Sunday, October 3, 1999

თბილისის როკ ფესტივალი, 17-19 სექტემბერი (ნაწილი II)


18 სექტემბერი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თბილისური შემადგენლობა თავიანთი პრეტენზიების გამო, ამ დღეს ფესტივალს გამოეთიშა, ვფიქრობ, რომ 18 სექტემბერი შესანიშნავი დღე, უკაცრავად, ღამე იყო. თუკი პირველ დღეს დიდი დაძაბულობა და ნერვიულობა იგრძნობოდა როგორც ჯგუფებს, ასევე ორგანიზატორებს შორის. ამ დღისათვის ადამიანები ერთმანეთს უფრო დაუახლოვდნენ და უკვე ერთად სვამდნენ ლუდს. აღარ ნერვიულობდნენ, რომ ბარებში საღამოები თითქმის 2 საათის დაგვიანებით დაიწყო. სხვადასხვა ჯგუფის წევრები ტროტუარების კიდეებზე ისხდნენ და გიტარის თანხლებით ექსპრომტად შეთხზულ სიმღერებს ერთად ასრულებდნენ. 

საღამოს ლადო ბურდულმა გვაუწყა, რომ კაფე Earth Wind And Fire-მ უარი განაცხადა ჯგუფების მიღებაზე, რადგან ხმაურიანმა მუსიკამ თურმე მეზობლები შეაწუხა, ამიტომ შემსრულებლები ხელახლა გადანაწილდნენ. „ჩობას ჯაზ-როკ კაფეში“ მოხვდნენ: „ამორალი“, „კონტრაბანდა“, „აუტსაიდერი“ და Best History. დატვირთული იყო კიდევ ორი ღამის ბარი: Metro და Toucan Pub. დროდადრო ვახერხებდი ამ პაბებში შერბენასაც. „ჩობას ჯაზ-როკ კაფეში“ კი ფესტივალის მეორე დღე თბილისურმა „ამორალმა“ გახსნა. „ამორალის“ ფიქრიანმა სიმღერებმა ფიქრისმოყვარული, მცირერიცხოვანი მსმენელი ჩააფიქრა და შეზარხოშებულ მაყურებელთა უმრავლესობა აღაგზნო. ღამის ბარში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აზრზე არ იყვნენ, რა ხდებოდა. ისინი მაგიდებთან ისხდნენ და კონცერტების მსვლელობისას ახერხებდნენ საუბარსა და საკვებ-სასმელის შეთვისებასაც.

ბესელა („კონტრაბანდა“)
„უზნეო“ და „ამორალური“ ბიჭები მშობლიური ეკონომიკის „დამაქცევლებმა“, ანუ „კონტრაბანდისტებმა“ შეცვალეს. სცენაზე ბესელა, იგივე ბესო რაზმაძე და მისი ჯგუფი „კონტრაბანდა“ გამოვიდა. მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთ ბარში, სადაც ფესტივალი მიმდინარეობდა, არ იყო შემაღლებული ადგილი მუსიკოსებისთვის, ე.ი. „სცენა“ ამ შემთხვევაში პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ. არ შემიძლია აღვწერო ენერგიის ის ნიაღვარი, რომელიც ამ ბიჭებიდან წამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბესელას და მის ჯგუფს აგერ უკვე 3 წელიწადია ვიცნობ, ამდენს მართლაც არ მოველოდი. ქუთაისში დაბრუნების შემდეგ „კონტრაბანდას“ ალბომს მოვუსმინე. ბესელა ჩემთვის ახალი თაობის შეუპოვარი მებრძოლია, რომელსაც აქვს მძლავრი პროტესტი ყოველგვარი დამყაყებულისა და ზოგადად სიბნელის მიმართ. სამწუხაროდ, ამ ალბომს ვერც ერთ მუსიკალურ მაღაზიაში ვერ შეიძენთ. „კონტრაბანდამ“ ძალზედ ექსპანსიურად იმუშავა. ბესელას, ბესო რაზმაძეს, ქუთაისელი მსმენელი კარგად იცნობს ტელეგადაცემა „ანარეკლიდან“, სადაც იგი ლაპარაკობდა, მღეროდა და ჰყვებოდა საკუთარ ზღაპრებს, „შუაღამის გემის“ კაიუტებში კი, ხშირად გაისმის მისი სიმღერები. „კონტრაბანდას“ ქუთაისში კონცერტი ჯერ არ ჰქონია.

***

– ბესელა, რა ხდება დღეს თბილისის მუსიკალურ სამყაროში? 

– თბილისში ამ მხრივ საქმე არის хреново, მაგრამ მაგის გამო თავს არ ვიკლავთ, ჩვენი პატარა ფინანსებით ვახერხებთ დაკვრას. ცოტას ვხერხავთ კიდეც და გვაქვს ორი პროგრამა: მძიმე და აკუსტიკური. როგორი სიტუაციაც იქნება ბარში, შესაბამის პროგრამას შევასრულებთ. მთლიანობაში თბილისში მუსიკა იკვრება და როკმოძრაობა ნელ-ნელა ქვემოთ ჩადის სარდაფებში. 

ლაშა გაბუნია და ბესელა
– ე.ი. ანდერგრაუნდში მიდის იმის ნაცვლად, რომ ზემოთ ამოვიდეს? 

