„საქართველოში დაბადებული ქართველი ვარ და ეს ქვეყანა მიყვარს“
მუსიკოს ბაკურ ბურდულს ქართველ როკ-მოყვარულთა წინაშე არ სჭირდება წარდგენა. სცენაზე გამოჩენის პირველივე დღიდან მას ჟურნალისტებმა და მსმენელებმა ქართველი ალტერნატივშიკის წოდება მიაკერეს. ბაკური კავკასიის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მუსიკალური დარგის დირექტორია. ის რამდენიმე ალტერნატიული ფესტივალის ორგანიზატორია, რომელთა შორისაცაა ცნობილი „მატარებლის“ აქცია. დიდი დრო არ გასულა, რაც ეს ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი მოსკოვიდან სამშობლოში დაბრუნდა. ის აღნიშნავს, რომ რუსეთის დედაქალაქში ბევრ რამეს მიხვდა, შეისწავლა შოუ-ბიზნესის ანი-ბანი და აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესო სამომავლო გეგმები დაუგროვდა, რაზეც ნაკლებად ილაპარაკა. ჩემთვის ეს გასაგებია – კაცს არ უნდა ყველაფერი გაამხილოს, რასაც იმედია, მომავალში საქმით დაგვანახებს.
* * *
ბაკურ ბურდული: – 1975 წლის 3 მარტს თბილისში, ფილარმონიის უკან დავიბადე. იმ დღეს ისეთი თოვლი მოსულა, ქუჩაში მოძრაობაც კი შეწყვეტილა. ბურდულების ოჯახში მე მესამე შვილი ვიყავი. თავდაპირველად სამსახიობოზე ვსწავლობდი, მერე საოპერატოროზე, – დიპლომიც მაქვს, მაგრამ მაინც მუსიკოსი ვარ. მუსიკალურ ათწლედში ვმღეროდი, ოღონდ არასერიოზულად. დღეს რასაც ვასრულებ, იმის დაკვრა 14-15 წლის ასაკიდან დავიწყე.
– პირველ შენს სიმღერას რა ერქვა?
– არ მახსოვს, მაგრამ ერთ-ერთ პირველს ერქვა „იყავი, როგორიც ხარ“.
– ბაკურ, შენი ჯგუფის შემადგენლობა ხშირად იცვლება თუ სტაბილურია?
– ძალიან ხშირად იცვლება. მე ალბათ ის ადამიანი არ ვარ, ვისაც ჯგუფში მუშაობა შეუძლია. ეს ჩემმა პრაქტიკამ დამანახა. როდესაც, ვთქვათ, 4 ადამიანი ერთად უკრავს, იქ ოთხი სხვადასხვა აზრი ჩნდება და ბევრი პრობლემა იქმნება. ამდენად, შენს შემოქმედებაში არანაირი წინსვლა აღარ ჩანს. მიმაჩნია, რომ მარტო უნდა ვიმუშაო, თუმცა არა ვარ რაღაც დიქტატორი. უბრალოდ, მუსიკა და ტექსტი ჩემია, არანჟირებას ჯგუფთან ერთად ვაკეთებ, რაშიც ყველას თავისი შენიშვნა შეაქვს.
– რას ნიშნავს შენთვის ცნება „ალტერნატივა“?
– ალტერნატივა ირგვლივ არსებულის საწინააღმდეგო გამოხატვის ფორმაა, მაგრამ დღეს ეს სტილი თითქმის პოპი გახდა.
– ბაკურ, საინტერესოა, თუ ჰქონდა რაიმე ზეგავლენა შენს შემოქმედებაზე შენს ძმას, ლადო ბურდულს?
– ლადო ჩემზე 10 წლით უფროსია. მე ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, ის რომ მუსიკას ქმნიდა. ლადომ ძალიან საინტერესო სამყარო დამანახა, ანბანი მასწავლა და მოთხრობები მერე თვითონ დავწერე.
– ძველი ქართველი როკ-მუსიკოსებიდან ვის სცემ პატივს?
– ლადო, ქიშო, დადა, სერგი – ჩემთვის სათაყვანებელი თაობის წარმომადგენლები არიან. მათ უამრავი შესანიშნავი სიმღერა შექმნეს. სამწუხაროა, რომ მათ ნამუშევრებს ბევრი არ იცნობს, რადგან ჩანაწერები არ იდება.
– რას ფიქრობ, რატომ არიან ასეთი მუსიკოსები დღეს ჩრდილში?
