Saturday, February 10, 2001

გია სალაღიშვილი – ფონოგრამაზე სიმღერა თავის მოტყუებაა!

ამ პიროვნებას მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის მრავალ სოლიდურ ჯაზ-ფესტივალში, აგრეთვე რამდენიმე ალბომის ჩაწერაში. მათ შორის ორი CD გამოშვებული აქვს როკ-ჯგუფ „ბლუზ მობილ ბენდთან“ ერთად ჰოლანდიაში. ვირტუოზულად ფლობს ვიბრაფონსა და დასარტყამ ინსტრუმენტებს. აქტიურად თანამშრომლობს ქართველ და უცხოელ ჯაზ, როკ და პოპ მუსიკოსებთან. აქვს საკუთარი უკვე განხორციელებული და განუხორციელებელი პროექტები. მისი სახელია გია სალაღიშვილი. დაიბადა ქუთაისში. მეოთხე კლასიდან დაიწყო დასარტყამების შესწავლა. დამთავრებული აქვს მუსიკალური ტექნიკუმი და კონსერვატორია. ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.

* * *

– ის, რომ ბავშვობიდან მუსიკით ვცოცხლობ, ალბათ, უფრო გენის ბრალია. ჩემი გვარის წარმომადგენლები უმეტესწილად მუსიკოსები იყვნენ. ბაბუაჩემის ერთი ბიძა ვირტუოზულად ცხვირის ნესტოებითაც კი უკრავდა სალამურზე, მეორე – აკორდეონზე, მესამე – დუდუკზე. ხოლო თავად ბაბუაჩემი კი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მედოლე იყო, სუხიშვილებში უკრავდა.

1973 წლიდან ვუკრავ და ამ საქმით პურსა ვჭამ, რადგან სხვა ბიზნესი არა მაქვს.

– გია, სიახლე არ არის თქვენს ცხოვრებაში?

– ჩემთვის ყველაზე სახასიათო სიახლე იყო გასული წლის სექტემბრის ბოლოს „ჯეოსელის“ მიერ მოწყობილ ჯაზ-ფესტივალზე ლეგენდარულ დრამერ ბილი კობემთან შეხვედრა. ამ პიროვნებამ, მასთან ორდღიანმა შეხებამ ჩემი ცხოვრების ტოტალური შემობრუნება გამოიწვია. მის 40-წუთიან გაკვეთილში იმდენი საიდუმლო გამჟღავნდა, რომელსაც მთელი ცხოვრება ვხსნიდი. ამის შემდეგ გადავწყვიტე, მარტო ვიმუშაო. მინდა სოლო კონცერტი გავაკეთო კონსერვატორიაში. ეს იქნება უფრო იმპროვიზებული მუსიკა, თავისუფალი აზროვნების ნიადაგზე რომ ვითარდება, შენს თვალწინ რომ იქმნება. მართალია, არის დეტალები, რომელიც წინასწარ მაქვს მოფიქრებული, მაგრამ ამ დეტალებს შორის კავშირს იმპროვიზების მომენტები აკეთებს. აქ უფრო სპონტანური მომენტები იქნება. დაუკრავს მხოლოდ დასარტყამები: ბარაბანი, ვიბრაფონი, მარიმბოფონი, ლიტავრები, გონგები, თეფშები და ა.შ.

– გია, ბევრს ახსოვს თქვენი „ბითლზების“ ნაწარმოებთა კამერული ინტერპრეტაცია ჰობოისა და ფაგოტის თანხლებით, სადაც თავად ვიბრაფონზე უკრავდით. მსგავსი პროექტი ხომ არა გაქვთ მზად?

– ძალიან მინდა ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებთა გადაკეთება, რომლითაც უკვე ქუთაისის საოპერო თეატრი დაინტერესდა, მაგრამ ჯერჯერობით არა მაქვს ტექნიკური საშუალებები. ეს არ იქნება სუფთა ჯაზური თემატიკა, თუმცა ძალიან სარისკოა. მინდა მძიმე რიტმული საფუძველი გამოვიყენო.

– ამ პროექტებს ქართველ თუ უცხოელ მუსიკოსებთან ერთად გააკეთებთ?

