Tuesday, February 5, 2002

ყველაფერი „უ“ და სამწუხაროდ, არაფერი ქართულ პოპსაში

აჩუქეთ სატრფოს ელექტრობურღი, დატკბით მამალოს წუწნით და უსმინეთ თამუნა ამონაშვილს

ეპიგრაფი

... როგორც იქნა განვვითარდით! აღარა ვართ ბანძები! რამდენი სუპერმარკეტი გვაქვს, რამდენი „ფირმა“ მაღაზია! რა მანქანებით დავდივართ!. როგორც იქნა შევაბიჯეთ ევროპაში ფეხი! ჩვენი, ეროვნული ტელევიზიები გვაქვს! არადა, ვინ იფიქრებდა, რომ ამდენს შევძლებდით, ვინ დაიჯერებდა 10-15 წლის წინ, რომ აღარც „რუსულებს“ მოვუსმენდით, აღარც „ინგლისურებს“ და პირდაპირ ქართულად ჩავაპაპს-ჩავასოულებდით... მოკლედ, რაღა ბევრი მტკიცება უნდა, მაგრა წავედით წინ, აღარა ვართ ჩამორჩენილები... (ნაწყვეტი გაუთვითცნობიერებელი და ოპტიმისტურად განწყობილი საშუალო ქართველის ფიქრებიდან)

პროლოგი

დღეს მართლაც ბევრი გამოხატავს კმაყოფილებას იმის გამო, რომ ქართველებმა მოვახერხეთ და ჩვენს ქვეყანაში რუსული პოპ-მუსიკის შემოჭრა შევაჩერეთ, შევცვალეთ რუსული პროდუქცია ქართულით. ამით არა მხოლოდ „ჩვეულებრივი“ (ანუ საქმეში ღრმად ჩაუხედავი) ადამიანია გახარებული, არამედ ბევრი ისეთი პიროვნებაც, რომელიც უშუალოდაა შოუბიზნესის ორომტრიალში ჩართული და აქედან გამომდინარე, ამ საქმის მეტი ცოდნაც მოეთხოვება.

თუ ქართული პოპ-მუსიკის არსებობა თავისთავად დიდი საქმეა და ჩვენს თვითმიზანს წარმოადგენს, მართლაც კარგად ყოფილა ჩვენი საქმე (!), მაგრამ, თუკი სიმღერის მოსმენისას არა მხოლოდ იმას მივაქცევთ ყურადღებას, ქართულადაა იგი თუ ნამღერი, რუსულად თუ მოზამბიკურად, არამედ იმასაც დავაკვირდებით, თუ რამდენად გემოვნებითაა იგი შესრულებული, რამდენად შინაარსიანია ტექსტუალურად თუ მუსიკალურად; რამდენად საინტერესოა ან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ – ხარისხიანი... თუ ამ ყველაფერზე ყურადღებას გავამახვილებთ, ადვილად მივხვდებით არც ისე სასიხარულოდ გვაქვს საქმე, როგორც ბევრს ჰგონია.

Monday, February 4, 2002

ავი ფანტასმაგორია

დღეს დილით, როცა ტელევიზორში Mtv-ზე ახალ კლიპებს ვუყურებდი, მომეჩვენა, რომ ისინი უკვე მოძველდა. ძალიან სექსუალური, ნახევრადშიშველი მომღერალი ქალი ძველმოდური მომეჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე რიტმებზე მღეროდა და უკანალსაც ტაქტში იქნევდა. ტელევიზორის ეკრანს ფერები მოვაშორე და ცხადად ვიგრძენი, რომ ეს ახალთახალი სიმღერა უკვე ძველ ჰიტად იქცა და უცნაური ნოსტალგიაც კი მომეძალა. ამ მომხიბვლელი, სექსუალური მომღერალი ქალის ღია ნაცრისფერ თვალებში სევდა ამოვიკითხე.

როდესაც ეკრანზე მეორე არანაკლებ ენერგიული ახალი სიმღერა გაეძრო, იგივე შეგრძნება დამრჩა. გამოსახულება გავაფერადე, მაგრამ ნურას უკაცრავად, ეს კლიპი ისედაც შავ-თეთრი ყოფილა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დღევანდელი მომღერლები ამ ახალ ჰიტებში რაღაცას ემშვიდობებოდნენ.

