„ვარსკვლავების“ როკ-ალტერნატივის რუბრიკას დღეს ძალიან მომხიბვლელი სტუმრები ჰყავს. ტრიო „ემბრიონს“ 3 მარტს არსებობის 3 წელი შეუსრულდა. საქართველოში გოგონებით დაკომპლექტებული როკ-კოლექტივი უიშვიათესი მოვლენაა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი თინეიჯერები და საოცრად ინტელექტუალი ახალგაზრდები არიან, ვფიქრობ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება მათი შეხედულებების გაცნობა. თუნდაც ის, თუ რატომ უკრავს სამი პატარა ქართველი გოგონა საკმაოდ ხმაურიან, მძიმე მუსიკას. „ემბრიონის“ შემადგენლობაა: მაკა ბაქრაძე (ბას-გიტარა), ნინო ლეშენკო (გიტარა, ვოკალი) და სოფო ფრუიძე (დასარტყამები). ჩვენი ინტერვიუ სოფოსთან და ნინოსთან ჩაწერილია ვერის პარკში, სადაც საუბრის ფრაგმენტების უნებური მოწმე გახდა სოფოს სპანიელის ჯიშის მეტად ენერგიული ლეკვი, 6 თვის ოზი, რომელიც დიდი ოზი ოსბორნის სეხნიაა.
* * *
სოფო: – ჩვენ ცოტა მძიმე ალტერნატივას ვუკრავთ. კონკრეტულად არც ჰარდ-როკია, არც პანკ-როკი, არც – მეტალი და არც, რა თქმა უნდა, პოპსა.
ნინო: – ჩვენი სიმღერები ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ კონკრეტულ მიმდინარეობას ვერ დაარქმევ. ჩვენ ვმღერით ინგლისურ და ქართულ ენებზე.
– მსოფლიოს მუსიკაში რომელი ქალი შემსრულებლები მოგწონთ?
სოფო: – Hole-ს კორტნი ლავს არა უშავს, ვაღიარებ ჯენის ჯოპლინს. საქართველოში ნინო ქათამაძეს ვცემთ უდიდეს პატივს.
![]() |
| ნინო, სოფო და მაკა |
– როგორ ფიქრობთ, ჩვენს ქვეყანაში თუ აქვს მომავალი ქალების მიერ დაკრულ როკს?
სოფო: – ქალების როკს იმ შემთხვევაში აქვს მომავალი, თუ პროფესიონალურად დაუკრავ, თამაში არ შეიძლება. საქმე მაშინ გამოვა, თუ სერიოზულად მიუდგები და ამჯერად ჩვენ თუ არ გავაკეთებთ, სხვა ვინ გააკეთებს? ყველა ხელოვანს აქვს სურვილი, გამოჩნდეს მთელ მსოფლიოში. ჩვენ პირველ რიგში გვინდა საქართველოს მასშტაბით გაგვიცნონ, რადგან ჯერჯერობით არ არსებობს უცხოეთში გასვლის საშუალება. მერე კი, ალბათ, ნელ-ნელა გავცილდებით საზღვრებსაც.
– როგორ აღიქვამთ გამოთქმას: sex, drugs & rock’n’roll?
სოფო: – ჩვენ გასართობად არ გვინდა ვიყოთ მუსიკაში, უფრო სერიოზულად ვუყურებთ მას. სადაც ნარკოტიკებზე და ა.შ. წავა ლაპარაკი, იქ უკვე ვეღარ მიუდგები სერიოზულად საქმეს, რადგან სხვა სურვილები ჩნდება.
– რა არის „ემბრიონის“ მიზანი?
სოფო: – პირველ რიგში, გვინდა მსმენელს დავეხმაროთ ცხოვრების შემსუბუქებაში. პირადად მე სხვისი მუსიკა ბევრჯერ დახმარებია თუნდაც დეპრესიის ან რაღაც პრობლემის შემსუბუქებაში. მუსიკა განწყობას გიქმნის და ძალას გმატებს. გვსურს, რომ ჩვენი მუსიკაც ვინმეს დაეხმაროს. თანაც გვინდა არ ვიყოთ უსაქმოდ. მე სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურზე პირველ კურსზე ვსწავლობ, მაგრამ ფსიქოლოგობას ჩემი მეგობრებისთვის, საკუთარი თავისთვის ვაპირებ. თუ კი ვინმეს დავჭირდები, უარს არასოდეს ვეტყვი, მაგრამ არ მინდა კაბინეტში ვიჯდე და პაციენტებს ვიღებდე.
