Wednesday, December 6, 2000

Afternoon Version: სანამ სახელმწიფოს ფეხებზე ვკიდივართ, აქ არაფერი გამოვა

ალტერნატიული ჯგუფ Afternoon Version-ისადმი ინტერესი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ჩემმა სოლიდურმა მეგობარმა მისი R-CD მომასმენინა, რომელშიც შესული იყო ოთხი, ჩემი აზრით, მეტად საინტერესო და საქართველოსთვის იშვიათი კომპოზიცია ინგლისურ ენაზე. ჩემსა და ჯგუფის ორ წევრს შორის საუბარი ვაკეში, ერთ-ერთი ჩვეულებრივი კორპუსის მინუს მეორე სართულზე გაიმართა, რაც სიმბოლურად მივიჩნიე. აქ ძალიან ხშირად იკრიბებიან მუსიკოსები. ის ერთგვარ სარეპეტიციო და ჩამწერ სტუდიას წარმოადგენს. საუბრის დასაწყისში გაირკვა, რომ ჯგუფი Afternoon Version („ნაშუადღევის ვერსია“), იგივე AV, ან უბრალოდ Version შექმნილია 1994 წელს, მაგრამ საბოლოო სახე 1995 წელს მიიღო. კოლექტივის ძირითად ბირთვს წარმოადგენენ: გიორგი სიხარულიძე (ვოკალი, ბასი), ნიკა წერეთელი (კლავიშები, დამხმარე ვოკალი) და ზურა ძაგნიძე (გიტარა). ჯგუფის დანარჩენი ორი წევრი – გოგა ქავთარაძე (დასარტყამები) და დათო თოიძე (გიტარა) ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, AV ტრიოს სახით განაგრძობს მუშაობას და ისინი ძალიან კარგ ელექტრონულ ალტერნატივას ასრულებენ.

* * *

– რატომ ჰქვია თქვენს ჯგუფს Afternoon Version, ანუ დღის მეორე ნახევრის ვერსია?

გიორგი სიხარულიძე – ამაში არავითარი ღრმა კონცეფცია თუ ჩანაფიქრი არ დევს. ეს სიტყვების თამაშია, ანუ ჩვენებური ვერსიაა მუსიკისადმი მიდგომის, რადგან დღის მეორე ნახევარში ადამიანი ყველაზე გამოფხიზლებული, აქტიურია და საღი გონებით აღიქვამს გარშემო მიმდინარე მოვლენებს, ე.ი. ცხოვრებას უფრო სრულფასოვნად აფასებს. მერე ამას სხვა აზრებიც დავამატეთ. თუნდაც, ყველაფერს, რასაც ადამიანი აკეთებს, არის ვერსია. მუსიკა არის ცხოვრების აღქმის, მისდამი დამოკიდებულების და განცდების გამოხატვის ვერსია. ჯგუფისათვის ვხმარობთ აბრევიატურასაც AV, რომელიც, თავის მხრივ, სხვა ბევრ რამესაც გამოხატავს. მაგალითად, „აუდიო-ვიდეო“, კიდევ „ავიენ“, ანუ ის, რაც დაფრინავს და ა.შ. როდესაც საკუთარი სოლო ნამუშევრები გავაკეთე, ვხმარობდი მხოლოდ Version-ს. ბოლო ალბომზე, რომელსაც ერთად ჩავწერთ, ვაპირებთ სრული სახელწოდების წარწერას.

Afternoon Version-ის ერთ-ერთი პირველი შემადგენლობა
– თქვენი აზრით, მაინც რა სტილში მუშაობთ?

გ. ს. –  თავის დროზე, როცა ცოცხალ ჯგუფად ჩამოვყალიბდით, ჩვენი სტილი უფრო ალტერნატიული საცეკვაო მუსიკა იყო. გვქონდა საცეკვაო ბიტი, რიტმი, მაგრამ ეს არ იყო სუფთა საცეკვაო, სახელდობრ, დისკო, არამედ, რთული, კონცეპტუალური და, რაც მთავარია, ექსპერიმენტული. მუსიკა არ უნდა ყოფილიყო შაბლონური, ვთქვათ, ჰაუსი, სუფთა ტრანსი ან რაღაც მსგავსი. ახლა, როცა უკვე კომპიუტერები გვაქვს, სტილის განსაზღვრა უფრო გართულდა. ამ ეტაპზე კომპოზიციებს ვაკეთებთ ერთად და ცალ-ცალკე, ზოგჯერ მღერის მამუკა ბერიკა, ან ვინმე გოგო. აქ იკრიბება საზოგადოება, რომლის წევრებიც საკუთარ სიტყვას ამბობენ, მაგრამ საწყის იმპულსს მაინც AV-ს წევრები იძლევიან. შედეგად ვიღებთ სტილს: რაღაც გარდამავალი ემბიენტიდან, შემავალი ტრანსში, ჩახვეული იზი ლისენინგთან ფოლკის გათვალისწინებით (ვიცინით – ლ. გ.).

ნიკა წერეთელი – ხმა, საუნდი არის სიჩუმის არსებობის ერთ-ერთი ფორმა. ეს საუნდი და მუსიკა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის ჩვენი სიჩუმის არსებობის ფორმა, ანუ ვერსია.

– რატომ ხდება, რომ ის მუსიკოსები, რომლებიც ბევრს ფიქრობენ თავიანთ შემოქმედებაში, უფრო ნაკლებად ცნობილნი არიან, ვიდრე თანამედროვე პოპულარული, ამ შემთხვევაში პაპსა შემსრულებლები?