ფანტაზია დავძაბე, თვალები დავხუჭე და დროში 50 წლით – 2052 წელში გადავინაცვლე. როდესაც თვალები გავახილე გამახსენდა, რომ 50 წლის წინ რაღაც მოხდა. ტელევიზორი ისევ Mtv-ის უჩვენებდა. საათნახევრის განმავლობაში ეკრანისთვის თვალი არ მომიწყვიტავს და გავოცდი. ასეთი სიმშვიდე სიმღერებში არც კი მახსოვდა თუ არსებობდა. ქალები კვლავ ლამაზები იყვნენ, მაგრამ აღარ ჰქონდათ გაშიშვლებული სხეულის პიკანტური ნაწილები. ისინი წყნარი, არავნებიანი სახეებით აუღელვებლად უმღეროდნენ თავიანთ სატრფოებს. მსგავსად იქცეოდნენ მკაცრ სტილში ჩაცმული ბიჭებიც. სადღა იყო ხმაურიანი მუსიკა, ელექტროგიტარები?!
 

ფანჯარასთან მივედი, გადავიხედე და თვალში არაბუნებრივი სიმშვიდე მეცა. ლარივით გაჭიმულ პროსპექტზე უხმაუროდ დაჰქროდნენ ალბათ მზის ენერგიაზე მომუშავე, ეკოლოგიურად სუფთა მსუბუქი მანქანები და მინიბუსები. ცაში კი კოხტა პლანერები დანარნარებდნენ.

შენობიდან ქუჩაში გამოვედი. პირველივე შემხვედრმა მამაკაცმა შლაპა მოიხადა და თავი დამიკრა. შეცბუნებულმა თავის დაკვრითვე ვუპასუხე. თითოეული შემხვედრი თბილისელი: ქართველი, ებრაელი, სომეხი თუ რუსი მიღიმოდა. მოკრძალებულად ჩაცმული ლამაზი გოგონები თავაზიანად მესალმებოდნენ. ავნერვიულდი რა ხდება მეთქი და გამახსენდა, რომ სიგარეტი შინ დამრჩა. დიდ გასტრონომში შევედი სიგარეტს ვიყიდი მეთქი, მაგრამ „რა სიგარეტი, რის სიგარეტი? ასეთი რამ არც კი გამიგიაო“ – მომიგო 17-ოდე წლის პირზე ღიმილმფინარე გამყიდველმა გოგონამ. აქ კი უკვე სერიოზულად ავღელდი და ხმამაღალი გინება დავიწყე. ყველა გაკვირვებული შემომცქეროდა თითქოს მათთვის გაუგებარ ენაზე ვლაპარაკობდი. წესრიგის დარღვევისათვის ორმა გაღიმებულმა, მაგრამ მუტრუკმა პოლიციელმა გარეთ გამომაცილა და გზა მშვიდობისა მისურვა.

გულის გადასაყოლებლად კინოთეატრში შევედი. ბატიბუტი და რატომღაც მწვანე ფერის „კოკა-კოლა“ უფასოდ ავიღე და შუა რიგებში მოხერხებულად დავჯექი. საშინლად მოსაწყენი ფილმი ვნახე შეყვარებულებზე, თუმცა დარბაზში ანშლაგი იყო. კინოსურათი ქართულ ენაზე გადიოდა და მთელი ფილმის განმავლობაში მიჯნურები რაღაც გულისამრევად ამაღლებულ გრძნობებზე საუბრობდნენ. ერთი ხმამაღალი სიტყვაც კი არ დასცდენიათ, ჩხუბსა და ალიაქოთზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. იმ დროს, როდესაც მთავარი გმირები საკურთხევლის წინ იდგნენ და ჯვარს იწერდნენ, კინოთეატრის დარბაზში ჩემს გვერდით მჯდომი ქალები და გოგონები ატირდნენ. ქორწინების შემდეგაც კი ცოლ-ქმარს ერთმანეთისთვის არ უკოცნიათ, უფრო მეტიც, არც კი გაკარებიან ერთმანეთს. ფილმის მიწურულს კი ისინი ხელოვნური განაყოფიერების კლინიკაში მივიდნენ და ქერა გოგონა შეუკვეთეს. როდესაც ბედნიერი ქმარი მეუღლეს ლოყაზე ნაზად ეამბორა, დარბაზში ისეთი ქვითინი ატყდა, კინაღამ გული ამერია.

