Wednesday, October 9, 2013

თბ-ილი-სური რუსული ჯგუფი

ქართულ მედიაში ესაა პირველი ინფორმაცია რუსულენოვანი ქართული ჯგუფის „ილის“ შესახებ, რომელიც ადრეულ 1980-იან წლებში თბილისში შეიქმნა. მის ჩანაწერებს ჩემი მეგობარი მელომანის რჩევით, ერთ-ერთ ბლოგზე გადავაწყდი. იქვე ამოვიკითხე, რომ „ილიმ“ დიდი გავლენა იქონია პეტერბურგული როკჯგუფების ნახევარზე. ძალიან გამიკვირდა... რამდენიმე ადამიანი (მათ შორის, ჯგუფის ერთი წევრი) ადასტურებს, რომ რუსული როკის ლეგენდამ, ვიქტორ ცოიმ ცნობილი სიმღერა „ალუმინის კიტრები“ თბილისურ ჯგუფს „აწაპნა“.

„ილი“ 1982 წელს საქართველოს დედაქალაქში ჩამოყალიბდა. მისი დამაარსებელი ვიტალი ბუნინია (სიმღერების ავტორი, ვოკალისტი), რომელიც უმამოდ გაიზარდა, ხოლო დედა ფეხსაცმლის ფაბრიკა „ისანში“ მუშაობდა. ჯგუფის წევრები სხვადასხვა დროს იყვნენ: სერგეი გაილიტი (ფლეიტა, პერკუსია, ბას-გიტარა, ბექ-ვოკალი), გენადი გულჩევსკი (კლავიშები), არტურ სარიანი (დასარტყამები), ვლადიმერ მგელაძე (გიტარა და ბას-გიტარა) და ნუგზარ ფანცულაია (გიტარა). ამჟამად ვიტალი ბუნინი გარდაცვლილია. 90-იანი წლების მიწურულს ერთ-ერთმა რუსულმა ინტერნეტ-გამოცემამ მასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც იგი განმარტავს ჯგუფის სახელწოდებას და ამბობს, რომ ქალაქ თბილისის სახელში არის ასოები „ილი“. რუსულად კი ეს კავშირ „ან“-ს (или) ნიშნავს.

ჯგუფი უკრავდა რიტმ-ენდ-ბლუზს, თუმცა „ილის“ მუსიკაში კარგად იკითხება ფსიქოდელიის, ფოლკის, პროგრესივ როკისა და პოსტპანკის ელემენტებიც კი. დღემდე ჯგუფის მიერ ჩაწერილი 4 მაგნიტო-ალბომი შემორჩა. ამის გარდა, არსებობს კიდევ ერთი ნაკრები სიმღერებისა, რომლებიც 1983 _ 1990 წლებშია ჩაწერილი. ვიტალი ბუნინის ვოკალი და შესრულების მანერა წააგავს პეტერბურგის ლეგენდარული ჯგუფის „ზოოპარკის“ აწგარდაცვლილი ფრონტმენის, მაიკ ნაუმენკოს სტილს, რომელიც თბილისელ მუსიკოსს ყველაზე მეტად მოსწონდა.

„ილის“ ჩანაწერებიდან ძალიან საინტერესოა კომპოზიციები: „მეთოდე“, „გაზაფხულის პირველი დღე“, „წინ“ და სხვები. გაოცებული ვუსმენდი ამ მეტად მრავალფეროვან, აბსოლუტურად უცნობ, საინტერესოტექსტებიან კოლექტივს, რომელსაც თავის დროზე თბილისმა ვერ გაუგო, რადგან, როგორც ჯგუფთან დაახლოებული ერთი პირი აღნიშნავს, 80-იან წლებში ქართველების გემოვნება ძირითადად დასავლურ მუსიკაზე იყო ორიენტირებული.

„ილი“ და საბჭოთა კავშირი თითქმის ერთდროულად დაიშალა.

ჟურნალი „თბილისი Out“ #37, ოქტომბერი, 2013 წელი

დასაჭაშნიკებელი სიმღერები:

 
P.S. ჯგუფის დისკოგრაფია, გადმოსაწერი ბმულებით აქაა.