ნინო: – მე ახლა ვაბარებ „გეპეიში“ საზოგადოებრივ ურთიერთობებზე. სიმართლე გითხრათ, ამას მშობლებისთვის უფრო ვაკეთებ. მუსიკა ჩემს ცხოვრებაში პირველ ადგილზეა. მინდა, მუსიკას გავყვე, მიუხედავად იმისა, რომ მომავალში ამან შესაძლოა მატერიალურად ვერ უზრუნველმყოს.
| სოფო |
სოფო: – საქართველოში დღეს ნებისმიერი ადამიანი უფულობას განიცდის. თუ სურვილი არსებობს, ძალა გერჩის და ტვინი გაქვს, რაღაცას მაინც გააკეთებ, ელემენტარულ საშუალებას მაინც გამოძებნი.
ნინო: – პარალელურად სწორედ მაგისთვის ვსწავლობთ, რომ ჩვენი განათლებით მატერიალური ზურგი გვქონდეს.
– ე.ი. მუსიკა თქვენთვის უფრო თვითდამკვიდრების საშუალებაა, ვიდრე გართობა, არა?
სოფო: – რა თქმა უნდა. ყველაფერს სერიოზულად უნდა მიუდგე, რადგან თამაში და გართობა ყოველთვის მოესწრება. ეს საქმე კი მუსიკაა ჩვენთვის. ჩვენი გართობაა ერთად ყოფნა, საუბრები, სიმღერა, უაზრო ხეტიალი და ა.შ. ვცდილობთ, ჩვენი დაკვრის შესაძლებლობები განვავითაროთ, რადგან ერთ ადგილას არ გავჩერდეთ. გართობისათვის საათების განმავლობაში არ იმეცადინებ.
– როდესაც სუფრაზე ხართ, რას მღერით ხოლმე?
სოფო: – სიტუაციას გააჩნია. მეგობრებთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენს და ახლობლების სიმღერებს ვმღერით. ჩვენს წრეში ძირითადად მუსიკოსები არიან. როცა „ვზროსლებთან“ ერთად ვართ და ისინი დაკვრას გვთხოვენ, მაშინ ეროვნულ, ქართულ ქალაქურ სიმღერებსაც ვასრულებთ.
ნინო: – სუფრისთვის შესაფერისი სიმღერები სოფოს კარგად ეხერხება. ბავშვობიდან მიაჩვიეს (იცინის).
სოფო: – (იცინის) ყველაფერი ბუნებრივია. პირადად ჩვენ ეს საკითხი არ გვაწუხებს, რადგან სხვაგვარი გაგება გვაქვს, მაგრამ ყველას თავისი ცხოვრება აქვს. როგორც მომავალმა ფსიქოლოგმა, შემიძლია გითხრათ, რომ ზოგჯერ ცხოვრება გაიძულებს ისეთი შეცდომა დაუშვა, აზრზე ვერ მოხვიდე. ადამიანი რთული არსებაა, მის ცხოვრებას ვერ განსჯი. იმათ ეს გზა აირჩიეს, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს.
– ოჯახში რა რეაქცია აქვთ თქვენი ამ „გატაცების“ მიმართ?
სოფო: – დედაჩემი თავიდან ამბობდა, რომ აი, ბავშვი უკრავს, მღერისო. მერე ტელევიზორში დაგვინახა, ჩვენი პატარა წინსვლა შეამჩნია, უკვე მიხვდა, რომ ეს არ არის მარტოოდენ გართობა. მიუხედავად ამისა, მეუბნება ხოლმე, რომ „მართალია, თქვენს ჯგუფს ვუსმენ, მომწონს, მაგრამ“– აი, ამ „მაგრამ“-ის თქმას სჯობს, არაფერი თქვას (იცინის) – „მაგრამ ნანი ბრეგვაძე და ძველები უფრო მირჩევნია და რა ვქნაო“. თუმცა, მენდობა, საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუ ღამის პირველ საათზე არ დავბრუნდი სახლში. ყველა მშობელი ამ შემთხვევაში მართალია, ის ყოველთვის გეტყვის საყვედურს.