თავი ცუდად ვიგრძენი. ამდენი დაღრეჯილი მშვიდობიანი და თავაზიანი ადამიანის დანახვას წყობიდან გამოვყავდი. სახლისკენ წამოვედი და 50 წლის წინანდელ თბილისზე ვოცნებობდი. ჩემი ყურადღება გრანდიოზულმა სარეკლამო დაფამ მიიპყრო, სადაც უზარმაზარი ასოებით ეწერა: „მსოფლიოს მოქალაქეებო, გილოცავთ საერთაშორისო ტერორიზმზე გამარჯვების 50 წლისთავს“! აი, თურმე რა დაემართა ამ ხალხს – გავიფიქრე ჩემთვის და ირგვლივ მიმოვიხედე, სადაც საოცარი სიმშვიდე იყო გამეფებული. ქუჩებში აღარავინ არღვევს წესრიგს, აღარ სვამენ, აღარ ეწევიან. უკვე მომწყინდა აბსოლუტური ჰარმონია. ჩემს დაწყევლილ, მაგრამ ამავე დროს დალოცვილ არაადამიანურ დროში მომინდა დაბრუნება.

როდესაც დავბრუნდი, სული მოვითქვი და სიგარეტიც გავაბოლე. ოღონდ მითხარით, ჩემს აქ არ ყოფნაში ოსამა ხომ არ დაუჭერიათ?


Tuesday, January 29, 2002

ო და ოო აჩიკო მეფარიძისა და თამუნა ამონაშვილის შემოქმედებაში

სიმღერა-გოდება ადამიანზე, რომლის სქესის დადგენა ვერ ხერხდება

დღეიდან „ახალი ვერსია“ იწყებს ჯერჯერობით უპრეცედენტო ჰიტ-პარადს – თქვენ საშუალება გექნებათ გაეცნოთ მასების საყვარელი ჰიტების ტექსტების ფსიქო-სომატურ დახასიათებას.დღეს ჩვენ განვიხილავთ საქვეყნოდ ცნობილ უკვდავ სიმღერას „მაპატიე“, რომელსაც ასრულებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები აჩიკო მეფარიძე და თამუნა ამონაშვილი (ეს არის დუეტი). პირველ რიგში, გთავაზობთ მთლიან ტექსტს:

მაპატიე

ო! რამდენი რამე მახსენდება
და ღამე ფიქრებში გათენდება,
ეს უსასრულო ლოდინი
მაპატიე, მაპატიე.
სად გეძებო, სად?
რა ჩუმად წახვედი,
არ მასვენებენ წარსულის ლანდები,
შენ ცრემლიანი დამალე თვალები,
როცა მოვიდნენ განშორების ქარები.
შორს, ძალიან შორს მიდის მოგონება,
გთხოვ დამიბრუნდი, გული გელოდება,
წუხს მონატრება ლოდინით დაღლილი,
შენ ვერ გაიგე ჩემი გულის ძახილი.
(მისამღერი):
ო! რამდენი რამე მახსენდება
და ღამე ფიქრებში გათენდება,
ეს უსასრულო ლოდინი მაპატიე.
მღერიან მონატრების ბგერები
და ახლა ოცნებას ვერ ველევი,
ოო! სევდას ვეღარ ვიტევ!
შენ გეძახი შენ, დღეები მიდიან,
ცა სევდიანი ეს ჩემი ფიქრია.
ის შენ იყავი ლამაზი სიზმარი,
ისე წახვედი, არაფერი მითხარი.
(მისამღერი):
და ისევ ჩუმად მიმეორებს ქარი შენს სახელს
სადა ხარ ახლა, ნეტავი სიზმრად მენახე,
მაპატიე.

