Monday, March 24, 2003

ომი-შოუ

ომი ერაყში და შოუ განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაძლოა, ეს ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ დღევანდელი ტელევიზიები ომის ხარჯზეც ცდილობენ თავიანთი მაღალი რეიტინგის შენარჩუნებას. შეიძლება, მავანმა იკითხოს, შე კაი კაცო, CNN-სა და თუნდაც Euronews-ს, Coca-Cola-სი არ იყოს, რაღა რეკლამა სჭირდება, ისედაც უპოპულარესები არიანო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ტელევიზიები შანსს არ უშვებენ ხელიდან და ისეთი საშინელებიდან, რომელსაც ომი ჰქვია თავიანთი პოპულარობის გამყარებას ცდილობენ. თუ ერაყის პირველი ომის დროს ტელევიზიები, ომის ბატალიებს, მხოლოდ სიუჟეტებით აშუქებდნენ, დღეს, წამყვანი ტელევიზიები პირდაპირ რეპორტაჟებს გადმოსცემენ და დიდი აღტაცებით კომენტარებს აკეთებენ. „აი, თქვენ კადრში ხედავთ, როგორ იბომბება სადამის სასახლე“ – ენერგიულად იმეორებს ტელეწამყვანი, რომელსაც შეგვიძლია „ომის კომენტატორი“ შევარქვათ. ჩემი აზრით, მისი სახით, ჩვენ, კაცობრიობისთვის სრულიად ახალი, ჯერ არნახული პროფესიის, ხელობის გაჩენის მოწმენი გავხდებით. ომის პირდაპირი რეპორტაჟები სულ უფრო და უფრო ემსგავსება ფეხბურთის მატჩის პირდაპირ ტრანსლაციებს.

ამ საქმეში უკან არც ჩვენმა მაღალრეიტინგულმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა დაიხია, რომელიც ძალიან სწრაფად „ცივილურდება“ და ბეჯითად გადმოსცემს საკუთარ ეთერში ქართულად თარგმნილ პირდაპირ რეპორტაჟებს. ცოცხალ რეპორტაჟებს მხოლოდ დიმა ობოლაძის ხმა აკლია, თორემ ის სუფთა სპორტულ გადაცემად იქცა. მთარგმნელები ცდილობენ ტემპში არ ჩამორჩნენ ამ საშინელ საქმეში უკვე კარგად გაწრთვნილ ამერიკელ და ბრიტანელ კოლეგებს, რომლებიც ერთი წუთითაც არ აჩერებენ ენებს და საოცარი ენთუზიაზმით უკეთებენ კომენტარს თითოეულ ჩამოვარდნილ ჭურვს, რომელსაც შესაძლოა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მაგრამ ტელეტრანსლაციისთვის ეს კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ დაბომბვისას კარგი კადრი შეირჩეს.

„რუსთავი 2“-მა ამ საქმეში ყველას აჯობა თუნდაც იმით, რომ რეპორტაჟებს შორის სარეკლამო რგოლები ჩართო. ამიტომ ომის საშინელ კადრებს შორის ტელემაყურებელს შეუძლია ამოარჩიოს რომელ ერბოში შეწვას კატლეტი, ან რომელი ტამპონი გამოიყენოს კრიტიკულ დღეებში. ომის კომენტატორებიც თამამად აცხადებენ, რომ ახლა მათ ეთერში რეკლამის დროა, რის შემდეგაც, ისინი დაუბრუნდებიან ომის ტრანსლაციას. ეს სტატია არ არის „რუსთავი 2“-ის საწინააღმდეგოდ მიმართული, მაგრამ ძალიან მსურს დავსვა კითხვა: „რამდენად ზნეობრივია ყველაფერ ამის ცოცხალ ეთერში ჩვენება“?

სხვათა შორის, მსოფლიოს მოსახლეობა, მათ შორის ქართველები, ძალიან ფლეგმატურები გავხდით და ნერვიულობას მხოლოდ მაშინ ვიწყებთ, როდესაც ესა თუ ის პრობლემა პირადად შეგვეხება. კარგად მახსოვს, როგორი ინტერესიანი მაყურებელი ჰყავდა რუსთაველის პროსპექტზე ძმათა შორის მიმდინარე ქუჩის ბრძოლებს (ე.წ. სამოქალაქო ომს). ჩვენი მოსახლეობა ბატალური სცენების სანახავად თბილისის სხვადასხვა უბნებიდანაც კი ჩამოდიოდა რუსთაველზე და ამას, როგორც ბოევიკს, ისე უცქერდა. სწორედ 90-იანი წლებიდან მიიღო ომმა შოუს სახე. ამას, ყველაფერს, საფუძვლად მხოლოდ გულგრილობა და აზარტი უდევს, მეტი არაფერი. ჩვენ თანდათან ვემსგავსებით დიდებული ამერიკელი მწერლის, რეი ბრედბერის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირებს, რომლებიც ებრძვიან წიგნებს და მთელი დღეების განმავლობაში უყურებენ უზარმაზარ ტელევიზორებს „სასტუმრო ოთახებში“.

ჩვენც გულგრილად ვადევნებთ თვალს ომს, თითქოს ეს არ გვეხებოდეს და მხოლოდ სპორტული ასპარეზობა იყოს. მახსოვს არჩევნებისას, ტოტალიზატორებში საარჩევნო ბლოკებზე ფსონებსაც კი დებდნენ. არ ვიცი, ამ მხრივ, თბილისში დღეს რა ხდება, მაგრამ ერთ-ერთმა რუსულმა ტელეარხმა ТВЦ-მ ომის დაწყების პირველივე დღეს გააკეთა, ჩემის აზრით, ამაზრზენი ინტერაქტიური გამოკითხვა, რომელშიც იყო შემდეგი კითხვა და პუნქტები: „თქვენი სურვილია ამ ომში გაიმარჯვოს: 1. ერაყმა; 2. ამერიკამ; 3. მიჭირს პასუხის გაცემა“. როგორც გაირკვა, რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობის დიდი სურვილი ყოფილა ომში ერაყმა გაიმარჯვა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომში იღუპებიან ადამიანები. თითოეული ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია და ამიტომ, ჩემი აზრით, არ შეიძლება მათი მასობრივი სიკვდილი შოუდ ვაქციოთ.

რა თქმა უნდა, რეაქციული წყობა ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება დაემხოს, მაგრამ ადამიანთა სიცოცხლეების ხარჯზე შოუს მოწყობა და რეიტინგის ამაღლება უზნეობად მიმაჩნია. ეს სვეტი არ არის პაციფისტური განწყობის, უბრალოდ, ომით სპეკულირება ადამიანთა ფსიქიკაზე საბოლოოდ დამანგრევლად იმოქმედებს.

Monday, February 24, 2003

მკვდარი სცენა

ჩვენმა უსაზღვროდ დიდი რაოდენობის მუსიკოსებმა ალბათ ჯერ არ იციან, რომ მათ უზარმაზარი სოციალური ძალა აქვთ. მათ შეუძლიათ ეს ძალა ქვეყნის სასიკეთოდ შემოაბრუნონ. ადამიანთა ერთობა უზარმაზარი ენერგიის მატარებელია, რომელსაც ყველა შემთხვევაში აზრს უწევენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი. თავად ამ ადამიანებზეა დამოკიდებული, თუ საით წარმართავენ ამ უსაზღვრო ენერგიას, რომელიც აუცილებლად, მხოლოდ ერთობით მიიღწევა.