– უცხოელების მოწვევა კი მინდა, მაგრამ ამის ფინანსური საშუალება არა მაქვს. გადავწყვიტე, ჯერ საკუთარი თავი გავათრიოთ და მერე, ალბათ გამოჩნდება საშუალებები, რომ სხვებიც მოვიწვიო. ამიტომ ჯერ მხოლოდ თბილისელი და ქუთაისელი მუსიკოსებით შემოვიფარგლები.

– საზღვარგარეთ თუ აპირებთ რომელიმე პროექტის გატანას?

– დასარტყამების პროექტის ჩანაწერები უნდა გავუგზავნო რამდენიმე უცხოურ ფირმას, რომელიც ამით დაინტერესებულია. ევროპაში იმართება დრამერების შეხვედრები, სადაც სოლოებსაც უკრავენ და ერთადაც მუზიცირებენ. ეს კეთდება ახალგაზრდების დასაინტერესებლად. ძალიან მინდა, ამ შეხვედრებზე მოვხვდე. დარწმუნებული ვარ, იქიდან შემდეგ ძალიან საინტერესო წინადადებები წამოვა, რის შედეგადაც დანარჩენი პროექტების განხორციელების რეალური შესაძლებლობა გამოჩნდება.

– რა ბედი ეწია თქვენს არტ-როკ ჯგუფ ARE-ს?

– ეს ჯგუფი არ დაშლილა. სხვათა შორის, მე ჩვენს CD-ს ყურადღებით მოვუსმინე და ძალიან ბევრი ისეთი შეცდომა აღმოვაჩინე, რომლის გამოც ეს ჩანაწერი ჩავარდა. ახლა კობემის მიერ გამოგზავნილი დასარტყამების პლასტები რომ ჩამოვა, შევალ სტუდიაში და ამ კომპოზიციებს უფრო სხვა კუთხით გავაკეთებ. მათ დაემატება სასულე ინსტრუმენტები, მინდა გოგონების ბექ-ვოკალი გამოვიყენო. უფრო ლირიკული გამოვა. თებერვალში, ალბათ, ოთხ კომპოზიციას ჩავწერ. ამ ნაწარმოებების პარტიტურა თავისი ტექსტებით ახლა თაროზე მიდევს და გული მწყდება. ეს ყველაფერი გაკეთდება, მაგრამ ჯგუფს სახელი შეეცვლება.

– გია, ამასწინათ გნახეთ მერაბ სეფაშვილის ერთ-ერთ ახალ კლიპში. მაინტერესებს, თუ თანამშრომლობთ პოპულარულ და საესტრადო მუსიკოსებთან?

– მერაბმა პირველი ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ სცენაზე ცოცხალი შესრულება დაბრუნდეს. ყოველ შემთხვევაში, მერაბი ის კაცია, ვინც ამას სერიოზულად მოკიდა ხელი. გაკეთებული გვაქვს 14-მდე მისი სიმღერა და ახლა მიდის მუშაობა, რომ მთელი კონცერტი მოამზადოს. ასეთი თანამშრომლობა მომწონს და ვისაც დავჭირდებით ცოცხალი შესრულებისთვის, მე მზად ვარ. ძალიან მინდა საქართველოში დაბრუნდეს ცოცხალი შესრულება. მახსოვს, როდესაც ჩვენს ქალაქში ვინმე გამოდიოდა ცოცხლად, ბავშვები დაინტერესებულები ვიყავით, გვესწავლა გიტარაზე დაკვრა. დღეს ახალგაზრდა ფონოგრამაზე გამოსული მომღერლიდან ვერაფერს ისწავლის. ქ-ნ ნანი ბრეგვაძეს საინტერესო პროექტი ჰქონდა, მიმაჩნია, რომ მისი სიმღერები ცოცხალი შესრულებით რადიკალურად სხვანაირად აჟღერდა. სიმღერებს ნიკუშა მემანიშვილმა ჰარმონიები შეუცვალა და კარგი რაღაც მივიღეთ. ნანი ბრეგვაძისა და მერაბის პროექტების შემდეგ უკვე მივიღე წინადადებები პიროვნებებისგან, რომელთაც სურთ ცოცხალი შესრულება, რათა მათ უკან აჟღერდეს ცოცხალი აკომპანიმენტი.