Monday, January 28, 2002

სვეტიცხოვლის ფრესკის ზოდიაქოს ნიშნები სამკითხაოდ არ გამოგადგებათ

მართლმადიდებლობა ზოდიაქოს ნიშნებს ისევე არ უარყოფს, როგორც ყავას, რომელზეც მკითხაობა დიდი ცოდვაა

დღეს საქართველოში, ისევე, როგორც მთელს ყოფილ საბჭოთა კავშირში გაბატონებული ათეიზმის ეპოქა შეცვალა გაბატონებული ასტროლოგიის ეპოქამ. მედიის თითქმის ყველა საშუალებაში დიდი ადგილი ეთმობა სხვადასხვა ჰოროსკოპებს. მეტიც – პრესაში გაჩნდა ცნობები, რომ სვეტიცხოვლის ფრესკაზე გამოსახული ზოდიაქოს 12 ნიშანი მიმანიშნებელია იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია საუკუნეების განმავლობაში აღიარებდა ვარსკვლავთმრიცხველობასა და ჰოროსკოპებს. თითქოს მაცხოვარმა ამ ნიშნების მიხედვით შეარჩია თავისი მოწაფეები (მოციქულები). ამ და სხვა ასტროლოგიურ საკითხებზე „ახალ ვერსიას“ ესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლიტურგიის პედაგოგი, სიონის საკათედრო ტაძრის მთავარი მედავითნე ბიძინა გუნია. იგი, აგრეთვე, ლექციებს უკითხავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის თეოლოგიის სპეციალობის მეოთხე კურსს.

– დღეს მოდაში შემოვიდა ზოდიაქოს ნიშნებით ადამიანის ბედის განსაზღვრა და ამისათვის ხშირად მიმართავენ ე.წ. აღმოსავლურ თუ ევროპულ ჰოროსკოპებს. როგორ უყურებს მართლმადიდებელი ქრისტიანობა ამას?

– ასტროლოგები ადამიანთა ცნობიერებაზე ზემოქმედებას ცდილობენ. ისინი თავიანთ სწავლებას მართლმადიდებლობასთან თანხმიერებაში წარმოადგენენ და ამბობენ, რომ ასტროლოგიას თურმე არ უარყოფს მართლმადიდებლური სარწმუნოება. ეს სიცრუეა.

ჰოროსკოპების მიმართ არსებობს ცალმხრივი დამოკიდებულება – იგი აბსოლუტურად მიუღებელია მართლმადიდებლური ცნობიერებისთვის. ვარსკვლავებით მკითხაობას ეკლესიამ დიდი ხანია პასუხი გასცა. სჯულის კანონშიც მკაფიოდ არის ამ საკითხზე პასუხი გაცემული. ნებისმიერი მკითხაობა მიუღებელი და შეუწყნარებელია მართლმადიდებლობისთვის. ის ადამიანთა ცნობიერებას არასწორი მიმართულებით წარმართავს. ასტროლოგია ანუ ვარსკვლავთმრიცხველობა ამტკიცებს, რომ ადამიანის ბედი დამოკიდებულია ვარსკვლავებთან, ზოდიაქოებთან, მთვარისა და მზის მოძრაობებთან.

სიტყვა „ზოდიაქო“ მოდის ბერძნული სიტყვიდან „ზოო“ (ცხოველი). ეს იმით არის განპირობებული, რომ თანავარსკვლავედებს უძველესი დროიდანვე უმთავრესად ცხოველთა სახელებით მოიხსენიებდნენ. ცნება ზოდიაქოს აღსანიშნავად ძველ ქართულ ენაში რამდენიმე ტერმინი გვხვდება: ცხოველთა სახილველი, ანუ ცხოველთა სახილავი, ბურჯი და ეტლი.

უპირველეს ყოვლისა, მინდა წარმოვაჩინო ის საკითხები, თუ რამდენადაა მისაღები მართლმადიდებელი ცნობიერებისთვის საერთოდ ზოდიაქოს თანავარსკვლავედთა და მათი ნიშან-გამოსახულებებით სარგებლობა. მოვუსმინოთ წმიდა იოანე დამასკელს: „ელინები ამბობენ, რომ ყოველი ჩვენი საქმიანობა ვარსკვლავთა, აგრეთვე მზისა და მთვარის ამოსვლით, ჩასვლითა და მათი ურთიერთმიახლოვებით, ურთიერთგანლაგებით წარიმართება, რასაც ასტროლოგია სწავლობს. ჩვენ პირიქით, ვამტკიცებთ, რომ მზე, მთვარე და ვარსკვლავები წვიმისა თუ დარის, ნოტიო თუ მშრალი ამინდის, აგრეთვე, ქარებისა და სხვა მისთანათა მომასწავებელია და არანაირად არ განაპირობებენ ჩვენს ქცევებსა და საქმეებს. და ეს ცხადია, რადგან ჩვენ ღმერთმა თავისუფალნი შეგვქმნა, მან მოგვანიჭა თავისუფალი ნება და არჩევანის საშუალება. და ჩვენვე ვართ ბატონ-პატრონები ჩვენი საქმეების.


























