მხატვარ-დიზაინერსა და მუსიკოს დათო მაჭავარიანს ყველა იცნობს, როგორც კაკადუს. ეს ნიჭიერი დრამერი ბევრ ჯგუფში უკრავდა. დღეს იგი ჟურნალ „დიALOგში“ მუშაობს, ხატავს კომიქსებს, უკრავს ჯგუფ „ენერგორესურსში“ და, ამავე დროს, წერს საკუთარ ელექტრონულ მუსიკასაც.
* * *
დათო მაჭავარიანი: – დავიბადე თბილისში 1976 წლის 21 დეკემბერს, პირდაპირ სტალინის დაბადების დღეს გავარტყი. სკოლა ძლივს დავამთავრე, რადგან ბევრი მისწრაფება მქონდა, ძირითადად სულ ვხატავდი. სკოლის დამთავრებისთანავე ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში და მე-2 კურსზე დავიწყე დაკვრა. პროფესიით მხატვარ-მულტიპლიკატორი ვარ.
საკმაოდ მუსიკალური ოჯახი და სანათესაო მყავს. დასარტყამები შემთხვევით შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. პირველად ის დათო სულაბერიძესთან ვნახე, მეორეჯერ – ანსამბლ „ორერას“ კონცერტის დროს ანტრაქტზე. „ორერაში“ დასარტყამებზე ჩემი ნათესავი უკრავდა, რომელსაც „დოდიკას“ ეძახდნენ. არც ერთ ამ შემთხვევისას მე ინსტრუმენტთან არ დავმჯდარვარ. მერე კი უკვე მოზრდილ ასაკში, როდესაც ქუჩებში სეირნობა დავიწყე და ნელ-ნელა საკუთარ ცხოვრებას ვაწყობდი, ბევრი საინტერესო პიროვნება გავიცანი. მათ შორის იყო მარგო (დათო მარგიანი), რომელიც ადრე დიმა დადიანის ჯგუფ „ვალსში“ მღეროდა. მათ რეპეტიციებზე 15 წლის ასაკში მივედი და იქიდან დასარტყამები სახლში გამომატანეს, – დაკვრა ისწავლეო.
ამ დროს აკადემიაში ჩასაბარებლად ხატვის ჯგუფში ვემზადებოდი. აქ გავიცანი გოგიტა ფარესიშვილი და ჩვენ, ჩემს ძმაკაცთან გიორგი ჩხეიძესთან ერთად გავაკეთეთ პირველი ჯგუფი Out Of Need, ანუ „საჭიროების გარეშე“. უკვე მეორე რეპეტიციის შემდეგ ფილარმონიაში კონცერტზე სხვა ჯგუფებთან ერთად გავედით. მერე გოგიტამ გადაწყვიტა, ცალკე ემღერა და წავიდა Mother Of Mondays-ში.
– კაკადუ, კიდევ რა ჯგუფებში უკრავდი, მახსოვს, იყავი „ენერგორესურსში“?
– მაგ ჯგუფში სწორედ მე და მარგო ვიყავით, აგრეთვე იყვნენ ლევან სვანიძე, კირპიჩა (სანდრო კაპანაძე) და დათო თოიძე. ეს ჯგუფი კარგა ხნით გაჩერებული იყო, მაგრამ დღეს უკვე გვინდა აღვადგინოთ, დავიმატეთ ძალიან საინტერესო პიროვნება და მომღერალი, რომელსაც ჰქვია მაკა. ბევრ ჯგუფში ვიყავი, ყველას ვერ ჩამოვთვლი. ზოგჯერ მე და ჩვენი ბასისტი ლევანი კონცერტებზე ხანდახან 8 საათის განმავლობაში ვუკრავდით, ჩვენს ირგვლივ კი ჯგუფები იცვლებოდნენ.