– ჰო! იმიტომ, რომ მიწის ზემოთ წამოვიდნენ ისეთი საზიზღარი ე.წ. ჯგუფები, რომელთა სახელწოდებების ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ, ღირსადაც არ ჩავთვლი. მაგათ გამო ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილ, ნაღდ მუსიკას უკრავენ და გულსა და სულს აჩვენებენ მსმენელს, ჩაეშვნენ ქვემოთ. ესენი, სამწუხაროდ, ძალიან ვიწრო წრისთვის არსებობენ და მეგობრებისთვის ატარებენ კონცერტებს. ახლა, რა თქმა უნდა, უცხოელების ჩარევით, ეს 3 დღე ისეთი იქნება, როგორზეც ჩვენ, მუსიკოსები ვოცნებობდით. კარგია, რომ საზღვარგარეთიდან არიან ჩამოსული შემსრულებლები და ისინი ჩვენთან ერთად დაუკრავენ. ჩვენ, სამწუხაროდ, ყოველთვის არა გვაქვს საშუალება წავიდეთ იქ და დავესწროთ მათ კონცერტებს, მითუმეტეს დავუკრათ მათთან ერთად. ეს 3 დღე თბილისში დიდი ზეიმია და ყველანი ერთად ვზეიმობთ.

– რა ხდება შენს ჯგუფში? მას ისევ „ნეოკონტრაბანდა“ თუ ძველი, პირვანდელი სახელწოდება „კონტრაბანდა“ ჰქვია? 

– ჩემს ჯგუფს კვლავ „კონტრაბანდა“ ჰქვია. მისი შემადგენლობაა: ბესელა – ვოკალი (აკუსტიკურ პროექტში – გიტარა, ვოკალი), კახა გულიაშვილი – გიტარა, კოტე კალანდაძე – ბასი და რითმ-სექცია და გოგა სამხარაძე – დრამი. წელიწადზე მეტია, ჩვენ ერთად ვმუშაობთ. სხვათა შორის, არასოდეს მყოლია ერთი და იგივე შემადგენლობა წელიწადზე მეტხანს (აქ ბესელამ სამჯერ ზედიზედ გადააფურთხა, აქაოდა, არ გავითვალოო. ლ.გ.). 6 წლის განმავლობაში, რაც ჯგუფი არსებობს, მხოლოდ მე ვარ ერთადერთი ძველი და უცვლელი. თბილისში ვინც კი ინსტრუმენტს ხელი შეახო, ყველამ ჩემთან დაუკრა. ბოლო შემადგენლობა კი, კარგა ხანია, ერთმანეთს ვიტანთ. მე იმიტომაც ვუკრავ ამ ბიჭებთან ერთად, რომ, პირველ რიგში, ჩემი მაგარი ძმები არიან. კაცი თუ შენს გვერდით არ დგას, მისი დაკრულის დედა ვატირე! 

– მსოფლიოში გავრცელდა აზრი, რომ სხვა მუსიკალურმა მიმდინარეობებმა, თუნდაც ელექტრონულმა ტალღამ, რეივმა შეჭამა როკენროლი და აქედან გამომდინარე როკენროლი მოკვდა. ასეთი აზრი, ჩვენშიც არსებობს.  

Friday, September 24, 1999

თბილისის როკ ფესტივალი, 17-19 სექტემბერი (ნაწილი I)

თბილისური ჩანახატები მინდა დავიწყო ჩემის აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტით, რომ ამ ქალაქის ქუჩები, ადრინდელთან შედარებით, დაგვილ-დასუფთავებულია, ყველა უბანში მიმდინარეობს მშენებლობა. იქნებ, სასწაულია, მაგრამ თითქმის აღარ ითიშება ელექტროენერგია და წყალი გარეუბნებშიც კი. მომეჩვენა, თითქოს მოსახლეობის უმრავლესობას, რომელსაც ქუჩაში ვხვდები, აღარა აქვს გატანჯული სახე. არ გაგიკვირდეთ, ეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. როგორც ჩანს, თბილისელები გრძნობენ მერის მხარდაჭერას. სხვათა შორის, იმ სამდღიანი როკ-ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც 17-19 სექტემბერს ჩატარდა, იყო სწორედ თბილისის მერია. სპონსორები იყვნენ: Tbilisi Pastimes და British Airways, საინფორმაციო უზრუნველყოფის სპონსორები – საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის I და II არხი და რადიო 106,4 FM. ამ ფესტივალის სული, გული და მთავარი ორგანიზატორი კი იყო ლადო ბურდული, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ბოლო 15 წლის ქართული როკენროლი. მიუხედავად იმისა, რომ საღამოებისა და კონცერტების ამ სამდღიან ციკლს როკფესტივალი ერქვა, მე პირადად მას დავარქმევდი უფრო ალტერნატიული მუსიკის ფესტივალს, რომლის შემადგენლობაც საკმაოდ ჭრელი იყო. აქ იყვნენ ჯგუფები და შემსრულებლები: Tblisi (ლონდონი), Восьмая Марта (მოსკოვი), Бабслей (პეტერბურგი), Vostan (ერევანი), „ლაბირინთი (სამტრედია), Insight (ბათუმი), Outsider, Bajoo, Best History (ქუთაისი), ლადო ბურდული, ბაკურ ბურდული, „კონტრაბანდა“, „ამორალი“, Nevermind, „დეპრესიული არდადეგები“, ლიკა ნადარაია, Afternoon Version (თბილისი).

17 და 18 სექტემბერს საღამოები გაიმართა ვერის უბნის ერთმანეთთან ახლოს მყოფ კაფეებში, ბარებსა თუ პაბებში, რომელთა უმრავლესობაც „პეროვსკაიაზე“, ანუ ახლანდელ ახვლედიანის ქუჩაზე მდებარეობს. ესენია: „ჩობას ჯაზ-როკ კაფე“, Dima’s Heineken, Earth Wind And Fire, Metro, Vienna Bar, Toucan Pub. ღამის ქალაქის ამ მყუდრო ბუდეებში გადანაწილდნენ ჯგუფები.

