Sunday, May 20, 2012

ქართული ალტერნატიული მუსიკის ისტორია (ნაწილი IV)


(1980-იანი წლები)

დასაწყისი: „თბილისი Out“ #17, #18 და #19

როდესაც 1980-იანი წლების ქართულ ალტერნატიულ მუსიკაზე ვიწყებთ საუბარს, პირველ რიგში ევგენი მაჭავარიანის მუსიკალური ტელეგადაცემები უნდა გავიხსენოთ (ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულს „ეს ესტრადაა“ ერქვა). ეს გადაცემები ქართველ მაყურებელს მისთვის აკრძალულ დასავლურ მუსიკალურ სამყაროში უწევდა მეგზურობას.

BB King და ევგენი მაჭავარიანი - თბილისი, 1979წ.
80-იანები შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ: ათწლეულის პირველ ნახევარი, როცა კომუნისტური ცენზურა ჯერ კიდევ ძლიერი იყო და მეორე ნახევარი, როცა სსრკ-ში პრეზიდენტმა გორბაჩოვმა გარდაქმნის ეპოქა დაიწყო. სწორედ მაშინ დასრულდა ალტერნატიული მუსიკის შემსრულებლებისა და მიმდევრების დევნა. ყველა მუსიკოსს განვითარების თანაბარი პირობები მიეცა. „პერესტროიკამდე“ საქართველოში ჩვეულებისამებრ ფილარმონიული მუსიკა ჟღერდა. რამდენიმე საინტერესო პროექტიც არსებობდა „ჯორჯიასა“ და „ნატვრის ხის“ სახით.

ეროვნული მოძრაობის აღზევებამდე ქართულ მუსიკაში ახალი ეტაპი დაიწყო. სცენაზე მკვეთრად ინდივიდუალური შემსრულებლები გამოჩდნენ და, რაც საყურადღებოა, ამ მოვლენას მოძრაობის სახე მიეცა. როკში მისთვის დამახასიათებელი სოციალური მუხტი, შინაგანი პროტესტი გაჩნდა.

ამ ათწლეულისთვის 1988 წელს განსაკუთრებული მოვლენა თსუ-ის დარბაზში ჩატარებული როკფესტივალი იყო, რომელმაც ძალზე საინტერესო შემსრულებლები გამოავლინა: „პრიზი“, „ჯუკ-ბოქსი“, „ბიჭები როკ-ენ-როლიდან“ და სხვები. მთავარი აღმოჩენა დადა დადიანის ჯგუფი „ტაქსი“ იყო, მწვავე, პირდაპირი ტექსტებით, რომელიც „ახალი ტალღის“ რიტმებს ქართულენოვან მელოდიას შესანიშნავად უხამებდა. ამ პერიოდშივე გამოჩნდა ლადო ბურდულიც. სტატიის წინა ნაწილში ნახსენებმა რუსმა კრიტიკოსმა არტიომ ტროიცკიმ აღნიშნა, რომ ქართულ როკთან, ეთნიკური გაგებით, ყველაზე ახლოს სწორედ ბურდულის შემოქმედება იდგა.

ლადო ბურდული

80-იანებში ალეკო ცაბაძის ფილმი „ლაქა“ გამოვიდა, რომელშიც მთავარი როლი ქართველმა ალტერნატიულმა მუსიკოსმა, ქიშო გლუნჩაძემ შეასრულა. ბაჩი ქიტიაშვილმა და კაკო ვაშალომიძემ სპორტის სასახლეში გრაფიკული როკის საღამო „დებიუტი“ მოაწყვეს, რომელშიც მონაწილეობდნენ: კახა კიკაბიძე, ლადო ბურდული, დადა დადიანი, ქიშო და სხვები. საღამო როკმუსიკოს ირაკლი გიგაურის ხსოვნას მიეძღვნა.