ჩემმა ერთმა სტუმარმა „ახალი ვერსიის“ ერთ-ერთ სტატიაში დანანებით აღნიშნა, რომ სიტყვა „აქცია“ ჩვენში რატომღაც მხოლოდ რაღაცის წინააღმდეგ გალაშქრებასთან ასოცირდება. არადა, როდესაც ადამიანთა ერთობა რაღაც აქციას ატარებს, ხშირად ნიშნავს, რომ ისინი რაღაც იდეის ირგვლივ ერთიანდებიან. ეს იდეა კი ზოგჯერ მართლაც შეიძლება ვიღაცის ან რაღაცის, თუნდაც რამე მანკიერების წინააღმდეგ იყოს მიმართული და პროტესტის სახეს ატარებდეს. ზოგიერთი აქცია უფრო საქველმოქმედო ხასიათს ატარებს.

ჩვენი მუსიკოსები და ე. წ. შოუბიზნესმენები (განურჩევლად მათი მუსიკალური მრწამსისა) ხანდახან, ერთი შეხედვით, ქველმოქმედებასაც ეწევიან. რატომღაც საქართველოში დამკვიდრდა ტრადიცია, რომ საქველმოქმედო აქციაზე უნდა შეიკრიბოს მოდის, პოლიტიკისა და ესტრადის ე. წ. ელიტა. ამ ელიტის წევრები სახეზე ვითომ საზეიმო განწყობილებებით, ძვირადღირებული მობილური ტელეფონების დემონსტრირებებითა და ე. წ. ალა ფურშეტებით ცდილობენ გამათხოვრებული საზოგადოების დარწმუნებას, რომ მათ გული შეტკივათ უპატრონო ბავშვებსა და ვთქვათ, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმზე. საერთოდ გაურკვეველია იმ საქველმოქმედო საღამოს, მოდის ჩვენების, კონცერტის თუ შოუს (რომლის წამყვანები მაიმუნებივით დახტიან) არსი, თუკი მის ორგანიზებაზე მეტი ფული დაიხარჯება, ვიდრე შემოვა. ასეთ „საქველმოქმედო“ აქციებს ხომ ზედმეტად ფეშენებელურ დარბაზებსა და სასტუმროებში ატარებენ. ბოდიშით, მაგრამ, ჩემის აზრით, ეს არის სუფთა წყლის მარიაჟი (ჟარგონული გაგებით) და მეტი არაფერი. ამ დარბაზების დასაქირავებელი თანხით ხომ თუნდაც ორი დღის განმავლობაში მთელი ქალაქიც მშიერ-მწყურვალთა დაპურება შეიძლება. ანდა თუ ასეთ დარბაზს ქირაობ, მაშინ იმის გარანტია უნდა არსებობდეს, რომ დანახარჯზე რამდენჯერმე მეტი ფული შემოვა, რომელსაც მართლა დანიშნულებისამებრ მოიხმარენ.

ძალიან ბევრი უკვე ხვდება, რომ ასეთი აქციების მოწყობა ზოგიერთი პოლიტიკოსის წინასაარჩევნო ფანდებია. როგორც აპოლიტიკური ადამიანი, ვერაფრით ვრწმუნდები ასეთ ორგანიზატორთა გულწრფელობაში.

არ არსებობს ჭეშმარიტი შემოქმედი, მიტ უმეტეს, მუსიკოსი, რომელიც გულგრილად ეკიდება მის ქვეყანასა თუ მსოფლიოში არსებულ გლობალურ თუ ლოკალურ პრობლემებს. შეუძლებელია ხელოვანი ინერტული იყოს იმ ყველაფრის მიმართ, რაც მის ირგვლივ ხდება. დღეს მსოფლიოს პოპულარული როკ მუსიკოსების უმრავლესობა გმობს ბუშის სამხედრო პოლიტიკას ერაყში. ამ თვეში ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალთან დაკავშირებულ კონცერტზე ბრიტანელმა მომღერალმა სერ ელტონ ჯონმა ხმამაღლა დაგმო ჯორჯ ბუშისა და ბრიტანელი პრემიერის ტონი ბლერის პოლიტიკა და გერმანელებს გულწრფელი მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ისინი ამ ომში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. მადონამაც სულ ახლახანს განაცხადა, რომ ომის წინააღმდეგია. ჯორჯ მაიკლმა კი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გადაიღო ჩემი აზრით, შესანიშნავი ანიმაციური ვიდეოკლიპი, ბრიტანეთის გაშარჟებული პრემიერი წარმოაჩინა, როგორც ამერიკის პრეზიდენტის ენგადმოგდებული გოშია. კლიპში იგი უსიტყვოდ ემორჩილება ჯორჯ ბუშის ყველა დამამცირებელ ბრძანებას. ანიმაციის ერთ-ერთ მონაკვეთში ბლერი კატერის ძრავს დაუგებს ბრიტანეთის კუძულებს და ამერიკისკენ მიაცურებს. ამ პერსონაჟების გარდა კლიპის გმირები არიან სადამ ჰუსეინი, რომელიც გაღიმებული სახით ფრთოსან რაკეტას უშვებს ბრიტანეთის მიმართულებით, ინგლისის დედოფალი, ბლერის ცოლი, თავად მომღერალი და სხვები.

დასავლეთში სულ უფრო ხშირად ტარდება ომის საწინააღმდეგო როკ-ფესტივალებიც. მუსიკოსები (ამერიკელებიც კი) ბუშს დიქტატორს უწოდებენ დამ ას თვით ჰიტლერს ადარებენ, ხოლო ერაყთან მოსალოდნელ კონფლიქტს „ნავთობისათვის ომი“ შეარქვეს. ამ პროტესტს უკვალოდ არ ჩაუვლია, რადგან, განსაკუთრებით ევროპასა და აზიაში, მათ საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს. აქედან გამომდინარე, ევროპის ქვეყნების ბევრი ხელისუფალი იძულებულია, ანგარიში გაუწიოს საზოგადოებრივ აზრს.

როგორც ხედავთ, არც ერთი ქვეყნის მუსიკოსები არ არიან ინერტულები, ნებისმიერ მწვავე საკითხს ჰყავს მომხრე და მოწინააღმდეგე მუსიკოსები. ისინი ან ერთად გამოხატავენ საკუთარ აზრს, ან ინდივიდუალურად. სოციალურად აქტიურები არიან კლასიკური მუსიკისა და ჯაზის მიმდევრებიც. ჩვენთან კი ამ დროს მუსიკოსების უმრავლესობა ისევ გულარხეინად, ყოველგვარი პოზიციის გარეშე და გაურკვეველი ორიენტაციებით უმღერის სველ სიყვარულებსა და სიზმრისეულ, ანანისტურ გრძნობებს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართული სცენა სამწუხაროდ მკვდარია.

Tuesday, February 11, 2003

ალექსი ბერი სნეულ ადამიანებს ფეხებს ბანდა და ნაბან წყალს სვამდა

ცოტა რამ ახალი ქართველი წმინდანის შესახებ

1995 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II თავმჯდომარეობდა, ბერი ალექსი (შუშანია) წმინდანთა დასში ჩარიცხა. მისი ხსენების დღედ 31 იანვარი (გრიგორიანული კალენდრით) გამოცხადდა. მკითხველთა თხოვნით, ამ ახალი ქართველი წმინდანის შესახებ მოგითხრობთ.