Tuesday, September 24, 2013

ნუ მოვკლავთ „მუზას“!

2007 წელს საქართველოში კლასიკური მუსიკის რადიო „მუზას“ გახსნა ნამდვილი კულტურული მოვლენა გახდა. ეს იყო ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი. რადიო „მუზა“ დღეს უკვე საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილზე მაუწყებლობს. მისი გადაცემების მოსმენა ყოველთვის სასიამოვნო და შემეცნებითია, რადგან რადიოს წამყვანები ახერხებენ მსმენელისთვის უამრავი კულტურული ინფორმაციის მიწოდებას. ამავე დროს, მის ეთერში კლასიკური მუსიკის გარდა ჟღერს შესანიშნავი თანამედროვე თუ კლასიკური ჯაზი, ქართული თუ უცხოური ფოლკლორი, მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა საეკლესიო მუსიკა...

ჩემს მეგობარ არაკლასიკოს მუსიკოსებსაც ხშირად აღუნიშნავთ, რომ დიდი სიამოვნებით უსმენენ „მუზას“. ამ წლების განმავლობაში რადიომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახერხა ერთგული მსმენელის პოვნა. პირადად ვიცნობ ბევრ ადამიანს, ვინც მთელი დღის განმავლობაში უსმენს ამ რადიოს. მე თვითონ, 5 ფავორიტ FM რადიოს შორის, რომელსაც მანქანაში ვუსმენ, „მუზაც“ მყავს გამორჩეული. ასევე ვუსმენ მობილური ტელეფონის რადიოშიც.

რადიო „მუზას“ კიდევ ერთი დიდი ღირსება მინდა აუცილებლად აღვნიშნო. მისი დაარსების შემდეგ მსმენელს პირველად მიეცა შესაძლებლობა რადიო ეთერში მოესმინათ თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები, რადგან რადიო იწერს მათ სხვადასხვა შესრულებას. ადრე კი ქართველ კომპოზიტორებს ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას და შესაბამისად მათთვის არც სტიმული არსებობდა და ქართულ რადიოებში ძირითადად, უცხოეთში ჩაწერილი კომპოზიციები გადაიცემოდა. ეს ეხება საქართველოში თუ უცხოეთში მცხოვრებ ქართველ შემსრულებლებსაც (მომღერლებს, ინსტრუმენტალისტებს, დირიჟორებს). პრაქტიკულად რადიო „მუზამ“ შექმნა თანამედროვე ქართველი შესრულებლების და კომპოზიტორების ქმნილებათა ძალიან კარგი, ხარისხიანი და საჭირო აუდიოარქივი, რომელსაც გაეცნობიან მომავალი თაობები და მათ ეცოდინებათ როგორი იყო დღევანდელი ქართული კლასიკური მუსიკალური სცენა.

სამწუხაროა, რომ დღეს ამ შესანიშნავ რადიოს დახურვა ემუქრება. „მუზას“ სიკვდილი ძალიან ცუდი იქნება ქართული კულტურისათვის, ამიტომ ჩვენ – მოსახლეობამ და სახელმწიფომ იქნებ მოვახერხოთ მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებში ის ტელე და რადიოარხები, რომელიც ქვეყნის კულტურას, ხელოვნებას აშუქებს, არასოდესაა კომერციული და ხშირ შემთხვევაში მათ სახელმწიფო კურირებს და აფინანსებს, ისევე როგორც სახელმწიფო მუზეუმებს, თეატრებს... არსებობს მარადიული კულტურული ღირებულებები, რომლებიც ვერ ჯდება შოუბიზნესის მკაცრ ჩარჩოებში. ეს უკანასკნელი, მოგვეხსენება, დიდი კომერციული მანქანაა, ხოლო კლასიკური მუსიკა, ისევე როგორც ფოლკლორი, ხალხის კუთვნილებაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ერის განვითარების აუცილებელი ფაქტორია. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ის მედიასაშუალებები, რომელთა ეთერშიც გადაიცემა კლასიკური მუსიკა. გავიხსენოთ თუნდაც ტელევიზიები – ფრანგული „მეცო“ და „არტე“, ან თუნდაც რუსული „კულტურა“ (რადიოებზე რომ აღარაფერი ვთქვათ)...

