Saturday, May 19, 2001

შავი პრინცის ცხოვრების სტილი

პოპულარულმა ქუთაისურმა რეპ-ჯგუფმა „ძებნილი“, სულ ახლახან სტუდია „ორფეიში“ ჩაწერა ახალი ალბომი „შავი პრინცი“, რომლის ცალკეული სიმღერები, კერძოდ „შენა ხარ კენტი“, უკვე რეგულარულად ტრიალებს თბილისის რადიოსადგურებში. როგორც საინფორმაციო მხარდამჭერი, გამოშვებულ ალბომს ამშვენებს ჩვენი ჟურნალის ლოგო. „შავ პრინცში“ შესულია „ძებნილისთვის“ დამახასიათებელი მძიმე ჰიპ-ჰოპ სიმღერები. თუმცა პირქუშ მუსიკასთან ერთად მსმენელი იპოვის მაჟორულ სიმღერასაც. ჩემი სტუმარია აკაკი ბაბუნაშვილი, იგივე „შავი პრინცი“, – ჯგუფ „ძებნილის“ ერთპიროვნული ლიდერი და ქუთაისური, უკომპრომისო რეპის კოლორიტული პიონერი.

* * *


– „ძებნილში“ ოთხი წევრი ვართ: ფრედო ბაბანი, ანუ „შავი ბიჭი“, დათო მორჩილაძე ანუ „მასტი“, სერგო ჩიხლაძე ანუ „მეგოთი“ და მე. არა აქვს მნიშვნელობა, რომ სამი მათგანი ჩემზე უმცროსია. ბიჭებს მივაგენი ბევრი წვალებისა და ძებნის შედეგად. „ძებნილმა“ 1993 წელს მიიღო საბოლოო სახე. ადრე კიდევ 3 კაცი მუშაობდა ჩვენთან. აღნიშნული წლიდან ჩვენ სერიოზული მუშაობა დავიწყეთ მუსიკალური აზროვნებით, ცეკვებით.

– ვიცი, რომ შენ აწყობდი და აწყობ დისკოთეკებს. როგორი მუსიკა ჟღერს შენს დისკოთეკებზე?

– დისკოთეკებს ვაწყობ 1986 წლიდან. 86-87 წლებში ბრეიკის დრო იყო და სწრაფ, რიტმულ მუსიკას ვატრიალებდი, ძირითადად ბრეიკ-დანსს. კიდევ გვქონდა რეგეი, ახალი ტალღა, როკი და რბილი მუსიკა, რომელზეც შესაძლებელი იყო ცეკვა. დღეისათვის რეპერტუარში მაქვს კომერციული რეპი, რეპ-სოული, მაგრამ უფრო სერიოზული დატვირთვით ალტერნატიულ, მძიმე რეპს ვამუშავებ. აგრეთვე, ცეკვის მოყვარულთა ინტერესებსაც ვითვალისწინებ. ჩემს დისკოთეკებზე რბილი რეპიდან Jazzy Jeff და The Fresh Prince ტრიალებს, ხოლო მძიმე, ალტერნატიული რეპიდან – House Of Pain, Cypress Hill, Dr. Dre, LL Cool J და ა.შ.


– რა არის იმის მიზეზი, რომ რეპერად ჩამოყალიბდი?

– ყველანაირი მუსიკის თაყვანისმცემელი ვარ. ჩემი ცხოვრების სტილით, იმიჯით კი მაინც ამ მიმართულებას მოვერგე. სხვათა შორის, სხვა მუსიკალური მიმდინარეობებიდან დავამუღამე, როგორ შეიძლებოდა ამ მიმართულებაში ჩავმჯდარიყავი ორიგინალური ფორმით. როგორც ასეთი, მხოლოდ რეპ-აქცენტით რეპერი არ გავმხდარვარ. ყოველთვის ვუსმენდი სხვა მიმდინარეობებს, რათა რეპი ორიგინალური გამოსულიყო. რეპერად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა პირადმა ცხოვრებამ.

– როგორია რეპერის ცხოვრების სტილი?


– ჩემთვის რეპი ყოველდღიური ცხოვრებაა. არ არსებობს უპრობლემო დღე. აქედან გამომდინარე, უფრო ამ სტილს მოვერგე.

– მაგრამ პრობლემურ სიმღერებს ხომ ალტერნატივისტებიც უკრავენ?