ღირსი მამა ალექსი (ალექსი ლევანის ძე შუშანია) 1852 წლის 23 სექტემბერს სოფელ ნოქალაქევში (სენაკის მაზრა) დაიბადა. ალექსი ბერს მეფის დროის რუსული სკოლა არ გაუვლია. ის ძველ და ახალ ქართულ წიგნებზე აღიზარდა. მამის გარდაცვალების შემდეგ 16 წლისა სტამბულში გაემგზავრა, სადაც სავაჭრო საქმიანობას მისი ბიძა ეწეოდა. იქ მან ერთი წელი დაჰყო და მის მსოფლმხედველობაში დიდი გარდატეხა მოხდა. ის სარწმუნოებრივი განწყობით სამშობლოში დაბრუნდა. ერთხანს სალოსულ ცხოვრებას ეწეოდა. სოფლიდან სოფელში ფეხშიშველი დადიოდა, გაჭირვებულებს ეხმარებოდა, ემსახურებოდა გადამდები სენით შეპყრობილ უჭირისუფლო ადამიანებს (ცნობილია, რომ იგი ხშირად ასეთ ავადმყოფებს ფეხსაც კი ჰბანდა და მერე ნაბან წყალს სვამდა). სასწაული იყო, რომ ის ამ გადამდები სენით არ ავადდებოდა. მისი სიტყვა და საქმე მრავალ მიმდევარს პოულობდა. ზოგი მას დაჰყვებოდა და მასთან ერთად სოფლებში მსგავს საქმიანობას ეწეოდა, ზოგიერთი კი მონაზვნად დგებოდა.

ცხოვრება და მოღვაწეობა

წმ. ალექსიმ რამდენიმე თვე ათონის მთაზე დაჰყო. მისი გავლენით მთელი მისი ოჯახი – ძმა, დები და დედა მონაზვნად შედგა. თავად ალექსი ბერი მღვდელმონაზვნად ხელდასხმულია 1888 წელს. ერთ ხანს იგი ხობის მონასტერში ცხოვრობდა. შემდეგ, 1892 წლის ივნისის თვეში, რამდენიმე მოსწავლესთან ერთად მთავარანგელოზის სავანეში დაბინავდა. იქ არსებული ძველი ეკლესია თავისი ხარჯებით გადახურა, კედლები გამოაშენა და საწირველად მოაწყო. ალექსი ბერი, წინააღმდეგ მონასტრისათვის მიღებული წესისა, საეკლესიო მთავრობისაგან არავითარ ფულად დახმარებას არ იღებდა. იგი თავის მოწაფეებთან ერთად პირადი შრომით ცხოვრობდა. 1898 წლიდან იგი საერთოდ ჩაიკეტა თავის სავანეში (რომელსაც დღეს შუშანიების სავანე ჰქვია) და სიკვდილამდე საეკლესიო დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, თუმცა შაბათ-კვირას მნახველებსაც იღებდა. ჭამდა დღეში ერთხელ, თავის ოთახში მარტო ლოცულობდა.

Monday, February 10, 2003

მეოცნებე ქალიშვილი

ერთ მშვენიერ საღამოს მეოცნებე თინეიჯერი ქალიშვილი საპირფარეშოში განმარტოებით იჯდა და ფიქრობდა. ოჰ, რომ იცოდეთ, რა ნაზი და ფაქიზი ფიქრები ჰქონდა მას! „ჩემი სიცოცხლე“! – დროდადრო გულში იმეორებდა ქალიშვილი. ამ სიტყვებით ის წარმოსახვით ერთ-ერთ პოპულარულ მომღერალ ბიჭუნას მიმართავდა, რომელიც ასევე პოპულარულ ბოიბენდში სოულს იმღერდა. მათი შეხვედრა ხანმოკლე, მაგრამ ქალიშვილის აზრით, შინაარსიანი იყო, თუმცა სევდიანი, ანუ „ტასკა“ დასასრული ჰქონდა. ქალიშვილი ოცნებამ წარიტაცა.

„იცოდე, მაინც მიყვარხარ, ერთხელ გაკოცებ და წავალ“, – კიდევ ერთხელ გაუმეორა ქალიშვილს ყურებპარტყუნა, მაგრამ ვარსკვლავ-ბიჭუნა მომღერალმა, აკოცა და სიზმარში გაუჩინარდა, სადაც მას სველი ოცნებების წვიმა ელოდა. „იცოდე, სიზმარშიც მიყვარხარ“ – წაიწკმუტუნა ბიჭუნამ და შავი ქოლგა გაშალა, მაგრამ სველი ოცნებების წვიმის წვეთები ისეთი მძიმე აღმოჩნდა, რომ ქოლგა ნაფლეთებად იქცა, ამიტომ საოცნებო ესტრადის მომღერალი სულ მთლად გაილუმპა. სიზმარში შემოდგომის სუსხიანი საღამო იდგა და სველ ყურებპარტყუნას ისე შესცივდა, რომ მთელი ტანით აძაგძაგდა.

„ხომ არ შეგცივდა, სიცოცხლეო?“ – განწირულის ხმით იკივლა მეოცნებე თინეიჯერმა გოგონამ და ბიჭუნას სიზმარში აედევნა. თუმცა, ადევნება რა საჭირო იყო, ესტრადის ვარსკვლავი სიცივისაგან გაშეშებული იდგა. მას ყურებზე სციოდა. „არ მინდა, რომ გული გატკინო“, – შეიცხადა მეოცნებე ქალიშვილმა და ძეგლივით გაყინულ ბიჭუნას ჩაეხუტა. ამ მშვენიერ, მაგრამ სუსხიან რომანტიკულ საღამოს სადღაც ვაგონი მიჰქროდა და სიყვარულიც დაფრინავდა. ამ სიზმარში საიდანღაც მეეზოვე კლიპმეიკერმა შემოაბიჯა და სიყვარულით გაწუწულ წყვილს რატომღაც „გიხაროდენო“, მიაძახა. მეოცნებე თინეიჯერი ქალიშვილის თმებიდან სველი ოცნების წვიმა წყაროსავით მორაკრაკებდა. მან მეეზოვეს გამოხედა და მიუგო: მე ხომ პატარა ნაკადული ვარო. ამ სიტყვებზე კლიპმეიკერი მეეზოვე მიხვდა, რომ წყვილი ამჯერად გამოგვის საშუალებას არ მისცემდა, თანაც ტერარიუმში ჩამწყვდეული მელოტი კუ გაახსენდა, რომელსაც, უკვე მეხუთე დღეა, აშიმშილებდა, ამიტომ მეეზოვემ ცოცხი სიზმარში დატოვა და სახლში გავარდა. „ვერ შეგელევი ჩემო სიცოცხლე, ვერა!“ – ყველაფრის თავიდან გახსენება დაიწყო მეოცნებე ქალიშვილმა.