ნუ მოვკლავთ „მუზას“!


Tuesday, September 10, 2013

საქართველოში კლასიკურ გიტარისტთა I მუსიკალური კონკურსი ტარდება

საქართველოში გიტარა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მუსიკალური საკრავია. აქ ძალიან ბევრ ოჯახში აქვთ ეს შესანიშნავი ინსტრუმენტი. ჩვენს ქვეყანაში გიტარა მე-19 საუკუნიდან გახდა პოპულარული. თუმცა ბოლო პერიოდში გიტარისტები წუხან, რომ კლასიკური გიტარის მიმართ ინტერესი განელდა და ბევრი ნიჭიერი გიტარისტი, უპერსპექტივობის გამო, ქვეყნიდან გადაიხვეწა. არსებობდა კონსერვატორიაში კლასიკური გიტარის კლასის დახურვის საშიშროებაც. საგიტარო მუსიკისთვის სწორედ ამ ძნელბედობის ჟამს ორ მუსიკოს-გიტარისტს – დავით ხოსიტაშვილსა და ვაჩე ლალიაშვილს გაუჩნდათ იდეა, საქართველოში პირველად ჩაატარონ კლასიკურ გიტარისტთა კონკურსი. ამ იდეის განხორციელებაში მათ ფასდაუდებელი დახმარება გაუწიეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ.

დავით ხოსიტაშვილი: „საქართველოში კლასიკური გიტარის საკმაოდ ძლიერი და დიდი სკოლა არსებობდა და ეს არ უნდა დაიკარგოს, რადგან ამჟამად ეს საქმიანობა სიკვდილის პირასაა მისული – სულს ღაფავს. სანამ ჩვენს გიტარისტებს საერთოდ არ განელებიათ ამ ინსტრუმენტზე დაკვრის სურვილი, მანამ უნდა დავეხმაროთ“. კონკურსი სწორედ კლასიკური გიტარის ჟანრის აღორძინების საქმეს ემსახურება. თავად კონკურსი 16, 18 და 20 ოქტომბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება. დასწრება თავისუფალია. მე-3 ადგილზე გასული გიტარისტისთვის განკუთვნილია პრემია 400 ლარი, მე-2 ადგილოსანისთვის – 600 ლარი, ხოლო გამარჯვებული 800 ლარის ოდენობის თანხასთან ერთად „მუსიკის სახლის“ მიერ დაწესებულ „ალჰამბრას“ ფირმის შესანიშნავ კლასიკურ გიტარასაც მიიღებს. ამავე დროს, კონკურსის ორგანიზატორი „საავტორო სტუდია“ საპრიზო ადგილებზე გასულ მუსიკოსებს უფასოდ ჩაუწერს ალბომს.

ორგანიზატორები მომავალი წლის გაზაფხულზე კლასიკური გიტარის ფესტივალის მოწყობასაც გეგმავენ. ისინი იმედოვნებენ, როგორც კონკურსი, ისე ფესტივალი ტრადიციული გახდება. ამრიგად, საქართველოში გიტარის მოყვარულებს უკეთესი პერსპექტივების სტიმული უჩნდებათ. საკონკურსო განცხადებების მიღება დაწყებულია.