რობი კუხიანიძე („აუტსაიდერი“)
თითოეულ ბარში დაახლოებით 4-5 შემსრულებელს უნდა დაეკრა. საღამოები საღამოს 7 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ქართული, უკვე ტრადიციული წესის თანახმად, გვიანდებოდა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქუთაისიდან თბილისში ორი ჯგუფი ჩავიდა, ერთიც – ბაჯუ, ჩვენი გაზეთის მკითხველთათვის უკვე საკმაოდ ცნობილი პიროვნება. ჩვენს მუსიკოსებს თან გულშემატკივართა საკმაოდ დიდი ამალა ჩაჰყვა დედაქალაქში, ზოგიც – ადგილზე დახვდა. ასე რომ, ამ ორი დღის განმავლობაში 17:00 სთ-დან ზემოთნახსენებ ღამის თავშესაფრებთან უამრავი ხალხი ირეოდა. შესვლა 5 ლარი ღირდა, რაც უმრავლესობას ეძვირა, ამიტომ ბევრი უბილეთოდ (აქ: ხელზე ბეჭედდაურტყმელად) შესვლას ლამობდა, თუმცა თავდაპირველად, ანუ კონცერტის დაწყებამდე, არაფერი გამოსდიოდათ. უნდა ითქვას, რომ ქუთაისელი გულშემატკივრების ნახევარი, უსახსრობის გამო, ვერც ერთ საღამოზე ვერ მოხვდა. რეპორტიორებს, ანუ კორესპონდენტებს ყოველგვარი აკრედიტაციის გარეშე შეგვეძლო შესვლა. მე, ძირითადად, ვესწრებოდი იმ საღამოებს, რომელშიც ქუთაისური ჯგუფები იღებდნენ მონაწილეობას, სამწუხაროდ, ვერ დავესწარი ბაჯუს გამოსვლებს ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. 

მინდა გავიხსენო ფესტივალის თითოეული დღე და საუბრები, რომელსაც მაგნიტურ ფირზე ვიწერდი. სურათები კი, ჩვენი ფოტოკორესპონდენტის, ზურა ზენაიშვილის მიერაა გადაღებული.

ლადო ბურდული
17 სექტემბერი. დილით ლადოს ტელეფონით ველაპარაკე. მან საღამოს 5 სთ-ზე დაგვიბარა „პეროვსკაიაზე“. საღამომდე მთაწმინდის პანთეონი მოვინახულე მეგობრებთან ერთად, ვისეირნეთ დედაქუჩაშიც. დათქმულ დროს, კაფე Metro-სთან შევხვდით ლადოს, რომელმაც ფესტივალის პროგრამა გადმომცა და მონაწილეებს შეერია. აქ უამრავ ნაცნობს და უცნობს მოეყარა თავი. ხშირ შემთხვევაში ფესტივალის მონაწილეებს მაყურებლებისგან ვერც გამოარჩევდით. ქუჩაში ვესაუბრე დიდი ხნის უნახავ მეგობარს, ჯგუფ „კონტრაბანდას“ ფრონტმენს, ბესო რაზმაძეს, იგივე ბესელას. იგი ძალიან კმაყოფილია, რომ ასეთი დიდი და კარგი ფესტივალი ჩატარდა. სხვათა შორის, მის აზრს ბევრი სხვა შემსრულებელიც იზიარებს.

სანამ საღამოები დაიწყებოდა, ჟურნალისტები, მუსიკოსები თავიანთ გულშემატკივრებთან ერთად და უბრალოდ, იქ მისულები უახლოეს გასტრონომებსა თუ სუპერმარკეტებს შევესიეთ, რა თქმა უნდა, „საწვავის“ მისაღებად, ანუ ცივი, ქაფქაფა ლუდის დასალევად. სამწუხაროდ, „არგო“ და „ყაზბეგი“ 1 ლარზე იაფად ვერსად ვიშოვეთ. ეს არაფერია იმ ფასებთან შედარებით, რაც ღამის სავანეებში ბატონობდა. ერთი ბოთლი ნაციონალური წარმოების ლუდი ერთ-ერთ ბარში 2,50 ლარი ღირდა, თუმცა, ეს კანონზომიერია ნებისმიერ ასეთ დაწესებულებაში. ყველანი ვცდილობდით კონცერტების მსვლელობისას, ლუდი შენობაში კონტრაბანდული მეთოდებით გარედან შემოგვეტანა. ამ შემთხვევაში, მე დაუფარავად, შეიძლება ითქვას, უსირცხვილოდ ვსარგებლობდი ჩემი ჟურნალისტის მოწმობით. საღამო კაფე Earth Wind And Fire-ში 8 სთ-ზე დაიწყო. აქ პირველები გამოვიდნენ სომხური ჯგუფი „ვოსტანის“ წევრები. კონცერტის დაწყებამდე გავესაუბრე ვოკალისტს, ოვანეს მუნგენიანს არა ქართულ, არა სომხურ, არამედ რუსულ ენაზე.

***

ოვანეს მუნგენიანი („ვოსტანი“)
– ჩვენ ერევნიდან ვართ, ჯგუფი არსებობს 1986 წლიდან და მუშაობს ჰარდ-ენდ-ფოლკ როკში. ამ შემადგენლობით ჩვენ უკვე მე-5 წელია, რაც ვუკრავთ. თბილისში პირველად ვართ, ვფიქრობთ, რომ ამ ქალაქში კარგი პუბლიკაა. ჩვენი ჯგუფის დანარჩენი წევრები არიან: დავიდ კუშარიანი – სოლო გიტარა, ალიკ ნაზარიანი – ბასი, ლევონ ოვსერსიანი – დასარტყამები.

