Tuesday, December 25, 2001

პოსტულატები სიბნელეში

საქართველოში სიბნელე მძვინვარებს. თბილისში მიუხედავად მასების გამოსვლებისა და წინააღმდეგობებისა, „AES თელასმა“ ერთი კილოვატ-საათი დენის ღირებულება 12,4 თეთრამდე გააძვირა და, ამავე დროს, სინათლეც გაგვითიშა. თუ თბილისში ასე თუ ისე, დენს გრაფიკით მაინც ვიღებთ, საქართველოს სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში (არ მიყვარს სიტყვა „რაიონი“) ხალხს შუქი უკვე თვეობით აღარ უნახავს. სპარტანული ცხოვრების სტილი საქართველოში უკვე დამკვიდრდა და მინდა დავსვა კითხვა: რა არის ამაში ცუდი?

ჩვენს დიდ წინაპრებს უთქვამთ, „ზოგი ჭირი მარგებელიაო“. ნუთუ ამ ოქროს სიტყვებში ვერ ვხედავთ ჭეშმარიტების მარცვალს? ვერ გამიგია, რა საჭიროა უდენობის გამო ქუჩების გადაკეტვა და ცეცხლმოკიდებული საბურავების ახრჩოლება? არსებობს მეორე, არანაკლებ „ბრძნული“ გამონათქვამი – „შეჩვეული ჭირი გერჩივოს, შეუჩვეველ ლხინსაო“. გეკითხებით, ხომ ძალიან ჭკვიანური და ხომ გვყოლია გენიალური წინაპარი? რა ოხრობად გვინდა ამერიკა და ევროპა, სადაც ჩვენთვის შეუჩვეველი ლხინია? არს სჯობს ჩვენს გამოყინულ ბინებში ქართულ ტელევიზიებთან ერთად შევხვდეთ ახალ წელს და შობას და აღარ ვიფიქროთ თუ რა კარგია იქ, სადაც ჩვენ არ ვართ და სადაც შესაძლოა ვერასოდეს მოვხვდეთ. მერე რა? ჩვენ ახალი წლის ღამეს, ზუსტად 12 საათზე ბატონი პრეზიდენტი გაგვამხნევებს, კიდევ ერთხელ მოთმინებისკენ მოგვიწოდებს. მერე და, რაა ამაში ცუდი? მოთმენასაც ცოდნა უნდა. და არა მარტო მოთმენას, არამედ შეგუებასაც.

მახსოვს, ადრე ვითომ მოძმე ჩრდილოელ მეზობლებს დავცინოდით, ყველაფერს შეეგუებიან, ოღონდ არაყი და ძეხვი ჰქონდეთო. მაგრამ ის გამოთქმაც ხომ გაგიგიათ: „ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო?“ არა მგონია, რაღაც-რაღაცეებს ჩვენ ნაკლებად შეგუებულები ვიყოთ, ვიდრე სხვები.

მიუხედავად ყველაფრისა, ასეთი გაჭირვებული ყოფის ფონზე მკითხველს ლონგოს რამდენიმე პოსტულატს ვთავაზობ, რომლის თანახმადაც უდენობა რაღაც ტრაგიკული მოვლენა არ არის და შეგუების მსურველთ იგი კიდევ უფრო დაეხმარება, აღნიშნული პროცესი განაგრძონ და ოპონენტებს სიამოვნებით დაუმტკიცონ, რომ უდენობა, ამავე დროს, ფრიად სასარგებლოა. აი, ეს პოსტულატებიც:

1. ენერგოკრიზისი ადამიანებისთვის სასარგებლოა, რადგან მათ ხასიათში მოთმენისა და შემგუებლობის თვისებები უყალიბდებათ.

2. უდენობის დროს ადამიანებს შესანიშნავი შანსი ეძლევათ, მიიღონ საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ტრადიციული სულიერი საზრდო: იკითხონ წიგნები (რა თქმა უნდა, სანთლის ან ლამფის შუქზე), დაათვალიერონ ნახატები, ბოლოს და ბოლოს თავად წერონ ან დახატონ და ა. შ.

3. უშუქობისას ოჯახური იდილია უფრო იკვრება: ადამიანები ტელევიზორს აღარ ან ვეღარ უყურებენ, ისინი უფრო ხშირად საუბრობენ, ეცნობიან ერთმანეთის პრობლემებს და თანაუგრძნობენ ერთმანეთს, ათვალიერებენ საოჯახო ფოტოალბომებს, იხსენებენ წარსულს, თამაშობენ ჭადრაკს, დომინოს, შაშსა და ბანქოს, დადიან ერთმანეთთან სტუმრად. რაც მთავარია, მყარდება „ცოცხალი“ კომუნიკაციები (თუნდაც ტელეფონით).

4. ენერგოკრიზისის დროს, სიბნელეში ადამიანები უფრო ეჩვევიან ფიქრს.