ნინო: – ჩემთანაც იგივე სიტუაციაა. მამაჩემმა რომ დაინახა, რომ ცოტა ხალხში გამოვედით, დაფიქრდა და ახლა ყოველნაირად ცდილობს, ხელი შემიწყოს.
– ფინანსურად ვინ გეხმარებათ თუნდაც გიტარის სიმების ან დასარტყამების ჯოხების შესაძენად?
სოფო: – ისევ მშობლები და მეგობრები გვეხმარებიან, ანუ საკუთარი ძალებით ვაგვარებთ ამ მცირე პრობლემებს. სპონსორი არა გვყავს. საინტერესოა, საქართველოში თუ ჰყავს რომელიმე როკ-ჯგუფს სპონსორი?
– რომელი ქართული ტრადიცია არ მოგწონთ?
სოფო: – საერთოდ, ტრადიციები აუცილებელია. თუ ტრადიციები არ გვექნა, მაშინ ერი საკუთარ სახეს დაკარგავს და, საერთოდ, აღარაფერი იქნება. იქნება ის, რაც ამერიკაშია – ერთად თავშეყრილი ათასი ჯურის ხალხი. მართალია, ისინი რაღაცას აკეთებენ, მაგრამ მაინც ღრეობა ჰქვია მაგას. ვერ ვიტყვი, რომელი ტრადიცია არ მომწონს-მეთქი. მე მგონი, ყველაფერი თავის ადგილზეა.
– ხომ არ ფიქრობთ, სწორედ ტრადიციებიდან გამომდინარე, რომ ქალის საქმეა ოჯახი, დედობა და ა.შ. თქვენი ჯგუფი დაიშლება?
| მაკა და ნინო |
– მაგრამ სიყვარული ხომ ბრმაა?
სოფო: – სიყვარული ბრმაა სულელებისთვის...
ნინო: – ერთხელ მაკას ვეხუმრე, მე თუ შეყვარებული გამიჩნდა, მასზე გავთხოვდი და ის ჩემი მუსიკოსობის წინააღმდეგ წავიდა, ჯერ ვცემ და მერე გავაგდებ-მეთქი (იცინის).
– ნინო, ჯგუფში ძირითადად შენ წერ სიმღერებსა და ტექსტებს. როგორ წერ სიმღერებს?
ნინო: – აკუსტიკურ გიტარაზე. მერე ეს თემა ჯგუფში მომაქვს და ყველა ერთად ვამუშავებთ. არანჟირებას ყველა ვაკეთებთ.
– ნიჰილისტები თუ ხართ, როგორც ბევრი თინეიჯერი?
სოფო: – არა. ჩვენ თაობის ნორმალური წარმომადგენლები ვართ (იცინის).
– ალბომის გამოშვებას და კლიპის გადაღებას როდის აპირებს „ემბრიონი“?
სოფო: – უახლოეს მომავალში გვინდა კიდევ ერთი სიმღერის ჩაწერა, რომელიც ქართულ ენაზე სრულდება. მასზე კლიპსაც გადავიღებთ. ეს მარტო სურვილი კი არა, უკვე დაგეგმილია. ალბომზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, რადგან თავდაპირველად ხუთიანზე უნდა გაკეთდეს პროგრამა, რომ მსმენელს რჩეული მივაწოდოთ. ამას კიდევ ბევრი მეცადინეობა და მუშაობა სჭირდება. ესტრადაზე ამის გაკეთება უფრო იოლია, რადგან იქ უფრო ფონოგრამებზე მუშაობენ. ცოცხლად კი იშვიათად მღერიან.
– როგორ უყურებთ ჩვენს ქართულ ესტრადას?