დასავლეთ საქართველოში ქუთაისი აქტიურობდა. იმ პერიოდში შექმნილ ჯგუფებს შორის უნდა გამოვყოთ „აუტსაიდერი“, რომელმაც ჯერ კიდევ სსრკ-ის არსებობისას მოიპოვა აღიარება რუსეთსა და ბალტიისპირეთში, მოსკოვში კი ფირფიტა ჩაწერა. ქუთაისში ოპერის თეატრთან თემურ ჯოხაძემ და ვახტანგ ნებიერიძემ ერთგვარი როკკლუბი „მელომანი“ დააარსეს, სადაც სხვადასხვა შემსრულებელი გაერთიანდა.

80-იანების მიწურულს საქართველოში ნაციონალური გამოღვიძების ეტაპი დაიწყო, რომელიც საყოველთაო ეროვნულ მოძრაობაში გადაიზარდა. ეს განწყობა მუსიკასაც შეეხო და პატრიოტული როკმუსიკაც გაჩნდა, რომლის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ჯგუფად მერაბ მამულაშვილის „ოკეანე“ შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც გიტარისტი კაკო ვაშალომიძეც უკრავდა. ამ პროექტმა და მისმა ვოკალისტმა – ნიჭიერმა მომღერალმა ვახტანგ მაკალათიამ საბოლოოდ გააქარწყლა სტერეოტიპი ქართული ენისა და მძიმე როკის შეუთავსებლობის შესახებ.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

ჟურნალი „თბილისი Out“ #20, მაისი, 2012 წელი

Monday, May 7, 2012

ფემინისტური პროტესტი თუ მკრეხელობა?

© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე

გაგა: – ეს ამბავი არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა. ყველიერის კვირის მიწურულს ნაკლებად ცნობილი ქალთა რუსული პანკჯგუფი Pussy Riot-ის 4 გოგონა მოსკოვის მაცხოვრის სახელობის ტაძარში წირვის შემდეგ ამბიონზე აიჭრა და სიმღერის, „ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი!“ შესრულება დაიწყო.

ლაშა: – გოგონები გამოწყობილნი იყვნენ ტრადიციულ ფორმაში, – ამინდისა და სეზონის მიუხედავად, ისინი იცვამდნენ მსუბუქ, მყვირალა ფერის კაბებს, ფერად წინდებსა და ნაქსოვ ნაირფერ ბალაკლავებს (სპეციალურ ნიღბებს). მათი ხმაურიანი გამოსვლა მრევლის წინაშე ერთ წუთამდე გაგრძელდა. ტაძრის დაცვამ და მორწმუნეებმა ისინი საკმაოდ თავაზიანად გააცილა.

გაგა: – თუმცა მალე ხულიგნობის ბრალდებით ამ ფემინისტური ჯგუფის სამი გოგონა დააკავეს. აყვანილებმა უარყვეს კავშირი ჯგუფთან და შიმშილობაც კი გამოაცხადეს. არადა, ბენდის პირად ბლოგზე ეს გოგონები დასახელებულები არიან მათ წევრებად, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ მათგანს სასცენო ფსევდონიმი აქვს. მოკლედ, აღარ დავწვრილმანდეთ. მთავარი ისაა, რომ ამ ჯგუფის გამოსვლის შემდეგ არა მარტო რუსეთში, არამედ თითქმის მთელ მსოფლიოში დაიწყეს გოგონებზე საუბარი. არადა, რა სახელი ჰქვიათ!

ლაშა:
– ერთი ვერსიით, ჯგუფის სახელი ითარგმნება, როგორც „ფისოების ბუნტი“, თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც...

Tuesday, April 17, 2012

ქართული ალტერნატიული მუსიკის ისტორია (ნაწილი III)

(1970-იანი წლები)


ბევრი მელომანი საქართველოს პირველ ალტერნატიულ, არაფილარმონიულ ჯგუფად ბაჩი ქიტიაშვილის „ბერმუხას“ ასახელებს, რომელმაც პირველმა მოახერხა არასაესტრადო მუსიკის ქართულ თარგზე მორგება. ზოგიერთი სკეპტიკოსი მელომანის აზრით კი, ბაჩის შემოქმედება სუფთა ქართული მოვლენა არაა, რადგან „ბერმუხას“ მიერ შესრულებულ მელოდიებს კლასიკური მძიმე რიტმ-ენდ-ბლიუზის ან ჰარდროკის საფუძველი აქვს ანუ, მათივე აზრით, ტრადიციულ როკჟანრებზე, უბრალოდ ნაციონალური მუსიკაა მორგებული.
ბერმუხა 1974