– ოვანეს, შენი აზრით, როგორაა მუსიკის საქმე კავკასიაში?

– პერესტროიკის დაწყებიდან დიდი აღმავლობა დაიწყო როკმუსიკაში. 1987 წელს ერევანში დიდი ფესტივალი ჩატარდა, სადაც 40-მა ჯგუფმა დაუკრა. 3 დღის განმავლობაში ველოტრეკი, სადაც ეს ფორუმი ტარდებოდა, პირთამდე იყო გადაჭედილი. მაყურებელთა რაოდენობამ 30 000-ს მიაღწია. საბჭოთა კავშირის დაშლამ და ყარაბაღის ომმა ძლიერი უარყოფითი დარტყმა მიაყენა როკს. მხოლოდ ახლა ვცდილობთ, აღვადგინოთ ყველაფერი. უკვე წელიწადია, მოქმედებს როკკლუბი. გასულ წელს ჩვენ სომხეთის დახურული ფესტივალი მოვაწყვეთ. საინტერესოა, რომ მასში 25-მდე ახალგაზრდა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე დიდი პრობლემა ჩემთვის ისაა, რომ სომხეთში, ძირითადად, ინგლისურენოვანი ჯგუფები არიან. ჩვენ ვუკრავთ სომხურ როკს სუფთა მუსიკალური ხედვით. ესაა ტრადიციული როკისა და სომხური ჟღერადობის სინთეზი. თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ კალიფორნიელი სომხების ჯგუფს (სამწუხაროდ, ხმაურის გამო, ჯგუფის სახელწოდება ჩანაწერში თითქმის არ ისმის და სავარაუდოდ, System Of A Down-ზე ლაპარაკობდა. ლ.გ.), რომელთა მიერ გამოშვებული დისკი ამერიკაში აღიარეს წლის 10 საუკეთესო ალბომს შორის. ვფიქრობ, რომ სომხური როკი არსებობს. სამწუხაროა, რომ კავკასიაში როკი არაკომერციულია. რაც დღეს თბილისში ტარდება, შესანიშნავია. საჭიროა ჩვენ ერთმანეთს ხშირად შევხვდეთ, მოვაწყოთ ერთობლივი პროექტები და მომავალში ყველაფერი კარგად იქნება.

– შენი აზრით, მსოფლიოს როკმუსიკაში შეიმჩნევა თუ არა პროგრესი?

Friday, September 17, 1999

ვატო ნებიერიძე – გავიდეთ ვაკუუმიდან!

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ვიოლინოს ხემის ნაცვლად ხელში საფარიკაო დაშნა დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ წლების შემდეგ ერთ-ერთმა პირველმა ქალაქში ერთგვარი როკ-ლაბორატორია ჩამოაყალიბა, მიუხედავად იმისა, რომ ოპერის თეატრის სიმფონიური დასი ესპანეთში ამოგზაურა და კონცერტები გაამართვინა, მიუხედავად იმისა, რომ მას განსაკუთრებით უყვარს ჯგუფები The Rolling Stones, Sex Pistols და სულიერი შვილობილი „აუტსაიდერი“, მიუხედავად იმისა, რომ იგი საქართველოს ერთ-ერთი პირველი, გამოცდილი პანკია, მიუხედავად იმისა, რომ ჰყავს შესანიშნავი მეუღლე და ქალ-ვაჟი, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქვია ვახტანგ ნებიერიძე, მისი ნამდვილი ზედმეტსახელი მაინც „სტრადივარია“.

– ჩვენს ქალაქში პერესტროიკის დროს შენი და ტუსოვკას (თემურ ჯოხაძე) მიერ დაწყებული საქმე, საქართველოს მასშტაბით, შეიძლება ითქვას, პირველი ნაბიჯები იყო შოუბიზნესში. თქვენ რუსეთიდან და საზღვარგარეთიდან ჩამოგყავდათ ჯგუფები. თქვენს გაერთიანება „მელომანში“ ჩამოყალიბდა პირველი ქუთაისური როკჯგუფები, მახსოვს, რა მადლიერები იყვნენ თქვენი, მაშინდელი ახლადფეხადგმული თბილისური შემსრულებლები: „ტაქსი“, „გენეტიკური კოდი“, ირაკლი ჩარკვიანი, კახა კიკაბიძე და სხვები. შენი აზრით, რა მოხდა ჩვენს ქალაქში? რატომ გადაინაცვლა ცენტრმა თბილისში?

– ეს ორგანიზაცია, რომ ე.წ. „პოპსა“ ყოფილიყო, ჩვენ რომ ქალაქში კომერციული ჯგუფები ჩამოგვეყვანა, უფრო გამოვჩნდებოდით. ადრე თბილისში ბობ დილანი იყო ჩამოსული, მაგრამ, სამწუხაროდ, ხალხი ვერ ხვდებოდა ვინ იყო ის. ამბობდნენ ვიღაც პოეტი ბობ დილანია ჩამოსულიო. აი, B.B. King-ს შესანიშნავად დახვდნენ.

ჩვენ უფრო ანდერგრაუნდის (იატაკქვეშა) მუსიკას ვემსახურებოდით და ნაღდად არ ვჩანდით ჩვენს ქვეყანაში და მით უმეტეს, ისეთ ქალაქში, როგორიც ქუთაისია. მაშინ ფილარმონია ბატონობდა. ეს დღესაც ასეა. ახლაც ხდება საინტერესო რაღაცეები, მაგრამ მასას ეს არ აინტერესებს. ეს მხოლოდ გარკვეული ფენების ყურადღების ცენტრშია.