– ყველა ვარიანტში ვიტყვი, რომ რეპმა უფრო მიმიზიდა, რაღაც ახალი შემმატა. შევძელი, არა კივილითა და ჯღავილით, არამედ საუბრით მეთქვა სათქმელი. პანკმა და მსგავსმა მიმართულებებმა კი იმის საშუალება მომცეს, რომ ამ სტილში მემუშავა, რადგან რეპი მაშინ არ იყო ასეთი პოპულარული. ეს ორიგინალური, ახალი ნაბიჯის გადადგმის სურვილი იყო ქართულ მუსიკაში. გადავწყვიტე, შემექმნა ჩემებური რეპ-მუსიკა.

Wednesday, May 16, 2001

ბიბი კვაჭაძე – მეგობრობას ერთი აკორდის გულისთვის არ გავწირავ

გასული წლის საახალწლო ტელეშოუში ალბათ ყველას კარგად დაამახსოვრდა ორი სახემოთხუპნული საკვამურების მწმენდავი პერსონაჟის, – ბიბის და სერგის მუსიკალური დუეტი სიმღერით „მე და შენ“. დღეს ჩემი სტუმარია სწორედ მუსიკოსი ბიბი კვაჭაძე. ის რადიოფანებსაც კარგად ახსოვთ, როგორც დიჯეი ბიბი რადიო „აუდიენციიდან“. დღეს იგი სტუდია „მაესტროში“ მუშაობს, თარჯიმანია და სერგი გვარჯალაძესთან ერთად დუეტში საინტერესო მუსიკალურ პროექტს აკეთებს.

* * *

ბიბი კვაჭაძე:
დავიბადე თბილისში 1962 წლის 16 ივლისს. ვარ ინგლისური და რუსული ენების მასწავლებელი, მაგრამ მაინც მუსიკოსად მივიჩნევ თავს. თუმცა არ ვმალავ, რომ ნოტები არ მახსოვს. სტუდია „მაესტროში“ სატელევიზიო ქუდების მუსიკის 80% ჩემი დაწერილია.

– ბიბი, როდიდან დაიწყო თქვენი მუსიკით გატაცება. რომელ ჯგუფებში უკრავდით?

– 10 წლის ასაკში კერძო პედაგოგთან გიტარაზე დაკვრას ვსწავლობდი. 11 წლისამ პირველი სიმღერა დავწერე. ჩემი ძირითადი ინსტრუმენტი გიტარაა, სწორედ ამიტომ ბიბი კინგის საპატივცემულოდ შემარქვეს ბიბი. სერგი გვარჯალაძე, რომელიც ჩემთან ერთად სწავლობდა ინსტიტუტში, სულ ბიბის მეძახდა. ბავშვობისას ბევრ ვაჟთა გუნდში ვმღეროდი ან მეორე ხმას, ან ბანს. მე ხალხურ ტრადიციებზე გავიზარდე.

1980-იან წლების დასაწყისში პოპულარული იყო როკი. ცოტა ხნით ვუკრავდი ვალერი კოჩაროვთან „ბლიცში“, მერე ზაზა სახამბერიძესთან და ბიჭიკო ოსიპოვთან ერთად. ჩვენს პლეადაში შედიოდნენ: დადა დადიანი, ქიშო გლუნჩაძე, ძმები ჭილაშვილები და სხვები. ჩვენ როკ-ენ-როლს ვუკრავდით.

– ახლა რას აკეთებთ?

– ჩემს შვილებს – ნინის და სანდროს ვუწერ სიმღერებს. ბევრი მუსიკალური დაკვეთა გამიკეთებია. „კოკა-კოლას“ ერთ-ერთი პირველი რგოლი ჩემს მეუღლესთან და ქ-ნ მანანა თოდაძესთან ერთად გავაკეთე. წინასაარჩევნო კამპანიის მუსიკა დავუწერე „მოქალაქეთა კავშირს“ არა იმიტომ, რომ მხარს ვუჭერდი, უბრალოდ, პროფესიული დაკვეთა იყო. სინამდვილეში, მე არავისტი ვარ. მუსიკალურ ქუდებს კი ვკერავ და ვკერავ (იცინის). მე და სერგიმ კუს ნაბიჯებით ჩავწერეთ სიმღერა „გაგივლის“. უღრმესი მადლობა „სანო რეკორდს“, კერძოდ მერაბ სანოძეს, ავთო ჩიხრაძეს, ნუგზარ ფანცულაიას, რომელიც კარგ მასტერინგს აკეთებს. სიმღერის ჩაწერაში დაგვეხმარა ბ-ნი რეზო „ფაზისიდან“, კახა და დათო ჯგუფ „უნივერსიტეტიდან“, ფლეიტისტი დათო ორჯონიკიძე.

– როდის შეიქმნა თქვენი და სერგის დუეტი?