ჟურნალი „თბილისი Out“ #36, სექტემბერი, 2013 წელი

Thursday, September 5, 2013

ჯგუფ „შინის“ პარალელური მუსიკალური სამყაროები


„შინის“ წევრების შინ დაბრუნების პროცესი დაიწყო

„შინ“: ზურაბ გაგნიძე, ზაზა მიმინოშვილი და მამუკა ღაღანიძე
ჯგუფი „შინ“, რომელიც ინგლისურად იწერება როგორც The Shin, 1998 წელს გერმანიაში შეიქმნა და იგი დღემდე ამ ბენდის საბაზისო ქვეყანაა. წინამორბედ კოლექტივს „ადიო“ ერქვა, რომელიც1993 წელს შეიქმნა და ძალიან პოპულარული გახდა ევროპაში. 1995 წელს „ადიომ“ გამოუშვა ალბომი „შინ“, რომელიც 1998 წლიდან ამ ჯგუფის სახელად იქცა. ჯგუფის დამაარსებლები არიან ზაზა მიმინოშვილი და ზურაბ გაგნიძე, ხოლო 2002 წლიდან მათ მამუკა ღაღანიძე შეუერთდა. „შინის“ ბირთვი ტრიოა, თუმცა სხვადასხვა პროექტებსა და კონცერტებში უამრავი მოწვეული მუსიკოსი ღებულობს მონაწილეობას.

„შინის“ მუსიკა ეთნო-ჯაზია, რომელიც მთლიანად გაჯერებულია ქართული ფოლკლორით. შეიძლება ითქვას, რომ „შინის“ თითქმის ყველა კომპოზიციის ცენტრს ქართული მუსიკა წარმოადგენს, რომლის ირგვლივაც ტრიალებს ნებისმიერი ჯაზური იმპროვიზაცია. უნდა აღინიშნოს, რომ „შინის“ ერთ-ერთმა დამაარსებელმა, მუსიკალური იდეების ავტორმა და კომპოზიტორმა ზაზა მიმინოშვილმა კარიერის დასაწყისში კლასიკური გიტარის, მოგვიანებით კი ჯაზური კომპოზიციისა და იმპროვიზაციის კურსი დაამთავრა. იგი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ კინოსტუდიასთან და 30-მდე ფილმზე იმუშავა. მან დაწერა მუსიკა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლებისთვის. მუსიკოსად ჩამოყალიბებას ზაზა მიმინოშვილი სწორედ რობერტ სტურუას და ცნობილ ქართველ კომპოზიტორ გია ყანჩელს უმადლის. სწორედ ამ უკანასკნელმა შესთავაზა მას ჯერ თეატრში მუშაობა, შემდეგ კი „ადიოს“ ჩამოყალიბება.

Friday, August 23, 2013

სუპერსტარი პოლიტიკოსები და კონტროლირებადი მუსიკა

მე ვარ სენტიმენტური, თუ თქვენ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ;
მე მიყვარს ქვეყანა და ვერ ვიტან, რაც აქ ხდება.
მე არც მემარცხენე ვარ და არც მემარჯვენე.
უბრალოდ, დღეს სახლში ვზივარ,
ამ უიმედო, პატარა ეკრანში ჩაკარგული.
ლეონარდ კოენი

შესავალი

სახელგანთქმული ამერიკელი პოლიტიკოსი ჰენრი კისინჯერი თავის მემუარებში წერს, რომ ამერიკას აქვს ოთხი მიზეზი, რომელიც პლანეტაზე მის დომინირებას განაპირობებს. პირველი, ესაა არმია, მეორე – მეცნიერება, მესამე – მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი მასკულტურა და მხოლოდ მეოთხე ადგილზე დაასახელა ეკონომიკა. ეს მართლაც ასეა, რადგან მასობრივი მუსიკა პოლიტიკური გავლენის გიგანტური ინსტრუმენტია. მასში უზარმაზარი ენერგია დევს. სტალინი, რომელიც თვლიდა, რომ „ვინც დღეს ჯაზს უკრავს, ხვალ სამშობლოს გაყიდის“, მართალი აღმოჩნდა, რადგან დასავლურმა ფასეულობებმა, რომელიც საბჭოთა კავშირში ჯერ ჯაზის და მერე უკვე როკ-ენ-როლის სახით შემოაღწია, მთლიანად შეცვალა ამ უტოპიური ქვეყნის ხელოვნურად დამკვიდრებული ფასეულობები. რუსი როკმუსიკოსი და პროდიუსერი ბარი ალიბასოვი „ნიუ-იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირი სწორედ როკ-ენ-როლმა დაშალა, თუმცა შედეგი არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც წარმოედგინათ.