Monday, January 21, 2002

„ამ ბოლო დროს ჩვენს მუსიკაში ხალხური თემატიკა ძალიან გაპოპულარულდა“

მადი სერებრიაკოვა – მომღერალი, რომელიც მუსიკამ მედიაში მიიყვანა

გასული წლის მიწურულს ქართული რადიოების როტაციაში პროექტი „სამება“ ჩაეშვა. მისი რამდენიმე სიმღერა მაშინვე ჰიტად იქცა და სხვადასხვა რადიო-ჩარტების სათავეებში მოექცა. „კომუნას“ საქართველოს ოფიციალურ წლის საუკეთესო ასეულში „სამებას“ ორი სიმღერა – „ანაგურელო“ და „გელინო“ მოხვდა, რაც ამ პროექტის კომერციულ წარმატებაზე მეტყველებს.

პროექტში ვოკალურ პარტიას მადი სერებრიაკოვა ასრულებს, რომელიც, შეიძლება ითქვას, უნივერსალური ხელოვანია. მას მიაჩნია, რომ ბუნებრივად ძალზედ ინტერნაციონალურია, რადგან დედა ქართველი, მამა – რუსი, ხოლო ბებია – პოლონელი ჰყავს. და მაინც, მისთვის მთავარი ქართული მუსიკაა, რადგან თვლის, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, იგი საქართველოში, თბილისში დაიბადა და გაიზარდა, ამიტომ აქ მყარადაა დამკვიდრებული.

























მადი სერებრიაკოვას კულტურის ინსტიტუტი აქვს დამთავრებული – სპეციალობით კულტუროლოგია. ამჟამად კონსერვატორიის ვოკალურ კლასში სწავლობს და მომავალი ოპერის მომღერალი (სოპრანო) იქნება. მუშაობს დისერტაციაზე. მეუღლესთან, მწერალ ბესო ხვედელიძესთან ერთად ერთობლივი ლექსების კრებული გამოსცა. ამ თვეში მკითხველს კიდევ ერთ წიგნს ჰპირდება. ამავე დროს, რადიო „მწვანე ტალღაში“ გადაცემებს ამზადებს. მედიაში 13 წლიდან მუშაობს. ჯერ სახელმწიფო ტვ-ში საყმაწვილო-სატელევიზიო სტუდიაში იყო, მერე სამუშაოდ რადიო „საქართველოს ხმაში“ გადავიდა. ჰყავს 2 წლის შვილი, ალექსანდრე.

Monday, January 14, 2002

„რელიგიური გადახრები მაქვს, დეპრესიისას ბერად აღკვეცაზე მიფიქრია“

გოგი გვახარიას ძალიან არ უყვარს ერთნაირ ადამიანებში ყოფნა

გოგი გვახარიას სახელი დღეს, პირველ რიგში, კინოსთან, თანაც სერიოზულ კინოსთან და მის კრიტიკასთან იგივდება. მის ტელეგადაცემებს ხშირად მოჰყოლია სკანდალი, რომელთა შორის ყველაზე ხმაურიანი იყო გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს ტელეგადაცემა „სარკმელის“ აკრძალვა სახელმწიფო ტელევიზიის „I არხზე“. მას შემდეგ გოგი გვახარია „რუსთავი 2“-ზეა, სადაც არანაკლები სკანდალური რეპუტაციით სარგებლობს პირველი ქართული სატელეფონო ტელე თოქ-შოუ „ფსიქო“.