სინამდვილეში კი აი, რა მოხდა. მეოცნებე ქალიშვილი თავის დაქალებთან ერთად სპორტის სასახლეში გრანდიოზულ შოუ-კონცერტზე წავიდა. დაქალებმა თავიდანვე დაიჭირეს თადარიგი, ამიტომ სცენასთან სულ ახლოს მოხვედრაც იზეიმეს. კონცერტი რამდენიმე ცირკის მაიმუნს მიჰყავდა, რომლებიც სცენაზე ოთხზე დარბოდნენ და მიკროფონებში მომღერლებივით ყმუოდნენ. ამის შემდეგ მაყურებელთა წინაშე, მათივე ოვაციებში დამხრჩვალი ვარსკვლავები გამოდიოდნენ და ხელ-ფეხს იქნეოდნენ. მათი ტანისამოსები განათების შუქზე მნახველთა თვალს სჭრიდა. როდესაც ლურჯ შარვალში გამოწყობილმა ცირკის ერთ-ერთმა წამყვანმა მაიმუნმა კანფეტი თავისი ხელით გაფცქვნა, შეჭამა, თვალზე ხელი აიფარა და მიკროფონში რაღაც „უჰ, უჰ, უუს“ მსგავსი წარმოთქვა, მეოცნებე თინეიჯერ ქალიშვილს და დაქალებს გულმა უკარნახა, რომ სწორედ ახლა გამოვიდოდა სცენაზე მათი საყვარელი ბენდი. მათ შინაგანმა ხმამ არ უღალატათ და კიბეებიდან სცენაზე სოულ-ბოიბენდის ბიჭუნები ჩამოიკვანწნენ ტანის ნარნარი რხევით. მათ შორის ყურებპარტყუნაც იყო.

„აუუუ, იე-იეეეჰ“ – წაიყმუვლეს ბიჭუნებმა და ჩაირთო მინი-დისკ პლეერი. დატრიალდა დარბაზი, ვიღაცა კიოდა, ვიღაცას ციოდა, ვიღაცა იგინებოდა. ყველანი ბედნიერები იყვნენ. მეოცნებე თინეიჯერი ქალიშვილი ექსტაზში ჩავარდა და გული წაუვიდა. მისმა საყვარელმა ყურპარტყუნა ესტრადის მომღერალმა ბიჭუნამ მიკროფონს ჩასძახა „ხმა მიეცით გიხაროდენს! ეს ლამაზი გოგონა კი სცენაზე ამოვიდეს ჩემთან“! – საჩვენებელი თითი მეოცნებე ქალიშვილისკენ შემოატრიალა. თინეიჯერს კიდევ ერთხელ შეუწუხდა გული, მაგრამ დაქალებმა ძირს დავარდნის საშუალება არ მისცეს, მაყურებელი ბიჭების დახმარებით ის ციმციმ მაღლა ასწიეს და სცენაზე დაასვენეს. ქალიშვილი მაშინათვე ყურპარტყუნა ბიჭუნას ჩაეხუტა.

„ჩემო სიცოცხლეო!“ – ცრემლებად დაიღვარა ქალიშვილი. ვარსკვლავბიჭუნამ „სიცოცხლეობა“ შეიშნო და დარბაზს ამაყად გადახედა. მერე მათ წყნარ, გულისდამწველ მელოდიაზე იცეკვეს. ერთ მომენტში ქალიშვილს კინაღამ ერთხელაც შეუღონდა გული, როდესაც ყურპარტყუნას ცხელი, ვნებიანი სუნთქვა იგრძნო...

უცბად საპირფარეშოში მჯდარი მეოცნებე ქალიშვილი სიბრაზემ შეიპყრო. მას გაახსენდა, რომ მისი სათაყვანებელი ყურებპარტყუნა საყვარელი ბიჭუნა სხვა მაღალ ქუსლებზე მდგარ გოგონასაც ეცეკვა. ოჰ, ეს მაღალქუსლიანი მოდური ფეხსაცმელი რომელ ბაზრობაზე იყიდება და რა ღირს ნეტავ? თავად როდისღა შეიძენს?

მოულოდნელად მეოცნებე ქალიშვილი ფიქრებიდან გამოერკვა და აღმოაჩინა, რომ სახლში ტუალეტის ქაღალდი გათავებოდა. მეოცნებე ქალიშვილის დღეს, კონცერტის შემდეგ მისი ყიდვა დაავიწყდა.

Tuesday, January 28, 2003

უიუმორობა

„ვისაც იუმორის გრძნობა არა აქვს, იმის გრძნობა მაინც უნდა ჰქონდეს, რომ იუმორის გრძნობა არა აქვს,“ – ეს გამონათქვამი ალბათ კარგად ესადაგება იმ სიმღერებს, ვიდეოკლიპებს, თუ სარეკლამო რგოლებს, რომლებიც დღეს ქართული ელექტრონული მედიის საშუალებით ეთერში გადაიცემა. მუსიკაში იუმორი, ალბათ არავისთვისაა უცხო და თვით კლასიკოსებიც კი ხუმრობდნენ. მაგალითად, ერთ-ერთმა ცნობილმა კომპოზიტორმა მეტად ორიგინალური სიმფონია დაწერა, რომელშიც ძალიან ხშირად, მშვიდ ნაწილებში მოულოდნელად დაფდაფების ცემა ატყდებოდა. როდესაც ჰკითხეს, რატომ დაწერეთ ასეთი კონტრასტული მუსიკალური ნაწარმოებიო, კომპოზიტორმა ღიმილით უპასუხა: იმიტომ, რომ დარბაზში არავის ჩაეძინოსო. ასეთი თვითკრიტიკულები იყვნენ და არიან დიდი ადამიანები, ანუ ისინი, ვისაც იუმორის გრძნობა აქვთ.

ჩვენს ქვეყანაში რამდენჯერმე ეცადნენ ვიდეოკლიპებში რამდენიმე იუმორისტული შტრიხი მაინც შეეტანათ, მაგრამ ჯამში, ამის არც ერთი ნორმალური ნიმუში არა გვაქვს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ეს მცდელობა უფრო ფსევდოხუმრობაა, რომელზეც არამც თუ გაგეცინებათ, ვერც გაიღიმებთ. დღეს ქართულმა ბოიბენდებმა მოდაში შემოიღეს პლაჟზე გადაღებული კლიპები, სადაც ვითომ საყვარელი ბიჭები, ასევე „საყვარელ“ გოგონებს „მხიარულად“ ეტიგლიცებიან და საბოლოო ჯამში, კლიპის ნახვისას ალბათ მხოლოდ თავად იფხრიწებიან სიცილით. ჰა-ჰა-ჰა, რა სასაცილოა – როდესაც მომღერალი ბიჭი ვიღაც არამომღერალ გოგონას მისდევს (თუნდაც ის რომელიმე პირველყოფილი ტომის ფორმაში იყოს ჩაცმული), ფეხი უცურდება, ცხვირ-პირი სილით ესვრება! არა, დედას გაფიცებთ, ხო მაგარია? პირდაპირ „დავოსდი“ სიცილისგან!..