ნამდვილად არაა მარტივი დაწერო სტატია პოლიტიკის, მუსიკისა და მედიის ურთიერთობაზე ისეთ ქვეყანაში, სადაც ყოველდღიური პოლიტიკით აბსოლუტურად ყველაფერია გაჯერებული, – ტელევიზია, რადიო, ჟურნალ-გაზეთები, სოციალური მედია, ტრანსპორტი, სამზარეულო და საძინებელიც კი... ამიტომ, აღარ იცი, საიდან და როგორ დაიწყო წერა. აქ ხომ ნებისმიერი ცნობადი სახე (ე.წ. სელებრითი), აკადემიური მუსიკოსიც კი საზოგადოების თვალში რომელიმე პოლიტიკურ ბანაკს უკავშირდება, ან შეგნებულად მიაკუთვნებს თავს. საქართველო ამ ურთიერთობების მხრივ თავისებურად უნიკალური ქვეყანაა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ყველაფერს ახლავე მოგახსენებთ.

კონტროლი უკან, წარსულში

კომუნისტი მმართველები სსრკ-ის არსებობის პირველ წლებშიც კი მუსიკასა და კულტურას საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობდნენ. ამიტომ 1920-იანი წლების დასაწყისში უკვე შეიქმნა „ფილარმონია“, რომელსაც უნდა ეკონტროლებინა მუსიკა და მუსიკოსები. ეს ორგანიზაცია მოიცავდა როგორც აკადემიურ, ისე თანამედროვე მუსიკას. ფილარმონია ერთგვარ საპროდიუსერო ცენტრის ფუნქციას ასრულებდა. იგი პროპაგანდირებდა საბჭოთა მუსიკას. როცა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა დამკვრელური შრომის ფერხულში იყო ჩაბმული, მშრომელთა გასამხნევებლად იქმნებოდა მომღერალ კომუნისტ კოლმეურნეთა ჩანაწერები, რომელიც ჯერ კიდევ 1930-იან წლებში დიდი ტირაჟით ვრცელდებოდა გრამოფონის ფირფიტებით. მათში ქებას ასხამდნენ სოციალისტურ ქვეყანას, შრომას, პარტიას. ასეთი სიმღერები რეჟისორმა ოთარ იოსელიანმაც გამოიყენა თავის ფილმში „გიორგობისთვე“, სადაც ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე ჩართულ რადიოში სწორედ კოლმეურნეთა მომაბეზრებელი სიმღერები ისმის.

Wednesday, August 7, 2013

ჯგუფი Eldrine-ს ანტიტერორისტული ალბომი

ინგლისურენოვანი ჯგუფის, Eldrine-ის ისტორია 2010 წელს იწყება, როცა იგი ორმა კარგმა მეგობარმა – მიხეილ ჭელიძემ და დავით ჩანგოშვილმა ჩამოაყალიბა. ზუსტად ერთ წელიწადში „ელდრაინში“ ახალი ვოკალისტი სოფო ტოროშელიძე მივიდა. მასთან ერთად ჯგუფისთვის წარმატებული აღმოჩნდა 2011 წლის „ევროვიზიის“ კონკურსი, სადაც 43 ქვეყანას შორის ბენდმა მე-9 ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ ისინი ბათუმში ჩატარებულ „Mtv საქართველო ცოცხალზე“ ენრიკე იგლესიასის გამახურებლებად მოგვევლინენ. დღეისათვის ჯგუფის წევრები არიან: მიხეილ ჭელიძე (გიტარა, ბექ-ვოკალი), სოფო ტოროშელიძე (ვოკალი), ირაკლი ბიბილაშვილი (ბასი), ბესარიონ ციხელაშვილი (ბითმეიკერი, დიჯეი, გიტარა) და სანდრო სახამბერიძე (დასარტყამები).