გ. ს.
– მოდით, მარტო საქართველოს მასშტაბით ნუ განვსაზღვრავთ, რადგან ჩვენში უფრო არეულია სიტუაცია. თანაც აქ პატარ-პატარა კლანური დაჯგუფებები არსებობს, რომლებიც ერთმანეთს ქაჩავენ. ეს უცხოეთშიც ხდება, მაგრამ იქ, შენ თუ მოდურ მუსიკას აკეთებ, პოპულარობის რაღაც საფეხურს მიაღწევ. დროის გარკვეულ მონაკვეთში გაბატონებულ მუსიკალურ სტილში, ვინც ზედმეტად საინტერესოს, ცოტა ახლებურს აკეთებდა, ის გახდა პოპულარული. იმ მომენტისათვის ის უკვე მოდური გახდა. ამიტომ, რაც მოდაშია, ის უკვე აღარ არის ახალი. ახალია ის, რაც მერე მოვა. ჩვენ მეტს ვფიქრობთ, რადგან უბრალოდ მუსიკალურ მოდას კი არ მივყვებით, არამედ ტექნოლოგიების გათვალისწინებით ვცდილობთ ამ ყველაფერს წინ გავუსწროთ და უფრო ახალი რაღაც მივაწოდოთ საკუთარ თავს და იმ ადამიანს, რომელიც რაღაცას უსმენს.

Saturday, December 2, 2000

ჯგუფი „მოდუსი“

„მოდუსის“ სტუდიაში, სადაც წინამდებარე ინტერვიუ იქნა ჩაწერილი, „ვარსკვლავები“ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ჯგუფის პროდიუსერმა გელა იმნაძემ მოგვცა საშუალება, მოგვესმინა ამ მუსიკალური კოლექტივის ორი ახალი, ჯერ არგამოქვეყნებული სიმღერის ციფრული ჩანაწერი. შეიძლება აღინიშნოს, რომ ჯგუფი ძალიან კარგად ასრულებს კომერციულ ჯაზ-როკს. „მოდუსი“ ცოცხალი ჯგუფია (ჩანაწერებში მუსიკოსები ნაკლებად მიმართავენ სინთეზირებულ ხმებს) და ეს სიმღერები უბრალოდ, მაღალ პროფესიულ დონეზეა ჩაწერილი. კოლექტივი 1994 წელს შეიქმნა თბილისში. თავდაპირველად ის ინსტრუმენტული ჯგუფი ყოფილა, რადგან, როგორც მისი წევრები აღნიშნავენ, მასში ყოველთვის არსებობდა ვოკალისტების პრობლემა. სწორედ ამიტომ ჯგუფში ხშირი იყო ცვლილებები. მუსიკოსები ამბობენ, რომ დღეისათვის შემადგენლობა სტაბილურია, ჩამოყალიბებული სახე აქვს და, ღვთის წყალობით, რაღაც უნდა გაკეთდეს. კვინტეტი დღეს ასე გამოიყურება: მარიკა ქაცარავა – ვოკალი (უყვარს ბევრი სოული, ჯაზი, როკი, ოღონდ არა მძიმე როკი); მანუჩარ მანჯავიძე – გიტარა (აბსოლუტურად ყველანაირ მუსიკას უსმენს, რაც კარგია და მისთვის მისაღები); ზაზა წურწუმია – კლავიშები; ზურაბ ხერხეულიძე – ბასი (ძირითადად მოსწონს როკი); გიორგი კამასიანი – დასარტყამები (მხოლოდ ჯაზი იტაცებს) და ჯგუფის მეექვსე წევრია პროდიუსერი გელა იმნაძე (გიჟდება ჯაზზე და მოსწონს ჯაზ-როკი).

* * *

– სიტყვა „მოდუსი“, ერთ-ერთი განმარტების თანახმად, აზროვნების ნაირსახეობას ნიშნავს. რას წარმოადგენს თქვენი ჯგუფი?


მანუჩარ მანჯავიძე
– „მოდუსი“ დროსა და სივრცეშია გაშლილი. დროის ცვალებადობის მიხედვით ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად ვიმუშაოთ, რათა ახალი სიტყვა ვთქვათ. უბრალოდ, ვცდილობთ, თანამედროვედ ვიაზროვნოთ და დროს არ ჩამოვრჩეთ. ყოველი მხრიდან მაქსიმალურ ინფორმაციას ვიღებთ. მუსიკა ჩემი არამარტო ჰობია, არამედ საქმეა.

– მატერიალურად თუ გაკმაყოფილებთ თქვენი ეს საქმიანობა, რა განსაზღვრავს ჯგუფის პოპულარობას?

ზურაბ ხერხეულიძე – სასურველია, ასე ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ ასე იყოს მომავალში. პოპულარობისათვის კი, ალბათ, უნდა გავყვეთ თანამედროვე მიმდინარეობებს და ავყვეთ ცხოვრების რიტმს, რაც აუცილებელია.

– საზღვარგარეთ თუ გქონდათ კონცერტები?

გელა იმნაძე – ჯერ არა, ეს ძალზედ რთულია, თუმცა ჩვენი მარიკა აპირებს წასვლას მაროკოში. ყოველ კვირას აპირებს და ჩემოდნებზე ზის. აქედან წასვლამდე ჯერ რაღაც ღირებული უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ხომ დასავლეთის მუსიკის ნაყოფი ვართ.

– თქვენი სიმღერები სრულდება ქართულ ენაზე. დასავლეთში რომ გახვიდეთ (რასაც გისურვებთ), მშობლიურ ენაზე იმღერებთ თუ ინგლისურად?

გ.ი. – ინგლისურად შესრულება პრობლემა არაა – მარიკა კარგად ფლობს ამ ენას.

მ.მ. – ჩვენ არამარტო საკუთარი, არამედ ქვეყნის სახელი უნდა გავიტანოთ იქ.

– ჯაზ-როკის გარდა, თუ აპირებთ სხვა მიმდინარეობებში ძალების მოსინჯვას?

გ.ი. – ჩვენ შევეცდებით, ჩვენი სტილით განსხვავებულები ვიყოთ სხვა თბილისური ჯგუფებისაგან. ეს არ უნდა იყოს რაღაც გადამღერება. შევეცდებით, შევინარჩუნოთ საკუთარი სტილი ისე, რომ კაცმა ერთი აკორდითაც გვიცნოს. ჯგუფი მიდის მაგ შედეგამდე თავისი განსხვავებული ხმოვანებით, ჟღერადობით. თბილისში არიან ჯგუფები, რომელთაც საკუთარი ხმოვანება აქვთ, მაგალითად, „33ა“, „ვაკის პარკი“. ვფიქრობ, ჩვენს სტილში დღეს არავინ მუშაობს საქართველოში. ამიტომ, ალბათ, ეს უფრო საინტერესო იქნება მსმენელთათვის.