პარალელურად არსებობს საბჭოთა რუსი მუსიკალური ჟურნალისტისა და კრიტიკოსის, არტიომ ტროიცკის ინფორმაცია წიგნიდან „როკმუსიკა სსრკ-ში“, რომ საქართველოში პირველი ანდერგრაუნდ-კოლექტივი ვალერი კოჩაროვისა და მიშიკო ფოფხაძის „კვადრატი“ იყო. ყველა ვარიანტში, „კვადრატსა“ და „ბერმუხას“ ქართული ალტერნატიული მუსიკალური მოვლენის პიონერობაში, ალბათ, ვერავინ შეეცილება.

კაკო ვაშალომიძე
ბაჩი ქიტიაშვილს ჩემთვის ადრე უთქვამს, რომ თავისი შემოქმედების გამო უთანხმოებები ჰქონდა სამართალდამცავებთანაც. მისივე სიტყვებით, „ბერმუხა“ და სხვა ჯგუფები ერთგვარი დისიდენტებიც იყვნენ, ამიტომ მათ მხოლოდ სასკოლო საღამოებზე აკვრევინებდნენ და საზღვარგარეთ გასვლის ნებას არ აძლევდნენ: „კომუნისტები არსად გვიშვებდნენ ჩვენი გრძელი თმების, ბაკენბარდებისა და ე. წ. „დასკა გიტარების“ გამო, იძახდნენ – ხმაურიან მუსიკას უკრავენო“.

ამ ათწლეულში გამოჩნდა გიტარისტი კაკო ვაშალომიძეც, რომელსაც მომღერლებთან შედარებით, საბჭოთა ცენზურასთან პრობლემები ნაკლებად ექმნებოდა, რადგან მხოლოდ უკრავდა და გასაკონტროლებელი ტექსტები არ ჰქონდა.

გაზაფხულის რიტმები 1980
ამ სტატიის პირველ ნაწილში ვახსენე ქართული ქალაქური ფოლკი და მუსიკა. 70-იანებში ამ სფეროში საკმაოდ ბევრი საინტერესო შემსრულებელი გამოჩნდა, თუმცა, ვთვლი, რომ მათ შორის ყველაზე ალტერნატიული და გამორჩეული მუსიკოსი ქალები – ინოლა გურგულია და მანანა მენაბდე იყვნენ. ისინი საკუთარ სიმღერებს ასრულებდნენ, როგორც ბარდები.

70-იან წლებში ქართულ სცენაზე ორი მკვეთრად გამორჩეული და პოპულარული ვია არსებობდა – „ივერია“ და „75“. ამ უკანასკნელს მუსიკაში საკმაოდ ჭარბად ჰქონდა ალტერნატიული, პროგრესივ როკის ელემენტები და ეს კარგად გამოჩნდა როკფესტივალზეც. 1980 წელს სწორედ საქართველოს დედაქალაქში ჩატარდა რამდენიმედღიანი პირველი საბჭოთა როკფესტივალი „გაზაფხულის რიტმები“ და მასში 8 ქართველმა შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის – „75“-მა, „ბერმუხამ“ და მეტად საინტერესო ბათუმურმა სიმფო-როკჯგუფმა „ლაბირინთმა“, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა. როკფესტივალის დასრულების შემდეგ წინ უკვე თავისუფლებით გაჯერებული 80-იანები იყო.