– თბილისში არიან ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებული არიან შოუბიზნესის განვითარებით, მაგრამ ისინი უფრო „პოპსა“ ჯგუფებში დებენ ფულს, დიდ ფულს.

– „მელომანი“ ცდილობდა პოპულარიზაცია გაეწია ანდერგრაუნდის ისეთი მიმდინარეობებისათვის, როგორებიცაა: პანკი, ალტერნატივა და ა.შ. აი, მაგალითად, ჯგუფი „აუტსაიდერი“ ჩვენთან სწორედ, ასეთ ბაზაზე შეიქმნა. როდესაც მომავალი აუტსაიდერელები „მელომანში“ მოვიდნენ, მათ არ იცოდნენ რა უნდოდათ, ვერ ხვდებოდნენ, ჩვენ რას ვთავაზობდით. მაგრამ შემდეგ ბიჭებმა მოგვისმინეს, მოეწონათ ჩვენ მიერ მიწოდებული მუსიკა, დაფიქრდნენ და ეს ყველაფერი გაითავისეს. თავდაპირველად კი ისინი აზრზე არ იყვნენ თუ რას წარმოადგენდა პანკმუსიკა, ალტერნატივა. 

პირადად ჩემთვის ეს არის სწორი გზა თანამედროვე მუსიკაში, თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ. ვფიქრობ, რაც მეტი იქნება ასეთი ორგანიზაცია, რომელიც, ჩემის აზრით, ახალგაზრდებს სწორ გზაზე დააყენებს, უფრო მოხარული ვიქნები. ამ ჩემს ნათქვამს ალბათ, ცოტანი გაითავისებენ.

– ვატო, რატომ მაინცა და მაინც ანდერგრაუნდს უნდა უსმინონ ახალგაზრდებმა?

– ჯაზიც კარგია და კლასიკაც, მაგრამ ეს ისეთი მუსიკაა (ანდერგრაუნდი), რომელიც აწონასწორებს ყველაფერს. ეს მიმდინარეობა, ჩემი აზრით, ყველაზე უკეთესად გამოხატავს სულის თავისუფლებას. აქ არაფერი არ გბოჭავს. თუნდაც მეტალსა თუ ჯაზში რაღაც გაკავებს, რაღაცას ჩაწვდომა სჭირდება. აქ კი, შენ რასაც გინდა იმას აკეთებ.

– თვით პანკი ზედმეტად აგრესიული ხომ არ არის?

Friday, September 3, 1999

ქართველი კოსმოსში

ბაჯუ 1992 წელს გავიცანი, როდესაც ჩემ ტელეგადაცემა „კედელში“ ჯგუფ „აუტსაიდერის“ შემოქმედება უნდა გამეშუქებინა. ამ ჯგუფში ის დასარტყამებზე უკრავდა, თუმცა, საკუთარ პროექტზეც მუშაობდა. მას შემდეგ 7 წელი გავიდა, ბაჯუ თითქმის არ შეცვლილა. ის ამტკიცებს, რომ არ არის ვარსკვლავი, რადგან ვარსკვლავებით, უკვე მოჭედილია ჩვენი ცა. ის იყო, არის და იმედია, იქნება ნოვატორი მუსიკოსი, რომელიც არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით და განვლილი გზით. პანკი, მეტალი, რეპი, ტრანსი, ესიდი – არასრული ჩამონათვალია იმ თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობებისა, რითაც იყო გატაცებული ეს უნივერსალური მუსიკოსი.

წლევანდელი უჩვეულო აგვისტოს სიცხისაგან გათანგულ დღეს შედგა ჩვენი დაუგეგმავი საუბარი ბაჯუს, იგივე გიგა მჟავიას (დღეს უკვე გიგა ერისთავის), გრილ, უკონდეციონერო ბინაში. წარმოიდგინეთ: უსკამო ოთახი, ერთ-ერთ კედელზე მაგიდის ღამის სანათური ბრის ფუნქციით, ერთ კუთხეში მასპინძლის ინსტრუმენტები, კედელზე ნახატები, პოსტერები, ფოტოები და ფერადი ნათურები, ტელევიზორი, ოთახის სხვა კუთხეში – ძალზედ დაბალი ტახტი, იატაკზე – ფართე ხალიჩა, რომელზეც მე და ბაჯუ ვსხედვართ. ვსაუბრობთ...

– ბაჯუ, როგორ შეგიძლია გაეცნო იმ ადამიანებს, რომლებსაც არ იცნობ? 

– არასოდეს არ ვცდილობ, ვინმე გავიცნო. თუ ვინმეს ჩემი სურს, თავად გამეცნოს. მე ჩემთვის ვცხოვრობ. საკუთარი თავი, ჩემი შინაგანი სამყარო კი, შემიძლია, ჩემი მუსიკით დავანახო ყველას. 

– შენ ნოვატორ მუსიკოსად ითვლები. შემოგაქვს ახალი, თანამედროვე მიმდინარეობები. ასე იყო ადრეც. გულახდილად მიპასუხე –ხომ არ დაიღალე?