--------------------------------
მცირე პრეს-დოსიე
--------------------------------
გოგი გვახარია დაიბადა 1957 წელს. დაამთავრა სამხატვრო აკადემია. ხელოვნებადმცოდნეა.
გარდა „რუსთავი 2“-ისა მუშაობს რადიო „თავისუფლებაში“. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს. კინორეჟისორებიდან განსაკუთრებით ლუკინო ვისკონტი მოსწონს. ქართველი მუსიკოსებიდან სიამოვნებით უსმენს ირაკლი ჩარკვიანს და ჯგუფ „Soft Eject“-ს. ქართველი მწერლებიდან კი პირველ რიგში აკა მორჩილაძეს აფასებს. ძალიან მოეწონა ზურა მესხის „სპაზმები“, აგრეთვე, ზაზა ბურჭულაძის „სიმფსონები“. გოგი გვახარია არ აპირებს წიგნის გამოცემას, რადგან რამდენიმე წლის შემდეგ მისი გადაფურცვლისას შესაძლოა შერცხვეს და საერთოდ, თვლის, რომ აქტიურად ცხოვრობს მხოლოდ აწმყოთი.  
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გოგი გვახარია: – ახალი წლის დადგომა ნამდვილად არ მიყვარს, რადგან არ მომწონს რიტუალები. შეიძლება ახალ წელს კომპიუტერთან შევხვდე. ისე, მინდა ვისურვო არსებობდეს ბევრი „ახალი ვერსიის“ მსგავსი გაზეთი – მარტო ერთი გაზეთი რომ არ იკითხოს კაცმა. დიდი სურვილი მაქვს არ არსებობდეს გაყიდული გაზეთები. ძალიან ცუდია, როდესაც ვგრძნობ, რომ ჟურნალისტი ვიღაცის აზრს ანუ დაკვეთილ აზრს იმეორებს. ბუნებრივია, ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს სიმპათიები გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის მიმართ. მართალი გითხრათ, მაღიზიანებს, როდესაც ჟურნალისტი ობიექტურობას თამაშობს და საკუთარი პირადი აზრის გამოთქმის ეშინია. ეს ბევრ გაზეთში ჩანს და ასეთი გაზეთების კითხვა არ მიყვარს.

Tuesday, December 25, 2001

პოსტულატები სიბნელეში

საქართველოში სიბნელე მძვინვარებს. თბილისში მიუხედავად მასების გამოსვლებისა და წინააღმდეგობებისა, „AES თელასმა“ ერთი კილოვატ-საათი დენის ღირებულება 12,4 თეთრამდე გააძვირა და, ამავე დროს, სინათლეც გაგვითიშა. თუ თბილისში ასე თუ ისე, დენს გრაფიკით მაინც ვიღებთ, საქართველოს სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში (არ მიყვარს სიტყვა „რაიონი“) ხალხს შუქი უკვე თვეობით აღარ უნახავს. სპარტანული ცხოვრების სტილი საქართველოში უკვე დამკვიდრდა და მინდა დავსვა კითხვა: რა არის ამაში ცუდი?

ჩვენს დიდ წინაპრებს უთქვამთ, „ზოგი ჭირი მარგებელიაო“. ნუთუ ამ ოქროს სიტყვებში ვერ ვხედავთ ჭეშმარიტების მარცვალს? ვერ გამიგია, რა საჭიროა უდენობის გამო ქუჩების გადაკეტვა და ცეცხლმოკიდებული საბურავების ახრჩოლება? არსებობს მეორე, არანაკლებ „ბრძნული“ გამონათქვამი – „შეჩვეული ჭირი გერჩივოს, შეუჩვეველ ლხინსაო“. გეკითხებით, ხომ ძალიან ჭკვიანური და ხომ გვყოლია გენიალური წინაპარი? რა ოხრობად გვინდა ამერიკა და ევროპა, სადაც ჩვენთვის შეუჩვეველი ლხინია? არს სჯობს ჩვენს გამოყინულ ბინებში ქართულ ტელევიზიებთან ერთად შევხვდეთ ახალ წელს და შობას და აღარ ვიფიქროთ თუ რა კარგია იქ, სადაც ჩვენ არ ვართ და სადაც შესაძლოა ვერასოდეს მოვხვდეთ. მერე რა? ჩვენ ახალი წლის ღამეს, ზუსტად 12 საათზე ბატონი პრეზიდენტი გაგვამხნევებს, კიდევ ერთხელ მოთმინებისკენ მოგვიწოდებს. მერე და, რაა ამაში ცუდი? მოთმენასაც ცოდნა უნდა. და არა მარტო მოთმენას, არამედ შეგუებასაც.

მახსოვს, ადრე ვითომ მოძმე ჩრდილოელ მეზობლებს დავცინოდით, ყველაფერს შეეგუებიან, ოღონდ არაყი და ძეხვი ჰქონდეთო. მაგრამ ის გამოთქმაც ხომ გაგიგიათ: „ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო?“ არა მგონია, რაღაც-რაღაცეებს ჩვენ ნაკლებად შეგუებულები ვიყოთ, ვიდრე სხვები.