ჟურნალი „თბილისი Out“ #19, აპრილი, 2012 წელი

Sunday, March 4, 2012

ქართული ალტერნატიული მუსიკის ისტორია (ნაწილი II)

(1960-იანი წლები)

დასაწყისი: „თბილისი Out“ #17

1960-იან წლებში საქართველოში ალტერნატიული, ანუ არაფილარმონიული, უცხოური, ე.წ. „კაპიტალისტური“ მუსიკა მეტად უცნაურად ვრცელდებოდა. აკრძალული სიმღერები რენტგენის ფოტოფირებზე დრეკადი ფირფიტების სახით იწერებოდა და არალეგალურად ვრცელდებოდა. ერთი ასეთი ფირფიტა მეც შემომრჩა სახლში: უცნობი პიროვნების ფილტვების რენტგენის სურათზე „ბითლზის“ სიმღერაა ჩაწერილი. „ბითლზმა“, „როლინგებმა“ და როკის სხვა კლასიკოსებმა სსრკ-სა და საქართველოში ლეგალურად მხოლოდ 80-იანებში შემოაღწიეს, მანამდე კი მელომანები ერთმანეთს ყველა შესაძლო გზით უზიარებდნენ აკრძალულ მუსიკას.

60-იანებში სსრკ-ში ჩამოყალიბდა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები (ვია), რომელთაც სახელმწიფო აკონტროლებდა. სხვათა შორის, პირველი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი 1958 წელს შექმნილი ქართული „ორერა“ გახლდათ, რომელიც, მიუხედავად ფილარმონიულობისა, მაინც ახერხებდა სხვადასხვა ალტერნატიული მუსიკის შემოთავაზებას.

ანსამბლის დამაარსებელს, აწ განსვენებულ რობერტ ბარძიმაშვილს ადრე ჩემთვის მოუყოლია, როგორ აბნევდა „გოსკონცერტს“. მაგალითად, როდესაც ანსამბლის სიმღერა საქართველოზე, თბილისზე ან სიყვარულზე იყო, რუსულად თარგმნისას ის მიუთითებდა ხოლმე, რომ ტექსტი კომუნისტურ პარტიას ეძღვნებოდა და ამ ტექსტს მოსკოვში დასამტკიცებლად აგზავნიდა. ამით „ორერას“ შეცდომაში შეჰყავდა მკაცრი საბჭოთა ცენზურა, რომელიც პირდაპირ მოითხოვდა სიმღერებს პარტიასა და კომკავშირზე.

„ორერა“ პირველი იყო საბჭოთა კავშირში, რომელმაც ინგლისურ ენაზე თვით აკრძალული „ბითლზის“ რეპერტუარიდან სიმღერების შესრულება გაბედა. ამ შემთხვევაში ცენზურა მას ვერ შეეხო, რადგან ანსამბლი თავდაპირველად უცხო ენათა ინსტიტუტთან არსებობდა და ინგლისურ ენაზე სიმღერა სასწავლო პრაქტიკაში ეთვლებოდა.

კარლოს სანტანას კომპოზიციის „გაესტრადება“ მოახერხა კიდევ ერთმა უხუცესმა ქართულმა ВИА-მ, რომელსაც „დიელო“ ჰქვია. აღნიშნული ანსამბლი 1961 წლიდან არსებობს. მისი დამაარსებელი და ხელმძღვანელი ამირან ებრალიძე გახლავთ. 60-იანების ბოლოს კი უკვე რეალურად გამოჩნდნენ საბჭოთა სისტემისთვის შეუსაბამო ალტერნატიული ქართული მუსიკალური როკ-შემსრულებლები: მიშიკო ფოფხაძის „კვადრატი“ და ბაჩი ქიტიაშვილის „ბერმუხა“, თუმცა, ამ უკანასკნელის შესახებ უკვე 70-იანი წლების მიმოხილვისას გიამბობთ.


ჟურნალი „თბილისი Out“ #18, მარტი, 2012 წელი

Monday, February 13, 2012

ქართული ალტერნატიული მუსიკის ისტორია (ნაწილი I)

(1940-იანი და 1950-იანი წლები)

საბჭოთა საქართველოში, ისევე როგორც მთელს სსრკ-ში, არსებობდა თანამედროვე მუსიკის შესრულების სტანდარტი, რომელსაც ვერავინ გადაუხვევდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მუსიკოსს შესაძლოა ციხეშიც კი ამოეყო თავი. ამავე დროს, ხელისუფლებას მკაცრად ჰყავდა შერჩეული ის უცხოელი მუსიკოსები, რომელთა არა მარტო კონცერტი იკრძალებოდა ქვეყნის ტერიტორიაზე, არამედ მათი ფირფიტების შემოტანაც კონტრაბანდასთან იყო გათანაბრებული. კომუნისტი იდეოლოგების აზრით, თუნდაც როკი ხელს უშლიდა კომუნიზმის მშენებლობას, რადგან ეს მუსიკა თავისი სულისკვეთებით „დამპალი იმპერიალიზმის“ იდეების პროპაგანდას წარმოადგენდა და სოციალისტური საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უცხო უნდა ყოფილიყო.