ჯგუფი „ელდრაინი“ მძიმე როკს ასრულებს. ცოტა ხნის წინ ბენდმა ჩაწერა თავისი პირველი ოფიციალური ალბომი, რომელიც მთლიანად ეძღვნება ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველ და სხვა ქვეყნის ჯარისკაცებს. დისკს Till The End („ბოლომდე“) ჰქვია. ალბომი კომპანია „ბრავო რექორდსში“ ჩაიწერა და დაიბეჭდა. ნამუშევარი ანტიტერორისტული თემატიკისაა, მასში შესულია 12 ინგლისურენოვანი სიმღერა. ნაწარმოებებზე მუშაობის პროცესში მუსიკოსები ავღანეთში ნამსახურებ ვეტერან მებრძოლებს ხვდებოდნენ. ჯგუფის წევრთა მტკიცებით, სწორედ მათთან კონსულტაციების შედეგად იქმნებოდა რეპერტუარი. ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი 5 ივლისს გაიმართა ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში. ახლო მომავალში კი ამ ალბომის მხარდასაჭერად იგეგმება „ელდრაინის“ კონცერტი ავღანეთში, სადაც მუსიკოსები ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს და სხვა ქვეყნის ჯარისკაცებისთვის იმღერებენ.


აღნიშნული პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს თავდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროები.

ჟურნალი „თბილისი Out“ #35, აგვისტო, 2013 წელი

მოუსმინე:

Thursday, July 18, 2013

„ღრუბლებისდამჭერთა“ ამაღლებული ჰარმონია


ყველა კარგ ჯგუფს აქვს თავისი ლეგენდა. შესანიშნავი ინგლისურენოვანი ტრიოს Catch The Clouds მუსიკოსები თავის სახელთან დაკავშირებით ასეთ ისტორიას ჰყვებიან: „მუსიკალური თემები, რომლებსაც ვქმნიდით, თავისი ბუნებით, ჩვენთვის ღრუბლებთან ასოცირდებოდა. ვცდილობდით შეგვექმნა ატმოსფერო, რომელიც დადებით (ზოგჯერ სენტიმენტალურ) ემოციებს აღძრავდა ჩვენშიც და მსმენელშიც. მუსიკით მიღებული სიამოვნება კი, ერთ ჩვეულებრივ სტუდიურ საღამოს, სპონტანურად დავუკავშირეთ ღრუბლების დაჭერას და ეს სახელიც დღემდე უცვლელად შემოგვრჩა“.

ჯგუფი 7 წლის წინ შეიქმნა. მისი წევრები არიან: ქეთევან ტუღუში (ვოკალი), ირაკლი „ბეთჰო“ მანჩხაშვილი (ელექტრონული ინსტრუმენტები, ბას-გიტარა) და გიორგი „არზო“ არზიანი (ელექტრონული ინსტრუმენტები). თავდაპირველად პროექტი ღია იყო და მასში სხვადასხვა მუსიკოსებს იწვევდნენ. მოგვიანებით იგი ტრიოდ ჩამოყალიბდა. ჯგუფმა 2010 წელს თავისი სადებიუტო ალბომი Nobody At Home (შინ არავინაა) ინტერნეტში გამოსცა. მეორე ალბომზე ახლა მუშაობენ და, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის მზად იქნება. საინტერესოა, რომ ალბომი ტრიომ შეიძლება ალტერნატიული სახით გამოსცეს.

ბეთჰო, ქეთევან ტუღუში და არზო
„ღრუბლებისდამჭერებმა“ უკვე ჩაატარეს რამდენიმე სოლო კონცერტი. წელს გაზაფხულზე მათ პატივი ერგოთ, თბილისში ჩამოსული ცნობილი კანადური ტრიპ-ჰოპ დუეტის – Elsiane-ის კონცერტზე „გამახურებლები“ ყოფილიყვნენ. Catch The Clouds-ის სტილი ტრიპ-ჰოპის, ემბიენტის და ჩილაუტის სასიამოვნო კოქტეილია. ტრიოს მუსიკა შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც ნათელი, მრავალფეროვანი და ამაღლებული მელანქოლია, რომლის მოსმენაც ერთნაირად სასიამოვნოა როგორც სახლში, ისე ქუჩაში. შედეგად, მსმენელს უჩნდება შეგრძნება, რომ ღრუბლების დაჭერა მართლაც მშვენიერი საქმიანობაა.