ვუკრავდი ირაკლი ჩარკვიანთან. კოტე ყუბანეიშვილი იქ გავიცანი. კოტემ მერე ნიაზ დიასამიძე გამაცნო და ვუკრავდი „33ა“-შიც. მერე რაღაც სისულელეები გავაკეთე და ამ ჯგუფიდან წამოვედი. ამის შემდეგ ჩემი მუსიკალური მზე მცირე ხნით ჩაესვენა.
– კაკადუ, უკვე მომასმენინე შენი ელექტრონული მუსიკა. ეს გართობაა თუ სერიოზულად მუშაობ?
– უფრო გართობა შეიძლება დავარქვათ. ამას ვაკეთებ, როცა ხატვისგან ვიღლები. მომწონს ასეთი მუსიკა. დროის განმსაზღვრელი მოვლენაა, მაგრამ მე დრამ-ენ-ბეისი უფრო მიყვარს.
მამუკა ბერიკასა და ნიკა წერეთლის მუსიკალურ პროექტში „ანიდან ჰოემდე“, დასარტყამების პროგრამირებაზე ვიმუშავე. მე და ნიკა ერთ კორპუსში ვცხოვრობთ. ბავშვობიდან ვმეგობრობთ და ხშირად მინუს მეორე სართულზე მის სტუდიაში ჩავდივარ. ადრე მასთან რეპეტიციებიც გვქონდა, მაგრამ მეზობლები შევაწუხეთ და წავედით. ნიკა როცა რამეს გააკეთებს, მასმენინებს და აზრს მეკითხება ხოლმე. მეც ანალოგიურად ჩემს ნახატებსა და მუსიკაზე ვეკითხები, თუ რას ფიქრობს მათზე. ზოგჯერ ვეუბნები ხოლმე – აქ დასარტყამებს რაღაც ნიუანსების დამატება სჭირდება-მეთქი და ვამატებ. ნიკამ ახლა გამოთქვა სურვილი, დაუკრას „ენერგორესურსში“. ნორმალური სურვილია, რადგან კარგი კაცია. არ არის ცუდი (იცინის).
– კომიქსების გარდა, კიდევ რას ხატავ?
– მათი სცენარი შენია თუ ვინმე წერს?
– მირჩევნია, სხვა წერდეს, რადგან სცენარის მოფიქრებაზე აღარ დავიხარჯები. კომიქსების ხატვა ძალიან რთული პროცესია. ჯერ იდეა უნდა მოვიდეს, მოიფიქრო სცენარი, რომელიც უნდა დაალაგო მთავარი იდეის მიხედვით. ჩანახატები უნდა გააკეთო ჯერ ფანქრით, მერე ტუშით. ბოლოს უნდა გააფერადო და ტექსტი დაადო. აი, უკვე მესამე თვეა ჟურნალისთვის 6-გვერდიან კომიქსს ვაკეთებ, რომელიც, ჩემი აზრით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული ნამუშევარია. ის მთლიანად ჩემია.
– კაკადუ, თუ აპირებ საკუთარი კომიქსების კრებულის გამოცემას?
– კი ვაპირებ, მაგრამ საქართველოში ჯერ არ არსებობს მისი ბაზარი, პრინციპში არც კულტურა. ამ სფეროში პიონერი ვარ და მინდა საქართველოს კომიქსი ჰქონდეს. საქართველოს უნდა თუ არა, არავინ ეკითხება, რადგან უნდა იყოს. დღეს ერთი დაიბეჭდება, ხვალ – მეორე და ა.შ. მერე ალბათ ვინმე დაინტერესდება, მასზე პატარა ბავშვი გაიზრდება, მოეწონება ან არ მოეწონება. საერთოდ, ეს კულტურა ბავშვებზე უნდა აღმოცენდეს, თორემ მე არ მაქვს შესაძლებლობა, ჩემი თავი კომიქსებისათვის გადავდო და ვიძახო, რომ აქ კომიქსების მამა ვარ. ეს არ შემიძლია, რადგან ბევრად საუკეთესო ადგილებია, სადაც ეს კულტურა არსებობს და იქ უფრო მინდა საკუთარი თავის რეალიზება. წასვლას ვაპირებ. მაგრამ არა მთელი ცხოვრებით. დიდი სურვილი მაქვს, ყველაზე მაგარ უნივერსიტეტში ვისწავლო. მჯერა, რომ, ღვთის ნებით, ყველაფერი ისე გამოვა, როგორც მე ვფიქრობ. მთავარია, ბევრი იმუშაო და აგინაზღაურდება. ენერგია არ იკარგება.
