Wednesday, February 20, 2013

ქართული კინომუსიკა

ფილმს პირველ რიგში, რეჟისორი ქმნის, თუმცა, ამ უკანასკნელთა აზრით, კინოს წარმატებასა თუ პოპულარობაში უდიდესი წვლილი შეაქვს მუსიკას. ქართულ კინემატოგრაფიას განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდებოდნენ საუკეთესო ქართველი კომპოზიტორები  და მისთვის საუკეთესო ნაწარმოებებს ქმნიდნენ. ბევრი ქართული ფილმი სწორედ ამ შესანიშნავი მუსიკის გამო გვახსოვს. კინოსთვის მუსიკას წერდნენ ისეთი კლასიკოსი კომპოზიტორები, როგორებიც იყვნენ: ანდრია ბალანჩივაძე („დაკარგული სამოთხე“, „მამლუქი“...), დიმიტრი არაყიშვილი („ქარიშხლის წინ“, „ჯურღაის ფარი“...), გრიგოლ კილაძე („ფრთოსანი მღებავი“, „არსენა“...), არჩილ კერესელიძე („ქეთო და კოტე“, „მაგდანას ლურჯა“...) და სხვები.

ქართველ კომპოზიტორთა მომდევნო თაობებმა კლასიკოსებისგან განსხვავებით, კინემატოგრაფი-ისთვის დიდი საქმე გააკეთეს. ესენი არიან სახელგანთქმული კომპოზიტორები: რევაზ ლაღიძე („საბუდარელი ჭაბუკი“, „წუთისოფელი“...), სულხან ცინცაძე („ჭრიჭინა“, „თოჯინები იცინიან“...), დავით თორაძე („ჭირვეული მეზობლები“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“...), ბიძინა კვერნაძე („უდიპლომო სასიძო“, „ნატვრის ხე“, „დათა თუთაშხია“...), გიორგი ცაბაძე („მხიარული რომანი“, „ვერის უბნის მელოდიები“...), ნოდარ გაბუნია („ვედრება“, „ადამიანთა სევდა“...), ვაჟა აზარაშვილი („მზე შემოდგომისა“), იაკობ ბობოხიძე („წკიპურტები“, „კუჩხი ბედინერი“...), ჯანსუღ კახიძე („პირველი მერცხალი“, „იავნანა“...), გია ყანჩელი („არ იდარდო“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „ცისფერი მთები...“...), თეიმურაზ ბაკურაძე („იყო შაშვი მგალობელი“, „მოცურავე“...) და სხვები.

ახალი საუკუნის ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების ფილმებში ხშირად ჟღერს დათო ევგენიძის, ირაკლი ჩარკვიანის, გოგი ძოძუაშვილის, ნიკა მაჩაიძის, ნიაზ დიასამიძის, მიხეილ მდინარაძის, რობი კუხიანიძის, ნინო ქათამაძისა და სხვა თანამედროვე კომპოზიტორ-შემსრულებელთა მუსიკა.

ჟურნალი „თბილისი Out“ #29, თებერვალი, 2013 წელი

მოუსმინე:
რევაზ ლაღიძე – გულს რად მიკლავ (კ/ფ-დან „საბუდარელი ჭაბუკი“), ასრულებენ ნაზი და ნათელა ჩაფიჩაძეები

Saturday, January 19, 2013

ბექა გოჩიაშვილი – ახალგაზრდა ქართველი ჯაზმენი

საქართველოში ჯაზი ყოველთვის ძალიან უყვარდათ და უყვართ, თუმცა არც ერთ ქართველ ჯაზმუსიკოსს იმდენი აღიარება ჯაზის სამშობლოში არ მიუღია, როგორსაც ძალიან ახალგაზრდა ბექა გოჩიაშვილმა მიაღწია. იგი ნიუ-იორკის ჯულიარდის კონსერვატორიის სტუდენტია – ყველაზე ახალგაზრდა აღსაზრდელი ამ სასწავლებლის ისტორიაში. 16 წლის ასაკში ბექა უკრავს და კომპოზიციებს იწერს ჯაზის სახელგანთმულ მუსიკოსებთან – ჩიკ კორეასთან, ლენი უაითთან, სტენლი კლარკსა და სხვებთან ერთად. უკრავს სხვადასხვა ჯაზდარბაზში, მათ შორის, ლეგენდარულ „ბლუ ნოუტში“.

