Thursday, February 3, 2011

„სტუმარი“ – ყველაზე სასურველი მუსიკალური სტუმარი

წარმოიდგინეთ სიმღერები, რომელთა ტექსტებიც შედგენილია ბიბლიოთეკების ძველ წიგნებში ამოკითხული არქაული დასალოცებით, იგავებით, თანამედროვე ქართველი პოეტების ტექსტებით, უბრალო ხალხური სიტყვებით... მუსიკა, მეტად ორიგინალური, დახვეწილი და ჰარმონიული, ფოლკლორიდან იკვებება. ეს არ არის ქართული ფოლკლორის მარგალიტების კიდევ ერთი ახლებური მომაბეზრებელი გადამღერება, რომლითაც სავსეა დღევანდელი სცენა. ოჯახური ჯგუფი „სტუმარი“ ასრულებს ფოლკს (და არა ფოლკლორს), რომელსაც ჩვენს ქვეყანაში თავის დროზე „ქალაქური მუსიკა“ შეარქვეს. ზოგადად, საქართველოს ოჯახური მუზიცირების მდიდარი ტრადიცია აქვს და მისი პიონერი „დები იშხნელები“ იყო.

„სტუმარი“ აკადემიური აკუსტიკური ინსტრუმენტების (ვიოლინო, გიტარა, ფლეიტა, პერკუსიები, კონტრაბასი) გარდა, არც აფრიკულ, ჩინურ თუ ქართულ ტრადიციულ ინსტრუმენტებზე ამბობს უარს და არც ელექტრონულზე. მათი მუსიკა უზადოდაა არანჟირებული. 2002 წელს „სტუმარი“ ოჯახის სამმა წევრმა ჩამოაყალიბა – დავით ხოსიტაშვილმა (გიტარა, სალამური, ფანდური), ნინა ჯანჯღავამ (ვოკალი, ფლეიტა, კლავიშები) და მარიამ „მამუ“ ჯანჯღავამ (ვიოლინო, ვოკალი). მუსიკის შექმნასა და არანჟირებაში ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იღებს მონაწილეობას. „სტუმართან“ ერთად მსმენელი გაივლის „ბეწვის ხიდს“, ნახავს როგორ „მღერიან თევზები ღუზებთან“, როგორ სეირნობს ტყეში „ზღარბების ოჯახი“, რას „ჩიოდა მელა“ და იგი კიდევ ბევრ უძველეს თუ ახალ ამბავს მოისმენს.

ჟურნალი „თბილისი Out“ #5, თებერვალი 2011 წელი 

მოუსმინე

Tuesday, December 7, 2010

ბობ დილანი - Bob Dylan

ბობ დილანი, იგივე რობერტ ალენ ციმერმანი 69 წლისაა. მკითხველისთვის საინტერესო იქნება თუ რას ფიქრობს ამერიკელი მუსიკოსი, პოეტი და მხატვარი, თანამედროვე მუსიკის ცოცხალი ლეგენდა განვლილ წლებზე, აწმყოსა და მომავალზე. როგორია მისი თამაშის წესები. ამას მისი გულახდილი საუბრებიდან შეიტყობთ.

თავს პოეტად არ მივიჩნევ, რადგან არ მიყვარს სიტყვა „პოეტი“. ჩამთვალეთ ტანმოვარჯიშედ რეპეტიციაზე.

ამბობენ დილანი არავის ესაუბრებაო. რა სისულელეა! მე ამისთვის არ გამოვდივარ პუბლიკის წინაშე.

თუ გინდა იპოვო ის, ვისაც დაუჯერებ, შეწყვიტე საკუთარი თავის მოტყუება.

შესამჩნევ პერსონად ყოფნა უმძიმესი ტვირთია. ქრისტე იმიტომ აცვეს ჯვარს, რომ ზედმეტად შესამჩნევი გახდა.

არასოდეს მნდომებია წინასწარმეტყველი ან მაცხოვარი გავმხდარიყავი. შესაძლოა მსურდა, ელვის პრესლი ვყოფილიყავი. ძალიან იოლად წარმოვიდგენ თავს მის ადგილას, მაგრამ წინასწარმეტყველად – არა, არასოდეს.