სსრკ-ის ხელისუფლება ქვეყანაში ნებადართულ მუსიკას და ადგილობრივ შემსრულებლებს ე.წ. ფილარმონიის საშუალებით აკონტროლებდა. ამ უკანასკნელის „ვიზის“ გარეშე ვერც ერთი მუსიკოსი დიდ სცენაზე ვერ მოხვდებოდა. ფინანსურ მხარეებსაც სპეცორგარნიზაციები აკონტროლებდნენ. უცხოეთში გასტროლებიდან შემოსავლის 90 – 95 პროცენტი „გოსკონცერტს“ მიჰქონდა.

საბჭოთა კავშირში ალტერნატიული მუსიკის გაჩენის წინაპირობა მაინც საზოგადოებამ, მელომანებმა შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ არალეგალურად შემოსული აკრძალული მუსიკალური პროდუქცია ძალზე ვიწრო წრეებში ვრცელდებოდა, მსმენელს ზოგადი წარმოდგენა მაინც ჰქონდა. უცხოური ფირფიტები და ჩანაწერები „კაპიტალისტური“ ქვეყნებიდან ძირითადად, სპორტსმენებს, მეზღვაურებს და მსახიობებს ჩამოჰქონდათ, რომელთაც მელომანები საკმაოდ ძვირად იძენდნენ.

1950-იან წლებში საქართველოში „შემოიპარა“ ჯაზი, რომელიც სოციალისტური იდეოლოგიისთვის, ასევე, მიუღებელი მუსიკა იყო. მთელ სსრკ-ში საოცრად პოპულარული გახდა თბილისის „გეპეის“ ჯაზ-კვარტეტი და ჯაზ-ორკესტრი, რომლის სტილი თითქოს 30-იანი და 40-იანი წლების გლენ მილერის ჟღერადობას ჩამოჰგავდა, თუმცა, საკმაოდ თვითმყოფადი გახლდათ და იგი მეტად ორიგინალურად ასრულებდა ქართველი კომპოზიტორების მუსიკას. მათ კონცერტებზე იმდენი ხალხი იკრიბებოდა, რომ სიტუაციის გასაკონტროლებლად ცხენოსან მილიციას იძახებდნენ.

ქართულ ალტერნატიულ მუსიკაზე გავლენა მოახდინა როგორც ფოლკლორმა, ისე ქალაქურმა მუსიკამაც, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისიდან იღებს სათავეს და მისი გამორჩეულად პოპულარული წარმომადგენლებიც ამ ქალაქიდან არიან. დებმა იშხნელებმა 40-იან და 50-იან წლებში თანამედროვე ქართული მუსიკის მთელი ეპოქა შექმნეს.


ჟურნალი „თბილისი Out“ #17, თებერვალი, 2012 წელი

Friday, January 6, 2012

თბილისური მუსიკალური აგრესია

მსოფლიოს ყველა ქალაქი თავისებურად ხმაურობს და თითოეულს თავისი მუსიკა აქვს. ჩვენი დედაქალაქიც არაა გამონაკლისი. მუსიკა და ხმაური არც თბილისისთვისაა უცხო. ამ ქალაქზე მიყურადება შეიძლება ყველგან – ყველაზე ხმაურიან ქუჩებში თუ მთაწმინდის პარკიდან. თუმცა, ახლა მინდა დავწერო იმაზე, თუ როგორი მუსიკალური ფონი აქვს ზოგადად თბილისს, ანუ ყური დავუგდოთ მის ფონურ მუსიკას. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ მხრივ, საკმაოდ ჭრელ მუსიკალურ გემოვნებასთან გვაქვს საქმე, თუმცა მინდა არა მარტო გემოვნებას, არამედ მისი მოწოდების ფორმებსაც შევეხო. 