ბექა გოჩიაშვილი 1996 წლის 11 მარტს დაიბადა. 3 წლის ასაკში პიანინოზე დაკვრა დაიწყო, 4 წლისა უკვე სრულფასოვნად ასრულებდა მუსიკალურ ნაწარმოებებს. 3 წელი კლასიკური პიანინოს მასწავლებელთან – თენგიზ ჩიტაიშვილთან ხვეწდა ტექნიკას. 7 წლის ასაკში საქართველოში ყველაზე ცნობილ ჯაზის პედაგოგთან, პროფესორ ზურა რამიშვილთან დაიწყო მეცადინეობა. 10 წლისა კი უკვე თბილისის სხვადასხვა ჯაზკლუბში უკრავდა.

2007 წელს ლატვიის ქალაქ საულკრასტის ჯაზფესტივალზე ბექამ ლეგენდარული ჯაზდრამერი ლენი უაითი გაიცნო, რომელმაც მას მოგვიანებით მრავალმიმართულებიანი მუსიკოსი უწოდა: „ახალგაზრდა მუსიკოსების უმრავლესობა, რომლებიც დღეს სცენაზე არიან, მემკვიდრეობით იღებს მათი წინამორბედი მუსიკოსების ტექნიკასა და ცოდნას. ბექა ახლა გახდა 16 წლის, შესაბამისად, მას ამდენი გამოცდილება ვერ ექნება, ამიტომ იგი მუსიკას თავისებურად ამუშავებს. მისი შესრულება კლიშეებისგან თავისუფალია“.

ამერიკაში ჩაწერილ და გამოშვებულ სადებიუტო ალბომში ბექას რამდენიმე საკუთარი კომპოზიციაც შევიდა, ორი მათგანი მან თავის „მუსიკალურ მამებს“ – კიტ ჯარეტს და ჩიკ კორეას მიუძღვნა. მას მიაჩნია, რომ მუსიკოსი არ უნდა იყოს „დახურული და შემოსაზღვრული“ მხოლოდ ჯაზური მუსიკით... სხვა მუსიკალური ჟანრებისგან (პოპი, სოული, ფანკი, როკი და კლასიკა) მიღებული სიმდიდრე ძალიან მნიშვნელოვანია. ის მეხმარება, კონცერტებზე იმპროვიზირებისას თავისუფალი და კრეატიული ვიყო. ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია“, – აღნიშნავს ბექა თავისი პირველი დისკის რეცენზიაში.

ჟურნალი „თბილისი Out“ #28, იანვარი, 2013 წელი 

Saturday, December 22, 2012

ოთარ იოსელიანი

რეჟისორი, 78 წლის, პარიზი

მსხვილი ხედი კინოს სირცხვილია. მე მას არ ვიყენებ. მსხვილი ხედი მსახიობის,  მოცემული კონკრეტული ადამიანის ისტორიაა. და რა შუაშია აქ კინო?

მე და ჩემი მეგობრები მშვიდად ვსხედვართ მაგიდასთან, ვსვამთ. ბევრი აღარაფერი გვაქვს სათქმელი, რადგან უკვე კარგა ხანია ერთმანეთზე ყველაფერი ვიცით და უხვსიტყვიანობით არ გამოვირჩევით. მაგრამ თუ ამ სუფრასთან ვინმე ნაძირალა მოხვდება, მაშინ ჯიუტად ვდუმვართ, სიტყვასაც კი არ ვამბობთ. ვფიქრობ, სიფათში გალაწუნებას აზრი არა აქვს.

დღევანდელი ყველა გმირი გამოგონილია, მათ არა ჰყავთ პროტოტიპები. აბა, ცხოვრებაში სად გინახავთ ჯეიმს ბონდი ან ინდიანა ჯონსი? ხოდა, ეს ოდისევსისა და ჰერაკლეს ძველბერძნული მითების რემინისცენციები ფილმიდან ფილმში დაეხეტებიან. ერთი ყველას წინააღმდეგ და ყველას ამარცხებს, სიკეთე სძლევს ბოროტებას – ეს ფორმულა კომერციულად ყოველთვის მომგებიანია. ხოლო ჩვენზე, უბრალო მოკვდავებზე იღებდნენ: დე სიკა, დე სანტისი, ჩემი ახლობელი ჟაკ ტატი. კინო საავტოროა, როდესაც მოულოდნელი სიხარული გეუფლება, რადგან ხედავ, რომ ისევე ფიქრობ, როგორც ის ტიპი, რომელიც სურათს გაჩვენებს.

