Thursday, January 27, 2005

თანამედროვე ქუთაისური პროტესტი და ქართული ტალღა

ქართული სატელევიზიო მუსიკალური ეთერი სავსეა ქუთაისელი რეპერის „შავი პრინცის“ კლიპებით. მისი და სხვა რეპერების თითქმის ყველა კლიპში, რომელთა სცენარებიც ძალზედ ბანალურია და ერთმანეთს წააგავს, შესანიშნავი სხეულების მქონე, ნახევრად შიშველი გოგონები იწონებენ თავს. ქართველი რეპერები დაგრიალებენ „ფირმა“ მანქანებით, თამაშობენ კაზინოებსა და ისვენებენ საუნებში. „შავი პრინცი“ ასაკით ყველა ქართველ რეპერზე უფროსია, რაც ლოგიკურად იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში „ეროვნული რეპის“ აკვანი „სავარდო და სამაისო“ ქუთაისში დაირწა. რატომ უნდა ჩასახულიყო საქართველოში ეს ამერიკული მეგაპოლისების ურბანისტული, ზანგური მუსიკა მაინცა და მაინც ქუთაისში?

თბილისში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპი, თითქოს, ქუთაისელი ახალგაზრდები დღესაც ე. წ. „ქურდულ მენტალიტეტს“ ეტრფიან. მისაღებია თუ არა „შავი გაგება“ თანამედროვე რეპერისთვის? ქართული რეპი შეიძლება იყოს სექსი, კრიმინალი, ნარკოტიკები, მაგრამ იგი არანაირად არ ეხმაურება ტრადიციულ ქურდულ კანონებს. რეპერის „შავი გაგება“ უფრო ახლოს დგას ამერიკელ შავკანიანთა ქუჩურ, განგსტერულ ცხოვრებასთან. „შავი პრინცისა“ და სხვა ქუთაისელი რეპერების შემოქმედება ადრე უფრო აგრესიულობით გამოირჩეოდა და შეიძლება ითქვას, ანდერგრაუნდშიც კი იყო, თუმცა მაშინ „შავ პრინცს“ ცოტა თუ იცნობდა. ერთ დროს უკომპრომისო „ქუჩის ბიჭი“ და აგრესიული მუსიკოსი დაწყნარდა, დამშვიდდა და დღეს, უფრო მსუბუქ, მელოდიურ სიმღერებსაც ასრულებს. თუმცა, მოდით, ისევ ქუთაისს დავუბრუნდეთ. ზემოთ დასმულ კითხვაზე თავად „შავი პრინცი“ პასუხობს: „თანამედროვე მუსიკაში ყველაზე მეამბოხე მუსიკოსები სწორედ ამ ქალაქიდან არიან. ეს, ჩემის აზრით, ბუნებრივია. როდესაც ადამიანს ბევრი გაუსაძლისი პრობლემა გაქვს და რაღაცის შეცვლა გსურს, მაშინ უფრო მეტად აზროვნებ და უკვე გარკვევით ხვდები რა გინდა“.

Friday, July 16, 2004

რობი კუხიანიძე: „ესენი ლოგინიდან მღერიან და ამ დროს მათ ვიღაცა ერთ ადგილას ეფერება, ხელს უსვამს“

საქართველოში სულ უფრო ცოტა რჩება ხელოვანი, რომელიც საკუთარი უკომპრომისობითაა გამორჩეული. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ბევრი მათგანი ახალი ხელისუფლების მეხოტბე და მხარდამჭერი აღმოჩნდა, რაც შეიძლება არცაა დასაძრახი, რადგან ასაკით ახალგაზრდა ხელისუფლებას, ალბათ, პირველ რიგში, თანატოლების გვერდით დგომა ყველაზე მეტად სჭირდება. თუმცა პოლიტიზირებულ საზოგადოებაში ვიღაცეები უკვე პოლიტიკოსობენ კიდეც, ჭკუასაც გვარიგებენ და ამ სტატიის მთავარი გმირის, რობი კუხიანიძის არ იყოს, „პაპკებით“ იწყებენ სირბილს.