სოფო: – არავის არ მინდა ეწყინოს, მაგრამ ჩვენი ესტრადა ძირითადად ძალიან დიდი პოპსაა.
ნინო: – ყველას თავისი გემოვნება აქვს. ზოგს პოპსა მოსწონს, ზოგს – როკი. არ შემიძლია ვთქვა, რომ ესა თუ ის მუსიკოსი ცუდად მღერის, ყველას თავისი საქმე აქვს. ვისაც რა შეუძლია, იმას აკეთებს.
სოფო: – აი, მადონა პოპსაში მაგარია, მაგრამ ის არ მღერის ფონოგრამაზე. ჰოდა, მე იმის თქმა მინდა, რომ ფონოგრამა მაინც კომპიუტერულია. ასეთ მუსიკაში შენ ვერ დაინახავ, რას წარმოადგენს შემსრულებელი. არ იგრძნობა მისი სცენაზე მუშაობა. უბრალოდ, ის დგას, ზურგიდან მინუს ფონოგრამა მოდის და მღერის თავისთვის. შესაძლოა პლიუსითაც მღეროდეს, უაზროდ პირს აღებდეს და მორჩა. ადამიანი როდესაც რაღაცას ქმნის, ეს მისი ხელით შექმნილი უნდა იყოს. ნაყიდი და ნაშოვნი მუსიკა ჩემთვის მიუღებელია.
ნინო: – სცენაზე უნდა იმღერო და შეასრულო ის, რასაც გრძნობ. სხვა კომპოზიტორი და პოეტი ვერ დაწერს იმას, რასაც შენ გრძნობ.
– საინტერესოა, რატომ აირჩიეს ქართველმა პატარა გოგონებმა ხმაურიანი მუსიკის ფორმა?
სოფო: – ეს, ალბათ, ხასიათებიდან და მისწრაფებებიდან გამომდინარეა. პატარა ქართველ გოგონებს, ალბათ, ასეთი ხასიათი გვაქვს (იცინის). მე, მაგალითად, თავს მაბეზრებს, სასწაულად მაღიზიანებს ერთფეროვანი ცხოვრება. კიდევ არ მომწონს, ყველაფერი 100%-ით რომაა გათვლილი. აი, ვთქვათ საფრანგეთში არქიტექტურა ძალიან ლამაზია, მაგრამ მე იქ დიდხანს ვერ გავჩერდები, რადგან ყველაფერი მილიმეტრებშია გათვლილი. ასეთი ცხოვრება მე არ მჭირდება. მომწონს უფრო რისკიანი, თავისუფალი ცხოვრება.
– ანუ დღევანდელი დღით ცხოვრება, არა?
![]() |
| ნინო და მაკა |
– რას უსურვებთ საკუთარ ჯგუფს და თანატოლებს?
სოფო: – საკუთარ ჯგუფს, პირველ რიგში, ვუსურვებ, რომ ჩვენი ბირთვი სულ შეკრული ყოფილიყოს. უმეტესი ჯგუფები სწორედ არამტკიცე ბირთვის გამო იშლებიან.
ნინო: – თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს ჯგუფს მტკიცე ბირთვი აქვს. იყო მომენტები, როდესაც გარეშე ადამიანები ცდილობდნენ ჩვენი ჯგუფის დაშლას, მაგრამ ჩვენ ძლიერად ვდგავართ.
სოფო: – ჩვენი განვითარება თითქმის ერთი დონისაა. ხდება ხოლმე, რომ ერთდროულად მოგვდის ერთი და იგივე იდეები, ერთდროულად ვაცემინებთ, ვლაპარაკობთ და ა.შ. თინეიჯერებს, ხალხს, მსმენელს, ვინც არ უნდა იყოს ის – „ჩინელი თუ ინდოელი“, ყველას ვუსურვებ, იყოს თავისუფალი და... უფრო ხშირად გამოსულიყვნენ პარკში, ბუნების წიაღში.
გამოქვეყნდა 2001 წლის 7 მარტს, ჟურნალ „ვარსკვლავებში“





No comments:
Post a Comment