პარიზი, რომლის შესახებაც ვიღებ, უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს. შესაძლოა არც არასდროს არსებულა, როგორც ის მოსკოვი, რომელიც დანელიას „მე დავაბიჯებ მოსკოვშია“ ნაჩვენები. იქნებ ჩვენ ქალაქები დავასახლეთ ისე, რაც ვიცით ცხოვრებისა და ადამიანების შესახებ და ისინი მხოლოდ ჩვენს სულში არიან. მოსკოვი და თბილისი ცარიელდება, ხოლო პარიზი უკვე დიდი ხანია დაცარიელდა, მაგრამ მათ მოდელს, რომელიც ჩვენ მეხსიერების სახით მემკვიდრეობით გადმოგვეცა, გარკვეული ღირებულება აქვს და შეგვიძლია ვაჩვენოთ.

ნამდვილი პარიზი სხვანაირია: მასში მაცხოვრებელი ნებისმიერი ცოცხალი სული იბრძვის და წვალობს, და ძირითადად, მარტოობით იტანჯება, ამიტომ დასაფასებელია ამ ქალაქში ვინმესთან მეგობრობა. ჩვენ, ქართველებს, ეს ოდნავ მაინც შეგვიძლია, ეს ჩვენი პროფესიაა.

Wednesday, December 19, 2012

ბაჩი ქიტიაშვილი – ქართული როკის ლეგენდა

ბაჩი ქიტიაშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მუსიკოსია, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოთა წყობისას მოახერხა აკრძალული როკმუსიკის დაკვრა. მისი ბენდი „ბერმუხა“ 1965 წლიდან არსებობს და დღემდე პოპულარობით სარგებლობს. ჯგუფი საკმაოდ მძიმე რიტმ-ენდ-ბლუზს, პროგრესივ, ჯაზ და ჰარდ როკს ასრულებს. „ბერმუხა“ თავის დროზე ერთადერთი დამოუკიდებელი მუსიკალური ჯგუფი იყო, რომელიც მაშინდელი საბჭოთა რეჟიმის იდეოლოგიას უპირისპირდებოდა, როგორც მუსიკით, ისე ცხოვრების წესით. გიტარისტ ბაჩი ქიტიაშვილს მიაჩნია, რომ ის და მისი ჯგუფის წევრები დისიდენტები იყვნენ. კომუნისტი იდეოლოგები მათზე ამბობდნენ: აი, ესენი აფუჭებენ და რყვნიან ახალგაზრდებსო. მუსიკოსი აღნიშნავს, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლების ე.წ. „პერესტროიკამდე“ ჯგუფი იატაკქვეშეთში იმყოფებოდა. 

ბაჩი ქიტიაშვილმა ჩემთან საუბრისას გაიხსენა: „12 წლის განმავლობაში „ბერმუხა“ ზენიტში იყო, სცენიდან ფეხი არ ჩამოგვიდგამს. ვმოგზაურობდით ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში. ვიყავით მოსკოვში, სოჭში, კიევში, ხარკოვში და სხვა ქალაქებში. მართალი გითხრათ, მიკვირს, რომ დღესაც ამდენი ახალგაზრდა გვისმენს... „ბერმუხა“ ის ჯგუფია, რომლის კონცერტის დროსაც ქუთაისში გზები გადაკეტეს, იმდენი ხალხი იყო. ფოთში გამოსვლისას კი კედელი გადავანგრიეთ, თუმცა ხალხის თხოვნით, კონცერტი გავაგრძელეთ. რამდენიმე ქართული ნაწარმოები, რომელსაც დღესაც ვასრულებთ, სწორედ მაშინდელია“. „ბერმუხას“ რამდენიმე გამორჩეულად ცნობილი ჰიტი აქვს – „არწივი“ და „დღეს ჩვენ ერთად ვართ“, ისინი ყველა კონცერტზე სრულდება.