მგონი თემიდან გადავუხვიე, ანუ აუტში წავედი. მაგრამ მეპატიება, რადგან დღეს რობი კუხიანიძისა და მისი „აუტსაიდერის“ ახალ კონცერტზე მექნება საუბარი, რომელიც 3 ივლისს „ვაკის თეატრალურ სარდაფში“ ჩატარდა. მინდა გულწრფელად აღვნიშნო, რომ მსგავსი სიამოვნება ქართველ შემსრულებელთა კონცერტებიდან კარგა ხანია არ მიმიღია. თანაც „აუტსაიდერს“ ასეთი მოწესრიგებულად და დავარცხნილად ალბათ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისის შემდეგ არ დაუკრავს.

Monday, March 15, 2004

შავი პრინცის შავი აზრები

თანამედროვე ქართულ მუსიკაში ყველაზე მეამბოხე შემსრულებლები ქუთაისიდან არიან

„შავი პრინცი“, იგივე „ძებნილი“ (აკაკი ბაბუნაშვილი) ერთ-ერთი იმ ქართველ მუსიკოსთაგანია, რომელმაც პირველად იმღერა რეჩიტატივით და მის აგრესიულ რეპში ანტიგმირები განასახიერა. იგი ხან ნარკომანი, ხან ქურდი, ხანაც ყაჩაღი იყო. ქართველი რეპერს მიაჩნია, რომ შინაგანად პროტესტანტია და არ ჰგავს სენტიმენტალ „პაპსა“ რეპერებს. მისი შემოქმედება შეიძლება რამდენიმე ეტაპად დაიყოს: გასული საუკუნის 90-იან წლებში „შავმა პრინცმა“ ქუთაისში პირველი რეპ-კომპოზიციები გამოაცხო და პატარა კონცერტებიც მოაწყო. მისი დამსახურებით, მსგავს რეპს ქუთაისში ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. შემდეგ მუსიკოსმა ჯგუფი „ძებნილი“ შექმნა და თბილისში ჩამოვიდა, სადაც საკმაო წარმატებებს მიაღწია 1999 წელს ჩაწერილი ალბომით „დაამტვრიე როკი“.

ალბომში „შავმა პრინცმა“ პოლიციის მიერ ძებნილი ბანდის, ქუჩის ბიჭების ცხოვრება ასახა, რომლებიც ადამიანებს თავს ესხმიან და აყაჩაღებენ. „მე ველოდები ღამეს ქარიანს, მე მიმყავს საქმეზე ვისაც კარგი თვალი აქვს“, – ასეთი ტექსტი ჟღერს მის ერთ-ერთ სიმღერაში. საერთოდ, კრიმინალური სიუჟეტი აგრესიული რეპისთვის უცხო არ არის, თუმცა საქართველოს რეპში ამ თემაზე პირველად სწორედ „ძებნილმა“ გაბედა სიტყვის თქმა.

 „შავ პრინცს“ ყველაზე დიდი პოპულარობა სიმღერამ „ჩემი ძმები“ მოუტანა. აღნიშნული ჰიტი საქართველოში არსებულ ჩარტების სათავეებში მოექცა. დღეს უკომპრომისო მუსიკოსი ოდნავ „დამშვიდდა“ და მელოდიურ სიმღერებსაც ასრულებს, თუმცა მალე მსმენელს ახალ, ორდისკიან ალბომს შესთავაზებს, რომელიც მუსიკალურად ასევე ორ ნაწილად იქნება დაყოფილი. ერთ-ერთ დისკზე იქნება სწორედ უკომპრომისო რეპ-კომპოზიციები, ხოლო მეორეში შედარებით მსუბუქი სიმღერები. 32 წლის „შავი პრინცი“ დღეს „ახალი ვერსიის“ სტუმარია.

– რას ნიშნავს იყო რეპერი?