როდესაც ელვისს პირველად მოვუსმინე, მივხვდი, რომ არასოდეს არავინ გახდებოდა ჩემი უფროსი. მისი მოსმენის შემდეგ ვიგრძენი, რომ თითქოს ციხე გავარღვიე.

უკვე არც ისე ახალგაზრდა ვარ. ამიტომ ყოველთვის, როცა დილით ვიღვიძებ და ძალ-ღონის მოზღვავებას ვგრძნობ, ვფიქრობ: „შესანიშნავია, როგორც ჩანს, არც ისე მალე ვნახავ ელვისს“.

ჰიბინგში (ქალაქი მინესოტას შტატში), სადაც მე გავიზარდე, არასოდეს ყოფილა რაბინი. იგი იმ მომენტში გაჩნდა, როდესაც ჩემი ბარ-მიცვის (იუდეური წეს-ჩვეულება, რომელიც აღინიშნება, როცა ყმაწვილი ბიჭუნა 13 წლის ხდება ლ. გ.) დრო დადგა. იგი ჰიბინგში მხოლოდ ერთი წლით ჩამოვიდა – ცოლთან ერთად შუა ზამთარში ავტობუსს ჩამოჰყვა. ეს თეთრწვერა და შავსამოსიანი ბრუკლინელი მოხუცი გახლდათ. იგი იმ კაფეს თავზე დაასახლდა, რომელიც ქალაქის მთავარ გასართობად ითვლებოდა. ეს როკ-ენ-როლ კაფე იყო, სადაც ყოველდღე დავდიოდი. ასე რომ, რაბინთან გატარებული საათის შემდეგ, მე თავით ვეშვებოდი სიშლეგეში.

Friday, December 3, 2010

Outsider – წრის გარეთ მყოფი ჯგუფი

ჰერმან ჰესე ამ ჯგუფის ნათლიაა, ხოლო ქართველი ფოლკლორის მომღერალი ლეგენდარული ჰამლეტ გონაშვილი კი – 45 წლის რობი კუხიანიძის, ჯგუფ „აუტსაიდერის“ უცვლელი ლიდერის სულიერი მასწავლებელი. ჯგუფის სტილი პოსტპანკიდან გრანჟამდე, ბოლო დროს ფოლკ-პოპამდეც კი მერყეობს. რობის ბევრ სიმღერაში მსმენელი გრძნობს სუფთა ეროვნულ, საქართველოს სხვადასხვა კუთხის მუსიკალურ მოტივს, რომელთაც მომღერალი და გიტარისტი ქუთაისური აქცენტით ასრულებს. ლირიკა (ლექსები) ტრადიციულად პირქუშია და უკლებლივ პირველ პირშია დაწერილი.

სიმღერებს, რომლებიც ხშირად უხეშობაში გადადის, მაინც აქვთ ერთგვარი არისტოკრატიული და ზრდილი შინაგანი თავშეკავებულობა; ეს მათ შიშველი უხამსობისგან იცავს, რაც მუსიკას, ქართული ღვინის მსგავსად, თავისებურ და განუმეორებელ ხიბლს აძლევს. როდესაც „აუტსაიდერი“ ასრულებს საკუთარ ჰიტებს – „ძუძუ“, „ქალაქში ბნელა“, „დუმილი“, „ტაია“, „დიმპიტაური“ და სხვა, რობის სასცენო უშრეტი ენერგიის და მისი სხეულიდან გადმოფრქვეული გრძნობების შემხედვარე, მსგავსი მუსიკის მოყვარულ მაყურებელს მძაფრი სურვილი უჩნდება, ნებისმიერი სახის ალკოჰოლი მიიღოს, უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლდეს და მთელი ხმით იყვიროს – „მე თავისუფალი ვარ!“ რობი კუხიანიძე გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს აღმოცენებული ქართული მუსიკალური ანდერგრაუნდიდან მოდის და 90-იანი წლების რამდენიმე საერთაშორისო ალტერნატიული მუსიკის ფესტივალში წარმატებებს მიაღწია რუსეთში, ესტონეთსა და სამშობლოში.