– საერთოდ ცოცხალი ჯგუფები ამ ბოლო დროს რატომღაც ამოიხოცნენ და თუკი ისინი რაღაცას აკეთებენ, ჩემამდე ეს არ მოდის. ბოლო ცოცხალი ჯგუფი, რომელიც ძალიან მომეწონა, არის გერმანული Raise The Roof!, რომელიც საერთოდ უცნობია. ისინი არ არიან რაღაც ღმერთები, უბრალოდ იციან დაკვრა და აქვთ გემოვნება. ასრულებენ ფანკს. ცოცხლად დაკრული ფანკი მომწონს. ასეთ მუსიკაში კომპიუტერული მცდელობები არ მსიამოვნებს. საერთოდ კი კომპიუტერული მუსიკა მომწონს, მაგრამ არა პოპსა. გუშინწინ ჩემმა მეგობარმა გოგიტამ მათხოვა Tricky-ს 1996 წლის ჩანაწერი, რომელიც სულ მსურდა მქონოდა. ამ ალბომიდან მანამდე ვუსმენდი თრიკისა და ბიორკის „იოგას“, რომლის მოსმენისას გავდიოდი, მაგრამ ეს არაა მედიტაცია, მასში ნირვანას რაღაც ნაჭერია მორთმეული. ბოლო სამი დღეა, სულ თრიქის ვუსმენ და ალბათ, სანამ გული არ ამერევა, მანამ მოვუსმენ. კიდევ Underworld მომწონს...
– ქართული როკის ფენომენი თუ არსებობს?
– რამდენად ქართულია ის თუ არაქართული, მე არ ვილაპარაკებ. მაგრამ ქართველები როკს უკრავენ.
– რომელი ქართული ჯგუფები მოგწონს?
– დავიწყებ იმ ჯგუფებით, რომლებშიც ვუკრავდი. ანუ ირაკლი ჩარკვიანი, „33ა“, ბაკურ ბურდული (თუმცა მასთან კარგად ვერ გავერთე). Afternoon Version ძალიან კარგი ჯგუფია, აგრეთვე Insight ძალიან მაგარია. ადრე, როდესაც დასარტყამების ჯოხებს სკამის ფეხებიდან და ტოტებიდან ვთლიდი, ვიცოდი, ვინ მომწონდა და ვინ – არა. როდესაც ვხატავ ან ვუკრავ, იმ დროს არ ვიცი, რას ვაკეთებ, მაგრამ მომწონს პროცესი. ვინც ადრე პატიოსნად უკრავდა, დღესაც კარგები არიან.
– კაკადუ, თუ არიან ისეთი შემსრულებლები, რომლებიც წარმატებით გავლენ საზღვარგარეთ? ვინ არის ქართული მოვლენა?
– იგივე „33ა“, ირაკლი ჩარკვიანი, Insight კარგად გავლენ. ქართული მოვლენაა ნანი ბრეგვაძე. იმ მუსიკის უმეტესობას, რაც დღეს იკვრება, აქედან ვერ გაიტან, რადგან საზღვარგარეთ ბევრი მსგავსი კეთდება. ესენი მათ ბაძავენ, თინეიჯერების უმრავლესობის მოსაწონ მუსიკას ვგულისხმობ.