– ყოველ 7 წელიწადში იცვლება მომავლის ფსიქოლოგია, ჩემი შინაგანი გენეტიკა და ზოგჯერ დროის ისეთ მონაკვეთში ვექცევი, როცა სულიერი სიმშვიდე და სხვა, ახალი სამყაროები მჭირდება განვითარებისთვის, რომელსაც რეალობის მაცქერალი ადამიანი ვერ აღიქვამს. უკვე ძალიან ღრმად მაქვს ნაგრძნობი და შესწავლილი პლანეტაზე არსებობა. რთულია, რაღაც მომენტში, როცა ზემოდან უყურებ ყველაფერს. ყველას უნდა გასცე პასუხი, სახეში უცინო...შესაძლოა შენ ყველასთან ერთად ხარ, მაგრამ მაინც განმარტოებული. იმიტომ კი არა, რომ რაღაც არ გაკმაყოფილებს, უბრალოდ, არ მაინტერესებს, რას აკეთებენ ჩემი სამზარეულოს ზედა უჯრაში ჭიანჭველები, რომლებიც ახლა, ალბათ, ზამთრისთვის ემზადებიან.

– დაღლის უფლებას არ აძლევ საკუთარ თავს?

– დაღლას ისედაც ვერასდროს ვერ ვგრძნობ.

– წარმოიდგინე შენი თავი საუკუნეში, რომელიც ჩვენ გვაჩუქეს, ვთქვათ, 30 წლის შემდეგ, ე.ი. 2029 წელს. ბაჯუ, როგორი სიტუაციაა ირგვლივ?

– სად, პლანეტაზე?

– ჰოო, თუნდაც...

– მაგ საუკუნის 20-იან წლებში ისეთივე განვითარება ექნება ცივილიზაციას. ოღონდ 100-ჯერ, 200-ჯერ მეტი სწრაფი ტემპით, ვიდრე დღეს. თუ ადამიანი ამ მოვლენებს რაღაც მაგიური ძალით არ შეეგება – იგივე მუსიკით, თუ თეატრით, – საცოდაობა იქნება მაშინ დედამიწაზე ცხოვრება. თუ აკვირდები, დღესაც რაღაცნაირად დაპროგრამებულია ყველაფერი. იმ დღეებამდე არის გზა და როგორც შეავსებ შენი ტვინის უჯრედებს, ისე წახვალ იქით, ხოლო თუკი აქედან ამ გზას ქვეცნობიერად მიუღებელ ფორმებში გაივლი, მაშინ დაღუპული ხარ.

– მზის დაბნელების დროს რით იყავი დაკავებული?

– მეძინა, რაღაც სიზმრებს ველოდებოდი და მივიღე. ერთ დროს ვმუშაობდი სიზმრებზე, მის ფაზებზე და ერთი წლის განმავლობაში შედეგებიც მივიღე. კერძოდ, ბუნებას შევხედე ცოტა სხვა თვალით – ჩიტებს, ობობებს. 

– ადრინდელ ჩვენს ინტერვიუში შენ აღნიშნე, რომ შენი ტვინი მოგზაურობს სხვადასხვა ადგილებში. კერძოდ – ქუჩებში, მდინარეებზე, ტყეებში, მინდვრებში, ოკეანეებში გისეირნია...

Thursday, August 26, 1999

პარასკევი, 13

სამი ძირითადი სიტყვა, რომელიც აერთიანებდა 1960-იანი და 1970-იანი წლების როკ-ენ-როლის მიმდევრებს – Sex, Drugs & Rock’N’Roll, ანუ „სექსი, ნარკოტიკები და როკ-ენ-როლი“, ქუთაისელი როკერებისთვის რატომღაც ასე ჟღერს: „ლუდი, სექსი, როკ-ენ-როლი“.

1999 წლისთვის მხოლოდ ერთი პარასკევი დაემთხვა „თარს“ 13 რიცხვს, ისიც აგვისტოში. რა არ უნდა მომხდარიყო ამ დღეს. თქვენ, ალბათ, კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორი შიშის ძრწოლით უყურებენ ასეთ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ და უმნიშვნელო თარიღებს ზოგიერთ, ცივილიზებულ (თუ ცივილურ?) ქვეყანაში (ალბათ, ესეც ერთი შეხედვით ჩანს). ასეთი განვითარებული ქვეყნების ზოგიერთი წამყვანი ავიაკომპანიის თვითმფრინავები პარასკევს, 13 რიცხვებში საერთოდ არ დაფრინავენ, ზოგი საწარმო თუ დაწესებულება ისვენებს. ვიმედოვნებ, რომ წლეულსაც ასე იქნებოდა. 11 აგვისტოს, მზის საყოველთაო დაბნელებას დიდი აჟიოტაჟითა და სიხარულით შეხვდნენ საზღვარგარეთ. მოაწყვეს მისი პირდაპირი (ცოცხალი) რეპორტაჟები, ჩატარდა როკ-ფესტივალები ღია ცის ქვეშ. მხოლოდ ჩვენთან იყვნენ ადამიანები სახლებში შეყუჟულები და ბევრი რატომღაც სასწაულს ელოდა.

ერთი ფრანგი ხელოვანი ვარაუდობდა, რომ სწორედ 13 აგვისტოს, პარასკევს პარიზში მეტეორი უნდა ჩამოვარდნილიყო. ეს ხელოვანი, რომელიც წინასწარმეტყველურ ნიჭს იჩემებდა (ინტერვიუ გაზაფხულზე გამოქვეყნდა), ხალხს მოუწოდებდა, იმ დღეს პარიზში არ გაჩერებულიყვნენ. ჩვენთვის უცნობია, როგორ გაითვალისწინეს ფრანგებმა ეს რჩევები.