ჟურნალი „თბილისი Out“ #3, დეკემბერი 2010 წელი 

მოუსმინე

Friday, November 5, 2010

პინკ ფლოიდი (ნაწილი III)

© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე

I ნაწილი იხილეთ აქ: პინკ ფლოიდი (ნაწილი I)
II ნაწილი იხილეთ აქ: პინკ ფლოიდი (ნაწილი II)

გაგა: – Dark Side-ის ტრიუმფიდან განვლილ ორ წელიწადს ჯგუფისთვის თავის ტკივილის მეტი არაფერი მოუტანია. ჩაფიქრებული ექსპერიმენტული ალბომი არ შედგა. გაურკვეველი დროით თაროზე შემოიდო ორი კომპოზიციური იდეაც. მაგრამ მთავარი ის გახლდათ, რომ ჯგუფმა ბოლო ალბომით თითქმის ყველა ამბიცია დაიკმაყოფილა.

მან თითქოს მიაღწია თავისი შესაძლებლობების პიკს, რის ქვემოთაც ჩამოსვლას მომავალში მათ უკვე აღარავინ აპატიებდა. შედეგად ჯგუფში გაიზარდა როჯერის ამბიციები, რომელმაც ერთპიროვნულად ჯგუფის შემოქმედებითი მხარის სადავეები ხელში ჩაიგდო, მაგრამ ძველი ინერციით ბიჭები მაინც ერთად იყვნენ.

ამ ყველაფერს დაემატა ერთი არასასიამოვნო ისტორიაც – ჯგუფის ფანებმა 1974 წელს გამალებით დაიწყეს „ფლოიდების“ „ახალი ალბომის“ შეძენა, რომელიც ამ ხუმრობა-ხუმრობაში საკმაოდ დიდი ტირაჟით გავრცელდა. სინამდვილეში კი ეს საკმაოდ მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული და შეფუთული ჯგუფის საკონცერტო ჩანაწერი გახლდათ, რომელსაც მეკობრული წესით უკანონოდ ავრცელებდნენ.

ლაშა: – ამ არასასიამოვნო ინციდენტის დროს კიდევ ერთხელ დამტკიცდა მარადიული სიბრძნე, რომ ადამიანმა ნებისმიერ ნეგატიურ ამბავში პოზიტივიც უნდა ეძებოს და შესაძლოა იპოვოს კიდეც. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. მეკობრულად გავრცელებულ British Winter Tour' 74-ის მასალებით შეკოწიწებულ „ახალ ალბომში“ ერთი ექსპერიმენტული კომპოზიციაც შევიდა, რომელსაც ბენდი იმ წელს კონცერტებზე პერიოდულად უკრავდა. იმ უკანონო დისკზე სწორედ ეს საკმაოდ გაწელილი შესრულება აღმოჩნდა მსმენელისთვის ყველაზე მოსაწონი. აღნიშნული ფაქტი ჯგუფში განსჯის საგანიც გახდა და ისინი სტუდიაში შეიკრიბნენ. მუშაობის პროცესში ზემოთ აღნიშნული კომპოზიცია დაიხვეწა და გალამაზდა. მის დამუშავებაში ოთხივემ მიიღო მონაწილეობა და როჯერის მიერ ტექსტის საბოლოო კორექტირების შემდეგ ჯგუფმა მიიღო სიმღერა, რომელიც მოგვიანებით მთლიანი ალბომის კონცეფცია აღმოჩნდა.

Thursday, October 7, 2010

თემურ ყვითელაშვილი – Made In Georgia

ინგლისურ ენაში არის გამოთქმა Self made man, ანუ კაცი, რომელმაც საკუთარი თავი შექმნა. მუსიკოსი და გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი სწორედ „სელფმეიდმენია“, მან საბჭოთა საქართველოში დაიწყო თავისი მუსიკალური კარიერა და ბევრის გასაოცრად, მსოფლიოს მასშტაბით დიდი წარმატებებისკენ გზა თვითონ გაიკვალა.

