჩნდა თუნდაც ჩვენი მეზობლების – აზერბაიჯანელების მიერ შექმნილი ჟანრი ჯაზში, რომელსაც მუღამი ეწოდა. სსრკ-ის დროს ქართველი მაყურებელი საკმაოდ კარგად იყო ჩახედული ჯაზის წვრილმანებში.

მოკლედ, ჯაზის ისტორიის საწყისად საქართველოში შეგვიძლია მივიჩნიოთ 1930-იანი წლები, როდესაც პირველი ორკესტრები გამოჩნდა და მიუხედავად სტილისტიკისა, თითქმის ყველა მათგანს ჯაზს უკავშირებდნენ. ვახტანგ ჯალიაშვილის წიგნში „ინსტრუმენტული ჯაზი“ მოთხრობილია, რომ მე-2 მსოფლიო ომამდე ანსამბლების დიდ უმეტესობას, რომლებიც სახელწოდებებში ჯაზს მოიხსენიებდნენ, ხშირად არავითარი კავშირი არ ჰქონდა ამ ჟანრთან. იქ უფრო მეტად ესტრადის ელემენტები ჭარბობდა, რომელშიც ინტენსიურად ინერგებოდა ეროვნული ინტონაცია და საკრავები.

თუმცა 1930-იანი წლების მიწურულს უკვე კარგად იგრძნობოდა სხვადასხვა ორკესტრში ჯაზის ელემენტები, რომელიც სსრკ-ში ძალიან პოპულარული გახდა. და მაინც, ყველაზე მეტად ჯაზ-გავლენა ჰქონდა უფროსი ჯანო ბაგრატიონის ორკესტრს  1940-იან წლებში. ამავე ანსამბლმა 1946 წელს შეასრულა ლეგენდარული ჯაზ-თემა „ყვავილების ქვეყანა“.



40-იანი წლების ბოლოს და 50-იანების დასაწყისში ჯაზის ქართველ მოყვარულთა შორის პოპულარობით სარგებლობდა აგრეთვე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრი (ხელმძღვანელი შოთა არაყიშვილი). აუცილებლად უნდა ვახსენოთ ვალერიან ძაგნიძისა და შალვა ჩხიკვაძის დუეტი, რომელიც საკუთარი გიტარის აკომპანიმენტით მღეროდნენ და მათ მიერ შესრულებულ სიმღერებში, რომლებიც დღემდე პოპულარულია, აშკარად იგრძნობოდა ჯაზის ელემენტები.

Saturday, July 21, 2018

ჯაზ-ფესტივალები საქართველოსა და მსოფლიოში

დღევანდელ მსოფლიოში ქვეყნის მუსიკალური კულტურა შეგვიძლია იქ მიმდინარე ფესტივალებითაც შევაფასოთ. საქართველოს ამ მხრივ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია, ხოლო ჩვენს რეგიონში – სამხრეთ კავკასიაში, შეიძლება ითქვას, ლიდერია. მუსიკის თითქმის ყველა ძირითად სტილში ჩვენთან რამდენიმე ძალიან მაღალი დონის ფესტივალის ტრადიცია დამკვიდრდა.

ამ ფესტივალთაგან ერთ-ერთი უპირველესი და ყველაზე „ხანდაზმული“ „თბილისის ჯაზ-ფესტივალია“, რომლის დაბადების თარიღად 1978 წლის მარტი შეგვიძლია მივიჩნიოთ. მაშინ თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სსრკ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჯაზ-ფესტივალი, რომელშიც საბჭოთა იმპერიის 8 რესპუბლიკის 13 ქალაქის 23-მა ჯაზ-შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალის ფარგლებში ჯაზის შესახებ გადაღებული ფილმების სეანსებიც მოეწყო, ჯაზის პლაკატების გამოფენაც გაიმართა, თითქმის ყველა კონცერტი სახელმწიფო რადიოს ეთერით გადაიცემოდა. ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარებას ხელი შეუწყო თბილისის ჯაზის აქტივის წევრების – ევგენი მაჭავარიანის, ბორის პეტროვის, თამაზ ყურაშვილისა და გაიოზ კანდელაკის (რომელიც ფილარმონიის დირექტორი იყო) დიდმა მონდომებამ. კონცერტებს 30 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო.