ღმერთმა საკისკისოდ და სახარხაროდ მოგვცეს საქმე, მაგრამ რასაც ჩვენი „დიდი შოუბიზნესის“ მესვეურები ვითომ ხუმრობით აკეთებენ, სასაცილო კი არა, სატირალიც კია. სატირალია, როდესაც ვინმე სცენაზე ამხედრებული არამუსიკოსი ცდილობს თავისი უნიჭობით გაგაცინოს ან გაგაღიმოს და „ხუმრობს“. უფრო სწორედ, ამას ცდილობს, მაგრამ რა უნდა ქნა, როდესაც არაფერი გამოსდის? ზრდილობისთვის უნდა გავიცინოთ? ზრდილობისთვის შეიძლება კაცმა მაშინ გაიცინოს, როდესაც მეორე მისი თანდასწრებით უკბილოდ ხუმრობს, თორემ ტელევიზორში ან სცენაზე ასეთ სისულელეზე გაცინება უკვე უზრდელობაა, ან კიდევ იუმორთან მწყრალად გვქონია საქმე.

„სასაცილოა“ ჩვენი სატელევიზიო სარეკლამო რგოლებიც, რომლებშიც იუმორის გარდა თითქმის ყველაფერია (რა თქმა უნდა, ქართულ სატელევიზიო რეკლამებს ვგულისხმობ) – ძაღლების ყმუილით დაწყებული, ვითომ ბედნიერი ოჯახის წევრების სიფათებით დამთავრებული. თუმცა ამ ფრონტზე მეტი იუმორი შეიმჩნევა, ვიდრე საესტრადო ბაზარზე. ყველაზე საშინელი მაინც კბილის პასტებისა და სარეცხი ფხვნილების ყოვლად იუმორსა და შინაარსს მოკლებული უაზრო რგოლებია. გაუგებარია, როგორ შეიძლება ნორმალურ ადამიანს იმ დოზის ბედნიერება მიანიჭოს სარეცხმა ფხვნილმა, ქალის ტამპონმა, კბილის პასტამ, როგორც ეს ამ რგოლებშია ნაჩვენები.

მას, ვინც იუმორისტულად უდგება კლიპებისა და სარეკლამო რგოლების გადაღებას, ყოველთვის ავიწყდება, რომ ნებისმიერ სატელევიზიო პროდუქციაში აუცილებლად უნდა ჩანდეს მწარმოებლის მახვილგონივრულობა და ორიგინალურობა. საქართველოში კლიპებში ძალიან დიდ თანხებს ხარჯავენ ე. წ. ელიტურ კლიპმეიკერებთან, მაგრამ ეს კლიპები ტელემაყურებელს მხოლოდ ორი-სამი თვე თუ ახსოვს. მერე ავიწყდება და ეს ბუნებრივია, რადგან იმას, რაც არ არის ღირებული, ხალხი მალე ივიწყებს და სანაგვეზე აგდებს.

ორიგინალური კლიპი ან მუსიკალური ფილმი შეიძლება საყოფაცხოვრებო ტექნიკაზეც გადაიღოს ნიჭიერმა ადამიანმა, როგორც ეს 80-იან წლებში გააკეთა ბრიტანულმა პოპ-ჯგუფმა „დეპეშ მოდმა“, რომელმაც თავისი პროექტი სამოყვარულო კინოკამერით გადაიღო. თუმცა ამ პროექტს დიდი სიამოვნებით უყურებენ დღესაც. რა თქმა უნდა, კლიპის მაღალი ბიუჯეტი მისი ხარისხის გარანტიაა, მაგრამ ტექნიკურ ხარისხთან ერთად მთლიანად პროდუქტიც ხომ უნდა იყოს თუ მახვილგონივრული არა, ორიგინალური მაინც.

აი, მერე უკვე შეგვიძლია დავსხდეთ და ვისაუბროთ ამა თუ იმ კლიპის ავ-კარგიანობასა და ორიგინალურობაზე. დღეს კი, როდესაც საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია ისეთი ვიდეოპროდუქცია, რომელიც მართლაც წააგავს კლიპს, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. თუ არადა, მაშინ უნდა ვთქვათ ის, რასაც მათი უმრავლესობა იმსახურებს. ხმამაღლა უნდა აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი ქართული კლიპების აბსოლუტური უმრავლესობა სატელევიზიო ნაგავია, რომელიც რეალურად ასახავს იმ უზნეობასა და ეროვნული ცნობიერების გადაგვარებას, რაც საერთოდ ჩვენს მშობლიურ ესტრადაზეა გამეფებული, ანუ არც სიმღერა, არც ტექსტი და არც კლიპი, მხოლოდ – ყოველგვარ იუმორსა და გონებამახვილობას მოკლებული მარაზმი.

Monday, January 27, 2003

წმინდა ნინომ შეგვკრიბა ჩვენ – „ერი ქართველთა“

„ნინოობა უპირველესად იმ სიყვარულის დღესასწაულია, რომელიც უკვე 18 საუკუნეა, სუფევს ჩვენს შორის“

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა საქართველოში ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრისტეს სამმა მოციქულმა გაავრცელა, სახელმწიფო რელიგიად ოდნავ მოგვიანებით გამოცხადდა. ეს მოხდა წმ. მირიან მეფის დროს, როდესაც საქართველოში თვით ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევითა და ვაზის ჯვრის ძალით მოციქულთა სწორმა წმ. ნინო კაპადოკიელმა იქადაგა.

ახალი სტილით 27 იანვარი წმ. ნინოს გარდაცვალების დღეა და ამ თარიღს საქართველოში ნინოობას ეძახიან. არის თუ არა მისტიკური ის ფაქტი, რომ მთელს საქრისტიანოში მხოლოდ ქართველები მოაქცია ქალმა? რატომ აღვნიშნავთ ქრისტიანები დიდი სიხარულით წმინდანის გარდაცვალებისა და არა თუნდაც დაბადების დღეს? ამ საკითხებზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი ზაქარია მაჩიტაძე გვესაუბრება.

– მამა ზაქარია, რატომ ითვლება ქართველთა განმანათლებლად წმ. ნინო, როდესაც საქართველოში I საუკუნეშიც კი თვით მაცხოვრის მოციქულებმა იქადაგეს?

– როგორც ცნობილია, საქართველოს ეკლესია სამოციქულოდ იწოდება, რადგან საქართველოში ქრისტიანობა პირველად ქრისტეს მოციქულებმა იქადაგეს. საქართველოს ეკლესია ანდრია პირველწოდებულმა დააფუძნა. სხვადასხვა დროს კი ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობას მოციქულები სვიმონ კანანელი, მატათა და ბართლომე ქადაგებდნენ. მათ შორის ორმა – სვიმონ კანანელმა და მატათამ საქართველოში ჰპოვეს განსასვენებელი. როგორც მოგეხსენებათ, სვიმონ კანანელი აფხაზეთშია დაკრძალული, მატათა კი აჭარაში განისვენებს.

წმინდა ნინოს საქართველოს განმანათლებლად და მოციქულთა სწორად წოდებაც უტყუარი ფაქტია. სწორედ წმინდა ნინოს ქადაგების შედეგად და წმ. მოციქულთა სწორი მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ძალისხმევით მოხდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ამის შემდეგ ჩვენი ქვეყნისა და საერთოდ, მთელი კავკასიის ახალი ერა იწყება. თანდათან ქრისტიანდება ჩვენი ყოფა, ტრადიციები, არქიტექტურა. ახალ შინაარსსა და სიმაღლეებს იძენს ჩვენი სულიერი და მატერიალური კულტურა.

წმინდა ნინომ საქართველოში სამუდამოდ დაამკვიდრა ქრისტეს ნათელი. ამიტომაც იგი სამართლიანად იწოდება „სიტყვისა ღვთისა თანამოსაგრედ“, „ანდრიას ქადაგებისა წარმართებად“, „ქართველთა განმანათლებლად“ და „სულისა წმიდისა ქნარად“.

– თქვენი აზრით, ხომ არ არის რაიმე მისტიკური იმ ფაქტში, რომ ქართველთა განმანათლებელი ქალი იყო? როგორც ცნობილია, მთელ ქრისტიანულ სამყაროში მხოლოდ საქართველო მოაქცია სარწმუნოებაზე ქალმა.

– საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად ითვლება, ყოვლადწმიდამ აკურთხა მოციქული ანდრია პირველწოდებული საქართველოში წამოსასვლელად და თან მისი წმიდა ხატიც გამოაყოლა ჩვენი ქვეყნისადმი განსაკუთრებული მზრუნველობისა და სიყვარულის ნიშნად. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხა და დალოცა წმინდა ნინო მის წილხვედრ ქვეყანაში საქადაგებლად, დედა ღვთისამ უბოძა მას ის უძვირფასესი და უპატიოსნესი ჯვარი ვაზისა, რომელიც დღემდე ჩვენს დედა ეკლესიაში ინახება.

„ქალის კულტი“, რომელსაც რატომღაც ძალიან ხშირად უწოდებენ ჩვენში ქალის პატივისცემას, კაცობრიობის უძველესი ბიბლიური და ბუნებრივი (თუ შეიძლება ასე ითქვას) მდგომარეობაა. ქალი უპირველესად დედასთან ასოცირდება. წარმართულ საქართველოში, „სადაც ღმერთობდნენ ღმერთები და მეფობდნენ მეფენი“, არსებობდა გარკვეული კულტურა. თავისთავად ცხადია, სახელმწიფოებრივი და რელიგიური სტრუქტურებიც იყო. ღვთის განგებით, ასეთ ქვეყანაში სარწმუნოებას „ტყვე ქალი“ – წმინდა ნინო ქადაგებდა, რომლის სიწმინდემ, სათნოებამ და სასწაულებმა წარმართულ სისხლიან და უხეშ რიტუალებს სძლია, შეცვალა ცნობიერება და ერთ დროს წარმართული ქვეყანა ქრისტეს მოწამეთა ეკლესიად აქცია. ესაა მთელი ჩვენი ისტორია, მისტიკაც და ესხატოლოგიაც.

– როგორ ფიქრობთ, ქართველები იმიტომ ხომ არ სცემენ განსაკუთრებულ თაყვანს წმინდა გიორგის, რომ ის წმინდა ნინოს ახლო ნათესავი იყო?

– წმ. გიორგი პირველი წმინდანია, ვინც საქართველომ გაიცნო, შეიყვარა და მას განსაკუთრებულ პატივს მიაგებს. ამ საკითხში, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, უდიდესი ღვაწლი წმ. ნინოს მიუძღვის, რომელმაც წმ. გიორგი გაგვაცნო. 23 ნოემბერი – წმ. გიორგის ხსენების დღესასწაული, მთელ ქრისტიანობაში ქართულ დღესასწაულად იწოდება. გადმოცემით სწორედ წმ. ნინომ დაადგინა ეს დღესასწაული – წმინდანის ბორბალზე წამების დღე და მის მოქცეულ ქვეყანასაც მან უანდერძა დიდმოწამე გიორგის სიყვარული.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წმინდა ნინოს მიერ წმ. გიორგის სიყვარული და პატივისცემა არა იმდენად მათი ხორციელი ნათესაობით იყო გამოწვეული, არამედ იმ სულიერი კავშირით, რომლითაც ყოველი ადამიანი „ერთ სამწყსოდ“ ერთიანდება ქრისტეში.

– რატომ აღვნიშნავთ ქრისტიანები დიდი სიხარულით წმინდანის გარდაცვალების და არა ვთქვათ, დაბადების დღეს?

– დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმ. ნინოს მიცვალებას, ანუ მის უფალთან წარდგომის დღეს აღნიშნავს. ამ დღიდან წმ. ნინო, უკვე უფლის ტახტთან მდგომარე, უფრო მეტად და ქმედითად აგრძელებს იმ წმინდა საქმეს, რისთვისაც ამქვეყნად იღწვოდა.

ძალიან ბევრი ისტორიული ფაქტი მოგვეპოვება იმის შესახებ, რომ ესა თუ ის წმინდანი ამქვეყნიდან გასვლის შემდეგ უფრო მეტ სასწაულებს აღასრულებს და კაცობრიობას უფრო მეტად მფარველობს, ვიდრე ამას ამქვეყნად ყოფნისას აკეთებდა. სწორედ ამიტომ წმინდა ეკლესია, უმეტეს შემთხვევებში, წმინდანის მოსახსენიებლად მისი ამქვეყნიდან გასვლის დღეს განაჩინებს.

მინდა აუცილებლად აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესია ასევე ზეიმით აღნიშნავს წმ. ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესაც. ორთავე მოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომაც განსაკუთრებულად აღინიშნება. ხოლო ამ დღეებს ჩვენი ხალხი ნინოობას უწოდებს.

– ჩვენთვის ამ დღესასწაულის აღნიშვნას რა მნიშვნელობა აქვს?

– ნინოობა არ არის უბრალოდ წმ. ნინოს გახსენება (თავისთავად ესეც დიდი და წმინდა საქმეა). ნინოობა უპირველესად იმ სიყვარულის დღესასწაულია, რომელიც უკვე 18 საუკუნეა ჩვენს შორის სუფევს, აერთიანებს ჩვენს ქვეყანას, როგორც ცნობიერებით და ტერიტორიულად, ასევე, მარადისობასთან, სადაც ერთად მოიაზრება ზეციური და ამქვეყნიური საქართველო, იმქვეყნად წასული ჩვენი წინაპრები და ჩვენთვის უცნობი მომავალი თაობები. წმინდა ნინომ შეგვკრიბა „ერი ქართველთა“.

Wednesday, January 22, 2003

„მთვარის კლუბი“ ფიროსმანის იდეის განხორციელებაზე ოცნებობს

„შოუ-ბიზნესის“ წარმომადგენლები მეწარმეები არიან და რაც უნდათ, ის აკეთონ“

„მთვარის კლუბი“ თბილისში ერთ-ერთი პირველი ჯგუფია, რომელმაც მუსიკალური კლუბი შექმნა, სადაც ძალიან ბევრი ჯგუფი გაერთიანდა. თავად „მთვარის კლუბი“, „ზუმბა“, „ინსაიტი“, „33 ა“, „აუტსაიდერი“ – მცირე ჩამონათვალია იმ ცნობილ თუ ჯერ უცნობ ჯგუფებს შორის, რომლებიც სხვადასხვა წლებში სწორედ ამ კლუბმა გააერთიანა.