– თემურ, რომელ ასაკში გაგიჩნდათ მუსიკის შესწავლის სურვილი და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ამ გატაცებასთან თქვენს მშობლებს?

– ჩემი მუსიკასთან ზიარება საკმაოდ მტკივნეული თემაა. სკოლაში კარგად არ ვსწავლობდი. ჩემი ძმა კი ფრიადოსანი იყო. გიტარამ რომ გამიტაცა, სადღაც 11-12 წლის გახლდით. მამა უკვე ავადმყოფობდა. სკოლაში ცუდად სწავლის გამო, ერთ დღეს მან გიტარა დამიმსხვრია. ძალიან განვიცადე უბრალო, შვიდმანეთიანი გიტარის დაკარგვა და ცხონებული დედაჩემი მამშვიდებდა ნუ ტირიო. იაფიანი კი იყო ის გიტარა, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა და ფასი ჰქონდა. რამდენიმე წელიწადში მამა გარდაიცვალა, ვერც ერთ ჩემს წარმატებას ვერ მოესწრო... დედაჩემმა, რომელიც ორი წლის წინ გარდაიცვალა და ბოლო ჩემი ალბომი სწორედ მის ხსოვნას მივუძღვენი, პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთა ჩემთვის, ისე გვზრდიდა, შვილებს უმამობა არ გვაგრძნობინა.

10-11 წლის ვიყავი, როცა გიტარით დავინტერესდი. დედა მეუბნებოდა, რომ ბავშვობიდან თურმე არანორმალური განცდით, თვალდახუჭული და გათიშული ვუსმენდი მუსიკას. ჩემი ძმა გიტარაზე სამაკორდიან სიმღერებს უკრავდა. ამ პერიოდში ინტენსიურად ვუსმენდი „ფარფლებს“, „ზეპელინებს“ და ჯიმი ჰენდრიქსს, რომელიც ჩემს ძმას მაგნიტოფონზე ჰქონდა ჩაწერილი. ავიღე გიტარა და ხელი თვითონ დავიყენე – ვისაც ვეუბნები, ნაკლებად სჯერა. ახლაც ჩემი გამოგონილი მედიატორით ვუკრავ, რომელსაც განსხვავებული ფორმა, სისქე და ზომა აქვს. 12-13 წლისამ „ფარფლების“ იმ დროისთვის უკვე გამოსული ყველა ალბომის საგიტარო პარტიები ზეპირად ვიცოდი. „ლედ ზეპელინი“, „გრანდ ფანკი“ და ჯიმი ჰენდრიქსიც გადაღეჭილი მქონდა.

მამა 1977 წელს 17 წლის ასაკში დავკარგე. ამ პერიოდში უკვე ყველა თვითმოქმედ მუსიკალურ კოლექტივში სასურველი მუსიკოსი ვიყავი. მაშინ, როგორც სკოლის ცუდი მოსწავლე, პროფტექნიკუმში გამიშვეს. რამდენიმე სასწავლებელში პატივით მეპყრობოდნენ, როგორც მუსიკოსს. პროფტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, 1981 წელს ანსამბლ „დიელოში“ მოვხვდი. მანამდე კი თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის ანსამბლებში ვუკრავდი. „დიელოს“ შემდეგ პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში შესანიშნავმა ქალბატონმა ნათელა ვასაძემ ისტორიის ფაკულტეტზე ჩამრიცხა. აქაც გიტარისა და მუსიკის გამო მოვხვდი, რათა შემდეგ მსოფლიოს ახალგაზრდობის ფესტივალებზე ინსტიტუტის სახელით გამოვსულიყავი. მიმიწვიეს „ორერაში“. შემდეგ იყო: „ნატვრის ხე“, „თეატრონი“, „ივერია“, ვთანამშრომლობდი ბატონ ვახტანგ კიკაბიძესთან, ქალბატონ ნანი ბრეგვაძესთან, მერაბ სეფაშვილთან, სოსო პავლიაშვილთან, თამრიკო გვერდწითელთან, თეონა კონტრიძესთან და სხვებთან.