თბილისის ტაქსებსა თუ სამარშრუტო ტაქსებში ხმამაღლა ჩართული რადიოების უმრავლესობიდან გადმოღვრილი მელოდიების მოსმენით მიხვდებით, რომ ოთხი საუკუნის წინ ქართლის მეფის, როსტომ-ხანის მიერ გააზიურებულ-გააშუღებულ-გადარდიმანდებული დედაქალაქის სული არ ჩამკვდარა და რამდენიმე რადიოსადგურის საშუალებით განაგრძობს არსებობას და არა მარტო არსებობას, – იგი ძალიან პოპულარულიც კია ასეთ სატრანსპორტო საშუალებებში, ბაზრობებსა თუ დედაქალაქის უმეტეს რესტორნებში. ხალხი ამ დარდიმანდულ-საქეიფო განწყობის სიმღერებს რატომღაც ქალაქურ მუსიკას ეძახის. 

მოდით, ახლა თავი დავანებოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და კაფეებში გადავინაცვლოთ, სადაც ასევე ყოველთვის ჟღერს რომელიმე თბილისური რადიოარხი, ოღონდ არა დარდიმანდული, არამედ უფრო ჰიტური – თანამედროვე მუსიკით გაჯერებული. კარგია, თუ მსგავს კაფეში მარტო შებრძანდებით, რადგან თუ ვინმესთან ერთად იმყოფებით, ბიონსეს, ჯეი-ზის, ენრიკე იგლესიასის თუ ჯენიფერ ლოპესის მუსიკის ფონზე, ხმის იოგების სასტიკი დაძაბვა მოგიწევთ, თქვენთან ერთად მყოფს რამე რომ გააგებინოთ. იგივე სიტუაციაა პრესტიჟული საფირმო მაღაზიების დიდ ნაწილშიც, თუმცა იქ ბოლო ხმაზე აყვირებულ ინდი-მუსიკას და ბრიტ-პოპს მოგასმენინებენ. 

ასე რომ, ჯერჯერობით ამ მუსიკალური აგრესიისგან თავდასაცავად, გირჩევთ, საკუთარი ყურსასმენებით იაროთ და აარჩიოთ კაფე, სადაც მუსიკა ძალიან დაბალ ხმაზეა ჩართული. რაც შეეხება ტრანსპორტს: მეტრო და მუნიციპალური ავტობუსებია ის ადგილები, სადაც დაყრუების საფრთხე არ გემუქრებათ. გაგიკვირდებათ და, თბილისში მხოლოდ მეტროში ჟღერს ნამდვილი ემბიენტი, რომელიც დაბალ ხმაზე ისმის და ნამდვილი ფონის ფუნქციას ასრულებს. 

ჟურნალი „თბილისი Out“ #16, იანვარი, 2012 წელი

Wednesday, December 7, 2011

კენ ჰენსლი და თბილისური ნოემბრის „ივლისის დილა“


ბულგარეთში, 1986 წლიდან მოყოლებული, ყოველი 1 ივლისის წინა ღამეს შავი ზღვის სანაპიროზე ათასობით ახალგაზრდა იკრიბება. ისინი ერთად მუსიკით, სიმღერებითა და ცეკვებით ეგებებიან ზაფხულის მეორე თვის პირველ დილას. დღესასწაულს „ჯულაია“ ანუ მეორენაირად Uriah Heep-ის სიმღერის სახელი – July Morning („ივლისის დილა“) ეწოდება. ამ დღეს ბულგარეთის რადიოსადგურების ეთერში სწორედ ეს სიმღერა ჟღერს, რომლის ავტორიც ლეგენდარული ინგლისელი კომპოზიტორი, კლავიშისტი, გიტარისტი, მომღერალი, პოეტი და Uriah Heep-ის ერთ-ერთი დამაარსებელი კენ ჰენსლია. მისი მუსიკა ხშირად ამ ბულგარული დღესასწაულივით რომანტიკულია და იგი მილიონობით ადამიანს აერთიანებს.

