ჯგუფი „გოგლი-მოგლის“ შემადგენლობა ქართულ სცენაზე 1994 წლიდან უცვლელია. თუმცა, აღნიშნული სახელი კვინტეტმა სულ ახლახან დაირქვა. ბოიბენდი შეიქმნა ქუთაისში და მისი შემადგენლობაა: რეზო ჯავახიშვილი, ვალერი და კახა ქუთათელაძეები, ლაშა დოღონაძე და ერეკლე დიდია. „გოგლი-მოგლის“ მენეჯერია სულხან გოგალაშვილი. თავდაპირველად ბიჭები მღეროდნენ არაკომერციულ, ანტიფონოგრამულ სოულს. ასრულებდნენ და ასრულებენ ხუთხმოვან კლასიკური ფორმის სიმღერებს, აკაპელებს და პოპ-კომპოზიციებს. 1996 წლის მაისში მონაწილეობა მიიღეს იუნესკოს ეგიდით მოწყობილ ქუთაისის დღეებში, რომელიც პარიზში ჩატარდა. შემდეგ გამოვიდნენ ფესტივალზე „მარგარიტა 96“. ამჯერად ჯგუფი თბილისშია. ბიჭები იწერებიან და მუშაობენ სტუდია „გამაში“, სადაც შედგა კიდეც ჩვენი საუბარი.
* * *
რეზო ჯავახიშვილი: – მიუხედავად იმისა, რომ არსებობის პირველ წლებში ჩვენ ვმღეროდით სიმღერებს, რომლებიც არ იყო გათვლილი ფართო მასებისთვის, საკუთარ თავთან ვიყავით მართლები და მუსიკოსები კარგად გვიცნობდნენ. მხოლოდ სალონურ წრეებში გვიხდებოდა გამოსვლა როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ამიტომ ამ წლებს დაკარგულად ვთვლით. ახლა ჩვენი კონცეფცია შევცვალეთ. შესაძლოა, საკუთარ თავს ვღალატობ, რადგან სხვანაირი გემოვნება მაქვს. დღეს შოუბიზნესს, რომელიც ახლა იდგამს ფეხს, მოთხოვნა აქვს, რომ მუსიკა ძირითადად უნდა იყოს საცეკვაო. ჩვენ, ბევრისგან განსხვავებით, არ ვაკეთებთ იაფფასიან სიმღერებს. ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა ხარისხიანი კომპოზიციებია, რომელთა ჟღერადობა სხვებისგან უნდა განსხვავებოდეს.
– რატომ დაირქვით „გოგლი-მოგლი“?
სულხან გოგოლაშვილი: – 27 დეკემბერს ჩვენ წარგვადგინეს პირველი სიმღერით რადიო „ფორტუნა პლუსში“. მაშინ ახალი სახელი არ გვქონდა და მსმენელს ვთხოვეთ დახმარება მის შერჩევაში. უამრავი წინადადება შემოვიდა, მაგრამ არ მოგვეწონა. იდეაში გვქონდა „გოგლი-მოგლი“, რომელიც ლაშას უნდოდა და ბიჭებსაც მოსწონდათ, მაგრამ თავს ვიკავებდით. მერე მამუკა ბერიკამ მოგვცა სტიმული, კარგი სახელიაო. მე მგონი, მართლაც ორიგინალური სახელია. „გოგლი-მოგლი“ თავის სიტყვას უკვე ამბობს და იტყვის კიდეც.
გადასარევი გადაცემაა „მუსიკალური ოქტაგონი“, სადაც ნათლად ჩანს, რომ მომღერლების 70%-ს არ უნდა მღეროდეს. ჩვენ ხარისხის პრეტენზია გვაქვს, გვინდა სახელი და მალე მსმენელი ამაში დარწმუნდება.
რეზო: – მოხდა რეინკარნაცია და „გოგლი-მოგლის“ სახით ჩვენ ხელმეორედ დავიბადეთ.
– რატომ მიატოვეთ მშობლიური ქალაქი და გადმოხვედით დედაქალაქში?
სულხანი: – ჩვენ ზოგიერთებივით არ ვმალავთ, რომ არა ვართ თბილისელები. ჩვენ ქუთაისელები ვართ. ადრე რომან რცხილაძემ მითხრა, რომ ქუთაისიდან ნებისმიერ სფეროში დიდი ძალა და ენერგია მოდისო. სამწუხაროდ, დღეს ქუთაისში არ არის საქმე ისე აწყობილი, რომ ჩვენთვის მიეხედათ. ჩემი და ჩვენი მეგობრების წყალობით ბიჭები ჩამოვიდნენ თბილისში, თორემ ქუთაისი არ მიგვიტოვებია. ჩვენ პირველი სოლო, ცოცხალი კონცერტი ამ ქალაქში გვექნება. ჩვენი ყოველი სიახლე მიეძღვნება ქუთაისს.