ჟურნალი „თბილისი Out“ #27, დეკემბერი, 2012 წელი
 

Friday, November 9, 2012

ქართული პოლიტიზებული მუსიკა

საქართველოში მუსიკა ძლიერ პოლიტიზებულია. ამიტომ, თანამედროვე მუსიკა 1990-იანი წლების შემდეგ თითქმის ვერ განვითარდა. თუმცა, რაღა მარტო თანამედროვე?! პოლიტიკამ კლასიკურ მუსიკაშიც თავისუფლად შეაღწია. დღეს საქმე იმდენად ღრმადაა წასული, როცა რომელიმე მუსიკოსს სადმე ასახელებენ, მავანი მსმენელისთვის იგი აუცილებლად რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან ასოცირდება. მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულში ქართველ მუსიკოსებს მართალია, ძალიან უჭირდათ, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ისინი მეტ-ნაკლებად თავისუფლები იყვნენ.

ახალი საუკუნის პირველივე წლებიდან პოლიტიკოსები თავდაპირველად თანამედროვე მუსიკის გაკონტროლებას შეეცადნენ, რათა ამით ახალგაზრდების საარჩევნო ხმები მოენადირებინათ. ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც საკმაოდ ირჯებოდა პარტიული ჰიმნების შესაკვეთად. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ჰიტი „გიხაროდენ“ იყო, რომელშიც თავი მოიყარეს ესტრადის ვარსკვლავებმა და აღნიშნული სიმღერა მაშინდელი მმართველი პოლიტიკური გუნდის წინასაარჩევნო ჰიმნი გახდა.

თუმცა ეს ტენდენცია არა მარტო წინასაარჩევნო კამპანიებისას იკვეთებოდა. პოლიტიკოსებმა კარგად შეაფასეს მიმდინარე მუსიკალური მიმართულებები და ამა თუ იმ ჟანრის მეტ-ნაკლებად წარმატებული მუსიკოსების დაფინანსება დაიწყეს. აღნიშნული ტენდენცია მოდადაც კი ჩამოყალიბდა და დღემდე საკმაოდ რთულია იპოვო აბსოლუტურად თავისუფალი მუსიკოსი, რომელსაც ოდნავი კავშირიც კი არ ექნება რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან.

გასაგებია, რომ მუსიკოსსაც აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ როცა პოლიტიკოსი უკვე პერმანენტულად „აჭმევს“ და „აცხოვრებს“ შემსრულებელს, შემოქმედებითი თავისუფლება იკარგება და ვიღებთ ისეთ უსახურ და უფორმო თანამედროვე მუსიკას, როგორიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ჟღერს.

ჟურნალი „თბილისი Out“ #26, ნოემბერი, 2012 წელი

Monday, October 15, 2012

ლადო ბურდული


ქართული ალტერნატიული მუსიკის სათავესთან მყოფი ლადო ბურდული ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში გამოჩნდა და ყველას აჩვენა, რომ როკ-მუსიკა ქართულ ენაზეც შეიძლება შესრულდეს. საქართველოში არსებობდა და დღემდე რატომღაც არსებობს სტერეოტიპი, რომ როკი მხოლოდ ინგლისურ ენაზე უნდა ჟღერდეს. ბურდულის ადრეული მუსიკა (მის ჯგუფს „რეცეპტი“ ერქვა) და ლირიკა საკმაოდ აგრესიული, სევდიანი და მწვავე იყო: „ამ ქალაქში დღეს მეფობენ მგლები, ამ ქალაქში ბედნიერება მოკლეს“.

ლადო ბურდული ბევრს სამართლიანად მიაჩნია ქართული მუსიკალური კონტრკულტურის პიონერად, თუმცა მუსიკოსმა ადრე, ჩემთან საუბრისას საქართველოში კონტრკულტურის არსებობაში ეჭვი შეიტანა: „მე ვფიქრობ, რომ საქართველოში საერთოდ კულტურა არ არსებობს და კონტრკულტურა როგორ იარსებებს? ადრე კულტურა სახელმწიფო დოტაციაზე იყო და ეს იყო სიყალბე. ახლა ის დრო წავიდა. თუ მაშინ მაგარი დრო იყო, ამ კულტურის შემქმნელები დღეს სადღა არიან? რატომ არ განვითარდა ის კულტურა? გინახავთ, მაგარი შემოქმედება ისე მოკვდეს, მისგან აღარაფერი დარჩეს? ისიც მინდა ვთქვა, რომ ის კულტურა ქართული კი არა, საბჭოთა ფენომენი იყო. მე ისეთ ქვეყანაში გავიზარდე, რომლის დედაქალაქს მოსკოვი ერქვა. ეს ქვეყანა დაინგრა. ახლა საქართველო ხუთმილიონიანი ქვეყანაა და დროა, საბჭოეთისდროინდელი ამბიციები უკან დავტოვოთ, თორემ ეს ქვეყანა აუცილებლად დაიღუპება“.