– საქართველოში დღეს ბევრი რეპერობს, მაგრამ „პროფესიით“ ყველას რეპერს ვერ დაარქმევ. ბევრი მათგანი მომავალში შეიძლება საერთოდ გამოეთიშოს ჰიპ-ჰოპ კულტურას და ოჯახის სარჩენად სხვა საქმიანობა დაიწყოს. თუმცა ჩვენს შორის არსებობენ სუფთა სისხლის რეპერებიც. სამწუხაროდ, საქართველოში თვალსაჩინოდ ვერ ყალიბდება სუფთა ჰიპ-ჰოპი, რადგან ბევრ მუსიკოსს თავის სარჩენი სხვა წყაროები გააჩნია, ამიტომ მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, სწორად გაიაზრებს ჰიპ-ჰოპის არსს თუ უბრალოდ, სწორად გარითმავს საკუთარ პოეზიას და ამას ილაპარაკებს. ამ შემთხვევაში მისი სიმღერა რეალობასთან ახლოს არ იქნება. ჩემი აზრით, ჰიპ-ჰოპი რეალობაზე აგებული მუსიკაა, ანუ თუ სიბინძურეს დაინახავ, უნდა იმღერო ამაზე, თუ კარგს შეხედავ – ესეც უნდა აღნიშნო, მაგრამ ამას ყველაფერს საკუთარი ფორმა აქვს. ჰიპ-ჰოპში მხოლოდ საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა იმღერო და არა იმიტომ, რომ ეს შენ გისწორდება. შეიძლება რაღაც არ გისწორდებოდეს, მაგრამ იმისთვის, რომ შენ რეპერი ხარ, მაინც უნდა თქვა ეს. სუფთა სისხლის რეპერი რასაც ხედავს, იმას ამბობს. თუ გარშემო აგრესიას ხედავს, სათქმელს აგრესიულად უნდა ამბობდეს. ერთი ტონალობით ცუდისა და კარგის თქმა არ შეიძლება.

– პანკების იდეოლოგია ანარქიზმია. რა არის რეპერების იდეოლოგია? რა მიზანია აქვს რეპერს?

– როდესაც რეპერს რაღაცა არ მოსწონს, სურს, რომ ის უკეთესით შეიცვალოს. შეიძლება რეპერი ფანტასტიკურ რამეზე ოცნებობდეს, მაგრამ მას სურვილი აქვს, მისი ოცნება არსებობდეს. თუ ირგვლივ რაღაც არსებობს, მაგრამ მახინჯი ფორმით, რეპერი მას ლანძღავს, აგინებს, უარყოფს და სურს, რომ იმ რაღაცამ კარგი ფორმით იარსებოს. ამავე დროს, რეპერი ძალიან მარტივი ენით უნდა საუბრობდეს, არ არის სიმღერებში საჭირო ფილოსოფიური დატვირთვა. თუ ის ხედავს ქუჩასა და ნაგავს, უნდა ახსენოს ქუჩაც და ნაგავიც. შეიძლება ქუჩაში გაზრდილიც აზროვნებდეს ფილოსოფიურად, მაგრამ ყველაფერს ამბობდეს მარტივად და გასაგებად.

– ნამდვილი რეპერი ფიქრობს თუ არა საკუთარ მომავალზე, ოჯახზე, ფინანსურ წინსვლაზე?

– ჩემი აზრით, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამაზე არ ფიქრობს. რეპერი ცდილობს, საკუთარ კეთილდღეობას საკუთარი სიმართლით მიაღწიოს. მიუხედავად იმისა, რეპერი ცუდზე იმღერებს, თუ კარგზე, მან საკუთარი ადგილი უნდა დაიმკვიდროს. თუ რეპერი ყველაფერს მარტივად და სიმართლით მიუდგება, ყველას დააინტერესებს და ბევრს გაუჩნდება მის კონცერტზე მისვლის და ალბომის შეძენის სურვილი. აქედან გამომდინარე რეპერს იმედი ექნება, რომ ხვალიდან კარგად იცხოვრებს.

– რეპსა და ჰიპ-ჰოპს შორის რა განსხვავებაა?

Tuesday, February 24, 2004

მეთუნეები ქართულ ლიტერატურაში

ისინი ამალებული ადგილებიდან დაეშვნენ, ტურებივით შეესივნენ ქართულ ტელეეთერს და ბუღა ხარებივით გადაჯეგეს

© ლაშა გაბუნია
© ლევან რამიშვილი

დასაწყისი

ცვლილებები... ჩვენ მათ მივეჩვიეთ. იცვლებოდა თაობები, დროშები, ქუჩების სახელები, ფული, დღესასწაულები, სიმბოლოები და მათი შემქმნელები... იმდენი რამ შეიცვალა, რომ ძველი და ახალი ერთმანეთში აიზილა. ძნელი გახდა გარჩევა რამ ზნე იცვალა, რამ – მხოლოდ ფერი.

ამ ორომტრიალში გამოჩდნენ მემარჯვენეები, მემარცხენეები, მწვანეები, ლურჯები, ცისფრები, ვარდისფრები და კიდევ ვიღაცეები. სანამ ფერების მიხედვით დაყოფილ ჯამაათს ვინმე შინაარსისდა მიხედვით დაალაგებდა, და ამღვრეული წყალი დაიწმინდებოდა, მათგან აღმოცენდნენ „ახლები“ და ყელში სწვდნენ „ძველებს“. ეს უკანასკნელნი იმდენად უკანასკნელნი აღმოჩდნენ, რომ ადამიანი ბოლომდე „ახლებს“ ენდო და მათ „ძველების“ მიერ მიტოვებულ კვარცხლბეკზე „შალახოც“ იცეკვეს და ჩაილურდალეულთა ჩაიც დალიეს.

ეს ყველაფერი კარგი, ჩვენც ეს გვსურდა, მაგრამ ამდენი წლის დავიდარაბის შემდეგ, XXI საუკუნის გარიჟრაჟზე ერთხელ მაინც ხომ უნდა დაისვას სრულიად ბუნებრივი კითხვა: ვინ იყვნენ „ძველები“, ვინ არიან „ახლები“ და რა განსხვავებაა მათ შორის?

მეთუნეობის საფუძვლები, ანუ წითელი ელიტა, მეტსახელად – შემოქმედებითი ინტელიგენცია

მეტ-ნაკლებად ყველამ იცის, რას წარმოადგენდა და რა მიზნებს ემსახურებოდა საბჭოთა საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც საგანგებოდ მათ მორგებული სახელი – „შემოქმედებითი ინტელიგენცია“ შეარქვეს. და მაინც, ორიოდ სიტყვით შეგახსენებთ მის დანიშნულებას „ნათელი მომავლის“ მშენებარე საზოგადოებაში და სხვა ფრიად საგულისხმო დეტალებს.

„წითელ ინტელიგენციას“ ოდესმე არსებულ ადამიანთა სხვა დაჯგუფებებისგან რამდენიმე საგულისხმო ნიშანი გამოარჩევდა:

Monday, February 23, 2004

ჩვენ მწერ(ლ)ები

დიდი ხანია, წერის სურვილმა ამიტანა. მინდა ვწერო რომანები და მოთხრობები, საერთოდ, ყველაფერზე. დღეს წერა გაადვილდა. თუ კომპიუტერი გაქვს, ამაზე ადვილი არაფერია. მოკალათდები შენთვის თეთრად მოციმციმე მონიტორის წინ, გვერდით კაქტუსს დაიდგამ (ამბობენ კომპიუტერის მავნე გამოსხივებას ისრუტავსო) და მოგეცა ლხენა! წერე და წერე! მე შენ გეტყვი და, ფურცლები გამოგელევა, თუ საწერკალამში მელანი გაგითავდება. ჰოდა, გადავწყვიტე, სურვილი ავისრულო და დღეიდან ძალიან ბევრი ვწერო. აბა, რა მაქვს სხვა საქმე? მართალია, ჩემგან არც ედგარ ალან პო და არც სულმნათი თეოდორე დოსტოევსკი არ დადგება, მაგრამ ამას ნამდვილად არ ვჩივი. მთავარია წერა, რომელიც დღეიდან უკვე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. აი, ამ წუთებში ვწერ და სიამოვნებისგან კატასავით ვკრუტუნებ. იცით, რა კარგი გრძნობაა კლავიატურაზე ნაზად კაკუნი? მერე, როდესაც ხედავ, რა ლამაზი შავი ხნულები ჩნდება მონიტორის თეთრ „ფურცელზე“ და როგორ ივსება სითეთრე შენი გულმოდგინე მეცადინეობით, ბილ გეიტსის სადღეგრძელოს შესმა გინდება Microsoft Word-ის შექმნისათვის.