– მარიკა, დიდი ხანია, რაც სცენაზე მღერით. ფონოგრამაზე თუ გიმღერიათ და, საერთოდ, როგორ უყურებთ ამ საკითხს?

მარიკა ქაცარავა – ვმღერი უკვე 7 წელია. საქართველოში ფონოგრამაზე სიმღერა არაა გასაკვირი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ სულ ცოცხლად ვიმღერო, მაგრამ ზოგჯერ აპარატურა არ იძლევა ამის საშუალებას. მე მგონი, მომღერალმა საერთოდ არ უნდა იმღეროს „პლუსზე“, თუ ის მომღერალია.

Wednesday, November 29, 2000

რეპორტაჟი ქუჩიდან: „ჩვენ ქართული კულტურის ნაწილი ვართ“

დღეს შეგახვედრებთ იმ პიროვნებებს, რომელთა შემოქმედებაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი თქვენგანისთვის. ამისთვის, ჩემო მეგობრებო, შეგიძლიათ საქართველოს დედაქუჩაზე, ოპერისა და ბალეტის თეატრთან ჩაბრძანდეთ მიწისქვეშა გადასასვლელში. თითქმის ყოველდღე, დღის განმავლობაში იქ დაგხვდებიან ახალგაზრდა მუსიკოსები, რომლებიც ორი ელექტრო-გიტარისა და ვოკალის თანხლებით ვირტუოზულად ასრულებენ ქართულ თუ უცხოურ (ძირითადად როკის კლასიკას) კომპოზიციებს. მათი სახელებია: პაატა ყიფშიძე, ლევან დათიაშვილი და დიმა მაღრაძე. 18 საათიდან შეგიძლიათ მოუსმინოთ შესანიშნავ ფლეიტისტს, რეზო მამაგულაშვილს. მის რეპერტუარშია კლასიკური ქართული და თანამედროვე მუსიკა. ისინი ყველანი თავს ერთი „სასტავის“ წევრად მიიჩნევენ. აქ, თურმე, კიდევ დადიან ბიჭები მუსიკის შესასრულებლად. საინტერესოა, როგორ ცოცხლობს საქართველოს ჭეშმარიტი ანდერგრაუნდ მუსიკალური კულტურა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მიწისქვეშა ქუჩის მუსიკოსებთან გასაუბრება. ესაა ამონარიდები ამ საუბრიდან ყოველგვარი კითხვების გარეშე.

* * *

ლაშა გაბუნია და რეზო მამაგულაშვილი. გადაღებულია: 25.09.2005
რეზო მამაგულაშვილი –
ვმუშაობ ხელოვნების სკოლაში საორკესტრო განყოფილების გამგედ. ვარ 48 წლის. მიწისქვეშ უკვე მე-5 წელია ვუკრავ. დამთავრებული მაქვს კონსერვატორია. აქ კარგი „სასტავები“ ვიკრიბებით და უფრო მეტად პროფესიონალები უკრავენ საზღვარგარეთელ „კოლეგებთან“ შედარებით. მე იქაც ნამყოფი ვარ. აქ, ქუჩაში ზოგჯერ შესრულების უფრო მაღალი დონეა, ზოგიერთ თბილისურ ჯგუფთან შედარებით. უკრავენ გიტარისტები, რომელთაც როკის, ჯაზისა და ბლუზის მთელი ანთოლოგია აქვთ შესწავლილი. ესენი ინტელექტუალი, კარგი ბიჭები არიან. ჩვენში ქუჩას სხვადასხვა პრიზმაში უყურებენ. ზოგი ჟურნალი მათხოვრებთანაც კი გვაიგივებს, რაც საწყენია და, რა თქმა უნდა, არ არის მართალი. საქართველოში ისევ შემორჩენილია პროლეტარული განწყობილება: არსებობენ პოეტი, მხატვარი, მუსიკოსი თავმჯდომარეები. აი, გალაკტიონი ქუჩის ხელოვანი იყო. დღეს, ის ჩვენ გვერდით იქნებოდა. დღევანდელი მართლაც შემოქმედებითი ელიტა: სპორტსმენები, მეცნიერები ჩვენთან მოდიან, გვეხუტებიან, გვისმენენ და ცოტაოდენ თანხასაც გვწირავენ. ღვთის კანონიც ასე განისაზღვრება: რა სიკეთესაც გაიღებ, ისე დაგიფასდება. 

მინდა ჩვენ შესახებ ჰქონდეთ სწორი შეხედულება. ჩვენ ქართული კულტურის მართლაც კარგი ნაწილი ვართ. აქ ერთგვარი აკადემიაა, რადგან უამრავი ბავშვი გაგვიზრდია, რომლებიც 3 წლის წინ „ასეთი ქურდი კაცის ბედს“ უსმენდნენ, დღეს კი გლუკსა და მოცარტს მიკვეთავენ. ქრისტე, სოკრატე, შექსპირი, მენესტრელები, – რომელთა კულტურა დღესაც არსებობს, – გალაკტიონი ქუჩაში იყვნენ. მიწისქვეშა და ქუჩის კულტურის გარეშე დიდი კულტურა არ არსებობს. ამიტომ დადიოდა გალაკტიონი ვარდით ჯიბეში. ის ყველა ჩვენგანზე დიდია და ეს ყველაფერი კარგად ესმოდა. 

აქ, ჩვენთან ყველანაირი მუსიკა იკვრება: დაწყებული ქართული ხალხური სიმღერებით, დამთავრებული ავანგარდით (როკ, ჯაზი, რეპი და ა.შ.).

პაატა ყიფშიძე – მე-3 თვეა, რაც აქ ვარ ეკონომიკური პრობლემების გამო. შესაძლებლობა მეძლევა, აქ, დაკვრის მერე ნოტები ან წიგნები ვიყიდო. არ მინდა, ვინმეს კისერზე ვიჯდე. მე თვითნასწავლი მუსიკოსი ვარ. ვსწავლობ თეატრალურში სარეჟისოროზე. აქ ყველა ერთმანეთის ვიცნობთ და უპრობლემოდ ვუკრავთ ერთად, ძალიან მეგობრულები ვართ. 

