პოპულარულმა ქუთაისურმა რეპ-ჯგუფმა „ძებნილი“, სულ ახლახან სტუდია „ორფეიში“ ჩაწერა ახალი ალბომი „შავი პრინცი“, რომლის ცალკეული სიმღერები, კერძოდ „შენა ხარ კენტი“, უკვე რეგულარულად ტრიალებს თბილისის რადიოსადგურებში. როგორც საინფორმაციო მხარდამჭერი, გამოშვებულ ალბომს ამშვენებს ჩვენი ჟურნალის ლოგო. „შავ პრინცში“ შესულია „ძებნილისთვის“ დამახასიათებელი მძიმე ჰიპ-ჰოპ სიმღერები. თუმცა პირქუშ მუსიკასთან ერთად მსმენელი იპოვის მაჟორულ სიმღერასაც. ჩემი სტუმარია აკაკი ბაბუნაშვილი, იგივე „შავი პრინცი“, – ჯგუფ „ძებნილის“ ერთპიროვნული ლიდერი და ქუთაისური, უკომპრომისო რეპის კოლორიტული პიონერი.
* * *
– „ძებნილში“ ოთხი წევრი ვართ: ფრედო ბაბანი, ანუ „შავი ბიჭი“, დათო მორჩილაძე ანუ „მასტი“, სერგო ჩიხლაძე ანუ „მეგოთი“ და მე. არა აქვს მნიშვნელობა, რომ სამი მათგანი ჩემზე უმცროსია. ბიჭებს მივაგენი ბევრი წვალებისა და ძებნის შედეგად. „ძებნილმა“ 1993 წელს მიიღო საბოლოო სახე. ადრე კიდევ 3 კაცი მუშაობდა ჩვენთან. აღნიშნული წლიდან ჩვენ სერიოზული მუშაობა დავიწყეთ მუსიკალური აზროვნებით, ცეკვებით.
– ვიცი, რომ შენ აწყობდი და აწყობ დისკოთეკებს. როგორი მუსიკა ჟღერს შენს დისკოთეკებზე?
– დისკოთეკებს ვაწყობ 1986 წლიდან. 86-87 წლებში ბრეიკის დრო იყო და სწრაფ, რიტმულ მუსიკას ვატრიალებდი, ძირითადად ბრეიკ-დანსს. კიდევ გვქონდა რეგეი, ახალი ტალღა, როკი და რბილი მუსიკა, რომელზეც შესაძლებელი იყო ცეკვა. დღეისათვის რეპერტუარში მაქვს კომერციული რეპი, რეპ-სოული, მაგრამ უფრო სერიოზული დატვირთვით ალტერნატიულ, მძიმე რეპს ვამუშავებ. აგრეთვე, ცეკვის მოყვარულთა ინტერესებსაც ვითვალისწინებ. ჩემს დისკოთეკებზე რბილი რეპიდან Jazzy Jeff და The Fresh Prince ტრიალებს, ხოლო მძიმე, ალტერნატიული რეპიდან – House Of Pain, Cypress Hill, Dr. Dre, LL Cool J და ა.შ.
– ყველანაირი მუსიკის თაყვანისმცემელი ვარ. ჩემი ცხოვრების სტილით, იმიჯით კი მაინც ამ მიმართულებას მოვერგე. სხვათა შორის, სხვა მუსიკალური მიმდინარეობებიდან დავამუღამე, როგორ შეიძლებოდა ამ მიმართულებაში ჩავმჯდარიყავი ორიგინალური ფორმით. როგორც ასეთი, მხოლოდ რეპ-აქცენტით რეპერი არ გავმხდარვარ. ყოველთვის ვუსმენდი სხვა მიმდინარეობებს, რათა რეპი ორიგინალური გამოსულიყო. რეპერად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა პირადმა ცხოვრებამ.
– როგორია რეპერის ცხოვრების სტილი?
– ჩემთვის რეპი ყოველდღიური ცხოვრებაა. არ არსებობს უპრობლემო დღე. აქედან გამომდინარე, უფრო ამ სტილს მოვერგე.
– მაგრამ პრობლემურ სიმღერებს ხომ ალტერნატივისტებიც უკრავენ?
– ყველა ვარიანტში ვიტყვი, რომ რეპმა უფრო მიმიზიდა, რაღაც ახალი შემმატა. შევძელი, არა კივილითა და ჯღავილით, არამედ საუბრით მეთქვა სათქმელი. პანკმა და მსგავსმა მიმართულებებმა კი იმის საშუალება მომცეს, რომ ამ სტილში მემუშავა, რადგან რეპი მაშინ არ იყო ასეთი პოპულარული. ეს ორიგინალური, ახალი ნაბიჯის გადადგმის სურვილი იყო ქართულ მუსიკაში. გადავწყვიტე, შემექმნა ჩემებური რეპ-მუსიკა.
საქართველოში ბევრი რეპ-ჯგუფი არსებობს. მათგან ცოტაა საინტერესო. მე მაინც კაბუს გამოვარჩევ, რადგან მას სერიოზულად აქვს ნამუშევარი. რაც გააკეთა, მისი წვალების, შრომის, აზროვნების ნაყოფია. სხვა სასტავები, მართალია, სერიოზულები არიან, მაგრამ კარგად ვერ ერკვევიან, როგორ მიუდგნენ საკუთარ საქმიანობას, როგორ დაიწყონ და რა აკეთონ.
– თბილისში უფრო მეტი სამოძრაო საშუალება მაქვს. ისე კი, ძირითადად ქუთაისში ვმუშაობ და იქ მიცნობენ, ვინცა ვარ და როგორი მუსიკა მაქვს. თბილისში მინდა რაღაც ახალი მოვძებნო, თან სურვილი მაქვს, უფრო ფართო მასამ მოუსმინოს ჩემს მუსიკას.