– 1993 წელს ჩვენ ერთად ვუკრავდით ჯგუფში G.D.E., Georgian Dance Empire – „ქართული ცეკვის იმპერია“. ჩვენთან ერთად ჯგუფში იყვნენ დადა დადიანი და გოგი ჭილაშვილი. მერე დადა და სერგი საზღვარგარეთ წავიდნენ. სერგი ზოგჯერ თბილისში ჩამოდიოდა, ვწერდით სიმღერას და მიდიოდა. ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. მომავალში ან დავიშლებით, ან ერთად ვიქნებით, მაგრამ ჩვენს მეგობრობას ვერაფერი დაშლის. ჩემმა მეგობარმა კახა კიკაბიძემ ერთხელ თქვა, რომ ერთი აკორდის გულისთვის მეგობარს ვერ გავწირავო. მაქსიმალურად ვცდილობთ ერთმანეთს დავუთმოთ, რადგან ჩვენი მუსიკალური გემოვნება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ძალიან მომწონს ჯაზი, ბლუზი, განსაკუთრებით ჯაზ-როკი და ფანკი. ადრე „ბითლზების“ პირველი მანიაკი ვიყავი. პულივიზატორით დავდიოდი და კედლებზე „ბითლზებს“ ვაწერდი. ღამით ჩემს ძველ რადიოში ყოველთვის „ამერიკის ხმას“ ვუსმენდი. სწორედ მაშინ გავიგე, რა იყო ფანკი, ჯაზ-როკი. სოულზე კი ბოდიში, მაგრამ გული მერევა. ეს საქართველოსთვის გახდა რაღაც კომფორტი.


– ბიბი, როგორ მოხვდით რადიო „აუდიენციაში“ და მერე რატომ წამოხვედით?

– „აუდიენციამდე“ ვიმუშავე რადიო „96“-ში, მწვანეთა პარტიის რადიო იყო. ჩემმა და სერგის საერთო მეგობარმა, ტელევიზიის თანამშრომელმა, დათო ამაშუკელმა მიმიყვანა იქ. სწორედ დათოს დამსახურებაა დიჯეი ბიბის არსებობა. ამ რადიომ 7-8 თვე იარსება და მერე რატომღაც დაიხურა. როდესაც „აუდიენცია“ გაიხსნა, იქ მამუკა ბერიკამ და გელა იმნაძემ მიმიწვიეს. მერიდებოდა თავის შეთავაზება, მაგრამ სერგიმ დამარწმუნა, რომ უნდა მივსულიყავი და მივედი. მამუკამ მითხრა, ახლა ვაპირებდით შენთან დარეკვასო. სამი წელი ვიმუშავე იქ. მოვაწყვე „კარაოკე შოუ“, სადაც მსმენელი ტელეფონის საშუალებით ცოცხალ ეთერში მღეროდა, ვიწვევდი სტუმრებს. თავიდან დიჯეი ვიყავი, ამით გავითქვი სახელი. მერე სხვადასხვა პროგრამებს ვაკეთებდი. მართლაც ყველაზე მაგარი სადგური იყო, მაგრამ ვიღაცის ცუდმა ენებმა რადიო ფაქტობრივად დაშალა, – ოქრო ხალხი გაათავისუფლეს. ახლა გული მწყდება, რომ „აუდიენციას“ აღარ ჰყავს იმდენი მსმენელი, არადა ფანტასტიკური კოლექტივი იყო. დამიბარეს და მითხრეს, რომ ეს პროგრამა აღარ გვინდაო. ჩემთვის ეს თავში ჩარტყმა იყო. ისევ დიჯეობა შემომთავაზეს, რაზეც უარი ვთქვი, რადგან პრინციპული ადამიანი ვარ. მერე კიდევ ბევრჯერ მთხოვეს დაბრუნდიო, მაგრამ აღარ დავბრუნებულვარ. საკუთარ თავზე არა მაქვს დიდი წარმოდგენა, პირიქით, ნული, მტვერი ვარ, დღეს ვცხოვრობ, ხვალ აღარ ვიქნები, მაგრამ მართლაც ჯიგარი წამყვანები გაუშვეს. რატომ დაგვშალეს, დღემდე ვერ გამიგია.