მალე ჩემს შემოქმედებაში ქართული მუსიკა შემოვიდა. დავამუშავე ვიქტორ დოლიძის, ზაქარია ფალიაშვილის, რეზო ლაღიძისა და სხვათა ნაწარმოებები. იმ პერიოდისთვის ეს ახალი სიტყვა იყო და ყველა გაოცებული დარჩა.

Tuesday, October 5, 2010

პინკ ფლოიდი (ნაწილი II)

© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე

I ნაწილი იხილეთ აქ: პინკ ფლოიდი (ნაწილი I)

ლაშა: – როგორც ვთქვით, სიდ ბარეტი წავიდა ჯგუფიდან და იგი დეივ გილმორმა შეცვალა. ჯგუფის წევრები დეივზე შესანიშნავ სიტყვებს არ იშურებდნენ და შეიძლება ითქვას, რომ დეივის მოსვლის შემდეგ „ფლოიდების“ შემოქმედება უფრო რბილი, ღრმა და ნაკლებად ფსიქოდელიური გახდა. როჯერ უოტერსი ამტკიცებდა: „დეივ გილმორის მოსვლის შემდეგ ჩვენ სულ უფრო და უფრო უკეთესები ვხდებით. ჩვენი წარმოდგენები ახლა უფრო სრულყოფილი და პროფესიონალური გახდა“. ჯგუფიდან წასულ სიდ ბარეტზე კი როჯერმა უბრალოდ თქვა: „მან გააფრინა“.

გაგა: – სიდის წასვლის შემდეგ კრიტიკოსები იმასაც ამბობდნენ, რომ ჯგუფმა ის იუმორის გრძნობა დაკარგა, რაც ბარეტთან ერთად მას მუდამ ჰქონდაო. არიან მელომანები, რომლებიც დღემდე ამტკიცებენ, რომ ნამდვილი „პინკ ფლოიდი“ მხოლოდ ბარეტის დროს არსებობდა. არ ვიცი... არ ვეთანხმები ამ მოსაზრებებს, თუნდაც იმიტომ, რომ „ფლოიდებმა“ დევიდ გილმორთან ერთად საერთოდ სხვა მწვერვალების დაპყრობა დაიწყეს. გილმორის გახსენებაზე ისიც აღვნიშნოთ, რომ ევროპასა და პარიზში მარად მოხეტიალე დევიდმა უამრავი პროფესია გამოიცვალა (მტვირთავიდან მხატვრების მენატურემდე) და ფრანგულ ენას ბრწყინვალედ დაეუფლა. ამავე დროს სერიოზული გიტარისტიც აღმოჩნდა და რაც მთავარია, მშვენივრად მღეროდა.

Tuesday, September 14, 2010

ქაჯები აქ არიან!

„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს...“ – ბრძანა თავის დროზე გრიგოლ ორბელიანმა. არ ვიცი, ამჯერად რამდენად კისერ და კინჩხ-მოტეხილები ვართ, მაგრამ ინგლისური სიტყვების ყოველ მეორე წინადადებაში ჩასმით და ამით თავის მოწონებით, მასობრივ გაქაჯებასთან ნამდვილად ახლოს ვართ. ქაჯუნიები გვყვანან პატარები და დიდები – თვით სახელმწიფო მოხელეებს შორისაც კი. ადრე, ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში, მერე კი საბჭოთა კავშირში ჩვენს ენაში უცხო სიტყვები შემოიჭრა და ბევრი რუსული სიტყვა სალაპარაკო ენაში დამკვიდრდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული იმ ქვეყნის სახელმწიფო ენა იყო, ქართველები ეწინააღმდეგებოდნენ ენის გარუსულებას. თუმცა მაშინ არსებობდა ადამიანების კატეგორია, რომელთათვის რუსულად საუბარი და ბევრი რუსული სიტყვის მშობლიურ ენაში ჩატენა, ერთგვარად პრესტიჟული და მისი „მაღალი დონის“ მაჩვენებლობის სიმბოლოც კი იყო. „სტოლი“, „სტაქანი“, „პეპელნიცა“, „შკაფი“, „პოლი“, „კუხნა“ (და კიდევ სხვა მრავალი) ის სიტყვებია, რომელთაც ქართული შესატყვისი ჰქონდა და აქვს, მაგრამ რუსულმა ექსპანსიამ ბევრს კინაღამ გადაავიწყა. ქართული ენის სადარაჯოზე ქართველი მწერლები, ჟურნალისტები და რადიო-ტელევიზიის მუშაკები დადგნენ. თუმცა ზოგიერთი მატრაკვეცა თანამოქალაქე არც მაშინ კადრულობდა მშობლიურ ენაზე ლაპარაკს და რუსულად მუსაიფს ამჯობინებდა.