ჩვენს ქალაქში, იმ ორი დღის (11 და 13 აგვისტოს) განმავლობაში არაფერი ძლიერ მნიშვნელოვანი არ მომხდარა. უბრალოდ, მოსახლეობის ნაწილი დასასვენებლად გაემგზავრა, ნაწილი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა, მესამე ნაწილი კი არც არსად გამგზავრებულა და აქედან გამომდინარე, არც არსაიდან ჩამოსულა. კურორტებზე გამახსენდა. ქუთაისელმა როკის მოყვარულებმა, ალბათ, არ იციან, რომ ქობულეთში არსებობს ერთი კარგი ჯგუფი, რომელსაც „სიჩუმე“ ჰქვია. ჯგუფის წევრებს, მართალია, პროფესიონალურ დონეზე ჯერ არც ერთი სიმღერა არ ჩაუწერიათ, მაგრამ ისინი საინტერესო ხმაურიან მუსიკას უკრავენ ჯაზის ელემენტებით. ბიჭებს ძალიან მოსწონთ ჯგუფები: The Doors, Nirvana, Metallica, Manowar, The Beatles (კერძოდ ლენონი) და ბათუმური ჯგუფი Mutabor, რომლის წევრებიც „სიჩუმესთან“ მეგობრობენ. ქობულეთელები არც ერთ თბილისურ და ქუთაისურ ჯგუფს არ იცნობენ. ჯგუფ Mutabor-ის ჩანაწერი უკვე ჩვენს ხელთაა და უნდა დაველოდოთ რადიო „ნოსტალგიას“ ხელახალ ამუშავებას, სადაც თქვენ ამ ჩანაწერსა და კიდევ სხვა ახალ ქართულ კომპოზიციებს მოისმენთ გადაცემაში „შუაღამის გემი“.

მზის დაბნელებამდე ორმა ქუთაისურმა ჯგუფმა მოასწრო აუდიოჩანაწერის გაკეთება. ესენი არიან ჯგუფები: „ბუნკერი“ და „რადიკალი“. ამ სიმღერებსაც თქვენ აუცილებლად მოისმენთ რადიოგადაცემა „შუაღამის გემის“ კაიუტებში. აი, ასე ემზადებოდნენ ჯგუფები ამ ფატალური თარიღისათვის. დაახლოებით ერთი თვით ადრე სპეციალურად P.S.-თვის და „L.G. სტენდისთვის“ ვესაუბრე ჯგუფ Best History-ს უცვლელ ვოკალისტს, ფრონტმენ გიორგი (ჟორა) ხონელიძეს.

ჯგუფი Best History შეიქმნა 1996 წელს რადიო „ძველი ქალაქის“ წიაღში. ჯგუფი დააარსეს ჟორამ და ვატო კიკალეიშვილმა, რომელთაც ერთ-ერთ მორიგეობაზე, ღამით, გამორთეს საეთერო მიკროფონები, სამსიმიანი გიტარითა და რძის ქილებით ჩაწერეს თავიანთი რეპეტიცია. როგორც გიორგი აღნიშნავს, ძველი სიმღერები ხასიათით განსხვავდებიან ახლებისაგან. 1997 წლიდან ჯგუფში უკრავს ნიკა (ნიკალა) სვანაძე, რომელმაც საკუთარი ხელით დაამზადა ელექტროფანდური. მოგვიანებით, ჯგუფიდან წავიდა ვატო კიკალეიშვილი. ხოლო 1997 წლის ბოლოს „საუკეთესო ისტორიას“ შემოემატნენ ძმები – ზვიად (ელ. გიტარა) და ზაზა (დასარტყამები) საკანდელიძეები.

* * *

– როგორ იწერება მუსიკა თქვენს ჯგუფში?

Thursday, July 8, 1999

გავუსინჯოთ მაჯისცემა ჯგუფ „პულსს“

ბრძოლა საკუთარ თავთან

დღე მშვენიერი გათენდა, მზიანი, მშვიდი, ივნისის უკანასკნელი ამოსუნთქვა. ქუთაისში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით, ოშოისტების ნამუშევრების გამოფენას „ბაგრატის ფონდის“ დარბაზში, რის შესახებ ჩემი რესპოდენტი მოგვიანებით აუღელვებლად გაიკვირვებს: „რა უნდა ოშოს ტრანსულ გამოფენასა და მედიტაციებს ბაგრატის ტაძრის აღორძინების ფონდში? – პაუზის შემდეგ დაუმატა, – რა უნდა ჯგუფ „აუტსაიდერს“, ვთქვათ, სახელმწიფო ფილარმონიაში?..“ სწორედ, ამ მშვენიერ დღეს ავედით მე და ჩვენი გაზეთის ფოტოკორესპონდენტი ზურა ზენაიშვილი ქუთაისის სატრაქტორო ქარხნის ერთ-ერთ ოთახში, სადაც ჯგუფი „პულსი“ ატარებს რეპეტიციებს. ოთახში წესრიგია, მაგრამ ჭერიდან წყალი წვეთავს. „პულსის“ ბიჭები ამბობენ, რომ წყალი, რატომღაც, მხოლოდ მზიან ამინდში წვეთავს. პატარა „მაგიდაზე“ გაზეთ Я Молодой-ს ერთ-ერთ გვერდზე, სადაც ჯგუფ Prodigy-ს ფოტო და სტატიაა, ძველი პურის ნატეხი და მინის უცნაურად შეჭყლეტილ-შემოჭყლეტილი ღვინის ძველებური ბოთლი დევს. როგორც სოსო ივანეიშვილი – ჩვენი მასპინძელი, – ამბობს, ბოთლი ჩვენი საცოდაობით დადნა და ფორმა იცვალაო...