Wednesday, May 9, 2001

ბაკურ ბურდული

„საქართველოში დაბადებული ქართველი ვარ და ეს ქვეყანა მიყვარს“

მუსიკოს ბაკურ ბურდულს ქართველ როკ-მოყვარულთა წინაშე არ სჭირდება წარდგენა. სცენაზე გამოჩენის პირველივე დღიდან მას ჟურნალისტებმა და მსმენელებმა ქართველი ალტერნატივშიკის წოდება მიაკერეს. ბაკური კავკასიის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მუსიკალური დარგის დირექტორია. ის რამდენიმე ალტერნატიული ფესტივალის ორგანიზატორია, რომელთა შორისაცაა ცნობილი „მატარებლის“ აქცია. დიდი დრო არ გასულა, რაც ეს ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი მოსკოვიდან სამშობლოში დაბრუნდა. ის აღნიშნავს, რომ რუსეთის დედაქალაქში ბევრ რამეს მიხვდა, შეისწავლა შოუ-ბიზნესის ანი-ბანი და აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესო სამომავლო გეგმები დაუგროვდა, რაზეც ნაკლებად ილაპარაკა. ჩემთვის ეს გასაგებია – კაცს არ უნდა ყველაფერი გაამხილოს, რასაც იმედია, მომავალში საქმით დაგვანახებს.

* * *


ბაკურ ბურდული:
– 1975 წლის 3 მარტს თბილისში, ფილარმონიის უკან დავიბადე. იმ დღეს ისეთი თოვლი მოსულა, ქუჩაში მოძრაობაც კი შეწყვეტილა. ბურდულების ოჯახში მე მესამე შვილი ვიყავი. თავდაპირველად სამსახიობოზე ვსწავლობდი, მერე საოპერატოროზე, – დიპლომიც მაქვს, მაგრამ მაინც მუსიკოსი ვარ. მუსიკალურ ათწლედში ვმღეროდი, ოღონდ არასერიოზულად. დღეს რასაც ვასრულებ, იმის დაკვრა 14-15 წლის ასაკიდან დავიწყე. 

– პირველ შენს სიმღერას რა ერქვა? 

– არ მახსოვს, მაგრამ ერთ-ერთ პირველს ერქვა „იყავი, როგორიც ხარ“.

– ბაკურ, შენი ჯგუფის შემადგენლობა ხშირად იცვლება თუ სტაბილურია? 

– ძალიან ხშირად იცვლება. მე ალბათ ის ადამიანი არ ვარ, ვისაც ჯგუფში მუშაობა შეუძლია. ეს ჩემმა პრაქტიკამ დამანახა. როდესაც, ვთქვათ, 4 ადამიანი ერთად უკრავს, იქ ოთხი სხვადასხვა აზრი ჩნდება და ბევრი პრობლემა იქმნება. ამდენად, შენს შემოქმედებაში არანაირი წინსვლა აღარ ჩანს. მიმაჩნია, რომ მარტო უნდა ვიმუშაო, თუმცა არა ვარ რაღაც დიქტატორი. უბრალოდ, მუსიკა და ტექსტი ჩემია, არანჟირებას ჯგუფთან ერთად ვაკეთებ, რაშიც ყველას თავისი შენიშვნა შეაქვს.

– რას ნიშნავს შენთვის ცნება „ალტერნატივა“? 

– ალტერნატივა ირგვლივ არსებულის საწინააღმდეგო გამოხატვის ფორმაა, მაგრამ დღეს ეს სტილი თითქმის პოპი გახდა.

– ბაკურ, საინტერესოა, თუ ჰქონდა რაიმე ზეგავლენა შენს შემოქმედებაზე შენს ძმას, ლადო ბურდულს? 

Saturday, May 5, 2001

საოჯახო ტანდემ „სახლის“ წვიმა სასწაულს ახდენს

პროფესიონალი გიტარისტი და შესანიშნავი პიროვნება დავით ხოსიტაშვილი დიდი ხნის წინ გავიცანი, როდესაც იგი ჩვენი საერთო მეგობრის – გაზეთ „რეზონანსის“ მორიგე რედაქტორის, ლევან რამიშვილის ყოფილ როკ-ჯგუფში „სამეფო გზა“ უკრავდა. ამას წინათ ლევანმა მაუწყა, რომ დათო დაოჯახდა და მისი მეუღლე პროფესიონალი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პიანისტი და მომღერალიაო. მალე გავიცანი ნინო ჯანჯღავა, რომელმაც მომასმენინა მისი და დათოს ერთობლივი დუეტ „სახლის“ ერთი მშვენიერი კომპოზიციის ჩანაწერი. მათი ალბომის, „წვიმა სასწაულს ახდენს“ სიმღერები უკვე ჟღერს თბილისის FM რადიოსადგურებზე: „პირველი რადიო“, „საქართველოს ხმა“, „მწვანე ტალღა“ და „რადიო 2“. ახლა გაგაცნობთ ამ მეტად მუსიკალურ ახალგაზრდა საოჯახო დუეტს.