კარგი იქნებოდა, ამ ახალგაზრდებისათვის, ვინც აქ ვიკრიბებით, სამუშაო მოეძებნათ, მაგრამ რას იზამ, ასეთი ბედი გვერგო წილად. თუ პარლამენტში მამიკო არ გყავს, ქუჩაში უნდა დაუკრა. სწავლის დამთავრების შემდეგ სერიოზულად ვაპირებ ჯგუფის ჩამოყალიბებას. ცოტა ხანში წასვლა გვიწევს საზღვარგარეთ, რადგან ეკონომიკურად ცოტა თუ არ მოვმაგრდით, აქ არავინ მოგაქცევს ყურადღებას, ვიმეორებ, თუ მამიკო არ გყავს სადმე მაღლა. ჩვენი მშობლები ძლივს შეეგუვნენ ამ ფაქტს.

რეზო მამაგულაშვილი – ჩვენში ბევრმა არ იცის, ფორტეპიანოს გარდა, როგორია სხვა ინსტრუმენტი. ზოგიერთმა სკოლის თუ ინსტიტუტის დირექტორმა არ იცის, რა არის ფაგოტი, ვალტორნა. აი, ასეთი „ინტელიგენტებიც“ არსებობენ. აქ 6 წლის ბავშვებიც დადიან, უყურებენ ამ ფლეიტას, ხელში იღებენ, უსმენენ. მუსიკის, თეატრისა და ხელოვნების დანიშნულება ის არის, რომ მან უნდა გაგაოცოს. ისე უნდა იმღერო, მე რომ ვერ შევძლო, ისეთი ფილმი უნდა გააკეთო, მე ვერ გადავიღო და ა.შ. 

მე მყავს ვარსკვლავი მოსწავლეები, რომლებიც გერმანიაში გავიყვანე ვედეკინდის დახმარებით. ჩემს ერთ-ერთ მოსწავლეს „ქართველი მოცარტი“ შეარქვეს. მყავს 7-8 წლის მოწაფეები. 

ჩემი ქმნილებები აქ არ ჟღერს. რაღაც იმპროვიზაციებს ვასრულებ ბიჭებთან ერთად და ის ხდება ჩემი. ჩვენ ხშირად ვუკრავთ ქართულ ჰარმონიებს. მომავალში შესაძლოა ჩემთვის საინტერესო ჯგუფში დავუკრა.

პაატა ყიფშიძე – აქ ორი გიტარის საშუალებით რაც კი სიმღერები დაგვიწერია, მათი შესრულება რთულია. ამას სრულყოფილი ჯგუფი სჭირდება. მე ახლა ქართული მუსიკით უფრო ვარ დაინტერესებული, ვიდრე, ვთქვათ, როკით. ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია, მაგრამ ამავე დროს, ძალიან ლამაზი და საინტერესოა. ჩემს ნამუშევრებში არ მინდა, იყოს ტექსტი. ახლა, ვინც სცენაზეა, ღმერთმა წინსვლა მისცეს. მათ, ალბათ, აქვთ ფული, ანუ ვინმე აფინანსებს, შესაძლოა, მეც მყავს ვინმე მაყუთიანი, მაგრამ არ ვაწუხებ, რადგან თავად არ ინტერესდება. იმედი მაქვს, ოდესმე რაღაც იქნება. არასდროს მსურდა სადმე წასვლა, რისი გაკეთებაც მე მინდა, აქ უნდა გაკეთდეს ქართულ მიწაზე. სხვაგან ვერ გავაკეთებ, სადაც უნდა ვიყო. ჩვენ აქ უნდა ვისუნთქოთ და ქართველ ხალხთან უნდა ვიყოთ ურთიერთობაში. ჩვენ როკს მხოლოდ სხვების საპატივცემულოდ ვუკრავთ და ეს ჩვენი პრინციპი არ არის. მომავალში სურვილი მაქვს, მქონდეს კომპიუტერი და ვიმუშაო ქართულ, არაჩვეულებრივ მუსიკაზე. ამისთვის მე ფინანსები მჭირდება. არავინ თქვას, რომ მშივრები რამეს აკეთებენ. არავინ არასდროს მშიერი არაფერს არ აკეთებდა, მე არ ვარ მშიერი, მაგრამ... არაჩვეულებრივი მშობლები მყავს, კვების პრობლემა სახლში არა მაქვს, მაგრამ ადამიანის გონებას, თუნდაც, წიგნი სჭირდება. სულ პედაგოგს ხომ არ თხოვ წიგნს? აი, ასეთი წიგნებისთვის მჭირდება ეს შემონაწირი თანხა.

Wednesday, November 22, 2000

დათო ტურაშვილს ბიორკთან დიდი და ნამდვილი სიყვარული აკავშირებს

პროზაიკოსი დათო ტურაშვილი დაიბადა თბილისში, 1966 წლის 10 მაისს, როგორც თავად ამბობს – უკუღმა (ფეხებით). დაამთავრა თბილისის 57-ე საშუალო სკოლა და სწავლობდა ჯერ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ მაასტრიხტსა (ნიდერლანდები) და ლონდონში (დიდი ბრიტანეთი). შეისწავლა ლიტერატურისა და ხელოვნების ისტორია. ამჟამად ლექციებს კითხულობს უნივერსიტეტში და მიიჩნევს, რომ არასოდეს ჰქონია სამსახური იმ გაგებით, როგორც ჩვენში ტრადიციულად ესმით, ანუ არასოდეს ჰქონია ხელფასი. მიღებული აქვს მხოლოდ ჰონორარები. არის რამდენიმე პროზაული კრებულის ავტორი და მისი მოთხრობები თარგმნილია უცხო ენებზე. გამოქვეყნებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

* * *

– დათო, მახსოვს, თქვენ აქტიურად იყავით ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში. თქვენი აზრით, რა შედეგი მოიტანა ეროვნულმა მოძრაობამ?

– კაცობრიობის ისტორიაში არცერთი მოძრაობა არ ჰგავს თევზაობას ან სოკოს კრეფას, რომ საღამოს დაჯდე და შედეგები დათვალო. ნებისმიერი მოძრაობა სულიერი განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა და, იმავდროულად, აუცილებლობაცაა სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ამიტომაც ეროვნული მოძრაობის შედეგებს მატერიალისტურად ვერ განსაზღვრავ, მით უმეტეს, ჟურნალის ფურცლებზე.