– ეს იმის ბრალია, რომ საქართველოში არ არსებობს შოუ-ბიზნესი. არავინ თქვას, რომ ჩვენთან ის არსებობს. მოსკოვში ყოფნისას მივხვდი, რომ შოუ-ბიზნესი ცუდი ცნებაა და მე ის ძალიან არ მომწონს. მიუხედავად ამისა, იგი ბუნებრივი მოვლენაა. იმას არ ვამტკიცებ, რომ შოუ-ბიზნესის არარსებობა კარგია. უბრალოდ ის ძალიან მკაცრია და ხშირ შემთხვევაში უსამართლო. რაღაც 10 000 დოლარის გაკეთებაც კი არ არის შოუ-ბიზნესი. თუმცა ისიც მეეჭვება, რომელიმე ქართველი ესტრადის მომღერალი ამდენს აკეთებდეს. საქართველოში რაღაც ძვრები შეინიშნება, მაგრამ ძალზედ უმნიშვნელოა.
– მოსკოვში ზემფირასა და „მუმი ტროლის“ ადმინისტრატორი ჩემი ჯგუფის დირექტორი იყო. აქ არ მყავს, რადგან აზრი არა აქვს. რაც უნდა ძვირფასი კონცერტი გააკეთო, რომელიც 2 ან 3 ათასი დოლარი დაჯდება, იმდენ ბილეთს მაინც ვერ გაყიდი, რომ დანახარჯი ოდნავ მაინც ამოიღო. უფრო რეალურია კასეტების გავრცელება. შესაძლებელია 3000 ცალიც კი გაყიდო, მაგრამ ჩვენში საავტორო უფლებები სათანადოდ არაა დაცული, ამიტომ ამით მეკობრეები კარგად სარგებლობენ.
– მოსკოვში რა მიზნით იყავი წასული?
– ვმუშაობდი, ვატარებდი კონცერტებს. მინდოდა საკუთარი თავი გამომეცადა, რამდენის გაკეთება შემეძლო. იქ ძალიან ბევრს მივხვდი და ახლა თავს კარგად ვგრძნობ.
– თუ აპირებ ისევ მოსკოვში დაბრუნებას?
– არა მაქვს იმის ილუზია, რომ სადმე ჩავიდე და იქ ვარსკვლავი გავხდე. საქართველოში დაბადებული ქართველი კაცი ვარ და ეს ქვეყანა მიყვარს. ამიტომ ჩემთვის აქედან წასვლა იოლი არ არის, სამშობლოს ვერ მივატოვებ. პირიქით, მე აქაურობას უფრო ვჭირდები. იქ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვიმუშავებ. აქ კი ვეცდები საერთო საქმეს – ცოცხალ მუსიკას პროპაგანდა გავუწიო.
– ბაკურ, როგორ უყურებ ვარსკვლავის ცნებას და, შენი აზრით, როგორ ხდებიან დღევანდელი მუსიკოსები ვარსკვლავები?
– ვარსკვლავებს, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს, ისე ვუყურებ. არ მიფიქრია, თუ როგორ ყალიბდებიან ვარსკვლავებად და ამის მისაღწევად რას აკეთებენ. რა თქმა უნდა, პრომოუშენი საჭიროა, მაგრამ საქართველოში ჯერჯერობით არაფერს აზრი არა აქვს. ჩემი აზრით, ჩვენთან მაქსიმალური პრომოუშენი ჯგუფ „სახეს“ გაუკეთდა, რომელმაც მხოლოდ რაღაც ეტაპს მიაღწია. ვარსკვლავებს კარგ ადამიანებად აღვიქვამ, მაგრამ ჩემთვის ზოგი ვარსკვლავია ზოგი კი – არა. ვარსკვლავებზე გული არ მიმდის და ასეთი საქციელი სისულელეა, რადგან ყველანი ადამიანები ვართ, ღმერთს ერთნაირად ვუყვარვართ. ყოველ ადამიანს შეუძლია ვარსკვლავი გახდეს და ამისთვის არაა აუცილებელი იმღეროს. მთავარია, კარგი ადამიანი იყოს და ის უკვე ვარსკვლავია.
– რამდენად რელიგიური ხარ?
– მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ. ბევრს ვერ ვილაპარაკებ, რადგან რელიგიაზე საუბარი ჩემი პრეროგატივა არაა. ვარ მორწმუნე.
– ქართული ე.წ. ესტრადა თუ მოგწონს?