* * *


დავით ხოსიტაშვილი:
– 1993 წელს დავამთავრე სკოლა და მუსიკალური ათწლედი გიტარის განხრით. ერთი წელი უცხო ენების ინსტიტუტში ინგლისურ ენასა და ლიტერატურას ვსწავლობდი. მერე ტექნიკურ უნივერსიტეტში გადავედი ტექნიკური ინგლისურის სპეციალობაზე. ამ პერიოდში ზაფხულობით დავდიოდი თურქეთში და იქ ბარებსა და კლუბებში გიტარაზე ვუკრავდი. 1997 წელს მივედი ლევან რამიშვილის ჯგუფში „სამეფო გზა“. მასში კიდევ იყვნენ: ბესო მამინაიშვილი, ვოკალისტი გენო ჯოხიძე, ხოლო დასარტყამებზე გვეხმარებოდა მიშა მშვილდაძე ჯგუფ „რეკვიემიდან“, იგი ახლა „რადიო 105“-ელია. ჩვენ „მთვარის კლუბის“ სტუდიაში გვქონდა ჩაწერა, სადაც ამ ჯგუფის წევრები გავიცანი. ამის შემდეგ ძირითადად ვუკრავ „მთვარის კლუბში“, ზოგჯერ „ზუმბასა“ და „33ა“-ში. ახლახან ჩავწერე პროექტი ჩემს ფრანგ მეგობართან ერთად. ამ ალბომში ფრანგი ქართულად მღერის სახუმარო სიმღერებს. ჩემი და ნინას ალბომი „წვიმა სასწაულს ახდენს“ სერიოზული ნამუშევარია. ჩემთვის ეს იყო ექსპერიმენტი, რადგან აქამდე სულ ცოცხალ მუსიკასთან მქონდა საქმე. „სახლში“ კი სინთეზატორთან ერთად მომიწია ცოცხალი ინსტრუმენტის გამოყენება და სიმღერის კეთება. ეს პროექტი ნინასთან ერთად კი იმიტომ გავაკეთე, რომ ის თავისი საქმის პროფესიონალია, – კომპოზიტორია. 

ნინო ჯანჯღავა:
დავიბადე 1964 წელს. 1988 წელს კომპოზიციის განხრით დავამთავრე კონსერვატორია, სადაც ამჟამად ვმუშაობ. ვწერ მუსიკას თეატრისთვის. დავწერე მუსიკა კინოფილმებისთვის „მოჩვენება“ და მაია კიკაბიძის „ოქროს თევზისთვის“. ვწერ მუსიკას ბავშვებისთვის. გამოცემული მაქვს ასეთი სიმღერების კრებული. წელს ლიანა ისაკაძის საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრი გიორგი ჟორდანიას დირიჟორობით, ჩემს ნაწარმოებს გერმანიაში შეასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიტორთა კავშირის წევრი ვარ, ცოცხალ მუსიკოსებთან ასეთი კონტაქტები იშვიათად მიწევდა.

– როგორ შეუღლდით? 

ნინო: – უცნაურად მოხდა ყველაფერი. ჩვენ შორის იყო პროფესიული ურთიერთობა, მაგრამ არსებობდა სხვა არაპროფესიული ფონიც. ჩვენ ერთად ჩავწერეთ სიმღერები, მაგრამ ეს არ იყო მარტო სიმღერები. მათი ყოველი ეპიზოდი ასახავდა ჩვენი ურთიერთობის რაღაც მომენტებს. ამ სიმღერებით მე თუნდაც შენ გიყვები, მაგალითად, როგორ ვისეირნეთ ერთად მე და დათომ ბუნების წიაღში, როგორ ხე ვნახეთ და ა.შ.

– ე.ი. მუსიკას დიდი ადგილი უკავია თქვენი ოჯახის შექმნაში? 

დათო: – აბა რა! ყველაფერი მუსიკით დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ლევან რამიშვილია ამის მოთავე, რადგან ნინო ჩვენთან მოვიდა, როგორც ფლეიტისტი, სხვათა შორის, კარგი ფლეიტისტია. 

ნინო: – ეს შენ გეჩვენება (იცინის)

დათო: – არაფერიც არ მეჩვენება. მე შენ გაჩვენებ რეპეტიციებზე სეირს (იცინის).

– როგორ მუსიკაზე გაიზარდეთ? 

Sunday, April 29, 2001

სტუდენტური მოძრაობის დიდი იმედები „მზიურში“

25 აპრილს, „მზიურის“ პარკში საინიციატივო ჯგუფის „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ ორგანიზებით ჩატარდა ღია, ცოცხალი კონცერტი-აქცია, თსუ-ში 26 აპრილს დანიშნულ სტუდენტთა ალტერნატიული თვითმმართველობის არჩევნების მხარდასაჭერად. „მი-ფა-სის“ შესანიშნავ აპარატურაზე ცოცხლად დაკვრით სტუდენტებს მხარი დაუჭირეს ქართულმა როკ-ჯგუფებმა და მწერლებმა. აღნიშნულ დღეს, თსუ-ში მიმდინარეობდა სტუდკავშირის პრეზიდენტის არჩევნები, რომელსაც, „მზიურში“ შეკრებილთა აზრით, კომკავშირული სუნი ასდიოდა.