დაახლოებით 8-9 წლის წინ ამერიკელებმა ქართული ჯარის „წრთვნისა და აღჭურვის პროგრამა“ წამოიწყეს და ჩვენმა ქვეყანამ მზერა ჩრდილოეთიდან დასავლეთისკენ გადაიტანა. ყველას პირზე ეკერა „ამერიკელები მოდიან“, „რაღაც აუცილებლად გვეშველება“ და ა. შ... მახსოვს, ერთი ჩემი ნაცნობი ისეთი აღფრთოვანებული იყო ამერიკასთან მჭიდრო ურთიერთობის დაწყებით, კმაყოფილებას ვერ მალავდა და განუწყვეტლივ ამ ფაქტზე საუბრობდა. ხშირად იმეორებდა, როგორ საჭიროა დღეს, ამ გაგანია გლობალიზაციისას, ინგლისურის ცოდნა და გვარწმუნებდა, რომ თავის ჯერ არდაბადებულ ბავშვს აუცილებლად ასწავლიდა ინგლისურს. რა თქმა უნდა, ამ სურვილში არაფერი უცნაური არაა, თუმცა მან საუბრის ბოლოს დასძინა, რომ ერჩივნა ბავშვს ინგლისური ენა უფრო კარგად ესწავლა, ვიდრე მშობლიური! თან ეს ცხოვრებისადმი „პრაგმატული“ დამოკიდებულებით ახსნა. ამერიკელ სამხედროთა ზემოთხსენებულ პროგრამამდე საზოგადოებაში თანდათან ისედაც მკვიდრდებოდა აზრი, რომ ინგლისურის და კომპიუტერის გარეშე, ადამიანს პერსპექტივა არ აქვს. მართლაც, დღეს კარიერის გასაკეთებლად ეს ორი რამ აუცილებელია და ამაზე არავინ დავობს. თუმცა რატომ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი საკუთარი ენის დაკნინების ხარჯზე, ცოტა გაუგებარია.

Wednesday, September 8, 2010

პინკ ფლოიდი (ნაწილი I)

© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე

ლაშა: – როცა „ბიტნიკებსა“ და ჰიპებზე სტატიას ვამზადებდით, ხაზი გავუსვით, რომ ჰიპების წიაღში იშვა ახალი მუსიკალური ჟანრი – ფსიქოდელია, რომელიც უმეტესწილად ნარკოტიკებთან არის დაკავშირებული. ფსიქოდელია მოდაში შემოვიდა თუ არა, მას ბევრი ბენდი უკრავდა. ჯგუფი, რომელზედაც ვაპირებთ საუბარს, ფსიქოდელიურ გარემოში ჩამოყალიბდა. ისე, „პინკ ფლოიდი“ ამერიკული ბენდი რომ ყოფილიყო, ნეტავ როგორი სახე ექნებოდა?