– ახალგაზრდობისა და თინეიჯერების უმრავლესობას თითქმის აღარ აინტერესებს წიგნი. ისინი უპირატესობას ტელე-რადიო გადაცემებს, ვიდეოს, ინტერნეტს ან ქუჩაში ბირჟაზე დგომას ანიჭებენ. ამას ისინი თავად აღიარებენ მასმედიის საშუალებებით. როგორ ფიქრობთ, ეს კანონზომიერი მოვლენაა თუ რაღაც დაავადება?

– ვერ დაგეთანხმებით, რომ ახალგაზრდებსა და თინეიჯერებს არ აინტერესებთ წიგნი, უფრო მეტიც, მათი მხრიდან საკმაოდ იგრძნობა ინტერესის ზრდა წიგნისა და ლიტერატურისადმი. შემიძლია უამრავი მაგალითის მოყვანა. ინტერნეტით მეც ვსარგებლობ და ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, თუ ვიღაც ვერ მიხვდება, რომ ინტერნეტი ვერასდროს შეცვლის იმ ფენომენს, რასაც წიგნი ჰქვია, სამწუხარო იქნება.

– დათო, რატომაა გავრცელებული ასე მახინჯად უცენზურო სიტყვების გამოყენება ყოფა-ცხოვრებასა თუ საინფორმაციო საშუალებებში? ეს მოდას, დასავლურ ფილმებს თუ დროს დავაბრალოთ? და არის თუ არა ეს დეგრადაციის დასაწყისი?

– „პირველად იყო სიტყვა“ და ნებისმიერი დეგრადაციის ასახვა, რომლითაც საზოგადოება არსებობს, ძალიან სწრაფად ხდება სიტყვასა და მეტყველებაში, მაგრამ იმას, რაც საქართველოში ხდება, ანალოგი არა აქვს მსოფლიოში. არცერთ ქვეყანაში ასეთი მონდომებით არავინ აგინებს საკუთარ დედას. მიზეზების ახსნაც არაა მარტივი და ამ პროცესის განსაზღვრას, შესაძლოა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და დასჭირდეს.

– ალბათ უაზრობაა, ყველანაირი საშინელების თინეიჯერებზე გადაბრალება. ვფიქრობ, ამაში ლომის წილი მამების თაობას უდევს. როგორ ფიქრობთ, სად უშვებენ ისინი, ანუ უფროსები შეცდომას?

– ჩემთვის არსებობს აქსიომა – როცა ორი თაობა კამათობს, დამნაშავე ყოველთვის უფროსი თაობაა და მაშინაც კი, როცა პატარები ცდებიან, დიდებმა უნდა მოსთხოვონ პასუხი საკუთარ თავს.

– საინტერესოა, როგორი მუსიკა მოსწონს დათო ტურაშვილს და რატომ?

– მუსიკას არ ვყოფ ჟანრობრივად, ანუ შესაძლოა კლასიკურთან ერთად მომწონდეს ნებისმიერი მიმართულების ნაწარმოები, თუ ის კარგია. ვერ ვიტყვი, რომ მუსიკა მხოლოდ მომწონს, რადგან მუსიკა ისევე მჭირდება, როგორც წყალი და ჰაერი. წერის დროსაც გამუდმებით ვუსმენ მუსიკას, მაგრამ ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება სიამოვნება მივიღო როგორც მოცარტის, ასევე ნიკ ქეივის მოსმენით. აპრიორულად არ ვზღუდავ ჩემს თავს მუსიკაში იმ დოგმატიკით, რომ მხოლოდ ჯაზია კარგი და რეპი უნდა მძულდეს. საერთოდ, დოგმები არ მიყვარს.

– ჩამოთვალეთ თქვენი საყვარელი უცხოური ჯგუფები და შემსრულებლები, რომელთაც ადრე უსმენდით. დღეს რას (ვის) უსმენთ?

– შესაძლოა მუსიკას ჰქონდეს თავისი ასაკი, მაგრამ არის წიგნი, რომელსაც მერამდენედ (ალბათ, უსასრულოდ) გადაიკითხავ ხოლმე და რამ უნდა შემაცვლევინოს აზრი მოცარტზე, ვერ წარმომიდგენია. ამიტომ მარტივად მოვიქცევი – ჩამოვთვლი მათ, ვისაც სხვადასხვა დროს, ასაკისა თუ განწყობილების მიხედვით ვუსმენდი და, ალბათ, ახლაც მოვუსმენ: ჯენის ჯოპლინი, ჯიმ მორისონი, ჯიმი ჰენდრიქსი, რობერტ პლანტი, როჯერ უოტერსი, სიდ ბარეტი, ლუ რიდი, ნიკ ქეივი, ტომ უეიტსი, ბობ დილანი, ფრენკ ზაპა, მიკ ჯაგერი...

– დათო, რომელი ქართულენოვანი ჯგუფები მოგწონთ და, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა ქართული შოუბიზნესი? თუკი არსებობს, განვითარების რა ეტაპზე (დონეზე) იმყოფება ის?

– რამდენიმე ქართულენოვანი ჯგუფი და შემსრულებელი მომწონს, მაგრამ ისინი უმცირესობაში არიან იმათთან შედარებით, ვინც აიკლო ფილარმონია, ტელევიზია და მათ არათუ ვუსმენ, სირცხვილისაგან სად დავიმალო ხოლმე, არ ვიცი. შოუბიზნესს აქვს ერთი დიდი მინუსი – იგი ვითარდება იმის მიხედვით, თუ როგორია მასების მოთხოვნა. მასკულტურას კი ყველგან მუდმივად ემუქრება საშიშროება მაკულატურაში გადაზრდისა.