ლადო ბურდული რამდენიმე მუსიკალური პროექტის ავტორი და 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მასშტაბური საერთაშორისო ალტერნატიული მუსიკალური ფესტივალების ორგანიზატორია. ამჟამად მუსიკოსი კავკასიის საერთაშორისო თანამედროვე მუსიკალურ ფესტივალს აწყობს, რომელიც ინტერნეტის საშუალებით მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება. სპეციალურ საიტზე კავკასიის ქვეყნების მუსიკოსთა ნამუშევრები იტვირთება, რომელთაც ინტერნეტის მომხმარებელი და ჟიური აფასებს. შედეგები წლის ბოლოს დაჯამდება და მომავალი წლისთვის მუსიკოსთა დაჯილდოვების მასშტაბური ცერემონიით დაგვირგვინდება.

ჟურნალი „თბილისი Out“ #25, ოქტომბერი 2012 წელი

მოუსმინე

Monday, September 24, 2012

ქართული ელექტრონული მუსიკა – ნიკა მაჩაიძე

საქართველოში ელექტრონულ მუსიკას არც ისე დიდი წარსული აქვს. მისი პიონერები 1990-იანების მეორე ნახევრიდან გამოჩნდნენ. ეს გასაკვირი არ არის, რადგან საბჭოთა კავშირში ამ მუსიკალურ სტილს ზედმეტად არასერიოზულად აღიქვამდნენ. მახსოვს, 80-იანების დასაწყისში ერთ მოსკოვურ გაზეთში სტატიაც კი გამოქვეყნდა, სადაც ლეგენდარული გერმანული ელექტრონული ჯგუფის „კრაფტვერკის“ მუსიკოსები რობოტებად მოიხსენიეს და მათ ადამიანობაში ეჭვიც კი შეიტანეს.

საქართველოში ელექტრონული მუსიკის სათავეებთან რამდენიმე მუსიკოსი და ჯგუფი დგას, თუმცა უცხოელი მსმენელისთვის ამ მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, ალბათ, მაინც ნიკა მაჩაიძე, იგივე ერასტი და იგივე ნიკაკოია. მაჩაიძის ანგარიშზე დასავლეთში გამოცემული რამდენიმე ძალიან საინტერესო ალბომი, საუნდტრეკი (ფილმის, თეატრისა და ტელევიზიისთვის) და ვიდეოკლიპია. იგი რამდენიმე ფილმისა და ანიმაციის რეჟისორიცაა.

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსი საკმაოდ აპოლიტიკურია, 2000-იანების დასაწყისში მან მაშინდელ სახელმწიფო მეთაურზე იუმორისტული მუსიკა და ვიდეო გააკეთა, რაც აჟიოტაჟისა და მითქმა-მოთქმის საგანი გახდა.

ნიკას მუსიკა ინოვაციური და ექსპერიმენტულია, მისი მინიმალისტური ელექტრონული სივრცე ძლიერ მიმზიდველი, ჰარმონიული და მრავალფეროვანი პულსაციითაა გაჟღენთილი. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა პროფესიით რეჟისორია, მას უფრო იცნობენ, როგორც მუსიკოსს. აი, რა თქვა ნიკამ ადრე თავის საქმიანობასთან დაკავშირებით ჟურნალ „ცხელ შოკოლადთან“ საუბრისას:

„ელექტრონული მუსიკა... უფრო ბიძგი იყო იმისათვის, რომ თავში რაც მქონდა, იმის რეალიზება გამეკეთებინა. კინოს კეთებისთვის ძალიან ზარმაცი ვარ... თან ათას კაცს უნდა ეურთიერთო და აუხსნა, რა გინდა... მუსიკის კეთებისას კი, შენს თავთან ხარ ან (ჩემს შემთხვევაში) კომპთან, ერთი ერთზე. ამიტომ შედეგი მთლიანად შენზეა დამოკიდებული“.

ჟურნალი „თბილისი Out“ #24, სექტემბერი 2012 წელი

მოუსმინე: