ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გარეშე 21-ე საუკუნეში
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორი მუსიკოსი Bajoo – ბაჯუ (იგივე გიგა მჟავია) [Update: დღეს უკვე გიგა ერისთავი] დაიბადა ქუთაისში. ზოდიაქოს ეტლით თევზებია. შემოქმედებითი მუშაობა ადრეული ასაკიდან დაიწყო. აქვს აბსოლუტური სმენა. მიუხედავად დიდი პოპულარობისა, მულტიინსტრუმენტალისტი ბაჯუ ამტკიცებს, რომ არ არის ვარსკვლავი, რადგან ვარსკვლავებით უკვე მოჭედილია ჩვენი ცა... იგი იყო, არის და, იმედია, იქნება ისეთი პიროვნება, რომელიც არასოდეს დაკმაყოფილდება მიღწეულით და განვლილი გზით. პანკი, მეტალი, როკი, ტრანსი, ესიდი – არასრული ჩამონათვალია იმ მუსიკალური მიმდინარეობებისა, რითაც გატაცებული იყო ეს უნივერსალური მუსიკოსი. ბაჯუს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოში, ისრაელში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.
* * *
– მე მომწონს ბგერა და არა ინსტრუმენტები. ჩემი საყვარელი ინსტრუმენტი, მე რასაც მალე გამოვიგონებ, ის იქნება. ნახავთ, რაც იქნება. ჯერ სახელი არ მომიფიქრებია, მაგრამ მას ექნება ბგერა.
– საყვარელი მუსიკოსები თუ გყავს?
– არა, საყვარელი ხალხი მყავს, მაგრამ არა მუსიკოსები. არსებობენ მუსიკოსები, რომელთაც მე დიდ პატივს ვცემ. ადრე ვყოფდი მათ, მაგრამ დღეს ყველას თანაბრად ვცემ პატივს.
– როგორც ნოვატორი მუსიკოსი, რამე სიახლეს ხომ არ ჰპირდები მსმენელს?
– ქართულ მუღამში არაფერს ვაპირებ, რადგანაც ყოველივემ ისეთი ჩამოყალიბებული სახე მიიღო, რომ აზრი აღარა აქვს. ეს ზედმეტი, ხორცმეტი იქნება. რაც შეეხება პროგრესულ, აბსტრაქტულ, თუნდაც ავანგარდულ მომავლის მუსიკას, 21-ე საუკუნეში გავაკეთებ და თქვენც ნახავთ. მაგ შეკითხვაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემ, არ მიფიქრია.
– ბაჯუ, ჩემთან პირისპირ საუბარში აღნიშნე, რომ შენი მუსიკით ფრანგები დაინტერესდნენ. როგორი ურთიერთობა გაქვს მათთან და რას გთავაზობენ?
– თავდაპირველად მართლაც ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობა მქონდა მათთან, მაგრამ შემდეგ ჩვენი პირადი ინტერესები შეეჯახა ერთმანეთს, ამიტომ დღეს შიგადაშიგ ვკამათობთ კიდეც. აქ მიუღებელი არაფერია. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ახლა მე და ჩემი ფრანგი პროდიუსერი მარტინ გარატი ერთად ვაკეთებთ მიქსებს. ბევრი კარგი რაღაც გამოგვდის, მაგრამ ჩემი პროდიუსერი ამ ალბომების გამოცემას ჯერჯერობით არ აპირებს, რადგანაც მას აქაური ბაზარი აბსოლუტურად არ აინტერესებს. მისი აზრით, ეს ალბომი გათვლილია დასავლეთისთვის და მან მაისიდან ჩემი დიდი პრომოუშენი დაგეგმა ესპანეთში, ჰოლანდიასა და სხვა ქვეყნებში. ჩემი თანხმობა დამოკიდებულია მათ მიერ შემოთავაზებულ თანხებსა და პირობებზე. თუ დამაკმაყოფილებს, იმ შემთხვევაში მოვაწერ კონტრაქტს ხელს. ძველი კონტრაქტები კი ისევ ძალაშია, ვმუშაობთ და ვწერთ.
ახლა აქ ჩამოვიდა ფრანგი DJ. მასთან ერთად ვწერ ფსიქოდელიურ მუსიკას. ამ მუსიკას ჩვენ უფრო ქართველი მსმენელისთვის შევასრულებთ. ეს ყველაფერი ხდება „სანო-რეკორდსში“. თვითონ სანო ჩემი კოლეგაა. ის უნიჭიერესი, კეთილშობილი, სულით კარგი ადამიანია. ისაა პიროვნება, რომელიც ძალზე ბევრს აკეთებს ქართველი მუსიკოსებისთვის და ბევრს ფიქრობს. სანო დრამერია და მას საკუთარი პროექტები აქვს.
– ბევრს პირზე აკერია, რომ 21-ე საუკუნეში მხოლოდ ელექტრონული მუსიკა იჟღერებს, მაგრამ ცოცხალი ინსტრუმენტებიც იქნება. ჩემს ცოცხალ კონცერტში ალაგ-ალაგ არის ცოცხალი ინსტრუმენტები.
– თბილისში თუ აპირებ კონცერტის გამართვას?
– თბილისში დღემდე ძალიან ბევრი კონცერტი გავაკეთე. მომავალშიც ბევრი გაკეთდება, თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც მაწყობს. ამჯერად არავისზე არა ვარ დამოკიდებული და თავად ვწყვეტ ყველაფერს. უფრო ცივილიზებულ ხალხთან ვიკავებ კონტაქტს. ვინც მეტს გადაიხდის, ის უფრო დიდ კონცერტს და საკაიფო მუსიკას მიიღებს. მინდა ცივილიზებული ურთიერთობები და არ მსურს დავემგვანო იმ ძველ ქართველ ულვაშა ხალხს, რომლებიც ნისია-სხვისიებით აკეთებენ საქმეს.