1986 წლის 13-დან 22 მაისის ჩათვლით ისევ 10-დღიანი, უკვე მეორე ჯაზ-ფესტივალი ჩატარდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის შემსრულებლებთან ერთად, მასში მონაწილეობდნენ ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნების – უნგრეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მუსიკოსებიც. საბჭოთა წყობილების დროს ცნობილი ჯაზმენების მოწვევა დასავლეთის ქვეყნებიდან საკმაოდ რთული იყო. სსრკ-ის არსებობის უკანასკნელ წლებში, გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს, ეს შეზღუდვები მოიხსნა და 1989 წლის შემოდგომაზე ფილარმონიის დარბაზში თბილისის მე-3 საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი ჩატარდა. მასში საბჭოთა და სოცქვეყნების მუსიკოსების გარდა, მონაწილეობდნენ ამერიკელი, ფინელი, დანიელი და შვედი შემსრულებლებიც. ამ ფესტივალმა 140 მუსიკოსი გააერთიანა.

შემდეგ წლებში, ქვეყნისთვის მეტად რთული სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის გამო, კონცერტებისა და ფესტივალებისთვის აღარავის ეცალა. თუმცა, 1998 წელს შეიქმნა კომპანია „ისთერნ პრომოუშენი“, რომელმაც 2000 წლიდან თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის ჩატარების ტრადიცია აღადგინა. „ისთერნ პრომოუშენი“ მარტო დედაქალაქით არ შემოფარგლულა და 2007 წლიდან ყოველ ზაფხულს ატარებს „შავი ზღვის ჯაზ–ფესტივალს“. ამავე დროს, 2010 წლიდან ორგანიზაცია სხვადასხვა სეზონზე ჯაზ-სერიების საღამოებსაც მართავს ხოლმე. 

თბილისის და შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალების, ასევე ჯაზ-სერიების არსებობის პერიოდში საქართველოში კონცერტი გამართეს უმაღლესი სინჯის ისეთმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან: ბილი კობემი, ჟან-ლუკ პონტი, ბილ ევანსი, ტანია მარია, ელ ჯერო, ინკოგნიტო, კრის ბოტი, ჯონ მაკლაფლინი, ბობი მაკფერინი, მაიკლ ფრენკსი, ჯორჯ ბენსონი, ჯემიროქუეი, ჰერბი ჰენკოკი, ჯო კოკერი, Earth, Wind & Fire, მარკუს მილერი, ერიკა ბადუ, დი დი ბრიჯუოთერი, ჩიკ კორეა, ნატალი კოული, ელ დი მეოლა, სტენლი კლარკი, ჰიუ მასაკელა, მეისი გრეი, Kool & The Gang, ერიკ ტრუფა, Parov Stelar, ჯოშუა რედმენი, ნილს პეტერ მოლვაერი, კეიკო მაცუი, დაიანა კროლი, სნუპ დოგი, ჯოს სტოუნი, The Prodigy, ლიზა სტენსფილდი, ქუინსი ჯონსი, ბასტა რაიმსი და მრავალი სხვა.

ჯაზ-ფესტივალებზე სცენა, რა თქმა უნდა, ქართველ მუსიკოსებსაც ეთმობა. ესენი არიან: ოთარ მაღრაძე, დავით მაზანაშვილი, ლალი ბერაძე, დინი ვირსალაძე, დათო ევგენიძე, დათო ოძელაშვილი, მაია ბარათაშვილი, „მწვანე ოთახი“, თბილისის დიქსილენდი, საქართველოს ჯაზ-ტრიო, ლევან ჩიჩუა, თამაზ ყურაშვილი, გიორგი მიქაძე, ბექა გოჩიაშვილი, „ასტროჯორჯია“, თბილისის ბიგ-ბენდი, ბაჩა მძინარაშვილი, ილუშა ცინაძე, ნინო ქათამაძე, პაპუნა შარიქაძე და სხვები.