გაგა: – ამ შემთხვევაში არაა გამორიცხული ბოლომდე ფსიქოდელიურ ჯგუფად დარჩენილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოყალიბების სტადიაში აშკარა ფსიქოდელიას ასრულებდნენ, ჯგუფის წევრები ყოველთვის უარყოფდნენ რაიმე კავშირს ამ მუსიკალურ ჟანრთან. ჩემი აზრით, მათ უბრალოდ კარგად გამოიყენეს ახალგაზრდებში დამკვიდრებული მოდური ჟანრი, რათა შემდეგ საკუთარი, განუმეორებელი მუსიკა შემოეთავაზებინათ, რომელიც არ ჯდება არც სუფთა ფსიქოდელიაში და არც სუფთა პროგრესივ-როკში.

ლაშა: – ძნელია დაიცვა რაციონალური ლოგიკის საზღვრები, როდესაც საუბარს იწყებ ისეთი ლეგენდის შესახებ, როგორიცაა Pink Floyd.

გაგა: – შემოგთავაზებ, რომ დავიწყოთ საკმაოდ ლოგიკური გასეირნებით. გავცდეთ ლონდონის ჩრდილოეთს 70 კილომეტრით და ჩავიდეთ კემბრიჯში. ქალაქის უძველეს ცენტრში, მდინარე კემზე მდებარე ხიდზე გადავიდეთ (სწორედ ამიტომ ეწოდა ქალაქს Cambridge) და გავუყვეთ ვიწრო ქუჩებს, რომლებზეც განლაგებული შენობების ასაკი რამდენიმე ასეულ წელიწადს ითვლის. ეს ქუჩები გარეუბან შერი ჰინტონში მიგვიყვანს, რომელშიც იმართება საყოველთაოდ ცნობილი ბრიტანული ფოლკლორის ფესტივალი. მაგრამ ეს ადგილი, სულ სხვა მოვლენის გამო იქცა უამრავისთვის საკულტო ადგილად – აქ, 1946 წლის 6 იანვარს დაიბადა სიდ ბარეტი (როჯერ კიტ ბარეტი).

ლაშა: – მართლაც ლოგიკურია, რომ Pink Floyd-ზე თხრობა ზუსტად სიდ ბარეტიდან დავიწყეთ, იმიტომ, რომ მის გარეშე ამ ჯგუფის დაბადება უბრალოდ წარმოუდგენელია. თუმცა ისიც აღვნიშნოთ, რომ ჩვენი „სეირნობის“ მარშრუტიც (ლონდონიდან კემბრიჯის გარეუბნამდე) საკმაოდ გადაჯაჭვულია ამ ეპოქალური ბენდის დაბადებასთან – ნიკ მეისონი და რიკ რაიტი ლონდონელები იყვნენ, ხოლო უკვე ნახსენები სიდ ბარეტის გარდა, როჯერ უოტერსი და დევიდ გილმორიც კემბრიჯელი ყმაწვილები გახლდნენ. ისიც აუცილებლად ვთქვათ, რომ „პინკ ფლოიდის“ დამაარსებლები, ვერაფრით დაიკვეხნიდნენ თავიანთი „მუშურ-გლეხური წარმომავლობით“. ბრიტანელი როკ-ვარსკვლავების უმეტესობას ასეთი წარმომავლობა ჰქონდა.

Friday, August 6, 2010

მუსიკალური რეცენზიები ერმონიასგან (აგვისტო)


Ozzy Osbourne – Scream © 2010

როგორც წესი, ფოლადი და ბევრი სხვა ლითონი დროთა განმავლობაში იჟანგება, ცვდება და იმსხვრევა. თუმცა, ლეგენდარული ოზი ოსბორნის, ბლექსაბატელი Iron Man-ის („რკინის კაცის“) მუსიკა, ეტყობა, უჟანგავი ფოლადივითაა, რომელსაც, მართალია, ჟანგი ვერაფერს აკლებს, მაგრამ წლების შემდეგ მთლად პრიალა ზედაპირიც აღარ აქვს. მიუხედავად ყველაფრისა, 61 წლის ოზის საფირმო, მჟღერი, გამჭოლი ხმა თითქოს ისევ ფორმაშია... „ყვირილი“ პირველი სტუდიური ალბომია, სადაც ზაკ უაილდის გიტარას ვეღარ მოუსმენთ. ეს უკანასკნელი 1988 წლიდან ოზის ყველა სტუდიური დისკის ჩაწერაში მონაწილეობდა. მის ნაცვლად რობ ზომბისთან ნამუშევარი 29 წლის ბერძენი გიტარისტი კოსტას კარამიტროუდისი ანუ გუს ჯი უკრავს. ოზის დისკი ტრადიციულად მძიმეა.