აქცია დანიშნული 15 საათის ნაცვლად, მოგვიანებით დაიწყო. პატარა სცენაზე გულანთებული საინიციატივო ჯგუფის წევრები ცდილობდნენ სტუდენტები და ჟურნალისტები დაერწმუნებინათ ამ ალტერნატიული არჩევნების აუცილებლობასა და სარგებლობაში. თუმცა ერთგვარი ლოზუნგებით გამომსვლელ სტუდენტებს სიტყვას პოეტი კოტე ყუბანეიშვილი აწყვეტინებდა, რომელიც პირველი რიგიდან უყვიროდა მათ, პირდაპირ გვითხარით, რა გინდათო. კითხვებით თავმობეზრებულმა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მიკროფონი მას გადაულოცეს. კოტე ყუბანეიშვილი გულწრფელად დაინტერესდა: სად არიან თქვენი მხარდამჭერი მწერლებიო (იგულისხმებოდნენ: დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი და სხვები – ლ.გ.), რომელთაც დაურწმუნებიათ იგი, მისულიყო აღნიშნულ აქციაზე. პოეტმა ხატოვნად შეადარა ჩვენი უნივერსიტეტი ნესტან-დარეჯანს, რომელიც ქაჯებს ჰყავთ ხელში ჩაგდებულიო. ბოლოს კი, როდესაც აპარატურის გაუმართაობის გამო, კონცერტის დაწყება კიდევ გადაიდო, გაჯავრებულმა ყუბანეიშვილმა აქცია დატოვა და წავიდა.

საკონცერტო პროგრამა გახსნა ჯგუფმა „აუტსაიდერმა“, რომლის ფრონტმენმა რობი კუხიანიძემ სპეციალურად იმ დღისთვის მომზადებული სიმღერა: „შენ ითხოვ“ შეასრულა. „აუტსაიდერი“ შეცვალა ჯგუფმა „33ა“. ნიაზ დიასამიძემ შეასრულა სიმღერები როგორც ძველი, ისე ახალი რეპერტუარიდან. ერთ-ერთის შესრულებისას ელექტროენერგია გაითიშა, რის შედეგად უკმაყოფილო სტუდენტებს შორის მითქმა-მოთქმა დაიწყო, თითქოს ეს ვიღაცამ სპეციალურად მოაწყო. უდენობის დროს სცენიდან საკუთარი ლექსები წაიკითხეს პოეტებმა – ირაკლი კაკაბაძემ და გაგა ნახუცრიშვილმა. შუქის მოსვლის შემდეგ კი კვლავ მუსიკოსებს დაეთმო ასპარეზი. საინტერესო პროგრამით გამოვიდა „მთვარის კლუბი“, აგრეთვე, ბაკურ ბურდული, ისევ „აუტსაიდერი“, რომელმაც „ააგდო“ მაყურებელი. ამას მოჰყვა ახალგაზრდა ჯგუფები „ნეგატივი“ და „2000“, რომელმაც დაასრულა სტუდენტური თვითმმართველობის მხარდამჭერი აქცია.

აქციის განმავლობაში მოვახერხე, გავსაუბრებოდი სტუდენტებს, რომელთა გეგმებმაც ჩემზე სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა. სასურველია, მათი ეს გეგმები მარტოოდენ დიდ იმედებად არ დარჩეს და მართლაც სანაქებო საქმედ იქცეს.


ტუალეტში დაწერილი ლექსების საღამო კლუბ „სარდაფში“

ტრადიციულ სახუთშაბათო ლიტერატურულ შეხვედრებზე კლუბმა „სარდაფმა“ ამჯერად ნიჭიერ მსახიობსა და უპოპულარულესი შოუს, „ვის უნდა 20000“-ის წამყვანს, დუტა სხირტლაძეს უმასპინძლა. ამჯერად ის საზოგადოების წინაშე წარსდგა, როგორც პოეტი. საღამო ზეპუნქტუალურად დანიშნულ დროზე 13 წუთით ადრე დაიწყო. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ცოცხალი დუტას სანახავად უამრავმა მაყურებელმა შეხვედრის ოფიციალურ დასაწყისამდე ჯერ კიდევ ერთი საათით ადრე დაიწყო ამ მცირე დარბაზის შევსება. ნახევარი საათის შემდეგ კი უკვე იატაკზე დასაჯდომ ადგილსაც ვერ ნახავდით.