საქართველოში ჯგუფ „იურაია ჰიპსა“ და კენ ჰენსლის განსაკუთრებით ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. მკაცრმა საბჭოთა ცენზურამ ამ ჯგუფის თავისუფალი და მელოდიური მუსიკა ბოლომდე ვერ დაბლოკა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ერთადერთმა ხმისჩამწერმა ფირმა „მელოდიამ“ 70-იანების მიწურულს ალბომი Firefly („ციცინათელა“) გამოუშვა, რაც იმ პერიოდისთვის, პრაქტიკულად, სასწაული იყო.

„ლოკომოტივ პრომოუშენის“ დამსახურებით, ბატონმა ჰენსლიმ თბილისის ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში (ყოფილ რკინიგზელთა სახლში) დაუვიწყარი და შთამბეჭდავი საღამო გამართა. ამ დღეს კარგად გამოჩნდა მისი განსაკუთრებული პოპულარობა, რადგან მსმენელთა ნაწილი მუსიკოსს ხელმოწერას მის ძველ ვინილის ფირფიტებზე აკეთებინებდა. მოზარდი თაობის სიმრავლეც სასიამოვნოდ ახარებდა თვალს. რამდენიმემ როკის ლეგენდას კითხვებიც კი დაუსვა.

კონცერტმა უშუალო და თბილ ვითარებაში ჩაიარა. აკუსტიკურ სიმღერებს შორის მუსიკოსი მაყურებელთა შეკითხვებს პასუხობდა. სწორედ ამ კითხვა-პასუხიდან და წინა დღეს ჩატარებული პრესკონფერენციიდან შევიტყვეთ, რომ როკვარსკვლავი უკვე კარგა ხანია ესპანეთის ზღვისპირეთში ცხოვრობს, არის მოყვარული მეცხვარე, თანამედროვე მუსიკას ერთი ესპანური რადიოს საშუალებით უსმენს, კლავიშისტებიდან გენიალურად რიკ უეიკმანს მიიჩნევს და რომ ქართველი გოგონები და ჩვენებური ღვინო ნამეტნავად მოეწონა. ჰენსლიმ მოგვიყვა, როგორ დაწერა თავის დროზე ჩვენი საყვარელი ჰიტები და, რაც მთავარია, ეს სიმღერები შეასრულა ზუსტად ისე, როგორც შეიქმნა, ჯგუფის არანჟირებებისა და ცვლილებების გარეშე. ბოლო სამი კომპოზიცია, მათ შორის, July Morning ჰენსლიმ ქართველ, „მძიმე ჯვარისა“ და „ქომიქ ქონდიშენის“ მუსიკოსებთან ერთად შეასრულა.

კონცერტის შემდეგ ცოცხალი ლეგენდა ფოიეში ყველა მსურველს (რამდენიმე ასეულ ადამიანს) ხალისით ურიგებდა ავტოგრაფებს. ეს პროცესი ძალიან დიდხანს გაგრძელდა და დაღლილი მუსიკოსის ეს დაუზარლობა ნამდვილად მის სულგრძელობაზე მეტყველებს.

ასე რომ, წელს ნოემბრის საღამოს ვიზეიმეთ „ივლისის დილა“, თანაც თვით კენ ჰენსლისთან ერთად.

ჟურნალი „თბილისი Out“ #15, დეკემბერი 2011 წელი

Tuesday, December 6, 2011

სესილია თაყაიშვილი Pink Floyd-ის მუსიკალურ ვიდეოში Money

სესილია თაყაიშვილი – საქართველოს ბებია

© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე

როდესაც ფრანგ რეჟისორს ჟან დაკანტს სესილიას განსახიერებული ოლღა ბებია უნახავს, უთქვამს: „ეს ჩემი ბებიაა, რომელიც ახლა პროვანსში ცხოვრობსო“.