რამდენიმე წლის წინ მუსიკოსს ექიმებმა უამრავი დიაგნოზი დაუსვეს: ალცჰაიმერის სინდრომით დაწყებული, პარკინსონითა და სკლეროზით დამთავრებული. მიუხედავად ამისა, ოზი ნამდვილი კერკეტი კაკალი გამოდგა და მისი შემოქმედება დღესაც ბევრს აცვიფრებს. ახალი ფირფიტის მოსმენისას მე უკმაყოფილება ვიგრძენი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ოზის ხმა შიგადაშიგ კომპიუტერული პროგრამებით იყოს გასწორებული. მიუხედავად იმისა, რომ დისკი გამოსვლისთანავე ამერიკის როკ და ჰარდ-როკ ჩარტების ლიდერი გახდა, რამდენიმე სიმღერის გარდა, ახალი დისკი ნამდვილად ვერ მოვიწონე და ერთი ჭკვიანი კაცის ნათქვამი გამახსენდა: „ცხოვრების პირველ ნახევარში ადამიანი თავის სახელზე მუშაობს, მეორე ნახევარში სახელი მუშაობს მასზე“. ოზის ახალ დისკზე სწორედ ეს შეიძლება ითქვას.

შეფასება: ****** (6/10)

მოუსმინე: Ozzy Osbourne - Diggin' Me Down
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Thursday, August 5, 2010

ბითლზები და როლინგები (ნაწილი III)

© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე


ლაშა: – 1980 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ამერიკულ ოპტიმიზმს ახალი ეპოქის დაწყებას ჰპირდებოდა. მისი დასაწყისი თითქოს ირანელი მძევლების გათავისუფლება იყო, თუმცა ამ მოვლენიდან რამდენიმე კვირაში (1981 წლის 30 აპრილს), პრეზიდენტზე თავდასხმა მოხდა. რეიგანი გადარჩა, თუმცა მისი პრესმდივანი სამუდამოდ ხეიბარი დარჩა. 25 წლის თავდამსხმელმა ჯონ ჰინკლიმ განაცხადა, რომ ეს ლეგენდარული ჯონ ლენონის მკვლელობისთვის შურისძიება იყო.

გაგა: – არ ვიცი, ჰინკლის რა ამოძრავებდა – ჯონ ლენონის გამო შურისძიება თუ ჯუდი ფოსტერის (სწორედ ნორჩ ჯუდი ფოსტერს დაჰპირდა ჰინკლი, რომ მალე სახელს გაითქვამდა) უპასუხო სიყვარულით დაბრმავება, მაგრამ მაგ მოვლენამდე მოხდა სამწუხარო ტრაგედია: 1980 წლის 8 დეკემბერს, 22:50-ზე სახლში დაბრუნებულ ჯონ ლენონს ზურგიდან ხუთჯერ ესროლეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გზად სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. 80-იანები პირქუშად „იქოქებოდა“...

პოლიციას არ გასჭირვებია მკვლელის დაკავება, რომელიც იქვე ხის ძირში იჯდა და სელინჯერის წიგნს („თამაში ჭვავის ყანაში“) მშვიდად კითხულობდა. ასე ავბედითად შევიდა მარკ ჩეპმენი ისტორიაში. მოგვიანებით პოლიციამ იქვე ბუჩქებში მიგდებული ჯონ ლენონის უკანასკნელი ალბომი – Double Fantasy აღმოაჩინა. მასზე ჯონ უინსტონ ონო-ლენონის უკანასკნელი ავტოგრაფია, რომელიც მან ჩეპმენს სიკვდილამდე ხუთი საათით ადრე ალბომზე მიუწერა.