ყველაფერი თორმეტიოდე წლის წინ დაიწყო. მანამდე ჯგუფ „მთვარის კლუბის“ დამაარსებელი ლევან ქუმსიაშვილი მისმა ძმამ გიამ გიტარის მასწავლებელ რაფაელთან მიიყვანა, ვისთანაც 5 წელი კლასიკურ გიტარაზე დაკვრას სწავლობდა. მერე მან არქიტექტურის ფაკულტეტზე სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. სწავლისას ისევ ძმამ გააცნო პროფესიონალი კომპოზიტორი გოგიტა მაისურაძე. გოგიტა კონსერვატორიის საკომპოზიციოზე ანდრია ბალანჩივაძის კლასში სწავლობდა. სწორედ მაშინ დაწერა ლევანმა თავისი პირველი სიმღერები: „ღამე მშვიდობისა“, „ოქროს ფოთოლთა ლივლივი“, „მე გაზაფხულზე გეპატიჟები“ და სხვები, რომელსაც რატომღაც სუფრაზე სამღერი სიმღერების სტატუსს აძლევდა. სხვათა შორის, მაშინ ლევანი და გოგიტა „ლურჯ“ მონასტერში ერთად გალობდნენ.

მერე შექმნეს ჯგუფი „მთვარის კლუბი“, რომელსაც სახელი გოგიტას სიზმრის მიხედვით ეწოდა. ლევანი გიტარაზე უკრავდა, გოგიტა – პიანინოზე, დრამერად კი მურმან ლომიშვილი მივიდა, რომელსაც ძალიან კარგი სარეპეტიციო აპარატურა და დარბაზი ჰქონდა. სწორედ მაშინ, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ცოცხალი მუსიკის „გულანშაროს ფესტივალი“ ჩატარდა. „მთვარის კლუბმა“ ამ ფესტივალზე გაიმარჯვა. გამარჯვებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს გიტარისტმა ზურა მაისურაძემ და ბასისტმა დათო ტურაშვილმა (არ აგერიოთ მწერალ ტურაშვილში). ჯგუფმა საკმაოდ კარგი რეპერტუარი შექმნა.

Tuesday, January 21, 2003

გადამშუშველები

ნაღდი ხელოვნება და შემოქმედება მრავალფეროვანია. არ შეიძლება ხელოვნების თუნდაც ერთ მიმდინარეობაში ერთგვაროვანი პროდუქცია იქმნებოდეს, თუკი მას ნამდვილი შემოქმედები ქმნიან. ყველაზე მეტად ხელოვნებას ერთგვაროვნება და მიმბაძველობა არ უხდება, რაც საბოლოოდ ე. წ. პლასტმასის ხელოვნებაში გადაიზრდება. „ხალტურა“ და „ასლირება“ არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მასკულტურას თუნდაც იმიტომ, რომ მასკულტურაში კულტურაც იგულისხმება. შესაძლოა კულტურა იყოს იაფფასიანი (თავისი შინაარსით), მაგრამ მისი შექმნისთვის მაინც დიდი ძალისხმევაა საჭირო და იგი თვით ექსპერიმენტებსაც არ გამორიცხავს.

საქართველოში ადამიანს შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ ჩვენს მასკულტურას მხოლოდ შავი ფერი აქვს. ფიზიკის კანონებით კი შავი ფერი ყველანაირ სხივს შთანთქავს და არაფერს ირეკლავს, განსხვავებით სხვა ფერებისგან. ზოგიერთი ხელოსანი (ვითონ ხელოვანი) ქართველი ყველაფერს სიშავესავით შთანთქავს, ანუ იგი ძალიან ბევრ ასლირებას აკეთებს თუნდაც დასავლური მასკულტურიდან. თანაც ისე, რომ მას საკუთარ თავში არ გადახარშავს, უკან კი სიმახინჯეს აბრუნებს. მოკლედ რომ ვთქვა, შთანთქავს და აღარაფერს აბრუნებს, რადგან აბსოლუტურ სიგონჯეს აღარ შეიძლება მასკულტურა ვუწოდოთ.

საქართველოში ყველა სტუმარს თვალში ხვდება ჩვენი უსაზღვრო სიყვარული შავი ფერისადმი, რომელიც თუნდაც ჩვენს ჩაცმულობაში ვლინდება. ეტყობა, გაუსაძლის ყოფაში გადაგვავიწყდა, რომ ამ ქვეყნად შავი და მუქი ფერების გარდა ცისარტყელას ნათელი ფერებიც არსებობს. ჩვენი მასობრივი შემოქმედებაც, მიუხედავად ვითომ მრავალფეროვნებისა, მაინც მუქი, ნაცრისფერი და ერთგვაროვანია. სამწუხაროდ, არამასობრივი კულტურაც ფერთა სიმრავლით ვერ დაიტრაბახებს.

რა თქმა უნდა, ფერთა სიჭრელე თვალისმომჭრელია, მაგრამ ხომ შეიძლება ადამიანი უკრავდეს თუნდაც ლურჯ, მწვანე, იისფერ, ყვითელ, წითელ ან სტაფილოსფერ მუსიკას. ღმერთმა ყველა ფერი თანაბრად მოგვცა და ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ფერი, ამ შემთხვევაში თუნდაც მუსიკალური ბგერა სურვილისამებრ გამოვიყენოთ.

ამას წინათ ჩვენმა ამერიკელმა მეგობარმა, ჩიკაგოელმა ბლუზმენმა პოლ (პავლე) რიმპოლმა აღნიშნა, რომ ერთი შეხედვით ერთფეროვან ბლიუზშიც კი არსებობს რამდენიმე ფერის განშტოება: „შავი“, „თეთრი“ და „ციფერი“ (ანუ სევდიანი). ფერთა სიმრავლეა მუსიკის თითქმის ყველა სტილსა და მიმდინარეობაში, როდესაც მუსიკას ნამდვილი შემოქმედი ქმნის და არა ვინმე პლაგიატი. უცხოეთის მასკულტურაში თვით დალტონიზმით დაავადებული ჯორჯ მაიკლი ძალიან მრავალფეროვან მასობრივ მუსიკას აკეთებს, სხვებზე რომ აღარაფერი ვთქვა.

მეკობრე მუსიკოსი ფერად მუსიკას ვერასოდეს შექმნის. ვისაც „გეპეიში“ უსწავლია, მან კარგად უწყის, რას ნიშნავს სიტყვა „გადაშუშვა“. ეს არის პროცესი, როდესაც ღამის სანათურზე დადებულ მინაზე ასლის ქაღალდით შენს ვატმანის ქაღალდზე სხვისი ნახაზის კონტურები გადაგაქვს და მერე მას საკუთარ ნამუშევრად ასაღებ. სწორედ ასეთი „გადამშუშველებითაა“ პირთამდე სავსე დღევანდელი ქართული მუსიკალური მასკულტურა. კონტურებს კი, მოგეხსენებათ, არა აქვს ფერი, ამიტომ მოპარული სიმღერები იმის საცოდავი ასლია, რაც დასავლეთში შექმნილა.

ჩემი აზრით, საშინელებაა ერთფეროვანი, მკვეთრად მუქი ფერის, თანაც მოპარული სიმახინჯის ყოველდღე გაგონება (აბა, მისი მოსმენა როგორ შეიძლება?). ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ მუსიკის მოსმენა და გაგონება. რადგან მოსმენას, ისევე, როგორც მის შექმნას, ცოდნა, ფანტაზიის ქონა და ფერების შეგრძნება უნდა, ხოლო გაგონებას მარტო ყურებიც ყოფნის.