მიუხედავად ყველაფრისა, ასეთი გაჭირვებული ყოფის ფონზე მკითხველს ლონგოს რამდენიმე პოსტულატს ვთავაზობ, რომლის თანახმადაც უდენობა რაღაც ტრაგიკული მოვლენა არ არის და შეგუების მსურველთ იგი კიდევ უფრო დაეხმარება, აღნიშნული პროცესი განაგრძონ და ოპონენტებს სიამოვნებით დაუმტკიცონ, რომ უდენობა, ამავე დროს, ფრიად სასარგებლოა. აი, ეს პოსტულატებიც:

1. ენერგოკრიზისი ადამიანებისთვის სასარგებლოა, რადგან მათ ხასიათში მოთმენისა და შემგუებლობის თვისებები უყალიბდებათ.

2. უდენობის დროს ადამიანებს შესანიშნავი შანსი ეძლევათ, მიიღონ საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ტრადიციული სულიერი საზრდო: იკითხონ წიგნები (რა თქმა უნდა, სანთლის ან ლამფის შუქზე), დაათვალიერონ ნახატები, ბოლოს და ბოლოს თავად წერონ ან დახატონ და ა. შ.

3. უშუქობისას ოჯახური იდილია უფრო იკვრება: ადამიანები ტელევიზორს აღარ ან ვეღარ უყურებენ, ისინი უფრო ხშირად საუბრობენ, ეცნობიან ერთმანეთის პრობლემებს და თანაუგრძნობენ ერთმანეთს, ათვალიერებენ საოჯახო ფოტოალბომებს, იხსენებენ წარსულს, თამაშობენ ჭადრაკს, დომინოს, შაშსა და ბანქოს, დადიან ერთმანეთთან სტუმრად. რაც მთავარია, მყარდება „ცოცხალი“ კომუნიკაციები (თუნდაც ტელეფონით).

4. ენერგოკრიზისის დროს, სიბნელეში ადამიანები უფრო ეჩვევიან ფიქრს.

5. უშუქობისას ადამიანები სხვა ადამიანებზე ზრუნვას იწყებენ. ზამთარში უფრო ათბობენ ერთმანეთს, რაც, თავის მხრივ, დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტას ხელს უწყობს.

6. უდენობისას ადამიანს სოფლად სიცივეში მიტოვებული მისი წინაპარი (დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ა. შ.) ახსებდება.

7. ჩაბნელებულ ქალაქში ადამიანი უფრო ფრთხილია, თუნდაც იმიტომ, რომ ღამით ქუჩაში თავახდილ ჭაში არ ჩავარდეს.

8. უბრალოდ, უშუქობა უფრო რომანტიკულია, რადგან ადამიანი ამ დროს ხშირად იცქირება ცაში, სადაც დარში მთვარე ჩანს ხოლმე. მთვარე კი თავის მხრივ, მოგეხსენებათ, თავისებური მუზაა. გაიხსენეთ თუნდაც ბეთჰოვენის „მთვარის სონატა“.

9. ენერგოკრიზისის დროს ადამიანი იძულებულია მუდამ იშრომოს, რადგან მისი ოჯახი სიცივის გამო არ გაიყინოს. მან ყოველდღე უნდა იყიდოს ნავთი, რაც, თავის მხრივ, პრეზიდენტის ოჯახის კეთილდღეობისა და გამდიდრებისთვის ზრუნვაცაა.

10. უშუქობისას ფინანსები იზოგება, რადგან მრიცხველი არ წერს. ამავე დროს, აღარც ნათურები და ელექტროტექნიკა გადაგეწვებათ.

11. და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ხალხი ელექტროფიზიკაში უფრო გათვითცნობიერებულია, ვიდრე ამავე დარგის კანადელი პროფესორი.

იმედია, ეს პოსტულატები ყველა ამ ცხოვრებასთან შეგუებულ მოქალაქეს გამოადგება და პროგრესისა და დენის მსურველებს იგი უკვე თამამად დაუმტკიცებს მათი პოზიციების სიმცდარეს. თუმცა, პირადად, ამ პოსტულატებით ცხოვრებას არავის ვურჩევ, რადგან, რა თქმა უნდა, მათ აბსოლუტურ ჭეშმარიტებაში ეჭვი მეპარება.