ისინი კი, ვინც დღესაც ნამდვილ ფურცელზე ნამდვილ კალმისტარს თუ ფანქარს აფხაჭუნებენ, სრულიად ჩამორჩენილები არიან. არა, მაინც რა ვართ ეს მწერლები!.. ოჰ, ეს რა სიტყვა წამომცდა: „მწერლები“. თუმცა არა! ჩემმა ნახევრად უკრაინელმა ძმაკაცმა რამდენიმე წლის წინ სრული სერიოზულობით მკითხა: Мцери по грузински что значит? Это же человек, который пишет, писатель? მან თავისი მცირე ქართული ერუდიციით, მშვენიერი ლინგვისტური აღმოჩენა გააკეთა. მეც უკვე შევუდექი ჩემს მწერულ მოღვაწეობას და ნურავინ დამიწყებს მერე ისაო და ესაო, რა საშინელება უდღაბნიაო, თორემ ნამდვილი მწერივით ავად ავზუზუნდები და მიქნიონ მერე ბუზის საკლავი. რა! სხვაზე ნაკლები მწერი და ქართველი რით ვარ?

ვერავინ დამაყვედრის „ვარდების რევოლუციის“ დროს სად იყოო, რადგან მაშინ, წვიმასა და სიცივეში, მეც სხვებივით ყოველგვარი ანგარების გარეშე ვიწუწებოდი, ვიყინებოდი და არყით ვთბებოდი. თუმცა მიტინგების პირველი დღიდანვე, სხვა მწერებისგან განსხვავებით, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის მთავარი და „მოსასპობი“ (როგორც ერთ ლოზუნგზე ეწერა) აუცილებლად გადადგებოდა. ჰოდა, ამაში ნურავინ შემომედავება, თორემ დავბეჭდავ საკუთარი თხზულებების ვეებერთელა წიგნს და მოვაწყობ პრეზენტაციებს „პარნასებში“, „ლიტერატურულ კაფეებში“ და ეროვნული ბიბლიოთეკების დარბაზებში. მერე იძახონ ტელევიზორში, რა მაგარი წიგნი დაუწერიაო! – ესენი ხომ, ერთმანეთის შემოქმედებაზე, კარგის მეტს არაფერს ამბობენ (თან იძახიან კრიტიკა არ არსებობსო). თუ წიგნს დავბეჭდავ, თანაამქრელად ჩამთვლიან და პირში ცუდს არაფერს მეტყვიან. ზურგსუკან კი მლანძღონ, რამდენიც უნდათ, – ეს ნამდვილად არ მადარდებს.

არადა, მეც მინდა გრანტები! მეც მინდა „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოსვლა და ყველაფერზე, თუნდაც მეთუნეობაზე საუბარი! მეც მინდა ყველაფრის შესახებ აზრს მეკითხებოდნენ! ამის სრული კონსტიტუციური უფლება მაქვს და ჩემი სურვილის აღსრულებაში წინ ვერავინ გადამეღობება, თვით ყველაზე კორუმპირებული, მაგრამ კომპეტენტური მწერალი ვინმე ჯუსტალ ჯანჯიკაშვილი. „იცოდე კანონი და იქნები დაცული!“ – მართლაც მშვენიერი, ცხოვრებაში დასანერგი პრაგმატული ლოზუნგია. პრაგმატიზმის გარეშე კი, დღევანდელი მწერი არარაობაა.