– რამდენიმე მართლაც გულით მღერის. მთავარი არაა, ვინ რა სტილში მუშაობს, რადგან მუსიკაში საზღვრები არ არსებობს. მთავარია, რამდენად მართალი ხარ და რამდენად უზიარებ სხვა ადამიანს საკუთარ ტკივილს. მე მომწონს როგორც როკ, ისე პოპ მუსიკოსები.
– ბაკურ, როგორ უყურებ ჩვენში უკვე შემოსულ ე.წ. ეთნიკურ მუსიკას?
– არ მიყვარს ტრაბახი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ასეთი მუსიკა მე ერთ-ერთმა პირველმა გავაკეთე. რა თქმა უნდა, მომწონს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ შენ მუსიკოსი ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ ხელი ყველაფერს უნდა მოკიდო. მას შემდეგ, რაც ეს გავაკეთე, მივხვდი, რომ ამდენის უფლება არა მაქვს. ფოლკლორი ჩვენი სიამაყე, სიწმინდეა და არ შეიძლება ამას ხელი მოკიდო და გამოიყენო, თუ მართლა სერიოზულად არ მუშაობ. თუ ამას ცუდ ფორმებში მოაქცევ, უკვე დანაშაულს სჩადიხარ. ვფიქრობ, ბევრი უნდა იმუშაო, ძალიან ბევრი მიღწევა უნდა გქონდეს შენს შემოქმედებაში, რომ ფოლკლორულ მუსიკას გამოიყენო. არ შეიძლება ჭუჭყიანი ხელებით სისუფთავეს შეეხო.
– ბაკურ, საიდან იწყება სამშობლო და სად მთავრდება იგი?
– სამშობლო მგონი თურქეთიდან იწყება და აზერბაიჯანთან მთავრდება (იცინის). ეს რეალურად, ხოლო სულიერად ჩვენს სამშობლოს საზღვრები არა აქვს. რეალური და სულიერი ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს. ეს მეც მემართება ხშირად, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ რაღაც მარაზმში არ აღმოვჩნდეთ.
– სამსახური თუ გაქვს?
– ბოლო დრომდე არაფერს ვაკეთებდი მუსიკის გარდა. ახლა კავკასიის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მუსიკალური დარგის დირექტორი ვარ. ვცდილობთ, ვმუშაობთ, რომ თანამედროვე კავკასიურ ხელოვნებას ევროპაში გაეცნონ.
– ახლო მომავალში თუ გაქვთ რაიმე ფესტივალის მოწყობა დაგეგმილი?
– დაგეგმილია და როდესაც ყველაფერი საბოლოოდ გადაწყდება, პრესკონფერენციას მოვაწყობთ.
– შენი ბოლო ნამუშევარი როდის გამოვა?
– სამწუხაროა, რომ თანამედროვე ქართველ მწერლებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, ნაკლებად იცნობენ საქართველოს სხვა ქალაქებში და პირიქით...
– კულტურის ადამიანებს, მე მგონი, ყველგან ნაკლებად იცნობენ, რადგან კულტურას სათანადო პროპაგანდა არ უკეთდება საერთოდ მთელ საქართველოში. ჩვენი ცენტრის მცდელობებს კი შენ კარგად იცნობ: „საერთაშორისო როკ-ფესტივალი“, ფესტივალი „მზიური“ და „მატარებელი“. ვცდილობთ, ამ მხრივ რაღაც ნაბიჯები გადავდგათ. მეც დიდი სურვილი მაქვს, სხვა ქალაქებში დავუკრა. უბრალოდ, ახლა არ შემიძლია, რადგან ჩემი ჯგუფი მოსკოვშია.
– როგორ უყურებ ხვალინდელ დღეს?
– არ ვიცი. მე უფრო დღევანდელზე ვფიქრობ. იმედს ვიტოვებ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ამას ზემოთ წყვეტენ. თუ ცუდი ამინდი იქნა, მაინც კარგი იქნება, რადგან ცოცხალი ვარ.
– ბაკურ, რას უსურვებ „ვარსკვლავებს“?
– ყველა მკითხველს და, საერთოდ, ყველას ვუსურვებ, რომ იყოს უბრალოდ კარგი ადამიანი. არაა საჭირო, რაღაც აკეთო იმისთვის, რომ ვარსკვლავი გახდე. თუ კარგი ადამიანი ხარ, უკვე ანთია ვარსკვლავი შენში. ჩემი აზრით, ყველაზე მთავარია, იყო ადამიანი.
გამოქვეყნდა 2001 წლის 9 მაისს, ჟურნალ „ვარსკვლავებში“



No comments:
Post a Comment