Wednesday, November 15, 2000

ფ(პ)ოსტმოდერნისტი დათო ევგენიძე

შაბათს, 4 ნოემბერს „ვარსკვლავები“ დაესწრო დათო ევგენიძისა და კლუბ „სარაჯიშვილის“ მიერ მოწყობილ აქციას „ფოსტმოდერნი“, რომელიც „თეატრალურ სარდაფში“ ჩატარდა. აქციის მსვლელობისას დათო ევგენიძის ნაცნობ-მეგობრებმა ანონიმური წერილები და პატარა ჩანახატები ჩაყარეს სპეციალურად მოტანილ სადარბაზოების საფოსტო ყუთებში. შემდეგ ეს ყუთები გაიხსნა და ქაღალდის ნაგლეჯები და ფურცლები, ანუ წერილები გამოიკრა ერთ დიდ, კარგად განათებულ კედელზე. აი, ზოგიერთი მოკლე შეტყობინება: „ძალიან არ მიყვარხარ“, „დათო, მაგარი როჟა ხარ, ბოზიშვილი ვიყო“, „ხალხო, ძალიან მაგრად მინდა LSD, დამეხმარეთ! გამომეხმაურეთ 02-ზე“, „მომწონდა ქალი, მე მინდა პლანი“, „გახსოვდეს, გიყვარდეს ყველა“, Пить вредно, а не пить – скучно, „ამაღამ აივანზე დაწექი, მოგიტაცებ!“ და მრავალი სხვა. რა თქმა უნდა, აღნიშნული აქციით ვისარგებლე და ინტერვიუ ვთხოვე მის ორგანიზატორს, ევროპასა და საქართველოში სახელგანთქმულ მუსიკოსს დათო ევგენიძეს.

* * *

– დათო, რატომ გაგიჩნდათ სურვილი, ჩაგეტარებინათ „ფოსტმოდერნის“ – აი, ასეთი აქცია? 

– როგორც იცით, არსებობს პოსტმოდერნის მიმდინარეობა, შეიცვალა ერთი ასო, ანუ „პ“ – „ფ“-თი და გახდა „ფოსტმოდერნი“. ამ შემთხვევაში ვგულისხმობდი ფოსტის მიმდინარეობასაც. კომპიუტერის, e-mail-ის, ინტერნეტის გაჩენით, წერილი, ასე რომ ვთქვათ, მოკვდა. ჩემი აზრით, წერილს თავისი იდუმალება აქვს ძალიან დიდი, თუნდაც იმ გზით, რასაც იგი გადის ქვეყნიდან ქვეყანაში. აქ თუნდაც გეოგრაფიული გზა ვიგულისხმოთ. საქართველოდან გაგზავნილი წერილი, ვთქვათ, საფრანგეთში ძალიან ბევრ ქვეყნებს გაივლის, უამრავ ამინდს გამოიცვლის, ამიტომ წერილი ცოცხლობს და ენერგიით სავსე მიდის ადრესატთან. მე ვიგრძენი, რომ ძალიან დიდი ხანია რაც წერილი არ მიმიღია და არც გამიგზავნია. მონატრების შეგრძნება გამიჩნდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ სხვებსაც იგივე გრძნობა გაუჩნდათ. გავაკეთე ასეთი აქცია: სადარბაზო შემოვიყვანე საგამოფენო სივრცეში და იმ ხალხმა, ვინც აქ მოვიდა, ყველამ ჩაყარა საკუთარი სურვილი. დღეს კი მოხდა ამ გრძნობების, სურვილების ექსპოზიცია. ამ შემთხვევაში პერსონიფიკაციაც გამორიცხა, რადგან მე აქ ვარ გამტარი, ანუ ფოსტალიონი.

– ე.ი. ეს მტრედების მოტანილი წერილებია. დათო, თუ აპირებთ ამ მართლაც გულახდილი (თუნდაც ანონიმურობის გამო) აქციის მუსიკაში აჟღერებას, თქვენ ხომ მაინც მუსიკოსი ხართ, პირველ რიგში? 

– ეს ენერგიის სახით იქნება და არა ფორმის სახით. ეს აქცია ჩემს სულიერ სივრცეს შეეხო და არ შეიძლება, ჩემს მუსიკაშიც არ აისახოს ემოციურ დონეზე.

– ორიოდე სიტყვით თქვენი ავტობიოგრაფიული ცნობები... 

– დავიბადე 1958 წლის 2 დეკემბერს. ვარ მშვილდოსანი, წლებით – ძაღლი, წარმოშობით – თბილისელი. ბავშვობიდან, 6 წლის ასაკიდან ვარ სცენაზე. დავამთავრე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ათწლედი. მერე პირდაპირ ჩავაბარე მოსკოვის კონსერვატორიის კომპოზიციის კლასში. დავამთავრე ასპირანტურა. ამ პერიოდში ბევრ კონკურსსა და ფესტივალში მაქვს მონაწილეობა მიღებული. სწავლის პერიოდში ოთხგზის გრან-პრის მფლობელი გავხდი – ორჯერ, როგორც კომპოზიტორი, ერთხელ, როგორც იმპროვიზატორი და ერთხელაც როგორც პიანისტი. ამავე წლებში ვიმუშავე ძალიან ბევრ სპექტაკლსა და ფილმზე. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ დავიწყე საზღვარგარეთ გასვლაც – ეს 14-წლიანი ციკლია. ეს ქვეყნებია: ესპანეთი, საფრანგეთი, აშშ, იტალია. იქ ვიწერებოდი, ვატარებდი კონცერტებს, განსაკუთრებით სანტა-კრუზის კონსერვატორიაში კომპოზიციის კლასს. 

მოსკოვში მქონდა ძალიან კომერციული პერიოდი: ესტრადის მომღერალი ორბაკაიტესთან და იქაურ შოუბიზნესის წარმომადგენლებთან ვმუშაობდი, რასაც მე დაკარგულ დროდ მივიჩნევ. მუსიკის გარეშე წამიც არ მიცხოვრია. ჩაწერილი მაქვს კომპაქტ-დისკები, ვწერ ოპერებს, ვაფორმებ სპექტაკლებსა და ფილმებს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

– რას უსმენთ? 

