15 მარტს თეატრალურ სარდაფში გაიმართა აკა მორჩილაძის ახალი დეტექტიური წიგნის, „აგვისტოს პასიანსის“ პრეზენტაცია. ლიტერატურული საღამო ტრადიციულად 17 საათზე დაიწყო და იგი დათო ტურაშვილმა გახსნა, რომელიც მიესალმა იქ მისულ ლიტერატურის ახალგაზრდა მოყვარულებს და მათ აუწყა, რომ აკა მორჩილაძე, სამწუხაროდ, გრიპით იყო ავად, მაღალი სიცხე ჰქონდა, ამიტომ პრეზენტაციაზე მოსვლა ვერ მოახერხა. შემდეგ კი სცენა აღნიშნული წიგნის გამომცემელს, ბაკურ სულაკაურს დაეთმო, რომელმაც შესავალ სიტყვაში აკა მორჩილაძეს, როგორც მწერალს ხოტბა შეასხა და აღნიშნა, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, აქვე იყიდოთ ეს წიგნიო.
საგანგებოდ გამოტანილ მაგიდაზე მკითხველს შეეძლო შეეძინა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში“ დაბეჭდილი წიგნები. მათ შორის აკა მორჩილაძის „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“, „გადაფრენა მადათოვზე და უკან“ და, რა თქმა უნდა, 2001 წლით დათარიღებული მწერლის „აგვისტოს პასიანსი“, ანუ სანთლის შუქზე საკითხავი ბულვარული რომანი. წიგნი 190 გვერდიანია, მომცრო ზომისაა, მისი დიზაინერია ირაკლი ვარვარიძე და რედაქტორია ლოლა ქადაგიშვილი. ბაკურ სულაკაურმა თქვა, რომ ეს პირველი ქართული რომანია, რომელსაც რეკლამა ტელევიზიით გაუკეთდა. წიგნი გარდა მაღაზიებისა, გაიყიდება საგაზეთო ჯიხურებშიც. ივნისში კი დაგეგმილია აკა მორჩილაძის ახალი ნაწარმოების, „გაქრები მადათოვზე“ პრეზენტაცია, რომელიც რომანის, „გადაფრენა მადათოვზე და უკან“ გაგრძელებაა.
ბაკურ სულაკაურმა ისაუბრა მისი გამომცემლობის სხვა გეგმებზეც. უახლოეს მომავალში დაიბეჭდება დათო ტურაშვილის ახალი წიგნი „ტიბეტი არ არის შორს“. ეს გამომცემლობა მხატვრულ ლიტერატურაში დღემდე მხოლოდ ქართულ თანამედროვე პროზას ბეჭდავდა, მომავალში კი თარგმანების გამოცემასაც აპირებს. თუმცა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ მხოლოდ მხატვრული ლიტერატურით არაა შემოფარგლული. იგი ბეჭდავს წიგნებს ბავშვებისთვის, ენციკლოპედიებს, სამედიცინო და კომპიუტერულ სახელმძღვანელოებს.
წელს, 14 ივნისიდან ფილარმონიაში, პირველად ამიერკავკასიაში, უცხოურ გამომცემლებთან ერთად გაიმართება წიგნების გრანდიოზული ფესტივალი, ანუ „წიგნის ბაზრობა“. გამომცემლობა მალე გამოუშვებს ლიტერატურულ ალმანახს, „ფორუმი“, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოვა. ბაკურ სულაკაურმა განაცხადა, რომ თითქმის ყველა წიგნი მისი გამომცემლობის ხარჯით გამოდის და იგი ცდილობს, მწერალმა კარგი ჰონორარი მიიღოს, რათა ამ ჰონორარით მან იარსებოს და ახალ ნაწარმოებებზე იმუშაოს.
დათო ტურაშვილმა დამსწრე საზოგადოებას აცნობა ზაალ სამადაშვილის იდეა, რომ აკა მორჩილაძის ბიუსტი თუნდაც მრგვალ ბაღში დაიდგას, რათა სიცოცხლეშივე ვცეთ პატივი ამ შესანიშნავ ახალგაზრდა მწერალსო. ამას ხუმრობაში ნუ ჩამოგვართმევთ, რადგან აკა მორჩილაძემ თავისი დიდებული ნაწარმოებებით ეს უკვე დაიმსახურაო. ამ წინადადებას მკითხველები ტაშით შეეგებნენ. მომავალ ხუთშაბათს დაგეგმილია შეხვედრა მწერალ ლაშა ბუღაძესთან.
გამოქვეყნდა 2001 წლის 17 მარტს, ჟურნალ „ვარსკვლავებში“

No comments:
Post a Comment