5. უშუქობისას ადამიანები სხვა ადამიანებზე ზრუნვას იწყებენ. ზამთარში უფრო ათბობენ ერთმანეთს, რაც, თავის მხრივ, დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტას ხელს უწყობს.

6. უდენობისას ადამიანს სოფლად სიცივეში მიტოვებული მისი წინაპარი (დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ა. შ.) ახსებდება.

7. ჩაბნელებულ ქალაქში ადამიანი უფრო ფრთხილია, თუნდაც იმიტომ, რომ ღამით ქუჩაში თავახდილ ჭაში არ ჩავარდეს.

8. უბრალოდ, უშუქობა უფრო რომანტიკულია, რადგან ადამიანი ამ დროს ხშირად იცქირება ცაში, სადაც დარში მთვარე ჩანს ხოლმე. მთვარე კი თავის მხრივ, მოგეხსენებათ, თავისებური მუზაა. გაიხსენეთ თუნდაც ბეთჰოვენის „მთვარის სონატა“.

9. ენერგოკრიზისის დროს ადამიანი იძულებულია მუდამ იშრომოს, რადგან მისი ოჯახი სიცივის გამო არ გაიყინოს. მან ყოველდღე უნდა იყიდოს ნავთი, რაც, თავის მხრივ, პრეზიდენტის ოჯახის კეთილდღეობისა და გამდიდრებისთვის ზრუნვაცაა.

10. უშუქობისას ფინანსები იზოგება, რადგან მრიცხველი არ წერს. ამავე დროს, აღარც ნათურები და ელექტროტექნიკა გადაგეწვებათ.

11. და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ხალხი ელექტროფიზიკაში უფრო გათვითცნობიერებულია, ვიდრე ამავე დარგის კანადელი პროფესორი.

იმედია, ეს პოსტულატები ყველა ამ ცხოვრებასთან შეგუებულ მოქალაქეს გამოადგება და პროგრესისა და დენის მსურველებს იგი უკვე თამამად დაუმტკიცებს მათი პოზიციების სიმცდარეს. თუმცა, პირადად, ამ პოსტულატებით ცხოვრებას არავის ვურჩევ, რადგან, რა თქმა უნდა, მათ აბსოლუტურ ჭეშმარიტებაში ეჭვი მეპარება.

1 comment:

  1. ნამდვილად ვერ მიხვდები ამ "პოსტულატებს" ნამდვილად იზიარებთ, სერიოზულობით თუ უბრალოდ ამგვარი სატირაა, ირონიული დაცინვა სიტუაციის ტრაგიზმისადმი გამოუვალობლისგან, მაგრამ ქართველ ხალხს რომ ვიცნობ და მითუმეტეს სტატიის თარიღს, გული მიგრძნობს რომ უფრო პირველ დაშვებას აქვს ადგილი. ლოგიკაში მინდა შემოგევლოთ, გადაგკოცნოთ და ჩაგეხუტოთ. მე ასევე დავამატებდი, შიმშილის დროს ადამიანი უფრო კაჟდება, აფასებს თავის მატერიალურ კუთვნილებებს, სწავლობს როგორ იყოს უფრო თავმდაბალი როცა კუჭი უხმება ორგანიზმი კი უკვე ცილოვანი მასის დაშლაზეა გადასული რათა არ ჩაკვდეს. რათქმაუნდა არ შეიძლება დავივიწყოთ ეკონომია! რამდენ ფულს ზოგავს შიმშილისგან მომაკვდავი ადამიანი.
    ჩემს შემთხვევაში, რადგან შეიძლება ამის დამწერი გონებრივად ვერ მივიდეს, ადგილი აქვს სატირასა და ირონიას, რა უკაცრავად და სირად უნდა ადამიანს ფულის ეკონომია და დაზოგვა, თუ ამავე ფულს შენთვის სასურველ პროდუქტსა თუ მომსახურეობაში ვერ ხარჯავ? გაგიმხელთ საიდუმლოს, ხალხს ფული იმიტომ უყვარს რომ მას მოლოდინი აქვს, მისი გადაცვლა შეიძლება პროდუქტსა და მომსახურეობებზე და არა უბრალოდ თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის როჟით დატკბობის წყურვილის მოსაკლავად. თქვენი ლოგიკით ადამიანს უნდა უხაროდეს მანქანა რომ მოუპარეს, ეკონომიას შეხედეთ, აღარც მანქანის დაზღვევა , აღარც დაკარგული დრო საცობებში და აღარც საწვავის ფული. იარეთ ქუჩაში მშვიდად და ტუჩებში აკოცეთ მანქანის ქურდს თუ შემთხვევით სადმე შეგხვდათ, რადგან მან ამდენი უბედურებისგან გიხსნათ.

    ReplyDelete