რეზო: – ბევრი აღნიშნავს, რომ ქუთაისი სუფთა ქართული ქალაქია. იქ მუსიკაში არასდროს იგრძნობოდა აღმოსავლური, აშუღური მუსიკისა და ბაიათების გავლენა. ცნობილია, რომ მრავალხმიანი ქართული, ქალაქური სიმღერის და გიტარის კულტურამ ამ ქალაქში მიიღო საბოლოო სახე.
ლაშა დოღონაძე: – სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჯგუფი თბილისში პოპულარობის მოხვეჭამდე მალავს თავის წარმომავლობას და რატომღაც სამარცხვინოდ მიაჩნია.
– სიმღერებს და ტექსტებს ვინ წერს თქვენთან?
ლაშა: – სიმღერებს ერეკლე დიდია წერს და მერე შესწორება ყველას შეგვაქვს. ტექსტების უმრავლესობას ნინო მიქაძე წერს. სიმღერის „ისევ მოვდივარ“ ტექსტი შონზომ დაგვიწერა, ხოლო მეორე სიმღერის, „ნუ კოცნი მას“ ტექსტი ნინოს ეკუთვნის. სხვისი სიმღერების შესრულებისგან თავს ვიკავებთ.
კახა ქუთათელაძე: – ჩვენ იმდენი სიმღერა გვაქვს, პირიქით, შეგვიძლია სხვასაც მივცეთ (იცინის) და ზოგიერთ შემსრულებელს ვაჩუქეთ კიდეც.
– რომელი შემსრულებლები მოგწონთ?
ვალერი ქუთათელაძე: – ძალიან მოგვწონს Take Six, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, მასებში არ არის ცნობილი.
ლაშა: – ყველა მომღერალი იცნობს მას. ისე კი, ჩვენ Boyz II Men-ზე გავიზარდეთ. მომღერლებიდან ბრაიან მაკნაიტი, სტინვ უანდერი მოგვწონს და სხვები.
რეზო: – ქართველებიდან მერაბ სეფაშვილი მოგვწონს, ქალებიდან – მაია ბარათაშვილი, რომელსაც აქვს ხმა, კულტურა. იგი მღერის ჯაზს და, სამწუხაროდ, გამოკვეთილად არ ჩანს. „ფლეშის“ ბიჭები ჩვენი მეგობრები არიან. „აუტსაიდერს“ დიდ პატივს ვცემთ. ჩვენ ისეთი შემსრულებლები მოგვწონს, რომელთაც საკუთარი ხელწერა აქვთ და არიან თვითმყოფადები.
რეზო: – ძალიან მძიმე მუსიკას მართლა ვერ „ვხარშავთ“. დანარჩენი, რაც ხარისხიანია, ყველაფერი მოგვწონს.
– როგორ მიაგენით თქვენს მენეჯერს – სულხანს?
სულხანი: – მე მივაგენი ამათ (იცინის).
რეზო: – მოიცა, კარგს არაფერს ვიტყვი (ყველა იცინის). ჩვენს ქვეყანაში ჯერ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული მენეჯერისა და პროდიუსერის ფუნქციები. უბრალოდ, ამ ცნებების კულტურა ჩვენთან არ არსებობდა. ჩვენ გვყავს მენეჯერი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ჩვენი დიდი მეგობარია.
ლაშა: – სულხანს 1992 წლიდან ვიცნობთ. ის მსახიობია. მერე თბილისში წამოვიდა და როცა აქ ჩამოვდიოდით, სულ ვნახულობდით ხოლმე. სულხანისა და ჩვენი სურვილების საფუძველზე ჯგუფი აქ ჩამოვიდა. პირველ რიგში, ის ჩვენი მეგობარია.
– მუსიკალური ორიენტაციის შეცვლას თუ აპირებთ?
ლაშა: – არ იქნება მართალი, თუ ვიტყვით, რომ ჩვენ მხოლოდ მსმენელის მოთხოვნილებებს ვაკმაყოფილებთ. ჩვენ მოგვწონს, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ისიც მართალია, რომ ჩვენი სული მეტს ითხოვს.
ერეკლე: – უბრალოდ, ამ ფორმით შესაძლებელია, უფრო ადვილად მოიპოვო პოპულარობა.
ლაშა: – თუნდაც მძიმე როკის ჯგუფებსაც კი აქვთ მსუბუქი სიმღერები. ჩვენთვის მძიმეა და სერიოზული ხუთხმოვანება, აკაპელა, რომელიც ძალიან გვიყვარს.
კახა: – ჩვენს ჯგუფს ამიტომაც ჰქვია „გოგლი-მოგლი“, რასაც გული გვიკარნახებს, იმას ვაკეთებთ, ცოტას ავთქვიფავთ კიდეც.
რეზო: – ეს ორი სიმღერა სუფთა პოპია. შემდეგ მოხდება სინთეზი, გავაკეთებთ ექსპერიმენტებს.
ლაშა: – გააჩნია, რა აპარატურა დგას. რა თქმა უნდა, გვირჩევნია ცოცხლად სიმღერა, როდესაც მეტად იხარჯები, გაქვს იმპროვიზაციის საშუალება. მაგრამ თუ წინა გამომსვლელი პლიუსით მღერის და შენ ცოცხლად უნდა გამოხვიდე, ცუდად გამოჩნდება ნამღერი.
ერეკლე: – ამ შემთხვევაში ყველამ ცოცხლად უნდა იმღეროს.
– თქვენი აზრით, ქართულ ბოიბენდებში რატომაა ზანგური სოული უფრო პოპულარული, ვიდრე თეთრი ანალოგიური ჯგუფების მუსიკა?
ლაშა: – მიმაჩნია, რომ საქართველოში სოულს ვერავინ მღერის. ჩვენ სისხლში გვაქვს მრავალხმიანობა, იმპროვიზაცია და ამას ზოგიერთები რატომღაც სოულს ეძახიან.
რეზო: – ქართული და ზანგური სასიმღერო კულტურა მრავალხმიანობით ჰგავს ერთმანეთს. სოული სასულიერო მუსიკაა, რომელიც იგივე Take Six-ს გადააქვს ჯაზში და ამით ის საკუთარ კულტურას აცნობს მსმენელს. ჩვენთან ეს ასე არ ხდება.
კახა: – თუმცა ჩვენ გვაქვს ორი სიმღერა, რომელიც თანდათანობით ხალხურში გადადის.
ერეკლე: – ჩვენ რასაც ვმღერით, არ უნდა ჩაითვალოს ზანგურ მუსიკად.
კახა: – ეს უფრო პოპსაა.
რეზო: – ადრე ჩვენში მწირი ინფორმაცია შემოდიოდა, ახლა უხვად შემოდის. დღეს ქართულ სცენაზე საშინელი პლაგიატი იგრძნობა. ეს დანაშაულია. როგორ შეიძლება მთელი სიმღერა გადმოაქართულო. აქ სტუდია „მაესტროს“ პროექტ „ნოსტალგიას“ არ ვგულისხმობ.
– მე ამას პლაგიატს კი არა, ქურდობასა და ყაჩაღობას ვუწოდებ...
ვალერი: – ჰო, ისინი მომპარავები არიან (ყველა იცინის).
რეზო: – ამას ყურადღება თინეიჯერებმაც უნდა მიაქციონ, თუ ვის სიმღერას უსმენენ. უნდა არსებობდეს რაღაც საავტორო უფლებების ორგანიზაცია, რომელიც ამას გააკონტროლებს.
– სულხან, რა გეგმები გაქვთ ახლო მომავალში?
სულხანი: – უნდა ჩაიწეროს ალბომი. ბევრი შემოთავაზებაა დუეტების ჩაწერაზე, მაგრამ ჯერ საკუთარი უნდა შევქმნათ. გვინდა სოლო, ცოცხალი კონცერტების მოწყობა. მალე დავიწყებთ კლიპზე მუშაობას. არის უცხოეთში გასვლის გეგმებიც. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ საქართველოს პირობებში საკმაო ამბიციები გაგვაჩნია.
ლაშა: – Можно передать привет (იცინის)? მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ჩვენს არანჟირებებს აკეთებს ზურა მახნიაშვილი. ხმის დამუშავება და მასტერინგი ეკუთვნის ჩვენს კახასა და კობა კვაჭაძეს. ზურა და კობა განსაკუთრებით გვეხმარებიან.
ლაშა: – გისურვებთ ყოფილიყავით დიდხანს. გაგეძლოთ საქართველოსთვის და ისევე გეწეროთ სიმართლე, როგორც დღემდე წერდით.
რეზო: – უფრო საინტერესო იქნება, საკამათო თემები რომ არსებობდეს, რომ ცალსახად არ გაშუქდეს რაიმე. აგრეთვე, ჟურნალის „გასუქებას“ გისურვებთ.
სულხანი: – დარწმუნებული ვარ, რომ რედაქტორს უნდა, დასავლური ჟურნალების ხარისხს მიაღწიოს ფურცლით დაწყებული, პოლიგრაფიით დამთავრებული. ქართულ შოუბიზნესში „ვარსკვლავები“ ლიდერია.
გამოქვეყნდა 2001 წლის 31 მარტს, ჟურნალ „ვარსკვლავებში“





No comments:
Post a Comment