– სულ მოცარტს ვუსმენ, ასევე – ბეთჰოვენს, ბახს და სხვა კლასიკოსებს. ვუსმენ „ბითლზებს“, რომელთა მუსიკაც ჩემია და ჩემს ბავშვობასთანაა დაკავშირებული. აგრეთვე Weather Report-ს, ჯო ზავინულს, მაილს დეივისს, ქეი ჯარეტს... ყველაფერს ვუსმენ, რაც კი სივრცეში ჟღერს. ე.ი. სივრცეს სჭირდება და მაინტერესებს. ალტერნატიული როკი მომწონს, ძალიან მიყვარს კურტ კობეინი, ჯიმ მორისონი... ეს ძალიან საინტერესოა, მაგრამ შოუბიზნესში ეს სახელწოდება თავის სახელს უკვე აღარ ამართლებს, რადგან ის მისივე ერთი ნაწილია, თუმდაც MTv-ში მთელი ერთი განყოფილება ეთმობა. ამიტომ ალტერნატივა პოპ-მუსიკის ერთ-ერთი ნაწილია. ხოლო თავად პოპ-მუსიკაში ალტერნატივა ჩემთვის ყველაზე ახლობელია.

– დათო, თქვენი აზრით, ხართ თუ არა, ვარსკვლავი?

Monday, September 4, 2000

კომატოზური მდგომარეობის ელექსირი – ჯგუფი „კომა“

ჯგუფი „კომა“ 1999 წლიდან არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფს ჯერ არ ჩაუწერია არც სიმღერა და არც ალბომი და კონცერტებზეც იშვიათად გამოდის, ქართველი მსმენელი უკვე გაეცნო მის სადებიუტო შემოქმედებას ტელეგადაცემა „ჯეოპოპის“ საშუალებით. ჯგუფის ფრონტმენი შოთიკო ჩოგოვაძე „კომას“ შექმნამდე გავიცანი, როდესაც ის ჯგუფ „არქეოპტერ X“-ში რიტმ-გიტარაზე უკრავდა. „კომას“ საკონცერტო დებიუტი სახვითი ხელოვნების გალერეის დარბაზში შედგა. ამ ჯგუფის შემადგენლობაა: შოთიკო ბანძელაძე – დასარტყამები, ვიოლინო, სანდრო მგელაძე – ბასი და შოთიკო ჩოგოვაძე – ვოკალი, გიტარა. ჯგუფის ეკრანებზე გამოჩენის შემდეგ როკ-მუსიკის მოყვარულებში სხვადასხვა აზრი გაჩნდა „კომას“ ირგვლივ. ერთნი მას „ნირვანას“ ადარებდნენ, მეორენი – „რადიოჰედს“, მესამენი – სხვას და ა.შ. სხვათა შორის, ნებისმიერი, დღეს ლეგენდარული ჯგუფი შემოქმედების დასაწყისში ყოველთვის წააგავდა ვიღაცას. ეს დასაწყისისთვის არაა ტრაგედია, მითუმეტეს ამ ჯგუფში მრავლადაა სახელდობრ, „კომური“ ელემენტები, რაც ძლიერ მისასალმებელია. შოთიკო ჩოგოვაძესთან საუბარი რადიო „ლეგენდას“ ოფისში შედგა.

* * *

შოთიკო ჩოგოვაძე & სანდრო მგელაძე

– შოთიკო, რა გახდა იმის მიზეზი, რომ წინა ჯგუფიდან წამოხვედი და გააკეთე ახალი, უკვე შენი ჯგუფი? ეს ახლის კეთების სურვილი იყო, თუ მოხდა რამე?

– წინა ჯგუფში სხვა სტილის მუსიკა იკვრებოდა, მე კი სხვა მიზიდავდა. ეს იყო მთავარი მიზეზი. მე მომწონს პანკ-როკი. არ ვიცი, ახლა ჩვენ რას ვუკრავთ, მაგრამ ეს მუსიკა ჩვენიდან მოდის. ჩვენ, რაც შინაგანად გვაქვს, იმას ვამბობთ და როგორ ვამბობთ, ეს უკვე მე აღარ ვიცი.

– პანკ-როკი შენთვის იარაღია, თუ გინდა, ამ სტილში იმუშავო?

– მე სურვილი არა მაქვს, რომ კონკრეტულად პანკ-როკში ვიმუშაო. უბრალოდ, ძალიან მომწონს ეს მიმდინარეობა. ხოლო ჩემი მუშაობის სტილი განსაზღვრული არა მაქვს. ეს ხასიათზეა დამოკიდებული. გააჩნია, რა ხასიათზე ვარ მუშაობის მომენტში. განწყობას კი საზოგადოება მიქმნის, კერძოდ ის ნაწილი, რომელიც ნერვებს მიშლის. ნერვები მეშლება, რომ ჩვენთან ძალიან მდარე ცხოვრებაა, ბევრი მოჭრილი კუნძივით მიჰყვება ცხოვრების დინებას. არავინ ცდილობს, რაიმე შეცვალოს თავის ცხოვრებაში. ყველაფერი დაყვანილია ფულამდე და კუჭამდე. ასეთი ცხოვრება მართლა არ მიზიდავს. ზოგჯერ თეთრ, ქათქათა საბანს მირჩევნია ხის ძირში თუ ასფალტზე წოლა. ხანდახან ადამიანი შიმშილმაც უნდა გააძღოს. ხომ ასეა?

– მესმის შენი. ვფიქრობ, ასეთი სურვილები წარმავალია, მაგრამ საბოლოოდ, თუკი გინდა ჯგუფი სერიოზულად გააკეთო, შედეგებსაც უნდა ელოდო

– არ შეიძლება, ადამიანი იმართებოდეს მხოლოდ ტრადიციებითა და კანონით. ადამიანს საკუთარი მორალი უნდა მართავდეს. ჩვენს ტექსტებზე ამბობენ, შიგ ბევრი ტირილიაო, სევდიანიაო. მე არ ვტირი, მაგრამ დღეს ასეთი ცხოვრებაა...

– ამბობენ, რომ ქართული, დეპრესიული როკ-მუსიკა ისედაც პრობლემებით დატვირთულ ხალხს უფრო ღლის. შენ რას იტყვი?