ვფიქრობ, დადგა დრო, გავიცნოთ ჯგუფი „პულსი“. ესენი არიან:

სოსო ივანეიშვილი – ვოკალი, გიტარა, სიმღერების ავტორი და საერთოდ, ჯგუფის დამაარსებელი;

მირიან თუმანიშვილი – დასარტყამი ინსტრუმენტები, ანუ დრამერი;

გოგა ქარსელაძე – ბას-გიტარა.

ჯგუფს ჰყავს კიდევ ერთი გასაიდუმლოებული წევრი.

***

ზუსტად იმ დღეს შევიძინე ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“, რომელშიც თავად ავტორის ნახატებია. „ნომერი პირველი“ ნახატი, რომელიც ეგზიუპერის ყოველთვის თან დაჰქონდა და ადამიანებს უჩვენებდა მათი აზრის გასაგებად, იმ დღეს ჩემს ხელში აღმოჩნდა. ვისარგებლე შემთხვევით და გადავწყვიტე ბიჭებისთვის მეჩვენებინა. აი, ეს ნახატიც:

ეგზიუპერის „პატარა უფლისწულიდან“ ნახატი №1

სოსოს ვერსიები: ესაა მლოცველი, რომელსაც ნაჭერი გადაუფარებია და დაჩოქილი ლოცულობს, ან მკვდარი სპილოა, ან თუნდაც უდაბნოში ნახევრად ჩამარხული გიტარა.

მირიანის აზრით, ეს სველპირსახოცგადაფარებული სპილოა.

გოგას ძალიან შიოდა და სიცილით თქვა, რომ ახლა ეს ნახატი შემწვარ ქათამს მაგონებსო.

ეგზიუპერის აზრით, ვინც ამ სურათზე ქუდს დაინახავს, ის უკვე დიდია, რადგან სინამდვილეში მან დახატა მახრჩობელა გველი ბოა, რომელიც გადაყლაპულ სპილოს ინელებდა. ჩვენს შემთხვევაში, არც ერთის პასუხი არ იყო „ქუდი“...

Tuesday, February 18, 1997

„აუტსაიდერის“ კონცერტი მთვარეზე დაიგეგმა

არ ვიცი როგორ დავიწყო ეს სტატია ერთ უბრალო ქუთაისურ ჯგუფზე, რომელსაც „აუტსაიდერი“ ჰქვია, რადგან ბოლო დროს  პრესაში მის შესახებ უამრავი მასალა მოზღვავდა ათასნაირი სათაურით: „აუტსაიდერი – ქუთაისური ალტერნატივა“ („7 დღე“), „აუტსაიდერი ლიდერი გახდა“ („რეზონანსი“) და ა.შ. ეს ყველაფერი გასულ წელს მიღწეული წარმატებების შედეგია. წარმატებებისა, რომლებმაც გამოუცდელ ადამიანს შესაძლოა თავგზა აუბნიოს.

ახლა მოკლედ ჯგუფის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტები:

1989 წელი: ქალაქში იქმნება ჯგუფი „აუტსაიდერი“.

1990 წელი: ხანგრძლივი რეპეტიციები გაერთიანება „მელომანში“.

1991 წელი: მონაწილეობა ტალინის ალტერნატიული კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე სახელწოდებით Noorteground; მონაწილეობა მოსკოვის როკ-ლაბორატორიის მიერ მოწყობილ „იმედების ფესტივალზე“.

1992 წელი: გამოსვლები მოსკოვის როკ-ენ-როლ კლუბ „სექსტონში“; მუშაობა ალბომზე.

1993 წელი: გამოდის „აუტსაიდერის“ ფირფიტა, სახელწოდებით „ინსაიდი“.

1994 წელი: ჯგუფის ირგვლივ ყალიბდება „ნიღბების კლუბი“.

1995 წელი: „ნიღბების კლუბი“ და „აუტსაიდერი“ ყოველი თვის 8 რიცხვში ატარებენ აქცია-რეპეტიციებს ქალაქის სხვადასხვა ნაწილში.

1996 წელი: გასტროლი თბილისში კლუბ „ყაზბეგის“ ორგანიზებულ ფესტივალზე „ხელები“; კონკურს „მარგარიტა 96“-ზე გამარჯვება ალტერნატიული მუსიკის ნომინაციაში.

დღიდან ჯგუფის პირველი რეპეტიციებისა, „აუტსაიდერი“ აბსოლუტურად დამოუკიდებლად მუშაობს. მას არასდროს ჰყოლია ე.წ. „სამხატვრო ხელმძღვანელი“, როგორც იყო მიღებული საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ ანსამბლებში. ჯგუფის წევრებს ნამღერი (დაკრული) არა აქვთ ქორწილებში, არ გამხდარან რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრები და არასდროს ყოფილან მიცემული პასუხისგებაში.

ამ ტრიოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობები ემუშავა ცივილიზებული შოუბიზნესის მეთოდებით. მას ადრევე ჰყავდა პროდიუსერი და მენეჯერი, რომელთაც ჯგუფის მომავალი წარმატებებისთვის თავის დროზე ძალიან ბევრი გააკეთეს.

დღეისათვის ჯგუფის შემადგენლობაა: რობი კუხიანიძე (1965, გიტარა, ვოკალი), საბა კუპრაშვილი (1972, ბას-გიტარა), გია შილაკაძე (1967, დასარტყამი ინსტრუმენტები). აგრეთვე მენეჯერი კახა ძიძიგური (1970), პროდიუსერი – გია მირიანაშვილი (1973) და აღმასრულებელი პროდიუსერი ხვიჩა დოღონაძე (1964).