ტელეწამყვანის დარბაზში გამოჩენას მაყურებელი ყიჟინითა და ტაშით შეეგება. სახემომღიმარი, უჰალსტუხ-უკოსტიუმო, სრულიად უბრალო დუტა მიკროფონთან მივიდა და წარმოთქვა: „Hi, მოვედი მგოსანი, აკვანი არის სადმე?“ თავდაპირველად პოეტმა საზოგადოებას თავისი მეგობარი, დეტექტიური ჟანრის მწერალი თამაზ ალავიძე და მისი წიგნი „სიკეთე გადაარჩენს სიცოცხლეს“ წარუდგინა. ამ პიროვნებასთან მცირე საუბარი დუტამ ტელეშოუს სტილში ააწყო. გაირკვა, რომ ეს წიგნი ავტობიოგრაფიული ყოფილა და ავტორი მას თურმე 10 წლის განმავლობაში წერდა.

Saturday, April 28, 2001

Alexander Garden – თბილისური ბაღის მეტალისტები

იყო დრო, როდესაც ყოფილ საბჭოთა კავშირში მუსიკალურ მძიმე მეტალურგიულ ინდუსტრიას მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ახლად ფეხადგმულ როკ-მოძრაობაში. მაშინ ქვეყანაში შეიკრიბა უამრავი მეტალ ჯგუფი, რომელთაც მომდევნო წლებში დიდი წარმატებას მიაღწიეს დასავლეთშიც. სხვათა შორის, საქართველო არ იყო გამონაკლისი და აქ საკმაოდ ძლიერი მძიმე ჯგუფები არსებობდნენ, თუნდაც Stonehang, „მძიმე ჯვარი“, Double Cross და სხვა. მეტალისტები დღესაც ბევრნი არიან საქართველოს მასშტაბით. დღეს წარმოგიდგენთ რუსულენოვან თბილისურ მეტალ ჯგუფს, რომლის დღევანდელი შემადგენლობაა: ალექსანდრე (საშა) ზაბულუნნი (ვოკალი, გიტარა), ვიტალი ზაბულუნნი (ბასი) და დიმიტრი ოგანესიანი (დასარტყამები). ჯგუფის მომავალი წევრები ხშირად იკრიბებოდნენ დღევანდელი „9 აპრილის“, ყოფილ „ალექსანდრეს ბაღში“ და სახელწოდებაც ამიტომ ჟღერს ასე. მე ვესაუბრე ჯგუფის ფრონტმენ საშა ზაბულუნნის.

* * *


– ჩვენ 1995 წელს შევიკრიბეთ და პირველი ორი სიმღერა 1996 წელს ჩავწერეთ სტუდია „მელოდიაში“. ეს იყო საცდელი ჩანაწერი. თავიდანვე გვქონდა ვოკალისტის პრობლემა და ჯგუფში სხვადასხვა მომღერალი მოდიოდა და მიდიოდა. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ვოკალისტი, ვინც ჩვენთან მუშაობდა, იყო გოგი ირემაშვილი, რომელმაც მოუცლელობის გამო, მიატოვა ეს საქმე. მერე მე დავიწყე სიმღერა. ჩემი ძმა ვიტალი დიდხანს არ მიძებნია (იცინის). ძალიან გაგვიმართლა იმედები დრამერმა, რადგან თბილისში დიდი პრობლემაა მძიმე სტილის კარგი დრამერის პოვნა. დიმა სრულიად შემთხვევით გავიცანით. პირველ რეპეტიციაზევე მივხვდით, ჩვენ რომ გვსურდა, ისეთი დრამერი იყო. მას შესანიშნავი ჯაზური სკოლა აქვს გავლილი და როკზე გადმოსვლისთვის მცირე მუშაობა დასჭირდა.

– დღემდე რამდენი ალბომი გაქვთ ჩაწერილი?

– ჩვენ ჩავწერეთ ჩვენი პირველი ალბომი, რომელსაც ჰქვია Верь В Себя – „გჯეროდეს საკუთარი თავის“. ტექსტები რუსულად გვაქვს, მაგრამ გადაწყვეტილი გვაქვს, ჩავწეროთ ინგლისურ ენაზეც. მასტერინგი დავასრულეთ სტუდია „კონტინენტალში“ 2000 წელს. ძალიან დაგვეხმარა კაკო ვაშალომიძე, რომელიც ჩვენი ალბომის ხმის რეჟისორია. იგი შემოქმედებითად მიუდგა ჩვენს საქმეს და საერთოდ, ძალიან სასიამოვნო ადამიანია. ალბომში შევიდა 10 კომპოზიცია. აქედან ერთი ინსტრუმენტული ბალადაა, მეორე – უფრო როკისა და პანკის სინთეზი ჯაზ-როკის ელემენტებით, დანარჩენი მეტალია.