აბსოლუტურად ყრუ ბეთჰოვენი საოცრად მრავალფეროვან გენიალურ მუსიკას ქმნიდა, მაგრამ ჩვენი „ყურებიანი“, მაგრამ სმენა და ხედვადაკარგული „კომპოზიტორები“ საშინელ ე. წ. „შლიაგერებს“ წერენ (შლიაგერი ძალიან მაგარი რუსული სიტყვაა არა?). ბევრი ბრმა შემოქმედი უკეთ შეიგრძნობს მუსიკალურ მრავალფეროვნებას, ვიდრე თვალისჩინის მქონე, მაგრამ სინამდვილეში ბრმაზე უფრო ბრმა მომღერალი. ისევე, როგორც მუსიკას, ფერებსაც გულით აღქმა სჭირდება და არა მარტო დანახვა.

მუსიკალური ენერგეტიკა აუცილებლად მრავალფეროვანებასა და ფერების ერთმანეთისგან გარჩევას ითხოვს, თორემ „ხალტურშიკი“ ყოველთვის უფერო იქნება, როგორც ბრბო, როგორც მასა, რომელსაც ვირის ჭკუაც არ მოეკითხება. მუსიკას არა მარტო ყურებით, გულით უნდა ვუსმინოთ.

Monday, January 20, 2003

„ბავშვობაში ეშმაკი შემიჩნდა, ტაძარი გავტეხე და ხატი მოვიპარე...“

ამბობს ხატმწერი, რომელიც ბზაზე გამოკვეთილ ხატს მოსკოვში ფეხით მიაბრძანებს

საქართველოში ბზაზე კვეთა ისტორიული ხელობაა. თუმცა ეს ტრადიცია, სამწუხაროდ, თითქმის დავიწყებას მიეცა. ქართველი ბზაზე მკვეთელი სერგო ბოგდანოვი აპირებს, საკუთარი ხელით გამოკვეთილი ერთ-ერთი აღთქმული ხატი თბილისიდან მოსკოვში ჩაიტანოს, რათა ამ ორ ქვეყანას შორის მშვიდობა დამყარდეს.

ხატმწერი 14 წელი ციხეში იჯდა. მას აღთქმა აქვს დადებული, რომ ხეზე 12 ხატს გამოკვეთს და ტაძრებს შესწირავს. სერგო ბოგდანოვმა უკვე მიიღო კურთევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან, რომ ხატი სააღდგომოდ მოსკოვის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში ფეხით ჩაიტანოს, შესწიროს მას და შეხვდეს სრულიად რუსეთის პატრიარქს. მას სურს, რუსეთის სულიერი მწყემსთავრისაგან აიღოს კურთხევა იმ ხატის დამზადებაზე, რომელსაც თბილისში მშენებარე საკათედრო სამების საკათედრო ტაძარს შესწირავს. ბოგდანოვის ვარაუდით, 2000 კილომეტრს ის 100 დღეში მეუღლესთან ერთად გაივლის.

სერგო ბოგდანოვი თვითნასწავლი ხეზე მკვეთელია. მას ჰყავს მეუღლე, ჟურნალისტი ქეთევან მინაძე და ორი შვილი (თეა და ბესო). ჩვენი გაზეთი თხოვნით მიმართავს ყველა ბიზნესმენსა თუ მეცენატს, დააფინანსოს მისი მგზავრობა.

ოსტატის თავგადასავალი და მის მიერ გაკეთებული ხატების ისტორია

სერგო ბოგდანოვი: 14 წლის განმავლობაში ციხეში ვიჯექი. ოთხჯერ მოვიხადე სასჯელი და ყოველთვის მაშინ მიჭერდნენ, წინა დღეს ეკლესიაში რომ სანთელს დავანთებდი. ერთხელ ციხეში ახლობელი გარდამეცვალა და ტაძარში წავედი. მეორე დღიდან ბზაზე კვეთა დავიწყე. არასოდეს დამიხატავს რამე, არც მაინტერესებდა. მაშინ ღმერთს აღთქმა მივეცი, 12 ხატს გავაკეთებ-მეთქი. პირველი ხატი 17 დღეში გამოვკვეთე. მაშინ სასჯელის მოსახდელად 4 წელი მქონდა დარჩენილი და ვიფიქრე, ამ დარჩენილ დროში თორმეტივეს გავაკეთებ-მეთქი, მაგრამ მეორე ხატს ოთხი თვე დასჭირდა, მესამეს – ხუთი, მეოთხეს – ექვსი და რაც დრო გადიოდა, ხატებზე მუშაობას უფრო მეტ დროს ვანდომებდი. თუ რაზე უნდა ვიმუშაო, ღმერთი მკარნახობს ხოლმე. ჩემი მეექვსე ხატი იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარს შევწირე. იგი იერუსალიმში საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ჩააბრძანეს.

Tuesday, January 14, 2003

„ირაკლი ჩარკვიანს ჰალსტუხი არ უკეთია, მაგრამ ალღო მკარნახობს – ჯიბეში უდევს“

ზაზა ბურჭულაძე წუხს, რომ ქართულ ხელოვნებაში კონფორმიზმია გამეფებული

მწერალ ზაზა ბურჭულაძეს (იგივე გრეგორ ზამზას) ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. მისი რომანები „სულთათანა“, „შენ“, „სიმფსონები“ და „წერილი დედას“ საუკეთესო ქართულ გამომცემლობებში დაისტამბა და საკმაოდ სკანდალური გამოხმაურებები მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში.

ზაზა ბურჭულაძე სხვა მწერლებისაგან გამოირჩევა კონფორმიზმისადმი უკომპრომისო დამოკიდებულებით. ამ მხრივ, მისი კრიტიკა ხშირად ულმობელიც კია. თუმცა, საზოგადოებას უფლება აქვს იცნობდეს მის ზოგჯერ ძალიან მკაცრ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, არც ისე უსაფუძვლო შენიშვნებს.

– თბილისი ამჯერად ქართული ლიტერატურის ცენტრად ითვლება. შენი აზრით, რა ხდება დღევანდელ ქართულ მწერლობასა და ლიტერატურაში?

– ლიტერატურაში იგივე პროცესები მიმდინარეობს, რაც ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ დღეს განსაკუთრებით გამოიკვეთა ჩემთვის მნიშვნელოვანი ტენდენცია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს გვამზე ვლაპარაკობდეთ. მიცვალებულზე ან კარგს ლაპარაკობენ, ან – არაფერს. ანალოგიურ მდგომარეობაშია დღევანდელი ქართული ლიტერატურა. მასზე ან კარგი უნდა ითქვას, ან არაფერი. დღეს ბევრი მოთქვამს კრიტიკა არ არსებობსო. რატომ არ არსებობს? კრიტიკა ხომ იმას ნიშნავს, რომ რაღაც მხატვრული ქმნილება ინტერესს აღძრავს. და თუ კრიტიკა არ არსებობს, მაშინ გამოდის, არაფერი იქმნება? რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი მეორეხარისხოვანი, მაგრამ კარგიც ხომ იწერება? ამას კი დანახვა უნდა. რას აკეთებს ლიტერატურის ინსტიტუტი? უმაღლესი სასწავლებლები? რატომ არ ტარდება შეხვედრები ლიტერატორებთან?