ფონოგრამაზე სიმღერა თავის მოტყუებაა. „გრემისა“ და MTV-ის დაჯილდოებებზე კი ყველა ცოცხლად მღერის. ფონოგრამისტებს თავი არა აქვთ, სცენაზე ბოლომდე იმუშაონ. მერაბსა და ნანის ეს შეუძლიათ, რაც მე რეალურად ვნახე. სხვებზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა მგონია, რომ ამას თემურ თათარაშვილი და ზურა კობეშავიძე შეძლებენ. სცენაზე ცოცხლად მუშაობას თავისი პრინციპები აქვს. მერაბი ძალიან მუსიკალურია. ასეთი მომღერალი ჯერ არ შემხვედრია ესტრადაზე, რომელსაც ასე კარგად ესმის არანჟირების თითოეული ნიუანსი. ხვდება, თემის განვითარება საითკენ მიდის. ამ მომღერლებს მინი-დისკით არ დაუწყიათ, ისინი ცოცხალი ანსამბლებიდან მოდიან, ერთს როკ-ჯგუფი ჰყავდა, ზურას – „ორველა“ და ა.შ. ჩვენში ბევრი კარგი მომღერალია, უბრალოდ ცოცხლად, ორკესტრთან ერთად მუშაობის ტენდენცია აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, თორემ ყველაფერი დაიღუპება.

– თქვენ ხშირად თანამშრომლობთ დათო ევგენიძესთან. მის რაიმე ახალ პროექტში ხომ არ იღებთ მონაწილეობას?

– ეს თავად დათომ უნდა გადაწყვიტოს. დარწმუნებული ვარ, თუკი რამე ექნა, უჩემოდ არ გააკეთებს. მე კარგა ხანია ის არ მინახავს. ალბათ, აქვს რაღაც ახალი ჩანაფიქრი და დამანახებს. შეიძლება უჩემოდაც გააკეთოს. ის ცოტა გამოუცნობი კაცია, ვერ მიხვდები, რას ფიქრობს (იცინის).

– ჯაზს მიწა ხომ არ მიაყარეთ?

– ჩემი დიდი სურვილია, რომ საქართველოში შეიკრას ჯაზ-ანსამბლის ერთგვარი ბირთვი, რომელსაც ნაღდად ექნება უცხოეთში გასვლის, დაკვრისა და ფუნქციონირების პრეტენზია. სერიოზული მუშაობის სიტუაციას ჯერ ვერ ვხედავ. ვგულისხმობ ისეთ ჯგუფს, რომელიც უცხოეთში შთაბეჭდილებას მოახდენს და რაღაც კვალს დატოვებს. ამიტომ ჯერჯერობით ჯაზურ პროექტებს პესიმისტურად ვუყურებ. ძლიერი პიანისტია დათო მაზანაშვილი. ძლიერი გიტარისტები და ბას გიტარებიც გვყავს, მაგრამ მათი გაერთიანება ვერ ხერხდება, რომ ამან ჯგუფის სახე მიიღოს.

– ჟურნალისტმა ბიძინა მაყაშვილმა ამასწინათ გაიხსენა ჯგუფი „ბლუზ მობილ ბენდი“ და აღნიშნა, რომ გია სალაღიშვილი საუკეთესო დრამერიაო საქართველოში. თუ გაკავშირებთ რამე დღეს ზემოთ ნახსენებ ჯგუფთან?

– ბიძინას უკვე 10 წელია ვიცნობ. მიმაჩნია, რომ ბიძინა ერთადერთი პიროვნებაა და მერე შენ კიდევ, ვინც ინტერესდებით ასეთი სერიოზული მუსიკით და მუსიკოსების ბედით. ბევრი ჩემი მეგობარი, ვისაც კი სცენაზე ვახსოვარ, ყველა „ბლუზ მობილ ბენდის“ პერიოდს ახსენებს. ალბათ, მართლაც იყო მომენტი, როდესაც ყველანი თავს ვდებდით. სხვათა შორის, გუშინ დილით დამირეკეს ამ ჯგუფიდან (ოღონდ არა ხელმძღვანელმა) თხოვნით, რომ იქნებ დაბრუნდე ჩვენთანო. არავითარი სურვილი არა მაქვს უკან დაბრუნების.

– მიგაჩნიათ, რომ განვლილი ეტაპია, არა?

– არა, სრულებითაც არა, პირიქით. უკვე პიროვნული მომენტია, თორემ მუსიკალურად არ არის განვლილი ეტაპი. ამ პიროვნებასთან ურთიერთობა, როგორც მუსიკალურად, ისე პიროვნულად ძალიან რთულია. ისევ იმ კუთხით, იმ სტილით დაკვრის სურვილი, რასაც ჩვენ 5-6 წლის წინ ვუკრავდით, საერთოდ აღარ მაქვს. თუ უფრო თანამედროვედ გაკეთდებოდა მუსიკა, უფრო საინტერესოდ და თუ უფრო შემოქმედებითი მიდგომა იქნებოდა, მაშინ ღირდა დაბრუნება. ახლა კი ამისთვის ყველაფერი უნდა დავანგრიო, რომელიც ძლივს დავალაგე. არავითარი სურვილი არა მაქვს ამის. აქ ვიმეორებ, უფრო პიროვნული მომენტია.

– უახლოეს მომავალში თუ გამოვა თქვენი კომპაქტი ან კასეტა?

– თებერვალში თუ შევედი სტუდიაში, ჩემს სოლო CD-ს გამოვუშვებ. ხუთი კომპოზიცია უკვე ჩაწერილი მაქვს, დამრჩა კიდევ 8 ჩასაწერი. ალბათ, მარტისთვის გავაკეთებ, თუ სტუდიაში შევედი.

– რა ხასიათი ექნება ალბომს?

– Solo drums, მაგრამ მასში სხვა მუსიკოსებიც იქნებიან. იქნება ფლეიტა, კონტრაბასი, საქსოფონი და ა.შ. ვიყენებ კლავიშებს, სეკვენსერს, ალბომში იქნება ჩემი ნამუშევრების როგორც ელექტრო, ისე აკუსტიკური ვერსიები.

ძალიან მინდა როკ-პროექტის გაკეთება და კომპაქტის გამოშვებაც, მაგრამ ვერ შევძლებ. მაგდენი ფული არაა. ახლა მინი-დისკზე თავი მოვუყარე ნამუშევრებს, რომლებშიც ვუკრავ დათო ევგენიძესთან, თამაზ ყურაშვილთან, ზურა რამიშვილთან, „ბიგ-ბენდთან“ და სხვებთან ერთად. ეს ნაწარმოებები სხვადასხვა წლებშია ჩაწერილი, თანაც, ეს პიესები არსად აჟღერებულა, ისე ჩაქრა, – ჩვენ, მუსიკოსებსაც კი დაგვავიწყდა. ახლა მასალას რომ ვუსმენ, მეცოდება, კარგი ნამუშევრებია. სასურველი იქნება, ეს ალბომად გამოვიდეს CD-ზე. მისი გამოშვება საკმაოდ იაფია. სადღაც მაქსიმუმ 500 დოლარი დაჯდება, რადგან ყველაფერი გამზადებულია მინი-დისკზე.

– დაბოლოს, გია, რას ისურვებთ?

– გუშინწინ ნასვამი ვიყავი და ვიძახდი, აქედან გამიშვით-მეთქი (იცინის).

აღარ შემიძლია ამ სიბნელეში ყოფნა. შვილები მეცოდებიან. მათ რა დააშავეს, რომ იძულებულები არიან ამ უშუქობას უყურონ და „ბასტი-ბუბუ“ ვერ ნახონ. ამ კუთხით, პირველ რიგში, შუქი და ნორმალური ცხოვრების პირობები მინდა, რომ იყოს, რადგან ადამიანმა შემოქმედებითად აზროვნება, ფიქრი და რაღაცის კეთება შეძლოს.

თქვენ კი ღმერთმა გაგახაროთ და გაბედნიეროთ. 

გამოქვეყნდა 2001 წლის 10 თებერვალს, ჟურნალ „ვარსკვლავებში“

No comments:

Post a Comment