– რატომ გეძახიან თუთიყუშის სახელს?
– მაგარი კითხვაა. ადრე შემარქვეს, რადგან მათ ვხატავდი და თან ადამიანებს ვბაძავდი.
– ოჯახში თუ გიგებენ, ესმით შენი?
– თავიდან ვერ მიგებდნენ. მერე დაწყნარდნენ. ბავშვობისას პატარა დრამი და ორი 200-ვატიანი დინამიკი მქონდა. მუსიკის ხმას ბოლომდე ვუწევდი. ჩემი ინსტრუმენტის ხმა მუსიკის ფონზე არ მესმოდა. ერთხელაც მეზობელი ნაჯახით ჩამომივარდა, მეორე კი მოსკოვში გაიქცა. მეზობლებს ძალიან ვაწუხებდი. მართლაც დიდი მადლობა დედაჩემს და მამაჩემს, რადგან მოთმინებით მეპყრობოდნენ. კი მეუბნებოდნენ, რომ ხატე, სად დადიხარო, მაგრამ დასარტყამებთან ჯდომაც ძალიან მიყვარდა.
– როგორ მოხვდი ჟურნალ „დიALOგში“?
– აქ მიმიყვანა გიგა ხატიაშვილმა, რომელიც საქართველოში უძლიერესი დიზაინერია. ახლა ერთად ვსხედვართ და რაღაცებს ვაკეთებთ. ჩვენთან ერთად არიან რეჟისორი და ფოტოგრაფი გია ფაილოძე და კოტე ყუბანეიშვილი, რომელიც რაღაცებს იგონებს. ჩვენ ოჯახივით ვართ, მართლაც კარგ ხალხში ვარ და ასწორებს.
– არა, ყველაფერი კარგადაა.
– შეგიძლია თქვა, რომ თავისუფლად ცხოვრობ?
– ბილ გეითსთან შედარებით ძალიან თავისუფლად ვცხოვრობ, რადგან მას თავისუფალი დრო არ რჩება. მე მაგრად არ მინდა, ასე იყოს. სულ რომ რაღაც ვაკეთო, დავიცლები. რაც უფრო დიდხანს ვაკეთებ რამეს, მეტი თავისუფალი დრო მჭირდება, რაც ადამიანის შემოქმედებას ამოძრავებს. ცოტა სიზარმაცეც კარგია, მაგრამ არ ვეთანხმები გამოთქმას „ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“. სიზარმაცე არასოდეს შველის ვინმეს, მაგრამ ყველაფერი შეფარდებითია. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. ზომიერება კარგი რამაა.
– კაკადუ, რას უსურვებ შენს თანატოლებს და ჟურნალ „ვარსკვლავებს“?
– არ ვიცი. მინდა მიხვდნენ, სად ცხოვრობენ და დაინახონ, რომ აქ არაფერი ხდება. 2060 წელი კი, დღევანდელთან შედარებით, შესაძლოა უფრო დიდი კოშმარი იყოს. არაფერი გამოვა იმ ქვეყანაში, რომელიც არც ევროპაა, არც აზია, არც რაიმე სხვა. ქვეყანამ საკუთარ თავს უნდა მოუაროს.
ყველამ საკუთარი საქმე აკეთოს და მიხვდეს, რომ საყვარელი საქმე და საყვარელი ქალი ყველაზე ნაღდი რამაა. წუწუნი არ არის კარგი. მეტი რაღა უნდა ვთქვა? საკუთარი თავი ეპოვნოთ-მეთქი, – რომ ვთქვა, არ ვიქნები მართალი, რადგან ჯერ მე თვითონ არ ვიცი, ვინ ვარ და საერთოდ, თუ ვარ. ეძებონ და სწორად იცხოვრონ.
გამოქვეყნდა 2001 წლის 14 მარტს, ჟურნალ „ვარსკვლავებში“





No comments:
Post a Comment