ჟურნალი „თბილისი Out“ #34, ივლისი, 2013 წელი

მოუსმინე:

Tuesday, June 11, 2013

Landmark – ქართული ინდი-ჯგუფი

საქართველოს ინგლისურენოვანი მუსიკალური სცენა მრავალფეროვანი და საინტერესოა. ინგლისურ ენაზე შემსრულებელთა უმრავლესობა საკმაოდ ახალგაზრდაა. დარწმუნებული ვარ, რამდენიმეს დიდი სიამოვნებით მოუსმენენ არა მხოლოდ სამშობლოში. ასეთებს შორის აშკარად გამორჩეულია Landmark. მისი წევრები არიან: ბასკი – ვოკალი, გიტარა; გიორგი გელაშვილი – სოლო გიტარა; აჩი შიოშვილი – დასარტყამები და დათო აბაიშვილი – ბას-გიტარა.


ჯგუფი 2008 წელს შეიქმნა. ერთ წელიწადში პირველი კონცერტი გამართა და კიდევ ერთი წლის შემდეგ ჩაწერა პირველი მაქსი-სინგლი (EP), სახელწოდებით Cerbear, რომელიც 2011 წლის შემოდგომაზე გამოვიდა. ეს მათი პირველი სტუდიური ჩანაწერი იყო. ორიოდე თვის წინ Landmark-მა მთლიანად საკუთარი ხარჯებით უკვე სრული ალბომი – Void გამოუშვა, რომელსაც ბიჭები მთელი 6 თვის განმავლობაში იწერდნენ. მასალის მიქსი და მასტერინგი სტამბულში გაკეთდა. 

კვარტეტის მუსიკა მიმზიდველი და მელოდიურია; გამორჩეულია ხავერდოვანი ვოკალი და გემოვნებიანი არანჟირება. მუსიკა ზოგადად ინდი-როკისა და პოსტპანკის ნაზავია და, რა თქმა უნდა, ინგლისურენოვანია. როგორც Landmark-ის ერთ-ერთმა დამაარსებელმა და წევრმა დათო აბაიშვილმა მითხრა, ბიჭები მიიჩნევენ, რომ გლობალურ ეპოქაში ცხოვრობენ და მსოფლიო მოქალაქეები არიან, აქედან გამომდინარე, უნდათ მათ მუსიკას არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ პლანეტაზე უსმენდნენ. სწორედ ამიტომ მღერიან ისინი ინგლისურ ენაზე. მათი სურვილი მუსიკის კეთება და მუსიკით ცხოვრებაა.

ჟურნალი „თბილისი Out“ #33, ივნისი, 2013 წელი

Sunday, May 19, 2013

Tbilisi Open Air 2013

თბილისში ყოველწლიურად ღია ცის ქვეშ რამდენიმედღიანი თანამედროვე მუსიკის ფესტივალი ეწყობა. ვინ იფიქრებდა 2009 წელს რუსეთში ჩატარებულ „ევროვიზიაზე“ დისკვალიფიცირებული ქართული ჯგუფის მხარდაჭერისთვის თბილისში მოწყობილი „ალტერვიზიის“ ფესტივალი წლიდან წლამდე თუ ასეთი მასშტაბური გახდებოდა? ფესტივალის ორგანიზატორებმა „ალტერვიჟენ გრუპი“ შექმნეს, რომელიც საინტერესო ღონისძიებების ორგანიზებას ახდენს. Tbilisi Open Air თავიდანვე საერთაშორისო ფესტივალად ჩამოყალიბდა და მასში ქართველ მუსიკოსთა გვერდით სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსებიც მონაწილეობდნენ. მასშტაბური იყო შარშანდელი ორდღიანი ფესტივალი, რომელსაც ცნობილი შემსრულებლები, ავსტრალიური DUB fx და რუსული DDT სტუმრობდნენ. ამ უკანასკნელის ქალაქგარეთ გამართულ კონცერტს 60 000-მდე მაყურებელი დაესწრო.