აი, ხედავთ, უკვე რა მაგარი დასკვნები გავაკეთე და მერე რას ვიზამ?! ამიტომ ნურავინ გაბედავს და იტყვის, წერა არ სცოდნიაო. მე ბავშვობიდანვე მქონდა წერისადმი მიდრეკილება. გენიოსსაც კი მეძახდნენ. მართალია, მხოლოდ დღეს გადავწყვიტე, სერიოზულად ვეზიარო ლიტერატურას, მაგრამ ზურგს 20-წლიანი შემოქმედებითი გზა მიმაგრებს, რადგან წვრილ-წვრილ ლიტერატურულ გაზეთებში გამომიქვეყნებია: სამოცამდე პიესა, ოთხმოცამდე რომანი და ორასორმოცდაათზე მეტი ნოველა თუ მოთხრობა. მართალია, მათ ფართო საზოგადოება არ იცნობს, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? ხომ მიღწვია და დამიწერია? ჰოდა, აღარ მინდა ჩრდილში ყოფნა. მინდა, ჩემს შემოქმედებას ყველა გაეცნოს. ჰო, მართლა, – ლექსებსაც ვწერ. ზუსტად 7 თვის წინ, მწვავე სულიერი დეპრესიის დროს შევთხზე ანდერგრაუნდ პოეზიის შედევრი „სიყვარულის სარეცელს მთვარის ფტორმჟავასფერ კრატერზე დაგიგებ“. მე ქართული მწერლობის აღმოჩენა ვარ და უკვე დადგა დრო, მადლიერმა შთამომავლობამ საკადრისი პატივი მომაგოს. არადა, ბევრ რამეს კი არ ვითხოვ?

უბრალოდ, მინდა, გაის ამ დროს „თბილისობის“ „ბრწყინვალე“ დღესასწაულზე „ღირსების ორდენით“ დამაჯილდოვონ და ამ ქალაქის საპატიო მოქალაქედ გამომაცხადონ. მინდა, „თავისუფალი თეატრის“ სცენაზე ავთო ვარსიმაშვილმა ჩემი პიესა დადგას. დიდი სურვილი მაქვს, თანაამქრელმა მწერებმა, ვაკის პარკის შესასვლელში, არკასთან სიცოცხლეშივე ძეგლი დამიდგან. მინდა, მწერთა კავშირის ან მწერთა ფედერაციის წევრი გავხდე და სხვა მწერების შემოწირულობებზე ვიცხოვრო. ხომ ხედავთ, რა მოკრძალებული სურვილები მაქვს? ამიტომ, ნუ დამძრახავთ, ჩემი თავხედობის გამო.

ახლა, მთავარია, „რუსთავი 2“-ის ეკრანზე მოვხვდე (სადაც ჩემი სახელის ქვეშ იქნება ტიტრი: „მწერალი“) და ჩემი ბრძნული მწერული აზრები ვაფრქვიო. სხვა ტელევიზიები კი, ამის შემდეგ მიმიწვევენ. მათი უმრავლესობა სწორებას ხომ, სწორედ, ამ ტელეკომპანიაზე აკეთებს? ჰოდა, მოვდივარ და დამხვდით. ერთად ვიზუზუნოთ.

ვისაც ჩემს მწერულ ღირსებებში ეჭვი ეპარება, მომწერეთ.

Tuesday, February 17, 2004

„ჩვენი ხალხი ნამდვილად იმსახურებს კარგ საზოგადოებრივ ტელევიზიას“

ზაზა შენგელია „პირველი არხის“ შესახებ

„ახალი ვერსია“ დაინტერესდა საქტელერადიომაუწყებლობის ყოფილი ხელმძღვანელის, ზაზა შენგელიას ბედით, რომლის შესახებაც ათასნაირი ჭორ-მართალი ვრცელდება. ზაზა შენგელია დაკავებული თანამდებობიდან 2003 წლის 18 ნოემბერს გადადგა, როდესაც მთავრობის სხდომაზე ექს-პრეზიდენტმა შევარდნაძემ უარყოფითად შეაფასა „I არხის“, კერძოდ – „მოამბის“ მუშაობა და მას მაშინდელი ხელისუფლების კურსის მკვეთრად გატარება მოსთხოვა.