– რუსეთში თუ გქონდათ გასტროლები?

– ჯერ ვერ მოხერხდა, მაგრამ გვინდა დავგეგმოთ. მოსკოვი რუსული შოუბიზნესის ცენტრია, სადაც ყველაფერი დუღს და გადადუღს. ჩვენ გვსურს იქ ჩასვლა, მაგრამ სერიოზულად ჯერ არ გვიფიქრია.

Wednesday, April 11, 2001

ჯგუფი „2000“ – საქართველოში ცოცხალი მუსიკა ჯგუფს კბილებით გააქვს

როკ-ჯგუფი „2000“, როგორც სახელწოდება მიგვანიშნებს, შეიქმნა 2000 წელს. მიუხედავად მცირე ასაკისა, როგორც გავიგე, ამ მუსიკალურ კოლექტივში უკვე მომხდარა ბევრი ცვლილება და ამჟამინდელი შემადგენლობაა: დათო გამყრელიძე (ვოკალი, რიტმ-გიტარა), გურამ მაკალათია (დასარტყამები), გიორგი გობეჯიშვილი (ბას-გიტარა), ლევან მიქელაძე (სოლო გიტარა), გოგა ანდღულაძე (კლავიშები) და ალეკო ნაცვლიშვილი (დამხმარე ვოკალი). ამათგან ვესაუბრე დათოსა და გურამს.

* * *

დათო გამყრელიძე: – ბავშვობიდანვე მუსიკაზე ვიზრდებოდი. ბიძაჩემი მურმან ლომიშვილი უკრავს „მთვარის კლუბში“. აღნიშნული ჯგუფის ბიჭები ბევრ რამეს მასწავლიდნენ. ვსწავლობდი ამერიკაში და იქიდან ჩამოსვლის შემდეგ გადავწყვიტე გამეკეთებინა საკუთარი ჯგუფი, რომელიც დეიდაშვილთან ერთად ჩამოვაყალიბე. მერე გავიცანი გურამი, თეონა და ვინც ბავშვობაში მუსიკალურ ანსამბლში ვუკრავდით, გავერთიანდით. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ვუკრავთ უფრო ბლუზს, ვიყენებთ რეგეის, ჯაზის ელემენტებს, მაგრამ ძირითადად ჩვენი სიმღერები ქართულ ფოლკლორზეა აგებული. გვსურს, ჩვენი მუსიკა ყველა თაობისთვის იყოს მისაღები.


– რას უმღერით?

დათო: – ზოგი სიმღერა სიყვარულზეა. გვაქვს პოლიტიკური სიმღერებიც. ისინი ძირითადად იმაზეა აგებული, თუ როგორ ცხოვრობს ადამიანი.

გურამ მაკალათია: – ვმღერით საერთო პრობლემებზე, ანუ რაც გვაწუხებს, იმის შესახებ.

– ვინ წერს „2000“-ში სიმღერებსა და ტექსტებს?

დათო: – მე ვწერ მუსიკას და ზოგიერთი სიმღერის ტექსტს. ზოგ ტექსტს გურამი წერს. ერთი სიმღერა გალაკტიონის ლექსზეც გვაქვს. ორი-სამი კომპოზიციის გარდა, ყველა ტექსტი ჩვენია.

– ვიცი, რომ კონცერტებზე ცოცხალ ინსტრუმენტებზე უკრავთ. სტუდიაში მუშაობისას ხომ არ მიმართავთ ელექტრონიკას?

გურამი: – დიდ პრობლემებს ვაწყდებით, მაგრამ ყველა ინსტრუმენტს ცალ-ცალკე არხზე ვიწერთ. ვცდილობთ, ელექტრონიკა არ გამოვიყენოთ. თუკი გვინდა, რომ საქართველოში შოუ-ბიზნესზე იყოს ლაპარაკი, აუცილებელია, არსებობდეს მუსიკალური ფენები, სადაც ერთნი ელექტრონულ მუსიკაზე იმუშავებენ, მეორენი ცოცხალზე და მესამენი კიდევ სხვაზე. ცოცხალ მუსიკაზე თუ მუშაობ, ის კონცერტზე და ჩანაწერშიც ცოცხლად უნდა შეასრულო.

– როგორი მუსიკა მოგწონთ ჯგუფის წევრებს?