Monday, June 19, 2000

„საუკეთესო ისტორია“ ქართულ როკ-სცენაზე

„ჩემი ბგერა შეიძლება არ იყოს მოსაწონი, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, იყოს სიცოცხლისუნარიანი“ 
© გიორგი ხონელიძე

რადიკალური, უკომპრომისო მუსიკა მასებისთვის ცოტა ძნელად აღსაქმელია. ჩვენს ქვეყანაში ბევრს მიაჩნია, რომ ისედაც პრობლემებით გადაღლილ ხალხს დასვენება და არა აზროვნება, სჭირდება. სწორედ ამიტომაა, ალბათ, გატანჯული ადამიანები საღამოს ხანს ცისფერ ეკრანებს – და არა წიგნებს – ჩააჩერდებიან და სხვების სიხარულითა და ტკივილით ცხოვრობენ, ანუ ტელესერიალებს ყლაპავენ (არა, არ გეგონოთ ეს გართობა, ტელესერიალები არ არის გასართობი ფილმები!) ასეთ საშინელებაში ტკბილად ჩათვლემილებს, რაღა თქმა უნდა, აღიზიანებთ სიცოცხლე, ხმაური, თუნდაც სიჩუმეც.

ქართულ ალტერნატიულ მუსიკაში მომუშავე ჯგუფების მისამართით ხშირად გაისმის: „ნეტა რა აყვირებთ?“, „პატრონი არა ჰყავთ?“, „ესეც თუ სიმღერაა!“, „ესენი სატანისტები არიან“ და ა.შ. ნეტა, იმაზე მეტი სატანიზმი რა უნდა იყოს, რასაც ისინი ყოველდღე (უკვე გამოსასვლელი დღეების ჩათვლით) ისისხლხორცებენ ამ, ერთი შეხედვით, უწყინარი სერიალებიდან.

მგონი, თემას გადავუხვიე, უკაცრავად.

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი თანაქალაქელი ჯგუფი Best History, რომლის წევრებიც, მიუხედავად მინიმალური საარსებო საშუალებების არქონისა, ცდილობენ იცხოვრონ ისეთ მდორე ქალაქში, როგორიც ქუთაისია და უმრავლესობასავით მარტოოდენ არ იარსებონ. „ბესტ ჰისტორია“: გიო „ჟორა“  ხონელიძე – ვოკალი; ნიკა „ნიკალა“ სვანაძე – გიტარა; ზვიად „სექსა“ საკანდელიძე – გიტარა; თემურ „ჩიი“ ფხაკაძე – ბასი და ზაალ საკანდელიძე – დასარტყამები. დღეს, გასაუბრება მხოლოდ ნიკასთან და თემურთან მოვახერხე, მაგრამ დროდადრო ჩვენს საუბარში გიოც შემოიჭრებოდა ხოლმე. მასთან ინტერვიუ შარშანაც ჩავწერე. დღევანდელი საუბარი კი რადიო „ლეგენდა 105“-ის ოფისში შედგა.

* * *

ნიკა: ჯგუფი Best History 1996 წლის 2 დეკემბერს შეიქმნა. რადიოში (იგულისხმება რადიო „ძველი ქალაქი“. ლ.გ.) მე და გიომ ჩამოვაყალიბეთ შემოქმედებითი გაერთიანება „არმატურა“, მოგვიანებით დავარქვით „32 კბილი“. ჩვენ ვწერდით სხვადასხვა პატარ-პატარა, გასართობ ისტორიებს. მერე ამათ მუსიკალური აკომპანიმენტის ქვეშ ვასრულებდით და ამიტომ ამ ჯგუფს „ბესტ ჰისტორი“, ანუ „საუკეთესო ისტორია“ დავარქვით.

გიო ხონელიძე

– რისთვის, ვისთვის და რატომ შეიქმნა თქვენი ჯგუფი?

ნიკა: ჩვენ არ ვიცით, კომპეტენტურები არა ვართ (იცინის), რისთვის შეიქმნა ეს ჯგუფი, ეს განგებამ იცის. მოგეხსენებათ, მთელი სამყარო ღმერთმა შექმნა...

თემური: მე როგორც ვიცი, თავდაპირველად ეს ჯგუფი ერთობოდა რადიოში. ერთი წლის წინ მოვედი ამ ჯგუფში, მას შემდეგ რაც ჩემი და ბაჯუს ჯგუფი დაიშალა. ერთ-ერთ რეპეტიციაზე დავსხედით და გადავწყვიტეთ, სერიოზულად გვემუშავა. ჯგუფი თუნდაც იმისთვის შეიქმნა, რომ როკ-კულტურაში „აუტსაიდერის“ მიერ წამოწყებულ საქმეს გამგრძელებლები ჰყოლოდა. ჯგუფმა სერიოზულად იმუშავა და ძალიან მალე, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ლადო ბურდულს ჯგუფის დახმარებისათვის...

– გინდა ამით თქვა, რომ ლადო ბურდული გვერდით უდგას ქუთაისური როკის განვითარებას?

თემური: ჯერ ერთი, მადლობა მას ამისათვის და მეორეც – მადლობა ჩვენი ჯგუფის სახელით. დღეს „ბესტ ჰისტორის“ შეუძლია საკუთარი თავის გატანაც, მაგრამ ყველაფერი ამის შესაძლებლობა კი ჯგუფს ლადომ მისცა.

– თქვენი აზრით, ვის არ სჭირდება როკი?

თემური: როკიც საჭიროა, პოპსაც საჭიროა. ეს ადამიანებზეა დამოკიდებული. მე, მაგალითად, პოპსა არ მჭირდება. ამ უკანასკნელის მსმენელს კი როკი არ სჭირდება. ყველას თავისი გემოვნება აქვს.

ნიკა: მე ჩემს პასუხს წინა კითხვასაც დავუკავშირებ. ჩვენ უფრო მეტ ინფორმაციას ვფლობდით, ვიდრე სხვები. პოპსა სიტუაცია მაგრად ავარდნილია ჩვენს ქალაქში... თუმცა, ეს პოპსაც არ არის, ჩვენთან ნორმალური პოპსაც კი არ არსებობს. ჩვენ გვინდა ეს ჩვენი ინფორმაცია მივიტანოთ ზოგიერთის გამოლაყებულ თავამდე. გვინდა რომ ასეთებს, ასე რომ ვთქვათ, ტვინებზე ფეხი დავაბიჯოთ, გამოვაფხიზლოთ, თვალებში გამოვახედოთ და რეალობა დავანახოთ.

რა ჭირს, ნიკა, იმ ადამიანებს თვალებში გამოსახედი, შენი აზრით?