ზაზა შენგელიას საქციელი მიხეილ სააკაშვილმა მაშინ გმირობად მონათლა, თუმცა ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელი თავის გადაწყვეტილებას მოკრძალებულ შეფასებას აძლევს.

„ახალ ვერსიასთან“ საუბარში ზაზა შენგელია აცხადებს, რომ ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის უახლოესი გარემოცვა ყოველთვის ცდილობდა „I არხი“ ცალმხრივი ყოფილიყო და მხოლოდ ხელისუფლების პოზიცია დაეფიქსირებინა. ისინი, თურმე, ყოველთვის ცდილობდნენ ტელევიზიის საქმეებში ჩარევას.

Monday, February 16, 2004

„ტელეგადაცემებმა, სადაც სტუმრები მამლებივით იწევდნენ ერთმანეთზე, თავისი დრო მოჭამა“

გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე კანონმდებლობიდან უფრო ემუქრება

ქართული სატელევიზიო-საეთერო სივრცე, ფაქტობრივად, ეგზომ პოპულარული ღამის პოლიტიკური თოქ-შოუების გარეშე დარჩა. ეთერში აღარ გადის ინგა გრიგოლიას „ღამის მზერა“ და ეკა ხოფერიას „ღამის კურიერი“. ამ გადაცემებს შეჩვეულ ტელემაყურებელს სატელევიზიო „ლომკები“ დაეწყო და გულწრფელად დაინტერესდა გრიგოლიასა და ხოფერიას ბედით. ორივე გადაცემა ერთ დღეს შეწყდა, ამიტომ ბევრ ტელემომხმარებელს გაუჩნდა სრულიად ბუნებრივი ეჭვი, რომ ეს პროგრამები „ზემოდან“ ბრძანების შედეგად შეჩერდა. ეს მოსაზრება ზოგიერთმა პარლამენტარმაც განავრცო და პრესაში გაჩნდა ცნობები ამ გადაცემების ხელოვნურად დახურვის შესახებ.

„ახალი ვერსია“ ამით, ბუნებრივია, დაინტერესდა და საქმეში უფრო ღრმად ჩასახედად შეეცადა, „დაზარალებულებს“დაკავშირებოდა. ინგა გრიგოლია „ღამის მზერის“ შეჩერებას იმით ხსნის, რომ ახალ პროექტს ამზადებს, რომელიც, სავარაუდოდ, გაზაფხულისთვის გავა ეთერში.

ინგა გრიგოლია: „ჩემზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, სხვა ტელეარხებზე კი ვერაფერს გეტყვი. აქ შეგიძლია სამი წერტილი დასვა...“ ცოტა არ იყოს, ბუნდოვანი პასუხის მიღების შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით ტელეკომპანია „მზის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, ინგა დადიანს, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ არავითარი ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან მათ მიმართ არ ყოფილა და ტელეკომპანია „მზე“ აპირებს ახალი ფორმატის გადაცემის მომზადებას, რომელსაც კვლავ ინგა გრიგოლია წარუძღვება. ამ გადაცემის დეტალებს წინასწარ არც ინგა გრიგოლია და არც ტელეკომპანია „მზე“ არ ახმაურებს.

შიდა საქმეებში ხელისუფლების ჩარევა „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამაც კატეგორიულად უარყო. ისინი აცხადებენ, რომ „რუსთავი 2“ თავის მაყურებელს მალე ახალ სადისკუსიო პროექტს შესთავაზებს. როგორც ვხედავთ, ტელებოსები და ჟურნალისტები ზეწოლის ფაქტებს გამორიცხავენ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გადაცემების შეჩერება ამ ტელეკომპანიის ხელმძღვანელებს შორის ურთიერთშეთანხმების შედეგად მოხდა.

„თავისუფლების ინსტიტუტის“ ერთ-ერთი ლიდერი, ჟურნალისტი გიგა ბოკერია ამ გადაცემების შეჩერებაში ტრაგედიას ვერ ხედავს. მისი აზრით, საქართველოში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე, უცხოური ინვესტიციების არარსებობით უფრო ემუქრება.