ლაშა: – ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის Pink Floyd-ის მუსიკალურ ვიდეოში Money („ფული“) მეორე წუთზე ჩნდება ქართველი მსახიობი სესილია თაყაიშვილი. ფირში მის სახეს სულ რამდენიმე წამს ვხედავთ, მაგრამ იგი, როგორც ყოველთვის, დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავია.

არსებობს ორი ვერსია, თუ როგორ აღმოჩნდა მისი პორტრეტი ამ კლიპში და ორივე „ფლოიდების“ ერთ-ერთ დამაარსებელს როჯერ უოტერსს უკავშირდება. პირველის თანახმად, 1970-იანი წლების დასაწყისში ინგლისში მსოფლიოს 100 საუკეთესო მსახიობი გამოავლინეს და მათ შორის სესილიაც მოხვდა, სამწუხაროდ, როგორც სახელოვანი რუსი მსახიობი და არა ქართველი. უოტერსს ძალიან მოსწონებია მსახიობის მეტყველი სახე და სწორედ ამიტომ, „პინკების“ ვიდეოში მისი ფოტო ჩაუსვამს...

Sunday, December 4, 2011

ჩემი ძველი სატელევიზიო სიუჟეტი სოციალურ მუსიკაზე


სიუჟეტი ეთერში გავიდა 2003 წლის შემოდგომაზე არჩევნების წინ ტელეკომპანია "მე-9 არხის" საინფორმაციოში.

Wednesday, November 2, 2011

ქეთი მელუა – პირველი ქართველი პოპ-ვარსკვლავი

27 წლის მუსიკოსი, კომპოზიტორი და მომღერალი ქეთი მელუა 9 წლიდან ბრიტანეთში ცხოვრობს. იგი პირველი ქართველია, რომელიც მსოფლიო დონის პოპ-ვარსკვლავი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ქეთი ასე მცირე ასაკიდან ბრიტანეთში იზრდებოდა, ყველგან აცხადებს, რომ ქართველია და მშობლიური ენაც არ დავიწყნია. ადრე ინტერვიუში ისიც კი მითხრა, რომ ყველაზე მეტად ახლადგამომცხვარი ქართული ლავაშის სუნი უყვარს და სიზმრად საქართველოს ხშირად ნახულობს. ბრიტანეთში წასვლამდე იგი დიდ დროს ატარებდა ბიძებთან, რომლებიც როკის მოყვარულები იყვნენ და მთელი დღეების განმავლობაში მათთან ერთად სხვადასხვა როკ-შემსრულებელს უსმენდა.

მელუას დაწერილი სიმღერები ბლუზის, ჯაზის, როკისა და პოპის თანამედროვე გემოვნებიან სინთეზს წარმოადგენს. მას რამდენიმე საინტერესო ქავერიც აქვს შესრულებული – The Cure-ის, Nina Simone-ს, Jeff Buckley-ს, Leonard Cohen-ის, John Mayall-ისა და სხვათა კომპოზიციები. მუსიკოსმა ვირტუალურად ჩაწერა სინგლი გარდაცვლილ Eva Cassidy-სთან ერთად. კონცერტებზე კი უამრავ ვარსკვლავთან ერთად იმღერა. აღსანიშნავია ქეთის დუეტი ქართველ საოპერო ვარსკვლავთან პაატა ბურჭულაძესთან. მათ საქველმოქმედო კონცერტზე გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“ შეასრულეს.

2006 წელს ქეთი მელუა გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. მუსიკოსმა კონცერტი ჩრდილოეთის ზღვის ნორვეგიული კომპანიის, „სტატოილის“ ნავთობის ერთ-ერთი ჭაბურღილის პლატფორმაზე – ზღვის დონიდან 303 მეტრ სიღრმეზე ჩაატარა. იმ დროისთვის ეს მსოფლიოში წყალქვეშ ყველაზე დაბალ წერტილში გამართული კონცერტი აღმოჩნდა და მისი დივიდიც გამოიცა. ქეთი მელუას დღემდე 5 ოფიციალური სტუდიური ალბომი აქვს ჩაწერილი. მისი ახალი დისკი Secret Symphony 2012 წელს გამოვა.

ჟურნალი „თბილისი Out“ #14, ნოემბერი 2011 წელი