 
წლევანდელ Tbilisi Open Air-ზე, რომელიც 5 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება, მსოფლიოს მუსიკალური გრანდები ჩამოვლენ. ფესტივალის ჰედლაინერი კლასიკური ჰარდ-როკის ლეგენდა Deep Purple-ა, რომლის ვოკალისტი იან გილანი საქართველოს ჯერ კიდევ 1990 წელს  ესტუმრა. მაშინ მუსიკოსმა თბილისში მეუღლესთან ხელი მოაწერა და ქართულ ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი წყვილის ფოტომ მთელი ქვეყნის მაშინდელი ჟურნალ-გაზეთების პირველი გვერდები მოიარა. წელს ერთდღიან ფესტივალს სხვა არანაკლები დონის შემსრულებლები – ტრიპ-ჰოპის ერთ-ერთი პიონერი Tricky, ისრაელური ელექტრონული Infected Mushroom, ბრიტანული ინდი-ჯგუფი The Subways, გერმანული ელექტრონული Modeselektor და ფრანგული ელექტროქლეშ პროექტი Black Strobe ეწვევიან. ისევე როგორც წინა ფესტივალებზე, 5 ივნისს ქართველებიც გამოვლენ სცენაზე. ამჯერად ეს ჯგუფი Kid Jesus იქნება.

ჟურნალი „თბილისი Out“ #32, მაისი, 2013 წელი

Wednesday, April 10, 2013

„თსუ არტი“ – უნიკალური სეპტეტი

მუსიკის ერთ-ერთი პრეისტორიული ფუნქცია ცეკვაა. ეს უკანასკნელი კი, მოგეხსენებათ, რიტუალის განუყოფელი ნაწილია. „თსუ არტის“ კონცერტიც შეიძლება ერთ-ერთ რიტუალად ჩაითვალოს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში გამართულ კონცერტზე თითქმის ყველა კომპოზიციის რიტმული ფუძე დისკო გახლდათ. თუმცა ეს მუსიკა არ არის მხოლოდ საცეკვაო, მას მოსმენა სჭირდება. ჯგუფის რეპერტუარში რამდენიმე ქავერია, რომლებზეც ახლა არ შევჩერდები.  „თსუ არტის“ ორიგინალური კომპოზიციები სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის სინთეზითაა შექმნილი. „ყურშისაცემია“ კრაუტროკის, ფსიქოდელიის, ფანკის ელემენტები. მოკლედ რომ აღვწეროთ, ეს უფრო შედარებით ახალგაზრდა ჟანრი – პოსტროკია, რაშიც სხვა ქართული ჯგუფები, პრაქტიკულად, არ მუშაობენ.

შეიძლება ითქვას, „თსუ არტის“ მუსიკა საქართველოსთვის უნიკალურია. შვიდი ახალგაზრდისგან შემდგარი ბენდი 2011 წელს ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა. შარშან იგი პროექტ „ნიჭიერის“ ფინალში მოხვდა. ჯგუფის წევრები არიან: დათუნა დგებუაძე (გიტარა), სანდრო ნარსია (ბასი), ათუკა ედიშერაშვილი (დიჯეი და პროდიუსერი), აჩო ზამბახიძე (კლავიშები), ლაშა ლორთქიფანიძე, ილია ჭუმბურიძე და ირაკლი გოდერძიშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტები). სეპტეტის მუსიკა მეტად მიმზიდველი, ეგზოტიკური, დასარტყამებით მდიდარი და ენერგიულია. ჯგუფი ყველასგან იმითაც გამოირჩევა, რომ ბიჭები ტრადიციულ საკრავებთან ერთად საკუთარ გამოგონილ ინსტრუმენტებზე უკრავენ.

ჟურნალი „თბილისი Out“ #31, აპრილი, 2013 წელი
 
მოუსმინე: