„ვარსკვლავების“ მკითხველი ამჯერად გაეცნობა ალტერნატიულ ჯგუფს, „ნეგატივი“, რომლის დღევანდელი შემადგენლობაა: სანდრო მაზიაშვილი (ვოკალი, რიტმ-გიტარა), გიორგი მეცხვარიშვილი (ბას-გიტარა) და სანდრო ჟღენტი (დასარტყამები). ამ ახალგაზრდა ჯგუფს საზოგადოება ჯერჯერობით კარგად არ იცნობს. ჩვენ გავესაუბრეთ ჯგუფ „ნეგატივის“ ფრონტმენს, სანდრო მაზიაშვილს.
* * *
სანდრო მაზიაშვილი: – 1997 წელს გავიცანი თომა რაზმაძე, რომელსაც ჰყავდა ჯგუფი „ნეგატივი“. ის კარგ მუსიკას უკრავდა და მეც დავინტერესდი. ჩვენ ერთად დავიწყეთ დაკვრა და ჯგუფი განვაახლეთ. წევრები ხშირად იცვლებოდნენ, მხოლოდ ჩვენ ვიყავით საფუძვლიანად. მერე თომამ ცოლი შეირთო და დავიშალეთ.
2000 წლის სექტემბერში ისევ შეიკრა შემადგენლობა. ამჯერად სამნი ვართ, მაგრამ გვინდა ავიყვანოთ კლავიშისტიც. ბიჭებს სხვა ჯგუფებში დაკვრის გამოცდილება აქვთ. სანდრო ჟღენტი უკრავდა „ორიონში“, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენ არა ვართ პროფესიონალები.
– რომელ მუსიკალურ სტილთა ნაზავს იყენებთ მუსიკაში?
– ჩვენ არა გვაქვს რაღაც გარკვეული სტილი არჩეული. ჩემი სიმღერები ძირითადად ალტერნატიული „გრანჟია“, მაგრამ გვაქვს პოპიც. ჩვენი სიმღერა „ოცნება“ რადიო „საქართველოს ხმაში“ ტრიალებდა. დანარჩენი უფრო მძიმე სიმღერებია. ამისკენ და საერთოდ, დაკვრისკენ ჯგუფმა Nirvana-მ მიბიძგა. ეს ჯგუფი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, საერთოდ არ დავუკრავდი.
– სანდრო, კიდევ რას საქმიანობ?
– პირველ რიგში ვსწავლობ. მუსიკა ამჟამად ჩემთვის მეორეხარისხოვანია. მეგობრებმა რაღაც სარეკლამო სააგენტოს მაგვარი გავხსენით, რომლის საშუალებითაც გვინდა კონცერტები მოვაწყოთ და ა.შ. გვინდა ჩვენი გარკვეული სიტყვა ვთქვათ შოუბიზნესში. აგრეთვე ვმუშაობ რადიო „საქართველოს ხმაში“ აგერ უკვე ერთი თვეა. ვარ მუსიკალური წამყვანი.
– „ნეგატივის“ წევრებს „ნირვანას“ გარდა თუ მოსწონს სხვა ჯგუფები?
– „ნირვანას“ პრიმიტიული მუსიკა თინეიჯერულ პერიოდში, ვინც კი როკს უსმენს, ყველამ გამოიარა. ამჯერად მას ნაკლებად ვუსმენ. ახლა მომწონს ჯგუფი Bush, რომელიც საქართველოში რატომღაც ნაკლებად პოპულარულია. ყველას მოგვწონს „პინკ ფლოიდი“, „ბითლზი“.
– სანდრო, ე.ი. მუსიკა შენთვის უფრო გართობაა თუ ამ მხრივ სერიოზულ მუშაობას აპირებ?
– გართობაა იმიტომ, რომ საქართველოში იკვრება, სადაც არანაირი მუსიკა არ ფასდება. თუნდაც ჯგუფი „ვაკის პარკი“. ამ ჯგუფს ძალიან ვაფასებ და მათი მუსიკა ძალიან მომწონს. საქართველოში მუსიკას ვერ გავყვები, რადგან ვიცი, არაფერი გამოვა. ამიტომ თავს ვიკავებ და ამჟამად ის მხოლოდ ჰობია.
– თუ აპირებთ მომავალში, უცხოელი მსმენელიც დააინტერესოთ?
– ჩვენს წასვლაზე ჯერ არც მიფიქრია, რადგან მიმაჩნია, რომ დასავლეთში ბევრი ჩვენნაირი და ჩვენზე უკეთესი ჯგუფია, ამიტომ, ვფიქრობ, იქ ზედმეტები ვიქნებით. ჯობს, ჩვენი სათქმელი საქართველოში ვთქვათ.
– მაშინ რა არის ჯგუფის მიზანი?
– გვინდა ისეთი მუსიკა დავუკრათ, რომ მსმენელს მოეწონოს და დაამახსოვრდეს. არა გვაქვს დიდი პრეტენზიები. ვუკრავთ ჩვენთვის და მსმენელთა წრეც გვყავს. სიამოვნებით დავუკრავთ მსმენელთა ფართო მასებისთვისაც.
– მუსიკის კომერციალიზაციაზე თუ ფიქრობთ?
– ალბომის გამოსაშვებად გვსურდა მოგვეძებნა პროდიუსერი, რომელიც ჩვენი სიმღერების მოსმენის შემდეგ, თუ საჭიროდ ჩათვლიდა, ალბომად გამოეშვა ისინი. ამისთვის ჩვენ მზად ვიქნებოდით და ვართ ახლაც.
– როდესაც პროდიუსერი ვინმეში ფულს დებს, მის ამოღებაზე ფიქრობს. ამ დროს ჰობი სერიოზულ საქმეში უნდა იქცეს. ამ შემთხვევაში რას იზამთ?
– ასეთ შემთხვევასთან ჯერ საქმე არ გვქონია. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოში ჯგუფი მარტო დაკვრით ფულს ვერ იშოვის.
– რას ფიქრობ საქართველოს შოუბიზნესზე?
– მე მგონი, შოუბიზნესს არაფერი შველის, მაგრამ მუსიკოსები შევეცდებით, რომ მუსიკა არ მოკვდეს და შოუბიზნესმა იცოცხლოს. მინდა გაიხსნას ღამის კლუბები, სადაც კონცერტები გაიმართება. ახლა კონცერტები სადღაც სარდაფებსა და კატაკომბებში ტარდება და არავინ იცის, იქ რას უკრავენ. მინდა, რომ ჯგუფებმა ამ საღამოებზე რაღაც საერთო კარგი შექმნან, როგორც ეს საზღვარგარეთ ხდება. კარგი იქნება, თუ ჯგუფები ხელოვნების გარშემო გავერთიანდებით. ამასწინათ პანკები და მეტალისტები წაკამათდნენ.
– მეტალსაც უსმენ?
– მე უფრო გოთიკური მეტალი, კერძოდ, ჯგუფი „გოლგოთა“ მომწონს. არა ვარ სატანური როკის მომხრე, მაგრამ მეტალში ბევრი ჯგუფი მომწონს. ისე კი ძლიერ აგრესიული მუსიკა თავს მატკივებს.
– რომელი ქართველი როკ-მუსიკოსები მოგწონს?
– „ბერმუხაზე“ ვერაფერს ვიტყვი, რადგან არა ვარ ძველი როკის მოყვარული. თანამედროვეებში მომწონს „ოვერბალანსი“, ირაკლი ჩარკვიანი, ვაფასებ „33ა“-ს. ძალიან მომწონს ახალი ჯგუფი „2000“ და ბათუმური Insight.
– ბევრი ფული თუ იშოვეთ, რაში დახარჯავთ?
– მე და თომამ ადრე ვთქვით, რომ მუსიკაში ნაშოვნი ფულს უსახლკარო ადამიანთა სახლის აშენებაში დავხარჯავდით. ზოგს შესაძლოა ეს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ ჩვენ მართლაც ქველმოქმედებაში გვინდა დავხარჯოთ ის ბევრი ფული.
– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ჩვენს რწმენასთან და ტრადიციებთან?
– ჩვენ ვართ მართლმადიდებლები. ერთხელ ჩვენს რეპეტიციაზე საქადაგებლად იეღოველი შემოვიდა. ჩვენ ის სარეპეტიციოდან გარეთ გავისტუმრეთ. ვცდილობთ, მყარად დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, რომელთა გარეშეც საქართველო არ იქნება საქართველო, რადგან ეს ტრადიციები უნარჩუნებს ჩვენს ქვეყანას სტატუსს.
– თუ მოგწონს რეპი, ტექნო, ელექტრონული პოპი?
– ახლახან მოვუსმინე მაიკლ ოლდფილდს, რომელიც „ნიუ ეიჯის“ სტილში მუშაობს. მისმა მუსიკამ ძალიან მომხიბლა. მყავს მეგობრები, რომლებიც საკუთარ თავს „შავი სამყაროს“ წარმომადგენლებად მიიჩნევენ და რეპს მღერიან. რეპში ვაფასებ 2Pac-ს და მის რამდენიმე სიმღერას.
– პანკი და „გრანჟი“ მოკვდა. ჩემნაირები ცდილობენ, ააღორძინონ, მაგრამ ეს უფრო მიბაძვა გამოდის, რადგან ისინი აღარ გაცოცხლდებიან. ჯობს, ისევ რაღაც ახალი შემოიტანო მუსიკაში.
– რას აპირებს „ნეგატივი“ უახლოეს მომავალში?
– ჩვენ ახლა ვაგროვებთ მასალას და დროებით ვისვენებთ...
– რატომ, ძალიან დაიღალეთ?
– ძალიან დავიღალეთ (იცინის). გვინდა სტილი ოდნავ შევცვალოთ. ზაფხულში დაიწყება კონცერტები, ფესტივალები და ჩვენ, ალბათ, ჩვენს სიტყვას ვიტყვით. შარშან, ნოემბერში „მთვარის კლუბში“ ჩვენ ჩავწერეთ ერთი სიმღერა. ვერ ვიტყვი, რომ სტუდია ცუდია, მაგრამ არ არის ის, რაც მე მინდა. მე-9 არხის სტუდია ძალიან ნორმალურია. ახლა ვაგროვებთ ფინანსებს და ვეძებთ სტუდიას, სადაც ჩავწერ ჩვენს სიმღერებს. ძირითადად გვექნება ცოცხალი დასარტყამები, მაგრამ 1-2 სიმღერას დრამ-მანქანით დავამუშავებთ. უკვე ყველა სტილს მოვედებით.
– როგორ ფიქრობ, საით მიდის თანამედროვე მუსიკა?
– უფრო ფულისკენ. თუნდაც „მეტალიკამ“ თავიდან ძალიან კარგად დაიწყო და ამ ბოლო დროს უფრო მასისთვის მუშაობს. მინდა ჯგუფებს ვთხოვო, იყვნენ საკუთარი სტილის ერთგულები და არ იმუშაონ მარტოოდენ ხალხზე. აი, ჩვენთან „სახემ“ უამრავი თინეიჯერი მოხიბლა და მათ კონცერტებზე ერთი ამბებია ხოლმე. ხოლო შარშანდელ როკ-ფესტივალზე, სადაც ისეთი ჯგუფები იყვნენ ჩამოსულები, როგორებიცაა „ვა-ბანკი“ მოსკოვიდან და „ვობი“ ლონდონიდან, მხოლოდ 100-200 ადამიანი იყო მოსული. მე მგონი, ყველაფერი კომერციისკენ მიდის.
– სანდრო, რას უსურვებ ჩვენი ჟურნალის მკითხველს?
– ახლა უფრო ნაკლები დრო მრჩება, ხოლო შარშან თქვენი ჟურნალის თითქმის ყველა ნომერს ვყიდულობდი ხოლმე. დღესაც, როცა ვახერხებ, სულ ვათვალიერებ „ვარსკვლავებს“, რომელიც ძალიან მომწონს. გისურვებთ, რაც შეიძლება მეტი ქართული ჯგუფი გაგეცნოთ მკითხველისთვის. ამ უკანასკნელთ კი ვთხოვდი, პოპთან ერთად ცოტა როკსაც მოუსმინონ.
გამოქვეყნდა 2001 წლის 28 მარტს, ჟურნალ „ვარსკვლავებში“


No comments:
Post a Comment