– სულ 3 ალბომი გვაქვს ჩაწერილი. ახლახან გამოვიდა ალბომი „შავი პრინცი“, რომელიც ქუთაისში სტუდია „ორფეიში“ ჩავწერეთ. მასში შესულია 12 სიმღერა, ამათგან 10 ჩემია, ერთი ბედინა აისისაა, ხოლო ერთი „შენა ხარ კენტი“ გუჩისთან ერთად გავაკეთე. ეს უკანასკნელი უკვე ხშირად ტრიალებს რადიოში „ფორტუნა +“. საერთო ჯამში ალბომი დღევანდელ ცხოვრებაზეა. სიმღერების შინაარსი ყველას გვეხება: ვმღერით დღევანდელ პრობლემებზე და ჩვეულებრივ პიროვნებათა ცხოვრებაზე.
– რა ხნის განმავლობაში იწერებოდა „შავი პრინცი“ სტუდიაში?
– ამ ალბომზე 8 თვე ვიმუშავეთ. რამდენიმე სიმღერის ჩანაწერი გვქონდა გაკეთებული „ორფეიში“. მერე ამ სტუდიამ მოახერხა, სიმღერებისთვის ახალი ხმოვანება მიეცა, რის გამოც ყველაფრის თავიდან დაწყების სურვილი გამიჩნდა და გადავწყვიტე ახალი ალბომის ჩაწერა. სხვათა შორის, სტუდია „ორფეის“ შეუძლია რეპერებს მართლაც კარგი ჟღერადობა შესთავაზოს.
– ფონოგრამაზე თუ გიმღერიათ?
– როგორ არა, ფონოგრამის გარეშე და მასთან ერთადაც მიმღერია. გააჩნია სიტუაციას. რეპ-მუსიკაში მოდის ფონოგრამაზე მუშაობა და ცოცხალი შესრულებაც. ჩემი აზრით, ერთიც საჭიროა და მეორეც. ცოცხალი შესრულებისთვის მეხმარება ჯგუფი „სთეიჯი“ ცოცხალი ინსტრუმენტებით. ცოცხლად შესრულებას ხელი გაუმართა ყველასათვის ცნობილმა სერგი გვარჯალაძემ და გადაცემამ „ჯეოპოპმა“. სხვათა შორის, ძალიან მსიამოვნებს ცოცხალი შესრულება და არ მომწონს ფონოგრამაზე სიმღერა, მაგრამ ზოგჯერ ესეც საჭიროა.
– რას აპირებს „ძებნილი“ მომავალში?
– იგეგმება „ძებნილის“ ცოცხალი კონცერტი. მინდა კლიპიც მივაწოდო ტელემაყურებლებს. ამ ალბომის ჩაწერამ იმდენი დრო წამართვა, რომ თავში უკვე მომდევნო ალბომის პროექტი მიტრიალებს და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ მასზე მუშაობას.
– როგორ აკეთებ სიმღერებს?
– ეს არ არის უჩვეულო პროცესი, ტექსტიდან გამომდინარე, ვქმნი მუსიკას, რომელიც ჩემში იწერება მოძრაობისას, ქუჩაში ყოფნისას. თავდაპირველად ტექსტს ვწერ, მერე – სახასიათო მუსიკას.
– როგორ უყურებ ქართულ შოუბიზნესს?
– დღევანდელი ქართული შოუბიზნესი კატეგორიულად არ მომწონს. დღევანდელობიდან გამომდინარე, არც ერთი შოუბიზნესმენის მიერ შემოთავაზებულ პირობას არ დავთანხმდები. მაგრამ არსებობს მეორე მხარეც, რომლის წარმომადგენლებთან მე ურთიერთობა მაქვს. ისინი მეხმარებიან და ბევრ რამეს ამ შესანიშნავი პიროვნებების დახმარების წყალობით ვაკეთებ. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადავუხდი სერგი გვარჯალაძეს და „ჯეოპოპს“, რომელმაც ძალიან წამწია წინ. დღევანდელი შოუბიზნესი მოჩვენებითია და მომავალში, ალბათ, უკეთესი იქნება.
– რას წარმოადგენს რეპერისთვის სამშობლო?
– ვინაიდან სამშობლოში ვტრიალებ, ვმუშაობ და სურვილი მაქვს, რომ ჩემს შემოქმედებას აქ მოუსმინოს ხალხმა, არ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სამშობლო ჩემთვის არაფერია. ამ ქვეყანაში ჩემი პიროვნება ჩამოყალიბდა და ჩემი მუსიკაც აქ დაიბადა. მე მგონი, საქართველოში უკეთესი შემსრულებლები უნდა გაჩნდნენ ყველანაირ მუსიკალურ სტილში, რადგან ჩვენს ქვეყანაში ბევრი საშუალება არსებობს მუსიკის შესაქმნელად, ვიდრე სხვაგან. მსურს აქ ვიყო და ჩემი ქვეყანა მიყვარს.
– რას უსურვებ „ვარსკვლავებს“?
– „ვარსკვლავებს“ წინსვლას ვუსურვებ. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ჩანაფიქრების განხორციელებას. მკითხველებს მოვუწოდებ ამ ჟურნალის კითხვას. დიდი მადლობა „ვარსკვლავების“ მთელ კოლექტივს, რადგან ძალიან გვეხმარებით. მეგობრული გრძნობით და დიდი პატივისცემით ვარ განმსჭვალული თქვენს მიმართ.
გამოქვეყნდა 2001 წლის 19 მაისს, ჟურნალ „ვარსკვლავებში“







მადლობა ყველაფრისთვის 🤟🥂💖🙏
ReplyDelete